ცხვრისმაგვარ ადამიანთა საძოვარი ნავაჰების მიწაზე
„ჰოჟონი“ — ნავაჰო ინდიელთა ენაზე „მშვენიერს“ ნიშნავს და ასე აღწერს ადგილობრივი მოსახლეობა თავის ქვეყანას. შეერთებული შტატების მთავრობამ 1868 წლიდან ნავაჰების რეზერვაცია მოახდინა და ჩრდილო-აღმოსავლეთ არიზონაში დაახლოებით 24 000 კვადრატული კილომეტრი გამოუყო, სადაც ისინი ცხოვრობენ ეგრეთ წოდებულ „ოთხ კუთხეში“, რომელსაც ქმნის არიზონის, კოლორადოს, ნიუ-მექსიკისა და იუტას შტატების გადაკვეთის წერტილი. „მონუმენტ ველი“, რომელსაც სახელი გაუთქვა ვესტერნის კინო-ფილმებმა, ახლა შენარჩუნებულია როგორც ნავაჰების ტომობრივი პარკი და მთელი მსოფლიოს ტურისტებს იზიდავს. ველს განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის 300 მეტრის წითელი ქვიშაქვის მონოლითები, რომლებიც ცალ-ცალკე საუცხოოდ აღმართულან დიდ უდაბურ ველებზე. შესაბამისად, ნავაჰების ამ ველის აღმნიშვნელი ტერმინის მნიშვნელობაა „კლდეებს შორის ადგილი“.
ნავაჰები ცნობილი არიან თავიანთი მოკრძალებული მანერებით, სითბოთი, სტუმართმოყვარეობითა და დიდი, მჭიდრო კვანძებით დაკავშირებული ოჯახებით. რეზერვაციაში მცხოვრები 170 000 მობინადრე ძირითადად ცალ-ცალკეა დასახლებული და თავის ტრადიციებს მისდევს. ზოგი ჯერაც მეცხვარეობას მისდევს და მიწით შელესილ ხის ქოხებში „ჰოგანებში“ ცხოვრობს. მხატვრობამ და ხელოვნებამ ნავაჰებს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. განსაკუთრებით ფასობს ნაირფეროვანი გეომეტრიული ან ტრადიციული მოხატულობებით შემკული მათი ხალიჩები და გადასაფარებლები, რომლებიც ცხვრის მატყლისგანაა მოქსოვილი. ასევე კარგად არის ცნობილი ნავაჰების ვერცხლისა და ფირუზის ან სხვა ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.
კეთილი ცნობის მიტანა ნავაჰებთან
ნავაჰების ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეები 30-ზე მეტი წლის წინ ჩავიდნენ არა მარტო ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, არამედ ამ დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მისატანად (მათე 24:14). საერთო და სპეციალურ პიონერად მსახურმა იეჰოვას მოწმეებმა სამქადაგებლო საქმიანობა წამოიწყეს. მრავალი მათგანი იქ მიმომსვლელი ზედამხედველებისა და ადგილობრივი მოწმეების მიწვევით ჩავიდა, რათა დახმარება გაეწიათ იქ, სადაც ამის მეტი საჭიროება იყო. ზოგი მეზობლად მდებარე კრებებიდან მივიდა, მაშინ როცა სხვები, სხვადასხვა მკვიდრი ამერიკული ტომების ჩათვლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ადგილიდან ჩავიდნენ.
ეს თავგანწირული მამაკაცები და ქალები აქ თავიანთ მსახურებას მისიონერულ მსახურებას ადარებდნენ. რატომ? უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი ენები ბგერათა კომპლექსის, ენის სტრუქტურისა და გამოთქმების გამო ძალიან ძნელი სასწავლია. მეორეც, ადგილობრივი ხალხი საერთოდ ძალიან იცავს თავის რელიგიურ ტრადიციებს, ოჯახურ სტრუქტურასა და ძალიან არის მიწაზე დამოკიდებული. გარდა ამისა, ბინისა და სამუშაოს პოვნა ჩასულებისთვის ძალიან ძნელია, რაც მათ იქ დარჩენას ართულებს. ბოლოს, ისტორიის განმავლობაში ამ ხალხისადმი თეთრების მხრიდან ცუდმა მოპყრობამ, მათ უცხო ადამიანებისადმი უნდობლობა ჩაუნერგა.a
პირველად, როცა მოწმეები კარდაკარ საქადაგოდ წავიდნენ, მათი ოფიციალური ჩაცმულობისა და ჰალსტუხის ტარების გამო, ისინი შეცდომით მორმონებად ჩათვალეს, და ბევრს არ სურდა კარის გაღება. როცა მათ შეიცვალეს ტანსაცმელი და შედარებით არაოფიციალურად ჩაიცვეს, ისინი სიამოვნებით მიიღეს და ხშირად საათისა და მეტი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდნენ. ახლა ხალხი უკვე სცნობს იეჰოვას მოწმეებს, მაშინაც კი, როცა ისინი მსახურებაში კვლავ ოფიციალურად არიან ჩაცმულნი.
ნავაჰების რეზერვაციაში მცხოვრებ ხალხთან მხოლოდ მისვლაც კი ნამდვილ სირთულეს წარმოადგენს. მრავალი კილომეტრის გავლა ისეთი გზებით, რომლებზეც არ არის მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები, რომლებიც შეიძლება იყოს ქვიანი, ქვიშიანი და ტალახიანი, ჩვეულებრივია. ბუნებრივია, ეს დამატებით საზრუნავს იწვევს როგორც სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ასევე მგზავრებისთვის. აგრეთვე შეიძლება სატრანსპორტო საშუალებები ტალახში ჩაეფლოს, მაგრამ გამვლელები, ჩვეულებრივ, მზად არიან დასახმარებლად. დაინტერესებულ პირებთან მისვლას, ბიბლიის საშინაო შესწავლაზე წასვლას ან ვინმეს ქრისტიანულ შეხვედრაზე წაყვანას და შემდეგ უკან წამოსვლას ხშირად რამდენიმე საათი სჭირდება. მაგრამ იეჰოვას მოწმეები თავს არ ზოგავენ და ამგვარად ადგილობრივი მოსახლეობისადმი სიყვარულს ავლენენ (შეადარე 1 თესალონიკელთა 2:8).
ნავაჰები სიამოვნებით ისმენენ ბიბლიურ საუბრებს. ჩვეულებრივ, ისინი მთელი ოჯახებით (ბავშვები, მშობლები და ბებია-პაპები) იკრიბებიან, რათა მოისმინონ კაცობრიობისთვის მომავალი სამოთხის სახლის იმედის შესახებ. როცა ერთ ნავაჰოს ჰკითხეს, თუ როგორი წარმოუდგენია სამოთხე, მან უპასუხა: „მწვანე, ცხვრებით სავსე“ და ამით მან მიწისა და თავისი ფარებისადმი სიყვარული გამოხატა. აგრეთვე ისინი მადლიერები არიან ბიბლიური ლიტერატურისთვის, რასაც დროდადრო მძივების, საპნის, რძით სავსე ბიდონის ან სამეფოს მხარდასაჭერად სხვა მსგავსი შესაწირავების გაღებით ავლენენ. ერთმა სპეციალურმა პიონერმა წლის განმავლობაში მიიღო დაახლოებით 200 ხელმოწერა ჟურნალებზე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, მათ შორის ორი — ცხენზე ამხედრებული მამაკაცისგან.
„ცხვრების სადგომის“ ჩამოყალიბება
ზაფხული ნავაჰო მწყემსებისთვის თავიანთი ფარის სადგომში წაყვანის დროა. ცხვრების ამ საზაფხულო სადგომის არჩევა მწვანე საძოვრებთან და წყლის წყაროებთან სიახლოვითაა განპირობებული, რაც ხელს უწყობს ფარის გათქვირებას. სიმბოლური მნიშვნელობით სამეფო დარბაზი შეიძლება შევადაროთ მსგავს სადგომს — სულიერ საძოვარსა და ჭეშმარიტების წყლების წყაროს. აქ მომსვლელი ადამიანები სულიერ საზრდოს პოულობენ, რაც მათ სულიერად ჯანსაღსა და ძლიერს ხდის.
გარკვეული დროის განმავლობაში კრებები კეენტეს (არიზონა) სკოლის საკლასო ოთახში ტარდებოდა. შემდეგ 1992 წლის აგვისტოში რამდენიმე შტატიდან ჩამოსული ასობით მოხალისე მოწმის დახმარებით კეენტეში ახალი სამეფო დარბაზი აშენდა. კეენტეს ამ დარბაზმა და რეგიონში არსებულმა სხვა სამეფო დარბაზებმა ადგილობრივ ხალხს აჩვენა, რომ აქ სამქადაგებლო საქმიანობა დროებითი არ არის. სხვა სამეფო დარბაზები, ტიუბესა და ჩაინლეს სამეფო დარბაზების ჩათვლით, ემსახურება ამ ვრცელ ტერიტორიებს, ორივე რეზერვაციას; ერთ-ერთი კიმ-კანიონში არსებული დარბაზი ემსახურება ჰოპის ტომს, რომელიც ნავაჰების რეზერვაციაში სახლობს და რამდენიმე რეზერვაციის მოსაზღვრედ მდებარე ქალაქსაც. რა შედეგი მოჰყვა ამას?
სამეფოს შესახებ ცნობაზე დიდი გამოხმაურება
კეენტეში სამეფო დარბაზის აშენების შემდეგ, დაახლოებით 12 ადგილობრივი მოსახლე მოინათლა, რაც ამ ჭეშმარიტი თაყვანისცემის ადგილის იეჰოვასგან კურთხევის მაჩვენებელი იყო. ეს სამეფო დარბაზი იმის აშკარა მტკიცებაა, რომ იეჰოვას მოწმეები იქ დარჩებიან, და ასევე ის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებისადმი მინდობის განვითარებასაც უწყობს ხელს. ახლახან ნავაჰების მშობლიურ ენაზე მოხდა ბიბლიის პირველი საჯარო განხილვა. კრების 40 წევრი სიამოვნებით ხვდებოდა 245 სტუმარს, რომლებიც მშობლობის პასუხისმგებლობის შესახებ მოხსენების მოსასმენად მოვიდნენ. ერთმა რვა სულისგან შემდგარმა მადლიერმა ოჯახმა სამი საათი მოანდომა ამ მოხსენების მოსასმენად მოსვლას — თავიანთ პირველ სტუმრობას სამეფო დარბაზში.
კიდევ ერთი სასარგებლო საშუალება, რომლითაც იეჰოვამ ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყო, ეს იყო ბროშურის „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ ნავაჰოს ენაზე გამოცემა. ბროშურის თარგმნა ნავაჰოს ძალიან რთულ ენაზე ნამდვილად დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მთარგმნელებმა სულ 1 000 საათზე მეტი დახარჯეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ბროშურა სამეფოს ცნობას სათანადოდ გადმოსცემდა. მას შემდეგ, რაც ეს ბროშურა 1995 წლის დასასრულს გამოიცა, ადგილობრივმა მოწმეებმა უკვე რამდენიმე ათასი ეგზემპლარი გაავრცელეს, რასაც ჭეშმარიტების მაძიებლების მხრიდან მრავალი ბიბლიის შესწავლა მოჰყვა.
რადგან სამეფოს შესახებ მქადაგებლები ნავაჰოს ენას სწავლობენ, ამ ენას მსახურებაში უფრო და უფრო იყენებენ. ამ ტერიტორიებზე არსებულ კრებებში დაიწყო თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრები და ნავაჰოს ენაზე მოლაპარაკეთა კლასში ხდება ამ ენაზე მოლაპარაკე მქადაგებლების სწავლება. გარდა ამისა, ნავაჰოს ენაზე ითარგმნება ადგილობრივი კონგრესების პროგრამებიც. ყველა ეს მცდელობა ნამდვილად უფრო დიდ გამოხმაურებას გამოიწვევს ამ რეზერვაციაში.
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ინდიელთა რეზერვაციებში სამეფოს ნაყოფებს შორის ნავაჰო ძმების მიერ გამოვლენილი უმწიკვლო სულიერი თვისებები. შვიდი წლის განმავლობაში ჯიმი და სანდრა თავიანთ ხუთ შვილთან ერთად წასვლისა და უკან დაბრუნებისას 240 კილომეტრ მანძილს გადიოდნენ, რათა დასწრებოდნენ ყოველკვირეულ შეხვედრებს. ოჯახი სიყვარულით იხსენებს ხანგრძლივი მგზავრობის განმავლობაში სამეფოს შესახებ სიმღერების მღერასა და ბიბლიის ერთად შესწავლას. ჭეშმარიტებისადმი მშობლების სიყვარულმა და თავგამოდებამ ბავშვები აღძრა, მიჰყოლოდნენ მათ მაგალითს და თავი მიეძღვნათ იეჰოვასა და მისადმი ხოტბის შესხმისთვის. ოთხი ახლა საერთო პიონერად მსახურობს, ხოლო ჯიმი უხუცესია. ოჯახის სიხარულს ისიც შეემატა, რომ ჯიმის უფროსი და ელზა ახლახან გახდა პირველი იმ მონათლულთა შორის, რომლებიც მხოლოდ ნავაჰოს ენაზე ლაპარაკობენ.
ადგილობრივი მწყემსები და მათი ფარები სიმშვიდის ელფერს აძლევს იმ მონოლითებს, რომლებიც ნავაჰების რეზერვაციას ამკობს. ესაია წინასწარმეტყველმა დიდი ხნის წინათ იეჰოვას შესახებ იწინასწარმეტყველა: „როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება“ (ესაია 40:11). შესანიშნავი მწყემსის, იესო ქრისტეს, მეშვეობით იეჰოვა სულიერ საძოვარზე აგროვებს ნავაჰების რეზერვაციაში ყველა მცხოვრებს, ვისაც სურვილი აქვს, მოისმინოს სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა და მარადიული კურთხევის შესაძლებლობა მიიღოს.
[სქოლიოები]
a იხილე 1948 წლის 8 მაისის [ინგლ.], 1952 წლის 22 თებერვლის [ინგლ.], 1954 წლის 22 ივნისის [ინგლ.] და 1996 წლის 8 სექტემბრის ჟურნალის „გამოიღვიძეთ“ [რუს.] გამოცემები.
[სურათი 24 გვერდზე]
ნავაჰო მწყემსი ისმენს კეთილ ცნობას.