საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შემოქმედს შეუძლია აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივნისი
    • შემოქმედს შეუძლია აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს

      „ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ“ (ფსალმუნი 148:5).

      1, 2. ა) რა კითხვაზე უნდა დავფიქრდეთ? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ესაიას კითხვა ქმნილებასაც ეხება?

      „განა არ იცი?“ ეს შეიძლება, უბრალოდ, ისეთ კითხვასავით ჟღერდეს, რომელიც ბევრს აღძრავს, გვიპასუხოს: „რა არ ვიცი?“. მაგრამ ეს სერიოზული კითხვაა. პასუხის გაგების საუკეთესო საშუალება ის არის, რომ ყურადღება მივაქციოთ კონტექსტს, სადაც ეს კითხვა ზის, — ბიბლიური წიგნის, „ესაიას“, მე-40 თავს. რადგანაც ეს წიგნი ესაიამ, ძველ დროში მცხოვრებმა ებრაელმა, დაწერა, ზემოხსენებული კითხვა დიდი ხნის არის. მიუხედავად ამისა, ის დღესაც აქტუალურია, ვინაიდან თქვენი სიცოცხლის ძირითად აზრს ეხება.

      2 რადგან ესაიას 40:28-ში მოცემული ეს კითხვა მნიშვნელოვანია, ის ჩვენს სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს: „განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი“. ამგვარად, კითხვა — „არ იცი?“ — ქვეყნის — და, როგორც კონტექსტიდან ჩანს, არა მარტო ქვეყნის — შემქმნელს ეხება. ორი მუხლით წინ ესაიამ ვარსკვლავების შესახებ დაწერა: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა . . . არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“.

      3. ბევრიც რომ იცოდეთ შემოქმედის შესახებ, რატომ უნდა გქონდეთ მეტის გაგების სურვილი?

      3 დიახ, კითხვა — „განა არ იცი?“ — ნამდვილად ჩვენი სამყაროს შემოქმედს ეხება. პირადად თქვენ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა ღმერთი „ქვეყნის კიდეების შემქმნელია“. აგრეთვე შეიძლება ბევრი იცოდეთ მისი პიროვნებისა და გზების შესახებ. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხვდებით ადამიანს, რომელსაც ეჭვი ეპარება შემოქმედის არსებობაში და, რაღა თქმა უნდა, არ იცის, ვინ არის ის? ამან არ უნდა გაგაკვირვოთ, რადგან მილიონობით ადამიანმა არაფერი იცის შემოქმედზე ან არ სწამს ის (ფსალმუნი 13:1; 52:2).

      4. ა) რატომ არის ჩვენს დროში მართებული შემოქმედთან დაკავშირებული საკითხის განხილვა? ბ) რომელ კითხვებზე არ მოეპოვება მეცნიერებას პასუხები?

      4 სკოლები ბევრ სკეპტიკოსს ამზადებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეცნიერებას აქვს (ან ექნება) პასუხები კითხვებზე სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ნაშრომში „სიცოცხლის წარმოშობა“ (დედნის ფრანგული სახელწოდება: Aux Origines de la Vie) ავტორები აჟენი და ლანეი ამბობენ: „ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ განიხილება სიცოცხლის წარმოშობის საკითხი. ეს პრობლემა, რომელიც ძალიან ძნელი გადასაწყვეტია, დაწვრილებით გამოკვლევას მოითხოვს — სივრცის უსასრულობიდან მატერიის ზესიმცირემდე“. მაგრამ ბოლო თავში, სათაურით „კითხვა კითხვად რჩება“, ისინი აღიარებენ: «ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მეცნიერული პასუხი კითხვაზე — როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე? მაგრამ რატომ გაჩნდა სიცოცხლე? აქვს სიცოცხლეს აზრი? მეცნიერებას არ შეუძლია პასუხის გაცემა. ის მხოლოდ ეძებს პასუხს კითხვაზე „როგორ“. „როგორ“ და „რატომ“ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. . . რაც შეეხება კითხვას „რატომ“, ფილოსოფიამ, რელიგიამ და, უპირველესად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოძებნოს პასუხი».

      პასუხებისა და აზრის ძიება

      5. განსაკუთრებით რომელი კატეგორიის ხალხს შეუძლია სარგებლობის მიღება შემოქმედის შესახებ მეტის გაგებით?

      5 დიახ, გვინდა გვესმოდეს, რატომ არსებობს სიცოცხლე, განსაკუთრებით კი, ჩვენ რისთვის ვარსებობთ. გარდა ამისა, დაინტერესებული უნდა ვიყოთ იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ არ მისულან დასკვნამდე, რომ შემოქმედი არსებობს, და რომლებმაც, რაღა თქმა უნდა, ცოტა რამ თუ იციან მისი გზების შესახებ. ან დაფიქრდით მათზე, ვისაც თავისი წარსულის გამო ბიბლიისგან დიდად განსხვავებული წარმოდგენა აქვს ღმერთზე. მილიარდობით ადამიანი აღიზარდა აღმოსავლეთის ქვეყნებში ან კიდევ სხვაგან, სადაც უმეტესობა არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც ცოცხალ, მიმზიდველი თვისებების მქონე რეალურ პიროვნებაზე. სიტყვა „ღმერთი“ მათში შეიძლება ისეთ წარმოდგენას იწვევდეს, რომ ის არის რაღაც გაურკვეველი ძალა ან აბსტრაქტული საწყისი. მათ არც ‘შემქმნელი იციან’, არც მისი გზები. რა დიდ სარგებლობას — მათ შორის მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებულ პერსპექტივებს — მიიღებდნენ ისინი ან სხვა მილიონები, რომლებსაც მსგავსი თვალსაზრისი აქვთ, თუკი დარწმუნდებოდნენ, რომ შემოქმედი არსებობს! ისინი რაღაც ისეთის შეძენასაც კი შეძლებდნენ, რაც ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს — ეს არის: სიცოცხლის ნამდვილი აზრი, ნამდვილი მიზანი და სულის სიმშვიდე.

      6. რა კავშირშია დღეს ბევრის ცხოვრება პოლ გოგენის შემთხვევასა და მის ერთ-ერთ ნაწარმოებთან?

      6 მაგალითად, 1891 წელს ფრანგი ფერმწერი პოლ გოგენი დამაკმაყოფილებელი ცხოვრების საძიებლად საფრანგეთის პოლინეზიაში გაემგზავრა, სადაც სამოთხისებური პირობები იყო. მაგრამ მისმა თავაშვებულმა წარსულმა მალე მასაც და სხვებსაც სენი შეჰყარა. სიკვდილის მოახლოებისას გოგენმა დიდი ტილო შექმნა, რომელშიც, როგორც ჩანს, „სიცოცხლე დიდ საიდუმლოებად ასახა“. იცით, რა უწოდა ამ ნაწარმოებს? „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?“ შეიძლება სხვებისგანაც გსმენიათ მსგავსი კითხვები. ისინი ბევრს აინტერესებს. მაგრამ რა დასკვნამდე შეიძლება მივიდნენ, როცა ვერ პოულობენ ვერანაირ დამაკმაყოფილებელ პასუხს — ვერანაირ ნამდვილ აზრს სიცოცხლეში? შეიძლება იფიქრონ, რომ მათი სიცოცხლე ოდნავ თუ განსხვავდება ცხოველთა სიცოცხლისგან (2 პეტრე 2:12)a.

      7, 8. რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მეცნიერული გამოკვლევები?

      7 ამგვარად, გასაგებია, რატომ შეიძლება ვინმემ ისეთი რამ თქვას, რაც ფიზიკის პროფესორმა ფრიმენ დაისონმა დაწერა: „როგორც სხვა მოაზროვნე ადამიანებს, მეც მაინტერესებს პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც იობმა დასვა. რატომ ვიტანჯებით? რატომ არის მსოფლიო ასეთი უსამართლო? რა მიზანი აქვს ტკივილსა და ტრაგედიებს?“ (იობი 3:20, 21; 10:2, 18; 21:7). როგორც მოვიხსენიეთ, პასუხებისთვის მრავალი, ღვთის ნაცვლად, მეცნიერებას მიმართავს. ბიოლოგები, ოკეანოგრაფები და სხვები უფრო და უფრო იღრმავებენ ცოდნას ჩვენი პლანეტისა და მასზე არსებული სიცოცხლის შესახებ. ასტრონომები და ფიზიკოსები, რომლებიც გამოკვლევას სხვა მიმართულებით აწარმოებენ, ყოველთვის რაღაც ახალს გებულობენ მზის სისტემაზე, ვარსკვლავებსა და შორეულ გალაკტიკებზეც კი (შეადარეთ დაბადება 11:6). რა გონივრული დასკვნების გაკეთება შეიძლება ასეთი ფაქტებიდან?

      8 ზოგი მეცნიერი მოიხსენიებს ღვთის „გონებასა“ თუ „ხელს“, რაც სამყაროში ვლინდება. მაგრამ შეიძლება ამის გამო ყურადღების მიღმა დარჩეს მთავარი? ჟურნალში „საიენსი“ (Science) ნათქვამია: «როცა მკვლევარები ამბობენ, რომ კოსმოლოგია ავლენს ღვთის „გონებას“ ან „ხელს“, ისინი ღმერთს მხოლოდ იმას აწერენ, რაც, საერთო ჯამში, ნაკლებად მნიშვნელოვანია სამყაროში, — მის ფიზიკურ სტრუქტურას». ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი სტივენ უაინბერგი წერდა: „რაც უფრო გვგონია, რომ სამყაროს ჩავწვდით, მით უფრო უაზრობად გვეჩვენება მისი არსებობა“.

      9. რა დაგვეხმარება ჩვენც და სხვებსაც შემოქმედის შეცნობაში?

      9 მაგრამ თქვენ შეიძლება იმ მილიონებს მიეკუთვნებოდეთ, ვინც სერიოზულად სწავლობს ამ საკითხს და იცის, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი შემოქმედის შესახებ შემეცნებასთან არის დაკავშირებული. გაიხსენეთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „ადამიანები ვერ იტყვიან, რომ არაფერი იციან ღმერთზე. წუთისოფლის დასაბამიდან მათ შეუძლიათ ღვთის დანახვა იმის საშუალებით, რაც მან გააკეთა. ეს ცხადყოფს მის მარადიულ სიძლიერეს. ეს ცხადყოფს, რომ ის ღმერთია“ (რომაელთა 1:20 [Holy Bible, New Life Version]). დიახ, სამყაროსა და საკუთარ თავზე დაკვირვება დაეხმარება ადამიანს, შეიცნოს ღმერთი და იპოვოს სიცოცხლის აზრი, რომელიც მას უკავშირდება. ამ მხრივ, განვიხილოთ სამი რამ: ჩვენ გარშემო არსებული სამყარო, სიცოცხლის წარმოშობა და ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები.

      რწმენის საფუძვლები

      10. რატომ უნდა დავფიქრდეთ „დასაბამზე“? (დაბადება 1:1, ძველი აღთქმის ორტომეული, 1884; ფსალმუნი 110:10).

      10 როგორ გაჩნდა სამყარო? როგორც, ალბათ, იცით ცნობებიდან კოსმოსური ტელესკოპებისა და თანამგზავრების შესახებ, მეცნიერთა უმეტესობამ დაინახა, რომ სამყარო ყოველთვის არ არსებობდა. მას დასაბამი ჰქონდა და, ამავე დროს, დღემდე ფართოვდება. რა იგულისხმება ამაში? აი რას ამბობს ასტრონომი ბერნარდ ლოველი: „თუ ოდესღაც წარსულში სამყარო ზემცირე ზომასა და უსაშველოდ მაღალი სიმკვრივის სინგულარულ მდგომარეობას ძალიან უახლოვდებოდა, იძულებული ვართ ვიკითხოთ, რა იყო მანამდე. . . ჩვენ წინაშე დგება დასაბამის პრობლემა“.

      11. ა) რამდენად დიდია სამყარო? ბ) რაზე მიუთითებს სამყაროში არსებული სიზუსტე?

      11 სამყაროს, მათ შორის დედამიწის, აგებულებაში საოცარი რეგულირება ჩანს. მაგალითად, მზესა და სხვა ვარსკვლავებს ორი შესანიშნავი რამ ახასიათებს — ესენია ხანგრძლივი ქმედითობა და სტაბილურობა. როგორც ვარაუდობენ, ხილულ სამყაროში გალაქტიკების რიცხვი 50 მილიარდიდან (50 000 000 000) 125 მილიარდამდეა. ჩვენს გალაქტიკა „ირმის ნახტომში“ უამრავი მილიარდი ვარსკვლავია. ახლა დაფიქრდით: ვიცით, რომ ავტომობილის ძრავას საწვავისა და ჰაერის ზუსტი შეფარდებით მიწოდება სჭირდება. თუ ავტომობილი გყავთ, შეგიძლიათ კვალიფიციურ მექანიკოსს მიმართოთ ძრავის რეგულირებისთვის, რომ ავტომობილმა უხმაუროდ და უფრო კარგად იაროს. თუკი ასეთი სიზუსტე უბრალო ძრავისთვის არის მნიშვნელოვანი, რაღა უნდა ვთქვათ, მაგალითად, იმაზე, რომ მზე კარგად „იწვის“? აშკარაა, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის მთავარი მოქმედი ძალები ზუსტად არის რეგულირებული. უბრალო შემთხვევითობის ნაყოფია ეს? ძველ დროში მცხოვრებ იობს ჰკითხეს: „შენ გამოაცხადე წესები, რომლებიც ცას მართავს, ან შენ დაადგინე ბუნების კანონები დედამიწაზე?“ (იობი 38:33 [The New English Bible]). ეს არც ერთ ადამიანს არ გაუკეთებია. მაშ, რომელი წყაროდან მოდის სიზუსტე? (ფსალმუნი 18:2).

      12. რატომ არის გონივრული, ვიფიქროთ, რომ შემოქმედების მიღმა ძლიერი პიროვნება დგას?

      12 შეიძლება, რომ ეს წყარო იყოს ადამიანისთვის უხილავი რამე ან ვინმე? ეს კითხვა თანამედროვე მეცნიერების თვალით განვიხილოთ. ასტრონომების უმეტესობა უკვე ეთანხმება იმ აზრს, რომ არსებობს ძალიან ძლიერი ციური სხეულები — შავი ორმოები. მართალია, ისინი უხილავია, მაგრამ მკვლევარები დარწმუნებული არიან მათ არსებობაში. მსგავსად ამისა, ბიბლია გვამცნობს, რომ სხვა სფეროში არსებობენ ძლიერი უხილავი, სულიერი ქმნილებები. თუკი ასეთი ძლიერი უხილავი ქმნილებები არსებობენ, ნუთუ არ შეიძლება, რომ სამყაროში სიზუსტე ძლიერ პიროვნებას შემოეღო? (ნეემია 9:6).

      13, 14. ა) რა დაადგინა მეცნიერებამ სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით? ბ) რაზე მიანიშნებს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა?

      13 მეორე, რაც შეიძლება შემოქმედის შეცნობაში დაეხმაროს ადამიანს, სიცოცხლის წარმოშობას ეხება. ლუი პასტერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების დროიდან აღიარებულ იქნა, რომ შეუძლებელია სიცოცხლე არაფრისგან გაჩენილიყო თვითჩასახვის შედეგად. მაშ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე? ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში მეცნიერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ის შეიძლებოდა რაღაც პირველ ოკეანეში ნელ-ნელა განვითარებულიყო მაშინდელ ატმოსფეროზე ელვის გამუდმებული მოქმედებით. მაგრამ შედარებით ახალი მონაცემები გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის ამგვარი წარმოშობა შეუძლებელი იყო, რადგან ატმოსფერო სხვაგვარი არასოდეს ყოფილა. ამიტომ ზოგი მეცნიერი უფრო დამაჯერებელ გამართლებას ეძებს. მაგრამ მათაც მთავარი ხომ არ რჩებათ მხედველობიდან?

      14 სამყაროსა და მასში არსებული სიცოცხლის შესწავლაში გატარებული ათწლეულების შემდეგ ბრიტანელმა მეცნიერმა ფრედ ჰოილმა თქვა: „ნაცვლად იმისა, რომ ვაღიაროთ ბუნების ბრმა ძალების შედეგად სიცოცხლის წარმოშობის ფანტასტიკურად მცირე ალბათობა, ჯობია დავუშვათ, რომ სიცოცხლე წარმოიშვა მიზანდასახული, გააზრებული მოქმედების შედეგად“. დიახ, რაც უფრო მეტს ვგებულობთ სიცოცხლის საოცრებებზე, მით უფრო ლოგიკურია, რომ ის გონიერი წყაროდან მომდინარეობს (იობი 33:4; ფსალმუნი 8:4, 5; 35:10; საქმეები 17:28).

      15. რატომ შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური ხართ?

      15 მაშასადამე, მსჯელობის პირველი საკითხი სამყაროს ეხება, მეორე კი — დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას. ყურადღება მიაქციეთ მესამეს — ჩვენს უნიკალურობას. ყველა ადამიანი მრავალმხრივ უნიკალურია; ეს თქვენც გეხებათ. როგორ? ალბათ, გსმენიათ, რომ ტვინს ძლიერ კომპიუტერს ადარებენ. მაგრამ უახლესი აღმოჩენები აჩვენებს, რომ ეს ძალიან უხეში შედარებაა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერმა თქვა: «თანამედროვე კომპიუტერების შედარებაც კი არ შეიძლება თვით ოთხი წლის ბავშვთან, რომელსაც ხედვის, ლაპარაკის, მოძრაობისა და საღი აზროვნების უნარი აქვს. . . გამოთვლილია, რომ ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერის ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობა უთანაბრდება ლოკოკინის ნერვულ სისტემას — ეს კი [თქვენს] თავის ქალაში არსებული „სუპერკომპიუტერის“ ძალის უმცირესი ნაწილია».

      16. რაზე მეტყველებს რომელიმე ენაზე ლაპარაკის უნარი?

      16 ერთ-ერთი უნარი, რაც ტვინის მეშვეობით გაქვთ, რომელიმე ენაზე ლაპარაკია. ზოგი ორ, სამ ან მეტ ენას ფლობს, მაგრამ ერთზე ლაპარაკის უნარიც კი ჩვენს უნიკალურობაზე მეტყველებს (ესაია 36:11; საქმეები 21:37–40). პროფესორებმა რ. ს. და დ. ჰ. ფაუტებმა დასვეს კითხვა: „მხოლოდ ადამიანს . . . შეუძლია ენით კავშირის დამყარება? . . განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ცხოველები კავშირს ამყარებენ . . . ჟესტებით, სუნით, ხმებითა და ჩხავილით, ფრინველები — გალობით, ფუტკრები კი — ცეკვით. მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოველებს, ადამიანისგან განსხვავებით, არა აქვთ ჩამოყალიბებული გრამატიკული ენა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველებს არ შეუძლიათ ხატვა. ყველაზე მეტი, რაც შეუძლიათ, ეს არის ჯღაბნა“. მართლაც, მხოლოდ ადამიანს შეუძლია ტვინის გამოყენება, რომ რომელიმე ენაზე ილაპარაკოს და აზრიანი სურათები დახატონ (შეადარეთ ესაია 8:1; 30:8; ლუკა 1:3).

      17. რას აკეთებს ცხოველი სარკეში ყურებისას და რას — ადამიანი?

      17 გარდა ამისა, თქვენ ბევრი რამ იცით საკუთარ თავზე; იცნობთ საკუთარ თავს (იგავნი 14:10). გინახავთ, როგორ იქცევიან ჩიტი, ძაღლი ან კატა, როცა სარკეში იყურებიან? ჩიტი უნისკარტებს, ძაღლი უღრენს, კატა კი თავს ესხმის. ისინი ვერ ცნობენ საკუთარ თავს და ჰგონიათ, რომ სხვა ცხოველს ხედავენ. მათგან განსხვავებით, როცა თქვენ იყურებით სარკეში, იცით, რომ თქვენა ხართ (იაკობი 1:23, 24). შეგიძლიათ შეამოწმოთ, როგორ გამოიყურებით, ან იფიქროთ, როგორი იქნებით რამდენიმე წლის შემდეგ. ცხოველები არ აკეთებენ ამას. დიახ, ტვინი უნიკალურს გხდით. რაზე მიანიშნებს ეს? როგორ გაჩნდებოდა ტვინი, ღმერთს რომ არ შეექმნა ის?

      18. რა გონებრივი შესაძლებლობებით განსხვავდება ადამიანი ცხოველებისგან?

      18 ტვინი აგრეთვე საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ხელოვნება და მუსიკა და გამოავლინოთ ზნეობრიობა (გამოსვლა 15:20; მსაჯულნი 11:34; მესამე მეფეთა 6:1, 29–35; მათე 11:16, 17). რატომ მაინცდამაინც თქვენ და არა ცხოველებს? ისინი ტვინს უმთავრესად დაუყოვნებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ — მოიპოვონ საკვები, დაწყვილდნენ ან გაიკეთონ ბუდე. მხოლოდ ადამიანები იყურებიან წინ. ზოგი იმაზეც კი ფიქრობს, რა გავლენა ექნება მის მოქმედებას გარემოზე ან შთამომავლებზე შორეულ მომავალში. რატომ? ეკლესიასტეს 3:11-ში (ძვო) ადამიანების შესახებ ნათქვამია: „[შემოქმედმა] საუკუნენი მისცა გულთა შინა მათთა“. დიახ, თქვენ განსაკუთრებული უნარი გაქვთ — იფიქროთ საუკუნეთა მნიშვნელობაზე და უსასრულო სიცოცხლეც კი წარმოიდგინოთ.

      დაე შემოქმედმა აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს

      19. მსჯელობის რომელი სამი საკითხის გამოყენება შეგიძლიათ, რომ სხვები შემოქმედზე დააფიქროთ?

      19 ჩვენ მხოლოდ სამ საკითხს შევეხეთ: სიზუსტეს, რომელიც უზარმაზარ სამყაროში ვლინდება, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და ადამიანის ტვინის უდავო უნიკალურობას — ტვინისა, რომელსაც სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს. რაზე მეტყველებს ყოველივე ეს? ქვემოთ მოყვანილია მსჯელობის რამდენიმე საკითხი, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება დაეხმაროთ სხვებს სათანადო დასკვნის გამოტანაში. უპირველესად, შეგიძლიათ ჰკითხოთ: ჰქონდა სამყაროს დასაბამი? მრავალი დაგეთანხმებათ, რომ ჰქონდა. შემდეგ ჰკითხეთ: ეს დასაბამი მიეცა თუ არა? უმეტესობა თვლის, რომ მიეცა. და ბოლო კითხვა: დასაბამი მარადიულმა რამემ მისცა თუ მარადიულმა ვინმემ? ასე გასაგებად და ლოგიკურად წარმოდგენილი საკითხების მეშვეობით ბევრმა შეიძლება დაასკვნას: უნდა არსებობდეს შემოქმედი! ამ შემთხვევაში კი, ნუთუ შეუძლებელია, რომ სიცოცხლეს აზრი ჰქონდეს?

      20, 21. რატომ არის აუცილებელი შემოქმედის შეცნობა, თუ გვინდა, რომ ჩვენს სიცოცხლეს აზრი ჰქონდეს?

      20 მთელი ჩვენი ცხოვრება, მათ შორის ზნეობრიობა და თვით ზნეობა, შემოქმედს უნდა უკავშირდებოდეს. ერთხელ დოქტორმა როლო მეიმ დაწერა: „ის, რასაც მართლა ზნეობა ჰქვია, სიცოცხლის ძირითად აზრზეა დაფუძნებული“. საიდან შეიძლება ის მომდინარეობდეს? მან განაგრძო: „ნამდვილი ზნეობა ღვთის ბუნებიდან მომდინარეობს. ღვთის პრინციპები ის პრინციპებია, რომლებიც სიცოცხლეს უდევს საფუძვლად შემოქმედების დასაბამიდან ბოლომდე“.

      21 ამგვარად, გასაგებია, რატომ ავლენდა ფსალმუნმომღერალი თავმდაბლობასა და სიბრძნეს, როდესაც შემოქმედს სთხოვდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა“ (ფსალმუნი 24:4, 5). რაც უფრო უკეთ შეიცნობდა ფსალმუნმომღერალი შემოქმედს, მით უფრო აზრიანი და მიზანდასახული გახდებოდა მისი სიცოცხლე. ასეთი რამ თითოეული ჩვენგანისთვისაც შესაძლებელია (გამოსვლა 33:13).

      22. რა შედის შემოქმედის გზების შეცნობაში?

      22 შემოქმედის „გზების“ შეცნობაში ისიც შედის, რომ უკეთ გავეცნოთ მის პიროვნებას. მაგრამ როგორ შეგვიძლია უხილავი და ძლევამოსილი შემოქმედის უკეთ შეცნობა? ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

      [სქოლიოები]

      a ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გადატანილის გახსენებისას დოქტორმა ვიქტორ ე. ფრანკლმა თქვა: «ადამიანის მიერ აზრის ძიება ცხოვრებაში მთავარი ძალაა და არა „მეორეხარისხოვანი გამართლება“ ინსტიქტური მისწრაფებისა», რაც, მაგალითად, ცხოველებს ახასიათებს. მან დაამატა, რომ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულებში საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ «აჩვენა, გამოკითხულთა 89%-მა აღიარა, რომ ადამიანს სჭირდება „რაღაც“, რისთვისაც უნდა იცოცხლოს».

  • შემოქმედი — როგორია ის
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ივნისი
    • შემოქმედი — როგორია ის

      «ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს შენს წინაშე» (გამოსვლა 33:19).

      1. რატომ იმსახურებს შემოქმედი განდიდებას?

      მოციქულმა იოანემ, რომელმაც ბიბლიის ბოლო წიგნი დაწერა, შემოქმედის შესახებ ბრძნული სიტყვები თქვა: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11). როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენები უფრო მეტ საფუძველს იძლევა, რომ ყოველივეს შემოქმედი ვირწმუნოთ.

      2, 3. ა) რა უნდა გაიგოს ხალხმა შემოქმედის შესახებ? ბ) რატომ არის არაგონივრული შემოქმედთან პირადად შეხვედრა?

      2 როგორც შემოქმედის არსებობის აღიარებაა მნიშვნელოვანი, ისევე მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორია ის — რომ ის არის რეალური პიროვნება ისეთი თვისებებითა და გზებით, რომლებიც ხალხს იზიდავს. რამდენიც უნდა იცოდეთ მის შესახებ, განა სასარგებლო არ იქნებოდა, უკეთ შეგეცნოთ ის? ამისთვის საჭირო არ არის მასთან პირადად შეხვედრა, როგორც ადამიანებს ვხვდებით.

      3 იეჰოვამ მისცა დასაბამი თვით ვარსკვლავებსაც კი, მათ შორის მზეს, რომელიც საშუალო სიდიდის ვარსკვლავია. მოგივიდოდათ ოდესმე აზრად, გეცადათ მზესთან მიახლოება? საეჭვოა! უმეტესობა იმასაც კი ერიდება, რომ წამიერად შეხედონ მას; აგრეთვე ცდილობენ, დიდი ხნით არ მიეფიცხონ მის ძლიერ სხივებს. მზის წიაღში ტემპერატურა 15 000 000 გრადუსს აღწევს. ეს თერმობირთვული ღუმელი ყოველ წამს დაახლოებით ოთხ მილიონ ტონა მასას ენერგიად გარდაქმნის. დედამიწამდე სითბოსა და სინათლის სახით მხოლოდ მისი მცირე ნაწილი აღწევს, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ყოველივე ამან მოკრძალებით უნდა განგვაწყოს შემოქმედის ძლიერების მიმართ. ესაიამ მართებულად მოიხსენია შემოქმედი როგორც „ძალამოსილი და ყოვლადძლიერი“ (ესაია 40:26).

      4. რა ითხოვა მოსემ და როგორ უპასუხა იეჰოვამ?

      4 მაგრამ იცოდით, რომ ძვ. წ. 1513 წელს ისრაელების მიერ ეგვიპტის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოსემ შემოქმედს სთხოვა: „მახილვინე შენი დიდება“? (გამოსვლა 33:18). იმის მხედველობაში მიღებით, რომ თვით მზესაც კი ღმერთმა მისცა დასაბამი, გასაგებია, რატომ უთხრა მან მოსეს: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“. შემოქმედმა ნება დართო მოსეს, სადმე მოფარებულ ადგილზე დამდგარიყო სინაის მთაზე, სანამ თვითონ არ ‘ჩაივლიდა’. შემდეგ მოსემ დაინახა ღვთის „ზურგი“, ასე ვთქვათ, გარკვეული სინათლის კვალი, რომლითაც შემოქმედის დიდება ანუ თანდასწრება გამოვლინდა (გამოსვლა 33:20–23; იოანე 1:18).

      5. როგორ დააკმაყოფილა შემოქმედმა მოსეს თხოვნა და რა დაადასტურა ამით?

      5 მოსეს სურვილი — უკეთ შეეცნო შემოქმედი — არ დარჩენილა დაუკმაყოფილებელი. როგორც ჩანს, ღმერთმა ჩაუარა მოსეს და ანგელოზის მეშვეობით განუცხადა: „უფალი უფალია, ღმერთი გულმოწყალე და შემბრალე, მრავლის მომთმენი, დიდად მწყალობელი და ჭეშმარიტი; წყალობის შემნახველი ათასებისთვის, ბრალის, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, მაგრამ შერჩენით არ შეარჩენს“ (შემოთ 34:6, 7, თორა, 1995 [გამოსვლა 34:6, 7]). აქედან გამომდინარე, შემოქმედის უკეთ შეცნობა ნიშნავს არა მისი გარეგნობის დანახვას, არამედ იმის სრულად შეგრძნებას, როგორია ის, რა პიროვნებაა და რა თვისებები აქვს.

      6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი იმუნური სისტემა სასწაულებრივია?

      6 ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ღვთის თვისებები მის ქმნილებებში დავინახოთ. დაფიქრდით, მაგალითად, თქვენს იმუნურ სისტემაზე. ერთი ჟურნალის ნომერში იმუნიტეტის შესახებ, ნათქვამი იყო: „მუცლადყოფნის პერიოდიდან სიკვდილამდე იმუნური სისტემა უწყვეტად აქტიურია. მოლეკულებისა და უჯრედების მრავალფეროვნება . . . პარაზიტებისა და პათოგენური მიკროორგანიზმებისგან გვიცავს. ამგვარი დაცვის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებდა“ (Scientific American). საიდან მომდინარეობს ეს სისტემა? იმავე ნომერში ნათქვამი იყო: „მარჯვედ ურთიერთმოქმედი უამრავი უჯრედი, რომლებიც სხეულს მიკრობებისა და ვირუსებისგან იცავს, წარმოიქმნება რამდენიმე წინამორბედი უჯრედისგან, რომლებიც პირველად ნაყოფის ჩასახვიდან ცხრა კვირაში ჩნდება“. ფეხმძიმე ქალი განვითარებად ჩანასახს გარკვეულ იმუნიტეტს გადასცემს. მოგვიანებით დედის რძე ჩვილს აგრეთვე იმუნურ უჯრედებს უვითარებს და სასარგებლო ქიმიურ ნივთიერებებს აძლევს.

      7. რის თქმა შეიძლება ჩვენს იმუნურ სისტემაზე და რა დასკვნამდე მივყავართ ამას?

      7 საკმაო საფუძველი გაქვთ დაასკვნათ, რომ თქვენი იმუნური სისტემა აღემატება ყველაფერს, რის შემოთავაზებაც თანამედროვე მედიცინას შეუძლია. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რაზე მეტყველებს ეს იმუნური სისტემის გამომგონებელთან დაკავშირებით? ეს სისტემა, რომელიც ‘პირველად ნაყოფის ჩასახვიდან ცხრა კვირაში ჩნდება’ და რომელიც მზად არის დაიცვას ახალშობილი, უდავოდ, სიბრძნესა და წინდახედულობას ირეკლავს. მაგრამ შეგვიძლია ამ სისტემიდან უფრო მეტის გაგება შემოქმედის შესახებ? რა დასკვნა გამოგვაქვს უმეტესობას ალბერტ შვაიცერსა და სხვებთან დაკავშირებით, რომლებმაც სიცოცხლე ღარიბებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას მიუძღვნეს? ასეთ ჰუმანისტებზე, ჩვეულებრივ, ვამბობთ, რომ კარგი თვისებები აქვთ. ამის შესაბამისად, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ჩვენს შემოქმედთან დაკავშირებით, რომელიც მდიდრებსაც და ღარიბებსაც იმუნურ სისტემას აძლევს? ნათელია, რომ ის მოსიყვარულე, მიუკერძოებელი, თანამგრძნობი და სამართლიანია. ნუთუ არ შეესაბამება ეს შემოქმედის დახასიათებას, რომელიც მოსემ მოისმინა?

      თვითონ გვიმჟღავნებს, როგორია

      8. რა განსაკუთრებული საშუალებით გვიმჟღავნებს იეჰოვა საკუთარ თავს?

      8 მაგრამ შემოქმედის უკეთ შესაცნობად სხვა საშუალებაც არსებობს — ეს არის ბიბლია. მისი მეშვეობით შემეცნების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზოგ რამეს შემოქმედთან დაკავშირებით მეცნიერება და სამყარო საერთოდ ვერ გვიცხადებს, ზოგი კი ბიბლიიდან უფრო გასაგები ხდება. პირველი მაგალითი შემოქმედის პირადი სახელია. მხოლოდ ბიბლია გვიმხელს შემოქმედის სახელსა და მის მნიშვნელოვნებას. ბიბლიის ებრაულ ხელნაწერებში მისი სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ ჩნდება ოთხი თანხმოვნის სახით, რომელთა ტრანსლიტერაციაც იქნება ჲჰვჰ; ჩვეულებრივ, ის ქართულად გამოითქმება როგორც იეჰოვა (გამოსვლა 3:15, აქ; 6:3, აქ).

      9. რას ნიშნავს შემოქმედის პირადი სახელი და რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან?

      9 შემოქმედის უკეთ შესაცნობად უნდა გვესმოდეს, რომ ის, უბრალოდ, აბსტრაქტული „პირველმიზეზი“ ან „რომელიც ვარ“ არ არის. ამას მისი პირადი სახელი გვიჩვენებს. ის იმ ებრაული ზმნის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მნიშვნელობაც არის „გახდომა“ ან „გადაქცევა“a (შეადარეთ დაბადება 27:29; გამოსვლა 4:9). ღვთის სახელის მნიშვნელობაა „აქცევინებს“, რაც ხაზს უსვამს, რომ, რასაც ის განიზრახავს, ასრულებს კიდეც. მისი სახელის ცოდნა და გამოყენება უკეთ დაგვანახვებს, რომ ის დანაპირებს ასრულებს და თავისი განზრახვის განხორციელებას არ აყოვნებს.

      10. მნიშვნელოვანს რას ვგებულობთ „დაბადების“ ცნობიდან?

      10 ბიბლია ღვთის განზრახვებისა და მისი პიროვნების შესახებ შემეცნების წყაროა. „დაბადების“ ცნობა გვიმჟღავნებს, რომ ერთ დროს კაცობრიობა ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით ტკბებოდა და ხანგრძლივი, აზრიანი სიცოცხლის პერსპექტივა ჰქონდა (დაბადება 1:28; 2:7–9). იეჰოვას სახელის არსის მხედველობაში მიღებით შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ბოლოს მოუღებს ტანჯვა-წამებასა და იმედგაცრუებას, რასაც დიდი ხანია ადამიანი განიცდის. მისი განზრახვის შესრულების შესახებ ვკითხულობთ: „ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის [შემოქმედის] მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება . . . ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:20, 21).

      11. რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიბლიურ ცნობებს და რომელია ერთ-ერთი მათგანი?

      11 ბიბლია იმითაც გვეხმარება შემოქმედის უკეთ შეცნობაში, რომ მოგვითხრობს მისი მოქმედებებისა და რეაქციების შესახებ ძველ ისრაელთან ურთიერთობისას. ყურადღება მიაქციეთ ელისესა და ნაყამანის, მტრულად განწყობილ არამელთა სარდლის, მაგალითს. როგორც მეოთხე მეფეთა მე-5 თავში ვკითხულობთ, ებრაელი ტყვე გოგონა ირწმუნებოდა, რომ ისრაელში მცხოვრები ელისე შეძლებდა კეთრისგან ნაყამანის განკურნებას. ნაყამანი გაემგზავრა იქ იმ მოლოდინით, რომ ელისე ხელებით მისტიკური განკურნების ცერემონიალს შეასრულებდა. ნაცვლად ამისა, ელისემ ამ არამელს უთხრა, რომ მდინარე იორდანეში ებანავა. თუმცა, ნაყამანი ასე რომ მოქცეულიყო, მსახურებს მისი დაყოლიება მოუწიათ, ბანაობის შემდეგ ის განიკურნა. მან ძვირფასი საჩუქრები შესთავაზა ელისეს, მაგრამ მას არ გამოურთმევია. მოგვიანებით ელისეს მსახური გაიპარა ნაყამანთან და ზოგი ძვირფასეულობა გამოსტყუა. უპატიოსნობის გამო მას კეთრი შეეყარა. ეს ადამიანის ბუნების მაჩვენებელი საინტერესო ცნობაა, რომლიდანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია.

      12. შემოქმედთან დაკავშირებით რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ცნობიდან ელისესა და ნაყამანზე?

      12 ეს ცნობა შესანიშნავად გვიჩვენებს, რომ სამყაროს დიდებული შემოქმედი არ არის ქედმაღალი, რადგან კეთილგანწყობით მოეკიდა პატარა გოგონას, რაც დიდად განსხვავდება დღეს მრავალ კულტურაში მიღებული ნორმებისგან. ის აგრეთვე ამტკიცებს, რომ შემოქმედი კეთილგანწყობილებას მხოლოდ ერთი რასის ან ერის მიმართ არ ავლენს (საქმეები 10:34, 35). საინტერესოა, რომ ღმერთს ადამიანისგან ფოკუსების გაკეთება კი არ მოუთხოვია — რაც წარსულისა თუ დღევანდელობის ზოგ „განმკურნებელს“ ახასიათებს — არამედ საოცარი სიბრძნე გამოავლინა. მან იცოდა კეთრის წამალი. იმით, რომ არ დაუშვა, თაღლითს მიზნისთვის მიეღწია, მისი გამჭრიახობა და სამართლიანობაც გამოვლინდა. ნუთუ არ შეესაბამება ეს იმას, რაც მოსემ მოისმინა იეჰოვას პიროვნების შესახებ? რამდენის გაგება შეგვიძლია ამ მოკლე ცნობიდანაც კი ჩვენს შემოქმედზე! (ფსალმუნი 32:5; 36:28).

      13. თვალსაჩინოდ აჩვენეთ, როგორ შეგვიძლია ბიბლიური ცნობებიდან კარგი გაკვეთილის მიღება.

      13 სხვა ცნობები ისრაელის უმადურებასა და ღვთის საპასუხო მოქმედების შესახებ ამტკიცებს, რომ იეჰოვა გულწრფელ ინტერესს ავლენს ადამიანის მიმართ. ბიბლია გვამცნობს, რომ ებრაელები კიდევ და კიდევ სცდიდნენ მას, რითაც არისხებდნენ და შეურაცხყოფდნენ (ფსალმუნი 77:40, 41). მაშასადამე, შემოქმედს გრძნობები აქვს და დაინტერესებულია ადამიანის მოქმედებით. ცნობილი ადამიანების შესახებ ცნობებიდანაც ბევრის სწავლა შეიძლება. ისრაელის მეფედ დავითის არჩევისას ღმერთმა სამუელს უთხრა: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). დიახ, შემოქმედი, უბრალოდ, გარეგნობის მიხედვით კი არ გვაფასებს, არამედ ჩვენს პიროვნებას უყურებს. რა სასიამოვნოა ამის ცოდნა!

      14. რის გაკეთება იქნებოდა სასარგებლო ებრაული წერილების კითხვისას?

      14 ბიბლიის 39 წიგნი იესოს დედამიწაზე დაბადებამდე დაიწერა და მართებული იქნებოდა, წაგვეკითხა ისინი, მაგრამ არა იმიტომ, რომ, უბრალოდ, ბიბლიური ცნობები ან ისტორია გავიგოთ. თუ ნამდვილად გვაინტერესებს, როგორია ჩვენი შემოქმედი, უნდა დავფიქრდეთ ამ ცნობებზე, მაგალითად, ვიფიქროთ: „რას ვგებულობთ ამ ეპიზოდიდან მის შესახებ? მისი რომელი თვისებები ჩანს აქ?“b. ეს შეიძლება სკეპტიკოსებსაც კი დაეხმაროს იმის დანახვაში, რომ ბიბლია ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს, რაც მათ მიერ მოსიყვარულე შემოქმედის უკეთ შეცნობას ჩაუყრის საფუძველს.

      დიდებული მასწავლებელი გვეხმარება შემოქმედის შეცნობაში

      15. რით არის სასარგებლო იესოს საქმიანობისა და მოძღვრების ცოდნა?

      15 ფაქტია, მათ, ვისაც ეჭვი ეპარება შემოქმედის არსებობაში ან ვისაც ვერ გაუგებ, რას ფიქრობენ ღმერთზე, ცოტა რამ თუ იციან ბიბლიის შესახებ. ალბათ, შეხვედრიხართ ადამიანებს, ვინც ვერ გეტყვით, მოსე მათემდე ცხოვრობდა თუ მის შემდეგ, და ვინც, ფაქტობრივად, არაფერი იცის იესოს საქმიანობასა და მოძღვრებაზე. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შემოქმედის შესახებ ბევრის სწავლა შეიძლება დიდებული მასწავლებლისგან, იესოსგან. მას შეეძლო ეჩვენებინა, როგორია ჩვენი შემოქმედი, რადგან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან (იოანე 1:18; 2 კორინთელთა 4:6; ებრაელთა 1:3). და გააკეთა კიდეც ეს. ერთხელ მან თქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9).

      16. რას ცხადყოფს სამარიელი ქალისადმი იესოს დამოკიდებულება?

      16 განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ერთხელ მგზავრობით დაღლილი იესო სიქარის მახლობლად სამარიელ ქალს ესაუბრა და დიდებული ჭეშმარიტება გაუზიარა. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ‘მამას თაყვანი უნდა ვცეთ სულითა და ჭეშმარიტებით’. იმ დროს იუდეველები ერიდებოდნენ სამარიელებს. ამის საპირისპიროდ, იესომ აირეკლა იეჰოვას მზადყოფნა — მიეღო ყველა ერის წარმომადგენელი გულწრფელი კაცებიცა და ქალებიც; იეჰოვას სწორედ ასეთი მზადყოფნა დავინახეთ ელისესა და ნაყამანის შემთხვევიდან. ამან კიდევ უფრო უნდა დაგვარწმუნოს, რომ მისთვის უცხოა ბრმა რელიგიური მტრული განწყობა, რაც ასე გავრცელებულია დღევანდელ წუთისოფელში. ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ იესო მზად იყო ესწავლებინა ქალისთვის, თანაც ამ შემთხვევაში ისეთ კაცთან მცხოვრები ქალისთვის, რომელიც ქმრად არ ეკუთვნოდა. გაკიცხვის ნაცვლად, იესო ღირსეულად მოეპყრო მას, რომ ნამდვილად დახმარებოდა. შემდგომში სხვა სამარიელებმა მოუსმინეს იესოს და დაასკვნეს: „ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთისოფლის მხსნელი“ (იოანე 4:2–30, 39–42; მესამე მეფეთა 8:41–43; მათე 9:10–13).

      17. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ცნობიდან ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შესახებ?

      17 აგრეთვე განვიხილოთ, რას გვამცნობს შემოქმედის შესახებ იესოს საქმიანობა და მოძღვრება. დაფიქრდით იესოს მეგობარ ლაზარეს სიკვდილზე. იესომ ადრე დაამტკიცა, რომ მკვდრების აღდგენის ძალა შესწევდა (ლუკა 7:11–17; 8:40–56). მაგრამ როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა ლაზარეს მტირალი და, მარიამი, დაინახა? იესო „შეიძრა სულით და აშფოთდა“. ის არ ყოფილა გულგრილი, ამიტომ „აცრემლდა“ (იოანე 11:33–35). ეს, უბრალოდ, გრძნობის გამოხატვა არ ყოფილა; იესო გარკვეული მოქმედებისკენ აღიძრა — მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე. წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარებოდა ეს მოციქულებს შემოქმედის გრძნობებისა და მოქმედების დაფასებაში. ეს ყველას უნდა დაგვეხმაროს შემოქმედის პიროვნებისა და გზების შეცნობაში.

      18. რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ხალხს ბიბლიის შესწავლაზე?

      18 სასირცხვილო არაფერია იმაში, რომ ვისწავლოთ ბიბლია და მეტი გავიგოთ ჩვენს შემოქმედზე. ბიბლია მოძველებული წიგნი როდია. ერთ-ერთი, ვინც მას სწავლობდა და იესოსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, იოანე იყო. მოგვიანებით ის წერდა: „ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე“ (1 იოანე 5:20). შენიშნეთ, რომ „ჭეშმარიტის“ ანუ შემოქმედის შესაცნობად „გონების“ გამოყენება „საუკუნე სიცოცხლემდე“ მიმყვანია.

      როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს მის შეცნობაში?

      19. რა გაკეთდა სკეპტიკოსების დასახმარებლად?

      19 ზოგს ბევრი სჭირდება იმის დასაჯერებლად, რომ არსებობს ჩვენზე მზრუნველი თანამგრძნობი შემოქმედი, და იმის გასაგებად, როგორია ის. ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანს ეპარება ეჭვი ღვთის არსებობაში ან ბიბლიისგან განსხვავებული შეხედულება აქვს მასზე. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ? იეჰოვას მოწმეთა 1998—1999 წლების საოლქო და საერთაშორისო კონგრესებზე გამოცხადდა, რომ ბევრ ენაზე გამოიცა ახალი ეფექტური საშუალება — წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“

      20, 21. ა) როგორ შეიძლება წიგნ „შემოქმედის“ წარმატებით გამოყენება? ბ) მოყევით შემთხვევები, რომლებიც წიგნ „შემოქმედის“ ეფექტურობას ცხადყოფს.

      20 ეს წიგნი თქვენც დაგეხმარებათ, განიმტკიცოთ რწმენა ჩვენი შემოქმედის მიმართ და უფრო მეტი გაიგოთ მისი პიროვნებისა და გზების შესახებ. რატომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ამაში? იმიტომ რომ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ სწორედ ამ მიზნით მომზადდა. მთელ წიგნს გასდევს თემა „რას შეუძლია აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს?“. შინაარსი ისეა წარმოდგენილი, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებსაც კი გააკვირვებს. ის ისეთ რამეს ეხება, რაც ყველა ჩვენგანისთვის სანატრელია. მასში საინტერესო და დამაჯერებელი მასალაა მოცემული ისეთი მკითხველისთვის, რომელსაც ეჭვი ეპარება შემოქმედის არსებობაში. წიგნი არ არის გათვალისწინებული მხოლოდ მათთვის, ვისაც შემოქმედი სწამს. სკეპტიკოსებს მოხიბლავს საკითხისადმი ახალ მეცნიერულ აღმოჩენებსა და კონცეფციებზე დაყრდნობით მიდგომა. ასეთი ფაქტები მათაც კი განუმტკიცებს რწმენას, ვისაც ღმერთი სწამს.

      21 ამ ახალი წიგნის შესწავლისას დაინახავთ, რომ ის ბიბლიურ ისტორიას ისე მიმოიხილავს, რომ ხაზი გაუსვას ღვთის თვისებებს და დაეხმაროს მკითხველს მის უკეთ შეცნობაში. ბევრმა, ვინც უკვე წაიკითხა წიგნი „შემოქმედი“, აღნიშნა, რომ მათს შემთხვევაში ეს, მართლაც, ასე მოხდა (იხილეთ შემდეგი სტატია, გვერდები 25, 26). თქვენც შეძლებთ იმავეს თქმას, როცა გაეცნობით ამ წიგნს და გამოიყენებთ მას სხვების დასახმარებლად — უკეთ შეიცნონ შემოქმედი.

      [სქოლიოები]

      a იეზუიტმა სწავლულმა მ. გრენთანერმა „კათოლიკური ბიბლიური კვარტალური ჟურნალის“ (The Catholic Biblical Quarterly) მთავარი რედაქტორობის პერიოდში ამ ზმნას დაუკავშირა მისი მონათესავე ზმნის შესახებ ნათქვამი — რომ მას „არასოდეს აქვს აბსტრაქტულად არსებობის გაგება; ის ყოველთვის გამოხატავს შეგრძნებად არსებობასა თუ გახდომას (გადაქცევას), ე. ი. რაღაც კონკრეტულის მაჩვენებელია“.

      b შვილებისთვის ბიბლიური ცნობების მოყოლისას მშობლებს შეუძლიათ მათ ასეთი კითხვები დაუსვან. ეს დაეხმარება ბავშვებს, შეიცნონ ღმერთი, აგრეთვე ისწავლონ მის სიტყვაზე დაფიქრება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება