საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წინასწარმეტყველების თანახმად, ყოველივე ახლის შექმნა
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აპრილი
    • 13, 14. ა) კიდევ რომელ ადგილს განვიხილავთ, სადაც გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება? ბ) რატომ არის დღეს განსაკუთრებით საინტერესო პეტრეს წინასწარმეტყველება?

      13 შეეცადეთ, არ გამოგრჩეთ მთავარი აზრი. ჩვენ არც ბიბლიის განმარტებაში ვვარჯიშობთ და არც ძველ ისტორიას ვიხსენებთ. ამაში კიდევ ერთ იმ ადგილზე გადაშლა დაგარწმუნებთ, სადაც ფრაზა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება. მე-2 პეტრეს მე-3 თავში ნახავთ ამ ფრაზას და იმასაც, რომ ის ჩვენს მომავალს ეხება.

      14 პეტრე მოციქულმა ეს წერილი იუდაელების სამშობლოში დაბრუნებიდან 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაწერა. როგორც იესოს ერთ-ერთი მოციქული, პეტრე ქრისტეს მიმდევრებს სწერდა, ქრისტესი, რომელიც მე-2 პეტრეს 3:2-ში „უფლად“ არის მოხსენიებული. მე-4 მუხლში მოციქული ქრისტეს «მოსვლის [„თანდასწრების“,აქ] აღთქმის» შესახებ წერს, რაც პირდაპირ მიუთითებს ამ წინასწარმეტყველების დღევანდელობასთან კავშირზე. მრავალი ფაქტი ცხადყოფს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული იესოს თანდასწრება იმ გაგებით ხდება, რომ ის ხელისუფლების მქონე, ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველია (გამოცხადება 6:1—8; 11:15, 18). პეტრეს მიერ მე-3 თავში ჩაწერილი კიდევ ერთი წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

      15. როგორ სრულდება „ახალი ცის“ შესახებ პეტრეს წინასწარმეტყველება?

      15 მე-2 პეტრეს 3:13-ში ვკითხულობთ: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“. შეიძლება თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ზეცაში გამეფებული იესო ამ „ახალი ცის“ მთავარი მმართველია (ლუკა 1:32, 33). მაგრამ სხვა ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, რომ ის ერთპიროვნული მმართველი არ არის. იესო მოციქულებს დაჰპირდა, რომ ისინი და მათი მსგავსი სხვა ადამიანები ზეცას დაიმკვიდრებდნენ. ებრაელთა მიმართ მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ ასეთ ადამიანებს „ზეციური მოწოდების ზიარნი“ უწოდა. იესომ კი თქვა, რომ ამ ჯგუფის წევრები მასთან ერთად დასხდებოდნენ ზეციურ ტახტებზე (ებრაელთა 3:1; მათე 19:28; ლუკა 22:28—30; იოანე 14:2, 3). არსი კი ის არის, რომ ისინი ახალი ცის წევრები არიან და იესოსთან ერთად მეფობენ. მაგრამ რას ნიშნავს პეტრეს მიერ მოხსენიებული „ახალი მიწა“?

      16. რომელი „ახალი მიწა“ არსებობს უკვე?

      16 წინასწარმეტყველების თავდაპირველი შესრულებისას სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები ახალ ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მსგავსად ამისა, ხალხი, რომელზეც დღეს მე-2 პეტრეს 3:13 სრულდება, „ახალი ცის“ მმართველობას ემორჩილება. დღეს თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მილიონები, რომლებიც სიხარულით ემორჩილებიან ასეთ მმართველობას, სარგებლობას იღებენ მისი საგანმანათლებლო პროგრამიდან და ბიბლიაში მოცემული კანონების შესაბამისად ცხოვრებას ცდილობენ (ესაია 54:13). ეს ადამიანები „ახალ მიწას“ იმ გაგებით უყრიან საფუძველს, რომ ყველა ერის, ენისა და რასისაგან შემდგარ ერთიან საზოგადოებას ქმნიან, ემორჩილებიან მეფე იესო ქრისტეს და ერთმანეთთან თანამშრომლობენ. საგულისხმოა, რომ თქვენც შეგიძლიათ ამ საზოგადოების ნაწილი იყოთ! (მარკოზი 4:1—4).

      17, 18. რატომ გვაძლევს მე-2 პეტრეს 3:13-ში ჩაწერილი სიტყვები იმის საფუძველს, რომ მომავალს იმედიანად მოველოდეთ?

      17 მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ უკვე ყველაფერი ამოვწურეთ და მომავლის შესახებ დაწვრილებითი ცნობები აღარ მოგვეპოვება. ფაქტობრივად, მე-2 პეტრეს მე-3 თავის კონტექსტის გამოკვლევისას დაინახავთ მითითებებს იმის შესახებ, რომ მომავალში საოცარი ცვლილებები მოხდება. მე-5 და მე-6 მუხლებში პეტრე ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შესახებ წერს, რომელმაც მაშინდელი ბოროტი ქვეყნიერება გაანადგურა. შემდეგ მე-7 მუხლში აღნიშნავს, რომ „ახლანდელი ცა და მიწა“ — დღევანდელი მმართველობები და დღეს მცხოვრები ხალხთა მასები — „უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ ინახება. ეს სიტყვები იმის მტკიცებაა, რომ გამოთქმაში „ცა და მიწა“ ჩვენი ფიზიკური სამყარო კი არ იგულისხმება, არამედ ადამიანები და ხელისუფლებები.

      18 მომდევნო მუხლებში პეტრე ხსნის, რომ იეჰოვას დღე, რომელიც ახლოვდება, განწმენდს ყველაფერს და გზას მოუმზადებს მე-13 მუხლში მოხსენიებულ „ახალ ცასა და ახალ მიწას“. დაუკვირდით, რა სიტყვებით მთავრდება ეს მუხლი — „სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“. ნუთუ აქედან არ ჩანს, რომ მომავალში დიდი ცვლილებები მოხდება და ყოველივე უკეთესობისკენ შეიცვლება? ნუთუ არ გვინერგავს ეს სიტყვები იმედს, რომ ღმერთი შექმნის ყოველივე ახალს და დადგება დრო, როდესაც ადამიანები დღევანდელზე მეტად დატკბებიან სიცოცხლით? თუ ამას ხედავთ, ესე იგი გესმით ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ბევრისთვის გაუგებარია.

      19. რომელ კონტექსტში მიუთითებს წიგნი „გამოცხადება“ „ახალ ცასა და ახალ მიწაზე“, რომელიც ჯერ კიდევ უნდა მოვიდეს?

      19 მაგრამ მოდი ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. ჩვენ გავარჩიეთ ბიბლიური მუხლები ესაიას 65-ე თავიდან და მე-2 პეტრეს მე-3 თავიდან, სადაც გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება. ახლა კი ვნახოთ გამოცხადების 21-ე თავი, სადაც კიდევ ერთხელ ვხვდებით გამოთქმას „ახალი ცა და ახალი მიწა“. აქაც მის გაგებაში კონტექსტის განხილვა დაგვეხმარება. ორი თავით ადრე, გამოცხადების მე-19 თავში, სიმბოლური ენით ცოცხლად არის აღწერილი ომი, მაგრამ ის მტრულად განწყობილ ორ სახელმწიფოს შორის არ მიმდინარეობს. ერთ მხარეს „ღვთის სიტყვა“ იბრძვის. ალბათ, მიხვდით კიდეც, რომ ეს ტიტული იესო ქრისტეზე მიუთითებს (იოანე 1:1, 14). ის ზეცაშია და ამ ხილვაში ზეციურ ლაშქართან ერთად არის აღწერილი. ვის წინააღმდეგ იბრძვიან ისინი? ამ თავში მოხსენიებული არიან „მეფეები“, „ათასისთავები“ და სხვადასხვა საზოგადოებრივი კლასის წარმომადგენლები — „მცირე და დიდი“. ბრძოლა დაკავშირებულია იეჰოვას დღესთან, ბოროტების მოახლოებულ განადგურებასთან (2 თესალონიკელთა 1:6—10). შემდეგ, გამოცხადების მე-20 თავის დასაწყისში, აღწერილია, როგორ განადგურდება „ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა“. ეს კი გამოცხადების 21-ე თავის განხილვის საფუძველს გვიქმნის.

      20. გამოცხადების 21:1-ის თანახმად, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის წინ?

      20 მოციქული იოანე ამ თავს ამაღელვებელი სიტყვებით იწყებს: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო“. იმის საფუძველზე, რაც ესაიას 65-ე თავსა და მე-2 პეტრეს მე-3 თავთან დაკავშირებით დავადგინეთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს პირდაპირი გაგებით ცის, ჩვენი პლანეტა დედამიწისა და მასზე არსებული ოკეანეების გამოცვლას არ ნიშნავს. როგორც წინა თავებიდან გავიგეთ, განადგურდებიან ბოროტი ადამიანები და მათი მმართველები, მათ შორის — უხილავი მმართველი სატანაც. დიახ, აქ მოცემულია აღთქმა ახალი სისტემის შესახებ, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს ეხება.

      21, 22. რა კურთხევების მიღებაში გვარწმუნებს იოანე და რას ნიშნავს მოწმენდს ცრემლს ადამიანთა თვალებიდან?

      21 როდესაც ამ საოცარი წინასწარმეტყველების კითხვას განვაგრძობთ, ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება. მე-3 მუხლის ბოლოში საუბარია დროზე, როდესაც ღმერთი ადამიანებთან იქნება და უხვად აკურთხებს თავისი ნების შემსრულებლებს (ეზეკიელი 43:7). იოანე მე-4 და მე-5 მუხლებში განაგრძობს: «მოსწმედს [იეჰოვა] ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ. თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“». რა აღმაფრთოვანებელი წინასწარმეტყველებაა!

      22 მოდი აქ შევჩერდეთ და ბოლომდე აღვიქვათ, რას წინასწარმეტყველებს ბიბლია. „მოსწმედს [ღმერთი] ყველა ცრემლს მათი თვალებიდან“. შეუძლებელია ეს ცრემლის ფიზიოლოგიურ გამოყოფას ეხებოდეს, რაც ჩვენს ფაქიზ თვალს ასველებს და ასუფთავებს, ასევე შეუძლებელია ეს სიხარულის ცრემლებს ეხებოდეს. აქ იმ ცრემლებზეა საუბარი, რომლებსაც ტანჯვა, მწუხარება, იმედგაცრუება, ტკივილი და ემოციური სტრესი იწვევს. საიდან შეგვიძლია ამაში დარწმუნებული ვიყოთ? ღვთის მიერ ცრემლის მოწმენდის შესახებ შესანიშნავი დანაპირები ‘სიკვდილის, გლოვის, გოდებისა და ტკივილის მოსპობასთან’ არის დაკავშირებული (იოანე 11:35).

      23. რის მოსპობაში გვარწმუნებს იოანეს წინასწარმეტყველება?

      23 განა ეს იმის დამამტკიცებელი არ არის, რომ კიბოს, დამბლას, ინფარქტსა და თვით სიკვდილსაც კი ბოლო მოეღება? რომელ ჩვენგანს არ დაუკარგავს ახლობელი ავადმყოფობის გამო, კატასტროფაში მოყოლის ან სტიქიური უბედურების დროს? ღმერთი გვპირდება, რომ სიკვდილი აღარ იქნება; აქედან გამომდინარე, ბავშვები იმ დროს იმისთვის აღარ დაიბადებიან, რომ გაიზარდონ, დაბერდნენ და შემდეგ მოკვდნენ. აღარ იარსებებს ალცგეიმერის დაავადება, ოსტეოპოროზი, ფიბრომა, გლაუკომა და კატარაქტაც კი, რაც ასე ხშირია ხანდაზმულებში.

      24. როგორი კურთხევების მომტანი იქნება „ახალი ცა და ახალი მიწა“ და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      24 თქვენ, უეჭველია, დაეთანხმებოდით იმ აზრს, რომ სიკვდილის, სიბერისა და ზემოხსენებული დაავადებების მოსპობა გლოვასა და გოდებას შეამცირებდა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სიღატაკის, ბავშვებზე ძალადობის ან წარმოშობისა და კანის ფერის გამო სასტიკი დისკრიმინაციის შესახებ? როგორ ფიქრობთ, თუ ყოველივე ისევე გაგრძელდებოდა, როგორც დღეს არის, განა გავთავისუფლდებოდით ტირილისა და გოდებისგან? ამგვარად, ცხოვრება „ახალი ცისა და ახალი მიწის“ დროს დღეს არსებული ტკივილის გამომწვევი მიზეზებისგან თავისუფალი იქნება. რა დიდებული ცვლილებაა!

  • ახალი ქვეყნიერება — იქნებით თქვენ იქ?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აპრილი
    • 2. რა არის ზოგი რამ, რასაც მოელით?

      2 წინა სტატიაში განვიხილეთ ოთხი ადგილიდან სამი, სადაც ბიბლია „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ წინასწარმეტყველებს (ესაია 65:17). იმ სანდო წინასწარმეტყველებებიდან ერთ-ერთი გამოცხადების 21:1-შია მოცემული. მომდევნო მუხლები მოგვითხრობს იმ დროის შესახებ, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე არსებულ პირობებს ძირფესვიანად შეცვლის უკეთესობისკენ. ყველას მოწმენდს მწუხარების ცრემლებს. ადამიანები აღარ მოკვდებიან სიბერის, ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევის გამო. გლოვა, გოდება და ტკივილი მოისპობა. რარიგ ბრწყინვალე პერსპექტივაა! მაგრამ შეგვიძლია თუ არა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის აუცილებლად განხორციელდება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პერსპექტივამ ჩვენზე ახლა?

      არსებობს მიზეზები, გვჯეროდეს

      3. რატომ შეგვიძლია ვენდოთ მომავლის შესახებ ბიბლიის წინასწარმეტყველებას?

      3 შენიშნეთ, როგორ გრძელდება გამოცხადების 21:5. მასში ზეციერ ტახტზე მჯდომი ღვთის სიტყვებია ჩაწერილი: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. ეს ღვთიური დანაპირები ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, დღეს არსებულ ნებისმიერ „უფლებათა ბილზე“ და მომავლისკენ ნებისმიერ ამბიციურ მისწრაფებაზე უკეთესია. ამ მუხლში მოცემული სიტყვები აბსოლუტურად სანდოა, რადგან ისინი მომდინარეობს ყოვლისშემძლე ღვთისგან, რომელსაც ბიბლია „უტყუარს“ უწოდებს (ტიტე 1:2). გასაგებია, თუ ფიქრობთ, რომ შეგვეძლო საუბარი აქ შეგვეწყვიტა, ამ საუცხოო პერსპექტივაზე ფიქრით დავმტკბარიყავით და ღმერთს მივნდობოდით. მაგრამ საუბრის შეწყვეტა საჭირო არ არის. არსებობს ბევრი რამ, რაც მომავლის შესახებ უნდა გავიგოთ.

      4, 5. უკვე განხილული წინასწარმეტყველებებიდან რომლები განამტკიცებენ ჩვენს რწმენას მომავალთან დაკავშირებით?

      4 დაფიქრდით იმაზე, რაც წინა სტატიიდან ახალ ცასა და ახალ მიწასთან დაკავშირებით ბიბლიის აღთქმიდან გაიგეთ. ამგვარი ახალი სისტემის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველება იუდაელების სამშობლოში დაბრუნებითა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენით შესრულდა (ეზრა 1:1—3; 2:1, 2; 3:12, 13). მაგრამ მხოლოდ ამას გულისხმობდა ესაიას წინასწარმეტყველება? რა თქმა უნდა, არა! შორეულ მომავალში წინასწარმეტყველება უფრო დიდებული სახით უნდა შესრულებულიყო. საიდან ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? მე-2 პეტრეს 3:13-სა და გამოცხადების 21:1—5-ში ჩაწერილი სიტყვებიდან. მათში საუბარია „ახალ ცასა და ახალ მიწაზე“, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით კურთხევებს მოუტანს ქრისტიანებს.

      5 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიბლიაში გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ ოთხჯერ არის მოხსენიებული. აქედან ჩვენ სამი ადგილი განვიხილეთ და გამამხნევებელი დასკვნები გამოვიტანეთ. ბიბლია ნათლად წინასწარმეტყველებს, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ბოროტებასა და ტანჯვის სხვა მიზეზებს; შემდეგ კი აღთქმულ ახალ სისტემაში კაცობრიობას უფრო მეტადაც აკურთხებს.

      6. რას ამბობს მეოთხე წინასწარმეტყველება, რომელშიც ‘ახალი ცა და ახალი მიწაა’ მოხსენიებული?

      6 ახლა კი გამოვიკვლიოთ ის დარჩენილი ადგილი, სადაც გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება. ესაიას 66:22—24-ში ვკითხულობთ: „როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის“.

      7. რატომ უნდა დავასკვნათ, რომ ესაიას 66:22—24-ის წინასწარმეტყველება მომავალში შესრულდება?

      7 წარსულში ეს წინასწარმეტყველება სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებზე შესრულდა, მაგრამ ის უფრო ფართო მასშტაბითაც შესრულდება. ეს კი პეტრეს მეორე წერილისა და გამოცხადების წიგნის დაწერიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს წინასწარმეტყველებები მომავალ „ახალ ცასა და ახალ მიწაზე“ მიუთითებს. ამ წინასწარმეტყველებათა საბოლოო და დიდებულ შესრულებას ახალ სისტემაში უნდა მოველოდეთ. განვიხილოთ რამდენიმე მდგომარეობა, რომლებითაც შეიძლება მომავალში გავიხაროთ.

      8, 9. ა) რა გაგებით განაგრძობს ღვთის ხალხი ‘წარდგომას’? ბ) რას ნიშნავს წინასწარმეტყველება, რომ იეჰოვას მსახურები „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე“ თაყვანისცემაში იქნებიან?

      8 გამოცხადების 21:4-ის თანახმად, სიკვდილი აღარ იქნება. ესაიას 66-ე თავშიც მსგავსი აზრია გამოთქმული. როგორც 22-ე მუხლიდან ვიგებთ, იეჰოვამ იცის, რომ ახალმა ცამ და ახალმა მიწამ დროებით, ანუ განსაზღვრული დროით, არ უნდა იარსებოს. გარდა ამისა, მისი ხალხიც იცოცხლებს ანუ გამუდმებით „წარდგება“ უფლის წინაშე. ამის დაჯერების საფუძველს ღვთის მიერ თავისი რჩეული ხალხისთვის უკვე გაკეთებული საქმეები გვაძლევს. ჭეშმარიტი ქრისტიანები სასტიკ დევნას განიცდიან და მათ მოსასპობად ყველაფერს აკეთებენ (იოანე 16:2; საქმეები 8:1). მაგრამ ძალიან ძლიერმა მტრებმაც კი, მაგალითად, რომის იმპერატორმა ნერონმა და ადოლფ ჰიტლერმა, ვერ შეძლეს იეჰოვას სახელის მატარებელი ერთგული ქრისტიანების მოსპობა. იეჰოვა დღემდე იცავს თავისი ხალხის კრებას და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათ კვლავაც არ მოაკლებს მფარველობას.

      9 მსგავსად ამისა, ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ახალი მიწის — ახალი ქვეყნიერების ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საზოგადოების — წევრები იქნებიან, ურყევად იდგებიან, რადგან ყოვლისშემოქმედისადმი წმინდა თაყვანისმცემლობით იქნებიან დაკავებული. ეს თაყვანისცემა არარეგულარული და არაორგანიზებული არ იქნება. მოსეს მეშვეობით ისრაელებისთვის მიცემული რჯული ყოველთვიურად, ახალი მთვარის გამოჩენისას, და ყოველკვირეულად, შაბათ დღეს, თაყვანისცემის გარკვეული წესების შესრულებას მოითხოვდა (ლევიანნი 24:5—9; რიცხვნი 10:10; 28:9, 10; მეორე ნეშტთა 2:4). ასე რომ, ესაიას 66:23 მიუთითებს ჭეშმარიტი ღვთისადმი რეგულარულ თაყვანისცემაზე, რომელიც კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე გაგრძელდება. მაშინ აღარ იარსებებს ათეიზმი და რელიგიური თვალთმაქცობა, არამედ „მოვა ყოველი ხორციელი [იეჰოვას] წინაშე სათაყვანოდ“.

      10. საიდან შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბოროტები ახალ ქვეყნიერებას სამუდამოდ ვერ დაამახინჯებენ?

      10 ესაიას 66:24 გვარწმუნებს, რომ ახალი მიწის მშვიდობასა და სამართლიანობას საფრთხე არასოდეს დაემუქრება. ბოროტი ხალხი მას ვეღარ გახრწნის. გავიხსენოთ, რომ მე-2 პეტრეს 3:7-ის თანახმად, დადგება „უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღე“. განადგურდებიან უღვთონი. ადამიანთა შორის მიმდინარე ომებისგან განსხვავებით — რომლებშიც ხშირად უდანაშაულო ხალხი ზარალდება; ზოგჯერ კი დაჭრილ და დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვი ჯარისკაცთა რიცხვს აღემატება — უდანაშაულოებს არაფერი დაუშავდებათ. უდიდესი მსაჯული გარანტიას გვაძლევს, რომ მისი დღე განადგურებას უღვთოებს მოუტანს.

      11. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, როგორი იქნება მომავალი ღვთისა და მისი თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგეებისთვის?

      11 გადარჩენილი სამართლიანი ადამიანები დაინახავენ, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა ჭეშმარიტია. 24-ე მუხლში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვას განაჩენს აშკარას გახდის მის წინააღმდეგ „შემცოდე ხალხის გვამები“. შეიძლება ესაიას მიერ აქ გამოყენებული მხატვრული ენა საშინელ გრძნობებს იწვევდეს, მაგრამ წინასწარმეტყველმა ეს მუხლი ისტორიულ ფაქტზე ააგო. ძველი იერუსალიმის კედლებს გარეთ ნაგავსაყარი იყო და დროდადრო იქ სიკვდილმისჯილი სასტიკი დამნაშავეების გვამებს ყრიდნენ, რომლებიც არ იყვნენ წესისამებრ დამარხვის ღირსი. მალე მატლები და ჩაუქრობელი ცეცხლი ანადგურებდა ნაგავს და სპობდა გვამებსa. როგორც ჩანს, ესაიამ ეს ფაქტი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა იმ განაჩენის საჩვენებლად, რომელსაც ღმერთი ცოდვილებს გამოუტანს.

      რა აღგვითქვა ღმერთმა

      12. კიდევ რას გვეუბნება ესაია ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებასთან დაკავშირებით?

      12 გამოცხადების 21:4 მიგვითითებს ისეთ რამეებზე, რაც მომავალ ახალ სისტემაში არ იარსებებს. მაგრამ რა იარსებებს მაშინ? როგორი იქნება ცხოვრება? არსებობს რამე სარწმუნო ინფორმაცია? დიახ, არსებობს. ესაიას 65-ე თავში წინასწარმეტყველურად არის აღწერილი ის პირობები, რომლითაც შევძლებთ დავტკბეთ, თუკი იეჰოვას მოსაწონად მოვიქცევით, და ვიცხოვრებთ მაშინ, როდესაც, საბოლოო გაგებით, შექმნის ამ „ახალ ცასა და ახალ მიწას“. ის, ვინც ახალ მიწაზე მარადიულ ადგილს დაიმკვიდრებს, არც დაბერდება და არც მოკვდება. ესაიას 65:20 გვარწმუნებს: „არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება“.

      13. როგორ გვარწმუნებს ესაიას 65:20, რომ ღვთის ხალხი უსაფრთხოდ იქნება?

      13 როდესაც ეს წინასწარმეტყველება პირველად ესაიას ხალხზე შესრულდა, ეს ნიშნავდა, რომ მათი ბავშვები უსაფრთხოდ იქნებოდნენ. მტერი თავს აღარ ესხმოდა ქვეყანას, როგორც ერთ დროს ბაბილონელები მოიქცნენ; აღარც თოთო ბავშვებს ხოცავდნენ და აღარც ჭაბუკებს ჟლეტდნენ (მეორე ნეშტთა 36:17, 20). მომავალ ახალ ქვეყნიერებაში ხალხი უსაფრთხოდ, მშვიდად იცხოვრებს და სიცოცხლით გაიხარებს. თუ ადამიანი ღვთის წინაშე დაუმორჩილებლობას არჩევს, მას სიცოცხლის უფლება წაერთმევა. ღმერთი გაანადგურებს მას. რა შეიძლება ითქვას შემცოდველზე, რომელიც ასი წლის იქნება? ის „ჭაბუკივით მოკვდება“, რადგან ასი წელი უსასრულობასთან შედარებით არაფერია (1 ტიმოთე 1:19, 20; 2 ტიმოთე 2:16—19).

      14, 15. ესაიას 65:21, 22-ის საფუძველზე, რა სასიამოვნო საქმიანობა გელით მომავალში?

      14 ესაია ყურადღებას ცოდვილთა განადგურებაზე კი არ ამახვილებს, არამედ აღგვიწერს პირობებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში იარსებებს. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ესაიას მიერ აღწერილ პირობებში. პირველ რიგში, თვალწინ, ალბათ, ის წარმოგიდგებათ, რაც ყველაფერზე მეტად გაღელვებთ. ესაია 21-ე და 22-ე მუხლებში გვეუბნება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“.

      15 თუ მშენებლობაში არავითარი გამოცდილება არ გაქვთ ან მებაღეობით არასოდეს ყოფილხართ დაკავებული, ეს წინასწარმეტყველება მიგანიშნებთ, რომ მომავალში ბევრ რამეს ისწავლით. განა არ ისურვებდით, უნარიან და გამოცდილ მასწავლებლებს, შესაძლებელია, მეზობლებსაც კი, თქვენთვის დახმარების ხელი გამოეწოდებინათ? ესაია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თქვენს სახლს დიდი, დარაბებიანი ფანჯრები ექნება და ტროპიკული ნიავით გაგრილდებით თუ დახურული მინის ფანჯრებიდან წელიწადის დროების ცქერით დატკბებით. თქვენს სახლს დამრეც სახურავს გაუკეთებთ, წვიმა და თოვლი რომ ქვემოთ ჩამოვიდეს? თუ ადგილობრივი კლიმატის შესაბამისად ბრტყელ სახურავს გააკეთებთ, როგორც, ჩვეულებრივ, ახლო აღმოსავლეთში აკეთებენ, და მთელი ოჯახით შეიკრიბებით ხოლმე იქ სასადილოდ და სასაუბროდ? (მეორე რჯული 22:8; ნეემია 8:16).

      16. რატომ მოელით, რომ ახალი ქვეყნიერება მუდამ კმაყოფილებას მოგიტანთ?

      16 ზემოხსენებული წვრილმანების ცოდნაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ თქვენ საკუთარი სახლი გექნებათ. დღევანდელობისგან განსხვავებით, როცა ერთნი მონური შრომით აშენებენ სახლებს, ხოლო შიგ მეორენი ცხოვრობენ, თქვენ მიერ აშენებული სახლი თქვენივე საკუთრება იქნება. ესაიას 65:21-ში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ‘ჩაყრით ვაზებს, და მათ ნაყოფს შეჭამთ’. ცხადია, ეს სიტყვები აჯამებს იმ პირობებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში იქნება გამეფებული: თქვენ უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით საკუთარი შრომის ნაყოფი. ამ სიამოვნებას კი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მიიღებთ — თქვენი ასაკი „ხის ასაკივით“ იქნება. ეს ყველაფერი ნამდვილად შეესაბამება აღწერილობას იმის შესახებ, რომ ღმერთი „ყოველივე ახალს“ შექმნის! (ფსალმუნი 91:13—15).

      17. რომელი აღთქმაა განსაკუთრებულად გამამხნევებელი მშობლებისთვის?

      17 თუ მშობელი ხართ, თქვენზე, ალბათ, დიდად იმოქმედებს შემდეგი სიტყვები: «ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად [„წუხილისთვის“, აქ] აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან. ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე» (ესაია 65:23, 24). გამოგიცდიათ თუ არა ტკივილი, რომელიც ბავშვების ‘წუხილისთვის გაჩენას’ მოაქვს? ახლა არ დავიწყებთ ბავშვებთან დაკავშირებული იმ უამრავი პრობლემის ჩამოთვლას, რომლებიც არა მხოლოდ მშობლებს აწუხებთ, არამედ ყველას მთელ დედამიწაზე. ჩვენ ისეთი მშობლებიც გვინახავს, რომლებიც იმდენად არიან დაკავებული თავიანთი კარიერით, საქმეებითა და გართობით, რომ მცირე დრო თუ რჩებათ ბავშვების ინტერესების დასაკმაყოფილებლად. იეჰოვა კი აბსოლუტურად განსხვავდება ასეთი მშობლებისგან. ის გვარწმუნებს, რომ მოისმენს ჩვენს ხმას და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს. ღმერთს წინასწარაც კი ეცოდინება ჩვენი საჭიროებები.

      18. რატომ მოელით, რომ ახალ ქვეყნიერებაში ცხოველებით დატკბებით?

      18 როდესაც ფიქრობთ იმაზე, თუ რა იქნება განსაკუთრებით სასიხარულო ახალ ქვეყნიერებაში, წარმოიდგინეთ ყველაფერი, რაც ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაშია აღწერილი: „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი“ (ესაია 65:25). მხატვრებს არაერთხელ უცდიათ ამგვარი სურათის დახატვა. მაგრამ რაც ჩვენ წავიკითხეთ, მხოლოდ შთაბეჭდილების მოსახდენად დაწერილი მაღალმხატვრული სიტყვები როდია. ყოველივე ეს რეალობად იქცევა. ადამიანებსა და ცხოველებს შორის მართლაც მშვიდობა იქნება. დღეს მრავალი ბიოლოგი და ცხოველების მოყვარული არასპეციალისტი ცხოვრების საუკეთესო წლებს მხოლოდ ცხოველების რამდენიმე სახეობის ან კიდევ ფრინველთა რომელიმე ერთი ჯიშის შესწავლაში ატარებს. დაფიქრდით, ამისგან რამდენად განსხვავებული იქნება თქვენი ცხოვრება — შეძლებთ შეისწავლოთ ცხოველები, რომლებსაც ადამიანის შიში აღარ ექნებათ. მაშინ ფრინველებთან და იმ პაწაწინა ქმნილებებთან მიახლოებასაც კი შეძლებთ, რომლებიც ტყეებში ან ჯუნგლებში ბინადრობენ — დიახ, დააკვირდებით მათ, ბევრ რამეს ისწავლით მათგან და დატკბებით მათი სილამაზით (იობი 12:7—9). ყოველივე ამას კი მშვიდად გააკეთებთ, რადგან საფრთხე არ დაგემუქრებათ არც ადამიანთა და არც ცხოველთა მხრიდან. იეჰოვა ამბობს: „არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე“. როგორი ცვლილებებია იმასთან შედარებით, რასაც დღეს ვხედავთ და განვიცდით!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება