-
იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადეგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ელვა, ხმები და ქუხილი
12. რას ხედავს იოანე, რა ესმის და რას გვახსენებს „ელვა, ხმები და ქუხილი“?
12 რას ხედავს და რა ესმის იოანეს? „ტახტიდან ელვა, ხმები და ქუხილი გამოდიოდა“ (გამოცხადება 4:5ა). ეს სიტყვები გვახსენებს იმ შემთხვევებს, როდესაც იეჰოვა ზეციურ ძლიერებას ავლენდა. მაგალითად, აი რას ამბობს მოსე, როცა იეჰოვა სინას მთაზე „ჩამოვიდა“: „მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა, ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი, გაისმა საყვირის ძლიერი ხმა. . . საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა; ლაპარაკობდა მოსე და ჭეშმარიტი ღმერთი ეხმიანებოდა“ (გამოსვლა 19:16—19).
13. რას განასახიერებს იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა?
13 უფლის დღის განმავლობაში იეჰოვა თავის ძლიერებას განსაკუთრებულად ავლენს. თუმცა ეს პირდაპირი გაგებით ელვას არ ნიშნავს, რადგან იოანე ნიშნებს ხედავს. მაშ, რას ნიშნავს ეს ელვა? ელვას ნათებაც შეუძლია და მოკვლაც. ამგვარად, იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა განასახიერებს სინათლეს, რომელსაც ის განუწყვეტლივ აძლევს თავის ხალხს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის იეჰოვას ცეცხლოვანი განაჩენის აღსრულებას მოასწავებს (შეადარეთ ფსალმუნების 18:14; 144:5, 6; მათეს 4:14—17; 24:27).
14. როგორ ისმის დღეს ხმები?
14 რას განასახიერებს ხმები? როცა იეჰოვა სინას მთაზე „ჩამოვიდა“, ხმა ესაუბრებოდა მოსეს (გამოსვლა 19:19). „გამოცხადებაში“ არაერთხელაა მოხსენიებული ხმები, რომლებიც ზეციდან იძლეოდა მითითებებს ან რაიმე ცნობას იუწყებოდა (გამოცხადება 4:1; 10:4, 8; 11:12; 12:10; 14:13; 16:1, 17; 18:4; 19:5; 21:3). იეჰოვა დღესაც აძლევს მითითებებს თავის ხალხს, აუწყებს სხვადასხვა ცნობას და ამგვარად ნათელს ჰფენს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და პრინციპებს. სულიერ სინათლეს ეს ხალხი ხშირად საერთაშორისო კონგრესებზე იღებს, მერე კი ეს ბიბლიური ჭეშმარიტება მთელ მსოფლიოს ეუწყება. მოციქულმა პავლემ სასიხარულო ცნობის ერთგულ მქადაგებლებზე თქვა: „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“ (რომაელები 10:18).
15. რა ქუხილის ხმა ისმის ღვთის ტახტიდან უფლის დღეს?
15 როგორც წესი, ელვას ქუხილი მოსდევს. დავითმა „იეჰოვას ხმა“ ქუხილს შეადარა (ფსალმუნი 29:3, 4). როდესაც დავითის მტრებს ებრძოდა, „ციდან დაიქუხა იეჰოვამ“ (2 სამუელი 22:14; ფსალმუნი 18:13). ელიჰუმაც უთხრა იობს, რომ იეჰოვას ხმა ქუხილივით ისმის, როცა ის „დიდებულ და ჩვენთვის ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს“ (იობი 37:4, 5). იეჰოვამ უფლის დღის დროსაც „დაიქუხა“, რაც იმას მოასწავებდა, რომ ის წარმატებით გაილაშქრებდა თავისი მტრების წინააღმდეგ. ამ სიმბოლური ჭექა-ქუხილის ექო კვლავაც გაისმის მთელ დედამიწაზე. ბედნიერია ის, ვინც ყურს უგდებს ამ მჭექარე ხმას, და გონივრულად იყენებს ენას, რათა უფრო მეტად ისმოდეს ქუხილის ხმა! (ესაია 50:4, 5; 61:1, 2).
ცეცხლის ლამპრები და მინის ზღვა
16. რას ნიშნავს „ცეცხლის შვიდი ლამპარი“?
16 კიდევ რას ხედავს იოანე? „ტახტის წინ ცეცხლის შვიდი ლამპარი ენთო, რაც ღვთის შვიდ სულს ნიშნავს; ტახტის წინ თითქოს ბროლის მსგავსი მინის ზღვა იყო“ (გამოცხადება 4:5ბ, 6ა). იოანე თვითონვე გვიხსნის, რომ ეს შვიდი ლამპარი „ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“. რიცხვი შვიდი ღვთიური სისრულის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, შვიდი ლამპარი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ წმინდა სული ღვთის ხალხს მთელი სისრულით აძლევს სულიერ სინათლეს. მართლაც მადლიერია იოანეს კლასი, რომ მას მიეცა ეს სინათლე და მთელ დედამიწაზე სულიერად მოშიებული ხალხისთვის ამ სინათლის განაწილების პასუხისმგებლობა მას დაეკისრა! ბედნიერნი ვართ ჩვენც, რომ ყოველწლიურად 150 ენაზე გამომავალი „საგუშაგო კოშკის“ ასობით მილიონი ეგზემპლარი კვლავაც ავრცელებს სულიერ სინათლეს! (ფსალმუნი 43:3).
-
-
იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადეგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[გვერდი 78 დათმობილი აქვს სურათს]
-