საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იხარეთ სინათლეში მავალნო
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
    • იხარეთ სინათლეში მავალნო

      „მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!“ (ესაია 2:5).

      1, 2. ა) რამდენად მნიშვნელოვანია სინათლე? ბ) რატომ არის ასე სერიოზული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დედამიწას წყვდიადი მოიცავს?

      იეჰოვა სინათლის წყაროა. ბიბლიაში მას ეწოდება „უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად“ (იერემია 31:34; ფსალმუნი 8:4). ის არის ჩვენი მზის შემოქმედი, რომელიც, ფაქტობრივად, უშველებელი ბირთვული ღუმელია, საიდანაც სივრცეში უზარმაზარი ენერგია ვრცელდება; ენერგიის ნაწილი სინათლისა და სითბოს სახით გამოიყოფა. ჩვენამდე ამ ენერგიის ძალიან მცირე რაოდენობა აღწევს მზის სინათლის სახით; სწორედ ამის წყალობით არის შესაძლებელი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა. მზის სინათლის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. დედამიწაზე სიცოცხლე ნებისმიერი არსებისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

      2 თუ ამ ფაქტს მხედველობაში მივიღებთ, ჩვენთვის გასაგები იქნება იმ მდგომარეობის სერიოზულობა, რომელიც წინასწარმეტყველმა ესაიამ აღწერა. მან თქვა: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს“ (ესაია 60:2). ცხადია, აქ მოხსენიებულ წყვდიადს პირდაპირი მნიშვნელობით არ მოუცავს ქვეყანა. ესაიას მხედველობაში ის არ ჰქონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მზე, მთვარე და ვარსკვლავები შუქს აღარ გამოსცემდნენ (ფსალმუნი 88:37, 38; 135:7—9). არა, აქ ის სულიერ წყვდიადზე ლაპარაკობდა. სულიერი წყვდიადი კი მომაკვდინებელია. საბოლოო ჯამში, სულიერი სინათლის გარეშე ისევე ვერ ვიარსებებთ, როგორც — ფიზიკურის (ლუკა 1:79).

      3. რა უნდა ვაკეთოთ ქრისტიანებმა, თუ მხედველობაში მივიღებთ ესაიას სიტყვებს?

      3 როდესაც გვესმის ყოველივე ეს, ძალზე სერიოზულად უნდა მივუდგეთ ესაიას სიტყვებს, რადგან, თუმცა ეს წინასწარმეტყველება ძველ იუდაზე შესრულდა, ის დიდი მასშტაბით დღეს სრულდება. დიახ, დღეს წუთისოფელი სულიერ წყვდიადშია გახვეული. ასეთ საშიშ მდგომარეობაში სულიერი სინათლე უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომაც ქრისტიანებმა ყურად უნდა იღონ იესოს მოწოდება: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე“ (მათე 5:16). ერთგული ქრისტიანები წყვდიადს უნათებენ თვინიერ ადამიანებს, რითაც ამ უკანასკნელთ სიცოცხლის მოპოვების საშუალებას აძლევენ (იოანე 8:12).

      წყვდიადით მოცული პერიოდი ისრაელში

      4. როდის შესრულდა პირველად ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები, მაგრამ თვით მის დღეებში უკვე როგორი სიტუაცია იყო ქვეყანაში?

      4 დედამიწაზე დასადგურებული წყვდიადის შესახებ ესაიას სიტყვები პირველად იუდას გაპარტახებისას და იუდაელების ბაბილონში ტყვედ წაყვანისას შესრულდა. მაგრამ იუდაელთა უმეტესობა მანამდეც, ესაიას დღეებში, სულიერ წყვდიადში იყო, რამაც წინასწარმეტყველი აღძრა, თანამემამულეთათვის მოეწოდებინა: „ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ“ (ესაია 2:5; 5:20).

      5, 6. ესაიას დღეებში რა ფაქტორები უწყობდა ხელს წყვდიადის არსებობას?

      5 ესაია იუდაში „იუდას მეფეების — ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს“ წინასწარმეტყველებდა (ესაია 1:1). ეს იყო დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის, რელიგიური თვალთმაქცობის, მსაჯულთა მექრთამეობისა და უბრალო ხალხის ჩაგვრის მშფოთვარე დღეები. ღვთის თვით ისეთ ერთგულ მეფეთა დროსაც კი, როგორიც იყო მაგალითად იოთამი, არ უქმდებოდა გორაკებზე ცრუ ღმერთების სამსხვერპლოები. ორგულ მეფეთა დროს მდგომარეობა უარესი იყო. ბოროტმა მეფე ახაზმა იმდენად ღრმად შეტოპა, რომ საკუთარი შვილიც კი შესწირა მსხვერპლად ღვთაება მოლოქს. ქვეყანა ნამდვილად წყვდიადით იყო მოცული! (მეოთხე მეფეთა 15:32—34; 16:2—4).

      6 საერთაშორისო მდგომარეობაც წყვდიადით მოცული იყო. მოაბელები, ედომელები და ფილისტიმელები ავისმომასწავებლად იდგნენ იუდას საზღვრებთან. ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო, თუმცა მის სისხლს და ხორცს წარმოადგენდა, დაუძინებელ მტერთა შორის იყო. უფრო შორეული ქვეყანაც, ჩრდილოეთით მდებარე არამიც, ემუქრებოდა იუდას უსაფრთხოებას. ყველაზე საშიში კი სასტიკი დამპყრობელი, აშური, იყო, რომელიც ყოველთვის ეძებდა სხვა ქვეყნებზე გაბატონების საშუალებებს. ესაიას წინასწარმეტყველების პერიოდში აშურმა ისრაელი დაიპყრო და თითქმის მთლიანად ააოხრა იუდა. ერთხანს იერუსალიმის გარდა იუდას ყველა ციხე-ქალაქი მის ძალაუფლებაში იყო (ესაია 1:7, 8; 36:1).

      7. რა გზით სიარული არჩიეს ისრაელმა და იუდამ და როგორი იყო ამაზე იეჰოვას რეაქცია?

      7 ღმერთთან კავშირში მყოფი ხალხი ასე ძლიერ იმიტომ იტანჯებოდა, რომ ისრაელი და იუდა არ იყვნენ იეჰოვას ერთგულები. იგავნის წიგნში მოხსენიებულთა მსგავსად, ‘ისინი ტოვებდნენ სწორ გზას, რათა ბნელი გზით ევლოთ’ (იგავნი 2:13). მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა გაბრაზებული იყო თავის ხალხზე, სულ არ მიუტოვებია ისინი. მათ უგზავნიდა ესაიასა და სხვა წინასწარმეტყველებს, რომლებიც იეჰოვასთვის ერთგულად მსახურების მსურველ ადამიანებს სულიერი სინათლით უზრუნველყოფდნენ. მართლაც, რა ძვირფასი იყო ეს სინათლე. ამ სინათლეს მათთვის სიცოცხლის მიცემა შეეძლო.

      წყვდიადით მოცული პერიოდი დღეს

      8, 9. დღეს რა ფაქტორები უწყობს ხელს წუთისოფლის წყვდიადით მოცვას?

      8 ესაიას დღეებში შექმნილი მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ჩვენს დროში შექმნილ მდგომარეობას. ჩვენს დროში ადამიანთა წინამძღოლებმა ზურგი აქციეს იეჰოვას და მის მიერ გამეფებულ იესო ქრისტეს (ფსალმუნი 2:2, 3). ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები თავგზას უბნევენ თავიანთ სამწყსოს. ისინი აცხადებენ, რომ ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ სინამდვილეში მათი უმეტესობა პირველ ადგილზე აყენებს წუთისოფლის ღვთაებებს — ნაციონალიზმს, მილიტარიზმს, სიმდიდრესა და გამოჩენილ ადამიანებს — რომ არაფერი ვთქვათ წარმართულ სწავლებებზე.

      9 მსოფლიოს ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში ქრისტიანული სამყაროს რელიგიები ერევიან ომებსა და სამოქალაქო კონფლიქტებში, რომლებისთვისაც ეთნიკური წმენდა და სხვა საშინელებანია დამახასიათებელი. უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ ბიბლიურ მორალს იცავდნენ, მრავალი ეკლესია თვალს ხუჭავს ან აქტიურად უწყობს ხელს ისეთ უზნეო მოქმედებებს, როგორებიცაა მრუშობა და ჰომოსექსუალიზმი. ბიბლიური ნორმების ამგვარად უგულებელყოფის შედეგად ქრისტიანული სამყაროს სამწყსო იმ ადამიანთა მდგომარეობაშია, რომლებზეც ფსალმუნმომღერალი ლაპარაკობდა: „არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან“ (ფსალმუნი 81:5). დიახ, ქრისტიანული სამყარო, ძველ იუდასავით, სულიერი წყვდიადით არის გარემოცული (გამოცხადება 8:12).

      10. როგორ ანათებს სინათლე დღევანდელ წყვდიადში და რა სარგებლობა მოაქვს ამას თვინიერთათვის?

      10 ამ წყვდიადს იეჰოვა ანათებს თვინიერთა გადასარჩენად. ამისათვის კი ის „ერთგულ და გონიერ მონას“ იყენებს, რომელიც ‘ანათებს, როგორც მნათობი’ (მათე 24:45; ფილიპელთა 2:15). ეს მონის კლასი, რომელსაც „სხვა ცხვრების“ წარმომადგენელი მილიონობით თანამსახური უჭერს მხარს, ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მომდინარე სულიერ სინათლეს ირეკლავს (იოანე 10:16). უკუნით მოცულ წუთისოფელში ეს სინათლე იმედს აძლევს თავმდაბალ ადამიანებს, ეხმარება ღმერთთან ურთიერთობის დამყარებაში და იცავს მათ სულიერი მახეებისგან. ის ძვირფასი, სიცოცხლის მომცემია.

      „შენ გადიდებ“

      11. რა გააცხადა იეჰოვამ ესაიას დღეებში?

      11 რა ხელმძღვანელობა გაუწია იეჰოვამ თავის ხალხს წყვიდიადით მოცულ ესაიას დღეებში და ბაბილონის ტყვეობაში წაყვანის შემდეგ კიდევ უფრო მეტი წყვდიადით მოცულ დღეებში? ზნეობრივი ხელმძღვანელობის გაწევის გარდა, მან წინასწარ გააცხადა, თუ როგორ შეასრულებდა თავისი ხალხის მიმართ თავის განზრახვას. განვიხილოთ, მაგალითად, შესანიშნავი წინასწარმეტყველებები, რომლებიც ესაიას 25—27 თავებშია ჩაწერილი. ეს წინასწარმეტყველებები დაგვანახვებს, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვა მაშინ და როგორ მოქმედებს დღეს.

      12. რა სიტყვები წარმოთქვა ესაიამ გულწრფელად?

      12 დასაწყისში ესაია აცხადებს: „უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ“. რა გულწრფელად განადიდებს ის იეჰოვას! რამ აღძრა წინასწარმეტყველი ასეთი ლოცვის წარმოსათქმელად? ძირითადი მიზეზი მუხლის შემდეგ ნაწილშია მოცემული, სადაც ვკითხულობთ: «რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი — ძველი განგებანი [„აღასრულე ძველი დროის ჩანაფიქრნი“, აქ], მტკიცე და სარწმუნო» (ესაია 25:1).

      13. ა) რის ცოდნა აძლიერებდა ესაიას მადლიერების გრძნობას იეჰოვასადმი? ბ) როგორ შეგვიძლია ესაიას მაგალითი გაკვეთილად გამოვიყენოთ?

      13 ესაიას დღეებამდე იეჰოვას ისრაელისთვის ბევრი შესანიშნავი რამ ჰქონდა გაკეთებული და ყოველივე ეს წერილობით იყო შემონახული. წინასწარმეტყველი, ცხადია, გაცნობილი იყო ამ ჩანაწერებთან. მაგალითად, მან იცოდა, რომ იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან იხსნა და მეწამულ ზღვასთან ფარაონის ჯარის რისხვას გადაარჩინა; იცოდა, რომ იეჰოვამ თავისი ხალხი უდაბნოს გავლით აღთქმულ ქვეყანაში მიიყვანა (ფსალმუნი 135:1, 10—26). ასეთი ისტორიული ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ იეჰოვა ღმერთი მტკიცე და სანდო იყო. მან თავისი „ჩანაფიქრნი“ — თავისი ყოველი განზრახვა — განახორციელა. ღვთის მიერ მიწოდებული ასეთი ზუსტი შემეცნება სიმტკიცეს მატებდა ესაიას, რათა ღვთის სინათლეში განეგრძო სიარული. ამგვარად, მან შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. თუ გულდასმით ვიკვლევთ და ცხოვრებაში ვიყენებთ ღვთის წერილობით სიტყვას, ჩვენც შევძლებთ ამ სინათლეში დარჩენას (ფსალმუნი 118:105; 2 კორინთელთა 4:6).

      ქალაქი დაინგრა

      14. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ქალაქის შესახებ და, როგორც ჩანს, რომელი ქალაქი იყო ეს?

      14 ღვთის ერთ-ერთი ჩანაფიქრის შესახებ ესაიას 25:2-ში ვკითხულობთ: „ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი — ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება“. რა ქალაქია ეს? როგორც ჩანს, ესაია ბაბილონის შესახებ წინასწარმეტყველებდა. მართლაც დადგა ის დღე, როდესაც ბაბილონი მხოლოდ ქვის ყორედ იქცა.

      15. რომელი „დიდი ქალაქი“ არსებობს დღეს და რა დაემართება მას?

      15 აქვს თუ არა ესაიას მიერ მოხსენიებულ ქალაქს თანამედროვე ანალოგი? დიახ. წიგნი „გამოცხადება“ ლაპარაკობს „დიდი ქალაქის“ შესახებ, „რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე“ (გამოცხადება 17:18). ეს დიდი ქალაქი არის „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია (გამოცხადება 17:5). დღეს დიდი ბაბილონის უმთავრეს ნაწილს ქრისტიანული სამყარო წარმოადგენს, რომლის სამღვდელოებაც ღვთის სამეფოს შესახებ იეჰოვას ხალხის სამქადაგებლო საქმიანობის ძირითადი მოწინააღმდეგეა (მათე 24:14). მაგრამ ძველი ბაბილონის მსგავსად, დიდი ბაბილონიც სულ მალე განადგურდება და აღარასოდეს აღორძინდება.

      16, 17. როგორ განადიდებდნენ იეჰოვას თავისი მტრები როგორც წარსულში, ისე ჩვენს დღეებშიც?

      16 კიდევ რას წინასწარმეტყველებს ესაია ამ დიდი ქალაქის შესახებ? ესაია იეჰოვას მიმართავს და ამბობს: „მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს შიში ექნებათ შენი“ (ესაია 25:3). როგორ მოხდება, რომ ეს მტრულად განწყობილი „მტარვალთა ქალაქი“ მოწიწებით ახსენებს იეჰოვას? გაიხსენეთ, რა მოუვიდა ბაბილონის ძლიერ მეფეს, ნაბუქოდონოსორს. გამომაფხიზლებელი შემთხვევის შემდეგ, რომელმაც მეფის უმწეობა ნათელყო, ნაბუქოდონოსორი იძულებული გახდა, ეღიარებინა იეჰოვას დიდებულება და მისი ყოვლისშემძლეობა (დანიელი 4:31, 32). როდესაც იეჰოვა ძალას ავლენს, მისი მტრებიც კი იძულებული არიან, არცთუ ისე დიდი სიხარულით, მაგრამ მაინც აღიარონ მისი ძლევამოსილი საქმეები.

      17 დიდი ბაბილონი იძულებული იყო თუ არა ოდესმე ეღიარებინა იეჰოვას ძლევამოსილი საქმეები? დიახ, იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს, იეჰოვას ცხებული მსახურები დიდ გასაჭირში იყვნენ, მაგრამ მაინც ქადაგებდნენ. 1918 წელს ისინი სულიერ ტყვეობაში აღმოჩნდნენ, როცა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელი პირები დაპატიმრებულ იქნენ. ორგანიზებულად ქადაგება, ფაქტობრივად, შეწყდა. 1919 წელს იეჰოვამ აღადგინა ისინი და თავისი სულით კვლავ ძალები შემატა, რის შემდეგაც მთელ დასახლებულ დედამიწაზე ყველასთვის კეთილი ცნობის ქადაგების დავალების შესრულებას შეუდგნენ (მარკოზი 13:10). ყოველივე ამის და აგრეთვე იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს ღვთის ხალხის მტრებზე, ნაწინასწარმეტყველები იყო წიგნ „გამოცხადებაში“. ისინი „შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ (გამოცხადება 11:3, 7, 11—13). ამ მტრებიდან ყველა კი არ მოქცეულა, არამედ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ისინი იძულებული გახდნენ, ამ შემთხვევაში ეღიარებინათ იეჰოვას ძლევამოსილი საქმეები.

      „საპყართა სიმტკიცე“

      18, 19. ა) რატომ ვერ მოახერხეს მოწინააღმდეგეებმა იეჰოვას ხალხის უმწიკვლობის შელახვა? ბ) როგორ ‘დაითრგუნება მტარვალთა სიმღერა’?

      18 ესაია ახლა ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმ კეთილ საქმეებზე, რომელთაც იეჰოვა სინათლეში მავალთ უკეთებს, და მიმართავს მას: „შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია, როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა“ (ესაია 25:4, 5).

      19 1919 წლიდან მოყოლებული, ‘მტარვალები’ ყველაფერს აკეთებდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა უმწიკვლობის შესალახავად, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვაა თავისი ხალხის სიმტკიცე და თავშესაფარი. ის ჩრდილს ჰფენს მათ დევნის პაპანებაში და მტკიცე კედელივით არის აღმართული წინააღმდეგობის ქარიშხლისას. ჩვენ, ვინც ღვთის სინათლეში დავდივართ, დიდი რწმენით ველოდებით იმ დროს, როდესაც ‘დაითრგუნება მტარვალთა სიმღერა’. დიახ, ჩვენ სულითა და გულით მოველით იმ დროს, როდესაც იეჰოვას მტრები მოისპობიან.

      20, 21. რა ნადიმს მართავს იეჰოვა დღეს და რა შევა ამ ნადიმში ახალ ქვეყნიერებაში?

      20 იეჰოვა თავისი ხალხის მხოლოდ დამცველი როდია, ის მოსიყვარულე მამასავით ზრუნავს მათზე. 1919 წელს, დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან გამარჯვების ნადიმი გამართა და უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველყო ისინი. ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 25:6-ში: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“. რა დიდი კურთხევაა ჩვენთვის ამ ნადიმში მონაწილეობა! (მათე 4:4). ‘უფლის სუფრა’ კარგი საკვების სიუხვით მართლაც რომ იზნიქება (1 კორინთელთა 10:21). „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გვეძლევა ყველაფერი, რაც სულიერი საქმიანობისთვის გვჭირდება.

      21 სხვა რამეც შეიძლება აღინიშნოს ღვთის მიერ გამართულ ნადიმთან დაკავშირებით; სულიერი ნადიმი, რომლითაც დღეს ვხარობთ, შეგვახსენებს ფიზიკური საზრდოს სიუხვესაც, რომელიც ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში იქნება. მაშინ ‘მსუყე კერძებით გამართულ ნადიმში’ ფიზიკური საკვების სიუხვეც შევა. არც ფიზიკური და არც სულიერი გაგებით, აღარავინ იქნება მშიერი. რა დიდი შვება იქნება ეს ჩვენი საყვარელი თანამორწმუნეებისთვის, რომლებიც დღეს იმ ნაწინასწარმეტყველები „შიმშილის“ გამო იტანჯებიან, რომელიც იესოს თანდასწრების „ნიშნის“ ნაწილია! (მათე 24:3, 7). მათთვის ნამდვილად მანუგეშებელია ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16).

      22, 23. ა) რა „საბურველი“ და „საფარველი“ გაუქმდება და როგორ? ბ) როგორ ‘წარიხოცება იეჰოვას ერის სირცხვილი’?

      22 ახლა ყურადღება მივაქციოთ უფრო მნიშვნელოვან აღთქმას. ესაია ცოდვასა და სიკვდილს „საბურველსა“ და „საფარველს“ ადარებს და ამბობს: „გააუქმებს [იეჰოვა] ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ“ (ესაია 25:7). აბა დაფიქრდით! აღარ იარსებებს ცოდვა და სიკვდილი, რომლებიც მხუთავი საფარველივით აფარია კაცობრიობას. რა ძლიერ გვწადია იმ დღის დადგომა, როდესაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი სრულად იქნება გამოყენებული ღვთის მორჩილი და ერთგული ადამიანებისათვის (გამოცხადება 21:3, 4)!

      23 ამ შესანიშნავი დროის შესახებ საუბრისას წინასწარმეტყველი ღვთის შთაგონებით აღგვითქვამს: „[ღმერთი] შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 25:8). არავინ მოკვდება თუნდაც ბუნებრივი სიკვდილით და არც არავინ იგლოვებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო. რა დიდი კურთხევა იქნება ასეთი ცვლილება! გარდა ამისა, დედამიწაზე აღარსად გაისმება ის შეურაცხმყოფელი სიტყვები და ცრუ პროპაგანდა, რომელსაც ღვთის მსახურები ამდენი ხნის განმავლობაში ითმენენ. რატომ? მიზეზი ის იქნება, რომ იეჰოვა ყოველივე ამის გამომწვევს — სიცრუის მამას, სატანა ეშმაკს — მის თესლთან ერთად გაანადგურებს (იოანე 8:44).

      24. როგორ ეხმაურებიან სინათლეში მავალნი იეჰოვას მიერ მათ სასარგებლოდ გაკეთებულ ძლევამოსილ საქმეებს?

      24 იეჰოვას ძალის ამგვარად გამოვლინებაზე დაფიქრების შემდეგ სინათლეში მავალი ხალხი აღძრულია, შესძახოს: „აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!“ (ესაია 25:9). მალე გულმართალ ადამიანებს უეჭველად ექნებათ იმის საფუძველი, რომ გაიხარონ. წყვდიადი მთლიანად გაიფანტება და ერთგულები მთელი მარადიულობის განმავლობაში იეჰოვას სინათლეში იქნებიან. განა არსებობს ამაზე დიდებული იმედი? რა თქმა უნდა, არა!

  • ხსნა მათთვის, რომლებმაც სინათლე არჩიეს
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
    • ხსნა მათთვის, რომლებმაც სინათლე არჩიეს

      „უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი — ვის შევუშინდე?“ (ფსალმუნი 26:1).

      1. რომელ სიცოცხლის მომცემ საშუალებაზე იზრუნა ღმერთმა?

      იეჰოვაა წყარო მზის სინათლისა, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის საშუალებას იძლევა (დაბადება 1:2, 14). ის არის სატანის წუთისოფლის სასიკვდილო წყვდიადის გამფანტავი სულიერი სინათლის შემოქმედიც (ესაია 60:2; 2 კორინთელთა 4:6; ეფესელთა 5:8—11; 6:12). იმ ადამიანებს, რომლებიც სინათლეს ირჩევენ, ფსალმუნმომღერალთან ერთად შეუძლიათ თქვან: „უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი — ვის შევუშინდე?“ (ფსალმუნი 26:1ა). მაგრამ როგორც იესოს დროს მოხდა, ისე დღესაც სიბნელეში სიარულის მსურველებს მხოლოდ არასასურველი განაჩენის იმედი შეიძლება ჰქონდეთ (იოანე 1:9—11; 3:19—21, 36).

      2. ძველ დროში რა მოუვიდათ მათ, ვინც არ მიიღო იეჰოვას სინათლე და მათ, ვინც მოისმინა ღვთის სიტყვები?

      2 ესაიას დღეებში იეჰოვასთან კავშირში მყოფთა უმეტესობამ სინათლე უარყო. შედეგად, ესაია ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს განადგურების მოწმე გახდა. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი და მისი ტაძარი დანგრეულ და იუდას მოსახლეობა ტყვედ წაყვანილ იქნა. მაგრამ იეჰოვას სიტყვის მომსმენნი განმტკიცდნენ და გაუძლეს იმ დღეებში არსებულ განდგომილებას. ძვ. წ. 607 წელთან დაკავშირებით კი იეჰოვა თავის მომსმენთ დაჰპირდა, რომ გადარჩებოდნენ (იერემია 21:8, 9). დღეს სინათლის მოყვარულებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ წარსულის ამ შემთხვევიდან (ეფესელთა 5:5).

      სინათლეში მყოფთა ბედნიერება

      3. დღეს რაში შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომელი „მართალი ერი“ გვიყვარს და რა „მაგარი ქალაქი“ აქვს ამ „ერს“?

      3 „მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს [ღმერთი] ზღუდედ და გალავნად. გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!“ (ესაია 26:1, 2). ეს სიტყვები სიხარულით წარმოთქვეს მათ, რომლებიც იეჰოვაზე იყვნენ მინდობილი. ესაიას დღეებში მცხოვრები ერთგული იუდაელები უსაფრთხოების ერთადერთ წყაროდ იეჰოვას მიიჩნევდნენ და არა თანამემამულეთა ცრუ ღვთაებებს. დღეს ამაში ჩვენც ვართ დარწმუნებული. გარდა ამისა, ჩვენ გვიყვარს იეჰოვას „მართალი ერი“ — „ღვთის ისრაელი“ (გალატელთა 6:16; მათე 21:43). იეჰოვასაც უყვარს ეს ერი, რადგან ის ერთგულია. იეჰოვას კურთხევით ღვთის ისრაელს მხარდამჭერად და დამცველად „მაგარი ქალაქი“, ქალაქისმაგვარი ორგანიზაცია აქვს.

      4. როგორი აზროვნების განვითარებაა საჭირო?

      4 ამ „მაგარ ქალაქში“ მყოფთ ესმით, რომ ‘ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავს [იეჰოვა], რადგან მასზეა მონდობილი’. იეჰოვა მხარს უჭერს მათ, ვისაც გონება მისადმი ნდობისკენ ეწევა და ვინც მისი სამართლიანი პრინციპების შესაბამისად მოქმედებს. ამგვარად, ერთგულმა იუდაელებმა ყურად იღეს ესაიას მოწოდება: «მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია [„იაჰ იეჰოვაშია“, აქ] საუკუნო კლდე» (ესაია 26:3, 4; ფსალმუნი 9:11; 36:3; იგავნი 3:5). ასეთი აზროვნების მქონენი „იაჰ იეჰოვას“ მიიჩნევენ თავიანთი ხსნის ერთადერთ კლდედ. ისინი ღმერთთან მუდმივი ‘მშვიდობით’ ხარობენ (ფილიპელთა 1:2; 4:6, 7).

      ღვთის მტრების დამცირება

      5, 6. ა) როგორ დამცირდა ძველი ბაბილონი? ბ) როგორ დამცირდა „დიდი ბაბილონი“?

      5 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა იეჰოვაზე მინდობილნი გასაჭირში ცვივდებიან? ისინი არ უნდა შეშინდნენ. იეჰოვა დროებით უშვებს განსაცდელს, მაგრამ საბოლოოდ შვება მოაქვს მათთვის, გასაჭირის გამომწვევნი კი ღვთის მსჯავრს ვერ ასცდებიან (2 თესალონიკელთა 1:4—7; 2 ტიმოთე 1:8—10). განვიხილოთ ერთი „აღზევებული ქალაქის“ შემთხვევა. ესაია ამბობს: „[იეჰოვამ] დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა. თრგუნავს მას ფეხი, ბეჩავის ფეხი, მათხოვართა ტერფები“ (ესაია 26:5, 6). აქ მოხსენიებული აღზევებული ქალაქი, შესაძლებელია, ბაბილონი იყოს. იმ ქალაქმა ნამდვილად მიაყენა ზიანი ღვთის ხალხს. რა მოუვიდა ბაბილონს? ძვ. წ. 539 წელს ის მიდია-სპარსეთმა დაიპყრო. რამხელა დამცირებაა!

      6 ჩვენს დღეებში ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები კარგად აღგვიწერს, თუ რა მოუვიდა 1919 წლიდან „დიდ ბაბილონს“. ეს აღზევებული ქალაქი დამამცირებლად დაეცა იმ წელს, როდესაც იძულებული გახდა, სულიერი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა იეჰოვას ხალხი (გამოცხადება 14:8). ის კი, რაც შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო დამამცირებელი იყო მისთვის. ქრისტიანთა ამ მცირე ჯგუფმა თავისი ძველი მჩაგვრელი „გათელა“. 1922 წელს მათ ქრისტიანული სამყაროს მოახლოებული აღსასრულის შესახებ საჯაროდ გაცხადება დაიწყეს — საყოველთაოდ აუწყებდნენ გამოცხადების 8:7—12-ში მოხსენიებული ოთხი ანგელოზის მიერ საყვირის დაყვირების შესახებ ცნობებს და გამოცხადების 9:1—11:15-ში ნაწინასწარმეტყველები სამი უბედურების შესახებ.

      „სწორია მართალთა გზა“

      7. რა ხელმძღვანელობით არიან უზრუნველყოფილი იეჰოვას სინათლის მიმღებნი, ვისი იმედი აქვთ მათ და რა უყვართ?

      7 იეჰოვა ხსნით უზრუნველყოფს მათ, ვინც მის სინათლეში დადის, და ასეთ ხალხს გზას უჩვენებს. ამას ცხადყოფს ესაიას სიტყვები: „სწორია მართალთა გზა. შენ ასწორებ მართალთა სავალს. შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული“ (ესაია 26:7, 8). იეჰოვა სამართლიანი ღმერთია და მისმა თაყვანისმცემლებმაც უნდა დაიცვან მისი სამართლიანი ნორმები. თუ ასე მოქმედებენ, იეჰოვა ხელმძღვანელობას უწევს თავის თაყვანისმცემლებს, ასწორებს მათ სავალს. ღვთის ხელმძღვანელობისადმი დაქვემდებარებით თავმდაბალი ადამიანები ცხადყოფენ, რომ იეჰოვას იმედი აქვთ და მთელი გულით უყვართ მისი სახელი, მისი „სახსენებელი“ (გამოსვლა 3:15).

      8. როგორი სამაგალითო დამოკიდებულება გამოავლინა ესაიამ?

      8 ესაიასთვის ძვირფასი იყო იეჰოვას სახელი. ამას ცხადყოფს მისი სიტყვები: „ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9). ესაია მთელი სულითა და გულით, მთელი არსებით ნატრობდა იეჰოვას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ლოცულობდა წყნარ ღამეში წინასწარმეტყველი იეჰოვასადმი, როგორ უმჟღავნებდა მას თავის უღრმეს გრძნობებს და როგორ ეძებდა ღვთის ხელმძღვანელობას. რა დიდებული მაგალითია! გარდა ამისა, ესაია აკვირდებოდა იეჰოვას მიერ თავისი განაჩენის სისრულეში მოყვანას და მისგან ისწავლა სამართლიანობა. ამით წინასწარმეტყველი ყოველთვის ფხიზლად ყოფნის, იეჰოვას ნების ამოცნობის აუცილებლობას შეგვახსენებს.

      ზოგი სიბნელეს ირჩევს

      9, 10. რა კეთილი საქმეები უყო იეჰოვამ ორგულ ერს, მაგრამ როგორი იყო ამაზე მათი რეაქცია?

      9 იეჰოვამ იუდაელთა მიმართ დიდი სიყვარულით აღსავსე სიკეთე გამოავლინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ყველა იუდაელი არ გამოხმაურებია. ხშირად უმეტესობა იეჰოვას ჭეშმარიტების სინათლეში სიარულის ნაცვლად მოჯანყეობასა და განდგომილებას ირჩევდა. ესაიამ თქვა: „შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს“ (ესაია 26:10).

      10 ესაიას დღეებში იეჰოვა იცავდა იუდას მტრებისგან, მაგრამ იუდაელთა უმეტესობა ამას არ აღიარებდა. როდესაც ღმერთი მათ მშვიდობით აკურთხებდა, ერი არავითარ მადლიერებას არ ავლენდა. ამიტომ იეჰოვამ მიატოვა ისინი ‘სხვა მეუფეთა საბატონოდ’ — დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს იუდაელები ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩენილიყვნენ (ესაია 26:11—13). და მაინც, დასჯის შემდეგ, ბოლოს ერის გარკვეული ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა.

      11, 12. ა) როგორი იყო იუდას დამატყვევებელთა მომავალი? ბ) 1919 წელს რა მომავალი ელოდათ იეჰოვას ცხებულ მსახურთა ყოფილ დამატყვევებლებს?

      11 რა მოუვიდათ იუდას დამატყვევებელთ? ესაია ამაზე წინასწარმეტყველურად გვპასუხობს: „მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე“ (ესაია 26:14). დიახ, ძვ. წ. 539 წელს დაცემის შემდეგ ქალაქს მომავალი აღარ ჰქონდა. დროთა განმავლობაში იგი წარიხოცებოდა. ის აღარ „გაცოცხლდებოდა“ და მისი უზარმაზარი იმპერია მხოლოდ ისტორიის საკუთრებაღა თუ იქნებოდა. რამხელა გაფრთხილებაა ეს მათთვის, რომლებსაც წუთისოფლის ძლიერთა იმედი აქვთ!

      12 ამ წინასწარმეტყველების გარკვეული ასპექტები მაშინ შესრულდა, როდესაც ღმერთმა 1918 წელს თავისი ცხებული მსახურების სულიერ ტყვეობაში ჩავარდნა დაუშვა, შემდეგ კი 1919 წელს გაათავისუფლა. ამ დროიდან ღვთის ხალხის დამატყვევებელთა, ძირითადად კი ქრისტიანული სამყაროს, მომავალი წყვდიადით იყო მოცული. მაგრამ იეჰოვას ხალხს მართლაც უხვი კურთხევები ელოდა.

      „შენ გაგიმრავლებია ხალხი“

      13, 14. რა უხვი კურთხევებით გაიხარეს იეჰოვას ცხებულმა მსახურებმა 1919 წლიდან?

      13 ღმერთმა 1919 წელს აკურთხა თავისი მომნანიებელი ცხებული მსახურები და მათი რაოდენობა გაზარდა. თავიდან ყურადღება ექცეოდა ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრების შეგროვებას, შემდეგ კი „სხვა ცხვრებისაგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ შეგროვება დაიწყო (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ეს კურთხევები ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას მიერ: „შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები. უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ“ (ესაია 26:15, 16).

      14 დღეს ღვთის ისრაელის „კიდეებში“ მთელი დედამიწაა მოქცეული. შედეგად ამისა, უამრავი ხალხი, რომელიც დაახლოებით ექვს მილიონს შეადგენს, ამ სულიერ ერს შეუერთდა და გულმოდგინედ უჭერს მხარს კეთილი ცნობის ქადაგებას (მათე 24:14). იეჰოვასგან რამხელა კურთხევაა! და როგორ განადიდებს ეს მის სახელს! იეჰოვას სახელი დღეს 235 ქვეყანაში გაისმის! რა დიდებულად ასრულებს ღმერთი თავის აღთქმას!

      15. რა სიმბოლური მკვდრეთით აღდგომა მოხდა 1919 წელს?

      15 ბაბილონის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად იუდას იეჰოვას დახმარება სჭირდებოდა. საკუთარი ძალებით ისინი თავს ვერ დაიხსნიდნენ (ესაია 26:17, 18). მსგავსად ამისა, 1919 წელს ღვთის ისრაელის გათავისუფლება იეჰოვას მხარდაჭერის დამადასტურებელი იყო. ეს ღვთის დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა. მათი მდგომარეობის ასე საოცრად შეცვლას ესაია მკვდრეთით აღდგომას ადარებს: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას“ (ესაია 26:19; გამოცხადება 11:7—11). დიახ, სიკვდილის შედეგად უმოქმედო მდგომარეობაში ჩაცვენილები, ასე ვთქვათ, კვლავ იშვებოდნენ განახლებული საქმიანობისთვის!

      დაცვა საშიშ დროში

      16, 17. ა) ძვ. წ. 539 წელს რა უნდა გაეკეთებინათ იუდაელებს იმისათვის, რომ ბაბილონის დაცემისას გადარჩენილიყვნენ? ბ) როგორც ჩანს, რა არის დღეს „ოთახები“ და რა სარგებლობა მოაქვს მათ ჩვენთვის?

      16 იეჰოვას მსახურებს ყოველთვის სჭირდებოდათ მისი მფარველობა. მაგრამ მალე იეჰოვა უკანასკნელად გაიწვდის ხელს სატანის წუთისოფლის წინააღმდეგ და იმ დროს ღვთის თაყვანისმცემლებს ისე დასჭირდებათ მისი დახმარება, როგორც არასოდეს (1 იოანე 5:19). ამ საშიშ დროსთან დაკავშირებით იეჰოვა გვაფრთხილებს: „წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს“ (ესაია 26:20, 21; სოფონია 1:14). ამ გაფრთხილებამ იუდაელებს დაანახვა, თუ როგორ გადარჩენილიყვნენ ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემისას. ის, ვინც ყურად იღებდა ამ წინასწარმეტყველებას, სახლში დარჩებოდა და გადაურჩებოდა ქუჩაში მეომარ დამპყრობლებს.

      17 დღეს „ოთახების“ შესახებ წინასწარმეტყველება, როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხის ათი ათასობით კრებას ეხება. ასეთი კრებები უკვე დღეს წარმოადგენს უსაფრთხოების წყაროს; აქ ქრისტიანები ძმებს შორის, მოსიყვარულე უხუცესების მზრუნველობას შეფარებულნი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ (ესაია 32:1, 2; ებრაელთა 10:24, 25). ეს განსაკუთრებით ასეა ახლა, როდესაც ამ სისტემის აღსასრული ახლოსაა და გადარჩენა მორჩილებაზე იქნება დამოკიდებული (სოფონია 2:3).

      18. როგორ „მოკლავს“ მალე იეჰოვა „გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“?

      18 იმ დროსთან დაკავშირებით ესაია წინასწარმეტყველებს: „იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“ (ესაია 27:1). ვინ არის თანამედროვე „ლევიათანი“? როგორც ჩანს, ის არის „ძველი გველი“, თვითონ სატანა, და მთელი მისი ბოროტი სისტემა, რომელსაც ღვთის ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს (გამოცხადება 12:9, 10, 17; 13:14, 16, 17). ლევიათანმა 1919 წელს დაკარგა ღვთის ხალხზე ძალაუფლება, ხოლო მალე სრულიად განადგურდება (გამოცხადება 19:19—21; 20:1—3, 10). ამგვარად, იეჰოვა „მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს“. მანამდე კი ლევიათანი, რაც უნდა ეცადოს იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას, ხანგრძლივ წარმატებას ვერ მიაღწევს (ესაია 54:17). რამდენად მანუგეშებელია ყოველივე ამაში დარწმუნება!

      „სანატრელი ვენახი“

      19. რა მდგომარეობაშია დღეს დარჩენილი ნაწილი?

      19 რადგან იეჰოვასგან ამ სინათლეს ვიღებთ, განა სიხარულისთვის ყოველგვარი საფუძველი არა გვაქვს? დიახ, გვაქვს! ესაია შესანიშნავად აღწერს იეჰოვას ხალხის ამ სიხარულს, როდესაც წერს: „იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე: მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რომ არავინ დააზიანოს“ (ესაია 27:2, 3). იეჰოვა ზრუნავდა და ზრუნავს თავის „ვენახზე“, ღვთის ისრაელის დარჩენილ ნაწილზე, და მათ გულმოდგინე თანამსახურებზე (იოანე 15:1—8). შედეგად კი ამას იეჰოვას სახელის განდიდება და დედამიწაზე მის მსახურთა შორის დიდი სიხარული მოჰყვება.

      20. როგორ იცავს იეჰოვა ქრისტიანულ კრებას?

      20 აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ ცხებულ მსახურთა მიმართ იეჰოვას მიერ ადრე გამოვლენილი რისხვა — რის გამოც მან 1918 წელს ამ ადამიანების სულიერ ტყვეობაში ჩავარდნა დაუშვა — დამთავრდა. იეჰოვა ამბობს: „რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ. ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!“ (ესაია 27:4, 5). ვენახმა რომ კვლავაც უხვი ნაყოფი გამოიღოს, იეჰოვა თელავს და წვავს ნებისმიერ ნარ-ეკლის მსგავს გავლენას, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს ის. ამიტომ ნურავინ შეუქმნის საფრთხეს ქრისტიანული კრების კეთილდღეობას! დაე იეჰოვას კეთილგანწყობილების ძიებისა და უსაფრთხოების მოპოვების მიზნით ყველა ‘მოეჭიდოს ღვთის სიმტკიცეს’. ასე მოქმედებით ღმერთთან ზავს ვდებთ ანუ მშვიდობიან ურთიერთობას ვამყარებთ, ეს ურთიერთობა კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ესაია ზავს ორჯერ მოიხსენიებს (ფსალმუნი 84:2, 3, 9; რომაელთა 5:1).

      21. როგორ ივსება ქვეყნიერება „ნაყოფით“?

      21 კურთხევების მოხსენიებისას წინასწარმეტყველი დასძენს: „დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით“ (ესაია 27:6). ეს სიტყვები 1919 წლიდან სრულდება, რაც იეჰოვას ძალის გამოვლინების დიდებული მტკიცებაა. ცხებულმა ქრისტიანებმა მთელი დედამიწა „ნაყოფით“, ნოყიერი სულიერი საზრდოთი, აავსეს. ამ გახრწნილ წუთისოფელში ისინი სიხარულით იცავენ ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს. იეჰოვა კი განაგრძობს რიცხობრივი ზრდით მათ კურთხევას. შედეგად, ცხებულთა მილიონობით თანამსახურნი, სხვა ცხვრები, „ემსახურებიან მას [ღმერთს] დღე და ღამე“ (გამოცხადება 7:15). მოდი არასოდეს დავივიწყოთ, რომ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩვენც მივიღოთ და სხვებსაც მივაწოდოთ „ნაყოფი“!

      22. რა კურთხევები აქვთ სინათლის მიმღებთ?

      22 ამ კრიტიკულ ჟამს, როდესაც დედამიწას წყვდიადი ფარავს და ერები კუნაპეტ სიბნელეში დაიარებიან, განა მადლიერები არა ვართ იმისათვის, რომ იეჰოვა სულიერ სინათლეს ჰფენს თავის ხალხს? (ესაია 60:2; რომაელთა 2:19; 13:12). ეს სინათლე ყველასთვის, ვინც მას იღებს, სულის სიმშვიდისა და სიხარულის მომტანია ახლა, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლის. ამიტომ ჩვენ, სინათლის მოყვარულებს, ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, აღფრთოვანებით განვადიდოთ იეჰოვა და ფსალმუნმომღერალთან ერთად ვთქვათ: „უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა — ვისგან შევძრწუნდე? მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი (ფსალმუნი 26:1ბ, 14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება