-
შიშის მარწუხებშიგამოიღვიძეთ! — 2001 | დეკემბერი 8
-
-
შიშის მარწუხებში
„კრინტი არ დაძრა, თორემ ყელს გამოგჭრი!“.
ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვას მოწმე 17 წლის ჯეინიa ვირჯინიის (აშშ) ერთ-ერთ პარკში გორგოლაჭებით დასეირნობდა. მოულოდნელად შენიშნა, რომ პარკი თითქოს დაცარიელდა და თვითონაც წასვლა გადაწყვიტა. როდესაც გორგოლაჭების მოსახსნელად თავიანთ ავტოფურგონთან ჩაიმუხლა, ვიღაც უცნობი მიუახლოვდა. ზემოთ მოყვანილი სიტყვებით დაემუქრა, ხელი ჩაავლო და გაუპატიურების მიზნით ავტოფურგონში შეთრევა დაუპირა. გოგონამ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხმამაღლა იკივლა, მაგრამ ამას თავდამსხმელი არ შეუჩერებია.
„თავი სრულიად უმწეოდ, გალიაში მომწყვდეული ჩიტივით, ვიგრძენი, — იხსენებდა მოგვიანებით ჯეინი, — მაგრამ კივილსა და ბრძოლას მაინც განვაგრძობდი. ბოლოს ღმერთს ხმამაღლა მოვუხმე და ვთხოვე: იეჰოვა, გთხოვ, ნუ დაუშვებ ამას!“. როგორც ჩანს, ამან თავდამსხმელი შეაშინა. მან მოულოდნელად ხელი უშვა თავის მსხვერპლს და თვალს მიეფარა.
როგორც კი მოძალადე თავის მანქანაში შეხტა, აცახცახებული ჯეინი ავტოფურგონში ჩაიკეტა. ხელი სტაცა მობილურ ტელეფონს და შეეცადა, საკუთარი თავი ხელში აეყვანა. დაურეკა პოლიციას და დაწვრილებით აღუწერა ეჭვმიტანილის მანქანა; აგრეთვე ჩააწერინა ამ მანქანის ნომერი, რისი წყალობითაც თავდამსხმელი რამდენიმე წუთში დააკავეს.
დასრულდა ამით ყველაფერი?
დიახ, მაგრამ არა მაშინვე. ჯეინის ტანჯვა სწორედ მაშინ დაიწყო. თუმცა პოლიცია და გაზეთები აქებდნენ მას კრიტიკულ მდგომარეობაში სხარტი და საღი აზროვნების შენარჩუნებისთვის, მაგრამ პირველი შოკის თანდათანობით გავლის შემდეგ ჯეინი სრულიადაც არ გრძნობდა, რომ საღი აზროვნება ჰქონდა. „რამდენიმე კვირის შემდეგ ვიგრძენი, რომ თითქოს ემოციურად დაცლილი ვიყავი, — ჰყვება ის, — გამუდმებით შინაგან დაძაბულობას ვგრძნობდი, რაც ძილს მიფრთხობდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ ისე გამომფიტა, რომ სწავლა ან გონების კონცენტრირება აღარ შემეძლო. აგრეთვე დროდადრო პანიკაში ვვარდებოდი. ერთხელ სკოლაში მხარზე ხელი დამადო თანაკლასელმა, რომელიც ოდნავ წააგავდა ჩემს თავდამსხმელს და დრო მკითხა, მე კი შიშისგან თითქმის გავთავდი“.
ჯეინი ამბობს: „საცოდავ მდგომარეობაში ჩავვარდი. მეგობრებთან ურთიერთობა გავწყვიტე, მარტოობამ კი დეპრესია უფრო გამიღრმავა. მომხდარში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და სინანულით ვიხსენებდი იმ დროს, როდესაც ბედნიერი და მიმნდობი ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის ჯეინი აღარ ვიყავი“.
ჯეინს პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის (პტსა) დამახასიათებელი ზოგი ტიპიური სიმპტომი აღენიშნებოდა. რა არის პტსადა რა შეიძლება გაკეთდეს მისი სიმპტომებით დატანჯულ ადამიანთა დასახმარებლად? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[სქოლიო]
a სახელი შეცვლილია.
-
-
რა არის პოსტტრავმული სტრესი?გამოიღვიძეთ! — 2001 | დეკემბერი 8
-
-
რა არის პოსტტრავმული სტრესი?
წლების წინათ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (პტსა), ჩვეულებრივ, ომის შედეგად განვითარებულ ნევროზს ან ომის დროს მიღებულ ფსიქიკურ ტრავმას უწოდებდნენ და, ძირითადად, მას ყოფილ სამხედრო პირთა მკურნალობისას ეცნობოდნენ. დღეისათვის ბევრი რამ შეიცვალა და პტსა-ს დიაგნოზის დასასმელად, სულაც არ არის აუცილებელი სამხედრო პირი იყოთ; საკმარისია, რაიმე ტრავმულ შემთხვევას გადაურჩეთ.
შემთხვევა შეიძლება იყოს ყველაფერი: ომიდან დაწყებული, გაუპატიურების მცდელობითა თუ ავტოკატასტროფით დამთავრებული. შეერთებული შტატების პტსა-ს ეროვნული ცენტრიდან მიღებული საინფორმაციო ფურცელი ასეთ ცნობას გვაწვდის: „პტსა-ს დიაგნოზს უსვამენ ადამიანს, რომელმაც ტრავმული შემთხვევა გადაიტანა“. და ამ შემთხვევაში „უნდა შედიოდეს რაიმე სახის რეალური ზიანი, თავდასხმა ან ფიზიკური ზიანის მიყენებისა თუ თავდასხმის საშიშროების წინაშე აღმოჩენა“.
წინა სტატიაში მოხსენიებული ჯეინი ყვება: „გავიგე, რომ მოულოდნელი ძლიერი შიში სისხლში გარკვეული ჰორმონების შემცველობის სწრაფ მატებას იწვევს; ეს ჰორმონები კი საშიშროებისადმი მეტისმეტი სიფრთხილის გრძნობას უჩენს ადამიანს. ჩვეულებრივ, საშიშროების ჩავლის შემდეგ სისხლში ჰორმონების შემცველობა ნორმალურ დონეს უბრუნდება, მაგრამ პტსა-ს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება“. არასასიამოვნო შემთხვევამ უკვე ჩაიარა, მაგრამ განცდილი შიში თითქოს სამუდამოდ დამკვიდრდა ჯეინის გონებაში და დაუპატიჟებელი სტუმარივით წასვლა აღარ უნდოდა.
თუ მსგავსი ტრავმის გადატანა მოგიწიათ და ამან თქვენზე შემდგომში მსგავსი გავლენა მოახდინა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არა ხართ გამონაკლისი. სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებით დაწერილ თავის წიგნში მწერალი ლინდა ლიდრეი განმარტავს, რომ პტსა-ს განცდა „ნორმალურია იმ ადამიანისთვის, რომელიც შემაძრწუნებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შექმნილ სიტუაციაში ვერაფერს გახდებოდა“.
მაგრამ პტსა-სთვის ნორმალურის წოდება იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე უბედურ შემთხვევას გადარჩენილ ნებისმიერ მსხვერპლს განუვითარდება ეს პათოლოგიური მდგომარეობა. ლიდრეი აღნიშნავს: „1992 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთა 94 პროცენტს პტსა-ს ტიპიური სიმპტომები აღენიშნებოდა, ხოლო 12 კვირის შემდეგ — 47 პროცენტს. 1993 წელს იმ ქალების 50 პროცენტი, რომლებმაც მინეაპოლისში Sexual Assault Resource Service-ს მიმართა მომსახურებისთვის, თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგაც აღმოაჩნდათ პტსა-ს სიმპტომები“.
ასეთი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ პტსა იმაზე მეტად გავრცელებული აშლილობაა, ვიდრე ხალხს აქვს გათვითცნობიერებული. ეს აშლილობა შეიძლება დაემართოს ყველანაირ ადამიანს და მისი გამომწვევი მიზეზი კი მრავალი სხვადასხვაგვარი შემთხვევა იყოს. ავტორები: ალექსანდრე მაკფარლენი და ლარს ვაისატი აღნიშნავენ: „ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტრავმის გამომწვევი შემთხვევები მოქალაქეებს როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობის პერიოდში ხვდებათ და მრავალს, ვინც მსგავს მოვლენებს გადაურჩა, პტსა უვითარდება“. ზოგს სამედიცინო პროცედურების გავლისა თუ გულის შეტევის გადატანის შემდეგაც კი უვითარდება პტსა.
„პტსა საკმაოდ გავრცელებული აშლილობა აღმოჩნდა“, — აღნიშნავენ ზემოთ მოხსენიებული ავტორები. შემდეგ კი დასძენენ: „1 245 ამერიკელი მოზარდის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათი 23 პროცენტი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ან სხვების მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედების მოწმე იყო. ამ მოზარდებში ხუთიდან ერთს პტსა განუვითარდა. აღნიშნული მონაცემის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეერთებულ შტატებში დღესდღეობით დაახლოებით 1,07 მილიონ მოზარდს აქვს პტსა“.
თუ ეს სტატისტიკური მონაცემი ზუსტია, გამოდის, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაში ძალიან ბევრი მოზარდი იტანჯება ამგვარი აშლილობით! რის გაკეთება შეიძლება მათ და მთელ მსოფლიოში იმ სხვა მილიონთა დასახმარებლად, რომლებსაც ეს აშლილობა აწუხებთ?
რის გაკეთებაა შესაძლებელი?
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან რომელიმე თქვენს ნაცნობს პტსა აქვს, ქვემოთ მოყვანილი რჩევები კარგ დახმარებას გაგიწევდათ.
ეცადეთ, კვლავ მიჰყვეთ სულიერი ცხოვრების რეჟიმს. „ადგილობრივ სამეფო დარბაზში შეხვედრებს არასოდეს ვაცდენდი — ყვება ჯეინი, — მაშინაც კი, როდესაც მთელი გულისყურით ვერ ვისმენდი კრების შეხვედრაზე გამოთქმულ აზრებს, ვიცოდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც იეჰოვა ღმერთს სურდა, რომ ვყოფილიყავი. კრების წევრები, მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში, დიდ სიყვარულს ავლენდნენ და მხარში მედგნენ. ეს ძალზე ბევრს ნიშნავდა ჩემთვის“. შემდეგ დასძენს: „ძალიან დამეხმარა ფსალმუნების კითხვაც. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ გულდამწუხრებული ფსალმუნმომღერლები გარკვეულწილად ჩემს სათქმელს ამბობდნენ. მაშინ, როდესაც ლოცვაში ვერ ვახერხებდი აზრების გამოთქმას, მხოლოდ ამინს ვამბობდი“.
ნუ მოგერიდებათ, გაამხნევეთ დაზარალებული. თუ თქვენთვის საყვარელ ადამიანს რაიმე ტრავმული შემთხვევით გამოწვეული შემაძრწუნებელი მოგონება აწუხებს, იცოდეთ, რომ მისი რეაქცია გადაჭარბებული არ არის ან ის განზრახ არ ამუქებს თავისი მდგომარეობის სურათს. ემოციურად მოდუნების, წუხილის ან რისხვის გამო პტსა-ს მსხვერპლი შეიძლება ისე ვერ გამოეხმაუროს თქვენს მცდელობებს მათ მხარდასაჭერად, როგორც ამას თავად ისურვებდით. მაგრამ ფარ-ხმალს ნუ დაყრით! როგორც ბიბლია ამბობს: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17).
დაზარალებულმა უნდა გაიაზროს და მოერიდოს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მდგომარეობას უფრო გაუმწვავებდა. ამაში შედის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება. თუმცა ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა შეიძლება დროებით შვება მოჰგვაროს ადამიანს, მათი გამოყენების შედეგად მალე მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება. ჩვეულებრივ, მათი გავლენის შედეგად ადამიანი საზოგადოებას გაურბის, არ იღებს დახმარების მსურველთაგან მხარდაჭერას, მთლიანად ეფლობა სამუშაოში, ადვილად რისხდება, ძალიან ბევრს ან ცოტას ჭამს ან რაღაც ისეთს აკეთებს, რითაც საკუთარ თავს ვნებს.
რჩევის მისაღებად მიმართეთ კვალიფიცირებულ სპეციალისტს. შეიძლება მსხვერპლს სულაც არ ჰქონდეს პტსა, მაგრამ თუ აქვს კიდეც, მის განსაკურნავად ეფექტური საშუალებები არსებობსa. თუ პროფესიულ დახმარებას იღებთ, გულწრფელი იყავით და ითხოვეთ დახმარება ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ჩვევის დასაძლევად.
გახსოვდეთ, პირველ რიგში ფიზიკური ჭრილობები იკურნება, მაგრამ მათ, ვისაც პტსა აწუხებს, მრავალგვარი ჭრილობა აქვთ: ფიზიკური, გონებრივი და ემოციური. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება სხვა საშუალებები, რომლებიც გამოჯანსაღების პროცესისთვის ხელშეწყობაში დაეხმარება როგორც დაზარალებულთ, ისე მის გარშემო მყოფთ. აგრეთვე საუბარი იქნება იმ იმედის შესახებ, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ყველას, ვინც პოსტტრავმული შოკის მსხვერპლი გახდა.
[სქოლიო]
a იეჰოვას მოწმეების მიზანი არ არის, მხარი დაუჭირონ ან რეკომენდაცია გაუწიონ მკურნალობის რომელიმე კონკრეტულ მეთოდს, იქნება ეს წამლების თუ ფსიქიატრების დახმარებით.
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
პოსტტრავმული სტრესის სიმპტომები
მრავალ ტრავმაგადატანილს გონებაში ხშირად ამოუტივტივდება ხოლმე განცდილი ტრავმა. მათ, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ კონტროლი გაუწიონ ასეთ მდგომარეობას ან საერთოდ თავიდან ამოიგდონ უსიამოვნო მოგონება. შედეგად შეიძლება ქვემოთ მოყვანილი სიმპტომები განუვითარდეთ:
• წარსული ტრავმის გონებაში კვლავ ცოცხლად აღდგენა — შეგრძნება, რომ თითქოს ტრავმული შემთხვევა ისევ მეორდება.
• ცუდი სიზმრები და კოშმარები.
• უცაბედი შეშინება ხმაურზე ან მოულოდნელად უკნიდან ვინმეს მოახლოებაზე.
• ემოციური არასტაბილურობა და ოფლიანობა.
• გულისცემის გაძლიერება ან სუნთქვის გაძნელება.
• ხედვით, სმენით, ყნოსვით, გემოთი და სხვა შეგრძნებებით, განცდილი ტრავმის გახსენება, რითაც მსხვერპლს კვლავ გუნება-განწყობილება უფუჭდება.
• აფორიაქება ან შიში — ისეთი შეგრძნება, თითქოს საშიშროება კვლავ უნდა გამეორდესო.
• ტრავმის ნებისმიერ შეხსენებაზე მოულოდნელად აფორიაქების, განრისხების ან გუნების გაფუჭების გამო, საკუთარი ემოციების მოთოკვის პრობლემა.
• სირთულეები გონების კონცენტრირებასთან ან საღად აზროვნებასთან დაკავშირებით.
• პრობლემები ჩაძინებასთან ან ძილის პროცესთან დაკავშირებით.
• მღელვარება და გამუდმებით საშიშროების მოლოდინი.
• ემოციურად დათრგუნვა ან ინდიფერენტულობა.
• სხვების მიმართ სიყვარულის განელება ან საერთოდ გრძნობების გამოხატვაში ინერტულობა.
• ისეთი შეგრძნება, თითქოს გარშემომყოფნი უცხონი ან არარეალური ადამიანები არიან.
• იმ საქმეებისადმი ინტერესის დაკარგვა, რომლებიც ადრე საინტერესო იყო.
• ტრავმული სიტუაციიდან მნიშვნელოვანი მომენტების გახსენების პრობლემა.
• ირგვლივ არსებული სამყაროსა და მოვლენებისაგან გარიყულობის გრძნობა.
[სურათები 5 გვერდზე]
პტსა შეიძლება მრავალგვარმა ტრავმულმა შემთხვევამ გამოიწვიოს.
-
-
პოსტტრავმული სტრესი დავიწყებას მიეცემა!გამოიღვიძეთ! — 2001 | დეკემბერი 8
-
-
პოსტტრავმული სტრესი დავიწყებას მიეცემა!
შეიძლება თქვენ ომის ვეტერანი ხართ და ღამით კოშმარები გაწუხებთ; გონებაში ცოცხლად გეხატებათ ომის სურათები, თითქოს თქვენთვის ომი კვლავაც გრძელდება. შესაძლოა, ძალადობის, მაგალითად, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ხართ და ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ განცდილის გამო თითქოს ის ადრინდელი პიროვნება უკვე აღარა ხართ. შესაძლებელია თქვენთვის ძალზე ძვირფასი პიროვნება სტიქიური უბედურების ან სხვა რაიმე უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა და უიმისობა ძალზე გიჭირთ.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ გრძნობებისგან ოდესმე გათავისუფლდეთ? დაბეჯითებით გპასუხობთ, რომ შეიძლება! დროთა განმავლობაში ყველას, ვინც რაიმე ტრავმის გადატანის შედეგად იტანჯება, შეუძლია ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ნუგეშის პოვნა.
ტრავმის გადატანაში დახმარების გაწევა
დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ, მოციქულ პავლეს არაერთი საშინელი შემთხვევის ატანა მოუწია; მისი სიცოცხლე ხშირად ბეწვზე ეკიდა. ამ შემთხვევებიდან ზოგი ბიბლიაშია აღწერილი. „არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, — წერდა მოციქული პავლე, — რაც აზიაში გადავიტანეთ, რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის ატანა შეგვეძლო. ხოლო ჩვენ თვით გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი“ (2 კორინთელთა 1:8, 9).
ცნობილი არ არის, თუ რა მოხდა მაშინ, მაგრამ ცხადია, რომ ეს საკმაოდ ტრავმული შემთხვევა იყო (2 კორინთელთა 11:23—27). როგორ გაუმკლავდა პავლე ამას?
აზიაში ატანილ განსაცდელებზე ფიქრისას მან დაწერა: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
დიახ, ტრავმული შემთხვევებით დაზარალებულთათვის დახმარების მიღება შესაძლებელია და ეს დახმარება „მოწყალების მამისა და ყოველი ნუგეშის ღვთისგან“ მომდინარეობს. როგორ შეგიძლიათ ამგვარად ინუგეშოთ თავი?
როგორ მივიღოთ დახმარება
პირველ რიგში — ითხოვეთ დახმარება. თუ ემოციურად დაძაბუნებული ხართ, იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არა ხართ გამონაკლისი. ისინი, ვინც მსგავს გრძნობებს სძლია, ჩვეულებრივ, მზად არიან სხვების დასახმარებლად. მოციქულ პავლეს მსგავსად ისინი ხშირად გრძნობენ, რომ ნუგეში, რომელიც განსაცდელის ჟამს თავად მიიღეს, „ყოველგვარ გასაჭირში“ მყოფ სხვა ადამიანებსაც უნდა გაუზიარონ. ნუ მოგერიდებათ იეჰოვას რომელიმე მოწმესთან მისვლა — ნებისმიერთან, ვისთანაც თავს თავისუფლად გრძნობთ — და თხოვნა, რომ იეჰოვასგან, „ყოველგვარი ნუგეშის მამისგან“, დახმარების მისაღებად მხარში ამოგიდგეს.
გამუდმებით ილოცეთ. თუ რაღაცით ძალიან აფორიაქებული ხართ და ამიტომ გიჭირთ, თავად მიმართოთ ღმერთს, სთხოვეთ ვინმეს, სულიერად მოწიფულ პიროვნებას, ილოცოს თქვენთან ერთად (იაკობი 5:14—16). იეჰოვასთან ლაპარაკისას არ დაგავიწყდეთ, „თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდოთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). საღვთო წერილი არა ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ღმერთი ზრუნავს თავის თითოეულ მსახურზე.
როგორც ჩანს, 93-ე ფსალმუნის დამწერმა საკუთარ თავზე გამოსცადა ძალზე ტრავმული შემთხვევა, რადგან წერდა: «უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში. თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. როცა [„ამაღელვებელი“, აქ] ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს» (ფსალმუნი 93:17—19).
ტრავმული სტრესის ზოგ მსხვერპლს განსაკუთრებით „ამაღელვებელი ფიქრები“ აწუხებს; ამ ფიქრებს ისინი ზოგჯერ საშინელ პანიკამდე ან გააფთრებამდე მიჰყავს. მაგრამ ამ გრძნობების განელებამდე გულითადი ლოცვები „გაგამაგრებთ“. იფიქრეთ იეჰოვაზე როგორც მოსიყვარულე მშობელზე და საკუთარ თავზე როგორც შვილზე, რომელიც მამას უყვარს და მფარველობს. გახსოვდეთ ბიბლიური აღთქმა: „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:7).
გამოჯანსაღება, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქიკური თუ სულიერი, თანდათანობითი პროცესია. ამიტომ არარეალური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ლოცვა მყისვე შინაგან სიმშვიდეს დაუბრუნებდა ადამიანს, ვისაც ტრავმამ სერიოზული ზიანი მიაყენა. მაგრამ გამუდმებით ლოცვა ერთობ მნიშვნელოვანია. ის დაზარალებულს დაეხმარება, რომ არ შთანთქოს მოზღვავებულმა პოსტტრავმულმა ემოციებმა.
იკითხეთ ღვთის სიტყვა და წაკითხულზე იფიქრეთ. თუ გონების კონცენტრირება გიჭირთ, ვინმეს სთხოვეთ მანუგეშებელი ბიბლიური ადგილების წაკითხვა. შეიძლება ისეთი ბიბლიური მონაკვეთების კითხვა არჩიოთ, სადაც იეჰოვას მიერ თავისი ერთგული მსახურების მიმართ (მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად გულდამძიმებული თუ სასოწარკვეთილი იყვნენ ისინი) გამოვლენილი დიდი მზრუნველობა ჩანს.
წინა სტატიებში მოხსენიებული ჯეინისთვის ფსალმუნებიდან მრავალი ბიბლიური მონაკვეთი იყო მანუგეშებელი. ამ ფსალმუნებში შედიოდა: ფსალმუნი 3:1—9; 6:7—9; 9:10, 11; 10:1—7; 17:6, 7; 22:1—6; 26:7—9; 29:12, 13; 30:13, 20—23; 31:7, 8; 33:19, 20; 35:8—11; 54:6—10, 23; 55:9—12; 62:7—9; 83:9—11; 129:1—6. ნუ ეცდებით ერთბაშად მეტისმეტად ბევრი ბიბლიური მონაკვეთის წაკითხვას. ნაცვლად ამისა, იფიქრეთ წაკითხულზე და ილოცეთ.
უპრეცედენტო გასაჭირი
სამწუხაროდ, დღეს არავისთვის არის გასაკვირი გაუპატიურების, მკვლელობის, ომისა და უაზრო ძალადობის მომრავლება. რატომ? იმიტომ რომ, იესო ქრისტემ ჩვენი დრო დაახასიათა როგორც ჟამი, როდესაც იქნებოდა: „უკანონობის გამრავლება“ (აქ). აგრეთვე დასძინა: მრავალს გაუნელდება სიყვარული“ (მათე 24:7, 12).
გასულ წლებში ტრავმული სტრესი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ხშირად ეს სწორედ იმ მოვლენების შესრულების შედეგად, რომლებიც იესომ იწინასწარმეტყველა. ბიბლიაში, მათეს 24-ე, მარკოზის 13-ე და ლუკას 21-ე თავში, იესომ თქვა, რომ ამ წუთისოფლის აღსასრულის ჟამს იქნებოდა მსოფლიო მასშტაბის ომები, სტიქიური უბედურებები, ხოლო უკანონობის გამრავლება და სიყვარულის განელება ყველასთვის შესამჩნევი გახდებოდა. დიახ, იესომ ისიც შენიშნა, რომ ხსნის დრო შორს არ არის.
ახლა, როდესაც უკვე განვიხილეთ მთელ მსოფლიოს მოდებული ტრავმული ეპიდემიის საკითხი და „დიდი გასაჭირის“ დასაწყისი, კარგად დაუკვირდით, თუ რისი კეთების აუცილებლობაზე მიუთითებს იესო ხალხს: „გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (მათე 24:21—31; ლუკა 21:28). დიახ, როდესაც ვხედავთ მსოფლიო მდგომარეობის გაუარესებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამ მწუხარების გამომწვევ სისტემაში — როდესაც დიდი გასაჭირი კულმინაციას მიაღწევს — ყოველგვარ ბოროტებას ბოლო მოეღება და დასაბამს აიღებს სამართლიანი ახალი სისტემა (1 იოანე 2:17; გამოცხადება 21:3, 4).
ჩვენ არ უნდა გაგვაკვირვოს იმ ფაქტმა, რომ ხსნა მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როდესაც ბოროტება და ძალადობა ზენიტს მიაღწევს. წარსულში, ნოეს დროინდელი წუთისოფლისა თუ სოდომისა და გომორის გახრწნილი მოსახლეობის განადგურებისას, ღვთის მსჯავრი ადამიანებს სწორედ ასეთ სიტუაციაში დაატყდათ თავს. წარსულში მომხდარი ეს ღვთიური სასჯელები გვიჩვენებს, თუ რა მოხდება მომავალში (2 პეტრე 2:5, 6).
ტრავმული სტრესს ბოლო მოეღება
თუ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) გაქვთ, ალბათ გაინტერესებთ, გათავისუფლდებით თუ არა ოდესმე მტკივნეული მოგონებებისგან. ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გათავისუფლდებით! ესაიას 65:17-ში იეჰოვა ღმერთი აცხადებს: „რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“. შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ წარსული ტრავმით გამოწვეული ფსიქიკური ზიანი ყოველთვის დაგრჩებათ, მაგრამ საღვთო წერილი ამ მუხლით გვარწმუნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი მტანჯველი ძალა მთლიანად გაქრება.
მას შემდეგ, რაც სქესობრივი ძალადობის მიზნით ჯეინს თავს დაესხნენ, ერთი წელი გავიდა. ის დღეს კვლავ იეჰოვას მოწმეა და პიონერად (სრული დროით მქადაგებლად) მსახურობს; ახლახან მან თქვა: „მხოლოდ ჩემს თავდამსხმელზე სასამართლო პროცესის დამთავრებისა და მისი დაპატიმრების, ესე იგი თავდასხმიდან 8 თვეზე მეტის გასვლის, შემდეგ ვიგრძენი თავი ნამდვილად მშვიდად. შარშან ამ დროს ვერც კი წარმომედგინა, რომ ერთი წლის მერე თავს ასე მშვიდად ვიგრძნობდი და ბედნიერი ვიქნებოდი. დიდად მადლობელი ვარ იეჰოვასი მარადიული სიცოცხლის შესახებ შესანიშნავი იმედისა და ამ იმედის სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობის მოცემისთვის (ფსალმუნი 26:14).
თუ პტსა-ს გამო სასოწარკვეთილი და ემოციურად დაძაბუნებული ხართ, ეს იმედი აუცილებლად შეგმატებთ ძალებს.
[სურათი 8 გვერდზე]
ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება პათოლოგიურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად საჭირო ძალას შეგმატებთ.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
ღვთის სიტყვის კითხვა და ლოცვა პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
[სურათი 10 გვერდზე]
მალე ყოველგვარი ტრავმა დავიწყებას მიეცემა.
-