საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ასწავლეთ ის, რასაც გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 იანვარი
    • ასწავლეთ ის, რასაც გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში

      „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . [და] ასწავლეთ მათ“ (მათე 28:19, 20).

      1. რამდენად გავრცელებულია ბიბლია?

      იეჰოვას სიტყვა, წმინდა ბიბლია, ყველაზე მეტად გავრცელებულ და უძველეს წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება. მთლიანად ან ნაწილობრივ, ბიბლია 2 300-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს მშობლიურ ენაზე შეუძლია მისი წაკითხვა.

      2, 3. ა) რატომ აქვს ბევრს განსხვავებული შეხედულებები ბიბლიურ სწავლებებზე? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

      2 მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს ბიბლიას. მრავალს ის თავიდან ბოლომდე არაერთხელ აქვს წაკითხული. ათასობით რელიგიური მიმდინარეობა აცხადებს, რომ მათი სწავლებები ბიბლიაზეა დაფუძნებული, მაგრამ მათ არა აქვთ ერთი აზრი იმაზე, თუ რას ასწავლის ბიბლია. უფრო მეტიც, ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებსაც კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგში ცრურწმენაა განვითარებული ბიბლიის შესახებ და არასწორი შეხედულება აქვს მის ღირებულებასა და იმაზე, თუ საიდან იღებს ის დასაბამს. ბევრისთვის ბიბლია მხოლოდ საწესჩვეულებო წმინდა წიგნია, რომელსაც ფიცის დადებისას ან თავიანთი სიტყვების გულწრფელობის დასამოწმებლად იყენებენ.

      3 სინამდვილეში ბიბლია არის კაცობრიობისთვის განკუთვნილი ღვთის სიტყვა, ანუ ცნობა, რომელსაც დიდი ძალა აქვს (ებრაელები 4:12). ამიტომაც, ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვსურს გადავცეთ ხალხს ის, რასაც ბიბლია ასწავლის. ჩვენ გვინდა, შევასრულოთ ის დავალება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . [და] ასწავლეთ მათ“ (მათე 28:19, 20). სამქადაგებლო მსახურების დროს ჩვენ ვხვდებით გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი და გულგატეხილნი არიან მსოფლიოში დღეს არსებული რელიგიური ქაოსის გამო. მათ სურთ იცოდნენ ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ ვინ არის ჩვენი შემოქმედი და რას ამბობს ბიბლია სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით. ახლა შევეხოთ სამ კითხვას, რომლებზე პასუხიც მრავალ ადამიანს აინტერესებს. თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემისას დავინახავთ, თუ რას ამბობენ სასულიერო პირები შეცდომით და შემდეგ განვიხილავთ, რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში. ეს კითხვებია: 1) აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა? 2) რატომ ვარსებობთ? და 3) რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

      აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა?

      4, 5. რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ღმერთი გულგრილია ადამიანთა მიმართ?

      4 დავიწყოთ პირველი შეკითხვით: აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა? სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია. რატომ მიდიან ისინი ასეთ დასკვნამდე? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში ყველგან ომებს, სიძულვილსა და ტანჯვას ხედავენ. ისინი შემდეგნაირად მსჯელობენ: „ღმერთს რომ აღელვებდეს ჩვენი მდგომარეობა, ამდენი უბედურება არ მოხდებოდა“.

      5 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი ფიქრობს, რომ ღმერთი გულგრილია — ამ აზრამდე ისინი სასულიერო პირებს მიჰყავთ. რას ამბობენ ხშირად სასულიერო პირები, როცა უბედურება ხდება? როდესაც ერთ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ავარიაში დაეღუპა, მღვდელმა მას უთხრა: „ეს ღვთის ნება იყო. მას კიდევ ორი ანგელოზი სჭირდებოდა“. ასეთი სიტყვებით სასულიერო პირები, ფაქტობრივად, ყველა უბედურებას ღმერთს მიაწერენ. ამის საპირისპიროდ მოწაფე იაკობი წერდა: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). იეჰოვა ღმერთი არასოდეს არის ბოროტების მიზეზი. პირიქით, „შორს არის ღვთისგან ბოროტება“ (იობი 34:10).

      6. ვინ არის ტკივილისა და უსამართლობის მიზეზი?

      6 მაშ, რა იწვევს ამდენ ბოროტებასა და ტანჯვას? პირველი მიზეზი ის არის, რომ კაცობრიობა მთლიანობაში არ აღიარებს ღმერთს თავის მმართველად და არ სურს, დაემორჩილოს მის სამართლიან კანონებსა და პრინციპებს. ამგვარად, კაცობრიობა, ნებით თუ უნებლიედ ღვთის მოწინააღმდეგის, სატანა ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ ექცევა, რადგან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ვინაიდან ეს ვიცით, ჩვენთვის უკვე გასაგებია, თუ რატომ ხდება უბედურებები. სატანა ბოროტი, სიძულვილით სავსე, მატყუარა და დაუნდობელია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყნიერება თავისი მმართველის თვისებებს ირეკლავს. სწორედ რომ ამის შედეგია ამდენი ბოროტება.

      7. კიდევ რა მიზეზების გამო არსებობს უბედურებები?

      7 დღევანდელი მდგომარეობის მეორე მიზეზი ის არის, რომ ადამიანები არასრულყოფილები არიან. ცოდვილი ადამიანები ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან, რასაც შედეგად ომები, ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა მოჰყვება. მართლაც რომ ზუსტად ამბობს ეკლესიასტეს 8:9: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“. ამდენი უბედურების კიდევ ერთი მიზეზი „დრო და შემთხვევაა“ (ეკლესიასტე 9:11). ადამიანი შეიძლება სადმე ცუდ დროს აღმოჩნდეს და შემთხვევითობამ იმსხვერპლოს.

      8, 9. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ნამდვილად აღელვებს ჩვენი მდგომარეობა?

      8 მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ უბედურებები იეჰოვას მიზეზით არ ხდება. და მაინც, აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა? ჩვენდა სასიხარულოდ, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია! ღმერთს რომ აღელვებს ჩვენი მდგომარეობა, იქიდან ვიცით, რომ ის თავის სიტყვაში გვიხსნის მიზეზებს, რომელთა გამოც კაცობრიობას არასწორი გზით სიარულის ნება მისცა. ეს მიზეზები დაკავშირებულია ორ უმნიშვნელოვანეს საკამათო საკითხთან, რომლებიც ეხება ღვთის უზენაესობას და ადამიანთა ერთგულებას. იეჰოვა ყოვლისშემძლე შემოქმედია და ამიტომ არ არის ვალდებული, აგვიხსნას იმის მიზეზები, თუ რატომ უშვებს ტანჯვას, მაგრამ ის ამას მაინც აკეთებს, რადგან ვუყვარვართ და მას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა.

      9 შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი დაინტერესებულია ჩვენი მდგომარეობით. როდესაც ნოეს დროს დედამიწა ბოროტებით აივსო, ღმერთს „გული ეტკინა“ (დაბადება 6:5, 6). ნუთუ დღეს განსხვავებული დამოკიდებულება ექნება მას? არა, რადგან იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). ღმერთს სძულს ყოველგვარი უსამართლობა და ის არაა გულგრილი, როდესაც ადამიანთა ტანჯვას ხედავს. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი მალე ადამიანთა მმართველობითა და ეშმაკის გავლენით გამოწვეული ყოველგვარი ზიანის კვალს წაშლის. განა ეს აშკარად არ მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთს აღელვებს ჩვენი მდგომარეობა?!

      10. რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც ადამიანთა ტანჯვას ხედავს?

      10 სასულიერო პირები ღვთის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა ამბობენ, რომ მისი ნებით გვატყდება ცხოვრებაში უბედურებები. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას სურს, ბოლო მოუღოს ადამიანთა ტანჯვას. „ის ზრუნავს თქვენზე“, — ნათქვამია 1 პეტრეს 5:7-ში. სწორედ ამას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში!

      რატომ ვარსებობთ?

      11. რას ასწავლიან ხშირად მსოფლიო რელიგიები იმაზე, თუ რატომ ვარსებობთ და რა მომავალი გველის?

      11 ახლა შევეხოთ მეორე კითხვას, რომლითაც ბევრი ადამიანია დაინტერესებული: რატომ ვარსებობთ? მსოფლიო რელიგიები ასწავლიან, რომ ადამიანი დედამიწას მხოლოდ დროებით ევლინება და შემდეგ სადღაც სხვაგან განაგრძობს სიცოცხლეს. ზოგიერთი სასულიერო პირის აზრით, ღმერთი ერთ „მშვენიერ“ დღეს ჩვენს პლანეტას გაანადგურებს. ასეთი სწავლებების შედეგად ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოკვდებიან და ჯობს, ცხოვრებაში არაფერი მოიკლონ. მაგრამ რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში იმის შესახებ, თუ რატომ ვარსებობთ?

      12—14. რას გვასწავლის ბიბლია ღვთის განზრახვის შესახებ?

      12 ღმერთს შესანიშნავი განზრახვა აქვს დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით. მას დედამიწა „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). უფრო მეტიც, იეჰოვამ ‘მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ’ (ფსალმუნი 104:5). კაცობრიობის მიმართ ღვთის განზრახვის ცოდნა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ვართ აქ, დედამიწაზე.

      13 წიგნ „დაბადების“ პირველ ორ თავში ვხედავთ, რომ ღმერთმა ბევრი რამ გააკეთა, რათა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად მოემზადებინა. შემოქმედებითი პერიოდის დასასრულს ყველაფერი „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ღმერთმა პირველ მამაკაცსა და ქალს საცხოვრებლად მისცა საუცხოო ადგილი, ედემის ბაღი, სადაც უხვად იყო სასარგებლო საკვები. პირველ წყვილს ღმერთმა უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“. მათ უნდა ჰყოლოდათ სრულყოფილი შვილები, სამოთხის ფარგლები უფრო და უფრო უნდა გაეფართოებინათ, სანამ მთელი დედამიწა სამოთხედ არ გადაიქცეოდა და ამავე დროს ცხოველებზეც უნდა ეზრუნათ (დაბადება 1:26—28).

      14 იეჰოვას კვლავაც სურს, რომ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრობდნენ სრულყოფილი ადამიანები. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). დიახ, ადამიანები გაიხარებენ მარადიული ცხოვრებით სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. სწორედ ეს არის ღვთის განზრახვა და ამას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.

      რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

      15. რას ასწავლის მსოფლიოს რელიგიათა უმეტესობა იმაზე, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

      15 ახლა პასუხი გავცეთ მესამე კითხვას, რომელიც მრავალს აინტერესებს: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მსოფლიოს რელიგიათა უმეტესობა თავის მიმდევრებს ასწავლის, რომ ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. ზოგ რელიგიურ მიმდინარეობაში კი დღემდე ამბობენ, რომ ღმერთი ბოროტ ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიული ტანჯვით სჯის. მართლა ასეა ეს? რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში სიკვდილთან დაკავშირებით?

      16, 17. ბიბლიის თანახმად, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?

      16 ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ“. ყურადღება მიაქციეთ, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“ — მათ არ შეუძლიათ მოსმენა, დანახვა, ლაპარაკი და ფიქრი, მათ არც საზღაური მიეზღვებათ. ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელია! ისინი აღარ არსებობენ! გარდა ამისა, „ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მეტად აღარ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა (ეკლესიასტე 9:5, 6, 10).

      17 ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის პასუხი მარტივი და გასაგებია — მკვდრები არსად არ აგრძელებენ სიცოცხლეს. ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ არ არსებობს ისეთი რამ, რაც გარდაისახება, ანუ ახლიდან დაიბადება სხვა სხეულში, როგორც ეს ზოგს სწამს. მაგალითისთვის, ჩვენი სიცოცხლე შეგვიძლია სანთლის ალს შევადაროთ: როდესაც სანთელს ვაქრობთ, ალი არსად არ მიდის. ის უბრალოდ აღარ არსებობს.

      18. რა დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ბიბლიის შემსწავლელი, როდესაც იგებს, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ?

      18 დაფიქრდით, თუ რას ნიშნავს ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. როდესაც ბიბლიის შემსწავლელი იგებს, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ, ის შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ, თუ გარდაცვლილ წინაპარს სიცოცხლის დროს მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ახლა აღარ უნდა ეშინოდეს მისი. გარდა ამისა, შემსწავლელი მალევე დაინახავს, რომ მის გარდაცვლილ ახლობლებს არ შეუძლიათ მოსმენა, დანახვა, ლაპარაკი, ფიქრი ან რამის შეგრძნება. ამიტომ შეუძლებელია, რომ ისინი განსაწმენდელში აუტანელი მარტოობით იტანჯებოდნენ ან ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდნენ. ბიბლია გვასწავლის, რომ ის გარდაცვლილები, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში არიან, აღდგებიან. რა შესანიშნავი იმედია! (იოანე 5:28, 29).

      ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი ახალი წიგნი

      19, 20. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია და რა დამხმარე საშუალება გვაქვს ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად?

      19 ჩვენ შევეხეთ მხოლოდ სამ კითხვას იმ მრავალი კითხვიდან, რომლებიც ბევრს აინტერესებს. სამივე შემთხვევაში დავინახეთ, რომ ბიბლიის პასუხები ნათელი და მარტივია. ჩვენ მართლაც დიდ სიხარულს გვანიჭებს, როდესაც ასეთ საკითხებზე ჭეშმარიტებას ვუზიარებთ ადამიანებს, რომელთაც სურთ იცოდნენ, რას გვასწავლის ბიბლია! მაგრამ არის კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, რომლებზეც გულწრფელი ადამიანები საჭიროებენ დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღებას. ჩვენ, ქრისტიანებს, გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ ხალხს, მიიღონ პასუხები ასეთ კითხვებზე.

      20 მაგრამ ადვილი არაა, ერთდროულად მარტივადაც და ნათლადაც ვასწავლოთ ადამიანებს ჭეშმარიტება, და თან ისე, რომ ეს მათთვის მიმზიდველი იყოს. ამ მიზნის მისაღწევად, ერთგულმა და გონიერმა მონამ მოამზადა ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაცია მსახურებაში გამოსაყენებლად (მათე 24:45—47). ეს არის 224-გვერდიანი წიგნი სათაურით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

      21, 22. რომელია წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ ზოგიერთი თავისებურება?

      21 იეჰოვას მოწმეების 2005 წლის საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთისმოსაწონი მორჩილება“, გამოცემულ ამ წიგნს მრავალი თავისებურება აქვს. მაგალითად, ამ წიგნს აქვს ხუთგვერდიანი შესავალი, რომელიც დაგვეხმარება შესწავლების დაწყებაში. თქვენთვის საკმაოდ ადვილი იქნება შესავალში მოცემული სურათებისა და იქვე მითითებული მუხლების განხილვა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შესავალში მოცემული ჩარჩო იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლება ბიბლიაში თავებისა და მუხლების მოძებნა.

      22 ეს წიგნი მარტივად და გასაგებად არის დაწერილი. წიგნი ისეა შედგენილი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შემსწავლელის ჩართვა განხილვაში, რათა ინფორმაცია მის გულს შეეხოს. ყველა თავის შესავალში დასმულია კითხვები, ბოლოში კი მოცემულია ჩარჩო სათაურით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ამ ჩარჩოში მოცემულია პასუხები შესავალში დასმულ კითხვებზე. წიგნში მოცემული სურათები, თანდართული წარწერები და მაგალითები ბიბლიის შემსწავლელს დაეხმარება, რომ ადვილად ჩასწვდეს ახალ აზრებს. მართალია, ამ წიგნის ძირითადი ტექსტი საკმაოდ მარტივია, მაგრამ მას ბოლოში აქვს დანართი, რომელიც 14 მნიშვნელოვანი საკითხის საკმაოდ ღრმად განხილვის საშუალებას მოგცემთ, თუ შემსწავლელისთვის საჭირო იქნება დამატებითი ინფორმაცია.

      23. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ეს წიგნი მსახურებაში?

      23 წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ისეა მომზადებული, რომ დაგვეხმაროს სხვადასხვა განათლებისა და რელიგიური წარსულის მქონე ადამიანთა სწავლებაში. თუ შემსწავლელი საერთოდ არ იცნობს ბიბლიას, შეიძლება თითო თავი რამდენიმე ნაწილად დავყოთ, ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გავიაროთ. ეცადეთ, მასალა ისე გადასცეთ, რომ შემსწავლელის გულს შეეხოს. თუ მას წიგნში მოცემული რომელიმე მაგალითი არ ესმის, გასაგებად აუხსენით ან სხვა მაგალითი მოუყვანეთ. კარგად მოემზადეთ, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ეს წიგნი. ღმერთს ლოცვით დახმარება სთხოვეთ, რომ ‘სწორად გადასცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’ (2 ტიმოთე 2:15).

      იყავით მადლიერნი უდიდესი პატივისთვის

      24, 25. რა უდიდესი პატივი არგუნა იეჰოვამ თავის ხალხს?

      24 თავის ხალხს იეჰოვამ უდიდესი პატივი არგუნა. მან ჭეშმარიტება გაგვიმხილა საკუთარი თავის შესახებ. ეს ჩვენ არასდროს არ უნდა გავაუბრალოოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა თავის განზრახვას თავმდაბლებს უმჟღავნებს, ქედმაღლებისთვის კი ის დაფარულია. იესომ თქვა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (მათე 11:25). მართლაც იშვიათი პატივია იმ თავმდაბალ ადამიანთა შორის ყოფნა, რომლებიც სამყაროს უზენაეს მმართველს, იეჰოვა ღმერთს ემსახურებიან.

      25 იეჰოვა იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ სხვებს მის შესახებ ვასწავლოთ. გახსოვდეთ, რომ ისინი, ვინც იეჰოვას შესახებ სიცრუეს ასწავლიან, ხალხს მასზე არასწორ წარმოდგენას უქმნიან. ამიტომ მრავალ ადამიანს ღმერთზე მცდარი შეხედულება აქვს; ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი გულგრილი და უმოწყალოა. ხართ მზად იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ სიმართლის დაცვას? გსურთ, რომ გულწრფელმა ადამიანებმა ჭეშმარიტება იცოდნენ ღვთის შესახებ? მაშ, ყოველმხრივ ეცადეთ, გამოავლინოთ ღვთისმოსაწონი მორჩილება და გულმოდგინედ მიიღოთ მონაწილეობა ქადაგებისა და სწავლების საქმეში, რათა სხვებს გავაგებინოთ, რას ამბობს ბიბლია მნიშვნელოვან საკითხებზე. ჭეშმარიტებას მოწყურებულ ხალხს დახმარება სჭირდება, რათა გაიგონ, რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.

  • დაეხმარეთ სხვებს, მიჰყვნენ ბიბლიის სწავლებებს
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 იანვარი
    • დაეხმარეთ სხვებს, მიჰყვნენ ბიბლიის სწავლებებს

      „კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, ვინც კარგი და კეთილი გულით მოისმინა სიტყვა, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“ (ლუკა 8:15).

      1, 2. ა) რა მიზნით გამოიცა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ ბოლო წლებში თავისი ხალხის ძალისხმევა მოწაფეების მოსამზადებლად?

      „შესანიშნავი წიგნია! მეც და მათაც, ვისაც ბიბლიას ვასწავლი, ძალიან მოგვწონს ის. ამ წიგნით კართანვე შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება“. ასეთი აზრი გამოთქვა ერთმა პიონერმა წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“a ამავე პუბლიკაციის შესახებ ერთმა ხანდაზმულმა მაუწყებელმა თქვა: „50 წლის განმავლობაში მრავალს დავეხმარე იეჰოვას გაცნობაში. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი განსაკუთრებულია. მასში მოცემული სურათები და მაგალითები ძალიან ეფექტურია“. თქვენ რას იტყოდით ამ წიგნზე? ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი ეს პუბლიკაცია დაგეხმარებათ, მიჰყვეთ იესოს მოწოდებას: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).

      2 იეჰოვას გულს უხარებს იმის ხილვა, რომ დაახლოებით 6,6 მილიონი ადამიანი, რომლებიც მას ემსახურებიან, მზადყოფნით მიჰყვებიან იესოს მითითებას და ამზადებენ მოწაფეებს (იგავები 27:11). აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა აკურთხებს მათ ძალისხმევას. მაგალითად, 2005 სამსახურებრივი წლის განმავლობაში სასიხარულო ცნობა 235 ქვეყანაში ვრცელდებოდა და, საშუალოდ, ბიბლიის 6 061 500-ზე მეტი შესწავლა ტარდებოდა. ამის წყალობით მრავალმა ‘მოისმინა ღვთის სიტყვა და მიიღო იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა’ (1 თესალონიკელები 2:13). გასული ორი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ცხოვრება იეჰოვას ნორმებს შეუსაბამა, გახდა ქრისტეს მოწაფე და ღმერთს თავი მიუძღვნა.

      3. რა კითხვებს შევეხებით ამ სტატიაში ახალ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით?

      3 გაქვთ ვინმესთან ბიბლიის შესწავლა? მსოფლიოში ჯერ კიდევ არიან „კარგი და კეთილი გულის“ ადამიანები, რომლებიც ღვთის სიტყვის მოსმენის შემდეგ ‘დაიცავენ მას და მოთმინებით გამოიღებენ ნაყოფს’ (ლუკა 8:11—15). მოდი ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოწაფეების მომზადების საქმეში. ამ განხილვისას ჩვენ სამ კითხვას შევეხებით: 1) როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის დაწყება? 2) სწავლების რა მეთოდებია განსაკუთრებით ეფექტური? 3) როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს, გახდეს არა მხოლოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შემსწავლელი, არამედ — მასწავლებელიც?

      როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის დაწყება?

      4. რატომ იკავებს ზოგი თავს ბიბლიის შესწავლისგან და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ?

      4 ვინმემ რომ გითხრათ დიდ გუბეს გადაახტითო, ალბათ თავს შეიკავებდით. მაგრამ თუ გადასასვლელად იქ ქვები იქნებოდა ჩალაგებული, უფრო გაბედავდით. შეიძლება ადამიანმაც დროის უკმარისობის გამო თავი შეიკავოს ბიბლიის შესწავლის დაწყებისგან. ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ ბიბლიის შესწავლას დიდი დრო უნდა გამოუყოს. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას? წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“ დაფუძნებული რამდენიმე მოკლე, შინაარსიანი საუბრით თქვენ შეძლებთ, ასეთ ადამიანთან რეგულარულად ჩაატაროთ ბიბლიის შესწავლა. თქვენი კარგი მომზადების შედეგად თითოეული მონახულება შემსწავლელისთვის იქცევა „გადასასვლელ ქვად“, რომელიც მას იეჰოვასთან დააახლოებს.

      5. რატომ არის საჭირო, რომ კარგად იცნობდეთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია“?

      5 მაგრამ, ვიდრე სხვას დაეხმარებოდეთ ამ წიგნით, თავადვე კარგად უნდა გაეცნოთ მის შინაარსს. უკვე წაიკითხეთ წიგნი ბოლომდე? ზღვაზე დასასვენებლად წასულმა ერთმა წყვილმა თან წაიღო ეს წიგნი და იქ კითხულობდა მას. ერთმა ქალმა, რომელსაც პლაჟზე სხვადასხვა რამე დაჰქონდა გასაყიდად, შეამჩნია წიგნის სათაური „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მან ამ ცოლ-ქმარს უთხრა, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ ღმერთს ლოცვით მიმართა და სთხოვა, დახმარებოდა, რომ ზუსტად ამ კითხვაზე გაეგო პასუხი. წყვილმა სიხარულით მისცა ამ ქალს ეს წიგნი. ‘გამოისყიდეთ დრო’ ამ წიგნის თუნდაც მეორედ წასაკითხად, როცა ვინმეს ელოდებით ან სკოლასა თუ სამსახურში შესვენება გაქვთ (ეფესოელები 5:15, 16). თუ ასე აკეთებთ, უკეთ გაეცნობით ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ამ სახელმძღვანელოს და ხელიდან არ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ სხვებს ამ წიგნის შესახებ ესაუბროთ.

      6, 7. როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის დაწყება წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია“?

      6 მსახურების დროს ეცადეთ, ეფექტურად გამოიყენოთ მე-4—6 გვერდებზე მოცემული სურათები, იქვე მითითებული მუხლები და კითხვები. მაგალითად, საუბარი შეგიძლიათ შემდეგნაირად დაიწყოთ: „თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ პრობლემას, რასაც კაცობრიობა ხვდება, თქვენი აზრით, სად უნდა ვეძებოთ საიმედო ხელმძღვანელობა?“ მას შემდეგ, რაც ყურადღებით მოისმენთ მოსაუბრის პასუხს, წაუკითხეთ მას 2 ტიმოთეს 3:16, 17 და აუხსენით, რომ ბიბლია კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზას გვიჩვენებს. შემდეგ მობინადრის ყურადღება გაამახვილეთ მე-4 და მე-5 გვერდებზე და ჰკითხეთ: „სურათზე ასახული პრობლემებიდან რომელი გაწუხებთ ყველაზე მეტად?“ როდესაც მობინადრე ერთ-ერთ მათგანზე მიგითითებთ, წიგნი მას დააჭერინეთ, თავად კი ბიბლიიდან ამოუკითხეთ თანდართული მუხლი. შემდეგ წაიკითხეთ მე-6 გვერდზე მოცემული მასალა და შეეკითხეთ მობინადრეს, ამ გვერდზე ჩამოთვლილი ექვსი კითხვიდან რომლის პასუხი აინტერესებს. როდესაც მობინადრე ამ კითხვებიდან ერთ-ერთს დაასახელებს, წიგნიდან უჩვენეთ შესაბამისი თავი, დაუტოვეთ წიგნი და კონკრეტულად შეუთანხმდით, თუ როდის მიხვალთ და იმსჯელებთ ამ საკითხზე.

      7 ზემოაღწერილ შეთავაზებას დაახლოებით ხუთი წუთი დასჭირდება. ამ რამდენიმე წუთში თქვენ გაიგებთ, რა აწუხებს მობინადრეს, წაუკითხავთ და აუხსნით მას ორ მუხლს და საფუძველს ჩაუყრით განმეორებით მონახულებას. მობინადრესთან ხანმოკლე საუბარი და თქვენი მანუგეშებელი სიტყვები, რომელთა მსგავსი მას შესაძლოა დიდი ხანია არავისგან სმენია, მისთვის შეიძლება ძალიან გამამხნევებელი აღმოჩნდეს. შედეგად, დაკავებული ადამიანიც კი სიამოვნებით დაგელოდებათ, რათა მომავალში კიდევ რამდენიმე წუთი დაგითმოთ; თქვენ კი შესაძლებლობა მოგეცემათ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინოთ იმ „გზაზე, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს“ ადამიანები (მათე 7:14). რაც უფრო გაუღრმავდება მობინადრეს ინტერესი, შესწავლის ხანგრძლივობაც დროთა განმავლობაში უნდა გაიზარდოს. ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, თუ მობინადრეს შესთავაზებთ, რომ ჩამოსხდეთ და შესწავლას ცოტა მეტი დრო დაუთმოთ.

      სწავლებისთვის განსაკუთრებით ეფექტური მეთოდები

      8, 9. ა) როგორ შეგიძლიათ მოამზადოთ ბიბლიის შემსწავლელი დაბრკოლებების გადასალახავად? ბ) სად შეიძლება რწმენის განმამტკიცებელი „ცეცხლგამძლე მასალის“ პოვნა?

      8 როდესაც ადამიანი ბიბლიიდან ნასწავლის გამოყენებას იწყებს, ის ალბათ ისეთ დაბრკოლებებსაც შეხვდება, რომლებმაც შეიძლება მისი წინსვლა შეაფერხოს. პავლე მოციქულმა თქვა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). პავლემ ასეთი განსაცდელები შეადარა ცეცხლს, რომელიც ანადგურებს უხარისხო მასალას, მაგრამ ვერაფერს ვნებს ოქროს, ვერცხლსა და ძვირფას ქვებს (1 კორინთელები 3:10—13; 1 პეტრე 1:6, 7). ბიბლიის შემსწავლელს ისეთი თვისებების განვითარებაში რომ დაეხმაროთ, რომლებიც განსაცდელებს აატანინებს, რწმენა „ცეცხლგამძლე მასალით“ უნდა „აშენებინოთ“.

      9 „იეჰოვას სიტყვებს“ ფსალმუნმომღერალი ადარებს ‘მიწის ღუმელში შვიდჯერ გაწმენდილ ხალას ვერცხლს’ (ფსალმუნი 12:6). ბიბლიაში მოცემულია ყველანაირი „ძვირფასი მასალა“, რომელიც რწმენას განგვიმტკიცებს (ფსალმუნი 19:7—11; იგავები 2:1—6). წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ ნაჩვენებია, როგორ შეიძლება ბიბლიის ეფექტურად გამოყენება.

      10. როგორ შეგიძლიათ შემსწავლელის ყურადღება ბიბლიაზე მიმართოთ?

      10 შესწავლის დროს დაინტერესებულს ყურადღება გაუმახვილეთ თითოეულ თავში ციტირებულ მუხლებზე. კითხვების საშუალებით დაეხმარეთ შემსწავლელს, ჩასწვდეს ძირითად ბიბლიურ მუხლებს და პირადად გამოიყენოს ისინი. თქვენ არ უნდა უკარნახოთ მას, რა გადაწყვეტილებები მიიღოს და რა ცვლილებები მოახდინოს ცხოვრებაში. ნაცვლად ამისა, მიჰბაძეთ იესოს. როდესაც კანონში ჩახედულმა ერთმა კაცმა მას კითხვა დაუსვა, იესომ მიუგო: „კანონში რა წერია? რას კითხულობ?“ მამაკაცმა იესოს წმინდა წერილებიდან უპასუხა, იესომ კი დაანახვა მას, როგორ გამოეყენებინა ეს პრინციპი ცხოვრებაში. მაგალითის საშუალებით იესომ ისიც უჩვენა, თუ რა გავლენა უნდა მოეხდინა ამ სწავლებას თვით ამ მამაკაცზე (ლუკა 10:25—37). წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოცემულია მრავალი მარტივი მაგალითი, რომელთა საშუალებითაც დაეხმარებით შემსწავლელს, ბიბლიური პრინციპები პრაქტიკაში გამოიყენოს.

      11. რა ოდენობის მასალა უნდა გაიაროთ ერთ შეხვედრაზე?

      11 იესო მარტივად გადასცემდა რთულ აზრებს. ამ წიგნშიც მარტივი და გასაგები ენით არის ახსნილი ღვთის სიტყვა (მათე 7:28, 29). მიჰბაძეთ იესოს! ინფორმაცია მარტივად, გასაგებად და ზუსტად გადაეცით. სწრაფად ნუ გაივლით მასალას. ნაცვლად ამისა, გაითვალისწინეთ შემსწავლელის მდგომარეობა თუ უნარი და ამის მიხედვით განსაზღვრეთ, რამდენ აბზაცს განიხილავთ თითო შეხვედრაზე. იესომ იცოდა თავისი მოწაფეების შესაძლებლობები და იმაზე მეტი არ უთქვამს მათთვის, რაც იმ დროს აუცილებელი იყო, რომ სცოდნოდათ (იოანე 16:12).

      12. როგორ შეიძლება დანართის გამოყენება?

      12 წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოცემულია 14 თემისგან შემდგარი დანართი. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, როგორ შეიძლება შემსწავლელისთვის ამ მასალის საუკეთესოდ გადაცემა. მაგალითად, თუ ძველი რელიგიური შეხედულებების გამო ბიბლიის შემსწავლელს უჭირს ამა თუ იმ სწავლებასთან დათანხმება და მრავალი კითხვაც აქვს, შეიძლება საკმარისი იყოს, დანართში უჩვენოთ კონკრეტული საკითხი, რათა მან დამოუკიდებლად გამოიკვლიოს ის. მეორე მხრივ კი, შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო უმჯობესი იყოს, მასთან ერთად გაიაროთ ეს მასალა. დანართში განხილულია ისეთი ძირითადი ბიბლიური სწავლებები, როგორიცაა «რას ნიშნავს სიტყვა „სული“?» და «რა არის „დიდი ბაბილონი“?» შეიძლება საჭიროდ ჩათვალოთ შემსწავლელთან ერთად ამ საკითხების განხილვა. რადგან დანართში მოცემულ თემებს თანდართული კითხვები არა აქვს, თქვენ კარგი მომზადება გჭირდებათ, რომ დაინტერესებულს გააზრებული კითხვები დაუსვათ.

      13. რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი რწმენის გასაძლიერებლად?

      13 „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები“, — ნათქვამია ფსალმუნის 127:1-ში. ამიტომ, როდესაც ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად წინასწარ ემზადებით, იეჰოვას სთხოვეთ დახმარება ლოცვაში. შესწავლის დასაწყისში და დასასრულს წარმოთქმული ლოცვებით დაანახვეთ შემსწავლელს, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ იეჰოვასთან. აღძარით შემსწავლელი, ლოცვით მიმართოს იეჰოვას და სთხოვოს სიბრძნე მისი სიტყვის გასაგებად და ძალა, რომ ცხოვრებაში გამოიყენოს ნასწავლი (იაკობი 1:5). თუ ის ასე მოიქცევა, შემსწავლელი ძალებს მოიკრებს განსაცდელების ასატანად და რწმენას განიმტკიცებს.

      დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს, გახდეს მასწავლებელი

      14. რა მხრივ უნდა წაიწიოს წინ ბიბლიის შემსწავლელმა?

      14 თუ ბიბლიის შემსწავლელი ცდილობს, შეასრულოს „ყველაფერი“, რაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, ის ღვთის სიტყვის მხოლოდ შემსწავლელი კი არ უნდა დარჩეს, არამედ მასწავლებელიც უნდა გახდეს (მათე 28:19, 20; საქმეები 1:6—8). რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ამ მხრივ დაეხმაროთ შემსწავლელს?

      15. რატომ უნდა აღძრათ შემსწავლელი, რომ დაესწროს ქრისტიანულ შეხვედრებს?

      15 შემსწავლელი პირველი შესწავლისთანავე დაპატიჟეთ კრებაზე. აუხსენით მას, რომ შეხვედრები ქრისტიანებს ეხმარება, ღვთის სიტყვის მასწავლებლები იყვნენ. რამოდენიმე კვირის განმავლობაში თითოეული შესწავლის ბოლოს რამდენიმე წუთი დაუთმეთ, რომ აუხსნათ, რა სულიერ დასწავლებას იღებთ კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე. ხალისით ილაპარაკეთ, რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის ასეთ შეხვედრებს (ებრაელები 10:24, 25). თუ შემსწავლელი შეხვედრებზე დასწრებას დაიწყებს, მეტი ალბათობაა, რომ ის ღვთის სიტყვის მასწავლებელი გახდეს.

      16, 17. რა მიზნების დასახვა და მიღწევა შეუძლია შემსწავლელს?

      16 დაეხმარეთ შემსწავლელს, რომ ისეთი მიზნები დაისახოს, რომელთა მიღწევასაც შეძლებს. მაგალითად, წაახალისეთ, რომ ნასწავლი მეგობარს ან ნათესავს გაუზიაროს. მოუწოდეთ, რომ მიზნად ბიბლიის წაკითხვაც დაისახოს. თუ ბიბლიის კითხვას ის ჩვევად გაიხდის, ეს მომავალშიც, მონათვლის შემდეგაც, დაეხმარება მას. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ ბიბლიის შემსწავლელს ვურჩევთ, მიზნად დაისახოს თუნდაც ერთი ბიბლიური მუხლის დამახსოვრება, რომელიც პასუხს სცემს წიგნის თითოეულ თავში დასმულ ძირითად კითხვას. თუ ბიბლიის შემსწავლელი ამ ყოველივეს მხედველობაში მიიღებს, ის გახდება „მოსაწონი მუშა, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმოთე 2:15).

      17 ბიბლიის შემსწავლელს ასწავლეთ, რომ მასთან საუბრისას, ვინც რწმენის შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვს, არა მხოლოდ ბიბლიური მუხლი მოიყვანოს, არამედ ახსნას კიდეც მისი მნიშვნელობა. ამაში შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს ისეთი სიტუაციის გათამაშება, რომელშიც თქვენ მისი ნათესავის ან თანამშრომლის როლში გამოხვიდოდით, ის კი ამა თუ იმ სწავლებას აგიხსნიდათ. ასწავლეთ მას, როგორ გიპასუხოთ „რბილად და ღრმა პატივისცემით“ (1 პეტრე 3:15).

      18. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შემსწავლელს მას შემდეგაც, როცა ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდება?

      18 დროთა განმავლობაში შემსწავლელი შეიძლება სულიერად გაიზარდოს და სამქადაგებლო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. დაანახვეთ, რომ დიდი პატივია მსახურებაში მონაწილეობა (2 კორინთელები 4:1, 7). თუ შემსწავლელი უხუცესებთან გასაუბრებას გაივლის და მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, დაეხმარეთ მას მოამზადოს მარტივი შეთავაზება და ერთად წადით მსახურებაში. რეგულარულად ითანამშრომლეთ მასთან მსახურების სხვადასხვა სფეროში. ასწავლეთ, როგორ მოემზადოს განმეორებითი მონახულებისთვის და როგორ გააკეთოს ის ეფექტურად. კარგი მაგალითით დადებით გავლენას მოახდენთ მასზე (ლუკა 6:40).

      „შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“

      19, 20. რა მიზანი უნდა დავისახოთ და რატომ?

      19 უდავოდ, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4). ცხოვრებაში არც ისე ბევრ რამეს შეუძლია ისეთი სიხარულის მონიჭება, როგორიც იმის დანახვას, რომ შემსწავლელი ბიბლიის სწავლებებს მიჰყვება (1 თესალონიკელები 2:19, 20). მართლაც დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ ვიყოთ „ღვთის თანამშრომელნი“ და მონაწილეობა მივიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში (1 კორინთელები 3:9).

      20 იესო ქრისტესა და ძლევამოსილი ანგელოზების მეშვეობით იეჰოვა მალე პასუხს მოსთხოვს მათ, „ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:6—8). ადამიანების სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. მიზნად დაისახეთ, რომ სულ მცირე ერთ შესწავლას მაინც ატარებდეთ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით „შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმოთე 4:16). დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, რათა მიჰყვნენ ბიბლიის სწავლებებს.

      [სქოლიო]

      a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება