საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გეამაყებოდეთ, რომ ქრისტიანები ხართ!
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 თებერვალი
    • გეამაყებოდეთ, რომ ქრისტიანები ხართ!

      „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“ (1 კორინთელები 1:31).

      1. რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს რელიგიის მიმართ?

      „აპათეიზმი“. რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმა კომენტატორმა ახლახან გამოიყენა ეს სიტყვა იმის აღსაწერად, თუ რა დამოკიდებულება აქვს მრავალს საკუთარი რწმენის მიმართ. მან თქვა: «საყოველთაოდ გავრცელებული ტენდენცია, რომელიც თანამედროვე რელიგიებში შეინიშნება, სულაც არ არის რელიგიური ხასიათის; ეს უფრო ეხება რელიგიისადმი ადამიანების დამოკიდებულებას, რომელიც აღიწერება სიტყვით „აპათეიზმი“». ამ სიტყვის მნიშვნელობა მან შემდეგნაირად განმარტა: „[აპათეიზმი არის] საკუთარი რელიგიისადმი გულგრილი დამოკიდებულება“. მისი სიტყვების თანახმად, მრავალ ადამიანს „სწამს ღმერთი . . . მაგრამ გულგრილნი არიან მის მიმართ“.

      2. ა) რატომ არ არის გასაკვირი, რომ ხალხი სულიერი საკითხებისადმი გულგრილობას ავლენს? ბ) რა საშიშროებას უქმნის გულგრილობა ჭეშმარიტ ქრისტიანებს?

      2 ბიბლიის შემსწავლელებს არ უკვირთ, როდესაც მსგავს გულგრილობას ხედავენ (ლუკა 18:8). რელიგიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მოსალოდნელიცაა. ცრუ რელიგიას უკვე დიდი ხანია, რაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანები და იმედს უცრუებს მათ (გამოცხადება 17:15, 16). მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის საშიშროებას წარმოადგენს ყველგან გამეფებული გულგრილობა და გულმოდგინების ნაკლებობა. არ უნდა დავუშვათ, რომ რწმენისადმი დაუდევარი დამოკიდებულება განგვივითარდეს და ღვთის მსახურებისა თუ ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი გულმოდგინება დავკარგოთ. იესომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ლაოდიკეელი ქრისტიანები გააფრთხილა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ყოფილიყვნენ ნელთბილნი: „არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! . . . ნელთბილი ხარ“ (გამოცხადება 3:15—18).

      ვიცოდეთ, ვინ ვართ

      3. რატომ უნდა გვეამაყებოდეს, რომ ქრისტიანები ვართ?

      3 სულიერი საკითხებისადმი გულგრილი დამოკიდებულება რომ დასძლიონ, ღვთის მსახურებს უნდა ესმოდეთ, ვინ არიან და უნდა ეამაყებოდეთ, რომ ქრისტიანები არიან. როგორც იეჰოვას მსახურები და ქრისტეს მიმდევრები, ბიბლიაში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ ვის წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ იეჰოვას „მოწმენი“, „ღვთის თანამშრომელნი“, რადგან სხვებს „სასიხარულო ცნობას“ ვუზიარებთ (ესაია 43:10; 1 კორინთელები 3:9; მათე 24:14). ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც ‘გვიყვარს ერთმანეთი’ (იოანე 13:34). ჭეშმარიტი ქრისტიანები ის ადამიანები ვართ, რომლებიც ‘ვიყენებთ აღქმის უნარს და გაწაფული გვაქვს ის კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14). ჩვენ ვართ „მნათობები ქვეყნიერებაში“ (ფილიპელები 2:15). ჩვენ ვცდილობთ, რომ ‘კვლავაც კარგად მოვიქცეთ ქვეყნიერებაში’ (1 პეტრე 2:12; 2 პეტრე 3:11, 14).

      4. როგორ შეუძლიათ იეჰოვას თაყვანისმცემლებს განსაზღვრონ, თუ ვინ არ არიან ისინი?

      4 იეჰოვას ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა ასევე იციან, თუ ვინ არ არიან ისინი. „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“, ისევე როგორც მათი ხელმძღვანელი, იესო ქრისტე, არ იყო ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 17:16). ისინი გამოყოფილნი არიან ‘გონებადაბნელებული და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებული’ ხალხებისგან (ეფესოელები 4:17, 18). ამიტომ როგორც იესოს მიმდევრები, ისინი ‘უარყოფენ უღმერთოებასა და ქვეყნიურ სურვილებს და ახლანდელ სისტემაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრობენ’ (ტიტე 2:12).

      5. რა იგულისხმება სიტყვებში ‘იეჰოვათი ვიამაყოთ’?

      5 იმის ნათლად დანახვა, თუ ვინ ვართ და რა ურთიერთობა გვაქვს სამყაროს უზენაეს მმართველთან, აღგვძრავს, რომ ‘იეჰოვათი ვიამაყოთ’ (1 კორინთელები 1:31). რა სიამაყეზეა აქ საუბარი? ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, ვამაყობთ, რომ იეჰოვაა ჩვენი ღმერთი. ჩვენ ვითვალისწინებთ რჩევას: „თუ დაიკვეხნის [ვინმე], დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე“ (იერემია 9:23, სსგ). ჩვენ ‘ვიკვეხნით’ ანუ ვამაყობთ იმით, რომ ვიცნობთ ღმერთს და ის სხვების დასახმარებლად გვიყენებს.

      ეს ადვილი არ არის

      6. რატომ არის ზოგისთვის რთული ქრისტიანული მეობის შენარჩუნება?

      6 ცხადია, ადვილი არ არის ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, თუ ვინ ვართ. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, იხსენებს, რომ მის ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც სულიერად მოსუსტდა: „დროდადრო ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ არ მესმოდა, რატომ ვიყავი იეჰოვას მოწმე. ჭეშმარიტებას ბავშვობიდან მასწავლიდნენ. ზოგჯერ მეგონა, რომ ეს მხოლოდ ერთ–ერთი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობა იყო“. სხვებმა შეიძლება გართობის სამყაროს, მასმედიასა და ცხოვრებაზე თანამედროვე უღვთო შეხედულებებს მისცეს საშუალება, გავლენა მოახდინოს მათ ქრისტიანულ მეობაზე (ეფესოელები 2:2, 3). ზოგმა ქრისტიანმა ზოგჯერ შეიძლება ეჭვი შეიტანოს საკუთარ ძალებში და ფასეულობები თუ მიზნები ხელახლა გადააფასოს.

      7. ა) როგორი თვითშემოწმებაა მართებული ღვთის მსახურებისთვის? ბ) სად იმალება საფრთხე?

      7 არის თუ არა რაიმე ცუდი იმაში, რომ დროდადრო საკუთარი თავი საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ? არა. თქვენ შეიძლება გახსოვთ, რომ პავლე მოციქული მოუწოდებდა ქრისტიანებს, გამოეკვლიათ საკუთარი თავი: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, გამოეკვლიათ, რაიმე სულიერი სისუსტე ხომ არ განუვითარდათ; ეს კი იმ მიზნით უნდა გაეკეთებინათ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ნაბიჯები გადაედგათ. ქრისტიანი, რომელიც იკვლევს საკუთარ თავს და ადგენს, არის თუ არა რწმენაში, უნდა აკვირდებოდეს, შეესაბამება თუ არა მისი სიტყვები და საქმეები მის რწმენას. მაგრამ სულიერად მომაკვდინებელი გავლენა შეიძლება იქონიოს იმან, თუ არასწორად ვიკვლევთ საკუთარ თავს და ვცდილობთ, საკუთარი „მეს“ ისეთი წყაროებიდან დანახვას, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ იეჰოვასა და ქრისტიანულ კრებასთანa. დაე არასოდეს დავუშვათ, რომ ‘რწმენა ხომალდივით დაგვემსხვრეს’ (1 ტიმოთე 1:19).

      ქრისტიანები არ არიან დაზღვეულნი ეჭვებისგან

      8, 9. ა) როგორ გამოავლინა მოსემ, რომ საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებოდა? ბ) როგორ გამოეხმაურა იეჰოვა მოსეს სიტყვებს? გ) რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც იეჰოვას მხარდაჭერის გამომხატველ სიტყვებს კითხულობთ?

      8 უნდა იფიქრონ ქრისტიანებმა, რომლებსაც დროდადრო საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებათ, რომ არაფერში გამოდგებიან? რა თქმა უნდა, არა! მათთვის შეიძლება მანუგეშებელი იყოს იმის ცოდნა, რომ მსგავსი გრძნობები სხვებსაც ჰქონიათ. ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მოწმეებისთვისაც არ ყოფილა უცხო ეს გრძნობა. მაგალითად, მოსე გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი რწმენით, ერთგულებითა და თავდადებით. მაგრამ როდესაც მას, ერთი შეხედვით, რთული დავალება მიეცა, საკუთარ თავში დაეჭვებულმა თქვა: „მე ვინა ვარ?“ (გამოსვლა 3:11). ალბათ, ამ კითხვაზე მისი პასუხი ასეთი იყო: ‘მე არაფერს წარმოვადგენ!’ ან ‘მე ვერ შევძლებ ამას!’ შეიძლება მოსეს ცხოვრებიდან გარკვეულმა მომენტებმა განაპირობა, რომ ის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა — ის დამონებული ერის შვილი იყო; თავად ისრაელებმაც უარყვეს იგი; მოსე აგრეთვე ენაბლუ იყო (გამოსვლა 1:13, 14; 2:11—14; 4:10). ის მწყემსი იყო; ამ საქმიანობას კი ეგვიპტელები სისაძაგლედ მიიჩნევდნენ (დაბადება 46:34). გასაკვირი არ არის, რომ ის საკუთარ თავს უღირსად თვლიდა, ყოფილიყო ღვთის ხალხის განმათავისუფლებელი!

      9 იეჰოვა ორ რამეს დაჰპირდა მოსეს, რითაც მას გულდაჯერებულობა შეჰმატა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, მე რომ მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე“ (გამოსვლა 3:12). იეჰოვამ საკუთარ ძალებში დაეჭვებულ თავის მსახურს უთხრა, რომ არ მიატოვებდა მას. გარდა ამისა, იეჰოვამ მასთან აღნიშნა, რომ უსათუოდ გაათავისუფლებდა თავის ერს. საუკუნეების განმავლობაში ღმერთმა არაერთი მსგავსი განმამტკიცებელი დაპირება მისცა თავის ხალხს. მაგალითად, აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ ისრაელებს ღმერთმა მოსეს მეშვეობით უთხრა: „გამაგრდით და განმტკიცდით . . . თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს“ (მეორე რჯული 31:6). იეჰოვამ მსგავსად განამტკიცა იესო ნავეს ძეც: „ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე . . . ვიქნები შენთან. არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ“ (იესო ნავეს ძე 1:5). იეჰოვა ქრისტიანებსაც ჰპირდება: „არასოდეს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5). ასეთი მტკიცე მხარდაჭერის მქონეთ, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ქრისტიანები ვართ!

      10, 11. რა დაეხმარა ლევიან ასაფს სწორი თვალსაზრისი შეენარჩუნებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ღირდა იეჰოვასთვის მსახურება?

      10 მოსეს დროიდან დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ, ერთგული ლევიანი ასაფი გულწრფელად წერდა იმის შესახებ, რომ ეჭვი შეეპარა, ღირდა თუ არა სამართლიანი გზებით სიარული. განსაცდელებისა და ცდუნებების მიუხედავად, ასაფი დიდ ძალისხმევას ახმარდა ღვთის მსახურებას, მაგრამ ამავე დროს ხედავდა, რომ ღვთის დამცინავი ხალხი უფრო ძლიერდებოდა და მეტ წარმატებას აღწევდა. რა გავლენა მოახდინა ამან ასაფზე? „მე კი — კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, — აღიარა მან, — კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები! რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას“. მას ეჭვი შეეპარა იმაში, ღირდა თუ არა იეჰოვასთვის თაყვანისცემა. „ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე სიწმიდით ხელები, — ფიქრობდა ის. — და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე“ (ფსალმუნები 72:2, 3, 13, 14).

      11 როგორ გაუმკლავდა ასაფი ამ შემაწუხებელ ფიქრებს? უგულებელყო მან ისინი? არა. 72–ე ფსალმუნის თანახმად, მან თავისი გრძნობები ღვთისადმი ლოცვაში გამოხატა. ტაძრის საწმიდარში მისვლამ მასზე დიდი გავლენა იქონია. იქ ყოფნისას, მან დაინახა, რომ არ არსებობდა ღვთის მსახურებაზე უკეთესი გზა. სულიერი ხედვის აღდგენის შემდეგ ის მიხვდა, რომ იეჰოვას სძულს ბოროტება და თავის დროზე ბოროტები დაისჯებიან (ფსალმუნები 72:17—19). ასაფმა კვლავ დაინახა, რა დიდი პატივი იყო იეჰოვასთვის ერთგულად მსახურება და, რას ნიშნავდა, ყოფილიყო ღვთის მსახური. მან ღმერთს უთხრა: „მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ“ (ფსალმუნები 72:23, 24). ასაფი ისევ ამაყობდა ღმერთით (ფსალმუნები 33:3).

      მათ კარგად ესმოდათ, თუ ვინ იყვნენ

      12, 13. მოიყვანეთ იმ ბიბლიურ პერსონაჟთა მაგალითები, რომლებსაც ეამაყებოდათ იეჰოვასთან ურთიერთობა.

      12 ერთ–ერთი საშუალება, რომ გვესმოდეს, ვინ ვართ, არის, გამოვიკვლიოთ და მივბაძოთ იმ ერთგულ თაყვანისმცემელთა რწმენას, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, აფასებდნენ ღმერთთან ურთიერთობას. განვიხილოთ იაკობის ძის, იოსების მაგალითი, რომელიც ადრეულ ასაკში მუხანათურად გაყიდეს მონად და ეგვიპტეში წაიყვანეს. ამგვარად ის ღვთისმოშიში მამისგან და თბილი, მზრუნველი ოჯახური კერისგან ასობით კილომეტრით მოშორებული აღმოჩნდა. ეგვიპტეში ყოფნის დროს, იოსებს გვერდით არ ჰყავდა ისეთი ადამიანი, ვინც ღვთისმოსაწონ რჩევებს მისცემდა და მას მარტოს უწევდა ისეთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება, რომლებიც ცდიდა მის ზნეობასა და ღმერთზე მინდობას. მიუხედავად ამისა, ის აშკარად დიდ ძალისხმევას ახმარდა, შეენარჩუნებინა ღვთის მსახურისთვის დამახასიათებელი თვისებები და ერთგულად ეკეთებინა ის, რაც სწორი იყო. იოსები მტრულად განწყობილ გარემოშიც კი ამაყობდა, რომ იეჰოვას მსახური იყო და უყოყმანოდ გამოთქვამდა თავის შეხედულებებს (დაბადება 39:7—10).

      13 რვაასი წლის შემდეგ, ტყვეობაში მყოფ ებრაელ გოგონას, რომელიც სირიელ სარდალს, ნაყამანს ემსახურებოდა, არ დავიწყებია, რომ იეჰოვას მსახური იყო. როცა საშუალება მიეცა, მან გაბედულად დაამოწმა იეჰოვას შესახებ იმით, რომ ელია ჭეშმარიტი ღვთის წინასწარმეტყველად მოიხსენია (4 მეფეთა 5:1—19). წლების შემდეგ ახალგაზრდა მეფე იოშიაჰუმ, მიუხედავად იმისა, რომ გახრწნილ გარემოში ცხოვრობდა, რელიგიური ცვლილებები მოახდინა, შეაკეთა ღვთის ტაძარი და ხალხი იეჰოვასკენ შემოაბრუნა. ის ამაყობდა თავისი რწმენით და თაყვანისმცემლობით (2 ნეშტთა, თავები 34, 35). ბაბილონში გადასახლებულ დანიელსა და მის სამ ებრაელ მეგობარს არ დავიწყებიათ, თუ ვინ იყვნენ და წინააღმდეგობებისა და ზეწოლის მიუხედავად, ერთგულები დარჩნენ. ცხადია, მათ ეამაყებოდათ, რომ იეჰოვას ემსახურებოდნენ (დანიელი 1:8—20).

      გეამაყებოდეთ, რომ ღვთის მსახურები ხართ

      14, 15. რას ნიშნავს, ვიამაყოთ იმით, რომ ქრისტიანები ვართ?

      14 ღვთის ეს მსახურები წარმატებულები იყვნენ, რადგან ისინი მართებულად ამაყობდნენ ღმერთთან თავიანთი ურთიერთობით. რა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენზე? რას ნიშნავს ვიამაყოთ იმით, რომ ქრისტიანები ვართ?

      15 ძირითადად, ეს ნიშნავს, დიდად მადლიერნი ვიყოთ იმის გამო, რომ იმ ხალხს შორის ვართ, რომლებიც იეჰოვას სახელით იწოდებიან, ღვთის კურთხევებს იღებენ და მისი მოწონებით სარგებლობენ. ღმერთმა დანამდვილებით იცის, თუ ვინ არის მისი მსახური. მოციქული პავლე, რომელიც რელიგიური ქაოსის დროს ცხოვრობდა, წერდა: „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმოთე 2:19; რიცხვნი 16:5). იეჰოვა ამაყობს თავისი ხალხით. ის ამბობს: „თქვენი შემხებარე [ჩემი] თვალის გუგის შემხებარეა“ (ზაქარია 2:8). ცხადია, იეჰოვას ვუყვარვართ. ჩვენც იეჰოვასთან ურთიერთობა მისდამი ღრმა სიყვარულზე უნდა დავაფუძნოთ. პავლე მოციქულმა აღნიშნა: „ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორინთელები 8:3).

      16, 17. რატომ უნდა ამაყობდნენ ახალგაზრდები თუ უფროსი ასაკის ადამიანები თავიანთი სულიერი მემკვიდრეობით?

      16 ახალგაზრდებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეებად აღიზარდნენ, უნდა გამოიკვლიონ, ხდება თუ არა უფრო მტკიცე მათი ქრისტიანული პოზიცია ღმერთთან პირადი ურთიერთობის საფუძველზე. ამ ურთიერთობის გაღრმავება შეუძლებელია მხოლოდ მშობლების რწმენაზე იყოს დამოკიდებული. პავლე ღვთის თითოეული მსახურის შესახებ წერდა: „დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა“. შემდეგ მან განაგრძო: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:4, 12). ცხადია, რომ მხოლოდ ოჯახური ტრადიციის გულგრილად მიყოლა ვერ შეგანარჩუნებინებთ ღმერთთან ახლო, ხანგრძლივ ურთიერთობას.

      17 მთელი ისტორიის განმავლობაში იეჰოვას ყოველთვის ჰყავდა მოწმეები. მოწმეთა ეს ჯაჭვი იწყება დაახლოებით 60 საუკუნის წინ მცხოვრები ერთგული მამაკაციდან, აბელიდან, და გრძელდება თანამედროვე მოწმეებით, „უამრავი ხალხითა“ და იმ ადამიანებით, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდებიან და მარადიულად იცხოვრებენ (გამოცხადება 7:9; ებრაელები 11:4). ჩვენ ამ თაყვანისმცემელთა გრძელი ჯაჭვის ბოლოში ვართ. მართლაც, რა მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა გვაქვს!

      18. როგორ განგვასხვავებს ქვეყნიერებისგან ჩვენი ფასეულობები და ნორმები?

      18 ვიყოთ ქრისტიანები ასევე ნიშნავს, გვქონდეს ისეთი ფასეულობები, თვისებები და ნორმები, რომლებიც ქრისტიანებისთვის არის დამახასიათებელი. ეს არის ცხოვრებაში წარმატების მომტანი ერთადერთი და ღვთისმოსაწონი გზა (საქმეები 9:2; ეფესოელები 4:22—24). ქრისტიანებო, „ყველაფერი შეამოწმეთ“ და „კარგს ჩაეჭიდეთ“! (1 თესალონიკელები 5:21). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობასა და ქვეყნიერებას შორის, რომელიც ღმერთისგან გაუცხოებულია, დიდი განსხვავებაა. იეჰოვა საშუალებას აძლევს ადამიანებს, აშკარად დაინახონ ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის სხვაობა. მალაქია წინასწარმეტყველის მეშვეობით ის ამბობს: „კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის“ (მალაქია 3:18).

      19. რას არ გამოავლენენ არასოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანები?

      19 რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ვიამაყოთ იეჰოვათი, რა დაგვეხმარება ამ არეულ წუთისოფელში კვლავაც ‘დავიკვეხნოთ’ მისით და ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, ვინა ვართ? ამასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები მოცემულია მომდევნო სტატიაში. მათი განხილვისას დარწმუნებულნი იყავით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არასოდეს გამოავლენენ აპათეიზმს.

      [სქოლიოები]

      a აქ საუბარია საკუთარი თავის მხოლოდ სულიერობის მხრივ გამოკვლევაზე. არის შემთხვევები, რომლებიც ფსიქიკის მოშლილობასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად კვალიფიციური დახმარებაა საჭირო.

  • არ დავკარგოთ ქრისტიანული მეობა!
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 თებერვალი
    • არ დავკარგოთ ქრისტიანული მეობა!

      «„თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“ — ამბობს უფალი» (ესაია 43:10).

      1. როგორ ადამიანებს იზიდავს იეჰოვა?

      სამეფო დარბაზში ყოფნისას ყურადღებით მიმოიხედეთ ირგვლივ. ვინ არიან აქ შეკრებილნი? თქვენ დაინახავთ ახალგაზრდებს, რომლებიც ყურადღებით ისმენენ ბიბლიურ სიბრძნეს (ფსალმუნები 148:12, 13). აქვე არიან ოჯახისთავებიც, რომლებიც ცდილობენ ასიამოვნონ ღმერთს, თუმცა ცხოვრობენ მსოფლიოში, სადაც ოჯახური ცხოვრება დღითი დღე უარესდება. ან შეიძლება შენიშნოთ ხანდაზმულები, რომლებიც ერთგულად განაგრძობენ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებას, თუმცა ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ (იგავები 16:31). მათ ყველას ძალიან უყვარს იეჰოვა. იეჰოვა კი სიამოვნებით იღებს მათ. ღვთის ძემ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მოიზიდა“ (იოანე 6:37, 44, 65).

      2, 3. რატომ შეიძლება იყოს რთული, კარგად გვახსოვდეს, თუ ვინა ვართ?

      2 განა მოხარულები არა ვართ, რომ იმ ხალხს მივეკუთვნებით, რომლებიც იეჰოვას მოწონებით სარგებლობენ და მის კურთხევებს იღებენ? მაგრამ ამ ‘ძნელად ასატან დროში’, ადვილი არ არის ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, თუ ვინა ვართ (2 ტიმოთე 3:1). ეს განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახებში იზრდებიან. „მართალია ვესწრებოდი ქრისტიანულ შეხვედრებს“, — აღიარებს ერთი ახალგაზრდა, — მაგრამ არანაირი კონკრეტული სულიერი მიზანი არ მქონდა დასახული და, გულახდილად რომ ვთქვა, არც იეჰოვასადმი მსახურების სურვილი მამოძრავებდა“.

      3 მართალია, ზოგს სურს, გულწრფელად ემსახუროს იეჰოვას, მაგრამ შესაძლოა თანატოლების, წუთისოფლისა და ცოდვილი მიდრეკილებების გავლენით, მათი ყურადღება სხვა რამეზე იქნას გადატანილი. ასეთმა ზეწოლამ შეიძლება ადამიანს თანდათანობით დააკარგვინოს ქრისტიანული მეობა. მაგალითად, ქვეყნიერებაში მრავალი მიიჩნევს, რომ დღევანდელობისთვის ბიბლიური ნორმები მოძველებულია და მათი დაცვა — შეუძლებელი (1 პეტრე 4:4). ზოგი კი ფიქრობს, რომ აუცილებელი არ არის, ღმერთს ისე ვემსახუროთ, როგორც ის მოითხოვს (იოანე 4:24). ეფესოელების მიმართ წერილში პავლე ლაპარაკობს ქვეყნიერების შესახებ, რომელსაც აქვს „სული“ ანუ მასში გარკვეული სულისკვეთება მეფობს (ეფესოელები 2:2). ეს სული დიდ ზეწოლას ახდენს თითოეულზე, რათა ყველამ იმ ადამიანებივით იფიქროს, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ.

      4. როგორ გაუსვა ხაზი იესომ იმის აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ქრისტიანული მეობა?

      4 მაგრამ ჩვენ, იეჰოვასთვის მიძღვნილ მსახურებს, გვესმის, რომ ძალიან სამწუხარო იქნებოდა, რომელიმე ჩვენგანს — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს — ქრისტიანული მეობა დაგვეკარგა. ქრისტიანულ მეობაზე სწორი შეხედულება ღვთის ნორმებისა და მისი მოთხოვნების საფუძველზე უნდა ავაგოთ. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ მის ხატად ვართ შექმნილნი (დაბადება 1:26; მიქა 6:8). ბიბლია ჩვენს ქრისტიანულ მეობას ტანსაცმელს ადარებს, რომელსაც ყველა ხედავს. ჩვენ დროსთან დაკავშირებით იესო გვაფრთხილებდა: „აი, ქურდივით მოვდივარ. ბედნიერია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის ტანსაცმელს, რათა შიშველმა არ იაროს და მისი სასირცხო არ დაინახონ“a (გამოცხადება 16:15). ჩვენ არ გვსურს, რომ „გავიხადოთ“ ქრისტიანული თვისებები და მაღალზნეობრივი ნორმები და სატანის ქვეყნიერებას იმის საშუალება მივცეთ, რომ თავის ყალიბში მოგვაქციოს. ეს თუ მოხდებოდა, „ტანსაცმლის“ გარეშე დავრჩებოდით, რაც სამწუხარო და სამარცხვინო იქნებოდა.

      5, 6. რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება?

      5 როდესაც კარგად გვესმის, თუ ვინა ვართ, ეს დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. როგორ? თუ იეჰოვას თაყვანისმცემელს ნათლად არ ახსოვს, ვინ არის, მას შეიძლება ყურადღება მოუდუნდეს და კონკრეტული გეზის აღებისა თუ მიზნისკენ სწრაფვის გარეშე დინებას მიჰყვეს. ბიბლია არაერთხელ გვაფრთხილებს ასეთი მერყეობის შესახებ. „ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, — წერდა მოწაფე იაკობი, — ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს. ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან რამეს მიიღებს. ასეთი კაცი მერყევია, არამდგრადია ნებისმიერ საქმეში“ (იაკობი 1:6—8; ეფესოელები 4:14; ებრაელები 13:9).

      6 როგორ შეგვიძლია ქრისტიანული მეობის შენარჩუნება? რა დაგვეხმარება უკეთესად ჩავწვდეთ იმას, თუ რა დიდი პატივია, ვიყოთ უზენაესის თაყვანისმცემლები? განვიხილოთ შემდეგი საშუალებები.

      შეინარჩუნეთ ქრისტიანული მეობა

      7. რატომ არის აუცილებელი, ვთხოვოთ იეჰოვას, რომ ‘გამოგვცადოს’?

      7 განუწყვეტლივ განიმტკიცეთ იეჰოვასთან ურთიერთობა. ყველაზე ძვირფასი განძი, რაც შეიძლება ქრისტიანს ჰქონდეს, ღმერთთან პირადი ურთიერთობაა (ფსალმუნები 25:14, აქ [24:14]; იგავები 3:32). თუ ეჭვები გვიჩნდება ჩვენს ქრისტიანულ მეობასთან დაკავშირებით, საჭიროა გამოვიკვლიოთ, რამდენად მტკიცეა ეს ურთიერთობა. ფსალმუნმომღერალი მართებულად ევედრებოდა იეჰოვას: „გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი“ (ფსალმუნები 25:2). რატომ არის ასეთი გამოკვლევა მნიშვნელოვანი? რადგან ჩვენ თავად სათანადოდ ვერ შევაფასებთ, თუ რა მოტივები გვაქვს გულის სიღრმეში და რა გვამოძრავებს. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ბოლომდე დაინახოს, როგორი ადამიანები ვართ შინაგანად — რა მოტივები, აზრები და გრძნობები გვაქვს (იერემია 17:9, 10).

      8. ა) რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს იეჰოვას მიერ დაშვებულმა გამოცდებმა? ბ) რა დახმარება მიიღეთ თქვენ, როგორც ქრისტიანმა, რათა სულიერად გაზრდილიყავით?

      8 როდესაც იეჰოვას ვევედრებით, გამოგვიკვლიოს, ამით ფაქტობრივად ვთხოვთ, რომ გამოგვცადოს. მან შეიძლება დაუშვას, ისეთ სიტუაციებში მოვხვდეთ, რომლის დროსაც გამოვლინდება ჩვენი ნამდვილი მოტივები და გულის მდგომარეობა (ებრაელები 4:12, 13; იაკობი 1:22—25). ჩვენ სიხარულით უნდა ვხვდებოდეთ ასეთ გამოცდებს, რადგან ისინი საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ ის, თუ რამდენად ერთგულები ვართ იეჰოვასი. ამით შეიძლება გამოჩნდეს, ვართ თუ არა ‘სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გვაკლია’ (იაკობი 1:2—4). გამოცდების დროს, ჩვენ შეგვიძლია სულიერად გავიზარდოთ (ეფესოელები 4:22—24).

      9. არის თუ არა აუცილებელი, თავად დავრწმუნდეთ ბიბლიის ჭეშმარიტებაში? ახსენით.

      9 თავად დარწმუნდით ბიბლიის ჭეშმარიტებაში. საფუძვლიანი ბიბლიური ცოდნის გარეშე, ნათელი წარმოდგენა არ გვექნება, თუ ვინა ვართ (ფილიპელები 1:9, 10). თითოეული ქრისტიანი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, საჭიროა დარწმუნდეს, რომ მისი რწმენა ნამდვილად ბიბლიურ ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული. პავლე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „ყველაფერი შეამოწმეთ; კარგს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელები 5:21). ახალგაზრდებს, რომლებიც ღვთისმოშიშ ოჯახებში იზრდებიან, უნდა ესმოდეთ, რომ მშობლების რწმენით ვერ იცხოვრებენ. დავითი თავის ძეს, სოლომონს, მოუწოდებდა: ‘იცოდე მამაშენის ღმერთი და მთელი გულით ემსახურე მას’ (1 ნეშტთა 28:9). ახალგაზრდა სოლომონისთვის საკმარისი არ იქნებოდა, რომ მხოლოდ ეყურებინა, როგორ ივითარებდა მამამისი იეჰოვასადმი რწმენას. მას თავად უნდა გაეცნო იეჰოვა და ის ასეც მოიქცა. იგი ღმერთს ევედრებოდა: „სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე“ (2 ნეშტთა 1:10).

      10. რატომ არ არის მიუღებელი, თუ ვინმე გულწრფელად, სწორი აღძვრებიდან გამომდინარე, სვამს კითხვებს?

      10 ძლიერი რწმენა ცოდნაზეა დაფუძნებული. „რწმენა მოსმენილის მეშვეობით მოდის“, — განაცხადა პავლემ (რომაელები 10:17). რას გულისხმობდა ის? პავლე ამბობდა, რომ ღვთის სიტყვის შესწავლით ჩვენ ვძლიერდებით რწმენაში, უფრო მეტად ვენდობით იეჰოვასა და მის ორგანიზაციას და გვჯერა მისი დანაპირების. ბიბლიასთან დაკავშირებით გულწრფელი კითხვების დასმით დამაჯერებელი პასუხების მიღების შესაძლებლობა გვექმნება. რომაელების 12:2-ში ვკითხულობთ პავლეს რჩევას: ‘დარწმუნდით, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი’ (რომაელები 12:2). როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა? ‘ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის’ მიღებით (ტიტე 1:1). იეჰოვას წმინდა სულს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ რთულ საკითხებსაც კი ჩავწვდეთ (1 კორინთელები 2:11, 12). როდესაც ესა თუ ის საკითხი კარგად არ გვესმის, დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ (ფსალმუნები 118:10, 11, 27). იეჰოვას სურს, რომ გავიგოთ მისი სიტყვა, გვჯეროდეს, რაც იქ წერია და შევასრულოთ მასში მოცემული მოთხოვნები. მას უხარია, როცა ვინმე გულწრფელად, სწორი აღძვრებიდან გამომდინარე, სვამს კითხვებს.

      მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ასიამოვნოთ ღმერთს

      11. ა) რა ბუნებრივი სურვილის მახეში შეიძლება გავებათ? ბ) როგორ შევძლებთ მოვიკრიბოთ ძალები და გავუძლოთ თანატოლების ზეგავლენას?

      11 ეცადეთ ასიამოვნოთ ღმერთს და არა ადამიანს. ბუნებრივია, გვსურდეს, რომ სხვებმა გვაღიარონ. ყველას სჭირდება მეგობრები და ის, რომ რომელიმე წრეში თავს კარგად გრძნობდეს. მოზარდობის ასაკში და მოგვიანებითაც, თანატოლების ზეგავლენა შეიძლება ძალიან დიდი იყოს, რაც იმის სურვილს აძლიერებს, რომ ადამიანმა მიბაძოს ან ასიამოვნოს სხვებს. მაგრამ მეგობრები და თანატოლები შეიძლება ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ არ იღვწოდნენ. ზოგს ვიღაცა მხოლოდ ცუდ საქმეებში თანამზრახველად სჭირდება (იგავები 1:11—19). როცა ქრისტიანი თანატოლების უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ის, ჩვეულებრივ, ცდილობს დამალოს, რომ ღვთის მსახურია (ფსალმუნები 25:4). „ნუღარ იცხოვრებთ ამ სისტემის ყაიდაზე“, — გვაფრთხილებს პავლე მოციქული (რომაელები 12:2, „იერუსალიმის ბიბლია“). იეჰოვა გვაძლევს შინაგან ძალებს, რომ გავუძლოთ ნებისმიერ ზეწოლას (ებრაელები 13:6).

      12. რა პრინციპი და მაგალითი დაგვეხმარება ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნებაში?

      12 როდესაც უარყოფითი გავლენა ჩვენს ქრისტიანულ მეობას საფრთხეს უქმნის, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისადმი ერთგულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი აზრი თუ უმრავლესობის შეხედულებები. გამოსვლის 23:2-ში ჩაწერილია პრინციპი, რომელიც დაგვიცავს: „ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში“. როცა ისრაელთა უმრავლესობას ეჭვი შეეპარა იმაში, შეასრულებდა თუ არა იეჰოვა თავის დანაპირებს, ქალებ იეფუნის ძემ მტკიცედ გადაწყვიტა, არ აჰყოლოდა უმრავლესობას. ის დარწმუნებული იყო, რომ ღვთის აღთქმები შესრულდებოდა, რისთვისაც უხვად დაჯილდოვდა (რიცხვნი 13:31; იესო ნავეს ძე 14:6—11). გსურთ თუ არა თქვენც, არ მოექცეთ საზოგადოებაში გავრცელებული თვალსაზრისის გავლენის ქვეშ, რათა ღმერთთან ურთიერთობა შეინარჩუნოთ?

      13. რატომ არის გონივრული, ყველამ იცოდეს, თუ ვინა ვართ?

      13 არ დამალოთ, თუ ვინა ხართ. სიტყვები „შეტევაზე გადასვლა საუკეთესო თავდაცვაა“, მართლდება მაშინაც, როდესაც ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ქრისტიანული მეობა. ეზრას დღეებში ერთგულმა ისრაელებმა, რომლებიც ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ იეჰოვას ნების შესრულებაში ხელის შემშლელებს, თქვეს: „ჩვენ ვართ მსახურნი ცისა და მიწის ღმერთისა“ (ეზრა 5:11). თუ მტრულად განწყობილი ხალხის რეაქცია და კრიტიკა ჩვენზე გავლენას მოახდენს, შეიძლება შიშმა მოქმედების უნარი დაგვაკარგვინოს. თუ ყოველთვის გვსურს, რომ ყველას ვასიამოვნოთ, ამით ვერაფერს მივაღწევთ. ასე რომ, ნუ შეგიპყრობთ შიში. ყოველთვის საჭიროა, ყველას ნათლად გააგებინოთ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. თქვენ შეგიძლიათ პატივისცემით, მაგრამ მტკიცედ აუხსნათ სხვებს, რა არის თქვენთვის ფასეული და რა გწამთ; ასევე გამოხატოთ თქვენი ქრისტიანული პოზიცია. დაე სხვებისთვისაც ნათელი იყოს, რომ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა. დაე იცოდნენ, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებთ. ყველასთვის ცხადი გახადეთ, რომ გეამაყებათ ზნეობრივი სიწმინდის დაცვა (ფსალმუნები 63:11). ქრისტიანული სიმტკიცის გამოვლენა, თავადაც გაგაძლიერებთ, დაგიცავთ და სხვებსაც აღძრავს იმისაკენ, რომ გაიგონ იეჰოვასა და მისი ხალხის შესახებ.

      14. უნდა გაგვიტეხოს გული დაცინვამ ან წინააღმდეგობამ? ახსენით.

      14 შესაძლებელია, ვინმემ დაგცინოთ ან წინააღმდეგობა გაგიწიოთ (იუდა 18). გულს ნუ გაიტეხთ, თუ თქვენი პოზიციის ახსნის შემდეგ სხვებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ (ეზეკიელი 3:7, 8). რაც უნდა მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, ვერასოდეს დაარწმუნებთ იმ ადამიანს, ვისაც არ უნდა, რომ დარწმუნდეს. გაიხსენეთ ფარაონი. ვერანაირმა სასჯელმა თუ სასწაულმა — თვით საკუთარი პირმშოს სიკვდილმაც კი — ვერ დაარწმუნა ის, რომ მოსე იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა. ამიტომ კაცთმოშიშებას არ მისცეთ საშუალება, მოქმედების უნარი დაგაკარგვინოთ. იეჰოვაზე მინდობა და მისადმი რწმენა შიშის დაძლევაში დაგვეხმარება (იგავები 3:5, 6; 29:25).

      მომავალი წარსულ გაკვეთილებზე ააგეთ

      15, 16. ა) რა სულიერი მემკვიდრეობა გვაქვს? ბ) როგორ დაგვეხმარება ღვთის სიტყვის გამოყენებით სულიერ მემკვიდრეობაზე დაფიქრება?

      15 დააფასეთ სულიერი მემკვიდრეობა. ღვთის სიტყვის გამოყენებით ქრისტიანებს შეუძლიათ მდიდარი სულიერი მემკვიდრეობით სარგებლობა. ამ მემკვიდრეობაში შედის ჭეშმარიტება იეჰოვას სიტყვის შესახებ, მარადიული სიცოცხლის იმედი და პატივი, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და ამგვარად ღვთის წარმომადგენლები ვიყოთ. შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეებს შორის ანუ ისეთ ხალხს შორის საკუთარი თავის დანახვა, რომლებსაც სამეფოს შესახებ ქადაგებით ადამიანთა სიცოცხლის გადამრჩენი დავალება აქვთ დაკისრებული? გახსოვდეთ, თავად იეჰოვა ამბობს: „თქვენ ჩემი მოწმენი ხართ“ (ესაია 43:10).

      16 საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: რამდენად ძვირფასია ეს სულიერი მემკვიდრეობა ჩემთვის? ვაფასებ მას იმდენად, რომ ღვთის ნების შესრულებას ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებ? ვარ იმდენად მადლიერი ამ მემკვიდრეობისთვის, რომ მის შესანარჩუნებლად მზად ვარ, გავუძლო ნებისმიერ განსაცდელს? სულიერი მემკვიდრეობა სულიერი უსაფრთხოების გრძნობასაც გვინერგავს და ეს გრძნობა მხოლოდ იეჰოვას ორგანიზაციის წევრებს აქვთ (ფსალმუნები 90:1, 2). იეჰოვას ორგანიზაციის ისტორიიდან მნიშვნელოვანი მომენტები იმაში გვარწმუნებს, რომ ვერავინ და ვერაფერი მოსპობს იეჰოვას ხალხს (ესაია 54:17; იერემია 1:19).

      17. სულიერი მემკვიდრეობის გარდა, კიდევ რა არის საჭირო?

      17 ცხადია, მხოლოდ სულიერი მემკვიდრეობის იმედზე ვერ ვიქნებით. თითოეულმა ჩვენგანმა ღმერთთან ახლო ურთიერობა უნდა განვავითაროთ. მას შემდეგ, რაც დიდი ძალისხმევა მოახმარა ფილიპელ ქრისტიანთა რწმენის აღშენებას, პავლემ მათ მისწერა: „ამიტომ, ჩემო საყვარლებო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მხოლოდ ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ, უფრო მეტად, ჩემი არყოფნისას, კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12). ხსნის საკითხში სხვის იმედზე ვერ ვიქნებით.

      18. როგორ გვეხმარება ჩვენი ქრისტიანული საქმიანობა, უფრო მეტად შევიგრძნოთ, თუ ვინა ვართ?

      18 აქტიური მონაწილეობა მიიღეთ ქრისტიანულ საქმიანობაში. ცნობილია, რომ „ჩვენი საქმიანობა დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ ვართ“. დღეს ქრისტიანებს მნიშვნელოვანი დავალება აკისრიათ — მათ ღვთის უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა იქადაგონ. პავლემ თქვა: „რამდენადაც უცხოტომელთა მოციქული ვარ, ვადიდებ ჩემს მსახურებას“ (რომაელები 11:13). ამ წუთისოფლისგან ჩვენ ქადაგებით გამოვირჩევით და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ქრისტიანულ მეობას. ისეთ თეოკრატიულ საქმეებში აქტიურად მონაწილეობით, როგორიცაა: ქრისტიანული შეხვედრები, თაყვანისმცემლობის ადგილების მშენებლობა, გაჭირვებულთათვის დახმარების გაწევა და სხვა, უფრო მეტად შევიგრძნობთ, თუ ვინა ვართ (გალატელები 6:9, 10; ებრაელები 10:23, 24).

      ქრისტიანობას ნამდვილი კურთხევები მოაქვს

      19, 20. ა) რა სარგებლობა მოგიტანათ პირადად თქვენ იმან, რომ ქრისტიანი ხართ? ბ) რა განსაზღვრავს იმას, თუ ვინა ვართ?

      19 წარმოიდგინეთ, რა დიდი სარგებლობა და კურთხევები მოაქვს იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ. ჩვენ თავად იეჰოვა გვცნობს. წინასწარმეტყველმა მალაქიამ თქვა: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16). ღმერთი ჩვენ თავის მეგობრებად მიგვიჩნევს (იაკობი 2:23). ჩვენ ნათლად გვესმის ცხოვრების აზრი და ღირებული მიზნები გვაქვს, რაც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს. ღმერთი აგრეთვე მარადიულად ცხოვრების იმედს გვაძლევს (ფსალმუნები 36:9).

      20 თუ ვინა ვართ სინამდვილეში და რამდენად ძვირფასნი ვართ, ამას ღმერთი განსაზღვრავს და არა ის, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. სხვებმა შეიძლება ადამიანური საზომით გაგვზომონ. მაგრამ ღმერთს ვუყვარვართ და გვაფასებს, რაც იმის მტკიცე საფუძველს გვაძლევს, რომ ძვირფასნი ვართ — ჩვენ მისი საკუთრება ვართ (მათე 10:29—31). ჩვენც გვიყვარს ღმერთი, რითაც ცხადვყოფთ, თუ ვინა ვართ, და ეს წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. „ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორინთელები 8:3).

      [სქოლიოები]

      a ეს სიტყვები შეიძლება მიანიშნებდეს იერუსალიმის ტაძარში დარაჯების მეთაურის მოვალეობაზე. ღამის დარაჯობისას, ის დადიოდა ტაძრის ირგვლივ, რათა შეემოწმებინა, ფხიზლობდნენ თუ არა ლევიანი გუშაგები. თუ რომელიმე გუშაგს მძინარეს წაასწრებდნენ, მას ჯოხით სცემდნენ და შეეძლოთ დასჯის ნიშნად ტანსაცმელი დაეწვათ მისთვის, რაც სამარცხვინო იყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება