ქალაქის ცათამბჯენებიდან უდაბურ ტუნდრამდე — ყველა ადამიანთან
ვერაფერი ვნებდა მათ მგზნებარე სულს, ვერც წვიმა, ვერც თოვლი და სეტყვა, ვერც მგლები, პუმები და ვერც მტრულად განწყობილი ადამიანებით დასახლებული ტერიტორიები. განსაცვიფრებელი სისწრაფით მიაჭენებდნენ ცხენებს 3 000 კმ-ზე გადაჭიმულ ღია ტრამალებზე, კვეთდნენ აბობოქრებულ მდინარეებსა და ხევებს, რომ სასწრაფო ფოსტა მიეტანათ დასავლეთ სანაპირომდე. ვინ იყვნენ ისინი?
ისინი საფოსტო მომსახურების გაბედული, ახალგაზრდა მხედრები იყვნენa. რამ მიანიჭა ასეთი მგზნებარება ამ ახალგაზრდების სულს? ალბათ, დავალების სირთულემ, თავგადასავალმა და ფოსტის ადგილზე მიტანით გამოწვეულმა კმაყოფილების გრძნობამ. საინტერესოა, რომ ყოველ მხედარს უნაგირზე გადაკიდებულ ჩანთებში ფოსტასთან ერთად ედო ბიბლია.
საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ მთელ კანადაში უფრო ძლიერი მგზნებარე სული, ენთუზიაზმი და თავდადება გამოიჩინა 113 000-ზე მეტმა სამეფოს მაუწყებელმა. რა ამოქმედებთ მათ? ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული შთააგონებს მათ, რომ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება განაცხადონ სიტყვიერად თუ პუბლიკაციებით. ეს სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტება გაცილებით სასწრაფოა, ვიდრე ნებისმიერი ფოსტა, რომელსაც საფოსტო ცხენებზე ამხედრებულნი მიაქროლებდნენ. დიახ, ეს არის სწორედ იმ წმინდა ბიბლიის ძვირფასი ცნობა სამეფოს შესახებ, რომელიც მათ ჩანთებში ჰქონდათ (იგავნი 2:21, 22; ესაია 2:2–4; 61:2; მათე 22:37–39; 24:14).
იეჰოვასა და ადამიანების სიყვარულით
იეჰოვას მოწმეებს უყვართ სამეფოს შესახებ ადამიანებთან საუბარი. ამ საქმით დაკავებული არიან ქალაქის ცათამბჯენებში, ტუნდრის ტერიტორიაზე დაშორებულ დასახლებებში, აეროპორტებში, ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ან კიდევ ასევე ტელეფონით ქადაგით. რატომ ასე განსხვავებულ ადგილებში?
ცვალებადი ცხოვრების წესი, რაც ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობით არის გამოწვეული, საშინლად ართულებს ადამიანების სახლში ნახვას. უმეტეს შემთხვევაში, ცოლ-ქმარი, ორივე იმდენს მუშაობს ოჯახის ძირითადი მატერიალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რომ, ხშირად, უწევთ სულიერი მოთხოვნილებების უგულებელყოფა. ასეთ სტრესსა და რთულ მდგომარეობაში მათ უკიდურესად ესაჭიროებათ იმედის თბილი ცნობა. იეჰოვას მოწმეები ამას სიხარულით ეხმაურებიან. წინდახედულებითა და გულკეთილობით ისინი იყენებენ შემთხვევებს, რომ კეთილი ცნობა მიმზიდველად მიაწვდინონ ყველანაირ ადამიანს, ისე რომ, დააფიქრონ (1 ტიმოთე 2:3, 4).
სხვა ენებზე: როდესაც იესომ თავის მოწაფეებს უბრძანა ‘წასვლა და ხალხის მოწაფეებად’ გახდომა, მან გაითვალისწინა, ისიც, რომ საჭირო იყო ინიციატივის გამოჩენა და გამჭრიახობა ყველა ენის ადამიანებისთვის იმედის ცნობის მისაწოდებლად (მათე 28:19). სხვა ქვეყნების მსგავსად, კანადაშიც არის სხვადასხვა კულტურებისა და ენების კოლორიტი, ამიტომ სამეფოს ბევრმა მაუწყებელი მოერგო სიტუაციას და ისწავლა ახალი ენები.
მაგალითად, ერთმა წყვილმა, რომელიც ალბერტას ედმონტონში სრული დროით მსახურები არიან, დაინახა, რომ საჭირო იყო მათ ქალაქში მანდარინ-ჩინურზე მოსაუბრეებსაც დაკავშირებოდნენ. მაგრამ, უპირველესად, მათ ეს ენა უნდა ესწავლათ, ამიტომ დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელმაც ეს ენა იცოდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ სტუდენტს ენა ესწავლებინა მათთვის და მათ — ბიბლიის ჭეშმარიტება. ნამდვილად იდეალური სიტუაციაა! ორ წელიწადში ამ ორმა ერთგულმა მქადაგებელმა უკვე ისე იცოდა ენა, რომ შეეძლო ბიბლიური ჭეშმარიტება ამ ენაზე სხვებისთვის ესწავლებინა. ამავე დროს მათი მასწავლებელი-მოსწავლეც მზად იყო მოსანათლად.
ასეთი შემთხვევები სხვა ქალაქებშიცაა, რადგან სამეფოს მაუწყებლები სიყვარულით ამოქმედებულნი სწავლობენ ენებს, მაგალითად: ვიეტნამურს, პოლონურს, რუსულს.
გზატკეცილებზე: გასული საუკუნის საფოსტო ცხენების მხედრების მსგავსად, რომლებიც მარტო დააქროლებდნენ ცხენებს სამეფოს ზოგი მაუწყებელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში მარტო დააქროლებს სატვირთო მანქანას. მათი დროის უმეტესი ნაწილი ეთმობა სამსახურს, ბუჩქნარით დაფარულ ტერიტორიაზე ხის მორებით დატვირთული ძლიერი სატვირთო მანქანების მართვას ხე-ტყის გადასამუშავებელ ქარხნამდე მისაღწევად. მათთვის აუცილებელია რადიოგადამცემით მუდმივი კონტაქტი სხვა მძღოლებთან, რომ ერთმანეთს შეატყობინონ ტრანსპორტის მოძრაობა და სახიფათო ადგილები გზატკეცილზე.
ფანტაზიით მდიდარი სამეფოს მაუწყებლები თავიანთ რადიოგადამცემებს უნიკალურად იყენებენ. ისინი იწყებენ რადიოგადამცემით საუბარს უკანასკნელი ცნობების შესახებ. შემდეგ მოხერხებულად იმოწმებენ ბიბლიას. ერთხელ, სწორედ ასეთი საუბრის დროს ერთი მძღოლი დაინტერესდა, თუ რას ამბობდა ბიბლია მიცვალებულებზე და რა იმედი არსებობდა მათთვის (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). ის ძლიერ წუხდა გზატკეცილზე მეგობარი მძღოლის დაღუპვის გამო. მან დიდი მადლიერების გრძნობით გამოთქვა ბიბლიის სწავლის სურვილი და ახლა თვითონ აუწყებს თანამშრომლებსა და მეგობრებს კეთილ ცნობას. მოგვიანებით, მისდა სასიხარულოდ, მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა დაღუპული მეგობრის ქვრივთან. რა დიდი ჯილდოა, როცა იჩენ ინიციატივას, სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტება ასეთი უჩვეულო მეთოდით გააგებინო სხვებს.
საჰაერო გზებით: როდესაც საქმე ეხება ჭეშმარიტების ძვირფასი ცნობის გავრცელებას, სამეფოს ენთუზიაზმით აღსავსე მაუწყებლები მიდიან ყველგან, სადაც კი ადამიანები ეგულებათ, პატარა თვითმფრინავებით მიფრინავენ ‘სოფლებში შესასვლელად’ (მათე 10:11, 12). რამდენიმე ხნის წინ, ორი თვითმფრინავით, ენთუზიაზმით სავსე, მქადაგებლები კეთილი ცნობის საუწყებლად საკუთარი ხარჯებით გადაფრინდნენ ტუნდრის ვრცელ უდაბურ ადგილებში მიმოფანტული ადამიანების სანახავად. ორივე თვითმფრინავმა მარშუტით 3 000 კილომეტრზე იფრინა და დაეშვა 14 სხვადასხვა დასახლებაში, რომლებიც ჩრდილოეთის პოლარულ წრეზე 250 კილომეტრზე იყვნენ განლაგებული. დაუღალავი მაუწყებლები შვიდი დღის განმავლობაში ინახულებდნენ დიდი დისტანციებით იზოლირებულ ადამიანებს.
ჰქონდა ყოველივე ამას რაიმე აზრი? წარმოიდგინე, რა შესანიშნავი გავლენა მოახდინა ბიბლიის ცნობამ იქ მცხოვრებლებზე. მაუწყებლები, რომლებიც მათთან მივიდნენ, დაეხმარნენ, დაეკმაყოფილებინათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი მოთხოვნილება, როდესაც გააცნეს იეჰოვას განზრახვა, რომ ახლო მომავალში დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (მათე 5:3). მაუწყებლების წასვლის შემდეგ გულწრფელ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წაეკითხათ ბიბლია, 3 000 ჟურნალი და ბიბლიის შესასწავლი დამხმარე ლიტერატურა რომელთა 542 ეგზემპლარი მიიღეს (შეადარე საქმეები 12:24).
ტელეფონით: ქალაქის ათასობით ადამიანი ცხოვრობს ცათამბჯენებში, რომლებსაც რთული დაცვითი სისტემა აქვთ. მიუხედავად ამისა, სამეფოს მაუწყებლები ენთუზიაზმითა და გონიერებით უკან არ იხევენ. როგორ შეუძლიათ მივიდნენ იქ მცხოვრებ ადამიანებთან? რადგანაც პირისპირი კონტაქტი უმჯობესია, შესანიშნავად იყენებენ შენობის შიდა სელექტოლურ კავშირს. თუ ეს შეუძლებელია, იყენებენ ტელეფონების წიგნს და ურეკავენ მათ ტელეფონით.
ერთ დილას ასეთ ზარს უპასუხა ხანშიშესულმა მანდილოსანმა. მოკლე, თავაზიანი მისალმების შემდეგ, მას დაუსვეს კითხვა, როგორ ფიქრობდა, თუ იქნებოდა ოდესმე შესაძლებელი, რომ ადამიანებს ღამით, ყოველგვარი საფრთხის გარეშე, ესეირნათ ქუჩაში. შემდეგ წაუკითხეს ბიბლიიდან მუხლები, რათა დაერწმუნებინათ, რომ მომავალში მშვიდობიანი დრო დადგებოდა (ფსალმუნი 36:10, 11; დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). მან თანხმობა განაცხადა მომავალ კვირაში ზუსტად იმავე დროს ტელეფონით საუბარზე იმ თემასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეგვიძლია გვწამდეს ღვთის აღთქმების. ტელეფონით მთელი თვის განმავლობაში ბიბლიის კვლევის, დამხმარე ლიტერატურიდან აბზაცების კითხვისა და სათანადო შეკითხვების დასმის შემდეგ, მანდილოსანმა შეაქო მაუწყებელი, რომ ყოველ კვირა საკმაოდ ბევრ თემას იხილავდნენ. დადგა დრო შესასწავლი წიგნი გაეცნოთ მისთვის და შეეთავაზებინათ. გადაწყვიტეს, ერთმანეთს შეხვედროდნენ. მართლაცდა იეჰოვას მოწმეებმა ყველას დაანახეს ადამიანებისადმი სიყვარული და გამოხმაურებაც არ აყოვნებს, რადგან ადამიანები ხვდებიან, რომ იეჰოვაა ამ ქრისტიან მაუწყებლებთან (შეადარეთ 1 კორინთელთა 14:25).
პუბლიკაციებით: სამეფოს მაუწყებლები, ძირითადად, ფრანგულად მოლაპარაკე პროვინცია კვებეკშიც, მიდიან იქ, სადაც ადამიანები არიან. ერთმა მიმომსვლელმა მსახურმა თქვა: „წლების განმავლობაში ძმები ფიქრობდნენ, რომ ეკლესიის საშინელი წინააღმდეგობის გამო, წინსვლა არ ჰქონდათ. მაგრამ ძმების დაუღალავი შრომითა და დაინტერესებულთა განმეორებითი მონახულებით, ბიბლია, რომელიც თითქმის უცნობი წიგნი იყო და ძალიან ცოტას თუ ჰქონდა წაკითხული, დღეს ძალიან ბევრ ოჯახს აქვს“.
აღმაფრთოვანებელია, როდესაც კვებეკის საზოგადოების ყოველი ფენის წარმომადგენლები ხდებიან მაუწყებლები, მათ შორის მედიცინის მუშაკებიც. მოგვყავს ერთი ექიმის შემთხვევა. მისი მეუღლე, რომელიც თავად სამეფოს მაუწყებელი იყო, ხშირად საუბრობდა მასთან ბიბლიურ იმედზე. კრების უხუცესმა ჭკუა იხმარა და ეს ექიმი მოიწვია კრების შეხვედრაზე სწორედ მაშინ, როდესაც ხდებოდა ბროშურის განხილვა „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“. ექიმი დაესწრო შეხვედრას და მონაწილეობაც კი მიიღო. მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა განხილვის დონემ და სულიერმა სიღრმეებმა და თანხმობა განაცხადა ბიბლიის შესწავლაზე. დღეს ისიც სამეფოს მაუწყებელია.
ბიბლიისკენ ადამიანების მიზიდვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟურნალების ეფექტური გამოყენება. არავინ იცის, თუ რომელი სტატია მოახდენს ადამიანზე გავლენას, რომ ჭეშმარიტებამ მიიზიდოს. ერთმა სამეფოს მაუწყებელმა „გამოიღვიძეთ!“-ის ერთი გამოცემა შესთავაზა მეზობელს, რომელსაც სამეფოს შესახებ ცნობა არ აინტერესებდა, მაგრამ გატაცებული იყო მწერების ცხოვრებით. ფოტოსურათმა 1992 წლის 22 ნოემბრის (ინგლ.) ჟურნალის სტატიაში „შაგასის დაავადება — სიკვდილის კოცნა“ ძალიან დააინტერესა. წაკითხულით გაოგნებულმა, კიდევ ითხოვა ჟურნალები. დაიწყო ბიბლიური შესწავლა და ექვს თვეში უკვე სამეფოს ცნობას აუწყებდა სხვებს.
საზოგადოებრივ ადგილებში: კანადაში კანონი იძლევა საზოგადოებრივ ადგილებში, მაგალითად, აეროპორტებში, ქადაგების თავისუფლებას. ჰალიფაქსის საერთაშორისო აეროპორტში სამეფოს მაუწყებლები წინდახედულებით მიდიან მგზავრებთან და იწყებენ მათთან საუბარს. დროული, სწორი პასუხის მისახვედრად გამიზნული, შეკითხვებით საუბარი ბიბლიაზე გადააქვთ. მათ თან ჯიბის ზომის ბიბლიები და ლიტერატურა აქვთ, ასე რომ, შეუძლიათ დააკმაყოფილონ მათი სულიერი მოთხოვნილებები. საზღვარგარეთის ქვეყნების ქირურგები, მეცნიერები, იურისტები, მფრინავები, მღვდლები, პოლიციელები, ტაქსის მძღოლები, ინჟინრები, მასწავლებლები, სამხედრო პერსონალი და პოლიტიკოსები არიან მათ შორის, რომლებმაც სამეფოს შესახებ ცნობა ასეთნაირად გაიგეს და ჭეშმარიტების თესლი ასაყვავებლად შორეულ ქვეყნებში წაიღეს (კოლასელთა 1:6).
ერთ დღეს აეროპორტში, დილით ადრე, მამაკაცმა აიღო ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შემდეგ მან მშვიდი, ნელი ხმით თქვა: „ო, ოღონდაც არა იეჰოვას მოწმეები!“ რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია? ის იყო ერთგული მუსლიმანი, რომელმაც სულ რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის სამლოცველოში ილოცა. ის ევედრებოდა ღმერთს, რომ ეჩვენებინა მისთვის სიბრძნე, გამჭრიახობა და ჭეშმარიტება. აზრმა, რომ იეჰოვას მოწმეები მყისიერი პასუხი იყო მის ლოცვაზე, გააოგნა ის.
ფაქტია, რომ გაბედულ სამეფოს მაუწყებლებს კანადაში არაფერი აბრკოლებთ, რომ სამეფოს შესახებ ძვირფასი ცნობა აუწყონ სხვებს. არც უცხო ენები, არც ოღრო-ჩოღრო მტვრიანი გზები, არც შორეული დასახლებები, არც ძლიერი უსაფრთხოების სისტემის მქონე საცხოვრებელი შენობები. მათ მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ღვთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა გულწრფელ ჭეშმარიტების მაძიებელთ გააცნონ. თანამშრომელ, მსოფლიოს საძმოსთან ერთად, ისინი უანგაროდ ემორჩილებიან იესოს ბრძანებას: „წადით და მოიმოწაფეთ“ ხალხი (მათე 28:19).
[სქოლიო]
a ცხენებით საფოსტო მომსახურება ამერიკის შეერთებულ შტატებში მცირე ხანს, 18 თვის განმავლობაში, არსებობდა 1860 წლიდან 1861 წლამდე.
[ჩარჩო 27 გვერდზე]
სამეფოს მაუწყებლები წარმატებით იყენებენ ტელეფონს
ზოგი ასე ამბობს: „გამარჯობათ, ჩემი სახელია ესა და ეს [ამბობენ საკუთარ სახელს]. მცირე საუბარი მქონდა თქვენი კორპუსის მცხოვრებლებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი მშვიდობის მიღწევა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება? [აძლევენ პასუხის საშუალებას]. რომ არ აგაფორიაქოთ, გაცნობებთ, რომ მე არ ვატარებ არავითარ შემოწმებას და არც არაფერს ვყიდი. წმინდა ბიბლიის თვალსაზრისს გიზიარებთ, რომ, ფაქტობრივად, ღმერთი მოიტანს მშვიდობას“. შემდეგ, ცოტა ხნით აგრძელებენ საუბარს ბიბლიურ თემაზე.
სხვები ამბობენ: „საღამო მშვიდობისა. ჩემი სახელია ესა და ეს [ეუბნებიან საკუთარ სახელს]. თქვენს ტერიტორიაზე მოხალისედ ვმსახურობ. ვეცნობი თქვენი კორპუსის მცხოვრებლების თვალსაზრისს. ბევრი შეწუხებულია პირადი უსაფრთხოების საკითხით, რადგან ძალადობა და ბოროტმოქმედება ჩვენს ტერიტორიაზე უფრო და უფრო ხშირდება. გაღელვებთ თუ არა თქვენც ეს საკითხი? [აძლევენ პასუხის საშუალებას]. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ოდესმე დადგეს ისეთი დრო, როდესაც მთელ დედამიწაზე ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს?“ აძლევენ პასუხის საშუალებას და საუბარს ბიბლიურ თემაზე აგრძელებენ.