-
ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მსოფლიო მპყრობელები
უზარმაზარი კერპი (დანიელი 2:31—45).
ზღვიდან ამოსული ოთხი მხეცი (დანიელი 7:3—8, 17, 25).
ბაბილონი — ძვ. წ. 607 წლიდან
მიდია-სპარსეთი — ძვ. წ. 539 წლიდან
საბერძნეთი — ძვ. წ. 331 წლიდან
რომი — ძვ. წ. 30 წლიდან
ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი — ახ. წ. 1763 წლიდან
პოლიტიკურად დაყოფილი მსოფლიო — უკანასკნელ ჟამს
-
-
ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
თავი მეცხრე
ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?
1—3. რა იხილა დანიელმა ბელშაცარის მეფობის პირველ წელს?
დანიელის შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას ამჯერად ბაბილონის მეფე ბელშაცარის მეფობის პირველ წელთან მივყავართ. დანიელს ბაბილონის ტყვეობაში უკვე მრავალი წელი აქვს გატარებული, მაგრამ კვლავაც იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებს. 70 წელს გადაცილებული ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი ‘თავისსავე სარეცელზე სიზმარსა და თავისი გონების ხილვას’ ხედავს. დანიელი ხილვით შეძრწუნებულია (დანიელი 7:1, 15).
2 „აჰა, — ამბობს დანიელი, — ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა; ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა“. რა უცნაური ცხოველებია! პირველი ფრთიანი ლომია, მეორე — დათვის მსგავსი ცხოველი. მესამე ოთხფრთიანი და ოთხთავიანი ავაზაა. ძალზე ღონიერ მეოთხე მხეცს კი რკინის ვეება კბილები და ათი რქა აქვს. მხეცის ათ რქას შორის „მომცრო“ რქა ამოდის; რქას ‘თვალები კაცის თვალებს მიუგავს და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობს’ (დანიელი 7:2—8).
3 შემდეგ დანიელი ზეცისკენ აღაპყრობს თვალს. „ძველი დღეთა“ დიდებით ჯდება ტახტზე როგორც ზეციერი სამსჯავროს მსაჯული. „ათასის ათასნი ემსახურებიან მას და ბევრის ბევრნი დგანან მის წინაშე“. „ძველ დღეთას“ მკაცრი განაჩენი გამოაქვს მხეცებისთვის, ართმევს ძალაუფლებას და მუსრავს მეოთხე მხეცს, ხოლო ‘ყველა ხალხზე, ტომსა და ენაზე’ მარადიულ ხელმწიფობას „კაცის ძის მსგავსს“ აძლევს (დანიელი 7:9—14).
4. ა) ვის მიმართა დანიელმა ხილვის მნიშვნელობის გასაგებად? ბ) რატომ არის მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის, რაც დანიელმა იმ ღამეს იხილა და მოისმინა?
4 „შემიშფოთდა . . . სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს“, — ამბობს დანიელი. შემდეგ ის ანგელოზს მიმართავს „ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობის“ გასაგებად. ანგელოზი აგებინებს „ყოველივე ამის მნიშვნელობას“ (დანიელი 7:15—28). ის, რაც დანიელმა იმ ღამეს იხილა და მოისმინა, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ამან ნათელი მოჰფინა მომავლის, თვით ჩვენი, ანუ იმ დროის მსოფლიო მოვლენებს, როდესაც ‘ყველა ხალხზე, ტომსა და ენაზე’ ხელმწიფობა „კაცის ძის მსგავსს“ აქვს გადაცემული. ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის დახმარებით ჩვენც შეგვიძლია ამ წინასწარმეტყველური ხილვების მნიშვნელობის გაგებაa.
ზღვიდან ამოსული ოთხი მხეცი
5. რის სიმბოლოა აღელვებული ზღვა?
5 „ზღვიდან ოთხი . . . ვეება მხეცი გამოვიდა“, — ამბობს დანიელი (დანიელი 7:3). რის სიმბოლო იყო აღელვებული ზღვა? დიდი ხნის შემდეგ მოციქულმა იოანემ „ზღვიდან“ ამომავალი შვიდთავიანი მხეცი იხილა. იოანეს ხილვაში ზღვით წარმოდგენილი იყო „ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები“, ანუ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, რომელმაც ღმერთი დაივიწყა. ასე რომ, ზღვა ღმერთს ჩამოშორებული კაცობრიობის სიმბოლოა (გამოცხადება 13:1, 2; 17:15; ესაია 57:20).
6. რა იყო წარმოდგენილი ოთხი მხეცით?
6 „ის ოთხი ვეება მხეცი, — თქვა ღვთის ანგელოზმა, — ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება“ (დანიელი 7:17). ანგელოზის სიტყვების თანახმად, დანიელის მიერ ხილვაში ნანახი ოთხი მხეცი „ოთხი მეფე“ იყო. ამგვარად, ოთხი მხეცით ოთხი მსოფლიო მპყრობელი იყო წარმოდგენილი. მაგრამ რომლები?
7. ა) რა აზრს გამოთქვამს ბიბლიის ზოგი კომენტატორი დანიელის მიერ ხილვაში ნანახი ოთხი მხეცისა და ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი უზარმაზარი კერპის შესახებ? ბ) რა იყო წარმოდგენილი უზარმაზარი კერპის ლითონის ოთხი ნაწილით?
7 ბიბლიის კომენტატორები, ჩვეულებრივ, ამ ოთხ მხეცს აკავშირებენ ნაბუქოდონოსორის სიზმართან, რომელშიც მან უზარმაზარი კერპი იხილა. მაგალითად, ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „[დანიელის] მე-7 თავი მე-2 თავს შეესატყვისება“ (The Expositor’s Bible Commentary). „უიკლიფის ბიბლიურ კომენტარებში“ (Wycliffe Bible Commentary) კი ვკითხულობთ: „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ერთსა და იმავე წარმართულ ხელისუფლებებზეა საუბარი . . . აქ [დანიელის მე-7 თავში] და [დანიელის] მე-2 თავში“. ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი კერპის ოთხი ლითონის ნაწილით წარმოდგენილი იყო მსოფლიო მპყრობელები: ბაბილონის სამეფო (ოქროს თავი), მიდია-სპარსეთის სამეფო (ვერცხლის მკერდი და ხელები), საბერძნეთის იმპერია (სპილენძის მუცელი და ბარძაყები) და რომის იმპერია (რკინის წვივები) (დანიელი 2:32, 33)b. ვნახოთ, როგორ უკავშირდება ეს სახელმწიფოები დანიელის მიერ ხილვაში ნანახ ოთხ ვეება მხეცს.
ლომივით მძვინვარე და არწივივით სწრაფი
8. ა) როგორ აღწერა დანიელმა პირველი მხეცი? ბ) რომელი სამეფო იყო წარმოდგენილი პირველი მხეცით და რით ჰგავდა ის ლომს?
8 რა საოცარი მხეცები იხილა დანიელმა! ერთ-ერთი მხეცი მან შემდეგნაირად აღწერა: „პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა“ (დანიელი 7:4). უზარმაზარი კერპის ოქროს თავის მსგავსად, ამ მხეცითაც მსოფლიო მპყრობელი ბაბილონის სამეფო იყო წარმოდგენილი (ძვ. წ. 607—539 წლები). ბაბილონი „ლომივით“ გამძვინვარებული ანადგურებდა ერებს, მათ შორის ღვთის ხალხსაც (იერემია 4:5—7; 50:17). ამ „ლომმა“ თითქოს არწივივით გადაიფრინა, ისე სწრაფად დაიპყრო მსოფლიო (გოდება იერემიასი 4:19; აბაკუმი 1:6—8).
9. რა დაემართა ლომის მსგავს მხეცს და რა მოჰყვა ამას შედეგად?
9 დროთა განმავლობაში ამ უჩვეულო ფრთიან ლომს ფრთები ‘დაეგლიჯა’. ბელშაცარის მეფობის ბოლო პერიოდში ბაბილონს აღარც ქვეყნების სწრაფად დაპყრობა შეეძლო და ვეღარც ლომივით გამძვინვარებული ბატონობდა ერებზე. მისი სისწრაფე მხოლოდ გაქცეული კაცის სისწრაფეს შეიძლებოდა შედარებულიყო. მას „კაცის გული“ მიეცა და დასუსტდა. „ლომის გულის“ გარეშე ის აღარ ჰგავდა „ტყის ცხოველთა“ მეფეს (შეადარეთ მეორე მეფეთა 17:10; მიქა 5:7). დასუსტებულ ბაბილონს მეორე ვეება მხეცმა სძლია.
დათვივით გაუმაძღარი
10. რომელ მსოფლიო მპყრობელს წარმოადგენდა „დათვი“?
10 «აჰა, — თქვა დანიელმა, — ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა [„ცალ მხარეზე იყო შემართული“, აქ], პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი [„ნეკნი“, აქ] ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!» (დანიელი 7:5). „დათვით“ იგივე მეფე იყო წარმოდგენილი, რომელსაც უზარმაზარი კერპის ვერცხლის მკერდი და ხელები გამოხატავდა. ეს იყო მიდია-სპარსეთის სამეფო საგვარეულო ხაზი (ძვ. წ. 539—331 წლები), რომლის მსოფლიო ბატონობა დარიოს მიდიელისა და კიროს დიდის დროიდან დაიწყო და დარიოს III-ის დროს დამთავრდა.
11. რას ნიშნავდა, რომ სიმბოლური დათვი ცალ მხარეზე იყო შემართული და პირში სამი ნეკნი ჰქონდა?
11 სიმბოლური დათვი „ცალ მხარეზე იყო შემართული“, შესაძლოა, იმ მიზნით, რომ თავდასასხმელად მომზადებულიყო, დაემორჩილებინა ქვეყნები და მსოფლიო მპყრობელი გამხდარიყო. ან ეს მდგომარეობა იმას გამოხატავდა, რომ სპარსეთის სამეფო საგვარეულო ხაზი ძალაუფლებას მოიპოვებდა მიდიელ მეფე დარიოსზე. სამი ნეკნი, რომლებიც დათვს კბილებს შორის ჰქონდა, იმ სამი მიმართულების აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო, საითაც ეს სახელმწიფო დაპყრობით ომებს აწარმოებდა. მიდია-სპარსეთის სამეფომ, „დათვმა“, ჩრდილოეთით გაილაშქრა და ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი დაიპყრო. ის დასავლეთით მცირე აზიასა და თრაკიაში შეიჭრა. ბოლოს კი „დათვმა“ სამხრეთით გაილაშქრა და ეგვიპტეც დაიპყრო. რამდენადაც რიცხვი სამი ბიბლიაში ზოგჯერ სიმძაფრის გამოსახატავად არის გამოყენებული, სამი ნეკნი შეიძლება „დათვის“, როგორც დამპყრობის, სიხარბესაც გამოხატავდეს.
12. რა მოხდა, როდესაც „დათვი“ გამოეხმაურა მოწოდებას: „ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!“?
12 „დათვი“ გამოეხმაურა მოწოდებას: „ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!“ და თავს დაესხა სხვადასხვა ქვეყნებს. ღვთის ნებით, მიდია-სპარსეთს ბაბილონი უნდა გაენადგურებინა და დიდი სამსახური გაეწია ღვთის ხალხისთვის. ეს ასეც მოხდა! (იხილეთ გვერდი 149, „შემწყნარებელი მეფე“). მიდია-სპარსეთის მეფეებმა კიროს დიდმა, დარიოს I-მა (დარიოს დიდი) და არტაქსერქსე I-მა გაათავისუფლეს იუდეველი ტყვეები და ხელი შეუწყვეს მათ იეჰოვას ტაძრისა და იერუსალიმის კედლის აღდგენაში. დროთა განმავლობაში მიდია-სპარსეთის სამეფოს საზღვრები ისე გაფართოვდა, რომ 127 მხარეს მოიცავდა და დედოფალი ესთერის მეუღლე მეფე ახაშვეროში (ქსერქსე I) „ინდოეთიდან მოყოლებული ვიდრე ქუშამდე“ მეფობდა (ესთერი 1:1). მაგრამ ახლო მომავალში მესამე მხეცი უნდა აღზევებულიყო.
ფრთიანი ავაზასავით მოქნილი
13. ა) რის სიმბოლო იყო მესამე მხეცი? ბ) რა შეიძლება ითქვას მესამე მხეცის სისწრაფესა და მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე?
13 მესამე მხეცი ავაზის მსგავსი იყო, „ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას“ (დანიელი 7:6). ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი კერპის სპილენძის მუცლისა და ბარძაყების მსგავსად, ეს ოთხფრთიანი და ოთხთავიანი ავაზაც მაკედონიის ანუ საბერძნეთის, ალექსანდრე დიდით დაწყებული სამეფო საგვარეულო ხაზის, სიმბოლო იყო. ალექსანდრემ ავაზის მოქნილობითა და სისწრაფით დაიპყრო მცირე აზია, გადაინაცვლა სამხრეთით ეგვიპტეში და დასავლეთ საზღვრიდან ინდოეთში შეიჭრა (შეადარეთ აბაკუმი 1:8). მისი სამფლობელო „დათვის“ სამფლობელოზე დიდი იყო, რადგან მასში მაკედონია, საბერძნეთი და სპარსეთის სამეფო შედიოდა (იხილეთ გვერდი 153, „ახალგაზრდა მეფე მსოფლიოს იპყრობს“).
14. როგორ იქცა „ავაზა“ ოთხთავიან მხეცად?
14 ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ „ავაზა“ ოთხთავიან მხეცად იქცა. სამეფო მისმა ოთხმა მხედართმთავარმა გაიყო. სელევკემ მესოპოტამია და სირია ჩაიგდო ხელში, პტოლემემ ეგვიპტესა და პალესტინაში დაიწყო მმართველობა, ლისიმაქე მცირე აზიასა და თრაკიაში გაბატონდა, ხოლო კასანდრე — მაკედონიასა და საბერძნეთში (იხილეთ გვერდი 162, „უზარმაზარი სამეფო დაყოფილია“). მოგვიანებით მეოთხე მხეციც გამოჩნდა.
ყველასგან გამორჩეული საშინელი მხეცი
15. ა) აღწერეთ მეოთხე მხეცი. ბ) რა იყო წარმოდგენილი მეოთხე მხეცით და როგორ მუსრავდა და თელავდა ის ყველაფერს?
15 მეოთხე მხეცი დანიელმა აღწერა როგორც „საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი“. შემდეგ კი დაუმატა: „რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა“ (დანიელი 7:7). ამ საშინელმა მხეცმა თავი იჩინა როგორც რომის პოლიტიკურმა და სამხედრო ძალამ. დროთა განმავლობაში მან დაიპყრო საბერძნეთის იმპერიის დაყოფის შედეგად წარმოქმნილი ოთხივე ელინისტური სახელმწიფო და ძვ. წ. 30 წლისთვის ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, შემდგომ მსოფლიო მპყრობლად იქცა. რომის იმპერიის სამხედრო ძალას წინ ვერაფერი უდგებოდა და მალე მან თავის საზღვრებში მოაქცია ბრიტანეთის კუნძულები, ევროპის უდიდესი ნაწილი, ხმელთაშუა ზღვა და ბაბილონიდან სპარსეთის ყურემდე გადაჭიმული ტერიტორია.
16. რა თქვა ანგელოზმა მეოთხე მხეცის შესახებ?
16 „საზარელი“ მხეცის შესახებ მეტის გაგების სურვილით, დანიელი ყურადღებით ისმენდა ანგელოზის სიტყვებს: „[მისი] ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს“ (დანიელი 7:19, 20, 24). რას ნიშნავდა „ათი რქა“, ანუ „ათი მეფე“?
17. რა იყო წარმოდგენილი მეოთხე მხეცის „ათი რქით“?
17 ქვეყნის გამდიდრებასა და მმართველი კლასის ზნეობრივ დაცემასთან ერთად რომის სამხედრო ძლიერება შესუსტდა. დროთა განმავლობაში მისი დაკნინება აშკარა გახდა. ერთ დროს უძლიერესი იმპერია მრავალ სახელმწიფოდ დაიყო. რამდენადაც ბიბლია რიცხვ ათს ხშირად სისრულის გამოსახატავად იყენებს, მეოთხე მხეცის „ათი რქით“ რომის იმპერიის რღვევის შედეგად ჩამოყალიბებული ყველა სახელმწიფოა წარმოდგენილი (შეადარეთ მეორე რჯული 4:13; ლუკა 15:8; 19:13, 16, 17).
18. როგორ განაგრძობდა რომი საუკუნეების მანძილზე ევროპაში ბატონობას უკანასკნელი იმპერატორის ჩამოგდების შემდეგ?
18 რომის მსოფლიო ბატონობა ახ. წ. 476 წელს მისი უკანასკნელი იმპერატორის ჩამოგდებით არ დამთავრებულა. საუკუნეების განმავლობაში რომის პაპი უდიდეს პოლიტიკურ და, განსაკუთრებით კი, რელიგიურ ზეგავლენას ახდენდა მთელ ევროპაზე. პაპი თავის ძალაუფლებას ინარჩუნებდა ფეოდალური წყობილების არსებობის მანძილზე, რომლის დროსაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ხალხი ბატონსა და მეფეს ემორჩილებოდა. პაპის ძალაუფლებას ყველა მეფე აღიარებდა. ამგვარად, „საღვთო რომის იმპერია“ და რომის პაპი დიდი ხნის მანძილზე — მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში — ზეგავლენას ახდენდნენ მსოფლიოზე.
19. რით გამოირჩეოდა რომი წინამორბედი იმპერიებისგან ერთი ისტორიკოსის სიტყვების თანახმად?
19 ვის შეუძლია იმის უარყოფა, რომ მეოთხე მხეცი ‘გამოირჩეოდა ყველა სამეფოსგან’? (დანიელი 7:7, 19, 23). მის შესახებ ისტორიკოსი ჰ. უელსი წერს: „რომის იმპერია . . . მრავალმხრივ გამოირჩეოდა ყველა იმ უდიდესი იმპერიისგან, რომლებსაც კი ოდესმე უარსებია ცივილიზებულ სამყაროში . . . [მან] გააერთიანა თითქმის მთელი მსოფლიოს ბერძნები; ამ იმპერიის მკვიდრთა შორის ნაკლები იყო სემიტურ-ქამიტური წარმოშობის ხალხი, ვიდრე მანამდე არსებულ რომელიმე იმპერიაში . . . მან მართლაც სიახლე შეიტანა ისტორიაში . . . რომის იმპერია თავისთავად ჩამოყალიბდა განსაკუთრებულ იმპერიად; რომაელები მოულოდნელად ჩაებნენ უდიდეს მმართველობით ექსპერიმენტში“. მაგრამ მეოთხე მხეცის ბატონობა რომის იმპერიის დაცემით არ უნდა დამთავრებულიყო.
მომცრო რქა ძალაუფლებას იგდებს ხელში
20. რა თქვა ანგელოზმა მეოთხე მხეცის მომცრო რქის შესახებ?
20 „მე დავაცქერდი ამ რქებს, — თქვა დანიელმა, — და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო“ (დანიელი 7:8). ამის შესახებ ანგელოზმა თქვა: „მათ [ათი მეფის] შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს“ (დანიელი 7:24). ვინ იყო ეს მეფე, როდის გამოვიდა და რომელი სამი მეფე დაამხო?
21. როგორ გახდა ბრიტანეთი მეოთხე მხეცის სიმბოლური მომცრო რქა?
21 განვიხილოთ როგორ განვითარდა მოვლენები. ძვ. წ. 55 წელს რომაელმა მხედართმთავარმა იულიუს კეისარმა დაიპყრო ბრიტანეთი, მაგრამ ვერ შეძლო სამუდამოდ გაემყარებინა პოზიციები. ახ. წ. 43 წელს იმპერატორმა კლავდიუსმა უკეთესი შედეგებით გაილაშქრა ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილზე. შემდეგ, ახ. წ. 122 წელს, იმპერატორმა ადრიანემ რომის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარზე მდინარე ტაინიდან სოლუეი-ფერთიმდე თავდაცვითი სიმაგრეების სისტემის აგება დაიწყო. V საუკუნის დასაწყისში რომაელთა ლეგიონებმა დიდი ბრიტანეთი დატოვა. „XVI საუკუნეში, — ამბობს ერთი ისტორიკოსი, — ინგლისი მეორეხარისხოვანი სამეფო იყო. სიმდიდრე უფრო ცოტა ჰქონდა, ვიდრე ნიდერლანდის სამეფოს. მისი მოსახლეობა საფრანგეთის მოსახლეობაზე გაცილებით ნაკლები იყო, ხოლო სამხედრო ძალა (ფლოტის ჩათვლით) ვერ შეედრებოდა ესპანეთისას. ცხადია, ბრიტანეთი იმ პერიოდში უმნიშვნელო სამეფო — სიმბოლურად მეოთხე მხეცის მომცრო რქა — იყო. მაგრამ მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო.
22. ა) რომელ სამ რქას სძლია მეოთხე მხეცის „მომცრო“ რქამ? ბ) რა მოიპოვა ამ დროს ბრიტანეთმა?
22 ესპანეთში ფილიპ II-ის მეფობის დროს, 1588 წელს, ქვეყნის „უძლეველმა არმადამ“ იერიში მიიტანა ბრიტანეთის სამხედრო ძალებზე. 130 ხომალდისგან შემდგარი ფლოტი 24 000-ზე მეტი კაცით შევიდა ლა-მანშში, სადაც სასტიკად დაამარცხა ინგლისის ესკადრამ, ხოლო შემდეგ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საშინელმა ატლანტიკურმა ქარიშხალმა. ერთი ისტორიკოსის სიტყვების თანახმად, ამ მოვლენით „უძლეველი ფლოტის სახელი ესპანეთის ფლოტმა დაკარგა და ინგლისისამ მოიპოვა“. XVII საუკუნეში ნიდერლანდის სამეფომ მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ფლოტი შექმნა. მაგრამ ზღვისპირა კოლონიების ზრდასთან ერთად ბრიტანეთმა ამ სახელმწიფოსაც სძლია. XVIII საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკისა და ინდოეთისთვის ბრიტანეთისა და საფრანგეთის ომი 1763 წელს პარიზის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. უილიამ უილკოქსის სიტყვების თანახმად, ამ ხელშეკრულებით „ბრიტანეთმა აღიარება მოიპოვა, როგორც ევროპის გარეთ გაბატონებულმა ევროპულმა სახელმწიფომ“. ბრიტანეთის ძლიერება კიდევ უფრო განმტკიცდა, როდესაც 1815 წელს ნაპოლეონის ჯარის სასტიკად დამარცხებით საფრანგეთს სძლია. ასე რომ, ბრიტანეთმა მართლაც ‘დაამხო სამი მეფე’ — ესპანეთი, ნიდერლანდი და საფრანგეთი (დანიელი 7:24). შედეგად, ბრიტანეთმა მსოფლიოში კოლონიალური და სავაჭრო პირველობა მოიპოვა. დიახ, „მომცრო“ რქა გაიზარდა და მსოფლიო მპყრობელი გახდა!
23. რა გაგებით ‘გადაჭამა მთელი ქვეყანა’ სიმბოლურმა მომცრო რქამ?
23 ანგელოზმა უთხრა დანიელს, რომ მეოთხე მხეცი ანუ სამეფო ‘მთელ ქვეყანას გადაჭამდა’ (დანიელი 7:23). ეს სიტყვები შესრულდა ერთ დროს ბრიტანიის სახელწოდებით ცნობილ რომის პროვინციაზე. მისგან ბრიტანეთის იმპერია ჩამოყალიბდა, რომელმაც მართლაც ‘მთელი ქვეყანა გადაჭამა’. ამ იმპერიამ მთელი დედამიწისა და მისი მოსახლეობის მეოთხედი მოიცვა.
24. რას ამბობს ერთი ისტორიკოსი ბრიტანეთის იმპერიის განსაკუთრებულობის შესახებ?
24 როგორც რომის იმპერია განსხვავდებოდა ყველა წინამორბედი იმპერიისგან, „მომცრო“ რქით წარმოდგენილი სამეფოც ‘განსხვავებული იქნებოდა პირვანდელთაგან’ (დანიელი 7:24). ისტორიკოსმა ჰ. უელსმა ბრიტანეთის იმპერიის შესახებ დაწერა: «მანამდე მსგავსი არაფერი არსებობდა. გაერთიანებული ბრიტანული სახელმწიფოების „მონარქიული რესპუბლიკა“ მსოფლიოში პირველი და განსაკუთრებული იყო . . . არავის შეეძლო ზუსტად განესაზღვრა, რას წარმოადგენდა ბრიტანეთის იმპერია. ის სრულიად განსხვავდებოდა ყველაფრისგან, რასაც კი ოდესმე იმპერია სწოდებია».
25. ა) რომელი მსოფლიო მპყრობელია წარმოდგენილი მომცრო რქით წინასწარმეტყველების უკანასკნელი შესრულებისას? ბ) რა გაგებით არის „მომცრო“ რქა ‘კაცის თვალებიანი’ და ‘ამპარტავნულად მოლაპარაკე’?
25 „მომცრო“ რქით მხოლოდ ბრიტანეთის იმპერია არ ყოფილა წარმოდგენილი. ბრიტანეთმა 1783 წელს ამერიკაში თავისი 13 კოლონიის დამოუკიდებლობა სცნო. დროთა განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის მოკავშირე გახდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მსოფლიოში გაბატონებულ სახელმწიფოდ იქცა. ამერიკას დღემდე მჭიდრო კავშირი აქვს ბრიტანეთთან. ინგლის-ამერიკის დღესარსებული ორმაგი მსოფლიო მპყრობელი ‘თვალებიან რქას’ ქმნის. ეს მსოფლიო მპყრობელი მართლაც დაკვირვებული და გამჭრიახია! ის ‘ამპარტავნულად ლაპარაკობს’ იმ გაგებით, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას კარნახობს, როგორი პოლიტიკა გაატარონ და მათ მომავლის მაცნედ ანუ ‘ცრუწინასწარმეტყველად’ ევლინება (დანიელი 7:8, 11, 20; გამოცხადება 16:13; 19:20).
მომცრო რქა ეწინააღმდეგება ღმერთსა და მის წმიდანებს
26. ანგელოზის წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ ილაპარაკებდა რქა იეჰოვასა და მისი მსახურების შესახებ და როგორ მოექცეოდა მათ?
26 დანიელმა განაგრძო ხილვის შესახებ თხრობა: „მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და . . . ჯაბნიდა მათ“ (დანიელი 7:21). ამ „რქის“ ანუ მეფის შესახებ ღვთის ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: „უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო — ორი დრო და ნახევარი დრო“ (დანიელი 7:25). როგორ და როდის შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
27. ა) ვინ არიან „მომცრო“ რქის მიერ დევნილი „წმიდანები“? ბ) როგორ შეეცადა სიმბოლური რქა „დროთა და რჯულის შეცვლას“?
27 „მომცრო“ რქის — ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის — მიერ შევიწროებული „წმიდანები“ იესოს დედამიწაზე მცხოვრები სულიწმიდით ცხებული მიმდევრები არიან (რომაელთა 1:7; 1 პეტრე 2:9). ამ ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი პირველ მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე სახალხოდ აცხადებდა, რომ 1914 წელს „წარმართთა ჟამი“ დასრულდებოდა (ლუკა 21:24). როდესაც ამ წელს ომი დაიწყო, ცხადი გახდა, რომ „მომცრო“ რქამ არად ჩააგდო ეს გაფრთხილება, რადგანაც განაგრძო ცხებული „წმიდანების“ შევიწროება. ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი ხელს უშლიდა მათ, შეესრულებინათ იეჰოვას მოთხოვნა (ანუ „რჯული“) და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა მთელ მსოფლიოში ექადაგათ (მათე 24:14). ამგვარად, „მომცრო“ რქა „დროთა და რჯულის შეცვლას“ ცდილობდა.
28. რა ხანგრძლივობის არის „დრო — ორი დრო და ნახევარი დრო“?
28 იეჰოვას ანგელოზმა მოიხსენია წინასწარმეტყველური პერიოდი — „დრო — ორი დრო და ნახევარი დრო“. რა ხანგრძლივობის უნდა ყოფილიყო ეს პერიოდი? ბიბლიის კომენტატორები, ჩვეულებრივ, ეთანხმებიან იმ აზრს, რომ აქ სამ-ნახევარი დროის — ერთი დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის — შესახებ არის ლაპარაკი. რამდენადაც ნაბუქოდონოსორის სიგიჟის „შვიდი დრო“ შვიდი წელიწადი იყო, სამ-ნახევარი დრო სამწელიწად-ნახევარს უნდა ნიშნავდესc (დანიელი 4:13, 22, აქ). ერთ თარგმანში ამ მუხლის სიტყვები შემდეგნაირად გვხვდება: „ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა წელი, ორი წელი და ნახევარი წელი“ (An American Translation). ჯეიმზ მოფატის თარგმანში კი პირდაპირ „სამწელიწად-ნახევარია“ მოხსენიებული. იმავე პერიოდის შესახებ არის საუბარი გამოცხადების 11:2—7-ში, სადაც ნათქვამია, რომ ღვთის მოწმეებს ძაძებით შემოსილებს უნდა ექადაგათ 42 თვის, ანუ 1 260 დღის მანძილზე, შემდეგ კი უნდა დახოცილიყვნენ. როდის დაიწყო და დასრულდა ეს პერიოდი?
29. როდის და როგორ დაიწყო წინასწარმეტყველური სამ-ნახევარი წელი?
29 ცხებული ქრისტიანებისთვის I მსოფლიო ომთან ერთად რწმენის გამოცდებიც უნდა დაწყებულიყო. 1914 წლის ბოლოსთვის ისინი დევნას მოელოდნენ. 1915 წლის წლიურ მუხლად მათ ჰქონდათ იესო ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისთვის დასმული შეკითხვა — „შეგიძლიათ შესვათ ჩემი სასმისიდან?“, რომელიც მათეს 20:22-ზე იყო დაფუძნებული (მეფე ჯეიმზის თარგმანი). ასე რომ, 1914 წლის დეკემბრიდან მოწმეების მცირე ჯგუფი ‘ძაძებით შემოსილი’ ქადაგებდა.
30. როგორ დევნიდა ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი ცხებულ ქრისტიანებს პირველი მსოფლიო ომის დროს?
30 ომის გამძაფრებასთან ერთად ცხებული ქრისტიანების დევნა გაძლიერდა. ზოგი მათგანი დააპატიმრეს. ფრენკ პლეტი (ინგლისში) და რობერტ კლეგი (კანადაში) სადისტურად აწამეს. 1918 წლის 12 თებერვალს კანადის დომინიონში აიკრძალა წიგნის „საღვთო წერილის გამოკვლევა“ ახლად გამოცემული მეშვიდე ტომი „დასრულებული საიდუმლო“ და ტრაქტატები „ბიბლიის მკვლევარები ყოველთვიურად“. მომდევნო თვეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მეშვიდე ტომის გავრცელება არაკანონიერად გამოაცხადა. რა მოჰყვა ამ ყოველივეს? იეჰოვას თაყვანისმცემლებს სახლებს უჩხრეკდნენ, ლიტერატურას ართმევდნენ და აპატიმრებდნენ.
31. როდის და როგორ დასრულდა „დრო — ორი დრო და ნახევარი დრო“?
31 ცხებული ქრისტიანების დევნამ კულმინაციას მიაღწია 1918 წლის 21 ივნისს, როდესაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტ ჯ. რუტერფორდსა და სხვა ხელმძღვანელებს ცრუ ბრალდებებით ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. „დროთა და რჯულის შეცვლის“ მცდელობით „მომცრო“ რქამ ჩაახშო სამქადაგებლო საქმიანობა (გამოცხადება 11:7). ასე რომ, წინასწარმეტყველური პერიოდი, „დრო — ორი დრო და ნახევარი დრო“, 1918 წლის ივნისში დასრულდა.
32. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ „მომცრო“ რქამ სამუდამოდ ვერ გაანადგურა „წმიდანები“?
32 „მომცრო“ რქამ ვერ შეძლო „წმიდანების“ სამუდამოდ განადგურება. უმოქმედობის მცირე პერიოდის შემდეგ ცხებული ქრისტიანები გამოცოცხლდნენ და კვლავ ამოქმედდნენ, როგორც გამოცხადების წიგნში იყო ნაწინასწარმეტყველები (გამოცხადება 11:11—13). 1919 წლის 26 მარტს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი და სხვა პასუხისმგებელი ძმები გაათავისუფლეს და მოგვიანებით ცრუ ბრალდებები მოუხსნეს. ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილმა ნაწილმა დაუყოვნებლივ განაახლა საქმიანობა. მაგრამ რა უნდა დამართნოდა „მომცრო“ რქას?
„ძველ დღეთას“ განაჩენი გამოაქვს
33. ა) ვინ არის „ძველი დღეთა“? ბ) რას ნიშნავს ზეციერი სამსჯავროს წინაშე ‘გადაშლილი წიგნები’?
33 ოთხივე მხეცის გამოჩენის შემდეგ დანიელი ზეცისკენ აღაპყრობს თვალს. მან იხილა, როგორ დაჯდა დიდებულ ტახტზე განაჩენის გამოსატანად „ძველი დღეთა“, რომელიც სხვა არავინ იყო თუ არა იეჰოვა ღმერთი (ფსალმუნი 89:2). მან აგრეთვე იხილა, როგორ „გადაიშალა წიგნები“ ზეციერი სამსჯავროს წინაშე (დანიელი 7:9, 10). რადგან იეჰოვას დასაწყისი არ ჰქონია, მის წინაშე კაცობრიობის მთელი ისტორია წიგნივით არის გადაშლილი. იეჰოვამ თვითონვე იხილა ოთხი სიმბოლური მხეცის მოქმედება, რის საფუძველზეც შეუძლია განაჩენი გამოუტანოს მათ.
34, 35. რა დაემართება „მომცრო“ რქასა და მხეცებით წარმოდგენილ სხვა მსოფლიო მპყრობელებს?
34 დანიელი განაგრძობს: „მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ“ (დანიელი 7:11, 12). ანგელოზმა დანიელს უთხრა: „დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დანიელი 7:26).
35 უზენაესი მოსამართლის, იეჰოვა ღმერთის, განაჩენით ღვთისმგმობელსა და „წმიდანების“ მდევნელ რქას იგივე უნდა დაემართოს, რაც პირველი ქრისტიანების მდევნელ რომის იმპერიას. მის მმართველობას ბოლო უნდა მოეღოს. იგივე დაემართება რომის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოშობილ მცირე რქისმაგვარ „მეფეებს“. მაგრამ რა ელოდება წინამორბედი მსოფლიო მპყრობელების ადგილზე წარმოქმნილ სახელმწიფოებს? წინასწარმეტყველების თანახმად, ამ სიმბოლურ მხეცებს სიცოცხლე ‘დროებითა და ვადით უნდა გახანგრძლივებოდათ’. მათი ტერიტორიები დღემდე დასახლებულია. მაგალითად, ერაყს ძველი ბაბილონის ტერიტორია უკავია. სპარსეთი (ირანი) და საბერძნეთი დღემდე არსებობს. სახელმწიფოები, რომლებსაც ეს მსოფლიო მპყრობელები მოიცავდა, დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები არიან. ეს სახელმწიფოებიც უკანასკნელ მსოფლიო მპყრობელთან ერთად განადგურდებიან. ადამიანის მიერ ჩამოყალიბებული ყოველგვარი მმართველობა აღმოიფხვრება ‘ომში ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს’ (გამოცხადება 16:14, 16). მაგრამ წამოიჭრება კითხვა: ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?
-