-
ტრაგედიის პირისპირგამოიღვიძეთ! — 2014 | ივლისი
-
-
მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ
ტრაგედიის პირისპირ
ადრე თუ გვიან, თითქმის ყველას დაატყდება თავს რაიმე სახის ტრაგედია, მათ შორის მათაც, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი აქვს.
ბიბლია ამბობს:
„მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).
საკითხავი ის კი არ არის, დაგატყდებათ თუ არა ოდესმე უბედურება, არამედ ის, თუ როგორი იქნება თქვენი რეაქცია ამ დროს. მაგალითად:
როგორ მოიქცევით, თუ სტიქიური უბედურების დროს მთელ ქონებას დაკარგავთ?
როგორ მოიქცევით, თუ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აღმოგაჩნდებათ?
როგორ მოიქცევით, თუ საყვარელი ადამიანი გამოგეცლებათ ხელიდან?
იეჰოვას მოწმეებს, ამ ჟურნალის გამომცემლებს, სჯერათ, რომ ბიბლია არა მარტო დაგეხმარებათ მსგავსი ტრაგედიების გადატანაში, არამედ მომავლის საფუძვლიან იმედსაც ჩაგისახავთ (რომაელები 15:4). მოვიყვანოთ სამი რეალური შემთხვევა იმისა, თუ როგორ უმკლავდებიან ზოგიერთები თავს დატეხილ უბედურებებს.
-
-
ქონების დაკარგვაგამოიღვიძეთ! — 2014 | ივლისი
-
-
მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ
ქონების დაკარგვა
2011 წლის 11 მარტს, პარასკევს, იაპონიაში მომხდარმა 9 ბალიანმა მიწისძვრამ 15 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 200 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარის მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას. 32 წლის მამაკაცი, კა, რომელმაც მოსალოდნელი ცუნამისგან თავის დასაღწევად შემაღლებულ ადგილს შეაფარა თავი, იხსენებს: „მეორე დილით სახლში დავბრუნდი ნივთების ასაღებად, მაგრამ ყველაფერი წყალს წაეღო, ჩემი სახლიც კი. მარტო საძირკველიღა იყო დარჩენილი.
დრო დამჭირდა იმ აზრთან შესაგუებლად, რომ მარტო ნივთები კი არ დავკარგე, არამედ ყველაფერი, რაც მებადა — მანქანა, კომპიუტერები, რომლებითაც სამუშაოს ვასრულებდი, მაგიდები, სკამები, დივანი, სხვადასხვანაირი გიტარა, ფლეიტა; აგრეთვე ჩემი სამუშაოსთვის მეტად საჭირო ნივთები: აკვარელი, ზეთის საღებავები, პასტელები და ყველა ჩემი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევარი“.
ტრაგედიასთან გამკლავება
ეცადეთ, იმაზე იფიქროთ, რაც გაქვთ და არა იმაზე, რაც დაკარგეთ. ბიბლია ამბობს: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). კა იხსენებს თავის სიტუაციას: „თავიდან ჩამოვწერე იმ ნივთების სია, რაც მინდოდა, რომ მქონოდა, მაგრამ ამან კიდევ ერთხელ გამახსენა ყველაფერი, რაც წყალმა წალეკა. ამიტომ გადავწყვიტე, სიაში მხოლოდ აუცილებელი ნივთები შემეტანა. დროთა განმავლობაში სიას საჭიროებისამებრ ვანახლებდი. ეს დამეხმარა, ცხოვრება თავიდან დამეწყო“.
მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იქნებით კონცენტრირებული, შეგიძლიათ შემთხვევით ისარგებლოთ და თქვენი მდგომარეობით სხვები გაამხნეოთ. «სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და მეგობრებისგან დიდ დახმარებას ვიღებდი და ამას ნელ-ნელა ისე შევეჩვიე, რომ საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგე, — ამბობს კა. — ერთ დღესაც გამახსენდა ერთი ბიბლიური მუხლი, რომელიც საქმეების 20:35-შია ჩაწერილი: „გაცემას მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“. რადგან არ შემეძლო სტიქიით დაზარალებულებს მატერიალურად დავხმარებოდი, გადავწყვიტე, სიტყვიერად გამემხნევებინა. გულუხვობის ასეთი სახით გამოვლენა მეც დიდად დამეხმარა».
სთხოვეთ ღმერთს ლოცვაში სიბრძნე, რომ მდგომარეობას თავი გაართვათ. კას მტკიცედ სწამდა ბიბლიაში ჩაწერილი სარწმუნო სიტყვების, რომ ღმერთი „შეისმენს გაძარცულთა ლოცვას“ (ფსალმუნი 102:17). თქვენც შეგიძლიათ მსგავსად მოიქცეთ.
იცოდით თუ არა? ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ დადგება დრო, როდესაც სტიქიური უბედურებით აღარავინ დაზარალდებაa (ესაია 65:21—23).
a თუ გსურთ, გაიგოთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი მე-3. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-
-
ჯანმრთელობის დაკარგვაგამოიღვიძეთ! — 2014 | ივლისი
-
-
მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ
ჯანმრთელობის დაკარგვა
არგენტინაში მცხოვრები მაბელი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. ის ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრში ფიზიოთერაპევტად მუშაობდა. 2007 წელს შეამჩნია, რომ უჩვეულოდ იღლებოდა და ყოველდღე თავის მწვავე ტკივილები ჰქონდა. „რამდენიმე ექიმთან ვიყავი, თითქმის ყველანაირი წამალი მოვსინჯე, მაგრამ არაფერმა მიშველა, — ამბობს მაბელი. ბოლოს მან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარა და თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. „შოკში ვიყავი, არ მჯეროდა, რომ ასეთი საშინელება მჭირდა“.
„სანამ ოპერაცია არ გავიკეთე, ბოლომდე არ მესმოდა, თუ რა მძიმე მდგომაროებაში ვიყავი. როცა თვალი გავახილე, ინტენსიური თერაპიის პალატაში აღმოვჩნდი. განძრევა არ შემეძლო, მხოლოდ ჭერს ვიყავი მიშტერებული. ოპერაციამდე აქტიური და დამოუკიდებელი ქალი ვიყავი, ახლა კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ყურში გამუდმებით ჩამესმოდა სამედიცინო აღჭურვილობის ხმა, სასწრაფო მანქანების სირენა და ავადმყოფების კვნესა. თითქოს ჰაერიც ტკივილითა და ტანჯვით იყო გაჟღენთილი. დღეს შედარებით გამოვჯანმრთელდი. დახმარების გარეშე შემიძლია სიარული, ზოგჯერ გარეთ გასვლასაც ვახერხებ. მაგრამ მხედველობა დამიქვეითდა და საგნებს გაორებულად ვხედავ. გარდა ამისა, დარღვეული მაქვს კუნთების კოორდინაცია“.
ტრაგედიასთან შეგუება
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა. ბიბლია იგავების 17:22-ში ამბობს: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“. მაბელი იხსენებს: „მკურნალობის პროცესში მეც ისეთივე სირთულეებს ვაწყდებოდი, როგორსაც ჩემი პაციენტები. ვარჯიშები იმდენად მტკივნეული იყო, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი, საერთოდ თავი დამენებებინა. მაგრამ თავს ვაიძულებდი, ასეთი უარყოფითი ფიქრები მომეშორებინა, რადგან ვიცოდი, რომ წვალება საბოლოოდ დამიფასდებოდა“.
მომავალს იმედის თვალით უყურეთ, ეს მოთმინებაში დაგეხმარებათ. მაბელი ამბობს: „ბიბლიიდან ვიცოდი, რატომ ხდებოდა უბედურებები, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ დღითი დღე ვუახლოვდებოდით იმ დროს, როცა ტკივილი წარსულს ჩაჰბარდებოდა“. a
გახსოვდეთ, რომ ღმერთი ზრუნავს თქვენზე (1 პეტრე 5:7). მაბელი გვიყვება, როგორ დაეხმარა მას ამაზე ფიქრი: «როდესაც საოპერაციოში შემიყვანეს, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ესაიას 41:10-ში ჩაწერილ სიტყვებს ღმერთი პირადად მე მეუბნებოდა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“. საოცარი სიმშვიდე დამეუფლა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ რაც არ უნდა მომსვლოდა, იეჰოვა იყო ჩემ გვერდით».
იცოდით თუ არა? ბიბლია წინასწარმეტყველებს დროზე, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები მეტად აღარავის შეაწუხებს (ესაია 33:24; 35:5, 6).
a მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11.
-
-
საყვარელი ადამიანის დაკარგვაგამოიღვიძეთ! — 2014 | ივლისი
-
-
მთავარი თემა | ტრაგედიის პირისპირ
საყვარელი ადამიანის დაკარგვა
ბრაზილიაში მცხოვრები რონალდო ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რომლის დროსაც ოჯახის ხუთი წევრი დაეღუპა, მათ შორის მშობლები და ორი ძმა. „ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი და არ მეუბნებოდნენ, რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ“, — ამბობს რონალდო.
„თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილე იყო. ყველა ერთად რატომ უნდა მომკვდარიყო? შოკში ჩავვარდი, როცა რეალობას თვალი გავუსწორე. ასეთ საშინელ დღეში არასოდეს ვყოფილვარ. ვფიქრობდი, რომ მათ გარეშე სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა. თვეების განმავლობაში ყოველდღე ვტიროდი. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ სხვა დავსვი საჭესთან. მე რომ საჭესთან ვყოფილიყავი, შეიძლება ასეთი რამ არ მომხდარიყო.
მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში როგორღაც შევძელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. თუმცა მათმა ტრაგიკულმა სიკვდილმა გულში შეუვსებელი სიცარიელე დამიტოვა“.
ტრაგედიასთან გამკლავება
იგლოვეთ, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდებათ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არის „ტირილის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4). რონალდო ამბობს: „ყოველთვის, როცა ტირილი მომინდებოდა, ვტიროდი. ტირილისგან თავს არ ვიკავებდი, რადგან ეს შვებას მგვრიდა“. ცხადია, ყველას ერთნაირად არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა. თუ მწუხარების გამოხატვა ცრემლებით არ შეგიძლიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობებს მალავთ; არც ის უნდა ეცადოთ, რომ ძალით იტიროთ.
არ ჩაიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში (იგავები 18:1). „არავისთან ურთიერთობის სურვილი არ მქონდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი, რომ არ განვმარტოებულიყავი. სტუმრებს გულთბილად ვხვდებოდი. ჩემს ცოლთან და ახლო მეგობრებთან გულს ვღვრიდი“, — ამბობს რონალდო.
არ გაღიზიანდეთ, თუ ვინმე გულსატკენ სიტყვებს გეუბნებათ, მაგალითად ასეთს: „იქნებ ასე ჯობდა“. რონალდო იხსენებს: „ზოგის ნათქვამი მანუგეშებელი სიტყვები ჩემზე პირიქით მოქმედებდა“. ყურადღებას ნუ მიაქცევთ საწყენ სიტყვებს, გაითვალისწინეთ ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევა: „გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს“ (ეკლესიასტე 7:21).
გაიგეთ ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ. რონალდო ამბობს: „ეკლესიასტეს 9:5-ში წერია, რომ მკვდრები არ იტანჯებიან და ამის ცოდნა შინაგან სიმშვიდეს მგვრის. ბიბლია იმასაც ამბობს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა და მიცვალებულებს კვლავ დაუბრუნდებათ სიცოცხლე. ახლა ჩემი ოჯახის დაღუპულ წევრებზე ისე ვფიქრობ, თითქოს სამოგზაუროდ არიან წასულები“ (საქმეები 24:15).
იცოდით თუ არა? ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“a (ესაია 25:8).
a მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 7.
-