«გადამარჩინა ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ »
არტური, ფიჯის დედაქალაქიდან (სუვი) გვწერს: «11 ნოემბერს, საღამოს 10 საათზე, გულმკერდის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი, თითქოს გულისწვა მაწუხებდა. ჩემი მეუღლე, ესთერი, დარწმუნებული იყო, რომ გულის შეტევა მქონდა, რადგან ახლახანს წაეკითხა 1996 წლის 8 დეკემბრის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ სტატია: „როგორ მოვიქცეთ გულის შეტევის დროს?“ (ინგლ.) და ჩემი სიმპტომები ემთხვეოდა ჟურნალში აღწერილს.
ტელეფონით ვესაუბრე ჩემს ექიმს და მან გულისწვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება მირჩია, თან მითხრა, რომ დამეძინა და დილით მივსულიყავი მასთან. წამლების მიღების მიუხედავად, ტკივილი არ მიყუჩდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ესთერს ვთხოვე, მოეტანა ჟურნალი და წაეკითხა „გულის შეტევის სიმპტომები“. წაკითხულის მოსმენის შემდეგ საავადმყოფოში წაყვანაზე დავთანხმდი.
ანალიზებით გაირკვა, რომ გულის შეტევა მქონდა, და საავადმყოფოში დამაწვინეს. ამიკრძალეს ხუთი დღის განმავლობაში მკვეთრი მოძრაობა და მირჩიეს, მშვიდად ვყოფილიყავი. სპეციალისტებმა მითხრეს, რომ ბედმა გამიღიმა, რადგან დროულად მივხვდი გულის შეტევის სიმპტომს.
სიდნეიში 1997 წლის 9 იანვარს გამიკეთეს გულის ოპერაცია, რომელმაც ოთხი საათი გასტანა. ექიმების ჩანაწერების მიხედვით არტერიული დაავადება საკმაოდ მძიმე იყო. როგორც გაირკვა, რამდენიმე თვეში გულის ძლიერი შეტევა მექნებოდა, 11 ნოემბერს ყურადღება რომ არ მიმექცია ტკივილისთვის.
დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ გადამარჩინა, რადგან გულის შეტევას მწვავე გულისწვად მივიჩნევდი და ყურადღებას არ მივაქცევდი».
„გამოიღვიძეთ!“ ცდილობს, რომ სხვადასხვა თემაზე დროული და ახალი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველებს მთელ მსოფლიოში. თუ ისურვებდით ამ ჟურნალის რეგულარულად მიღებას, სთხოვეთ იეჰოვას რომელიმე მოწმეს, რომელიც გეწვევა ან მოგვწერეთ მე-5 გვერდზე მოცემულ შესაბამის მისამართზე.