-
მიუძღვენი თავი კითხვასსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
-
-
მიუძღვენი თავი კითხვას
„ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:13).
1. როგორ შეგვიძლია მივიღოთ სარგებელი ბიბლიის კითხვიდან?
იეჰოვა ღმერთმა მისცა კაცობრიობას წერა-კითხვის სწავლების შესანიშნავი უნარი. აგრეთვე მან მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, რათა ჩვენ კარგად დამოძღვრილი ვყოფილიყავით (ესაია 30:20, 21). ხატოვნად რომ ვთქვათ, ბიბლიის გვერდებზე მოცემულია ცნობები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს ‘ვიაროთ’ ღვთისმოშიშ პატრიარქებთან ერთად, როგორებიც იყვნენ აბრაამი, ისაკი და იაკობი. ჩვენ შეგვიძლია ‘ვიხილოთ’ ღვთის მოიმედე ისეთი ქალები, როგორც სარა, რებეკა და მოაბელი რუთი, რომელმაც ურყევი ერთგულება გამოავლინა. აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია ‘მოვისმინოთ’ იესო ქრისტეს ქადაგება მთაზე. თუ კარგი მკითხველები ვართ, ყოველივე ამით საღვთო წერილი სიამოვნებას მოგვგვრის და დიდად დაგვმოძღვრავს.
2. რა მიუთითებს, რომ იესო და მისი მოციქულები კარგად კითხულობდნენ?
2 უეჭველია, რომ სრულყოფილ ადამიანს, იესო ქრისტეს კითხვის შესანიშნავი უნარი ჰქონდა და რასაკვირველია, მან ძალიან კარგად იცოდა ებრაული წერილები. ამიტომაც, როცა ეშმაკი ცდიდა, იესომ არაერთხელ მიუთითა საღვთო წერილზე და თქვა: „დაწერილია“ (მათე 4:4, 7, 10). ერთხელ, ნაზარეთის სინაგოგაში მან საჯაროდ წაიკითხა და თქვა, რომ ესაიას წინასწარმეტყველებიდან წაკითხული ნაწყვეტი მას ეხებოდა (ლუკა 4:16–21). მაგრამ რა შეიძლება ითქვას იესოს მოციქულების შესახებ? თავიანთ წიგნებში ისინი ხშირად ციტირებდნენ ებრაულ წერილებს. თუმცა იუდეველ მმართველებს პეტრე და იოანე უწიგნურებად და დაბალი დონის ადამიანებად მიაჩნდათ, რადგან მათ ებრაული სკოლების უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ, მათი დაწერილი ღვთის ინსპირირებული წერილები ნათლად ამტკიცებს, რომ კარგი წერა-კითხვა იცოდნენ (საქმეები 4:13). მაგრამ ნამდვილად ასე მნიშვნელოვანია, გქონდეს კითხვის უნარი?
‘ნეტარია ხმამაღლა წამკითხველი’
3. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საღვთო წერილისა და ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვა?
3 საღვთო წერილის ზუსტი შემეცნების შეცნობასა და გამოყენებას მოაქვს საუკუნო სიცოცხლე (იოანე 17:3). ამიტომ იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იკითხონ და ისწავლონ საღვთო წერილი და ქრისტიანული პუბლიკაციები, რომლებსაც ღმერთი გვაწვდის ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ერთგული და გონიერი მონის კლასის საშუალებით (მათე 24:45–47). სინამდვილეში, საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული, სპეციალურად ამ მიზნისთვის განზრახული პუბლიკაციების გამოყენებით, ათასობით ადამიანი სწავლობს კითხვას და ამრიგად იძენს ღმერთის სიტყვის სიცოცხლის მომტან შემეცნებას.
4. ა) რატომ იწვევს ბედნიერებას ღმერთის სიტყვის კითხვა, შესწავლა და ცხოვრებაში გამოყენება? ბ) რა უთხრა პავლემ ტიმოთეს კითხვასთან დაკავშირებით?
4 ღმერთის სიტყვის კითხვას, შესწავლასა და ცხოვრებაში გამოყენებას ბედნიერება მოაქვს. ეს ხდება იმიტომ, რომ ყოველივე ამის შესრულებით ჩვენ ვახარებთ და პატივს ვცემთ ღმერთს, მისგან კურთხევას ვღებულობთ და სიხარულს განვიცდით. იეჰოვას სურს, რომ თავისი მსახურები ბედნიერები იყვნენ. ამიტომაც უბრძანებდა მღვდლებს, ეკითხათ მისი კანონი ძველ ისრაელში მცხოვრები ხალხისთვის (მეორე რჯული 31:9–12). როცა მწიგნობარმა ეზრამ და სხვებმა წაუკითხეს კანონი იერუსალიმში შეკრებილ მთელ ხალხს, მათ ნათელყვეს მისი მნიშვნელობა და ამას ‘დიდი სიხარული’ მოჰყვა (ნეემია 8:6–8, 12). მოგვიანებით თავის თანამშრომელ ტიმოთეს ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ უთხრა: „ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:13). სხვა თარგმანში წერია: „მიუძღვენი თავი საღვთო წერილის საჯაროდ კითხვას“ („ახალი საერთაშორისო ვერსია“ [New International Version]).
5. როგორ აკავშირებს ბედნიერებას კითხვასთან გამოცხადების 1:3?
5 ის, რომ ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია ღმერთის სიტყვის კითხვასა და ცხოვრებაში გამოყენებაზე, ნათლად არის გამოხატული გამოცხადების 1:3-ში. იქ ნათქვამია: „ნეტარია [ხმამაღლა, აქ] წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი“. დიახ, ჩვენ ხმამაღლა უნდა ვკითხულობდეთ და ვისმენდეთ გამოცხადებაში და მთელ ბიბლიაში ჩაწერილ ღმერთის წინასწარმეტყველურ სიტყვებს. ნამდვილად ბედნიერი პიროვნება ის არის, ვისაც ‘უფლის რჯულში აქვს მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს დღედაღამ’. რა მოჰყვება ამას? ‘ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებული იქნება’ (ფსალმუნი 1:1–3). ამიტომ კეთილი მიზნებით აღძრული იეჰოვას ორგანიზაცია მოგვიწოდებს თითოეულს, რომ პირადად, ოჯახში და მეგობრებთან ერთად ვკითხულობდეთ და ვსწავლობდეთ ღმერთის სიტყვას.
ყველანაირად შეეცადე, იფიქრო და ჩაუფიქრდე
6. რისი კითხვა ებრძანა იესო ნავეს ძეს და როგორი სასარგებლო იყო ეს?
6 როგორ შეგიძლია მიიღო ყველაზე მეტი სარგებელი ღმერთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვით? შენ, ალბათ, გესმის, რომ სასარგებლოა ძველი ისრაელის ღვთისმოშიში წინამძღოლის, იესო ნავეს ძის მსგავსად მოქმედება. მას ებრძანა: „ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე [დაბალი ხმით კითხულობდე მას, აქ], რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება“ (იესო ნავეს ძე 1:8). ‘დაბალი ხმით კითხვა’ ნიშნავს დაბალი ტონით შენთვის სიტყვების წარმოთქმას. ეს ხელს უწყობს დამახსოვრებას, რადგან ამგვარად მასალა გონებაში იბეჭდება. ღმერთის კანონი იესო ნავეს ძეს „დღითა და ღამით“ უნდა ეკითხა, ანუ რეგულარულად. ეს აძლევდა საშუალებას, ყოფილიყო წარმატებული და ბრძნულად შეესრულებინა ღმერთის მოცემული მოვალეობები. ღმერთის სიტყვის ასეთი რეგულარული კითხვა შენც დაგეხმარება.
7. ღმერთის სიტყვის კითხვისას სისწრაფეზე ფიქრიც კი რატომ არ უნდა დავუშვათ?
7 ღმერთის სიტყვის კითხვისას ფიქრიც არ დაუშვა სისწრაფეზე. თუ ბიბლიის ან რომელიმე ქრისტიანული პუბლიკაციის წასაკითხად გარკვეული დრო გაქვს განკუთვნილი, მშვიდად წაიკითხე იმ პერიოდის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა შესწავლისას მიზნად გაქვს დასახული, დიდმნიშვნელოვანი აზრების დამახსოვრება. ამასთანავე, როცა კითხულობ, ყველანაირად შეეცადე იფიქრო წაკითხულზე. გააანალიზე ბიბლიის მწერლის ცნობები. ჰკითხე საკუთარ თავს: „რა დანიშნულება აქვს ამას? როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება?“
8. რატომ არის სასარგებლო ჩაფიქრება საღვთო წერილის კითხვის დროს?
8 გამოყავი დრო, რომ საღვთო წერილის კითხვისას ჩაუფიქრდე მას. ეს დაგეხმარება ბიბლიის ცნობების დამახსოვრებასა და მისი პრინციპების გამოყენებაში. აგრეთვე ღმერთის სიტყვაზე ფიქრი და ამრიგად ძირითადი ბიბლიური აზრების დამახსოვრება მოგცემს შესაძლებლობას, რომ დაინტერესებული პირებისთვის ზუსტი პასუხების გაცემისას ილაპარაკო გულწრფელად, ნაცვლად იმისა, რომ მოგვიანებით ინანო იმაზე, რაც წამოგცდა. ღმერთის ინსპირირებულ იგავში ნათქვამია: „მართლის გული პასუხს წონის“ (იგავნი 15:28).
დაუკავშირე ახალი აზრები ძველს
9, 10. როგორ შეგიძლია გაიუმჯობესო ბიბლიის კითხვა ახალი ბიბლიური აზრების უკვე ნაცნობ აზრებთან დაკავშირების საშუალებით?
9 ქრისტიანების უმრავლესობა დაეთანხმება იმ აზრს, რომ ერთ დროს მათ ცოტა იცოდნენ ღმერთის, მისი სიტყვისა და მიზნების შესახებ. მაგრამ დღეს ამ ქრისტიან მსახურებს შეუძლიათ შემოქმედებიდან და ადამიანის მიერ ცოდვის ჩადენიდან დაწყებული, განმარტონ ქრისტეს მსხვერპლის მიზანი, შეუძლიათ მოუთხრონ ადამიანებს ბოროტი სისტემის განადგურების შესახებ და აჩვენონ, როგორ იქნება კურთხეული მორჩილი კაცობრიობა საუკუნო სიცოცხლით სამოთხეში დედამიწაზე. უმთავრესად ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლის საშუალებით იეჰოვას ამ მსახურებმა ‘მოიპოვეს ღვთისშემეცნება’ (იგავნი 2:1–5). ახალ აზრებს ისინი თანდათან უკავშირებენ ძველს, რომლებიც უკვე შეიგნეს.
10 ახალი ბიბლიური აზრების უკვე ნაცნობ აზრებთან დაკავშირება სასარგებლოა და ჯილდოს მომტანია (ესაია 48:17). როცა ბიბლიის კანონებს, პრინციპებს ან რამე აბსტრაქტულ აზრებსაც კი ხვდები, დაუკავშირე ისინი იმას, რაც უკვე იცი. შეათანხმე ეს ინფორმაცია იმასთან, რაც ისწავლე ‘საღი სიტყვების ნიმუშის’ შესახებ (2 ტიმოთე 1:13). მოძებნე ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარება ღმერთთან დამოკიდებულების გაძლიერებაში, ქრისტიანული პიროვნების გაუმჯობესებაში ან ხელს შეგიწყობს, რომ სხვებს გაუზიარო ბიბლიის ჭეშმარიტებები.
11. რას უნდა აკეთებდე, როცა კითხულობ ბიბლიის რჩევას ყოფაქცევასთან დაკავშირებით? აღწერე.
11 ყოფაქცევასთან დაკავშირებით ბიბლიური რჩევის კითხვისას შეეცადე ჩასწვდე მასში ჩაქსოვილ პრინციპს. ჩაუფიქრდი მას და გადაწყვიტე, რას გააკეთებდი მსგავს შემთხვევაში. იაკობის ძე იოსები ყოველთვის უარყოფდა ფოტიფარის ცოლთან სექსუალურ უზნეობაში ჩაბმას, რადგან ამბობდა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ (დაბადება 39:7–9). ამ ამაღელვებელ ცნობაში შენ ხედავ ძირითად პრინციპს — სექსუალური უზნეობა არის ცოდვა ღმერთის წინაშე. გონებაში შენ შეგიძლია დააკავშირო ეს პრინციპი ღმერთის სიტყვის სხვა ცნობებთან და ისარგებლო ამ შემეცნებით მსგავს ცუდ საქციელთან დაკავშირებული განსაცდელის შემთხვევაში (1 კორინთელთა 6:9–11).
წარმოისახე ბიბლიური შემთხვევები
12. რატომ უნდა წარმოისახო ბიბლიური ცნობები მათი კითხვისას?
12 კითხვისას გონებაში აზრების ჩასაბეჭდად წარმოისახე მიმდინარე მოვლენები. გონებით შეხედე იმ მხარეს, სახლებს, ადამიანებს. მოისმინე მათი ხმები. იყნოსე პურის სუნი, რომელიც თონეში ცხვება. კვლავ გაიხსენე მოქმედების ადგილი. ამ დროს კითხვა იქნება შენთვის გულში ჩამწვდომი განცდა, რადგან შენ შეძლებ იხილო ძველი ქალაქი, ახვიდე მაღალ მთაზე, გაოცდე შემოქმედების სასწაულებით ან შეუერთდე მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მტკიცე რწმენა გამოავლინეს.
13. როგორ აღწერდი მსაჯულნის 7:19–22-ში ჩაწერილ ამბავს?
13 დავუშვათ, კითხულობ მსაჯულნის 7:19–22. წარმოიდგინე რა ხდება. მსაჯული გედეონი და სამასი ძლიერი ისრაელი ვაჟკაცი დგანან მიდიანელთა ბანაკის საზღვარზე. საღამოს დაახლოებით ათი საათია, „შუა სახმილავი“ იწყება. მიდიანელთა გუშაგები ახალი შეცვლილები არიან და წყვდიადმა დაფარა ისრაელის ძილმორეული მტრების ბანაკი. შეხედე! გედეონსა და მის ვაჟკაცებს ბუკები აქვთ. მარცხენა ხელში დიდი დოქებით დაფარული კვარები უჭირავთ. მოულოდნელად სამივე რაზმმა, რომელთაგან თითოეული ასი ვაჟკაცისგან შედგებოდა, ბუკსა ჰკრა, დაამსხვრია დოქები, ასწია კვარები და შესძახა: „იეჰოვას და გედეონის მახვილი!“ (აქ) ახლა ბანაკს გადახედე. ნახე, მიდიანელთა მთელი ბანაკი იშლება და ღრიალებს! იმ დროს, როცა სამასი ვაჟკაცი ბუკს სცემს, ღმერთი ერთმანეთზე აღამართვინებს მიდიანელებს მახვილებს. ისრაელი დევნის მიდიანს და იეჰოვა აძლევს მას გამარჯვებას.
ძვირფასი გაკვეთილების სწავლა
14. როგორ უნდა იყოს გამოყენებული მსაჯულნის მეცხრე თავი ბავშვებისთვის იმის სასწავლებლად, რომ თავმდაბლები უნდა იყვნენ?
14 ღმერთის სიტყვის კითხვისას ჩვენ მრავალ გაკვეთილს ვსწავლობთ. მაგალითად, შესაძლოა შენ გსურს ჩააგონო შენს ბავშვებს, რომ თავმდაბლები უნდა იყვნენ. ამ შემთხვევაში ადვილად წარმოსადგენი და გასაგები უნდა იყოს ის, რაც ითქვა წინასწარმეტყველებაში გედეონის ძის, იოთამის შესახებ. დაიწყე კითხვა მსაჯულნის 9:8-დან. „გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ“ — თქვა იოთამმა. ზეთისხილმა, ლეღვმა და ვაზმა არ ინდომეს მმართველობა. მაგრამ უღირსი კვრინჩხი სიხარულით შეხვდა ასეთ შესაძლებლობას. შენი ბავშვებისთვის ამ ცნობის ხმამაღლა წაკითხვისას შეგიძლია ახსნა, რომ სასარგებლო მცენარეები წარმოადგენდნენ ღირსეულ პირებს, რომლებიც არ ეძებდნენ თანამოძმე ისრაელებზე მმართველი მეფის მდგომარეობას. კვრინჩხი, რომელიც მხოლოდ დასაწვავად ვარგოდა, წარმოადგენდა ამაყი, მკვლელი აბიმელექის მმართველობას, რომელსაც სურდა სხვებზე ბატონობა, მაგრამ მოკლეს, რითაც შესრულდა იოთამის წინასწარმეტყველება (მსაჯულნი, თავი 9). რომელი ბავშვი ისურვებდა გაზრდილიყო და კვრინჩხს დამსგავსებოდა?
15. როგორ აღინიშნება წიგნში „რუთი“ ურყევი ერთგულების დიდი მნიშვნელობა?
15 ურყევი ერთგულების დიდი მნიშვნელობა თვალნათლივ ჩანს ბიბლიის წიგნში „რუთი“. დავუშვათ, შენი ოჯახის წევრები რიგრიგობით კითხულობენ ამ ცნობას და ცდილობენ, ჩასწვდნენ მის შინაარსს. შენ ხედავ მოაბელ რუთს ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე თავის დაქვრივებულ დედამთილთან, ნაყომისთან ერთად და გესმის რუთის სიტყვები: „შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). შრომისმოყვარე რუთის ნახვა შეიძლება ბოყაზის ყანაში, ნამკალში მომკელების უკან დარჩენილი თავთავების აკრეფისას. შენ გესმის მის მიმართ ბოყაზის თავაზიანი სიტყვები: „მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთი 3:11). მოკლე ხანში ბოყაზი რუთს ცოლად ირთავს. მაზლთან დაქორწინების წესის თანახმად, მან ბოყაზისგან უშვა ძე „ნაყომის“. რუთი გახდა დავითის და საბოლოოდ იესო ქრისტეს წინაპარი. ამრიგად, მან „სრული საზღაური“ მიიღო. მაგრამ ყოველივე ამაზე მეტად ამ ბიბლიური ცნობის მკითხველები სწავლობენ ძვირფას გაკვეთილს: იყავი იეჰოვასადმი ერთგული და დიდად კურთხეული იქნები (რუთი 2:12; 4:17–22; იგავნი 10:22; მათე 1:1, 5, 6).
16. როგორ გამოცდას დაექვემდებარა სამი ებრაელი და როგორ გვეხმარება ეს ცნობა?
16 ცნობა ებრაელების შესახებ, რომელთაც ერქვათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო, დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ღმერთისადმი ერთგულება მძიმე მდგომარეობებში. „დანიელის“ მესამე თავის ხმამაღლა კითხვისას წარმოიდგინე ეს შემთხვევა. უზარმაზარი ოქროს კერპი აღმართულია დურას ველზე, სადაც ბაბილონელი მოხელეები იკრიბებიან. მუსიკალური ინსტრუმენტების ხმაზე ისინი ეცემიან ძირს და თაყვანს სცემენ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ კერპს. ამას ყველა აკეთებს შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს გარდა. თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ, ისინი ეუბნებიან მეფეს, რომ არ ემსახურებიან მის ღმერთებს და არც ოქროს კერპს სცემენ თაყვანს. ამ ახალგაზრდა ებრაელებს ყრიან ძალიან გავარვარებულ ღუმელში. მაგრამ ეს რა ხდება? ღუმელში ჩახედვისას მეფე ხედავს ოთხ ცოცხალ მამაკაცს, რომელთაგან ერთი „შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს“ (დანიელი 3:92). სამი ებრაელი გამოჰყავთ ღუმლიდან და ნაბუქოდონოსორი მათ ღმერთს აკურთხებს. მართლაც ღირს გონებაში ამ ცნობის წარმოსახვა. და რამდენად დიდ გაკვეთილს გვაძლევს ეს შემთხვევა განსაცდელში იეჰოვასადმი ერთგულებასთან დაკავშირებით!
ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვიდან სარგებლის მიღება
17. მოკლედ ჩამოთვალე ზოგიერთი სასარგებლო საკითხი, რომელიც შენს ოჯახს შეუძლია ისწავლოს ბიბლიის ერთად კითხვისას.
17 შენი ოჯახი მრავალ სარგებელს მიიღებს, თუ რეგულარულად გამოყოფთ დროს ბიბლიის ერთად კითხვისთვის. დაწყებული „დაბადებიდან“ შენ შეგიძლია წარმოიდგინო შექმნის პროცესი და შეიხედო ადამიანის თავდაპირველ სახლში, სამოთხეში. შენც შეგიძლია შეიგრძნო ერთგული პატრიარქებისა და მათი ოჯახების განცდები და მიჰყვე ისრაელებს მეწამულ ზღვაში ფეხის დაუსველებლად გადასვლისას. შენ შეგიძლია იხილო ჭაბუკი მწყემსი დავითი, რომელმაც ფილისტიმელ გოლიათზე გაიმარჯვა. შენს ოჯახს შეუძლია დაინახოს იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის მშენებლობა, ბაბილონელთა ჯარებისგან მისი დანგრევა და თვალი ადევნოს მმართველი ზერუბაბელის ხელმძღვანელობით მის აღდგენას. ბეთლემის მახლობლად უბრალო მწყემსებთან ერთად შენ შეგიძლია მოისმინო ანგელოზის ცნობა იესოს დაბადების შესახებ. შეგიძლია გაიგო წვრილმანები მისი ნათლობისა და მსახურების შესახებ, შეგიძლია იხილო ის, როცა თავისი სიცოცხლე მსხვერპლად გასწირა და სხვებთან ერთად გაიხარო მისი აღდგენის გამო. შემდეგ, შეგიძლია იმგზავრო მოციქულ პავლესთან ერთად და თვალყური ადევნო ქრისტიანობის გავრცელებისას ახალი კრებების ჩამოყალიბებას. მოგვიანებით, შენს ოჯახს ექნება შესაძლებლობა, გაიხაროს წიგნში „გამოცხადება“ ჩაწერილი მოციქული იოანეს დიდებული ხილვით, რომელიც მომავალსა და ამასთანავე ქრისტეს ათასწლიან მმართველობას ეხება.
18, 19. რა რჩევები ეძლევა ოჯახებს ბიბლიის ოჯახურ კითხვასთან დაკავშირებით?
18 თუ ოჯახთან ერთად ხმამაღლა კითხულობ ბიბლიას, იკითხე ის მკაფიოდ და ენთუზიაზმით. საღვთო წერილის ზოგიერთი ნაწილის კითხვისას, ოჯახის ერთ-ერთ წევრს — ალბათ მამას — შეუძლია წაიკითხოს ძირითადი შინაარსი. დანარჩენებს შეგიძლიათ გაინაწილოთ ბიბლიური პერსონაჟების როლები და შესაფერისი გრძნობით წაიკითხოთ თქვენთვის განკუთვნილი ნაწილი.
19 ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვის საშუალებით, შეგიძლია გაიუმჯობესო კითხვის უნარი. მოსალოდნელია, რომ ამის შედეგად ღმერთის შესახებ შემეცნება გაიზრდება და ეს დაგაახლოებს მასთან. ასაფი მღეროდა: „ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე“ (ფსალმუნი 72:28). ეს დაეხმარება შენს ოჯახს, იყოს მოსეს მსგავსი, რომელიც ‘მტკიცე იყო, თითქოს უხილავს’, იეჰოვა ღმერთს ‘ხედავდა’ (ებრაელთა 11:27).
კითხვა და ქრისტიანული მსახურება
20, 21. როგორ უკავშირდება კითხვის უნარს დავალება ქადაგების შესახებ?
20 ‘უხილავისადმი’ თაყვანისმცემლობის დიდმა სურვილმა უნდა აღგვძრას, ვიმუშაოთ იმაზე, რომ კარგი მკითხველები ვიყოთ. კარგად კითხვის უნარი გვეხმარება ღმერთის სიტყვიდან დამოწმებაში. კარგად კითხვა ნამდვილად გვეხმარება, შევასრულოთ სამეფოს შესახებ ქადაგების სამსახური, რომელიც იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, როცა თქვა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). დამოწმება არის იეჰოვას ხალხის მთავარი საქმიანობა და კითხვის უნარი გვეხმარება მის შესრულებაში.
21 საჭიროა ძალისხმევა, რომ იყო კარგი წამკითხველი და ღმერთის სიტყვის უნარიანი მასწავლებელი (ეფესელთა 6:17). ამიტომ „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად. . . ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). კითხვისადმი თავის მიძღვნით გაზარდე ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ შემეცნება და იეჰოვას მოწმისთვის შესაფერისი უნარი.
-
-
იკითხე ღმერთის სიტყვა და ემსახურე ღმერთს ჭეშმარიტებითსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
-
-
იკითხე ღმერთის სიტყვა და ემსახურე ღმერთს ჭეშმარიტებით
„დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ“ (ფსალმუნი 85:11).
1. რას გულისხმობდა ამ ჟურნალის პირველი გამოცემა ჭეშმარიტების შესახებ?
იეჰოვა გვაძლევს შუქსა და ჭეშმარიტებას (ფსალმუნი 42:3). აგრეთვე ის უნარიანებად გვხდის თავისი სიტყვის, ბიბლიის, წასაკითხად და ჭეშმარიტების შესასწავლად. ამ ჟურნალის პირველ — 1879 წლის ივლისის — გამოცემაში ნათქვამია: „ჭეშმარიტება, სიცოცხლის უდაბნოში ამოსული პატარა უმანკო ყვავილის მსგავსად, გარშემორტყმულია სიცრუის ღვარძლით, რომელმაც თავისი მძლავრი ზრდით თითქმის ჩაახშო ის. თუ გსურს იპოვო ის, ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო. თუ გსურს მისი სიმშვენიერე იხილო, სიცრუის ღვარძლისა და ფანატიზმის ეკლიანი ჯაგნარის ჩამოშორება მოგიწევს. მას რომ დაეპატრონო, უნდა დაიხარო. ნუ დაკმაყოფილდები ჭეშმარიტების ერთი ყვავილით. ერთი რომ საკმარისი ყოფილიყო, სხვა აღარ იარსებებდა. ყოველთვის აგროვე, მეტი მოძებნე“. ღმერთის სიტყვის კითხვა და სწავლა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიპოვოთ ზუსტი შემეცნება და ვიაროთ მისი ჭეშმარიტებისამებრ (ფსალმუნი 85:11).
2. რა მოჰყვა შედეგად, როცა ეზრამ და სხვებმა წაუკითხეს ღმერთის კანონი იუდეველებს ძველ იერუსალიმში?
2 ძველი წელთაღრიცხვით 455 წელს იერუსალიმის კედლების აღდგენის შემდეგ მღვდელმა ეზრამ და სხვებმა წაუკითხეს იუდეველებს ღმერთის კანონი. ამას თან მოჰყვა კარვობის სასიხარულო დღესასწაული, ცოდვების აღიარება და დასასრულს, ‘მტკიცე აღთქმის’ დადება (ნეემია 8:1—9:38). ჩვენ ვკითხულობთ: „კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული“ (ნეემია 8:8). ზოგიერთის თვალსაზრისით, იუდეველებს კარგად არ ესმოდათ ებრაული და შინაარსს არამეულად გადმოსცემდნენ. მაგრამ ტექსტში არაფერი მიუთითებს მხოლოდ საენათმეცნიერო ტერმინების გარკვევაზე. ეზრა და სხვები ისე განმარტავდნენ კანონს, რომ ხალხს შეეძლო ჩასწვდომოდა მასში ჩადებულ პრინციპებს და გამოეყენებინა ისინი. ქრისტიანული პუბლიკაციები და შეხვედრები მსგავსად ემსახურებიან ღმერთის სიტყვის ‘განმარტებას’. ამავეს აკეთებენ უხუცესებად დანიშნული მამაკაცები, რომლებიც ‘დამმოძღვრავნი’ არიან (1 ტიმოთე 3:1, 2; 2 ტიმოთე 2:24).
ხანგრძლივი სარგებელი
3. რომელ სარგებლობას ვღებულობთ ბიბლიის წაკითხვიდან?
3 როცა ქრისტიანული ოჯახები ერთად კითხულობენ ბიბლიას, ნათელია, რომ ისინი ხანგრძლივ სარგებელს იღებენ. ისინი ეცნობიან ღმერთის კანონს და სწავლობენ ჭეშმარიტებას მრავალი მოძღვრების, წინასწარმეტყველებებისა და სხვა საკითხების შესახებ. ბიბლიის რომელიმე ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ ოჯახის თავს შეუძლია იკითხოს: „როგორ უნდა მოქმედებდეს ეს ჩვენზე? როგორ უკავშირდება ეს ბიბლიის სხვა სწავლებებს? როგორ შეგვიძლია ამ აზრების გამოყენება კეთილი ცნობის ქადაგების დროს?“ ოჯახი უფრო ღრმად სწვდება ბიბლიაში წაკითხულს, თუ იკვლევს „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსს“ (ინგლ.) ან საზოგადოების სხვა პუბლიკაციების ინდექსებს. ამ შემთხვევაში ორტომიანი პუბლიკაცია „Insight on the Scriptures“ შეიძლება სასარგებლო დამხმარე სახელმძღვანელო იყოს.
4. როგორ უნდა გამოეყენებინა იესო ნავეს ძეს მისი სახელით წოდებული წიგნის 1:8-ში მოცემული მითითება?
4 საღვთო წერილიდან აღებულმა პრინციპებმა შეიძლება გვიხელმძღვანელოს ცხოვრებაში. გარდა ამისა, ‘საღვთო წერილის’ კითხვასა და სწავლას შეუძლია ‘დაგვაბრძნოს სახსნელად’ (2 ტიმოთე 3:15). თუ ნებას დავრთავთ ღმერთის სიტყვას, გვიხელმძღვანელოს, ჩვენ ვივლით მისი ჭეშმარიტებით და ჩვენი სწორი სურვილები შესრულებული იქნება (ფსალმუნი 25:3; 118:130). მაგრამ ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, ჩავწვდეთ მის მნიშვნელობას, როგორც ამას მოსეს მემკვიდრე, იესო ნავეს ძე, აკეთებდა. „რჯულის. . . წიგნი“ არ უნდა გამქრალიყო მისი ბაგეებიდან და მას დღე და ღამე უნდა ეკითხა ის (იესო ნავეს ძე 1:8). „რჯულის. . . წიგნი“ ბაგიდან რომ არ მოეცილებინა ნიშნავდა, რომ იესო ნავეს ძეს არ უნდა შეეწყვიტა სხვებთან წიგნში ნათქვამი საგანმანათლებლო საკითხების შესახებ ლაპარაკი. დღე და ღამე რჯულის კითხვა ნიშნავდა, რომ იესო ნავეს ძე უნდა ჩაფიქრებულიყო მასზე და ესწავლა ის. მსგავსად ამისა, მოციქული პავლე ამხნევებდა ტიმოთეს, ‘ეზრუნა’ — ჩაფიქრებულიყო — თავის ქცევაზე, მსახურებასა და სწავლებაზე. როგორც ქრისტიანი უხუცესი, ტიმოთე განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა ყოფილიყო, რათა მისი ცხოვრება სანიმუშო ყოფილიყო და ბიბლიის ჭეშმარიტება ესწავლებინა (1 ტიმოთე 4:15).
5. რა არის საჭირო, თუ გვსურს ვიპოვოთ ღმერთის ჭეშმარიტება?
5 ღმერთის ჭეშმარიტება ფასდაუდებელი განძია. განძი რომ მოიპოვო, მიწა უნდა ამოთხარო — შეუპოვრად უნდა გამოიკვლიო წმინდა წერილები. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიძენთ სიბრძნეს და იეჰოვასადმი მოკრძალებულ შიშს გავიგებთ, თუ როგორც ბავშვები დიდებული მოძღვრის მოსწავლეები ვიქნებით (იგავნი 1:7; ესაია 30:20, 21). რასაკვირველია, ამა თუ იმ საკითხებში ჩვენ თვითონ უნდა დავრწმუნდეთ ბიბლიის საშუალებით (1 პეტრე 2:1, 2). ბერეაში მცხოვრები იუდეველები „უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე: მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო [პავლეს ნათქვამი]“. ასე მოქმედებისთვის საყვედურის ნაცვლად ბერეელებმა ქება დაიმსახურეს (საქმეები 17:10, 11).
6. რატომ შეეძლო იესოს მიეთითებინა, რომ ზოგიერთი იუდეველისთვის საღვთო წერილის გამოკვლევას სარგებელი არ მოჰქონდა?
6 ზოგიერთ იუდეველს იესომ უთხრა: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რათა სიცოცხლე გქონდეთ“ (იოანე 5:39, 40). საღვთო წერილს ისინი სწორი მიზნით იკვლევდნენ — მისი საშუალებით სიცოცხლის მოსაპოვებლად. სინამდვილეში საღვთო წერილი შეიცავდა მესიანურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მიუთითებდნენ იესოზე, როგორც სიცოცხლის საშუალებაზე. მაგრამ იუდეველებმა უარყვეს ის. ამიტომ წერილების გამოკვლევას სარგებელი არ მოჰქონდა.
7. რა არის საჭირო ბიბლიის უფრო უკეთესად გასაგებად და რატომ?
7 ბიბლია უფრო უკეთესად რომ გავიგოთ, გვჭირდება ღმერთის სულის, ანუ მისი მოქმედი ძალის ხელმძღვანელობა. „სული ჭვრეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც“, რათა ნათელყოს მათი მნიშვნელობა (1 კორინთელთა 2:10). თესალონიკელ ქრისტიანებს ‘ყველაფერი უნდა გამოეცადათ’ ნებისმიერ წინასწარმეტყველებაში, რომელსაც კი მოისმენდნენ (1 თესალონიკელთა 5:20, 21). იმ დროს, როცა პავლემ თესალონიკელებს მისწერა (ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 50 წელს), ბერძნული წერილებიდან მხოლოდ მათეს სახარება იყო დაწერილი. ამრიგად, როგორც ჩანს, თესალონიკელებსა და ბერეელებს ყველაფრის გამოკვლევა შეეძლოთ ებრაული წერილების ბერძნული სეპტუაგინტის ვერსიის შემოწმების საშუალებით. მათ უნდა ეკითხათ და ესწავლათ საღვთო წერილი, რასაც ჩვენც უნდა ვაკეთებდეთ.
ყველასთვის მნიშვნელოვანი
8. რატომ უნდა გამოირჩეოდნენ ბიბლიური შემეცნებით უხუცესებად დანიშნული მამაკაცები?
8 უხუცესებად დანიშნული მამაკაცები უნდა გამოირჩეოდნენ ბიბლიური შემეცნებით. ისინი უნდა იყვნენ ‘დამმოძღვრავნი’ და ‘სარწმუნო სიტყვის მიმდევარნი’. უხუცესი ტიმოთე იყო ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემი’ (1 ტიმოთე 3:2; ტიტე 1:9; 2 ტიმოთე 2:15). დედამისი ევნიკე და ბებია ლოისი ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ მას საღვთო წერილს და ამით „წრფელ რწმენას“ უნერგავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მამა ურწმუნო ჰყავდა (2 ტიმოთე 1:5; 3:15). მორწმუნე მამებმა „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ უნდა აღზარდონ თავიანთი შვილები და განსაკუთრებით ამას უნდა აკეთებდნენ უხუცესი მამები, რომლებსაც ჰყავთ „მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი“ (ეფესელთა 6:4; ტიტე 1:6). ამიტომ, ჩვენი პირობების მიუხედავად, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ღმერთის სიტყვის კითხვას, სწავლასა და ცხოვრებაში გამოყენებას.
9. რატომ უნდა ვისწავლოთ ბიბლია თანაქრისტიანებთან ერთად?
9 აგრეთვე ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ ბიბლიას თანამორწმუნეებთან ერთად. პავლეს სურდა, რომ თესალონიკელ ქრისტიანებს ერთმანეთთან განეხილათ მისი რჩევა (1 თესალონიკელთა 4:18). ჭეშმარიტების გაგების გასალესი ყველაზე საუკეთესო საშუალება ის არის, რომ შეუერთდე სხვა მიძღვნილ მკვლევარებს წმინდა წერილების გამოკვლევაში. ჭეშმარიტია იგავი: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავნი 27:17). რკინის ხელსაწყო ჟანგდება, თუ მას არ იყენებენ და არ ლესავენ. მსგავსად ამისა, ჩვენ რეგულარულად უნდა შევხვდეთ და ავლესოთ ერთმანეთი იმ შემეცნების გაზიარებით, რომელსაც ვიძენთ ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვის კითხვის, სწავლისა და მასზე დაფიქრების საშუალებით (ებრაელთა 10:24, 25). გარდა ამისა, ეს ერთადერთი საშუალებაა, დავრწმუნდეთ, რომ სარგებლობას ვღებულობთ სულიერი სინათლის ნათებებისგან (ფსალმუნი 96:11; იგავნი 4:18).
10. რას ნიშნავს ჭეშმარიტებით სიარული?
10 საღვთო წერილის შესწავლის დროს მართებულია ვილოცოთ ღმერთისადმი, როგორც ამას ფსალმუნმომღერალი აკეთებდა: „გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან“ (ფსალმუნი 42:3). თუ გვსურს, ღმერთის მოწონება დავიმსახუროთ, ჭეშმარიტებით უნდა ვიაროთ (3 იოანე 3, 4). ეს შეიცავს მისი მოთხოვნების ურყევად შესრულებასა და მისადმი ერთგულად და გულწრფელად მსახურებას (ფსალმუნი 24:4, 5; იოანე 4:23, 24). ჩვენ ჭეშმარიტებით უნდა ვემსახუროთ იეჰოვას, როგორც ნაჩვენებია მის სიტყვაში და ნათლად იხსნება ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში (მათე 24:45–47). ამისთვის საჭიროა ბიბლიის ზუსტი შემეცნება. მაშ, როგორ უნდა ვკითხულობდეთ და ვსწავლობდეთ ღმერთის სიტყვას? „დაბადების“ პირველი თავის პირველი მუხლიდან დაწყებული მთელ 66 წიგნს უნდა მივყვეთ? დიახ, თითოეული ქრისტიანი, რომელსაც თავის ენაზე სრული ბიბლია აქვს, უნდა კითხულობდეს მას „დაბადებიდან“ „გამოცხადების“ ჩათვლით. და ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვისას მიზნად უნდა გვქონდეს ბიბლიის ჭეშმარიტების უმეტესი ნაწილის უკეთესად გაგება, რომელიც ღმერთმა ‘ერთგული მონის’ საშუალებით ხელმისაწვდომი გახადა.
იკითხე ღმერთის სიტყვა ხმამაღლა
11, 12. რატომ მოაქვს დადებითი შედეგი კრებაში ბიბლიის ხმამაღლა კითხვას?
11 მარტო ყოფნისას ჩვენ შეიძლება ჩუმად ვკითხულობთ. მაგრამ ძველ დროში პირადი კითხვის დროს ხალხი ხმამაღლა კითხულობდა. ამიტომ, როცა ეთიოპელი საჭურისი ეტლით მიემგზავრებოდა, მახარობელმა ფილიპემ მოისმინა, რომ ის ესაიას წინასწარმეტყველებიდან კითხულობდა (საქმეები 8:27–30). სიტყვა „წაკითხვად“ გადათარგმნილი ებრაული სიტყვის პირველი მნიშვნელობა არის „წამოძახება“. ამიტომ ისინი, ვინც თავიდან ვერ იგებენ ჩუმად წაკითხულის მნიშვნელობას, არ უნდა დანაღვლიანდნენ თითოეული სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმის გამო. ძირითადი მიზანი არის წერილობით გადმოცემული ღმერთის სიტყვის კითხვის საშუალებით ჭეშმარიტების შესწავლა.
12 დადებითი შედეგი მოაქვს ქრისტიანულ კრებებში ბიბლიის ხმამაღლა კითხვას. მოციქული პავლე ამხნევებდა თავის თანამშრომელ ტიმოთეს: „მიჰყევი [საჯაროდ, აქ] კითხვას, შეგონებას და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:13). კოლასელებს პავლემ უთხრა: „როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ“ (კოლასელთა 4:16). ასევე გამოცხადების 1:3-ში ნათქვამია: „ნეტარია [ხმამაღლა, აქ] წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი“. ამიტომ საჯარო მომხსენებელი უნდა კითხულობდეს მუხლებს ბიბლიიდან, რათა განამტკიცოს თავისი ნათქვამი კრების წინაშე.
შესწავლის თემატური მეთოდი
13. ბიბლიის ჭეშმარიტებების შესწავლის რომელი მეთოდია ყველაზე პროგრესული და რა გვეხმარება მუხლების მოძებნაში?
13 ბიბლიის ჭეშმარიტებების შესწავლის ყველაზე პროგრესული მეთოდი არის თემატური შესწავლა. ბიბლიის სიმფონიებში ანბანის მიხედვით ჩამოთვლილი, და თავისივე ბიბლიურ წიგნთან, თავსა და მუხლთან შეთანხმებულ კონტექსტში მოცემული ბიბლიური სიტყვები აადვილებენ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებული თემების მოძებნას. და ასეთი მუხლები შეიძლება შეესატყვისებოდეს ერთმანეთს, რადგან ბიბლიის ავტორი არ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. თავისი წმინდა სულის საშუალებით მან შთააგონა დაახლოებით 40 მამაკაცი ბიბლიის დასაწერად, რომელიც 16 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა და მისი თემატურად შესწავლა ჭეშმარიტების სწავლის ნაცადი მეთოდია.
14. რატომ უნდა ვსწავლობდეთ ებრაულ წერილებს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებთან ერთად?
14 ბიბლიური ჭეშმარიტებისთვის მადლიერებამ უნდა აღგვძრას, ვიკითხოთ და ვსწავლობდეთ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს ებრაულ წერილებთან ერთად. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ უკავშირდება ბერძნული წერილები ღმერთის განზრახვას და შუქს მოჰფენს ებრაული წერილების წინასწარმეტყველებებს (რომაელთა 16:25–27, სსგ; ეფესელთა 3:4–6; კოლასელთა 1:26). ამასთან დაკავშირებით ძალიან დამხმარეა „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (ინგლ.). ის შეადგინეს ღმერთისადმი მიძღვნილმა მსახურებმა, რომლებმაც გამოიყენეს ხელმისაწვდომი ფართო შემეცნება ბიბლიის დედანის და ასევე მისი დაწერის დროს არსებული პირობებისა და იდიომატური გამოთქმების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებსაც იეჰოვა გვაწვდის ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით.
15. როგორ დაამტკიცებდი, რომ მართებულია ბიბლიის სხვადასხვა ადგილებიდან ციტირება?
15 ზოგმა შეიძლება თქვას: „თქვენს პუბლიკაციებში ათასობით ბიბლიური ციტატაა მოყვანილი, მაგრამ რატომ იღებთ მათ ბიბლიის სხვადასხვა ადგილიდან? ბიბლიის 66 წიგნის სხვადასხვა ადგილიდან ციტირებით პუბლიკაციები ეყრდნობიან რამდენიმე ინსპირირებულ მოწმეს, რათა დაამტკიცონ სწავლების სიმართლე. თვით იესო დამოძღვრის ამ მეთოდს იყენებდა. მთაზე ქადაგებისას მან 21 ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან. ამ მოძღვრებაში შედის სამი ციტატა „გამოსვლიდან“, ორი — წიგნიდან „ლევიანნი“, ერთი — „რიცხვნიდან“, ექვსი — „მეორე რჯულიდან“, ერთი — წიგნიდან „მეოთხე მეფეთა“, ოთხი — „ფსალმუნებიდან“, სამი — „ესაიადან“ და ერთი — „იერემიადან“. ნუთუ ამით იესო ‘მხოლოდ რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა’? არა, რადგან „იგი ასწავლიდა. . . როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც. . . მწიგნობარნი“. ეს იმიტომ იყო, რომ თავის სწავლებას იესო წერილობით გადმოცემული ღმერთის სიტყვის ავტორიტეტით განამტკიცებდა (მათე 7:29). ამავეს აკეთებდა მოციქული პავლე.
16. რომელი ბიბლიური ციტატები მოიყვანა პავლემ რომაელთა 15:7–13-ში?
16 რომაელთა 15:7–13-ში მოცემულ ნაწყვეტში პავლე ციტირებს ებრაული წერილების სამი ადგილიდან — რჯულიდან, წინასწარმეტყველთა წიგნებიდან და ფსალმუნებიდან. მან ცხადყო, რომ იუდეველებთან ერთად წარმართებიც განადიდებდნენ ღმერთს და ამრიგად ქრისტიანებმა გულთბილად უნდა მიიღონ ადამიანები ყველა ერიდან. პავლე ამბობდა: «მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად. ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული, და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი შეწყალებისათვის, როგორც წერია [ფსალმუნის 17:50-ში]: „ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.“ და კვლავ ამბობს [მეორე რჯულის 32:43-ში]: „იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.“ და კვლავ [ფსალმუნის 116:1-ში]: „წარმართებო, აქებდეთ უფალს და, ხალხებო, ადიდებდეთ მას.“ და კვლავ, ესაია [11:1, 10] ამბობს: „იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, მისი იმედი ექნებათ წარმართებს.“ ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში». ასეთი თემატური მეთოდით პავლემ ნათელყო, როგორ უნდა ვციტირებდეთ მუხლებს ბიბლიის ჭეშმარიტებების დასამტკიცებლად.
17. რომელი მაგალითის თანახმად ციტირებენ ქრისტიანები მთლიანი ბიბლიის სხვადასხვა ნაწილებიდან?
17 მოციქული პეტრეს პირველი ინსპირირებული წერილი შეიცავს 34 ციტატას ათი წიგნიდან: რჯულიდან, წინასწარმეტყველთა წიგნებიდან და ფსალმუნებიდან. მეორე წერილში პეტრე ექვსჯერ ციტირებს სამი წიგნიდან. მათეს სახარებაში მოხსენიებულია 122 ციტატა, „დაბადებიდან“ „მალაქიას“ ჩათვლით. ბერძნული წერილების 27 წიგნში უშუალოდ მითითებულია 320 ციტატა, „დაბადებიდან“ „მალაქიამდე“ და აგრეთვე არსებობს ებრაულ წერილებზე ასობით სხვა მითითება. იესოს და შემდეგ მისი მოციქულების მაგალითის თანახმად, ბიბლიური საკითხის თემატური შესწავლის დროს თანამედროვე ქრისტიანები ციტირებენ მთლიანი ბიბლიის სხვადასხვა ნაწილებიდან. ეს განსაკუთრებით მართებულია ამ „უკანასკნელ დღეებში“, როცა ებრაული და ბერძნული წერილების უმეტესი ნაწილი სრულდება (2 ტიმოთე 3:1). ‘ერთგული მონა’ ზუსტად ასე იყენებს ბიბლიას თავის პუბლიკაციებში, მაგრამ ის არასდროს უმატებს და არასდროს აკლებს ღმერთის სიტყვას რამეს (იგავნი 30:5, 6; გამოცხადება 22:18, 19).
ყოველთვის ჭეშმარიტებით იარე
18. რატომ უნდა ‘ვიაროთ ჭეშმარიტებით’?
18 ჩვენ არაფერი უნდა მოვაკლოთ ბიბლიას, რადგან ღმერთის სიტყვაში მოცემული ყველა ქრისტიანული სწავლება არის „ჭეშმარიტება“ ან „სახარების ჭეშმარიტება“. ამ ჭეშმარიტებისადმი ერთგულება — მისით ‘სიარული’ — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის (გალატელთა 2:5; 2 იოანე 4; 1 ტიმოთე 2:3, 4). რადგან ქრისტიანობა ‘ჭეშმარიტების გზა’ არის, მისი ინტერესების წინ წაწევაში სხვებისადმი დახმარების აღმოჩენით ჩვენ ვხდებით „ჭეშმარიტების თანამშრომელნი“ (2 პეტრე 2:2; 3 იოანე 8).
19. როგორ შეგვიძლია ‘ვიაროთ ჭეშმარიტებით’?
19 თუ გვსურს, რომ ‘ჭეშმარიტებით ვიაროთ’, უნდა ვკითხულობდეთ ბიბლიას და ვსარგებლობდეთ სულიერი დახმარებით, რომელსაც ღმერთი ‘ერთგული მონის’ საშუალებით გვაწვდის (3 იოანე 4). დაე, ვაკეთებდეთ ამას ჩვენს სასიკეთოდ და იმისთვის, რომ შევძლოთ, ვასწავლოთ სხვებს იეჰოვა ღმერთის, იესო ქრისტესა და ღვთიური განზრახვის შესახებ. და ვიყოთ მადლიერნი, რომ იეჰოვას სული გვეხმარება, ჩავწვდეთ მის სიტყვას და ღმერთისადმი ჭეშმარიტებით მსახურებაში მივაღწიოთ წარმატებას.
-