-
დაე, ღვთის სიტყვამ მოგანიჭოს სიამოვნება!მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
ყოველდღიურად იკითხე ბიბლია
იმ ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად კითხულობს ღვთის სიტყვას, ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმ. 1:3). დიახ, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ, სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და, ამავე დროს, ეშმაკი ცდილობს ჩვენ შეცდენას, ბიბლიის რეგულარული კითხვა და წაკითხულის გამოყენება დაგვეხმარება ყველაფერში, რაც იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას უკავშირდება.
ეს დრომოჭმული ქვეყნიერება ზეგავლენას ახდენს ჩვენზე, ამიტომ შემოქმედის აზრების მოსასმენად დღეში თუნდაც რამდენიმე ძვირფასი წუთის დათმობა ნამდვილად სასიკეთო იქნება ჩვენთვის. რწმენის გამო დაპატიმრებულ ზოგ ქრისტიანს საგაზეთო სტატიებში შემთხვევით ნაპოვნი მხოლოდ ცალკეული ბიბლიური მუხლების წაკითხვა თუ შეეძლო. ისინი გაზეთებიდან ჭრიდნენ ასეთ მუხლებს, იმახსოვრებდნენ და ფიქრობდნენ მათზე. იეჰოვა აკურთხებდა ასეთ მოწადინებულ ქრისტიანებს, რადგან ისინი, თავიანთი მდგომარეობისა და შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს აკეთებდნენ ღვთის სიტყვიდან ცოდნის მისაღებად (მათ. 5:3). დღეს უმრავლესობას გაცილებით მეტი თავისუფლება გვაქვს. ნუ ვიფიქრებთ, რომ დღეში ბიბლიის თითო მუხლის ნაუცბადევად წაკითხვა, თავისთავად, რაღაც სასწაულს მოახდენს. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით კურთხეული, თუ ისე დავგეგმავთ პირად საქმეებს, რომ ყოველდღიურად შევძლოთ ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთის წაკითხვა, წაკითხულზე დაფიქრება და მისი ცხოვრებაში გამოყენება.
ხანდახან შეიძლება საუკეთესო გეგმებიც კი ჩაგვეშალოს. თუმცა, ასეთი შემთხვევების დროსაც ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით. მაგალითად, საკუთარი სურვილით უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდით წყლის დალევაზე ერთი ან ორი დღით. ამიტომაც, რაც უნდა მოხდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნდა გამოვნახოთ დრო იმისათვის, რომ ჭეშმარიტების წყლით ძალები განვიახლოთ (საქ. 17:11).
-