შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს დღეს?
„ბიბლიის დაახლოებით ერთი პროცენტი თუ ღირს წასაკითხად, დანარჩენი უსარგებლო და მოძველებულია“, — ასეთი აზრი გამოთქვა ერთმა ახალგაზრდამ. მას ბევრი დაეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია კვლავაც მსოფლიო ბესტსელერია, მილიონობით ადამიანი ძალიან მცირე ყურადღებას უთმობს მას და არ არის გაცნობილი მის მოძღვრებას.
1996 წელს ერთი გერმანული გაზეთის საშობაო ნომერში ნათქვამი იყო, რომ ბიბლიას „სულ უფრო და უფრო ნაკლები კითხულობს. ამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მზარდი სეკულარიზაციის ხანაში ბევრი თვლის, რომ ბიბლიური ცნობები უცნაური და ძნელად გასაგებია“ (Süddeutsche Zeitung). გამოკვლევები ადასტურებს ამას. ზოგი გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ მრავალმა ბავშვმა ისიც კი არ იცის ზუსტად, ვინ არის იესო. ერთ-ერთი გამოკვლევისას გამოკითხულთა ნახევარმაც ვერ შეძლო მოეთხრო ბიბლიური იგავები უძღებ შვილსა და გულმოწყალე სამარიელზე.
ერთ შვეიცარიულ ევანგელიკური ეკლესიის პუბლიკაციაში (Reformiertes Forum) ნათქვამია, რომ შვეიცარიაში ბიბლიაზე აღარ არის ისეთი მოთხოვნილება, როგორიც ადრე იყო. მათაც კი, ვისაც ბიბლია აქვს, ხშირად ის თაროზე უდევთ და მტვერი ედება. იგივე მდგომარეობაა ბრიტანეთშიც. ერთი გამოკვლევისას ნათელი გახდა, რომ, თუმცა უმრავლესობას აქვს ბიბლია, ბევრ მათგანს არასოდეს წაუკითხავს.
მეორე მხრივ, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სხვანაირი წარმოდგენა აქვს ბიბლიაზე. მათ ის ღვთის სიტყვად მიაჩნიათ და თვლიან, რომ ძვირფასი და სასარგებლო წიგნია; ამიტომაც მას რეგულარულად კითხულობენ. ერთმა ახალგაზრდა ქალმა დაწერა: „ვცდილობ, ყოველდღე ერთი-ორი თავი მაინც წავიკითხო ბიბლიიდან. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს“. ასეთი ადამიანები ყურადღებით ეკიდებიან ბიბლიურ სწავლებას და ცდილობენ, მასში მოცემული რჩევები ცხოვრებაში გამოიყენონ. მათ სწამთ, რომ ბიბლია დღევანდელ პრობლემებით აღსავსე წუთისოფელშიც კი დაეხმარებათ.
თქვენ რას ფიქრობთ? გამოუდეგარია ბიბლია დღეს? თუ ძვირფასი და სასარგებლო წიგნია? შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს დღეს?