საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა გავეცნოთ ბიბლიას?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 დეკემბერი
    • მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება!

      რატომ უნდა გავეცნოთ ბიბლიას?

      „ბიბლია საყოველთაოდ ცნობილი რელიგიური წიგნია, მაგრამ ჩინელებისთვის ის უცხო და ნაკლებად ღირებულია“ (ლინი, ჩინეთი).

      „ინდუსთა წმინდა წიგნების ვერაფერი გამიგია და ბიბლიას როგორღა გავიგებ?“ (ემიტი, ინდოეთი).

      „ბიბლიას, როგორც უძველეს წიგნს, ძალიან ვაფასებ. ვიცი, ეს წიგნი ბესტსელერია, მაგრამ პირადად მე ხელში არასდროს ჩამვარდნია“ (იუმიკო, იაპონია).

      ბიბლია მსოფლიოში აღიარებული წიგნია, მაგრამ ცოტა თუ იცნობს მის შინაარსს. ბიბლია არა მარტო აზიის ქვეყნებში მცხოვრები მილიონებისთვისაა უცხო, არამედ იმ ქვეყნებში მცხოვრებთათვისაც, სადაც ბიბლია საკმაოდ გავრცელებული წიგნია.

      ქალი კითხულობს ბიბლიას

      თუმცა შეიძლება იკითხოთ: „რატომ უნდა გავეცნო ბიბლიას?“. ამ წმინდა წიგნის ახლოს გაცნობა დაგეხმარებათ:

      • პოვოთ ბედნიერება და კმაყოფილება

      • თავი გაართვათ პრობლემებს

      • გაუმკლავდეთ საწუხარს

      • გქონდეთ სხვებთან კარგი ურთიერთობა

      • ისწავლოთ ფულის ყაირათიანად ხარჯვა

      სწორედ ასე მოხდა იოშიკოს შემთხვევაში, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს. მას აინტერესებდა, რა ეწერა ამ წიგნში და მისი წაკითხვა გადაწყვიტა. თავის შთაბეჭდილებებს ის ასე გადმოგვცემს: „ბიბლიამ სიცოცხლის აზრი და მომავლის იმედი მაპოვნინა. ამ წიგნმა შინაგანი სიცარიელე შემივსო“. ბიბლიის გამოკვლევა ზემოხსენებულმა ემიტიმაც გადაწყვიტა. ის ამბობს: „გაოცებული დავრჩი, თურმე რა პრაქტიკული წიგნი ყოფილა ბიბლია ყველასთვის“.

      ბიბლიამ მილიონების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. თქვენც აიღეთ ეს წიგნი ხელში, გულდასმით გამოიკვლიეთ და თავად დარწმუნდით, რომ ის მართლაც უნიკალური და პრაქტიკული წიგნია.

  • წიგნი, რომლის გაგებაც შესაძლებელია!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 დეკემბერი
    • ბიბლიის კითხვა შესაძლებელია, როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული სახით

      მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება!

      წიგნი, რომლის გაგებაც შესაძლებელია!

      სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიბლია ძველთაძველი წიგნია. მაგრამ საინტერესოა, რამდენ საუკუნეს ითვლის მისი არსებობა? ბიბლიის წერა ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 3 500 წლის წინათ დაიწყო. თვალსაჩინოებისთვის, ეს ის პერიოდია, როდესაც ჩინეთში ძლევამოსილ შანის იმპერიას ეყრება საფუძველი, ხოლო ინდოეთში ბუდიზმი ამ მოვლენიდან მხოლოდ ათი საუკუნის შემდეგ იკიდებს ფეხს. იხილეთ ჩარჩო „ზოგადი ცნობები ბიბლიის შესახებ“.

      ბიბლია პასუხს გვცემს უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ კითხვებზე

      წიგნმა რომ თავის მიზანს მიაღწიოს და ადამიანს რამეში წაადგეს, მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს და აქტუალურ თემას ეხებოდეს. ბიბლია ზუსტად ასეთი წიგნია. ის დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვთავაზობს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე.

      მაგალითად, გიფიქრიათ, რისთვის გავჩნდით ამქვეყნად? ეს შეკითხვა ათასობით წელია საგონებელში აგდებს ადამიანს. არადა პასუხის პოვნა ბიბლიის პირველივე წიგნის, „დაბადების“, პირველ ორ თავშია შესაძლებელი. ბიბლიის ეს მონაკვეთი მილიარდობით წლის წინანდელ პროცესებს აღგვიწერს, როდესაც მატერიალურ სამყაროს, მათ შორის გალაქტიკებს, ვარსკვლავებსა და დედამიწას მიეცა დასაბამი (დაბადება 1:1). შემდეგ კი აღწერილია, როგორ მომზადდა ეტაპობრივად დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად, როგორ გაჩნდა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა და როგორ მოევლინენ ადამიანები ქვეყანას, აქვე ვიგებთ მათი შექმნის მიზანსაც.

      გასაგებ ენაზე დაწერილი

      ბიბლია ყოველდღიურ პრობლემებთან გასამკლავებლად პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, რომელთა გაგებაც ნამდვილად არ არის რთული. ამას კი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.

      პირველი, ბიბლია ადვილად გასაგები, არაორაზროვანი და სასიამოვნო ენითაა დაწერილი. ეს წიგნი არც განყენებულ ფრაზებს იყენებს და არც მისტიკურს; ის კონკრეტული და გულში ჩამწვდომი ენით საუბრობს. რთული აზრებიც კი ისეთი მარტივი სიტყვებით არის გადმოცემული, როგორსაც ყოველდღიურ საუბარში ვიყენებთ.

      მაგალითად, ადამიანების გულს რომ შეხებოდა და მათთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა, იესოს უბრალო მაგალითები მოჰყავდა ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამ მაგალითების უმეტესობა ბიბლიაში მათეს სახარების 5—7 თავებშია ჩაწერილი. სახარების ეს მონაკვეთი „მთაზე ქადაგების“ სახელითაა ცნობილი. ბიბლიის ერთმა კომენტატორმა მთაზე ქადაგებას „პრაქტიკული მსჯელობა“ უწოდა და დასძინა: „ამ ქადაგების მიზანი ის კი არაა, რომ რაღაც იდეებით გამოგვიჭედოს თავი, არამედ, მოგვცეს პრაქტიკული რჩევები, რაც ცხოვრების მოწესრიგებაში დაგვეხმარება“. ბიბლიის ამ მონაკვეთის წაკითხვა 15—20 წუთშია შესაძლებელი, თუმცა შეიძლება გაგაოცოთ იმის აღმოჩენამ, თუ რა მარტივი და, ამავდროულად, ძლიერმოქმედი სიტყვებით საუბრობს იესო.

      მეორე, ბიბლიას ადვილად გასაგებს თავად მისი შინაარსი ხდის. ეს არ არის მითებისა და იგავ-არაკების წიგნი. პირიქით, როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ განმარტავს, „უმეტესწილად ეს წიგნი მოგვითხრობს როგორც გამორჩეული, ისე უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე — მათ განსაცდელებზე, იმედებზე, წარუმატებლობებსა თუ გამარჯვებებზე“. მათ თავს გადამხდარი ამბები ჩვენთვის ადვილი წარმოსადგენი და გასაგებია. ისინი შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებას დავუკავშიროთ და მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლოთ (რომაელები 15:4).

      ყველასთვის ხელმისაწვდომი

      წიგნის წაკითხვა და მისი გაგება რომ შეძლოთ, ის იმ ენაზე უნდა იყოს დაწერილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და რომელი ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა ბრძანდებოდეთ, დიდი ალბათობით, ბიბლია თქვენს ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. დავფიქრდეთ, რამ გახადა ეს შესაძლებელი.

      თარგმნა. ბიბლია ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ბუნებრივია, ამ ენებზე ბევრი ვერ შეძლებდა მის წაკითხვას. ბიბლიის ტექსტი სხვა ენებზეც რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, შეუპოვარმა მთარგმნელებმა თავდაუზოგავად იშრომეს. მათი მონდომებისა და ძალისხმევის წყალობით ეს წიგნი მთლიანად ან ნაწილობრივ დღეს თითქმის 2 700 ენაზეა ნათარგმნი, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს შეუძლია ბიბლიის რაღაც ნაწილის მაინც მშობლიურ ენაზე წაკითხვა.

      გამოცემა. ბიბლიის დამწერები თავდაპირველად მას მალფუჭებად მასალაზე — ტყავსა და პაპირუსზე — წერდნენ. ბიბლიური ცნობა ბევრისთვის რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, გადამწერები ტექსტს ორიგინალიდან დიდი სიფრთხილითა და გულისყურით იწერდნენ და ამგვარად ამზადებდნენ წმინდა წერილების ასლებს. თუმცა ეს ასლები ძვირი ღირდა და მათზე ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი. 550 წელზე მეტი ხნის წინ გუტენბერგის მიერ გამოგონილმა საბეჭდმა დაზგამ ბიბლიის გავრცელება ბევრად დააჩქარა. ერთი გამოთვლის თანახმად, დღეისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიბლიის ხუთ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გავრცელებული.

      ამ მხრივ ბიბლიას ვერც ერთი რელიგიური შინაარსის პუბლიკაცია ვერ უდებს ტოლს. მართალია, ბიბლია მარტივი ენით არის დაწერილი, მაგრამ მის გასაგებად შეიძლება დახმარება მაინც დაგჭირდეთ. თქვენ შეგიძლიათ ასეთი დახმარების მიღება. შემდეგი სტატიიდან გაიგებთ, როგორ არის ეს შესაძლებელი და რა სიკეთეს მოგიტანთ ბიბლიის შესწავლა.

      ზოგადი ცნობები ბიბლიის შესახებ

      • ბიბლია 66 წმინდა წიგნისგან შედგება.

      • ბიბლიაში თავმოყრილია რეალური ისტორიები, კანონები, წინასწარმეტყველებები, იგავები და წერილები.

      • ბიბლიის წერა დაიწყო ძვ. წ. 1513 წელს და დასრულდა ახ. წ. 98 წელს. ის 1 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა.

      • ბიბლიას ღვთის შთაგონებით 40-მდე მამაკაცი წერდა.

      „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“

      სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

      „რას გვამცნობს ბიბლია?“

      ბიბლიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბროშურა „რას გვამცნობს ბიბლია?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

  • დახმარება ბიბლიის გასაგებად
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 დეკემბერი
    • მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება!

      დახმარება ბიბლიის გასაგებად

      წარმოიდგინეთ, რომ პირველად ეწვიეთ უცხო ქვეყანას და თქვენთვის სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდით, სადაც ყველაფერი — ხალხი, მათი წეს-ჩვეულებები, საკვები თუ ფულის ერთეული — უცხო და უჩვეულოა. ამდენმა სიახლემ შეიძლება ცოტა არ იყოს უხერხულობა და დისკომფორტი შეგიქმნათ.

      ბიბლიის პირველად წაკითხვისას შესაძლოა, სწორედ ასეთი გრძნობები დაგეუფლოთ. შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის კითხვისას წარსულში მოგზაურობთ, დროში, სადაც ყველა და ყველაფერი თქვენთვის სრულიად უცხოა. ბიბლიის ფურცლებზე შეხვდებით ფილისტიმელების სახელით ცნობილ ხალხს; უცნაურ წეს-ჩვეულებებს, მაგალითად ისეთს, როგორიც ტანსაცმლის შემოხევა იყო; უჩვეულო საკვებს, რომელსაც მანანას ეძახდნენ და ფულის ერთეულს — დრაქმას (გამოსვლა 16:31; იესო ნავეს ძე 13:2; 2 სამუელი 3:31; ლუკა 15:9). თავიდან ეს ყველაფერი შეიძლება უცნაურად და გაუგებრად მოგეჩვენოთ. მაგრამ როგორც უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ისე ბიბლიის კითხვის დროსაც, ალბათ, ძალიან დააფასებდით, თუ ვინმე დახმარების ხელს გამოგიწვდიდათ და ყველაფერს აგიხსნიდათ.

      ბიბლიის გასაგებად გაწეული დახმარება წარსულში

      იმ დროიდან მოყოლებული, რაც ძვ. წ. მე-16 საუკუნეში წმინდა წერილების პირველი სიტყვები დაიწერა, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სხვებს ღვთის სიტყვის გაგებაში ეხმარებოდნენ. მაგალითად, ისრაელი ერის პირველი წინამძღოლი, მოსე, ხალხს კანონში ჩაწერილ სიტყვებს უხსნიდა (კანონი 1:5).

      წმინდა წერილების დახელოვნებული მასწავლებლების გარეშე ხალხი არც ათი საუკუნის შემდეგ დარჩენილა. ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმის მოედანზე უამრავ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, მოეყარა თავი. ბიბლიის მასწავლებლები „ხმამაღლა კითხულობდნენ [წმინდა] წიგნს“ და უფრო მეტიც, „ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ“ (ნეემია 8:1—8).

      ამ მოვლენიდან ხუთი საუკუნის შემდეგ იესო ქრისტეც მსგავს საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც ხალხი მას მოძღვარს უწოდებდა (იოანე 13:13). იესო ხალხს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად ასწავლიდა. მაგალითად, ერთხელ მისი ცნობილი ქადაგება, რომელიც მთაზე წარმოთქვა, უამრავმა ადამიანმა მოისმინა და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ (მათე 5:1, 2; 7:28). ახ. წ. 33 წლის გაზაფხულის ერთ დღეს იესო იერუსალიმთან ახლოს მდებარე სოფლისკენ მიმავალ ორ მოწაფეს დაემგზავრა და „განუმარტავდა მათ წმინდა წერილებში . . . დაწერილს“ (ლუკა 24:13—15, 27, 32).

      ღვთის სიტყვას იესოს მოწაფეებიც ასწავლიდნენ. ერთხელ ეთიოპ დიდებულს, რომელიც წმინდა წერილების ერთ მონაკვეთს კითხულობდა, მოწაფე ფილიპე მიუახლოვდა და ჰკითხა: «„გესმის, რასაც კითხულობ?“ მან მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“». ამის შემდეგ ფილიპემ მას ის ბიბლიური მონაკვეთი განუმარტა, რომელსაც კითხულობდა (საქმეები 8:27—35).

      ბიბლიის გასაგებად გაწეული დახმარება დღეს

      წარსულში მცხოვრები ბიბლიის მასწავლებლების მსგავსად, დღეს იეჰოვას მოწმეები 239 ქვეყანაში ჩაბმულნი არიან ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში (მათე 28:19, 20). ყოველკვირეულად ისინი ცხრა მილიონზე მეტ ადამიანს ეხმარებიან ბიბლიის გაგებაში. შემსწავლელთაგან ბევრი მანამდე არც ერთ ქრისტიანულ რელიგიას არ მიეკუთვნებოდა. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა უფასოა; ის შეიძლება ჩატარდეს როგორც შემსწავლელის სახლში, ისე სხვა ხელსაყრელ ადგილას. ზოგი ბიბლიას მოწმეებთან ტელეფონის ან ინტერნეტის მეშვეობით სწავლობს.

      შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს, რათა უფრო დაწვრილებით გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ ამ ღონისძიებით სარგებლობა. ბიბლიის შესწავლისას აღმოაჩენთ, რომ ეს წიგნი რთული და გაუგებარი კი არა, სინამდვილეში, „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“, რათა იყოთ „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული . . . ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

      უყურეთ ვიდეორგოლს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ ვებ-გვერდზე www.pr2711.com

      უყურეთ ვიდეორგოლს „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ ვებ-გვერდზე www.pr2711.com

      დახმარება ვებ-გვერდზე

      ქალი კაფეში ზის და თავის ელექტრონულ მოწყობილობაში ათვალიერებს ვებ-გვერდს jw.org

      გსურთ, თავად გაეცნოთ ბიბლიას? თავდაპირველად, ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org. ბიბლიის შესახებ ინფორმაცია ამ ვებ-გვერდზე 700-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი სტატიები:

      ხშირად დასმული კითხვები

      • რა არის სიცოცხლის აზრი?

      • რატომ კვდებიან ადამიანები?

      • რა ხდება სიკვდილის დროს?

      (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე)

      პირადი საწუხარი

      • რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ დეპრესიაში ხართ

      • როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ქრონიკულ დაავადებას

      • როგორ შეგიძლიათ გადაჭრათ ფინანსებთან და ვალების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები

      (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე)

      რჩევები ოჯახებს

      • როგორ ავარიდოთ თავი კამათს

      • დაეხმარეთ შვილებს, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა

      • ჩაუნერგეთ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები

      (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > წყვილები და მშობლები)

      რჩევები ახალგაზრდებს

      • როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?

      • როგორ უნდა მოვიქცე, თუ მჩაგრავენ?

      • როგორ დავძლიო მარტოობის გრძნობა?

      (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > ახალგაზრდები)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება