საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დღემდე პრაქტიკულია ბიბლიური რჩევები?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 1
    • კოსმონავტი; თვითმფრინავი; მეცნიერი; ოჯახი; კაცი, რომელიც ბიბლიას კითხულობს

      დღემდე პრაქტიკულია ბიბლიური რჩევები?

      ზოგი არ თვლის ბიბლიას პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ. ერთმა ექიმმა თქვა, რომ დღეს ბიბლიით ხელმძღვანელობა იგივეა, რომ ქიმიის გაკვეთილი 1920-იან წლებში გამოცემული სახელმძღვანელოთი ჩაატარო. სკეპტიკურად განწყობილმა ადამიანებმა შეიძლება ასეთი კითხვა დასვან: ნუთუ გამოიყენებდა ვინმე ძველი მოდელის კომპიუტერის ინსტრუქციას უახლესი მოდელის კომპიუტერით სარგებლობისას?! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგის აზრით, ბიბლია დრომოჭმული წიგნია.

      ღირს კი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხელმძღვანელობისთვის ასეთ უძველეს წიგნს მიმართო? ბოლოს და ბოლოს დღეს ხომ ზღვა ინფორმაცია და უამრავი რჩევაა ხელმისაწვდომი ვებ-გვერდებსა თუ ბლოგებზე, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. სატელევიზიო გადაცემებსა თუ თოქ-შოუებში მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, მწერლები და კონსულტანტები თავიანთ რჩევებს გვთავაზობენ; წიგნების მაღაზიები სავსეა სახელმძღვანელოებით, რომლებიც ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება, და ეს წიგნები იმდენად მოთხოვნადია, რომ მათი გამომცემლებისთვის მილიარდობით დოლარის მოგება მოაქვს.

      მაშინ როცა ამდენი ახალ-ახალი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, აქვს აზრი, რჩევისთვის მივმართოთ ბიბლიას, რომელიც თითქმის 2 000 წელს ითვლის? სიმართლეს ხომ არ შეესაბამება მათი ნათქვამი, ვინც ამ უძველესი წიგნით ხელმძღვანელობას მოძველებული ქიმიის წიგნით ან ძველი მოდელის კომპიუტერის ინსტრუქციით ხელმძღვანელობას ადარებს? სინამდვილეში ასეთი შეხედულება მცდარია. მართალია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ცვლილებები სწრაფად ხდება, მაგრამ ადამიანის ბუნებაზე იმავეს ვერ ვიტყვით. ადამიანებს დღესაც სურთ, გაიგონ სიცოცხლის აზრი, იყვნენ ბედნიერები, იცხოვრონ უსაფრთხოდ, ჰყავდეთ კარგი მეგობრები და ჰქონდეთ მტკიცე ოჯახები.

      მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია უძველესი წიგნია, ის ნათელს ჰფენს ამ და ბევრ სხვა საკითხს. ბიბლია იმასაც გვიმჟღავნებს, რომ მისი ავტორი სამყაროს შემოქმედია. ის ხელმძღვანელობას გვიწევს ცხოვრების ყველა სფეროში და ნებისმიერი სირთულისთვის გვამზადებს (2 ტიმოთე 3:16, 17). მეტიც, როგორც ამ უძველეს წიგნში წერია, მისი რჩევები ჟამთა სვლას უძლებს და არასდროს კარგავს ფასს! მასში ნათქვამია: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“ (ებრაელები 4:12).

      მართლა ასეა? ბიბლია დრომოჭმული წიგნია თუ კვლავაც გამოსადეგი და პრაქტიკული, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით — ცოცხალი? ეს ჟურნალი, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ სპეციალური გამოცემის პირველი ნომერია, დაგეხმარებათ ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში.

  • ბიბლიური სიბრძნე ფასს არასდროს კარგავს
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 1
    • სხვადასხვა რასის ადამიანები

      ბიბლიური სიბრძნე ფასს არასდროს კარგავს

      წარმოიდგინეთ, რომ მუზეუმში უძველეს ისტორიულ მონუმენტებს ათვალიერებთ. ბევრი მათგანი დაზიანებულია, ზოგისგან კი მხოლოდ ნაწილებია დარჩენილი. თუმცა ამჩნევთ, რომ ამ მონუმენტებიდან ერთი იდეალურადაა შემონახული და კარგად ჩანს მისი თითოეული დეტალი. გიდს ეკითხებით: „ეს შედარებით ახალი ძეგლია?“. ის გიხსნით, რომ ერთ-ერთი უძველესი ექსპონატია, თანაც რეკონსტრუქცია არასდროს დასჭირვებია. გაოცებული ეკითხებით: „კი მაგრამ, როგორ? სადმე განსაკუთრებულ ადგილას ხომ არ ინახავდნენ?!“. „სულაც არა, — გპასუხობთ გიდი. — მან ყველაზე ძლიერ წვიმებსა და ქარიშხლებს გაუძლო და, ამასთან, არაერთხელ უცდიათ მისი დაზიანება“. ალბათ, გაკვირვებული იკითხავთ: „ნეტავ რისგანაა გაკეთებული?!“.

      ბიბლია ამ განსაკუთრებულ მონუმენტს ჰგავს. ის ერთ-ერთი უძველესი წიგნია. ცხადია, სხვა უძველესი წიგნებიც არსებობს, თუმცა დაზიანებული ძველი მონუმენტების მსგავსად, ჟამთა სვლამ მათ თავისი კვალი დააჩნია. მაგალითად, მეცნიერულ საკითხებზე მათში გამოთქმული აზრები წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე აღმოჩენებსა თუ ფაქტებთან, იქ მოცემული სამედიცინო რჩევების მიყოლა კი ხშირად უფრო სახიფათოა, ვიდრე სასარგებლო. მეტიც, ამ უძველესი ხელნაწერებიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი, რადგან მათი დიდი ნაწილი დაიკარგა ან დაზიანდა.

      ბიბლია სრულიად განსხვავდება ამ ხელნაწერებისგან. მისი წერა 3 500 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ ის დღემდე უცვლელი სახითაა შემონახული. საუკუნეების მანძილზე ბიბლიას არაერთი მტერი ჰყავდა — მას წვავდნენ, კრძალავდნენ და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. მიუხედავად ამისა, ამ წიგნმა ყველაფერს გაუძლო. თანამედროვე აღმოჩენებმა ცხადყო, რომ სხვა უძველესი წიგნებისგან განსხვავებით, ბიბლია ყოველთვის წინ უსწრებდა დროს (იხილეთ ჩარჩო „მოძველებული წიგნია ბიბლია თუ წინ უსწრებს დროს?“).

      დღემდე ღირებული პრინციპები

      შესაძლოა გაინტერესებთ, არის კი ბიბლიური პრინციპები პრაქტიკული თანამედროვე რეალობაში? ამ კითხვაზე პასუხი რომ მიიღოთ, ჯერ დაფიქრდით: დღეს რა პრობლემების წინაშე დგას კაცობრიობა? მათგან რომელია ყველაზე შემაშფოთებელი? ეს შეიძლება იყოს შეიარაღებული კონფლიქტები, გარემოს დაბინძურება, დამნაშავეობა და კორუფცია. შემდეგ დაფიქრდით ბიბლიაში ჩაწერილ რამდენიმე პრინციპზე და, ამავე დროს, ჰკითხეთ საკუთარ თავს: თუ ადამიანები ამ პრინციპებით იცხოვრებენ, გაუმჯობესდება მსოფლიოში მდგომარეობა?

      მშვიდობისმოყვარეობა

      „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“ (მათე 5:9). „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).

      გულმოწყალება და მიმტევებლობა

      „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათე 5:7). „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამa გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).

      სხვადასხვა რასის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება

      ღმერთმა „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:26). „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

      დედამიწის რესურსების გაფრთხილება

      „იეჰოვა ღმერთმა აიყვანა ადამიანი და დაასახლა ედემის ბაღში, რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე“ (დაბადება 2:15). ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18).

      სიხარბისა და უზნეობისადმი სწორი დამოკიდებულება

      „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ“ (ეფესოელები 5:3).

      პატიოსნება და შრომისმოყვარეობა

      „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს“ (ეფესოელები 4:28).

      გასაჭირში მყოფთა დახმარება

      „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თესალონიკელები 5:14). „მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში“ (იაკობი 1:27).

      ბიბლია მხოლოდ კი არ მოიხსენიებს ამ პრინციპებს, არამედ მათ ღირებულებასაც გვანახვებს და გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. განა არ გადაიჭრება მსოფლიოში არსებული არაერთი სერიოზული პრობლემა, თუ ადამიანები ზემოთ მოხსენიებული პრინციპებით იხელმძღვანელებენ?! აშკარაა, ბიბლიური პრინციპები არასდროს ყოფილა ისეთი გამოსადეგი, როგორც დღეს.

      ბიბლიური რჩევები დღესვე გამოგადგებათ

      დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველაზე ბრძენმა ადამიანმა თქვა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). ალბათ, თქვენც ეთანხმებით მის ნათქვამს. სიბრძნეზე შედეგები მოწმობს. ამიტომ ლოგიკურია, გაგიჩნდეთ კითხვები: თუ ბიბლია ნამდვილად პრაქტიკული სახელმძღვანელოა, უკეთესობისკენ არ უნდა შეცვალოს ჩემი ცხოვრება? როგორ დამეხმარება ღვთის სიტყვა იმ პრობლემებთან გამკლავებაში, რომლებთანაც დღეს მიწევს ჭიდილი? მაგალითისთვის მოვიყვანოთ ერთი ქალის შემთხვევა.

      დორისიb საქმიანი ადამიანი იყო და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ მოულოდნელად მას ზედიზედ არაერთი უბედურება დაატყდა თავს. ჯერ ქალიშვილი დაეღუპა, შემდეგ ოჯახი დაენგრა, ბოლოს კი სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. „ყველაფერი დავკარგე — შვილი, ქმარი, სახლი. საშინელი სიცარიელის გრძნობა დამეუფლა; არ ვიცოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება“, — იხსენებს ის.

      სასოწარკვეთილებაში მყოფმა დორისმა ბოლომდე გააცნობიერა, რომ სიმართლეს შეესაბამება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნი 90:10).

      ამ მძიმე წუთებში მან ბიბლიას მიმართა დახმარებისთვის. დორისმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობას საუკეთესო შედეგები მოაქვს. მომდევნო სამი სტატიიდან გავიგებთ, რომ დორისის მსგავსად, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ მას შემდეგ, რაც პრობლემებთან გასამკლავებლად ბიბლიური რჩევები გაითვალისწინეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მონუმენტის მსგავსად, ბიბლია განსაკუთრებულია. ის სრულიად განსხვავდება იმ წიგნებისგან, რომლებიც დრომოჭმული და გამოუსადეგარია. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? იმაში ხომ არა, რომ ბიბლიაში ღვთის აზრებია ჩაწერილი და არა ადამიანის?! (1 თესალონიკელები 2:13).

      ალბათ, თქვენც ეთანხმებით იმას, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და სავსეა პრობლემებით. როცა ცხოვრებისეული ქარტეხილები თავს გატყდებათ, სად ეძებთ ნუგეშს, დახმარებას და სანდო რჩევებს?

      განვიხილოთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლია . . .

      1. თავიდან აირიდოთ არაერთი პრობლემა.

      2. გადაჭრათ სირთულეები.

      3. გაუმკლავდეთ იმ სიტუაციებს, რომელთა შეცვლაც არ შეგიძლიათ.

      ეს სამი საკითხი მომდევნო სტატიებში განიხილება.

  • 1. ბიბლია გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ პრობლემები
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 1
    • ქალი სასმელს ეძალება; იგივე ქალი იკვლევს ბიბლიურ პრინციპებს

      1. ბიბლია გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ პრობლემები

      ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევები ღვთივშთაგონებულია და „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“, როგორც ამას თავად ბიბლია ამბობს (2 ტიმოთე 3:16). შეესაბამება ეს სიმართლეს? ვნახოთ, როგორ დაეხმარა ბიბლიური სიბრძნე ზოგს, თავიდან აერიდებინა არაერთი სერიოზული პრობლემა, სანამ ისინი მწვავე ხასიათს მიიღებდა.

      გადამეტებული სმა

      წინა სტატიაში მოხსენიებული დორისი თავს დატეხილი უბედურებების გამო შვებას სასმელში ეძებდა. ბიბლია არ განსჯის ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევას, თუმცა გვირჩევს: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“ (იგავები 23:20). როგორც ვიცით, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, ბზარს უჩენს და ძირს უთხრის ურთიერთობებს; ამასთანავე, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. ბევრი ასეთი პრობლემის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი, თუ ადამიანები ბიბლიის ბრძნულ რჩევას გაითვალისწინებდნენ.

      დორისი სწორედ ასე მოიქცა. ის ამბობს: «მივხვდი, რომ ალკოჰოლი პრობლემებისგან თავის დაღწევაში ნამდვილად ვერ დამეხმარებოდა. გავითვალისწინე ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი გონივრული რჩევა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ . . . აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“. ყოველღამე, როცა მშფოთვარე ფიქრები მომეძალებოდა და ნაღველი შემომაწვებოდა, იეჰოვას ვუღვრიდი გულს. ყველაფერს ვეუბნებოდი, რასაც ვგრძნობდი. როცა გაბრაზებული, გულნატკენი და სასოწარკვეთილი ვიყავი, ვეხვეწებოდი მას, უარყოფითი გრძნობებისგან გათავისუფლებაში დამხმარებოდა. დილაობით ყველანაირად ვცდილობდი, დადებითი განწყობა შემენარჩუნებინა. ეს მეხმარებოდა, იმაზე მეფიქრა, რაც მქონდა და არა იმაზე, რაც დავკარგე. გადავწყვიტე, ერთი წვეთიც აღარ დამელია. ისეთი სიმშვიდე დამეუფლა, რომ არაფრის დიდებით არ მინდოდა მისი დაკარგვა».

      სექსუალური უზნეობა

      ცოტა რამ თუ იწვევს ისეთ ძლიერ ემოციურ ტკივილს და ტანჯვას, როგორსაც სექსუალური უზნეობა. მაგრამ ბიბლია გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ასეთი პრობლემები, რადგან მასში ჩაწერილი პრინციპები პირდაპირ მიგვითითებს, რას მიჰყავს ადამიანი სექსუალურ უზნეობამდე — ეს შეიძლება იყოს ფლირტი და პორნოგრაფიის ყურება. ერთი ახალგაზრდა, სემი, ამბობს: „ფლირტის დაწყება ძალიან ადვილი იყო. ზოგი გოგო საერთოდ არ მიზიდავდა, მაგრამ როცა ვამჩნევდი, რომ ვინმეს მოვწონდი, სურვილი მიჩნდებოდა, მასთან ფლირტი გამება“. სემს მაშინაც კი ადანაშაულებდნენ ფლირტში, როცა სინამდვილეში ასე არ იქცეოდა. ამიტომ უფრო შორს შეტოპა და გადაწყვიტა, არც ერთ გოგოსთან არ გაეშვა შანსი ხელიდან. მაგრამ მოგვიანებით სინდისმა შეაწუხა და მიხვდა, რომ ეს უწყინარი გართობა არ იყო, რადგან მასში ეგოისტურ სურვილებს აღვივებდა.

      სემმა წაიკითხა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ერთი სტატია ვებ-გვერდზე jw.org. მან აგრეთვე კარგად გააანალიზა იგავების 20:11, სადაც ნათქვამია: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“. როგორ დაეხმარა მას ეს მუხლი? სემი მიხვდა, რომ ჩვევა, რომელიც მას ჰქონდა, უწმინდური და მიუღებელი იყო. ის ამბობს: „ისიც დავინახე, რომ ახალგაზრდას, რომელიც ფლირტით ერთობა, ისეთი თვისებები უვითარდება, რომ ნამდვილად ვერ იქნება კარგი მეუღლე. დავფიქრდი, რას იგრძნობდა ჩემი მომავალი მეუღლე, თუ სხვა ქალთან მოფლირტავეს დამინახავდა. ამან იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ეს უწყინარი ჩვევა არ იყო. შეიძლება ამის გაკეთება ადვილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწორი საქციელია“. სემმა მოიშორა ეს ჩვევა, რაც მას დაეხმარა, არ გაბმულიყო უზნეობის მახეში.

      ანტონიოს მდგომარეობა უფრო საგანგაშო იყო — ის პორნოგრაფიის ტყვეობაში აღმოჩნდა. მართალია, იგი დაქორწინებული იყო და თავისი მეუღლეც უზომოდ უყვარდა, მაგრამ ვერა და ვერ დაანება თავი ამ ცუდ ჩვევას. ანტონიო ამბობს, რომ 1 პეტრეს 5:8-ში ჩაწერილ სიტყვებზე დაფიქრება ძალიან დაეხმარა. ამ მუხლში ვკითხულობთ: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“. ის დასძენს: „ეროტიკული სურათები ყველგანაა და ისინი ღრმად გებეჭდება გონებაში. ამ მუხლმა დამანახვა, სინამდვილეში ვინ იდგა ცდუნების მიღმა. ვისწავლე, რომ მსგავსი უხამსობის დანახვისთანავე გამეხსენებინა, რა საძულველი პიროვნება იყო ამ ყველაფრის ავტორი. ახლა ვიცი, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია დამეხმაროს, ფხიზლად ვიყო და არ ავყვე ცდუნებას, რაც გულსა და გონებას გამირყვნის და ძირს გამოუთხრის ჩემს ქორწინებას“. ანტონიოს საჭირო დახმარება აღმოუჩინეს, რის წყალობითაც ეს ცუდი ჩვევა საბოლოოდ დასძლია. ეს კი დაეხმარა მას, თავიდან აერიდებინა ზედმეტი თავის ტკივილი.

      ბიბლია მართლაც პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, რომლებიც გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ სერიოზული პრობლემები. მაგრამ აღმოგვიჩენს კი ბიბლია დახმარებას, თუ პრობლემამ მწვავე ხასიათი მიიღო და მისი გადაჭრა შეუძლებელი ჩანს? ვნახოთ, როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა ასეთ ურთულეს მდგომარეობაში.

      ბიბლიის რჩევები გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ არაერთი პრობლემა

      ქალი ჩაის სვამს
  • 2. ბიბლია გვეხმარება, გადავჭრათ პრობლემები
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 1
    • ქალი მეტისმეტად ნერვიულობს; იგივე ქალი ბავშვებს ასეირნებს

      2. ბიბლია გვეხმარება, გადავჭრათ პრობლემები

      ზოგი პრობლემა წლების მანძილზე პრობლემად რჩება. ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ სირთულის წინაშე ვდგავართ, სანამ ის მწვავე ხასიათს არ მიიღებს. შეუძლია ბიბლიას ერთი შეხედვით მოუგვარებელი და გულისგამტეხი პრობლემების გადასაჭრელად საჭირო სიბრძნე მოგვცეს? ამას ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან დავინახავთ.

      გადამეტებული წუხილი

      როუზი იხსენებს: „ზოგჯერ რაღაცაზე გაუთავებლად ვწუხდი. ყველაფერს შავბნელ ფერებში წარმოვისახავდი“. რომელი ბიბლიური მუხლები დაეხმარა მას? ერთ-ერთი იყო მათეს 6:34: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“. როუზი ამბობს, რომ სწორედ ეს რჩევა დაეხმარა მას, ხვალინდელზე აღარ ენერვიულა. ის დასძენს: „ისედაც საკმარისად მქონდა პრობლემები. რატომ უნდა დამეწყო იმაზე წუხილი, რაც ჯერ არ მომხდარა და შეიძლება არც არასოდეს მომხდარიყო?!“.

      ჟასმინიც საწუხარმა შთანთქა. ის იხსენებს: „კვირების მანძილზე არაერთხელ მიტირია და ღამით ძილი გამკრთომია. უარყოფითი ფიქრები შინაგანად მანადგურებდა“. რომელი ბიბლიური მუხლი დაეხმარა მას? 1 პეტრე 5:7, სადაც წერია: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“. ჟასმინი ამბობს: „გამუდმებით მივმართავდი იეჰოვას ლოცვით და, რაც დრო გადიოდა, ვხედავდი, როგორ მპასუხობდა ის. თითქოს დიდი ტვირთი ჩამოვიხსენი მხრებიდან. დროდადრო უარყოფითი ფიქრები მეძალება, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვერიო“.

      საქმის ბოლო წუთამდე გადადება

      ახალგაზრდა ქალი იზაბელი ამბობს: „ვფიქრობდი, რომ მედღეხვალიობა გენეტიკურად გადმომეცა, რადგან მამაჩემიც ასეთია. ნაცვლად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დროულად გამეკეთებინა, ვისვენებდი ან ტელევიზორს ვუყურებდი. ეს ძალიან მავნე ჩვევაა, რადგან სტრესიც გიორმაგდება და საქმესაც ხარისხიანად ვერ ასრულებ“. იზაბელს დაეხმარა 2 ტიმოთეს 2:15-ში მოცემული პრინციპი: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს“. ეს ახალგაზრდა ქალი დასძენს: „არ მინდოდა, რომ ბოლო წუთს უხარისხოდ გაკეთებული საქმის გამო იეჰოვას შემარცხვენელი ვყოფილიყავი“. იზაბელმა მოიშორა ეს ჩვევა და დიდი ცვლილებები მოახდინა საკუთარ თავში.

      კელსისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა. ის ამბობს: „საქმეს ბოლო წუთამდე ვდებდი ხოლმე. მერე ისე ვიძაბებოდი, რომ ვტიროდი, ღამეებს თეთრად ვათენებდი და ვშფოთავდი. ამას ცუდის მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის“. კელსის იგავების 13:16-ში ჩაწერილი სიტყვები დაეხმარა: „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს, უგუნური კი სისულელეს გაავრცელებს“. ის გვიზიარებს, რა ისწავლა ამ მუხლზე დაფიქრების შედეგად: „გონივრულია, საკითხებს პრაქტიკულად მიუდგე და წინდაწინ დაგეგმო ყველაფერი. ახლა სამუშაო მაგიდაზე მიდევს დღიური, სადაც სამომავლოდ შესასრულებელ საქმეებს ვიწერ ხოლმე. ეს მეხმარება, ყველაფერი წინასწარ დავგეგმო და საქმე ბოლო წუთამდე არ გადავდო“.

      მარტოობის გრძნობა

      „ქმარმა მიმატოვა; მარტო დავრჩი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად“, — ყვება კრისტინა. მას დაეხმარა იგავების 17:17-ში ჩაწერილი პრინციპი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“. კრისტინა იეჰოვას მოწმეა, ამიტომ შვება რომ ეპოვა, თანამორწმუნეებს დაუახლოვდა. ის იხსენებს: „მეგობრები თავს მევლებოდნენ. ზოგი კარებთან პროდუქტებს და ყვავილებს მიტოვებდა. სამჯერ მოგვიწია ბინის გამოცვლა და სამჯერვე მეგობრების მთელი არმია მოვიდა მე და ჩემი შვილების დასახმარებლად. ერთ-ერთმა სამსახურიც მაშოვნინა. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ“.

      წინა სტატიებში მოხსენიებულ დორისსაც მარტოობის გრძნობა ტანჯავდა. ის გვიზიარებს, თუ რას განიცდიდა: „თითქოს ძილ-ბურანში ვიყავი. მარტოსულად ვგრძნობდი თავს“. ერთ-ერთი მუხლი, რომელიც მას დაეხმარა, ფსალმუნის 68:6 იყო, სადაც ვკითხულობთ: „მარტოხელებს ღმერთი სახლში დაამკვიდრებს“. დორისი ამბობს: «ვიცოდი, რომ ამ მუხლში მხოლოდ პირდაპირი გაგებით სახლი არ იგულისხმება. ღმერთი დღეს სულიერ თავშესაფარს გვთავაზობს, სადაც უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, ნამდვილ მეგობრებს ვიძენთ და ძლიერ გვიყვარდება ისინი, ვისაც იეჰოვა უყვარს. თუმცა ერთ რამეს მივხვდი: სხვებთან ახლო ურთიერთობა რომ მქონოდა, ჯერ იეჰოვას უნდა დავახლოებოდი. ამაში კი ფსალმუნის 37:4 დამეხმარა: „იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“.

      ისიც დავინახე, რომ იეჰოვასთვის უფრო მაგრად უნდა ჩამეჭიდა ხელი. ის ყველაზე კარგი მეგობარია. შევადგინე იმ საქმეების სია, რომლებიც სხვებთან ერთად შემეძლო მეკეთებინა, რათა დავახლოებოდი მათ, ვისაც ჩემნაირი ფასეულობები ჰქონდა. ვისწავლე, კარგი დამენახა სხვებში და ყურადღება არ მიმექცია მათი ნაკლოვანებებისთვის».

      ცხადია, ღვთის მსახურებიც არასრულყოფილები არიან. იეჰოვას მოწმეებსაც ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც სხვებს. მაგრამ ბიბლიიდან მიღებული ცოდნა აღძრავს მათ, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მოყვასს. ასეთი მეგობრების ყოლა მართლაც გონივრულია! მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ ქრონიკული ავადმყოფობა გვტანჯავს ან საყვარელი ადამიანი გამოგვეცალა ხელიდან? დაგვეხმარება ბიბლია ისეთ სირთულეებთან გამკლავებაში, რომელთა გადაჭრაც დღეს შეუძლებელია?

      ბიბლიური რჩევების გათვალისწინება ნამდვილი მეგობრების შეძენაში დაგეხმარებათ

  • 3. ბიბლია გვეხმარება, გავუმკლავდეთ პრობლემებს
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 1
    • ქალი სასაფლაოზე ტირის; იგივე ქალი ბიბლიურ ცნობას უზიარებს ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ ქალს

      3. ბიბლია გვეხმარება, გავუმკლავდეთ პრობლემებს

      ზოგ პრობლემას დღეს ვერც თავიდან ავირიდებთ და ვერც გადავჭრით. მაგალითად, თუ ხელიდან გამოგეცალათ საყვარელი ადამიანი ან ქრონიკული დაავადებით იტანჯებით, მეტი გზა არ გრჩებათ, უნდა მოითმინოთ და რამენაირად აიტანოთ ეს ტკივილი. შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ ასეთ ურთულეს მდგომარეობაში?

      ქრონიკული დაავადების ტყვეობაში

      გენეტიკური დაავადების გამო რიტა სრულფასოვნად ვერ ცხოვრობს, რადგან გამუდმებით გრძნობს ძლიერ ტკივილს. ზოგჯერ იგი ყურადღებას საერთოდ ვერ იკრებს ისეთი საქმეების კეთებისას, რაც მას ღმერთთან დაახლოებაში ეხმარება. ერთ დროს რიტა ამას ძალიან განიცდიდა. თუმცა მას ძალას მატებდა იესოს სიტყვები, რომლებიც მათეს 19:26-ში წერია: „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“. მან დაინახა, რომ ბიბლიის შესწავლის არაერთი მეთოდი არსებობდა. ვინაიდან ძლიერი ტკივილის გამო ზოგჯერ კითხვა ძალიან უჭირდა, მან ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების აუდიოჩანაწერების მოსმენა დაიწყო.a „ეს რომ არა, არ ვიცი, როგორ შევინარჩუნებდი ღმერთთან ახლო ურთიერთობას“, — იხსენებს რიტა.

      ახლა, როცა რიტას მსგავსი გრძნობები ეუფლება, 2 კორინთელების 8:12-ში ჩაწერილი სიტყვებით ინუგეშებს თავს: „როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“. ეს სიტყვები არწმუნებს რიტას, რომ გულს უხარებს ღმერთს, რადგან ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია.

      დარდით შეპყრობილი

      დორისი, რომელსაც 18 წლის ქალიშვილი დაეღუპა, იხსენებს: „მისი სიკვდილის შემდეგ ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ მეგონა, მეტს ვეღარ გავუძლებდი. ვიცოდი, რომ უწინდებურად ვეღარ ვიცხოვრებდი“. თუმცა ის დიდად ანუგეშა ფსალმუნის 94:19-მა, სადაც ფსალმუნმომღერალი ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართავს: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“. დორისი ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი, დამხმარებოდა, ისეთი საქმეებით დავკავებულიყავი, რაც ტკივილს დამიამებდა“.

      დორისი მოხალისეთა რიგებს შეუერთდა, რათა სხვებს ბიბლიის შესწავლაში დახმარებოდა. ის ამბობდა, რომ, როგორც გატეხილი ცარცის გამოყენებაა შესაძლებელი, ისე მასაც შეეძლო რაღაცის გაკეთება სხვების დასახმარებლად. დორისი ყვება: „როცა ბიბლიის შემსწავლელებს ღვთის სიტყვით ვანუგეშებდი და მათ იეჰოვას თვალსაზრისს ვანახვებდი, მეც ვმხნევდებოდი; ვხედავდი, რომ იეჰოვა ამგვარად მანუგეშებდა და ჭრილობებს მიშუშებდა“. დორისმა იმ ბიბლიური პერსონაჟების სია ჩამოწერა, რომლებმაც მის მსგავსად დიდი ტკივილი განიცადეს, და მათ ცხოვრებაზე დაფიქრდა. „დავინახე, რომ თითოეული მათგანი გამუდმებით ლოცულობდა“. ის დასძენს: „მივხვდი, რომ თაროზე შემოდებული ბიბლია ვერაფერში დამეხმარებოდა, თუ მას არ გადავშლიდი“.

      ბიბლიის შესწავლის დროს დორისმა იმის აუცილებლობაც დაინახა, რომ წარსულით კი არ ეცხოვრა, არამედ მომავალზე ეფიქრა. მას საქმეების 24:15-ში ჩაწერილი დამაიმედებელი სიტყვები ანუგეშებს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. დორისს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს მის ქალიშვილს, რაც მისივე სიტყვებიდან ჩანს: «ცოცხლად მაქვს გონებაში ის დღე, როცა ჩემს გოგონას კვლავ შევხვდები. ჩვენი შეხვედრის დღე ღვთის „კალენდარში“ უკვე მონიშნულია. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვზივარ მასთან ერთად ჩვენს ბაღში. ეს ჩემთვის ისეთივე რეალურია, როგორც ის დღე, როცა ახალდაბადებულს ვეფერებოდი და გულში ვიკრავდი».

      a ასეთი აუდიოჩანაწერები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე jw.org.

      ბიბლიას შეუძლია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშიც განუგეშოთ

      როგორ გვეხმარება ღმერთი?

      ბიბლია არაორაზროვნად გვცემს პასუხს: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას. თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს, მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 145:18, 19). განა არ გვითბობს გულს ეს სიტყვები?! როგორ პასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებს, როცა მთელი გულით ვთხოვთ ხელმძღვანელობას?

      გვაძლევს ძალას

      ხშირად პრობლემები გულს გვიტეხს, ფიზიკურად და ემოციურად გვფიტავს და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობასაც საფრთხეს უქმნის (იგავები 24:10). იეჰოვა კი „ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს“ (ესაია 40:29). პავლე მოციქულმა, რომელმაც არაერთი სერიოზული განსაცდელი გამოიარა, თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13). პავლეს ღვთის წმინდა სული აძლიერებდა. თქვენც შეგიძლიათ ღმერთს სთხოვოთ წმინდა სული (ლუკა 11:13).

      გვაძლევს სიბრძნეს

      რა დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ ბიბლიას და გაითვალისწინოთ მისი რჩევები? მოწაფე იაკობმა დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5). ლოცვის თანახმად იმოქმედებთ, თუ ბიბლიას წაიკითხავთ და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებთ (იაკობი 1:23—25). შედეგად, საკუთარ თავზე გამოცდით, რომ ბიბლიის რჩევები მართლაც გონივრულია.

      გვაძლევს მშვიდობას

      მაშინაც კი, თუ წუხილითა და დარდით ხართ მოცული, იეჰოვა შინაგან სიმშვიდეს მოგცემთ. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). ასე რომ, სთხოვეთ იეჰოვას, მოგცეთ მშვიდობა!

      მაგრამ, თუ თქვენი პრობლემები მალე არ მოგვარდება, ნუ დაასკვნით, რომ ღმერთმა მიგატოვათ. მაშინაც კი, თუ ისინი მოუგვარებელი რჩება, ღმერთი ძალას და მხნეობას შეგმატებთ მათთან გასამკლავებლად (1 კორინთელები 10:13). მეტიც, ბიბლია გვპირდება, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება!

  • ბიბლია ნათელი მომავლისკენ მიგიძღვით!
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 1
    • მატარებელში ქალი ბიბლიას კითხულობს

      ბიბლია ნათელი მომავლისკენ მიგიძღვით!

      წარმოიდგინეთ, რომ ღამის სიბნელეში ბილიკს მიუყვებით. მზე უკვე დიდი ხნის ჩასულია, მაგრამ იმედიანად ხართ, რადგან ხელში ფანარი გიჭირავთ. ის კარგად გინათებთ გზას როგორც ახლო, ისე შორ დისტანციაზე.

      ბიბლია რაღაცით ფანარს ჰგავს. როგორც წინა სტატიებიდან დავინახეთ, ღვთის სიტყვა გვეხმარება, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს, რომლებსაც ამ ცვალებად ქვეყნიერებაში ვხვდებით. მეტიც, ის გვიჩვენებს, როგორი მომავალი გველის და გვეხმარება, ვიაროთ იმ გზით, რომელიც უსასრულო ბედნიერებამდე მიგვიყვანს (ფსალმუნი 119:105).

      ახლა ვიმსჯელოთ, როგორ გვეხმარება ბიბლია, 1. ვიპოვოთ ცხოვრების აზრი და 2. განვავითაროთ თბილი და ახლო ურთიერთობა ჩვენს შემოქმედთან, რაც დღესვე გვისახავს მომავლის იმედს.

      1. აზრიანი ცხოვრება

      მართალია, ბიბლია პრობლემებთან გასამკლავებლად სანდო რჩევებს გვთავაზობს, მაგრამ ის უბრალოდ რჩევების კრებული როდია. ბიბლია გვეხმარება, უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ საკუთარი თავი და მხოლოდ ჩვენი საწუხარით არ ვიყოთ მოცული. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძენს ჩვენი ცხოვრება ნამდვილ აზრს.

      მაგალითად, დაფიქრდით შემდეგ ბიბლიურ პრინციპზე: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ალბათ, გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა გასაჭირში მყოფისთვის ხელი გაგიმართავთ ან გულდამძიმებული მეგობრისთვის მთელი გულისყურით მოგისმენიათ. განა ამან არ მოგგვარათ კმაყოფილება?!

      ჩვენ უდიდეს სიხარულს ვგრძნობთ, როცა სხვებს უანგაროდ ვეხმარებით. ერთმა მწერალმა აღნიშნა: „შეუძლებელია, გაიღო რამე და სანაცვლოდ გაცილებით მეტი არ მიიღო, თუ ამას სრულიად უანგაროდ გააკეთებ“. როცა მთელი გულით ვეხმარებით სხვებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისგანაც სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ, არ ვრჩებით ჯილდოს გარეშე. ამ დროს ჩვენ, ასე ვთქვათ, შემოქმედთან ვთანამშრომლობთ, რომელიც სხვისთვის გაკეთებული სიკეთისთვის ჩვენს მოვალედ თვლის თავს. როცა ამას ვაცნობიერებთ, უფრო ფართო ჭრილში ვხედავთ საკუთარ თავს (იგავები 19:17). იეჰოვა ძალიან მადლიერია იმისთვის, რასაც გაჭირვებულთათვის ვაკეთებთ და გვპირდება, რომ სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს. ეს მართლაც საუცხოო იმედია! (ფსალმუნი 37:29; ლუკა 14:12—14).a

      რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია გვასწავლის, რომ თუ ცოცხალი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემლები ვიქნებით, ჩვენი ცხოვრება უფრო აზრიანი გახდება. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, განვადიდოთ იეჰოვა, პატივი მივაგოთ და დავემორჩილოთ, რასაც იგი ნამდვილად იმსახურებს (ეკლესიასტე 12:13; გამოცხადება 4:11). აღტაცებას იწვევს ჩვენში ის ფაქტი, რომ სამყაროს უზენაესი მმართველისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ერთგულება. თავის სიტყვაში იეჰოვა მოგვიწოდებს: „იყავი ბრძენი და გული გამიხარე“ (იგავები 27:11). როდესაც ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ და გონივრულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, გულს ვუხარებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. ეს იმიტომ, რომ ზრუნავს ჩვენზე და სურს, მივყვეთ მის მითითებებს, რომელთა დაცვაც ჩვენთვისვეა სასიკეთო (ესაია 48:17, 18). იმაზე აღმატებული მიზანი რა უნდა იყოს, ვიდრე ის, რომ თაყვანი ვცეთ სამყაროს უზენაეს მმართველს და გული გავუხაროთ მას!

      2. შემოქმედთან თბილი და ახლო ურთიერთობა

      ბიბლია გვეხმარება, შემოქმედთან თბილი და ახლო ურთიერთობა განვავითაროთ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). დროდადრო შესაძლოა ეჭვი გაგვიჩნდეს, მართლა შესაძლებელია თუ არა ყოვლისშემძლე შემოქმედთან დაახლოება. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ვინც ეძებს ღმერთს, იპოვის, რადგან „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). ეს ბიბლიური რჩევა მართლაც გონივრულია, რადგან მის გათვალისწინებაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. რატომ ვამბობთ ამას?

      რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დავაღწევთ თავს ჩვენს დაუძინებელ მტერს, სიკვდილს (1 კორინთელები 15:26). მაგრამ ღმერთი მარადარსებულია. იგი უკვდავია და სურს, რომ მისმა მოყვარულებმაც უსასრულოდ იცოცხლონ. ბიბლიაში ძალიან უბრალო და, ამავდროულად, ლამაზი ენითაა გადმოცემული, თუ რა სურს ღმერთს თავის მაძიებელთათვის: „მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები“ (ფსალმუნი 22:26).

      როგორ შეგიძლიათ ღმერთთან ახლო და თბილი ურთიერთობის განვითარება? შეეცადეთ, მეტი და მეტი გაიგოთ ღვთის შესახებ ბიბლიის ფურცლებიდან (იოანე 17:3; 2 ტიმოთე 3:16). სთხოვეთ მას დახმარება, რომ უკეთ ჩასწვდეთ მის სიტყვას. ბიბლია გვარწმუნებს, რომ თუ გულწრფელად ვთხოვთ ღმერთს სიბრძნეს, აუცილებლად მოგვცემს (იაკობი 1:5).b და ბოლოს, შეეცადეთ, ცხოვრებაში გამოიყენოთ ნასწავლი. დაე, ღვთის სიტყვა იყოს ლამპარი თქვენი ფეხისთვის და სინათლე თქვენი სავალისთვის დღესაც და მარადიულადაც! (ფსალმუნი 119:105).

      a მეტი ინფორმაცია ღვთის დაპირების შესახებ, რომელიც დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს ეხება, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 თავში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      b თუ სურვილი გაქვთ, იეჰოვას მოწმეები უფასოდ შეგასწავლიან ბიბლიას, რაც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ ღვთის სიტყვა. მეტი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეორგოლს „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“. მისი ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე jw.org; დააწკაპუნეთ ძებნის ღილაკზე და შემდეგ საძიებო ველში ჩაწერეთ ვიდეორგოლის სათაური.

      ღმერთი მარადარსებულია და სურს, რომ მისმა მოყვარულებმაც უსასრულოდ იცოცხლონ

  • მოძველებული წიგნია ბიბლია თუ წინ უსწრებს დროს?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 1
    • მათემატიკური ფორმულები და გამოთვლები

      მოძველებული წიგნია ბიბლია თუ წინ უსწრებს დროს?

      მეცნიერება

      ბიბლია არ არის სამეცნიერო სახელმძღვანელო, თუმცა ის, რაც მასში წერია, წინ უსწრებს დროს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

      ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?

      წამყვანი მეცნიერები ერთ დროს დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამყაროს არ ჰქონდა დასაწყისი, მაგრამ ახლა ისინი ერთხმად ამტკიცებენ საპირისპიროს. ბიბლიაში ეს აზრი საუკუნეებით ადრე ეწერა, თანაც არაორაზროვნად (დაბადება 1:1).

      რა ფორმისაა დედამიწა?

      ძველად ბევრს ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. ძვ. წ. მე-5 საუკუნეში ბერძენმა მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ დედამიწა შესაძლოა მრგვალი ყოფილიყო. თუმცა გაცილებით ადრე, ძვ. წ. მე-8 საუკუნეში, ბიბლიის დამწერმა ესაიამ მოიხსენია „დედამიწის წრე“, რაც შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „სფერო“ (ესაია 40:22).

      სახეცვალებადია ციური სხეულები?

      ძვ. წ. მე-4 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი მეცნიერის, არისტოტელეს მტკიცებით, მხოლოდ დედამიწას შეიძლებოდა თავდაპირველი სახე შეეცვალა, ხოლო ციური სხეულები მარადიულად უცვლელი დარჩენილიყო. ეს შეხედულება საუკუნეების მანძილზე იყო დამკვიდრებული. მაგრამ მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს „ენტროპიის ცნება“, რომლის თანახმადაც, მატერია, იქნება ეს ცაში თუ დედამიწაზე, გადაგვარებისკენაა მიდრეკილი. ერთმა მეცნიერმა, ლორდ კელვინმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ თეორიის შემუშავებაში, აღმოაჩინა, რომ ბიბლიაში ცისა და დედამიწის შესახებ ასეთი რამ ეწერა: „ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი“ (ფსალმუნი 102:25, 26). კელვინს სჯეროდა, რომ ღმერთს შეეძლო, არ დაეშვა ეს, რათა თავისი ქმნილებები განადგურებისგან დაეცვა, როგორც ამას ბიბლია ასწავლის (ეკლესიასტე 1:4).

      რას უჭირავს პლანეტები, მათ შორის დედამიწა?

      არისტოტელე ასწავლიდა, რომ ციური სხეულები ერთმანეთში მოთავსებულ გამჭვირვალე სფეროებში იყო განლაგებული; შუაგულში, ყველაზე შიდა სფეროში, დედამიწა იყო. ახ. წ. მე-18 საუკუნეში მეცნიერები თანდათანობით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვარსკვლავები და პლანეტები ცარიელ სივრცეში ეკიდა. თუმცა ძვ. წ. მე-15 საუკუნეში დაწერილ ბიბლიის წიგნ „იობში“ უკვე ეწერა, რომ შემოქმედმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7).

      მედიცინა

      ბიბლია არ არის სამედიცინო სახელმძღვანელო, მაგრამ მასში ჩაწერილია ისეთი პრინციპები, რომლებიც მედიცინის სიღრმისეულ ცოდნაზე მოწმობს.

      კარანტინი

      მოსეს კანონის თანახმად, კეთროვნები სხვებისგან უნდა გამოეცალკევებინათ. ექიმებმა ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც შუა საუკუნეში არაერთმა ეპიდემიამ იფეთქა. ეს მეთოდი დღესაც ეფექტურად მიიჩნევა (ლევიანების 13, 14 თავები).

      მკვდართან შეხების შემდეგ სხეულის დაბანა

      მე-19 საუკუნის მიწურულამდე ექიმები ხშირად გვამთან მუშაობის შემდეგ პაციენტს ეხებოდნენ ისე, რომ შუალედში ხელს არ იბანდნენ. შედეგად, ბევრი კვდებოდა. მოსეს კანონში კი ნათქვამი იყო, რომ ვინც მკვდარს შეეხებოდა, რიტუალურად უწმინდური იქნებოდა. კანონში ისიც ეწერა, რომ ასეთ შემთხვევაში წყლით უნდა განწმენდილიყვნენ. უეჭველია, რომ ამ რელიგიური რიტუალის შესრულება კარგ ჯანმრთელობასაც უწყობდა ხელს (რიცხვები 19:11, 19).

      ფეკალიების მოშორება

      ყოველ წელს ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი დიარეით იღუპება. ძირითადად, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ფეკალიების მოსაშორებლად სათანადო ზომები არ მიიღება. მოსეს კანონის თანახმად, ექსკრემენტები მიწაში უნდა ჩაეფლოთ საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით (კანონი 23:13).

      წინადაცვეთის დრო

      ღვთის კანონის მიხედვით, ახალშობილი ბიჭი მერვე დღეს უნდა წინადაეცვითათ (ლევიანები 12:3). ახალშობილებში სისხლის შედედების მაჩვენებელი ნორმალურ დონეს დაბადებიდან ერთ კვირაში აღწევს. ბიბლიურ დროში, გაცილებით ადრე, სანამ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს შემოიღებდნენ, ამ მითითების მიყოლა ახალდაბადებულს გართულებებისგან იცავდა.

      ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის არსებული მჭიდრო კავშირი

      მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სიხარულის განცდა, იმედის ქონა, მადლიერების გრძნობა, პატიების სურვილი თუ სხვა მსგავსი ემოცია ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ბიბლიაში ნათქვამია: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება