საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დღესაც აქტუალურია ბიბლია?
    გამოიღვიძეთ! — 2015 | თებერვალი
    • გადაშლილი ბიბლია

      მთავარი თემა

      დღესაც აქტუალურია ბიბლია?

      „ცხოვრებაში პირველად ვპოვე ნამდვილი ბედნიერება“.

      ჰილტონი კრივზე იყო შეყვარებული. შვიდი წლის ასაკში ის უკვე რინგზეც ჩხუბობდა და ქუჩაშიც. სკოლაში სწავლის დროს ხშირად მეგობრებთან ერთად დახეტიალობდა და საბაბს ეძებდა ვინმეს საცემად. ის ამბობს: „ვიპარავდი, აზარტულ თამაშებს ვთამაშობდი, პორნოგრაფიას ვუყურებდი, ქალებს შეურაცხყოფას ვაყენებდი და მშობლებს ვაგინებდი. მშობლებს ხელი ჰქონდათ ჩემზე ჩაქნეული და ფიქრობდნენ, რომ ვერაფერი შემცვლიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სახლიდან წავედი“.

      ჰილტონი სახლში 12 წლის შემდეგ დაბრუნდა. მისი შემხედვარე მშობლები ვერ იჯერებდნენ, რომ ეს მშვიდი, გაწონასწორებული და თავაზიანი კაცი მათი ვაჟი იყო! რამ განაპირობა ასეთი საოცარი გარდაქმნა? ჰილტონი სერიოზულად დაფიქრებულა იმაზე, თუ საით მიექანებოდა მისი ცხოვრება. ბიბლიის კითხვაც კი დაიწყო, რომ ენახა, შეეძლო თუ არა მას მისი შეცვლა. ის ამბობს: „გადავწყვიტე, რასაც ბიბლიაში ვკითხულობდი, ცხოვრებაში გამომეყენებინა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უნდა მომეშორებინა ცუდი ჩვევები და, როგორც ეფესოელების 6:2, 3 გვირჩევს, პატივი მეცა მშობლებისთვის. ცხოვრებაში პირველად ვპოვე ნამდვილი ბედნიერება და ამდენი გულისტკივილის შემდეგ, როგორც იქნა მშობლები გავახარე“.

      ჰილტონის ისტორია ცხადყოფს, რომ ბიბლია დღესაც აქტუალური წიგნია და, რომ მასში ჩაწერილ ფასეულობებს ადამიანების შეცვლის ძალა გააჩნია (ებრაელები 4:12). მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, სახელდობრ, პატიოსნება, თავშეკავება, ერთგულება, სიყვარული და ვნახოთ, როგორ ამდიდრებს და ალამაზებს ეს თვისებები ადამიანის ცხოვრებას.

      ნუთუ დრომოჭმული წიგნია?

      ძველი კომპიუტერებით სავსე სანაგვე ყუთი

      ზოგი ამბობს, რომ ბიბლია ისეთივე დრომოჭმული და გამოუსადეგარი წიგნია, როგორც ძველი კომპიუტერის ინსტრუქცია. მაგრამ ეს საკმაოდ არასერიოზული და მცდარი შედარებაა. კომპიუტერები ძველდება და მათი ინსტრუქციები გამოუსადეგარი ხდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელია. მაგალითად, ადამიანებს დღესაც ისეთივე რეაქცია აქვთ სიყვარულსა და სიძულვილზე, ერთგულებასა და ღალატზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, როგორიც ჩვენს შორეულ წინაპრებს ჰქონდათ. ასე რომ, რაც შეეხება ფუნდამენტურ საკითხებს, „არაფერია ახალი მზის ქვეშ“ (ეკლესიასტე 1:9).

  • მარად გამოსადეგი ფასეულობები — პატიოსნება
    გამოიღვიძეთ! — 2015 | თებერვალი
    • მთავარი თემა | დღესაც აქტუალურია ბიბლია?

      მარად გამოსადეგი ფასეულობები — პატიოსნება

      ბიბლიური პრინციპი: „[ღმერთო] ვინ გესტუმრება კარავში? . . . ვინც უბიწოდ დადის, სიმართლეს აკეთებს და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“ (ფსალმუნი 15:1, 2).

      რით არის კარგი: ადამიანების უმეტესობა აფასებს პატიოსნებასა და ერთგულებას. მაგრამ როგორ იქცევიან მაშინ, როცა იმის შესაძლებლობა ეძლევათ, რომ უპატიოსნო საქციელით მოგება ნახონ და თანაც ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს? ასეთ დროს გადამწყვეტ როლს გული — ჩვენი შინაგანი პიროვნება — თამაშობს.

      რაკელი, რომელიც შესყიდვების მენეჯერია, ამბობს: „რამდენიმე დისტრიბუტორი ჩემს მოქრთამვას შეეცადა; ისინი მეუბნეობდნენ, რომ თუ მათ პროდუქციას შევიძენდი, ფასდაკლებას გამიკეთებდნენ, ჩემი კომპანია კი იგივე საფასურს გადაიხდიდა. მაგრამ მე მახსოვდა ბიბლიის თვალსაზრისი პატიოსნებაზე და მათ უარი ვუთხარი. როცა ეს ამბავი ჩემმა უფროსმა შეიტყო, უფრო მეტი ნდობა გამომიცხადა“.

      თუ რაკელი ცდუნებას აჰყვებოდა, შეიძლება რაღაცა პერიოდის განმავლობაში კარგი მოგება ენახა. მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, თუ ამას მისი უფროსი გაიგებდა? შეინარჩუნებდა რაკელი სამუშაოს? ან ადვილად იშოვიდა ახალ სამსახურს? რაკელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა სინდისი და ღირსების გრძნობა იყო. იგავების 22:1-ში ნათქვამია: „კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია, კეთილგანწყობის მოპოვება ოქრო-ვერცხლზე უკეთესია“.

      ჯესი თავის სამუშაოზე

      ჯესიმ პატიოსანი თანამშრომლის რეპუტაცია მოიპოვა

      ჯესიმაც პატიოსნებითა და სანდოობით კარგი სახელი მოიპოვა დამსაქმებლის თვალში. როგორ დაჯილდოვდა მისი პატიოსნება? ის კომპანიის მენეჯერი გახდა და უფრო თავისუფალი გრაფიკი ჰქონდა, რის გამოც მეტი დრო რჩებოდა ცოლ-შვილისა და სულიერი საქმეებისთვის.

      ზოგი დამსაქმებელი, როდესაც თანამშრომლებს ეძებს, პატიოსნებით გამორჩეულ ორგანიზაციებს მიმართავს. მაგალითად, ფილიპინებზე ერთი კომპანიის მენეჯერმა წერილი მისწერა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალს, სადაც მოწმეებს სამუშაოდ იწვევდა. ის წერდა: „ისინი შრომისმოყვარეობით, პატიოსნებითა და ერთგულებით გამოირჩევიან“. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამისთვის დიდება იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის, რომელიც გვასწავლის, შევიძულოთ ის, რაც ცუდია და შევიყვაროთ ის, რაც კარგია (ამოსი 5:15).

  • მარად გამოსადეგი ფასეულობები — თავშეკავება
    გამოიღვიძეთ! — 2015 | თებერვალი
    • მთავარი თემა | დღესაც აქტუალურია ბიბლია?

      მარად გამოსადეგი ფასეულობები — თავშეკავება

      ბიბლიური პრინციპი: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11).

      „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საფლავიდან წამოვდექი“

      რით არის კარგი: თავშეკავების ყველა ღირსების ჩამოსაწერად, თაბახის ფურცლების მთელი შეკვრა დაგვჭირდებოდა. თავშეკავება, სულ მცირე, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“, — ნათქვამია ბიბლიაში. მასში შემდეგ აზრსაც ვკითხულობთ: „მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავები 14:30; 17:22). ამის საპირისპიროდ, კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებიც ადვილად ბრაზდებიან და აგრესიას ავლენენ სხვების მიმართ, დიდ საფრთხეს უქმნიან თავიანთ ჯანმრთელობას. მათ განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საშიშროება ემუქრებათ. თავშეკავება მარტო კარგი ჯანმრთელობის საწინდარი როდია. ის ბევრი რამით არის კარგი.

      კასიუსი, რომელიც 30-ს გადაცილებულია, იხსენებს: „მაგარი ჩხუბისთავი და ფიცხი ვიყავი. ხშირად არაფრის გამო ვიწყებდი ჩხუბს. ღირსების გრძნობა მქონდა დაკარგული. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენება დავიწყე. ვისწავლე თავმდაბლობა და ფიცხი ხასიათის გაკონტროლება. უფრო მიმტევებელი გავხდი. ეს რომ არა, ალბათ ციხეში ამოვყოფდი თავს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საფლავიდან წამოვდექი“.

      გაბრაზებული მძღოლი რისხვას ანთხევს კასიუსზე, რომელიც მშვიდად მართავს მოტოციკლს

      კასიუსმა ისწავლა თავშეკავების გამოვლენა და პატიება

  • მარად გამოსადეგი ფასეულობები — ერთგულება
    გამოიღვიძეთ! — 2015 | თებერვალი
    • მთავარი თემა | დღესაც აქტუალურია ბიბლია?

      მარად გამოსადეგი ფასეულობები — ერთგულება

      ბიბლიური პრინციპი: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრაელები 13:4).

      რით არის კარგი: ზოგი ამ სიტყვებს მოძველებულად მიიჩნევს. მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან! ღალატი დღესაც ისევე ანგრევს ადამიანს, როგორც მაშინ, როცა ეს სიტყვები დაიწერა (იგავები 6:34, 35).

      ჯესი, რომელიც ცოლ-შვილიანი კაცია, წერს: „მეუღლესთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენ შორის ერთგულებასა და ბედნიერებას. ქორწინებაში ნდობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ღალატი კი ანგრევს ნდობას“. გარდა ამისა, ღალატი შვილებზეც უარყოფითად მოქმედებს.

      ლეგაიასa ქორწინებას საფრთხე ემუქრებოდა. „ცუდ ხალხთან დავიწყე ურთიერთობა. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობდი და საშინელ რამეებს ვაკეთებდი. ქმარს კი გამუდმებით ვატყუებდი“. გააბედნიერა ასეთმა ცხოვრებამ ლეგაია? ის და მისი ქმარი გამუდმებით კამათობდნენ. ლეგაია უბედური იყო. ის ამბობს: „როცა დავფიქრდი, რა სამარცხვინო დღეში ჩავიგდე თავი და როგორ ავრიე ყველაფერი, მივხვდი, რომ მართლები იყვნენ ჩემი მშობლები, როცა მეუბნებოდნენ, ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებსო“ (1 კორინთელები 15:33).

      ლეგაია განაგრძობს: „სანამ ყველაფერი დაკარგული არ იყო, გადავწყვიტე, ცხოვრების წესი შემეცვალა და ბიბლიის შესწავლა დამეწყო, ოღონდ ამჯერად ნასწავლი ცხოვრებაში გამომეყენებინა“. რა იყო შედეგი? ლეგაიამ შეინარჩუნა ოჯახი; ქმრის თვალში მეტი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა. „ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ცხოვრება შევიცვალე და, ეგრეთ წოდებულ, მეგობრებთან ურთიერთობა გავწყვიტე“, — დასძენს ის.

      a ზოგი სახელი შეცვლილია.

  • მარად გამოსადეგი ფასეულობები — სიყვარული
    გამოიღვიძეთ! — 2015 | თებერვალი
    • მთავარი თემა | დღესაც აქტუალურია ბიბლია?

      მარად გამოსადეგი ფასეულობები — სიყვარული

      ბიბლიური პრინციპი: „შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).

      რით არის კარგი: სიყვარული, რომელზეც ბიბლიაში ყველაზე ხშირად არის საუბარი, არც რომანტიკულია და არც ვნებებს აყოლილი. ეს არის პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული, რომელსაც ახასიათებს მოთმინება, პატიება, თავმდაბლობა, ერთგულება, სიკეთე, რბილი ხასიათი და სულგრძელობა (მიქა 6:8; კოლოსელები 3:12, 13). რომანტიკული ვნებისგან განსხვავებით, რაც ჩვეულებრივ, დროის სვლასთან ერთად ფერმკრთალდება, ნამდვილი სიყვარული უსასრულოდ შეიძლება გაიზარდოს.

      ბრენდა, რომელიც თითქმის 30 წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს: „ახალდაქორწინებულთა სიყვარული ვერ შეედრება იმ გრძნობას, რომელიც წლებს მოაქვს. დროის სვლასთან ერთად ცოლქმრული სიყვარული უფრო ძლიერდება“.

      სემი, რომელიც 12 წელზე მეტია დაოჯახებულია, შენიშნავს: „მე და ჩემი ცოლი ბიბლიური პრინციპების პრაქტიკულობასა და სიმარტივეს ყოველთვის აღტაცებაში მოვყავართ. თუ მათ ცხოვრებაში იყენებ, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დროდადრო ჩავარდნები მაქვს. ეს მაშინ ხდება ხოლმე, როცა ზედმეტად მგრძნობიარე, ცოტა ეგოისტი ან გადაღლილი ვარ. ასეთ დროს იეჰოვას ვთხოვ, თავიდან მომაშოროს უარყოფითი გრძნობები. შემდეგ მეუღლეს თბილად ვეხვევი და ცოტა ხანში უსიამოვნებაც ქრება“.

      „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“

      იესო ქრისტემ თქვა, რომ „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). ბიბლიაში თავმოყრილია ყველა ის კარგი რამ, რაც ნამდვილ სიბრძნეს ახასიათებს. ბიბლიურ სწავლებებსა და ფასეულობებს დღემდე არ დაუკარგავს ძალა. მათ დრო ვერაფერს აკლებს. ის სცდება კულტურულ და ეროვნულ საზღვრებს. ღვთიური სწავლებები უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ბუნებაზე, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ის შემოქმედისგან, იეჰოვა ღმერთისგან, მომდინარეობს. თუმცა მას ძალა მაშინ აქვს, როცა ნამდვილად ვიყენებთ ცხოვრებაში. ამიტომ მოგვიწოდებს ბიბლია: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა“ (ფსალმუნი 34:8). გამოეხმაურებით ამ მოწვევას?

      ბიბლიამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა

      ლინა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობს. ის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს მოუყვა, თუ როგორ დაეხმარა ბიბლია ცხოვრების გაუმჯობესებაში.

      რომელი რელიგიის მიმდევარი იყავით წარსულში?

      ბუდისტების ოჯახში დავიბადე და მთელი ცხოვრება ტრადიციებს ვიცავდი. ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ არაფერი ვიცოდი.

      კმაყოფილი იყავით თქვენი ცხოვრებით?

      არა. ბევრი პრობლემა მქონდა. ფულს უყაირათოდ ვხარჯავდი. არ ვიცოდი, როგორ შემეძინა ნამდვილი მეგობრები. გარდა ამისა, ჩემს მშობლებს ვერ ვეხმარებოდი, როცა პრობლემები ჰქონდათ.

      მაგრამ ერთ დღესაც თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მოგვიყევით, რა მოხდა.

      ბიბლიის შესწავლა დავიწყე რამდენიმე ახალგაზრდა ქალთან, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. პრობლემების დროს მათ ვეკითხებოდი რჩევებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემზე ახალგაზრდები იყვნენ, შესანიშნავ რჩევებს მაძლევდნენ. ისინი საკუთარ აზრებს კი არ მახვევდნენ თავს, არამედ ბიბლიას მიშლიდნენ და იქ მაკითხებდნენ.

      დღეს, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად სასარგებლოა ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრება, დავრწმუნდი, რომ ეს წიგნი ღვთისგან მომდინარეობს და მას ყველას დახმარება შეუძლია, ვინც ცდილობს, ის პრაქტიკაში გამოიყენოს. მართალია, ქვეყნიური განათლებაც დასაფასებელია, მაგრამ ის ცხოვრებას ვერ გასწავლის.

      რას გულისხმობთ?

      ჩემს მშობლებს უმაღლესი განათლება აქვთ და მაღალი მდგომარეობა უკავიათ საზოგადოებაში. მაგრამ როცა პრობლემებს ხვდებიან, გამოსავალს ვერ პოულობენ. ამის გამოა, რომ ისინი განქორწინებულები და უბედურები არიან. კოლეჯში მასწავლეს, რომ ზოგჯერ საზოგადოებას სასტიკად უნდა მოეპყრო, რომ უკეთესობისკენ შეცვალო. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ხანგრძლივი წარმატება ადამიანის ძალით და მცდელობით ვერ მიიღწევა. საიმისოდ, რომ საკუთარი თავი გვემართა, ღმერთს ჩვენთვის არც უნარი მოუცია და არც უფლებამოსილება. ამიტომაც არის, რომ ადამიანის მმართველობა ნებისმიერ სფეროში კრახით მთავრდება.a მაგრამ ღვთისადმი მორჩილებით, შეგვიძლია, საგრძნობლად გავიუმჯობესოთ ცხოვრება და სხვებზე დადებითად ვიმოქმედოთ.

      როგორ დაგეხმარათ ბიბლია?

      ბიბლია მრავალმხრივ დამეხმარა. დღეს ნაკლები საწუხარი მაქვს და კარგი მეგობრები მყავს. ფულის დაზოგვაც ვისწავლე. ხანდახან მოგზაურობასაც ვახერხებ. რაც ყველაზე მთავარია, შემიძლია გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება.

      a იხილეთ: ეკლესიასტე 8:9; იერემია 10:23.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება