საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობთ?
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 თებერვალი
    • რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობთ?

      ხელმძღვანელობთ მტკიცე პრინციპებით? თუ ეთიკური ნორმები ცოტა მოძველებულად მიგაჩნიათ? ფაქტია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი პრინციპები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა პრინციპი ნიშნავს: „მოქმედების, ქცევის ძირითად წესს“. პრინციპები ჩვენს გადაწყვეტილებებზე მოქმედებს და ჩვენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ის შეიძლება კომპასს შევადაროთ.

      მაგალითად, იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, დაეცვათ „ოქროს წესი“, რომელიც ჩაწერილია მათეს 7:12-ში: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. კონფუციანელობის მიმდევრები ხელმძღვანელობენ ლისა და ჟენის ცნებებით, რომლებშიც ისეთ თვისებებს ესმება ხაზი, როგორიცაა: სიკეთე, თავმდაბლობა, პატივისცემა და ერთგულება. ურწმუნო ადამიანებიც კი რაღაც ნორმებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც მათ საქციელს განსაზღვრავს.

      რომელი პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?

      მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პრინციპები შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. მაგალითად, ბოლო ათწლეულებში სულ უფრო იზრდება ეგოცენტრულ ადამიანთა რიცხვი. ზოგმა შეიძლება არც იცოდეს ეგოცენტრიზმის მნიშვნელობა, ან ფიქრობდეს, რომ მასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ეგოცენტრიზმის პრინციპი თვითნებურად მოქმედებს მასზე, რადგან უგულებელყოფს მაღალზნეობრივ მორალურ ნორმებს. ასეა თუ ისე, ეგოცენტრიზმი ეგოიზმის უკიდურესი გამოვლინებაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს უაზრო მომხვეჭელობა. „ჩინეთში ორი უბრალო პრინციპი გვაქვს,— განაცხადა ტელე-კომპანიის დირექტორმა. — პირველი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაა, მეორე კი — ფულის დაგროვება“.

      ეგოცენტრიზმს შეიძლება მაგნიტის თვისება ჰქონდეს. რა გავლენას ახდენს მაგნიტი კომპასზე? როდესაც მაგნიტი და კომპასი ერთმანეთის გვერდით დევს, კომპასის ისარი არასწორად უჩვენებს. ასევე, ეგოცენტრიზმმა პიროვნების მორალურ კომპასს ანუ ცხოვრების წესს შეიძლება არასწორი მიმართულება მისცეს, ადამიანს თავგზა აუბნიოს და თავისივე სურვილების მონად აქციოს.

      გაგაოცებთ იმის გაგება, რომ ეგოცენტრიზმი თანამედროვეობის ნაყოფი არ არის? ის ჯერ კიდევ ედემის ბაღში გამოვლინდა, როდესაც ჩვენმა პირველმა მშობლებმა შემოქმედის მიერ დადგენილი ქცევის ნორმები უარყვეს. ამით მათი მორალური კომპასის ისრებმა მიმართულება შეიცვალეს. რადგან ადამისა და ევას შთამომავლები ვართ, ჩვენც გვაქვს მიდრეკილება იმისკენ, რასაც თანამედროვე ენაზე ეგოცენტრიზმი ჰქვია (დაბადება 3:6—8, 12).

      ეგოცენტრული აზროვნების გავრცელება განსაკუთრებით, როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, „უკანასკნელ დღეებში“ შეიმჩნევა; ეს პერიოდი კი „საზარელი ჟამია“. ბევრი ადამიანი „თავმოყვარეა“. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ეგოიზმის მარწუხებში აღმოჩენის საშიშროება ჩვენც დაგვემუქროს (2 ტიმოთე 3:1—5).

      ალბათ დაეთანხმებით ახალგაზრდა ოლაფს, რომელმაც იეჰოვას მოწმეების ევროპის ერთ-ერთ ფილიალს ასეთი სიტყვები მისწერა: „საკმაოდ რთულია პატიოსნების შენარჩუნება; ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს გვიჭირს. თუ შესაძლებელია, შეგვახსენეთ ხოლმე ბიბლიური პრინციპების დაცვის აუცილებლობა“.

      ოლაფის თვალსაზრისში გამჭრიახობა გამოვლინდა. ახალგაზრდა ვართ თუ ხნიერი, ღვთის პრინციპებს შეუძლია დაგვეხმაროს ქცევის მაღალზნეობრივი ნორმების დაცვაში. ისინი ეგოცენტრიზმთან ბრძოლაშიც დიდ დახმარებას გაგვიწევეს. თუ გსურთ, უფრო ზუსტად გაიგოთ, რა რეალურ დახმარებას გთავაზობთ ბიბლიური პრინციპები, გულმოდგინედ წაიკითხეთ შემდეგი სტატია.

      [სურათები 4 გვერდზე]

      დღეს ბევრი არ ითვალისწინებს სხვების მოთხოვნილებებს.

  • ღვთის პრინციპებით ცხოვრება სასარგებლოა
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 თებერვალი
    • ღვთის პრინციპებით ცხოვრება სასარგებლოა

      ცხოველებს ინსტინქტი მართავს; მექანიზმების უმეტესობა ისეა შექმნილი, რომ ისინი ბრძანებებს „ემორჩილებიან“; ადამიანი კი ისე შეიქმნა, რომ პრინციპებით უნდა ეხელმძღვანელა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? იეჰოვამ, ყველა სამართლიანი პრინციპის ფუძემდებელმა, პირველი ადამიანის შექმნისას, განაცხადა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“.შემოქმედი სულია, მას არა აქვს ჩვენნაირი ფიზიკური სხეული. აქედან გამომდინარე, მისი მსგავსები იმ გაგებით ვართ, რომ შეგვიძლია მას მივბაძოთ და მისი შესანიშნავი თვისებები გამოვავლინოთ. ადამიანს შეუძლია, ცხოვრებაში იმ პრინციპებით იხელმძღვანელოს, რომლებიც, მისი აზრით, ქცევის მაღალზნეობრივ ნორმებს შეესაბამება. იეჰოვას თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ბევრი ასეთი პრინციპი აქვს ჩაწერილი (დაბადება 1:26; იოანე 4:24; 17:17).

      შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ბიბლიაში ასობით პრინციპია და ამიტომ, შეუძლებელია ყველა მათგანის ცოდნა. მართალი ბრძანდებით. თუმცა, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ მართალია ღვთის ყველა პრინციპი სასარგებლოა, მაგრამ მათგან ზოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის დანახვა მათეს 22:37—39-ით შეიძლება, სადაც იესომ აჩვენა, რომ მოსეს რჯულში მოცემული აღთქმებიდან და პრინციპებიდან, ზოგი უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო.

      რომელია ეს მეტად მნიშვნელოვანი პრინციპები? ბიბლიის ძირითადი პრინციპების დაცვა განსაზღვრავს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას; თუ ამ პრინციპებს ყურად ვიღებთ, ჩვენს მორალურ კომპასს შემოქმედი წარმართავს. გარდა ამისა, არსებობს პრინციპები, რომლებიც ადამიანებთან ჩვენს ურთიერთობაზე მოქმედებს. მათი გამოყენება ეგოცენტრიზმთან ბრძოლაში დაგვეხმარება, თუნდაც ის ძვალ-რბილში გვქონდეს გამჯდარი.

      მოდით, თავდაპირველად განვიხილოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიური სწავლება. რა არის ეს და როგორ მოქმედებს ჩვენზე?

      „უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“

      წმინდა წერილები ცხადყოფს, რომ იეჰოვა დიდებული შემოქმედი, ყოვლისშემძლე ღმერთია. მისი თანასწორი და შემცვლელი არასოდეს იარსებებს. ეს არის ჭეშმარიტების საფუძველი (დაბადება 17:1; ეკლესიასტე 12:1).

      ფსალმუნების ერთ-ერთმა დამწერმა იეჰოვას შესახებ თქვა: „მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“. მეფე დავითმა თქვა: „შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად“. ცნობილი წინასწარმეტყველი იერემია კი აღძრული იყო ეთქვა: „არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი“ (ფსალმუნი 82:19; 1 ნეშტთა 29:11; იერემია 10:6).

      რა დახმარებას გაგვიწევს ყოველივე ამის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

      ნათელია, თუ ვის უნდა მივანიჭოთ უპირატესობა — ჩვენს შემოქმედსა და სიცოცხლის მომცემს. მაშ, მართებული არ არის, წინააღმდეგობა გავუწიოთ ეგოიზმისადმი მიდრეკილებას, რაც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს? გონივრული პრინციპი, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, ასეთია: „ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორინთელთა 10:31). წინასწარმეტყველმა დანიელმა ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

      ისტორიული ჩანაწერები გვატყობინებს, რომ ერთხელ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი სიზმარმა შეაშფოთა და მისი ახსნა მოითხოვა. მაშინ, როდესაც ამ ამბავმა ყველა საგონებელში ჩააგდო, დანიელმა ზუსტად აუხსნა მეფეს სიზმარი. საკუთარი თავი განადიდა ამით დანიელმა? არა, მან „ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი“ განადიდა. დანიელმა თქვა: „ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვიყავი ცოცხალთა შორის“. დანიელი პრინციპული ადამიანი იყო. გასაკვირი არ არის, რომ დანიელის წიგნში ის სამჯერ არის აღწერილი, როგორც „სათნო კაცი“ (დანიელი 2:28, 30; 9:23; 10:11, 19).

      კარგი იქნება თუ მივბაძავთ დანიელს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, როგორი გულით ვემსახურებით ღმერთს. ვის ეკუთვნის პატივი იმისათვის, რასაც აკეთებთ? თქვენი მდგომარეობის მიუხედავად, შესაძლებლობა გეძლევათ იმოქმედოთ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიბლიური პრინციპის თანახმად, რომელიც ამბობს, რომ იეჰოვაა უზენაესი უფალი. ასე მოქცევით ღვთისთვის „სათნო“ ადამიანი გახდებით.

      ახლა მოდით განვიხილოთ ორი ძირითადი პრინციპი, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობაში დიდ დახმარებას გაგვიწევს. რადგანაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, ურთიერთობები განსაკუთრებით რთულდება.

      „თავმდაბლობით“

      ისინი, ვინც საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებენ, იშვიათად განიცდიან კმაყოფილებას. უმეტესობა უკეთესი ცხოვრებისკენ ისწრაფვის და უნდათ ყველაფერი ახლავე ჰქონდეთ. მათთვის თავმდაბლობა სისუსტის ნიშანია. მათი აზრით, მოთმინებას მხოლოდ სხვები უნდა ავლენდნენ. ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად და სახელის მოსახვეჭად, ყველაფერზე მიდიან. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ თქვენ სხვაგვარად მოიქცეთ და არა ისე, როგორც ისინი?

      ღვთის მსახურები ასეთი თვალსაზრისის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად ხვდებიან, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა იქონიოს მათზე. მოწიფული ქრისტიანები ხელმძღვანელობენ პრინციპით: „ის კი არ არის მოწოდებული, ვინც თავს იქებს, არამედ — ვისაც უფალი აქებს“ (2 კორინთელთა 10:18).

      ფილიპელთა 2:3, 4-ში ჩაწერილი პრინციპიც დიდად დაგვეხმარება. ის მოგვიწოდებს: „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“. ამგვარად „თითოეული მარტო თავის თავზე კი არ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“.

      წარსულში მცხოვრებ ისრაელ მსაჯულს, გედეონს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონია. ის სათანადოდ აფასებდა საკუთარ თავს, ისრაელი ერის ლიდერობისკენ არ ისწრაფვოდა. როდესაც ეს მოვალეობა დაეკისრა, გედეონმა თავი უღირსად მიიჩნია. „ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ“, — თქვა მან (მსაჯულნი 6:12—16).

      უფრო მეტიც, როდესაც იეჰოვამ გედეონს გამარჯვება მოაპოვებინა, ეფრემელმა მამაკაცებმა ჩხუბი აუტეხეს. როგორ მოიქცა გედეონი? გამარჯვების გამო დიდი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე? არა. მშვიდი პასუხით მან თავიდან აირიდა უბედურება. „მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი?“. გედეონი თავმდაბალი კაცი იყო (მსაჯულნი 8:1—3).

      მიუხედავად იმისა, რომ გედეონის ისტორია დიდი ხნის წინანდელია, ამ შემთხვევის გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია. როგორც ხედავთ, გედეონს დღეს გაბატონებული აზროვნებისგან სრულიად განსხვავებული აზროვნება ჰქონდა და, თავისდა სასიკეთოდ, ამის თანახმად ცხოვრობდა.

      საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენით სწორად ვერ შევაფასებთ ჩვენს პიროვნებას. ბიბლიური პრინციპები გვეხმარება არასწორი თვალსაზრისის გამოსწორებაში და გვაგებინებს, სინამდვილეში თუ რას წარმოვადგენთ როგორც შემოქმედისთვის, ისე სხვებისთვის.

      ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით დავძლევთ ეგოცენტრიზმს. გრძნობები ან მიდრეკილებები მეტად ვეღარ გვმართავს. რაც მეტს გავიგებთ სამართლიანი პრინციპების შესახებ, მით უკეთ გავიცნობთ მათ ფუძემდებელს. დიახ, ნამდვილად ღირს, ბიბლიის კითხვისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ღვთის პრინციპებს (იხილეთ ჩარჩო).

      იეჰოვამ ადამიანები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ცხოველები, რომლებსაც მხოლოდ ინსტინქტი მართავს. მათგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია ღვთის ნების შესრულება, რაშიც მისი პრინციპებით ხელმძღვანელობაც შედის. ამრიგად, ჩვენი მორალური კომპასი დაზიანებისგან უნდა დავიცვათ, რის შედეგადაც ის სწორი მიმართულებით გვატარებს და ღვთის ახალ სისტემაში შეგვიყვანს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ მალე მთელ დედამიწაზე ახალი ცხოვრება იქნება, სადაც „დამკვიდრდება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

      [ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

      სარგებლო ბიბლიური პრინციპები

      ოჯახში:

      „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ (1 კორინთელთა 10:24).

      „სიყვარული... თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:4, 5).

      „ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი საკუთარი თავივით“ (ეფესელთა 5:33).

      „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს“ (კოლასელთა 3:18).

      „გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ“ (იგავნი 23:22).

      სკოლაში, სამსახურში:

      „მრუდი პინები სისაძაგლეა... ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის“ (იგავნი 11:1, 18).

      „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს“ (ეფესელთა 4:28).

      „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს“ (2 თესალონიკელთა 3:10).

      „ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით. როგორც ღვთისათვის“ (კოლასელთა 3:23).

      „გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18).

      სიმდიდრესთან დაკავშირებით:

      „ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება“ (იგავნი 28:20).

      „ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება“ (ეკლესიასტე 5:9).

      საკუთარი თავის შეფასება:

      „სხვისი დიდების ძიება სასახელოა“ (იგავნი 25:27).

      „სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა“ (იგავნი 27:2).

      „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომაელთა 12:3).

      „ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს“ (გალატელთა 6:3).

      [სურათი 5 გვერდზე]

      დანიელმა ღმერთს მიაგო პატივი.

      [სურათი 7 გვერდზე]

      სხვებთან ურთიერთობისას ღვთის პრინციპებით ხელმძღვანელობა სასიამოვნო ურთიერთობისა და ბედნიერების საწინდარია.

      [სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]

      U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./Robert Bridges

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება