ბიბლიის თვალსაზრისი
რა ხდის ადამიანს კარგ მოქალაქედ?
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპასა და იაპონიაში ბევრი ისეთი ადამიანი გაასამართლეს და დააპატიმრეს ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამო, ვინც თავს კარგ, კანონის მორჩილ მოქალაქედ თვლიდა. მათ შორის მაღალი წოდების მქონე სამხედრო პირები, მეცნიერები და სხვა განათლებული ადამიანებიც იყვნენ. ზოგი მათგანი თავის გამართლების მიზნით ამბობდა, რომ, უბრალოდ, როგორც ნებისმიერი კარგი მოქალაქე, ბრძანებებს ასრულებდა. ამ თვითმარქვია კარგმა მოქალაქეებმა კაცობრიობის წინააღმდეგ მრავალი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს.
მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომლებიც უპატივცემულობას ავლენენ სახელმწიფოს მიმართ. ზოგი სახალხოდ უარყოფს ხელისუფლებას, ზოგი კი, როცა დაპატიმრების საფრთხეს ვერ ხედავს, მზად არის, დაარღვიოს კანონი. მრავალი დაეთანხმებოდა იმას, რომ აუცილებელია ხელისუფლებისადმი მორჩილება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ანარქია და ქაოსი იქნებოდა. მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად უნდა ასრულებდეს ადამიანი თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას და ემორჩილებოდეს კანონს? განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რომლებიც ეხმარებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს, გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონოდათ სახელმწიფოს წინაშე თავიანთი მოვალეობების შესახებ.
ხელისუფლებისადმი ქრისტიანული მორჩილება
პირველი საუკუნის ქრისტიანები მზადყოფნით ემორჩილებოდნენ ‘უმაღლესი ხელისუფლების’ ანუ იმდროინდელი მმართველების კანონებსა და წესებს (რომაელთა 13:1). ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ საჭირო იყო ‘განმგებელთა და ხელისუფალთათვის მორჩილება და მოსმენა’ (ტიტე 3:1). მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზეციერ მეფედ იესო ქრისტეს აღიარებდნენ, ქვეყნიური მმართველების კანონებსაც ემორჩილებოდნენ და არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ ხელისუფლებისთვის. საღვთო წერილი მათ ურჩევდა, ყოველთვის ‘პატივი ეცათ მეფისთვის’ (1 პეტრე 2:17). მოციქული პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს: „ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით“ (1 ტიმოთე 2:1, 2).
პირველი საუკუნის ქრისტიანები კეთილსინდისიერად იხდიდნენ ნებისმიერ გადასახადს, მაშინაც კი, როცა ეს მათთვის მძიმე ტვირთი იყო. ისინი მისდევდნენ ღვთის მიერ ინსპირირებულ რჩევას, რომელიც პავლემ ამ საკითხთან დაკავშირებით მისცა: „მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი — ხარკი“ (რომაელთა 13:7). იესოს მოწაფეებმა იცოდნენ, რომ რომაული ხელისუფლებისა და მისი მოხელეების არსებობა ღმერთმა დაუშვა და გარკვეულწილად ისინი „ღვთის მსახურები“ იყვნენ, რადგან საზოგადოებაში გარკვეულ სიმშვიდესა და სტაბილურობას უწყობდნენ ხელს (რომაელთა 13:6).
‘მზადყოფნა ყოველი კეთილი საქმისათვის’
პირველი საუკუნის ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებდა, შეესრულებინათ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე. იესო ქრისტეც ურჩევდა თავის მოწაფეებს, როცა საჭირო იყო, უფრო მეტიც გაეკეთებინათ, ვიდრე მათგან ხელისუფლება მოითხოვდა: „ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). ამ რჩევის თანახმად ცხოვრებით ქრისტიანები უჩვენებდნენ, რომ არ სურდათ ისე ეცხოვრათ კულტურულ საზოგადოებაში, რომ, თავის მხრივ, თავისი წვლილი არ შეეტანათ. ისინი ყოველთვის „მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის“ (ტიტე 3:1; 1 პეტრე 2:13—16).
მათ გულწრფელად უყვარდათ მოყვასი და ცდილობდნენ, დახმარებოდნენ (მათე 22:39). ამ სიყვარულითა და მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვით პირველი საუკუნის ქრისტიანები დადებით გავლენას ახდენდნენ სხვებზე. მათს მეზობლებს მრავალი მიზეზი ჰქონდათ იმისათვის, რომ სიამოვნებით ეცხოვრათ ქრისტიანების გვერდით (რომაელთა 13:8—10). ქრისტიანები სიყვარულს ავლენდნენ არა მარტო იმით, რომ ცუდს არაფერს აკეთებდნენ, არამედ უფრო მეტით. საღვთო წერილი მათ მოუწოდებდა, ყოფილიყვნენ მეგობრულები და სხვის ინტერესებზე მზრუნველები, ‘სიკეთე მოემოქმედათ [არა მარტო თანაქრისტიანებისთვის, არამედ] ყველასთვის’, როგორც ამას იესო ქრისტე აკეთებდა (გალატელთა 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990).
„ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“
ქვეყნიური ხელისუფლების მიმართ ქრისტიანების მორჩილებას საზღვრებიც ჰქონდა. ქრისტიანებს არაფერი უნდა გაეკეთებინათ ისეთი, რაც სინდისს შეულახავდათ და რითაც ღმერთთან ურთიერთობას გაიფუჭებდნენ. მაგალითად, როდესაც იერუსალიმის რელიგიურმა ბელადებმა უბრძანეს, შეეწყვიტათ იესოს შესახებ ქადაგება, ისინი არ დაემორჩილნენ. „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“, —უპასუხეს მათ (საქმეები 5:27—29). ქრისტიანები არ მონაწილეობდნენ კერპთმსახურებაში, ამიტომ უარს ამბობდნენ იმპერატორის თაყვანისცემაზე (1 კორინთელთა 10:14; 1 იოანე 5:21; გამოცხადება 19:10). რა მოჰყვა ამას? „მსჯავრის დადება, არა იმისათვის, რომ ქრიტიანები იყვნენ, არამედ იმისათვის, რომ კანონს არ ასრულებდნენ“, — აღნიშნა თავის წიგნში ისტორიკოსმა ჯ. მ. რობერტსმა (Shorter History of the World).
ამ შემთხვევაში რატომ „არ ასრულებდნენ ისინი კანონს“? მათ ესმოდათ, რომ „უმაღლეს ხელისუფლებას“ ღვთის ნებართვით ჰქონდა ძალაუფლება და ‘ღვთის მსახურები’ იყვნენ, რადგან ხელს უწყობდნენ კანონებისა და წესების დაცვას (რომაელთა 13:1, 4). მაგრამ ქრისტიანები ღვთის კანონს პირველ ადგილზე აყენებდნენ. მათ ახსოვდათ იესო ქრისტეს მიერ მიცემული პრინციპი: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ (მათე 22:21). მათი მოვალეობა ღვთის წინაშე კეისრის მოთხოვნებზე მნიშვნელოვანი იყო.
ეს რომ სწორი მოქმედება იყო, ბევრი ცრუ ქრისტიანის მიერ მისი უგულებელყოფით გამოწვეულმა შედეგებმა ცხადყო. მაგალითად, ქრისტიანული სამყაროს განდგომილი წინამძღოლები „დათმობაზე მიდიოდნენ და მთავრობას ემსახურებოდნენ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიც არის სამხედრო ძალების გაძლიერება და დაფინანსება“, — აღნიშნა სამხედრო ისტორიკოსმა, ჯონ კიგანმა. მათმა მიმდევრებმა დაიწყეს ომებში მონაწილეობის მიღება, სადაც მოლიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლი იღვრებოდა. კიგანი ამბობს: „როცა გაცხარდებოდნენ, ღვთის კანონი არავის ახსოვდა“.
მაგრამ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა გაწონასწორებული თვალსაზრისის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. ისინი სამაგალითო მოქალაქეები იყვნენ და კარგად ასრულებდნენ მოქალაქეობრივ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს. მაგრამ მტკიცედ იცავდნენ ბიბლიურ პრინციპებს და ცხოვრების ყველა სფეროში ყურს უგდებდნენ თავიანთ ბიბლიით განსწავლულ სინდისს (ესაია 2:4; მათე 26:52; რომაელთა 13:5; 1 პეტრე 3:16).
[სურათი 26 გვერდზე]
„მიეცით კეისრისა კეისარს“.