საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სათანადოდ დააფასეთ თქვენთვის ბოძებული ძღვენი — სიცოცხლე
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივნისი
    • „ეს რა ჰქენი! შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!“ (დაბადება 4:10). ყურადღება მიაქციეთ, რომ აბელის მიწაზე დაღვრილი სისხლით მისი სიცოცხლე იყო წარმოდგენილი; სიცოცხლე, რომელიც ულმობლად იქნა შეწყვეტილი. ეს სისხლი ღმერთს შეჰღაღადებდა და სამაგიეროს მიზღვას სთხოვდა (ებრაელთა 12:24).

      5. ა) რა აკრძალა ღმერთმა ნოეს დღეებში და ვის ეხებოდა ეს აკრძალვა? ბ) რა გაგებით იყო ეს აკრძალვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი?

      5 წარღვნას მხოლოდ რვა სული გადაურჩა და კაცობრიობის მოდგმა ამჯერად მათგან უნდა გავრცელებულიყო. ღმერთმა თავისი ნების გამოცხადებისას სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა იმდროინდელ კაცობრიობას. მან უთხრა, რომ შეეძლოთ ეჭამათ ცხოველების ხორცი, მაგრამ აი, რა აუკრძალა: „ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს. მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ“ (დაბადება 9:3, 4). ზოგმა იუდეველმა ეს ისე გაიგო, რომ ადამიანებს არ უნდა ეჭამათ ცხოველის ხორცი და სისხლი მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ დრომ ნათლად აჩვენა, რომ ღმერთმა ამ სიტყვებით აკრძალა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით სისხლის ჭამა. გარდა ამისა, ღვთის მიერ კაცობრიობისთვის ნოეს მეშვეობით მიცემული მითითება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სისხლთან დაკავშირებით თავისი განზრახვის განსახორციელებლად; განზრახვისა, რომელიც ადამიანებს მარადიული სიცოცხლის მიღების საშუალებას მისცემდა.

      6. როგორ გაამახვილა ღმერთმა ყურადღება სიცოცხლის მნიშვნელოვნებაზე ნოეს მეშვეობით გადმოცემულ სიტყვებში?

      6 ღმერთმა განაგრძო: „თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს. და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი“ (დაბადება 9:5, 6). როგორც მთელი კაცობრიობისადმი მიმართული ღვთის ამ სიტყვებიდან ხედავთ, ადამიანის სისხლით სიცოცხლეა წარმოდგენილი. შემოქმედი აძლევს ადამიანს სიცოცხლეს და არავის აქვს სისხლით წარმოდგენილი ამ სიცოცხლის წართმევის უფლება. კაენის მსგავსად ვინმე თუ მკვლელობას ჩაიდენს, შემოქმედს აქვს უფლება, ‘მოიკითხოს’ ანუ აზღვევინოს მკვლელს შეწყვეტილი სიცოცხლისთვის.

      7. რატომ უნდა დავინტერესდეთ იმით, თუ რა უთხრა ღმერთმა ნოეს სისხლთან დაკავშირებით?

      7 ამგვარად, ღმერთმა ადამიანებს სისხლის არასწორად გამოყენება აუკრძალა. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ? რატომ აქვს სისხლთან დაკავშირებით ღმერთს ასეთი თვალსაზრისი? პასუხი დაკავშირებულია ბიბლიის უმნიშვნელოვანეს სწავლებასთან, რომელიც მთელი ქრისტიანული მრწამსის საძირკველია, თუმცა ბევრი რელიგია მას შეგნებულად უგულებელყოფს. რა სწავლებაზეა საუბარი და როგორ ეხება ის თქვენს ცხოვრებას, გადაწყვეტილებებსა თუ საქმეებს?

      სისხლი — როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება?

      8. რჯულის თანახმად, რა აკრძალა იეჰოვამ სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით?

      8 იეჰოვამ თავის ხალხს რჯულის მიცემისას სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდა. პარალელურად ღმერთმა თავისი განზრახვის განსახორციელებლად შემდგომი ნაბიჯიც გადადგა. ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ რჯულის თანახმად, ღვთისთვის შესაწირავების — მაგალითად მარცვლეულის, ზეთისა და ღვინის — აღვლენა მოითხოვებოდა (ლევიანები 2:1—4; 23:13; რიცხვნი 15:1—5). აღევლინებოდა ცხოველური შესაწირავიც. ღმერთმა მათ შესახებ თქვა: «ხორციელის სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია, სულს რომ განწმედს. ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს“». იეჰოვამ დასძინა, რომ, თუ ვინმე, მაგალითად მონადირე ან მიწათმოქმედი, საჭმელად ცხოველს დაკლავდა, მისგან სისხლი უნდა გამოეშვა და მტვრით დაეფარა ეს სისხლი. დედამიწა ღვთის „კვარცხლბეკია“ და სისხლის მიწაზე დაღვრით ადამიანი აღიარებდა, რომ სიცოცხლე სიცოცხლის მომცემს უბრუნდებოდა (ლევიანები 17:11—13; ესაია 66:1).

      9. მხოლოდ და მხოლოდ როგორ იყენებდნენ სისხლს რჯულის თანახმად და რა მიზანს ემსახურებოდა ეს?

      9 ეს წესი არ ყოფილა, უბრალოდ, რელიგიური რიტუალი, რომელსაც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ყურადღება მიაქციეთ, რატომ არ ჭამდნენ ისრაელები სისხლს? ღმერთმა თქვა: «ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს“». რატომ? «მე სამსხვერპლოსთვის მოგეცით [სისხლი], თქვენი სიცოცხლის შენდობისთვის [„გამოსასყიდად“, აქ]». ხედავთ, როგორ გვეხმარება ეს ინფორმაცია იმის უკეთესად გაგებაში, თუ რატომ უთხრა ღმერთმა ნოეს, არ ეჭამათ სისხლი? შემოქმედმა სისხლს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და ერთი განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყო — მისი საშუალებით უნდოდა, ეხსნა მრავალთა სიცოცხლე. სისხლს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ცოდვების დასაფარავად (გამოსასყიდად). ამგვარად, რჯულის თანახმად, ღმერთი სისხლთან დაკავშირებით მხოლოდ იმაზე იძლეოდა ნებას, რომ ის სამსხვერპლოზე დაეღვარათ იმ ისრაელთა სიცოცხლის გამოსასყიდად, რომლებიც იეჰოვას მიტევებას სთხოვდნენ.

      10. რატომ იყო შეუძლებელი ცხოველური სისხლით ცოდვების სრული მიტევება, მაგრამ რა შეხსენება ეძლეოდათ ადამიანებს რჯულის თანახმად შესაწირავების მოთხოვნით?

      10 სისხლთან დაკავშირებით მსგავსი თვალსაზრისი არსებობს ქრისტიანობაშიც. ღვთის მიერ გათვალისწინებულ რჯულის ამ თავისებურებაზე მიუთითებდა ქრისტიანი მოციქული პავლე, როდესაც წერდა: „თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9:22). პავლემ შემდეგ ნათელი გახადა, რომ რჯულის მოთხოვნის თანახმად, აღვლენილი შესაწირავები ისრაელებს სრულყოფილებს, უცოდველებს, არ ხდიდა. ის წერდა: „მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება. ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია“ (ებრაელთა 10:1—4). მიუხედავად ამისა, ასეთი შესაწირავები გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. ისინი ისრაელებს შეახსენებდა, რომ ცოდვილები იყვნენ და სრული მიტევების მისაღებად რაღაც მეტი სჭირდებოდათ. თუ სისხლი, რომლითაც ცხოველის სიცოცხლე იყო წარმოდგენილი, ვერ გადაფარავდა სრულად ადამიანის ცოდვებს, შეიძლებოდა რომელიმე ცოცხალი არსების სისხლით მიღწეულიყო ეს მიზანი?

      სიცოცხლის მომცემის პასუხი

      11. საიდან ვიცით, რომ ცხოველური შესაწირავების სისხლი რაღაცაზე მიუთითებდა?

      11 რჯული მიუთითებდა იმაზე, რაც ღვთის ნების შესასრულებლად ბევრად ეფექტური იქნებოდა. პავლემ დასვა კითხვა: „აბა, რჯული რაღაა?“ და თავადვე გასცა მას პასუხი: „დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და გადაეცა იგი ანგელოზთა მეშვეობით, შუამავლის [მოსეს] ხელით“ (გალატელთა 3:19). მსგავსი აზრი დაწერა პავლემ სხვა წერილშიც: „კანონი მომავალ სიკეთეთა ჩრდილია და არა თვით ეს სიკეთე“ (ებრაელთა 10:1, აქ).

      12. როგორ აგებინებდა ადამიანებს თანდათანობით ღმერთი სისხლთან დაკავშირებით თავის განზრახვას?

      12 შესაჯამებლად გავიხსენოთ, რომ ნოეს დღეებში ღვთის ნებართვით ადამიანებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ცხოველების ხორცის ჭამის უფლება მიეცათ, მაგრამ არ უნდა ეჭამათ სისხლი. გარკვეული დროის შემდეგ ღმერთმა თქვა: „ხორციელის სიცოცხლე სისხლშია“. მართლაც, მან თავად აირჩია ის, რომ სისხლით სიცოცხლე ყოფილიყო წარმოდგენილი და თქვა: «მე სამსხვერპლოსთვის მოგეცით [სისხლი], თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის [„გამოსასყიდად“, აქ]». მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანები ღვთის განზრახვასთან დაკავშირებით საოცარ დეტალებს გაიგებდნენ. რჯული მომავალ სიკეთეთა ჩრდილი იყო. რომელ სიკეთეთა?

      13. რატომ არის იესოს სიკვდილი მნიშვნელოვანი?

      13 მოვლენათა განვითარებას იესო ქრისტეს სიკვდილამდე მივყავართ. თქვენთვის ცნობილია, რომ ქრისტე აწამეს და ძელზე გააკრეს. ის ბოროტმოქმედივით მოკლეს. პავლე წერდა: „ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, დროულად მოკვდა უკეთურთათვის . . . ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:6, 8). ჩვენთვის სიკვდილით ქრისტემ ჩვენი ცოდვების დასაფარავად გამოსასყიდი გაიღო. გამოსყიდვა ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი სწავლებაა (მათე 20:28; იოანე 3:16; 1 კორინთელთა 15:3; 1 ტიმოთე 2:6). რა კავშირი აქვს ამას სისხლთან თუ სიცოცხლესთან და რა მხრივ გეხებათ ეს თქვენ?

      14, 15. ა) როგორ ამახვილებს ყურადღებას ზოგი თარგმანი იესოს სიკვდილზე ეფესელთა 1:7-ში? ბ) რა შეიძლება გამორჩეს მხედველობიდან ადამიანს ეფესელთა 1:7-დან?

      14 ზოგიერთი რელიგია ყურადღებას იესოს სიკვდილზე ამახვილებს და მათი მრევლისგან ასეთ სიტყვებს გაიგებთ: „იესო ჩემთვის მოკვდა“. ვნახოთ, როგორ არის ზოგ ბიბლიაში ნათარგმნი ეფესელთა 1:7: „მასში და მისი სიკვდილის მეშვეობით გვაქვს ხსნა, ანუ ჩვენი შეცოდებებისგან გათავისუფლება“ (ფრანკ შაილ ბელინტაინის „ამერიკული ბიბლია“, 1902). „ქრისტეს სიკვდილით ვთავისუფლდებით და მოგვეტევება ჩვენი ცოდვები („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“, 1966). „ქრისტეში მისი სიკვდილისა და მსხვერპლად გაღებული მისი სიცოცხლის მეშვეობით გვაქვს ხსნა; ხსნა, რომელიც ცოდვების მიტევებას ნიშნავს“ (უილიამ ბარკლის „ახალი აღთქმა“, 1969). „ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით მოგვეტევება ცოდვები და ვთავისუფლდებით“ („მთარგმნელის ახალი აღთქმა“, 1973). როგორც ხედავთ, ამ თარგმანებში იესოს სიკვდილზე მახვილდება ყურადღება. იესოს სიკვდილი ხომ მართლაც მნიშვნელოვანია? — შეიძლება თქვას ვინმემ. მაშ, რა აკლია ამ თარგმანებს?

      15 თუ თქვენ ასეთ თარგმანებზე იქნებოდით დამოკიდებული, შეიძლებოდა გამოგრჩენოდათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხელს შეგიშლიდათ ბიბლიის კარგად გაგებაში. მსგავს თარგმანებში გამოტოვებულია ეფესელთა 1:7-ის ორიგინალში მოცემული ბერძნული სიტყვა, რომელიც „სისხლს“ ნიშნავს. მრავალ ბიბლიაში, მაგალითად „ახალი ქვეყნიერების თარგმანსა“ და ქართულ თარგმანებში, აზრი ორიგინალთან უფრო არის დაახლოებული: „ვისგანაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით“ (სსგ).

      16. რას უნდა გვეუბნებოდეს გამოთქმა „მისი სისხლი“?

      16 გამოთქმა „მისი სისხლი“ მრავალმნიშვნელოვანია და ბევრ რამეს უნდა გვეუბნებოდეს. საკმარისი არ იყო მხოლოდ სიკვდილი — თუნდაც სრულყოფილი კაცის, იესოს, სიკვდილი. მან განახორციელა ის, რისი ჩრდილიც რჯული იყო, კერძოდ, გამოსყიდვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. იმ განსაკუთრებულ დღეს კონკრეტული ცხოველები იწირებოდა. შემდეგ მღვდელმთავარი იღებდა გარკვეული ოდენობის სისხლს და კარვის ან ტაძრის წმიდათაწმიდაში შეჰქონდა, სადაც მას ღმერთს წარუდგენდა, თითქოს ღმერთი თავად ყოფილიყო იქ (გამოსვლა 25:22; ლევიანები 16:2—19).

      17. როგორ შეასრულა იესომ ის, რის წინასახეც გამოსყიდვის დღე იყო?

      17 პავლეს სიტყვების თანახმად, იესომ შეასრულა ის, რის წინასახეც გამოსყიდვის დღე იყო. მოციქულმა მოიხსენია, რომ ისრაელში წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში შედიოდა და სწირავდა სისხლს „თავისთვის და ხალხის უცოდინარობით ჩადენილი ცოდვებისთვის“ (ებრაელთა 9:6, 7, აქ). ამ ნიმუშის თანახმად, სულიერ ქმნილებად მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, იესო თვით ზეცაში შევიდა. როგორც სულს, რომელსაც ხორცი და სისხლი არა აქვს, იესოს შეეძლო წარმდგარიყო „ჩვენთვის ღვთის წინაშე“. რა წარუდგინა მან ღმერთს? ის, რაც წარუდგინა, არ იყო რაიმე ფიზიკური, მაგრამ იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. პავლე განაგრძობს: „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი . . . არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი . . . წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული, მით უმეტეს სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის“. ასე რომ, იესომ ღმერთს თავისი სისხლის ფასი წარუდგინა (ებრაელთა 9:11—14, 24, 28; 10:11—14; 1 პეტრე 3:18).

      18. რატომ უნდა იყოს დღეს მცხოვრები ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი ის, რასაც ბიბლია ამბობს სისხლთან დაკავშირებით?

      18 ღვთისგან მომდინარე ეს ჭეშმარიტება საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ სიღრმეებს, რაც ბიბლიაში სისხლთან დაკავშირებით არის მოცემული, კერძოდ კი იმას, თუ რატომ აქვს ღმერთს სისხლის მიმართ ისეთი შეხედულება, როგორიც აქვს; რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სისხლთან დაკავშირებით და რატომ უნდა მოვეკიდოთ პატივისცემით იმ აკრძალვებს, რომლებსაც ღმერთი სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით გვიდგენს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისას ხშირად შეხვდებით მონაკვეთებს, სადაც „ქრისტეს სისხლია“ მოხსენიებული (იხილეთ ჩარჩო). აქედან ნათლად ჩანს, რომ თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გამოავლინოს რწმენა ‘მისი [ქრისტეს] სისხლისადმი’ (რომაელთა 3:25, აქ). ღვთისგან მიტევების მიღება და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება მხოლოდ ‘მისი [იესოს] სისხლის’ მეშვეობით არის შესაძლებელი (კოლასელთა 1:20). ეს, რა თქმა უნდა, ეხება მათ, ვისთანაც იესომ ზეცაში თანამეფეებად ყოფნის შესახებ განსაკუთრებული შეთანხმება დადო (ლუკა 22:20, 28—30; 1 კორინთელთა 11:25; ებრაელთა 13:20). იგი ეხება დღეს მცხოვრებ „უამრავ ხალხსაც“, რომლებიც მომავალ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ და მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში. ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ისინი ‘ირეცხავენ თავიანთ სამოსს კრავის სისხლით’ (გამოცხადება 7:9, 14).

      19, 20. ა) რატომ გადაწყვიტა ღმერთმა სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით აკრძალვების მიცემა და რას უნდა ვგრძნობდეთ ამასთან დაკავშირებით? ბ) რისი გაგება უნდა გვაინტერესებდეს?

      19 ცხადია, ღვთის თვალში სისხლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სისხლისადმი ჩვენც ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. შემოქმედს, რომლისთვისაც სიცოცხლე ასე მნიშვნელოვანია, აქვს უფლება, მიუთითოს ადამიანებს, როგორ გამოიყენონ სისხლი. ღმერთი ძალიან ზრუნავს ჩვენს სიცოცხლეზე და ამიტომ გადაწყვიტა, სისხლი განსაკუთრებული სახით გამოეყენებინა; სისხლის მხოლოდ ამგვარად გამოყენება გახდიდა შესაძლებელს ადამიანებისთვის მარადიულ ცხოვრებას. ამისათვის იესოს ძვირფასი სისხლი იყო საჭირო. რა მადლიერები ვართ იეჰოვა ღმერთის, რომ სისხლი — იესოს სისხლი — ჩვენს სასიკეთოდ გამოიყენა და, ამგვარად, ხსნის შესაძლებლობა მოგვცა! აგრეთვე უდიდეს მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ იესოს მიმართ, რომელმაც ჩვენთვის მსხვერპლად საკუთარი სისხლი დაღვარა! ჩვენც ვიზიარებთ მოციქულ იოანეს გრძნობებს, რომელმაც თქვა: „მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (გამოცხადება 1:5, 6).

      20 ჩვენმა ყოვლადბრძენმა ღმერთმა და სიცოცხლის შემოქმედმა დიდი ხანია სისხლს სიცოცხლის ხსნის დანიშნულება მიანიჭა. შეიძლება ვიკითხოთ: რა გავლენა უნდა იქონიოს ამან ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

  • დაიცავით ცოცხალი ღმერთის მითითებები
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივნისი
    • 4, 5. ა) რა მითითება მისცა ღმერთმა ადამიანებს სისხლთან დაკავშირებით ქრისტიანულ ეპოქამდე? ბ) საიდან ვიცით, რომ სისხლის შესახებ მითითება ქრისტიანებსაც ეხებათ?

      4 იმავეს თქმა შეიძლება სისხლთან დაკავშირებით ღვთის ხელმძღვანელობის შესახებაც. ღმერთმა ნოეს უთხრა, რომ ადამიანებს არ უნდა ეჭამათ ან დაელიათ სისხლი; შემდეგ რჯულით დაანახვა, რომ სისხლის გამოყენება მხოლოდ სამსხვერპლოზე — ცოდვების მისატევებლად — იყო მართებული. რჯულში მოცემული მითითებებით ღმერთმა საფუძველი მოამზადა იმისათვის, რომ სისხლი გამოყენებული ყოფილიყო საუკეთესო მიზნისთვის — იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად (ებრაელთა 9:14). ასე რომ, ღვთის ხელმძღვანელობა ჩვენს სიცოცხლეზე ზრუნვასა და ჩვენს კეთილდღეობას ემსახურებოდა. დაბადების 9:4-თან დაკავშირებით XIX საუკუნის ბიბლეისტი ადამ კლარკი წერდა: „[ნოესთვის მიცემულ] მითითებას აღმოსავლური ქრისტიანობის მიმდევრები დღემდე სკრუპულოზურად ასრულებენ . . . რჯულის თანახმად იკრძალებოდა სისხლის ჭამა, ვინაიდან იგი მიმანიშნებელი იყო სისხლზე, რომელიც მსოფლიოს ცოდვებისთვის უნდა დაღვრილიყო; ასევე სახარების თანახმადაც, სისხლი არ უნდა ეჭამათ, რადგან ის ყოველთვის უნდა ყოფილიყო იმ სისხლის შემხსენებელი, რომელიც ცოდვების გამოსასყიდად დაიღვარა“.

      5 ამ ბიბლეისტს შეიძლება მხედველობაში ჰქონდა სახარება, რომელშიც ყურადღება იესოზე მახვილდება. მასში საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა საკუთარი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ის ჩვენთვის მომკვდარიყო — დაეღვარა სისხლი, რისი საშუალებითაც მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა გვექნებოდა (მათე 20:28; იოანე 3:16; რომაელთა 5:8, 9). კლარკის ნაშრომში მოხსენიებული იყო ქრისტეს მიმდევრებისთვის სისხლისგან თავის შეკავების შესახებ მოგვიანებით მიცემული მითითებაც.

      6. რა მითითებები მიეცათ ქრისტიანებს სისხლთან დაკავშირებით და რატომ?

      6 თქვენთვის ცნობილია, რომ ღმერთმა ისრაელებს ასობით კანონი მისცა. იესოს სიკვდილის შემდეგ მის მოწაფეებს არ მოეთხოვებოდათ კანონთა ამ კრებულის დაცვა (რომაელთა 7:4, 6; კოლასელთა 2:13, 14, 17; ებრაელთა 8:6, 13). მაგრამ დროთა განმავლობაში წამოიჭრა კითხვა ერთ ძირითად ვალდებულებასთან — მამაკაცების წინადაცვეთასთან — დაკავშირებით. უნდა წინადაცვეთილიყვნენ თუ არა არაიუდეველები, რომლებსაც ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლით სარგებლობის სურვილი ჰქონდათ? ამით ხომ იმას ცხადყოფდნენ, რომ ჯერ კიდევ რჯული უნდა დაეცვათ? ახ. წ. 49 წელს ქრისტიანების ხელმძღვანელმა საბჭომ განიხილა ეს საკითხი (საქმეები, თავი მე-15). ღვთის სულიწმიდის დახმარებით მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო წინადაცვეთა რჯულთან ერთად გაუქმდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული მოთხოვნების შესრულება ქრისტიანებისთვის კვლავაც სავალდებულო იყო. კრებებისთვის გაგზავნილ წერილში ხელმძღვანელი საბჭო წერდა: „მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. თავი შეიკავეთ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამღრჩვალისა და სიძვისაგან. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ“ (საქმეები 15:28, 29).

      7. რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის ‘სისხლისგან თავის შეკავება’?

      7 როგორც ვხედავთ, ხელმძღვანელი საბჭო ‘სისხლისგან თავშეკავებას’ ზნეობრივად ისევე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, როგორც სიძვისაგან ან კერპთაყვანისმცემლობისგან თავის შეკავებას. აქედან გამომდინარე, ქრისტიანები სერიოზულად უნდა მოეკიდონ სისხლის შესახებ აკრძალვას. ქრისტიანი, რომელიც კერპებს სცემს თაყვანს ან უზნეობას სჩადის და არ ინანიებს, ‘ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს’; ‘მისი ხვედრი მეორე სიკვდილია’ (1 კორინთელთა 6:9, 10; გამოცხადება 21:8; 22:15). ყურადღება მიაქციეთ კონტრასტს: სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით ღვთის ხელმძღვანელობის უგულებელყოფა მარადიულ სიკვდილამდეა მიმყვანი, ხოლო იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი პატივისცემის გამოვლენა — მარადიულ სიცოცხლემდე.

      8. რა ცხადყოფს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები სერიოზულად ეკიდებოდნენ სისხლის შესახებ ღვთის მითითებას?

      8 როგორ გაიგეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ღვთის მითითება სისხლთან დაკავშირებით და როგორ ასრულებდნენ მას? გავიხსენოთ კლარკის სიტყვები: „სახარების თანახმადაც, სისხლი არ უნდა ეჭამათ, ვინაიდან ის ყოველთვის უნდა ყოფილიყო იმ სისხლის შემხსენებელი, რომელიც ცოდვების გამოსასყიდად დაიღვარა“. ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები ამ საკითხს სერიოზულად უდგებოდნენ. ტერტულიანე წერდა: „შეხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არენებზე საშინელი ბოროტმოქმედების სისხლს ხარბად ეწაფებიან . . . და ეპილეფსიის განსაკურნავად იყენებენ“. ის მათ აპირისპირებს ქრისტიანებთან, რომლებიც „იმასაც კი არ უშვებენ, რომ საჭმელში გამოიყენონ ხორცი, საიდანაც სისხლი არ არის გამოშვებული . . . სასამართლოებზე გამოსაცდელად ქრისტიანებს აწვდი ძეხვს, რომლის შემადგენლობაშიც სისხლი შედის. ამ დროს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ხარ, რომ [ეს] მათთვის კანონით აკრძალულია“. ასე რომ, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, ქრისტიანები სისხლს არ იყენებდნენ. ღვთის მითითება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

      9. უშუალოდ სისხლის ჭამის გარდა, კიდევ რა შედიოდა სისხლისგან თავის შეკავებაში?

      9 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ხელმძღვანელ საბჭოს, უბრალოდ, მხედველობაში ჰქონდა, ქრისტიანებს არ ეჭამათ ან დაელიათ უშუალოდ სისხლი და არც ისეთი ხორცი გამოეყენებინათ საკვებად, რომლიდანაც სისხლი არ იყო გამოშვებული; აგრეთვე არ ეჭამათ ისეთი რამ, რაშიც სისხლი იყო გარეული. ცხადია, ასეც უნდა მოქცეულიყვნენ — მითითებაში, რომელიც ღმერთმა ნოეს მისცა, უპირველესად სწორედ ეს იყო ნათქვამი. ქრისტიანებისთვის გაგზავნილ მოციქულების წერილში აღნიშნული იყო, რომ ‘მორიდებოდნენ დამხრჩვალი’ ცხოველის ხორცის ჭამას, რომლიდანაც სისხლი არ იყო გამოსული (დაბადება 9:3, 4; საქმეები 21:25). მაგრამ პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის ცნობილი იყო, რომ სისხლთან დაკავშირებული მოთხოვნა მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა. ზოგჯერ სისხლს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ. ტერტულიანემ აღნიშნა, რომ ეპილეფსიისგან განსაკურნავად ზოგი არაებრაელი ახალ სისხლს ეწაფებოდა. შესაძლებელია, იმ დროს სისხლს სხვაგვარადაც იყენებდნენ დაავადებათა სამკურნალოდ ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ამიტომ ქრისტიანებისთვის სისხლის მიუღებლობაში ისიც შედიოდა, რომ არ მიეღოთ იგი როგორც „სამკურნალო“ საშუალება. ამ საკითხთან დაკავშირებით ქრისტიანებს მტკიცე პოზიცია ეჭირათ, მაშინაც კი, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

      სისხლის გამოყენება სამკურნალო მიზნით

      10. რა სხვადასხვა სახით იყენებენ სისხლს მედიცინაში და რა კითხვას წამოჭრის ეს?

      10 დღეს სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. ადრე გადასასხმელად იყენებდნენ მთლიან სისხლს, რომელსაც დონორებს უღებდნენ, ინახავნენ და შემდეგ პაციენტებს, მაგალითად დაჭრილ ჯარისკაცებს, უსხამდნენ. დროთა განმავლობაში მეცნიერებმა სისხლი ძირითად კომპონენტებად დაყვეს. სისხლის კომპონენტების გადასხმა ექიმებს საშუალებას აძლევდა, დონორებისგან აღებული სისხლი მეტი პაციენტის სამკურნალოდ გამოეყენებინათ. მაგალითად, პლაზმას ერთ ავადმყოფს გადაუსხამდნენ, წითელ უჯრედებს კი — მეორეს. შემდგომმა კვლევა-ძიებამ ცხადყო, რომ ძირითადი კომპონენტის, მაგალითად პლაზმის, სხვადასხვა ფრაქციად დაყოფაც იყო შესაძლებელი. ეს კი, თავის მხრივ, აღებული სისხლის კიდევ უფრო მეტი პაციენტისთვის დანაწილების საშუალებას იძლეოდა. დღესაც გრძელდება სხვადასხვა ფრაქციის მიღება და ეს ფრაქციები სულ ახალ-ახალ გამოყენებას პოულობს. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სისხლის ფრაქციების გამოყენებაზე? მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არასოდეს გადაისხას სისხლი, მაგრამ ექიმი სთავაზობს რომელიმე ძირითადი კომპონენტის, ვთქვათ ერითროციტული მასის გადასხმას, ან მკურნალობაში შედის სისხლის რომელიმე ძირითადი კომპონენტიდან მიღებული ფრაქციის გამოყენება. როგორ უნდა გადაჭრას მსგავსი პრობლემა ღვთის მსახურმა და ამ დროს არ დაავიწყდეს, რომ სისხლი წმინდაა და მხოლოდ ქრისტეს სისხლს შეუძლია სიცოცხლის ხსნა?

      11. მედიცინის თვალსაზრისით, რა სწორი დამოკიდებულება აქვთ უკვე წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს სისხლთან დაკავშირებით?

      11 ათწლეულების წინათ იეჰოვას მოწმეებმა ნათლად გამოხატეს თავიანთი პოზიცია. მაგალითად, მათ დაწერეს სტატია „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალისთვის“ (1981 წლის 27 ნოემბერი; ეს სტატია შემდეგ დაიბეჭდა ბროშურაშიც „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“, გვერდები 27—29 [რუს.])a. სტატიაში მოყვანილი იყო მუხლები დაბადებიდან, ლევიანებიდან და საქმეებიდან. „ამ მუხლებში სამედიცინო ტერმინები არ არის გამოყენებული, მაგრამ მოწმეები მათში ხედავენ მითითებებს, რომელთა თანახმადაც აკრძალულია მთლიანი სისხლის, ერითროციტული მასის, პლაზმის, ლეიკოციტური და თორომბოციტული მასის გადასხმა“, — ნათქვამი იყო სტატიაში. 2001 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში „სასწრაფო დახმარება“, ნაწილში „სისხლის შედგენილობა“ აღინიშნებოდა: „სისხლი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: პლაზმა, ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები“. ამგვარად, სამედიცინო მონაცემების შესაბამისად, მოწმეები არ ისხამენ როგორც მთლიან სისხლს, ისე მის ოთხ ძირითად კომპონენტთაგან რომელიმეს.

      12. ა) როგორ იყო წარმოდგენილი სისხლის ძირითადი კომპონენტებიდან მიღებულ ფრაქციებთან დაკავშირებით მოწმეთა პოზიცია? ბ) სად შეიძლება ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ნახვა?

      12 ხსენებულ სტატიაში შემდეგ ნათქვამი იყო: „მოწმეების რელიგიის თანახმად, მკაცრად არ არის აკრძალული ისეთი [ფრაქციების] გამოყენება, როგორიცაა ალბუმინი, იმუნოგლობულინი და ჰემოფილიით დაავადებულთათვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატები; თითოეულმა მოწმემ პირადად უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს ისინი თუ არა“. 1981 წლის შემდეგ მრავალი ფრაქცია (ოთხი მთავარი კომპონენტიდან მიღებული ნივთიერებები) იქნა გამოყოფილი. შესაბამისად, 2000 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიბეჭდა სასარგებლო ინფორმაცია. მილიონობით მკითხველთათვის ეს სტატია ხელახლა დაიბეჭდა ამ ნომერში 29—31-ე გვერდებზე. მასში მოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია და ლოგიკური მსჯელობა, მაგრამ შენიშნავთ, რომ იქ მოყვანილი ინფორმაცია შეესაბამება 1981 წელს გამოქვეყნებული მასალის ძირითად აზრებს.

      თქვენი სინდისის როლი

      13, 14. ა) რა არის სინდისი და სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში რა როლს ასრულებს ის? ბ) რა მითითება მისცა ღმერთმა ისრაელებს ხორცის ჭამასთან დაკავშირებით და რა კითხვები შეიძლება ისრაელებს დაჰბადებოდათ?

      13 მსგავსი ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას წინა პლანზე იწევს ქრისტიანის სინდისი. რატომ? ყველა ქრისტიანი იმ აზრისაა, რომ უნდა მიჰყვეს ღვთის მითითებას, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია პირადი გადაწყვეტილების მიღება და ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სინდისს. სინდისი არის თანდაყოლილი უნარი, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, აწონ-დაწონოს მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხშირად ზნეობრივ საკითხებთან არის დაკავშირებული (რომაელთა 2:14, 15). თქვენთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული სინდისი აქვსb. ბიბლიაში მოხსენიებულია, რომ ზოგს აქვს „უძლური სინდისი“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სხვებს ძლიერი სინდისი აქვთ (1 კორინთელთა 8:12). ქრისტიანები სხვადასხვა ტემპით მიიწევენ წინ სულიერად და, შესაბამისად, ზოგს მეტად ესმის და ზოგს — ნაკლებად, თუ რა არის ღვთის ნება; სხვადასხვაგვარად სწვდებიან ღვთის აზროვნებას და ეს მათ გადაწყვეტილებებზე ირეკლება. ამის თვალსაჩინოდ დანახვა შეგვიძლია ებრაელების მიერ ხორცის ჭამისადმი დამოკიდებულებიდან.

      14 ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ ღვთისადმი მორჩილმა ადამიანმა არ უნდა ჭამოს ხორცი, რომლიდანაც სისხლი არ არის გამოსული. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ საგანგებო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი ისრაელებს სერიოზულ ცოდვად ჩაეთვალათ სისხლგამოუშვები ხორცის ჭამა (მეორე რჯული 12:15, 16; 1 მეფეთა 14:31—35). და მაინც, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იბადება კითხვები: ცხვრის დაკვლის შემთხვევაში, რამდენ ხანს უნდა გამოეშვათ ისრაელებს ცხოველისგან სისხლი? სისხლის გამოსაშვებად აუცილებლად ყელი უნდა გამოეჭრათ ცხოველისთვის? აუცილებელი იყო, უკანა ფეხებით დაეკიდათ დაკლული ცხოველი? რამდენ ხანს უნდა დაეკიდათ იგი? როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იმ შემთხვევაში, როდესაც დიდ ძროხას დაკლავდნენ? სისხლის გამოშვების შემთხვევაშიც კი მისი გარკვეული რაოდენობა მაინც შეიძლებოდა ხორცში დარჩენილიყო. შეეძლოთ თუ არა ისრაელებს ასეთი ხორცის ჭამა? ვინ გადაუწყვეტდა ამას მათ?

      15. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ზოგ ებრაელს ხორცის ჭამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა მითითება ჰქონდა ღმერთს მიცემული?

      15 წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი კითხვები დაებადა რომელიმე გულმოდგინე ებრაელს. მას შეიძლება ეფიქრა, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, არ ეყიდა ხორცი ბაზარში; მაგრამ მეორე ებრაელს არ ეჭამა იქ ნაყიდი ხორცი იმ შემთხვევაში, თუ იმის საშიშროებას დაინახავდა, რომ ხორცი კერპშესაწირი შეიძლება ყოფილიყო. სხვა ებრაელს კი შეიძლება ხორცი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეჭამა, თუ მის თვალწინ იქნებოდა სისხლი გამოშვებულიc (მათე 23:23, 24). პირადად თქვენ რას ფიქრობთ ასეთ სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებაზე? საუკეთესო გამოსავალი ის ხომ არ იქნებოდა, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ღვთის კონკრეტული მოთხოვნები არ არსებობდა, ებრაელებს მრავალი კითხვა გაეგზავნათ რაბინებისთვის და მათგან თითოეული შემთხვევისთვის კონკრეტული მითითება მიეღოთ? ასეთი ჩვეულება იუდაიზმში დამკვიდრდა. მაგრამ მოხარულნი ვართ იმით, რომ იეჰოვა არ მოითხოვს თავისი თაყვანისმცემლებისგან სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ამგვარად მოქმედებას. ღმერთმა ადამიანებს წმინდა ცხოველების დაკვლასა და მათგან სისხლის გამოშვებასთან დაკავშირებით მისცა ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, მაგრამ ყველა წვრილმანთან დაკავშირებული მითითებები არ მიუცია (იოანე 8:32).

      16. რატომ შეიძლება ქრისტიანებს სხვადასხვაგვარი შეხედულება ჰქონდეთ სისხლის კომპონენტებიდან მიღებული ფრაქციების ინიექციების გაკეთებაზე?

      16 როგორც მე-11 და მე-12 აბზაცში იყო აღნიშნული, იეჰოვას მოწმეები არ ისხამენ მთლიან სისხლს ან მის ძირითად კომპონენტებს — პლაზმას, ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და თრომბოციტებს. რა შეიძლება ითქვას ძირითადი კომპონენტებიდან მიღებული ისეთი ფრაქციების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, შრატები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების ან გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანტისხეულებს შეიცავს? (იხილეთ 31-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო, აბზაცი 4). ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ასეთი ფრაქციები, ფაქტობრივად, სისხლი აღარ არის და ამიტომ მათი მიღებით არ დაირღვეოდა მითითება ‘თავი შეიკავეთ სისხლისგან’ (საქმეები 15:29; 21:25; გვერდი 31, აბზაცი 1). ასეთ გადაწყვეტილებამდე მიდის ზოგი და თავის მოქმედებაზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს. სხვებს კი სინდისი კარნახობს, არ მიიღონ არაფერი, რაც სისხლისგან (იქნება ეს ცხოველის თუ ადამიანის) არის დამზადებული, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი ძირითადი კომპონენტის ფრაქცია იყოსd. ზოგი შეიძლება წინააღმდეგი არ არის რომელიმე დაავადების ან გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ პლაზმის ცილების ინიექციების გაკეთებაზე, მაგრამ უარს ამბობს სხვა ფრაქციების მიღებაზე. გარდა ამისა, ოთხი ძირითადი კომპონენტისგან მიღებული ზოგი პროდუქტი შეიძლება იმდენად ახლოს იყოს მთლიანი კომპონენტის ფუნქციასთან და ორგანიზმისთვის ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ეს კომპონენტი, რომ ქრისტიანთა უმეტესობა მათ საკუთარი მკურნალობისთვის მიუღებლად მიიჩნევს.

      17. ა) როგორ შეიძლება სინდისი დაგვეხმაროს, როდესაც სისხლის ფრაქციების მიღება თუ მიუღებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წინაშე დავდგებით? ბ) რატომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ძალიან სერიოზულად?

      17 მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას კარგ დახმარებას გაგვიწევს სინდისთან დაკავშირებით ბიბლიაში მოცემული ინფორმაცია. თავიდან უნდა გავიგოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა და შემდეგ ვეცადოთ, ჩვენი სინდისი ამის შესაბამისად განვავითაროთ. ამის დახმარებით შევძლებთ, რომ გადაწყვეტილება ღვთის ხელმძღვანელობის შესაბამისად მივიღოთ და სხვას არ ვთხოვოთ ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილების მიღება (ფსალმუნები 24:4, 5). სისხლის ფრაქციების მიღებასთან დაკავშირებით ზოგს ასეთი თვალსაზრისი აქვს: „ეს სინდისის საკითხია. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი“. ამგვარად მსჯელობა არასწორია. თუ რაიმე სინდისის საკითხია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი უმნიშვნელოა. შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება იმოქმედოს იმ ადამიანზე, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული სინდისი აქვს. ეს ჩანს პავლეს მიერ ისეთ ხორცთან დაკავშირებით მიცემული რჩევიდან, რომელიც შეიძლება თავიდან რომელიმე კერპისთვის იყო მსხვერპლად მიტანილი, შემდეგ კი ბაზარში გაიყიდა. ქრისტიანს უნდა ეფიქრა, რომ ‘არ დაეჭრა უძლური სინდისი’. თუ ის სხვებს დააბრკოლებდა, შეიძლება ‘დაეღუპა უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე’ და, ამგვარად, ქრისტეს წინაშე შეეცოდა. ამიტომ, თუმცა სისხლის ფრაქციის მიღება თუ მიუღებლობა პირადი გადასაწყვეტია, ქრისტიანი ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს (1 კორინთელთა 8:8, 11—13; 10:25—31).

      18. როგორ შეიძლება ქრისტიანმა თავი აარიდოს სინდისის ხმის ჩახშობას, როდესაც სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს?

      18 სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი — რა გავლენას მოახდენს თქვენზე თქვენივე გადაწყვეტილება. თუ ბიბლიით განსწავლული სინდისი გკარნახობთ, რომ არ მიიღოთ სისხლის ფრაქცია, ნუ უგულებელყოფთ მის ხმას. ნურც იმას დაუშვებთ, რომ სინდისის ხმა ჩაახშოთ ვინმეს სიტყვებით: „ამის მიღება ნორმალურია; ბევრი ასე იქცევა“. გახსოვდეთ, დღეს მილიონობით ადამიანი უგულებელყოფს საკუთარ სინდისს და იმდენად უგრძნობი ხდება, რომ თავისუფლად იტყუება ან აკეთებს ცუდ საქმეებს, ისე რომ სინდისი არ ქენჯნის. ქრისტიანებს ნამდვილად არ სურთ, მათი მსგავსნი იყვნენ (2 მეფეთა 24:10; 1 ტიმოთე 4:1, 2).

      19. პირველ რიგში რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებთ?

      19 პასუხში, რომელიც 29—31 გვერდებზეა დაბეჭდილი, ერთ-ერთ დასკვნით აბზაცში ნათქვამია: „ის ფაქტი, რომ არსებული შეხედულებები და კეთილსინდისიერად მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან განსხვავდება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა? არა. ეს ძალიან სერიოზული საქმეა“. ძალიან სერიოზულია იმიტომ, რომ გავლენას ახდენს ‘ცოცხალ ღმერთთან’ თქვენს ურთიერთობაზე. მხოლოდ ამ ურთიერთობის შენარჩუნებით შეუძლია ადამიანს მარადიული ცხოვრების მიღება, რისკენაც გზას ხსნის იესოს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელსაც ხსნის ძალა აქვს. სისხლისადმი სათანადო დამოკიდებულების განვითარებას — იმის გამო, რასაც ღმერთი მისი საშუალებით აკეთებს — სიცოცხლის ხსნა შეუძლია. პავლე მართებულად წერდა: „არ გაგაჩნდათ იმედი და უღმერთონი იყავით წუთისოფელში. ახლა კი თქვენ იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით“ (ეფესელთა 2:12, 13).

      [სქოლიოები]

      a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      b ერთხელ პავლე ცერემონიულად განსაწმენდად ოთხ ქრისტიანთან ერთად ტაძარში წავიდა. რჯული იმ დროს გაუქმებული იყო, მაგრამ პავლე იერუსალიმელი უხუცესების რჩევისამებრ მოქმედებდა (საქმეები 21:23—25). ზოგი ქრისტიანი შეიძლება ფიქრობდა, რომ თვითონ არ წავიდოდა ტაძარში ან არ გაივლიდა ასეთ პროცედურას. სინდისი იმ დროს სხვადასხვა ქრისტიანს სხვადასხვა რამეს კარნახობდა და ასევეა ეს დღესაც.

      c „იუდაურ ენციკლოპედიაში“ მოყვანილია „რთული და დაწვრილებით“ ჩამოწერილი კანონები ხორცის სწორად მომზადების შესახებ. მასში აღწერილია, რამდენი წუთი უნდა იდოს ხორცი წყალში, როგორ გამოვიდეს ბოლომდე მასში დარჩენილი სისხლი, როგორი მარილი წაესვას მას და რამდენჯერ გაირეცხოს ცივ წყალში.

      d სულ უფრო და უფრო მეტად ზოგი ინიექციის მთავარ ან აქტიურ ინგრედიენტად ისეთი რეკომბინანტული პროდუქტი გამოიყენება, რომელიც სისხლისგან არ არის მიღებული. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სისხლის ფრაქციის, მაგალითად, ალბუმინის, მცირე რაოდენობა იყოს დამატებული (იხილეთ 1994 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“ [რუს.]).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება