-
ბაბილონის აღსასრულით გამოწვეული გლოვა და სიხარულიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
შემაძრწუნებელ სისხლის ღვრაში დამნაშავე
14. ძლიერი ანგელოზის სიტყვების თანახმად რატომ გამოაქვს იეჰოვას ასეთი მკაცრი განაჩენი და რა თქვა იესომ ამასთან დაკავშირებით დედამიწაზე ყოფნისას?
14 ბოლოს ძლიერი ანგელოზი ხსნის, თუ რატომ სჯის იეჰოვა დიდ ბაბილონს ასე მკაცრად: „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 18:24). დედამიწაზე ყოფნისას იესომ უთხრა რელიგიურ წინამძღოლებს, რომ „ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან“ მოყოლებული, მათ კისერზე იყო, რის გამოც ახ. წ. 70 წელს ის უკუღმართი თაობა განადგურდა (მათე 23:35—38). დღეს ღვთის მსახურების დევნის გამო კიდევ ერთ თაობას ედება ბრალი სისხლის ღვრაში.
15. რის საფუძველზე აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიის კათოლიკური ეკლესია დამნაშავე სისხლის ღვრაში?
15 თავის წიგნში „კათოლიკური ეკლესია და ნაცისტური გერმანია“ გიუნთერ ლევი წერს: „როცა ბავარიაში იეჰოვას მოწმეებს დევნიდნენ, [1933 წლის] 13 აპრილს ეკლესია დათანხმდა, შეესრულებინა განათლებისა და რელიგიის სამინისტროს დავალება და დაესმინა ამ სექტის ნებისმიერი წევრი, რომელიც უარს არ იტყოდა აკრძალულ რელიგიაზე“. ამგვარად კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ათასობით მოწმე საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილიყო. მას სიკვდილით დასჯილი ასობით მოწმის სისხლით აქვს გასვრილი ხელი. როცა ახალგაზრდა მოწმეებმა, მათ შორის ვილჰელმ კუსეროვმა, ცხადყვეს, რომ შეეძლოთ გაბედულად შეხვედროდნენ დახვრეტას, ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ ასეთი სასჯელი საკმაოდ მსუბუქი იყო მათთვის. ამიტომ ვილჰელმის ძმას, 20 წლის ვოლფგანგს, გილიოტინაზე მოკვეთეს თავი. მეორე მხრივ, კათოლიკური ეკლესიის მოწოდებით ახალგაზრდა გერმანელი კათოლიკები თავს სწირავდნენ სამშობლოს. აშკარაა, რომ ეკლესია დამნაშავეა სისხლის ღვრაში.
16, 17. ა) რა მოეკითხება დიდ ბაბილონს და როგორ გახდა ვატიკანი დამნაშავე ნაცისტური დარბევების დროს ებრაელთა ხოცვაში? ბ) რატომ ედება ბრალი ცრუ რელიგიას მილიონობით ადამიანის დაღუპვაში?
16 წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ დიდი ბაბილონი იქნებოდა დამნაშავე „დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლის“ დაღვრაში. უდავოა, რომ ეს სიტყვები ჩვენს დროში მართლდება. მაგალითად, ჰიტლერი კათოლიკური ეკლესიის ინტრიგებით მოვიდა გერმანიის სათავეში, რითაც ვატიკანმა თავისი წვლილი შეიტანა საშინელ სისხლის ღვრაში, ნაცისტური დარბევების დროს ექვსი მილიონი ებრაელის დახოცვაში. გარდა ამისა, ჩვენს დროში ას მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ასობით ომში. მიუძღვის ამაში ბრალი ცრუ რელიგიას? დიახ, ორი მიზეზით.
17 ერთი მიზეზი ის არის, რომ მრავალი ომი რელიგიური უთანხმოებების საფუძველზე ხდება. მაგალითად, 1946—1948 წლებში ინდოეთში მუსლიმანებისა და ინდუსების შეტაკების მიზეზი რელიგია იყო. ამ კონფლიქტმა ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერაყსა და ირანს შორის 1980-იან წლებში მიმდინარე ბრძოლა სექტებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია, რამაც ასი ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ჩრდილოეთ ირლანდიაში კათოლიკებისა და პროტესტანტების მტრობამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. 1976 წელს ამ საკითხის შემსწავლელმა ჟურნალისტმა, კ. ლ. ზულცბერგერმა, აღნიშნა: „მწარე სიმართლეა, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე ომების ნახევარზე მეტს მთლიანად ან ნაწილობრივ რელიგიური საფუძველი აქვს“. ამას ბაბილონის მშფოთვარე ისტორია ნამდვილად ადასტურებს.
18. რა არის მეორე მიზეზი, რის გამოც მსოფლიო რელიგიები დამნაშავენი არიან სისხლის ღვრაში?
18 რა არის მეორე მიზეზი? იეჰოვას თვალსაზრისით მსოფლიოს რელიგიები იმიტომაც არიან დამნაშავენი სისხლის ღვრაში, რომ საფუძვლიანად არ ასწავლიან თავიანთ მიმდევრებს, სინამდვილეში რას მოითხოვს იეჰოვა თავისი მსახურებისგან. ისინი საფუძვლიანად არც იმას ასწავლიან ხალხს, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იესო ქრისტეს უნდა ჰბაძავდნენ და წარმომავლობის მიუხედავად ერთმანეთის მიმართ სიყვარულს უნდა ავლენდნენ (მიქა 4:3, 5; იოანე 13:34, 35; საქმეები 10:34, 35; 1 იოანე 3:10—12). რადგან დიდი ბაბილონის რელიგიები სიყვარულს არ ასწავლიან, მათი მიმდევრები საერთაშორისო კონფლიქტების ციებ-ცხელებაში არიან ჩაბმული. ეს თვალსაჩინო გახდა XX საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარი ორივე მსოფლიო ომის დროს. როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომი ქრისტიანულ სამყაროში დაიწყო, რის შედეგადაც თანამორწმუნეებმა ერთმანეთი გაჟლიტეს. ბიბლიის პრინციპებით რომ ეხელმძღვანელა ყველას, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებდა, ეს ომები აღარ მოხდებოდა.
19. რა შემაძრწუნებელ სისხლის ღვრაშია დამნაშავე დიდი ბაბილონი?
19 იეჰოვა დიდ ბაბილონს ადანაშაულებს მთელ ამ სისხლის ღვრაში. რელიგიურ წინამძღოლებს, განსაკუთრებით ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს, ხალხისთვის რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ესწავლებინათ, ასეთ მასობრივ სისხლის ღვრას თავიდან აირიდებდნენ. იეჰოვას წინაშე უეჭველად პასუხს აგებს დიდი ბაბილონი, დიდი მეძავი და ცრუ რელიგიური სამყარო, არა მხოლოდ რელიგიური წინამძღოლების მიერ დევნილი და დახოცილი წინასწარმეტყველებისა და წმინდების სისხლის გამო, არამედ „დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლის“ გამო. უდავოა, დიდი ბაბილონი შემაძრწუნებელ სისხლის ღვრაშია დამნაშავე. რა ბედნიერებაა, რომ ის საბოლოოდ განადგურდება!
-
-
ბაბილონის აღსასრულით გამოწვეული გლოვა და სიხარულიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 270 გვერდზე]
კომპრომისის საფასური
გიუნთერ ლევი თავის წიგნში „კათოლიკური ეკლესია და ნაცისტური გერმანია“ აღნიშნავს: „ნაცისტური რეჟიმისთვის გერმანიის კათოლიკურ ეკლესიას თავიდანვე მტკიცე წინააღმდეგობა რომ გაეწია, მსოფლიო ისტორია ალბათ სხვაგვარად განვითარდებოდა. საბოლოოდ ამ წინააღმდეგობას შეიძლება ჰიტლერი ვერ შეეჩერებინა და ვერც მისი მრავალი დანაშაული აერიდებინა თავიდან, მაგრამ ეკლესია კარგ სახელს მაინც დაიმკვიდრებდა. უდავოა, რომ ამ წინააღმდეგობას დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, მაგრამ ეს ღირსეულ მიზანს მაინც მოემსახურებოდა. ჰიტლერს თავისი ჯარის იმედი რომ არ ჰქონოდა, შესაძლოა ვერასდროს გაებედა ომის წამოწყება, რისი წყალობითაც მილიონობით ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს. . . როცა ათასობით გერმანელი ანტინაცისტი ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში წამებით მოკლეს, როცა პოლონეთის ინტელიგენცია დახოცეს, როცა ასიათასობით რუსი დაიღუპა, რადგან მათ მხოლოდ სლავური წარმოშობის „უნტერმენშენად“ [არასრულფასოვან ადამიანად] მიიჩნევდნენ, და როცა 6 მილიონი ადამიანი მოკლეს მათი „არაარიული“ წარმოშობის გამო, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ისეთ რეჟიმს, რომელსაც ამგვარ სისასტიკეში ედებოდა ბრალი. რომის პაპი, რომის კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღოლი და უზენაესი მოძღვარი კი დუმდა“ (გვერდები 320, 341).
-