საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რომელია ყველაზე ძვირფასი სითხე?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აგვისტო
    • რომელია ყველაზე ძვირფასი სითხე?

      „სისხლი ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნავთობი სატრანსპორტო საშუალებებისთვის“ (არტურ კაპლანი, პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებული ბიოეთიკური ცენტრის დირექტორი).

      ნავთობი — არის ის ყველაზე ძვირფასი სითხე? დღეს, როდესაც მისი ფასი დღითი დღე მატულობს, მრავალი ასე ფიქრობს. მაგრამ სინამდვილეში თითოეულ ჩვენგანში არის რამდენიმე ლიტრი ბევრად უფრო ძვირფასი სითხე. დაფიქრდით შემდეგ ფაქტზე: მაშინ როდესაც, საწვავზე ადამიანთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად მილიარდობით ბარელ ნავთობს ქაჩავენ დედამიწის წიაღიდან, დაავადებულთა დასახმარებლად დაახლოებით 90 მილიონ ერთეულ სისხლს იღებენ დონორებისგანa. სისხლის ასე საოცარ რაოდენობას დაახლოებით 8 მილიონი ადამიანისგან იღებენ.

      ნავთობის მსგავსად, სისხლის მარაგიც შეზღუდულია. მთელ მსოფლიოში სამედიცინო საზოგადოებები აცხადებენ, რომ სისხლის მარაგი ძალიან ცოტა აქვთ (იხილეთ ჩარჩო „სავალალო მაჩვენებლები“). რა ხდის სისხლს ასე ძვირფასს?

      უნიკალური „ორგანო“

      ძალიან რთული აგებულების გამო სისხლს ხშირად ორგანოდ მოიხსენიებენ. „ორგანიზმის მრავალი ორგანოდან ერთ–ერთი არის სისხლი, რომელიც საოცარი და უნიკალურია“, — უთხრა დ–რ ბრუს ლენსმა „გამოიღვიძეთ!“–ის კორესპონდენტს. სისხლი მართლაც უნიკალურია! ერთ სახელმძღვანელოში სისხლზე ნათქვამია, რომ ის არის „ერთადერთი თხევადი ორგანო“. იგივე წიგნი სისხლს „ცოცხალ სატრანსპორტო სისტემას“ უწოდებს. რას ნიშნავს ეს?

      „სისხლის მიმოქცევის სისტემა ჰგავს ვენეციის არხთა სისტემას, — ამბობს მეცნიერი ლი ანდერსონი. — მისი საშუალებით ხდება მრავალი სასარგებლო რამის ტრანსპორტირება, მაგრამ მას ნარჩენებიც გადააქვს“. სისხლის მიმოქცევის 100 000–კილომეტრიან სისტემაში მოძრაობის დროს სისხლი ჩვენი სხეულის ყველა ქსოვილთან მიდის; ის გაივლის გულს, თირკმელებს, ღვიძლსა და ფილტვებს — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, რომელთა ფუნქციონირებაც სისხლზეა დამოკიდებული.

      სისხლი უჯრედებს აწვდის მრავალ „სასარგებლო რამეს“ — ჟანგბადს, საკვებს და დამცავ ნივთიერებებს, მაგრამ ამავე დროს უჯრედებიდან გამოაქვს „ნარჩენები“ — ნახშირორჟანგი, დაზიანებული და მკვდარი უჯრედების ნაწილები და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები. ამ უკანასკნელთა მოშორებაში სისხლის როლის ცოდნა გვეხმარება, გავიგოთ, თუ რატომ არის საშიში სხეულიდან გამოსულ სისხლთან კონტაქტი. და ვერავინ ვერასოდეს შეძლებს მოგვცეს იმის გარანტია, რომ სისხლში არსებული ყველა „ნარჩენი“ დანახული და მოშორებული იქნება მანამ, სანამ ამ სისხლს ვინმესთვის გამოიყენებენ.

      ეჭვგარეშეა, სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. ამიტომაც დაინერგა მედიცინაში იმ პაციენტებისთვის სისხლის გადასხმა, რომლებმაც სისხლი დაკარგეს. მრავალი ექიმი იტყოდა, რომ სწორედ ამიტომ არის სისხლი ასე ძვირფასი. მაგრამ მედიცინაში ცვლილებები ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა რაღაც რადიკალურად იცვლება. მრავალი ექიმი და ქირურგი ისე აღარ უყურებს სისხლის გადასხმა, როგორც ადრე. რატომ?

      [სქოლიოები]

      a თითოეული ერთეული 450 მილილიტრის ტოლია.

      [ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

      სავალალო მაჩვენებლები

      მედიცინის მუშაკების შეფასებით, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი ერთეული დონორის სისხლია საჭირო. მსოფლიო მოსახლეობის 82 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მაგრამ ეს ქვეყნები დონორის სისხლის 40 პროცენტზე ნაკლების მომწოდებელია. განვითარებადი ქვეყნების მრავალ საავადმყოფოში სისხლის გარეშე უწევთ მკურნალობა. კენიაში გამომავალ გაზეთ „ნეიშენში“ აღნიშნულია, რომ „ყოველდღე იმ პროცედურების თითქმის ნახევარი, რომლის დროსაც სისხლის გადასხმაა საჭირო, სისხლის უქონლობის გამო ან საერთოდ არ კეთდება, ან სამომავლოდ იდება“.

      სისხლის დეფიციტს მდიდარი ქვეყნებიც განიცდის. მოსახლეობაში ხანდაზმულთა რაოდენობის მატებისა და მედიცინაში წინსვლის შედეგად, ოპერაციათა რიცხვი იზრდება. გარდა ამისა, დღეს სულ უფრო და უფრო მეტი დონორისგან არ იღებენ სისხლს იმის გამო, რომ ამ ადამიანთა ცხოვრების წესი მათ სისხლს საშიშს ხდის ან ისინი ბევრს მოგზაურობენ და არსებობს იმის საშიშროება, რომ მათი სისხლი დაინფიცირებულია.

      სავალალო მდგომარეობა, როგორც ჩანს, შეინიშნება სისხლის შემნახველ ცენტრებშიც. ზოგჯერ უსაფრთხო სისხლის დონორებად იყვანენ მოზარდებს, რომელთა ცხოვრების წესიც შედარებით ნორმალურია. მაგალითად, ზიმბაბვეში დონორის სისხლის 70 პროცენტი სკოლის მოსწავლეებისგან არის აღებული. სისხლის ამღები ცენტრები სამუშაო საათებს ახანგრძლივებენ და ზოგ ქვეყანაში დონორთა მისაზიდად ან შესანარჩუნებლად კომპენსაციასაც კი იძლევიან. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს გარკვეული რაოდენობის სისხლის სანაცვლოდ რამდენიმე ლიტრ ლუდს სთავაზობენ! არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის ერთ მხარეში პასუხისმგებელმა პირებმა წამოიწყეს ღონისძიება, რომ დონორების საპოვნელად კარდაკარ ევლოთ და ამგვარად გამოენახათ ასე საჭირო სისხლი.

  • სისხლის გადასხმა უსაფრთხოა?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აგვისტო
    • სისხლის გადასხმა უსაფრთხოა?

      „სისხლის გადასხმა გარკვეულწილად ჰგავს ტროპიკულ ტყეში სიარულს, სადაც აშკარად ჩანს ბილიკები, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო, რადგან მახლობლად შეიძლება ახალი და შენიღბული საშიშროება იმალებოდეს“ (იენ ფრანკლინი, სისხლის გადასხმის მეცნიერებათა პროფესორი).

      მას შემდეგ, რაც XX საუკუნის 80–იან წლებში მსოფლიოში შიდს-ის ეპიდემიამ გარკვეული სინათლე მოჰფინა სისხლში არსებულ საშიშროებებს, გააქტიურდა „შენიღბული საშიშროებების“ აღმოფხვრაზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, უზარმაზარი დაბრკოლებები მაინც რჩება. 2005 წლის ივნისში ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა: „სისხლის გადასხმის უსაფრთხოების ალბათობა . . . სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან“. რატომ?

      მრავალ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლისა და მისგან წარმოებული პროდუქტების შეგროვების, შემოწმებისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოებას. ზოგჯერ სისხლი ძალიან ცუდ პირობებში ინახება; მაგალითად, მათ ინახავენ სახლის თუ სამგზავრო მაცივრებში, რაც ძალიან საშიშია! უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე პაციენტებს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გაუჩინოს სისხლმა, რომელიც ასობით და ზოგჯერ ათასობით კილომეტრის მოშორებით მცხოვრები ადამიანისგან არის აღებული.

      უსაფრთხო სისხლი — უფრო და უფრო მიუღწეველი მიზანი

      ზოგი ქვეყნის მედმუშაკები აცხადებენ, რომ სისხლი არასდროს ყოფილა ისე უსაფრთხო, როგორც დღეს. და მაინც, კვლავაც არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც სიფრთხილეა საჭირო. შეერთებული შტატების სისხლის სამი სააგენტოს მიერ მომზადებული „საინფორმაციო პროსპექტი“ პირველ გვერდზე იუწყებოდა: „გაფრთხილება: მთლიანი სისხლი და სისხლის კომპონენტები ადამიანისგან არის აღებული, ამიტომ ისინი შეიძლება შეიცავდეს ინფექციას, მაგალითად ვირუსს . . . დონორის გულმოდგინედ შერჩევა და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება საშიშროებას არ სპობს“.

      წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო კავშირის უფროსი ოფიცერი პიტერ კაროლენი არც თუ უსაფუძვლოდ ამბობს: „სისხლის უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიის მოცემა შეუძლებელია, — შემდეგ კი დასძენს, — ყოველთვის იარსებებს რაღაც ინფექცია, რომლის ამოცნობაც ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად იმ მომენტისთვის შეუძლებელი იქნება“.

      რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ გამოჩნდება ახალი ინფექცია — მაგალითად, შიდს-ის მსგავსი — რომელიც სისხლში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ისე არსებობს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად მისი გამოვლინება შეუძლებელია, მაგრამ თავისუფლად გადაეცემა სისხლის გადასხმით? 2005 წლის აპრილში პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩატარებულ სამედიცინო კონფერენციაზე შეერთებული შტატების ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის დოქტორმა ჰარვეი კლაინმა ამ პროსპექტს „გამომაფხიზლებელი“ უწოდა. შემდეგ კი აღნიშნა: „სისხლის კომპონენტების მომწოდებლებმა საეჭვოა, რომ ახლა უკეთ შეძლონ სისხლის გადასხმით გავრცელებული ეპიდემიის აცილება, ვიდრე მაშინ, როდესაც შიდს-ი გამოჩნდა“.

      შეცდომები და სისხლის გადასხმით გამოწვეული რეაქციები

      რა სერიოზული საშიშროებებია დაკავშირებული სისხლის გადასხმასთან განვითარებულ ქვეყნებში? შეცდომები და იმუნოლოგიური რეაქციები. გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“ 2001 წელს კანადაში ჩატარებული გამოკვლევის შესახებ იუწყებოდა, რომ ათასობით სისხლის გადასხმას შეიძლება სიკვდილი მოჰყოლოდა იმის გამო, რომ „სისხლი დაავადებული დონორისგან აიღეს; შენახულ სისხლს არასწორი წარწერა გაუკეთეს და პაციენტს სათანადო სისხლი არ გადაუსხეს“. 1995—2001 წლებში ასეთ შეცდომებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სულ მცირე, 441 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

      ადამიანს, რომელსაც დონორის სისხლს უსხამენ, ისეთივე საშიშროება ემუქრება, როგორიც იმას, ვისაც ორგანოს უნერგავენ. ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა ებრძვის უცხო ქსოვილს. ზოგჯერ სისხლის გადასხმა იმუნური სისტემის გააქტივებას უშლის ხელს. მსგავსი იმუნოსუპრესიის შედეგად პაციენტის ორგანიზმი ისე ვეღარ ებრძვის ინფექციებს და შეიძლება დაავადდეს იმ ვირუსით, რომელიც მის ორგანიზმში ოპერაციამდე უკვე იყო, მაგრამ დაავადებას არ იწვევდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზემოთ მოხსენიებული პროფესორი ფრანკლინი ექიმებს მოუწოდებს: „სანამ ავადმყოფს სისხლს გადაუსხამდეთ, დაფიქრდით ერთხელ, ორჯერ და სამჯერ“.

      სპეციალისტების აზრი

      ასეთი ცოდნით შეიარაღებული მედიცინის სულ უფრო და უფრო მეტი მუშაკი ეჭვის თვალით უყურებს სისხლის გადასხმას. ერთ–ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ზოგი ექიმის აზრით, ალოგენური სისხლი [სხვა ადამიანის სისხლი] საშიში პრეპარატია და სხვა პრეპარატების მსგავსად თუ შევაფასებთ, მისი გამოყენება უნდა აიკრძალოს“ (Dailey’s Notes on Blood).

      2004 წლის მიწურულს აი, რა თქვა პროფესორმა ბრუს სპისმა იმ პაციენტებისთვის სისხლის მთავარი კომპონენტების გადასხმის თაობაზე, რომელთათვისაც გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ: „ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არსებობს [სამედიცინო] სტატიები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ სისხლის გადასხმა ავადმყოფის გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს“. პროფესორი სპისი აგრეთვე წერს, რომ სისხლის გადასხმა „სარგებლობის მოტანის ნაცვლად, ზიანს უფრო აყენებს პაციენტებს და თითქმის ნებისმიერი გადასხმის შემდეგ მოსალოდნელია ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება“; ამ დროს იზრდება „პნევმონიის, დაინფიცირების, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი“.

      მრავალს აოცებს იმის გაგება, რომ სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით სტანდარტები ერთნაირი არ არის. დ–რ გაბრიელ პედრასამ არც ისე დიდი ხნის წინათ ჩილელ კოლეგებს შეახსენა, რომ „არ არსებობს მყარი ნორმები სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით . . . რთულია ისეთი ნორმების დადგენა და მიყოლა, რომლებიც ყველგან ეფექტური იქნება“. გასაკვირი არ არის, რომ ედინბურგისა და შოტლანდიის სისხლის გადასხმის სამსახურების დირექტორი ბრაიან მაკლელანდი ექიმებს თხოვნით მიმართავს: „გახსოვდეთ, რომ სისხლის გადასხმა არის სისხლის ტრანსპლანტაცია და, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ“. ის ექიმებს ურჩევს, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: „ამ პაციენტის ადგილას მე რომ ვიყო ან ჩემი შვილი იყოს, დავთანხმდებოდი სისხლის გადასხმაზე?“

      ჯანდაცვის მუშაკთაგან არც თუ ისე ცოტამ გამოთქვა ისეთივე აზრი, როგორიც ერთმა ჰემატოლოგმა უთხრა „გამოიღვიძეთ!“–ის კორესპონდენტს: „ჩვენ, სისხლის გადასხმის სფეროში მომუშავე მედიკოსები, არ ვისურვებდით, ჩვენთვის გადაესხათ სისხლი ან სხვებისთვის მიგვეცა ჩვენი სისხლი“. თუ ასე ფიქრობენ ადამიანები, რომლებსაც კარგი სამედიცინო მომზადება აქვთ გავლილი, რა უნდა იფიქროს პაციენტმა?

      შეიცვლება რამე?

      „თუ სისხლის გადასხმა ასე საშიშია, — შეიძლება ფიქრობთ თქვენ, — რატომ მიმართავენ მას ასე ხშირად და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ალტერნატიული საშუალებები?“ ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მრავალი ექიმი, უბრალოდ, ფეხს ითრევს და არ უნდა მკურნალობის მეთოდების შეცვლა ან არ იცის, თუ რა თანამედროვე ალტერნატივები არსებობს. ჟურნალ „სისხლის გადასხმაში“ ნათქვამია: „ექიმები სისხლის გადასხმის შესახებ გადაწყვეტილებას ძველი მეთოდების, ტრადიციებისა და გამოცდილების საფუძველზე იღებენ“.

      დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგის გამოცდილებასაც. ინგლისელი დ–რ ბევერლი ჰანტი წერს, რომ „სხვადასხვა ქირურგის მიერ ჩატარებული ოპერაციების დროს პაციენტები სხვადასხვა რაოდენობით კარგავენ სისხლს; და უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა იმას, რომ ქირურგებს ასწავლონ ოპერაციის დროს ჰემოსტაზური [სისხლდენის შემაჩერებელი] მეთოდების გამოყენება“. სხვები ამბობენ, რომ სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა მიღებული ცნობები საპირისპიროზე მეტყველებს. მაგრამ მრავალი მედიკოსი დაეთანხმება მთავარი ექიმის, დ–რ მაიკლ როუზის სიტყვებს: „უსისხლო მკურნალობით ნებისმიერი პაციენტი საუკეთესო ქირურგიულ მომსახურებას იღებს“a.

      განა თქვენც საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას არ ისურვებდით? თუ დიახ, თქვენ რაღაც საერთო გაქვთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ეს ჟურნალი მოგიტანეს. გთხოვთ, განაგრძოთ კითხვა და გაეცნოთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით მათ მნიშვნელოვან თვალსაზრისს.

      [სქოლიოები]

      a იხილეთ ჩარჩო „სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები“, გვერდი 8.

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      „სანამ ავადმყოფს სისხლს გადაუსხამდეთ, დაფიქრდით ერთხელ, ორჯერ და სამჯერ“ (პროფესორი იენ ფრანკლინი).

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      „ამ პაციენტის ადგილას მე რომ ვიყო ან ჩემი შვილი იყოს, დავთანხმდებოდი სისხლის გადასხმაზე?“ (ბრაიან მაკლელანდი).

      [ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

      სისხლის გადასხმის შემდეგ ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომით გამოწვეული სიკვდილი

      სისხლის გადასხმით გამოწვეული ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი პირველად XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს; ეს არის სიცოცხლისთვის საშიში იმუნური რეაქცია, რომელიც სისხლის გადასხმის შედეგად ვითარდება. მიღებული ცნობების თანახმად, ამ დაავადების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება. მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი ბევრად მაღალია, ვინაიდან ჯანდაცვის მრავალი მუშაკისთვის ამ დაავადების სიმპტომები უცნობია. თუმცა ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რა იწვევს ასეთ რეაქციას, ჟურნალ „ნიუ-საიენტისტის“ თანახმად, სისხლი, რომელიც ამგვარ რეაქციას იწვევს „როგორც ჩანს, ძირითადად, აღებულია დონორებისგან, რომელთაც ადრე სხვადასხვა ჯგუფის სისხლი გადაესხათ . . . ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ადრე არაერთხელ გაუკეთდათ სისხლის გადასხმა“. ერთი ცნობის თანახმად, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში სისხლის გადასხმით გამოწვეული გართულებების შედეგად სიკვდილიანობის სიაში ამ დაავადებას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია, რის გამოც იგი „უფრო მეტ პრობლემას უქმნის სისხლის ბანკებს, ვიდრე საყოველთაოდ ცნობილი აივ-ით გამოწვეული შიდს-ი და მსგავსი დაავადებები“.

      [ჩარჩო⁄დიაგრამა 8, 9 გვერდებზე]

      რისგან შედგება სისხლი

      დონორებისგან, ჩვეულებრივ, მთლიან სისხლს იღებენ. მაგრამ უმეტესწილად ისინი მხოლოდ პლაზმას აბარებენ. ზოგ ქვეყანაში მთლიან სისხლს ასხამენ, მაგრამ უფრო ხშირად, სანამ ლაბორატორიულად შეამოწმებენ და პაციენტისთვის გამოიყენებენ, მისგან ძირითად კომპონენტებს გამოყოფენ. ვნახოთ, რომელი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება სისხლი, რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი და რამდენი პროცენტია მათი შემცველობა.

      პლაზმა მთლიანი სისხლის 52—62 პროცენტს შეადგენს. ის არის ჩალისფერი სითხე, რომელშიც გახსნილია სისხლის უჯრედები, ცილები და სხვა ნივთიერებები.

      პლაზმის 91,5 პროცენტს წყალი შეადგენს, 7 პროცენტს კი — ცილები (ცილების დაახლოებით 4 პროცენტი არის ალბუმინი, 3 პროცენტი გლობულინები და 1 პროცენტზე ნაკლები ფიბრინოგენი). პლაზმის დარჩენილ 1,5 პროცენტს შეადგენს სხვა ნივთიერებები: საკვები ნივთიერებები, ჰორმონები, აირები, ელექტროლიტები, ვიტამინები და ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი აზოტოვანი ნაერთები.

      სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) შემცველობა მთლიან სისხლში 1 პროცენტზე ნაკლებია. ისინი ებრძვიან და ანადგურებენ ზიანის მომტან უცხო სხეულებს.

      სისხლის ფირფიტები (თრომბოციტები) მთლიან სისხლში 1 პროცენტზე ნაკლებია. ისინი წარმოქმნიან თრომბებს, რომლებიც ხელს უშლის ჭრილობიდან სისხლის გამოსვლას.

      სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) მთლიანი სისხლის 38—48 პროცენტს შეადგენს. ეს უჯრედები ქსოვილებს ჟანგბადს აწვდის და მათგან ნახშირორჟანგი გამოაქვს, რითაც მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს.

      სისხლის ფრაქციებს იღებენ როგორც პლაზმიდან, ისე სისხლის ძირითადი კომპონენტებიდან. მაგალითად, ჰემოგლობინი არის სისხლის წითელი უჯრედისგან გამოყოფილი ფრაქცია.

      [დიაგრამა]

      პლაზმა

      წყალი 91,5%

      ცილები 7%

      ალბუმინი

      გლობულინები

      ფიბრინოგენი

      სხვა ნივთიერებები 1,5%

      საკვები ნივთიერებები

      ჰორმონები

      აირები

      ელექტროლიტები

      ვიტამინები

      ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი აზოტოვანი ნაერთები

      [საავტორო უფლება]

      Page 9: Blood components in circles: This project has been funded in whole or in part with federal funds from the National Cancer Institute, National Institutes of Health, under contract N01-CO-12400. The content of this publication does not necessarily reflect the views or policies of the Department of Health and Human Services, nor does mention of trade names, commercial products, or organizations imply endorsement by the U.S. Government

      [ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

      სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები

      გასული ექვსი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებმა მთელ მსოფლიოში მედიცინის მუშაკებს შორის დაახლოებით 25 ენაზე გაავრცელეს ათი ათასობით ვიდეოფილმი „სისხლის გადასხმის ალტერნატივები — მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური“b. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მსჯელობენ მსოფლიოში ცნობილი ექიმები სისხლის გადასხმის გარეშე პაციენტთა მკურნალობის თანამედროვე ეფექტურ საშუალებებზე. ხალხი დადებითად ეხმაურება ამ ფილმს. მაგალითად, 2001 წლის მიწურულს ამ ფილმის ყურების შემდეგ დიდ ბრიტანეთში სისხლის ეროვნულმა სამსახურმა წერილი და ამ ვიდეოფილმის თითო ეგზემპლარი გაუგზავნა ბრიტანეთში არსებულ სისხლის ყველა ბანკის უფროსებსა და კვალიფიციურ ჰემატოლოგებს. მათ მოუწოდებდნენ, ენახათ ეს ფილმი, ვინაიდან „უფრო და უფრო მკვიდრდება აზრი, რომ კარგი მკურნალობა სისხლის გადასხმისგან თავის მაქსიმალურად შეკავებას ნიშნავს“. წერილში ნათქვამი იყო, რომ „[ამ ვიდეოფილმში მოცემული] მასალა ფასდაუდებელია და ჩვენი სამსახური მას ძალიან უჭერს მხარს“.

      [სქოლიოები]

      b თუ გსურთ ნახოთ DVD „სისხლის გადასხმის ალტერნატივები — მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური“ (ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე) დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს.

      [ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

      სისხლის ფრაქციებად დაყოფა სისხლის ინგრედიენტების სამკურნალოდ გამოყენება

      მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წინსვლამ შესაძლებელი გახადა სისხლში შემავალი ნივთიერებების გამოვლენა და გამოყოფა. მაგალითად, ზღვის წყლიდან, რომელიც 96,5 პროცენტ წყალს შეიცავს, იღებენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა მაგნიუმი, ბრომი და, რა თქმა უნდა, მარილი. მსგავსად ამისა, სისხლის პლაზმა, რომელიც მთლიანი სისხლის მოცულობის ნახევარზე მეტს შეადგენს, 90 პროცენტზე მეტ წყალს შეიცავს; მისგან შეიძლება ფრაქციების გამოყოფა და ისეთი ცილების მიღება, როგორიცაა: ალბუმინი, ფიბრინოგენი და სხვადასხვა გლობულინი.

      ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ მკურნალობის დროს მიიღოთ პლაზმის კონცენტრირებული ფრაქცია. ამის მაგალითია ცილებით მდიდარი კრიოპრეციპიტატი, რომელიც პლაზმის ჯერ გაყინვით და შემდეგ კი გალღობით მიიღება. პლაზმის ეს უხსნადი ფრაქცია მდიდარია შედედების ფაქტორებით და მას, ჩვეულებრივ, პაციენტებს სისხლდენის შესაჩერებლად უნიშნავენ. მკურნალობის სხვა მეთოდების დროს შეიძლება ექიმებმა პაციენტებს ურჩიონ, გამოიყენონ საშუალებები, რომლებიც შეიცავს სისხლის ფრაქციებს, იქნება ეს მცირე თუ მნიშვნელოვანი რაოდენობითc. პლაზმის ზოგიერთ ცილას ავადმყოფს უნიშნავენ ინიექციების სახით, რათა ინფექციებით დაუძლურებულ ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარონ. სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებული სისხლის თითქმის ყველა ფრაქცია შეიცავს სისხლის პლაზმაში არსებულ ცილებს.

      „საიენს ნიუსის“ თანახმად, „მეცნიერებმა მხოლოდ ასობით ცილა აღმოაჩინეს, მაშინ როდესაც ვარაუდობენ, რომ ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ათასობით ცილა ცირკულირებს“. სისხლთან დაკავშირებით ცოდნის მატებასთან ერთად, მომავალში გამოჩნდება ნივთიერებები, რომელთა გამოყოფაც ამ ცილებიდან იქნება შესაძლებელი.

      [სქოლიოები]

      c ზოგი სამკურნალო საშუალება ცხოველის სისხლისგან მიღებულ ფრაქციებსაც შეიცავს.

      [სურათი 7 გვერდზე]

      მედიცინის ზოგი მუშაკი დიდი სიფრთხილით ეკიდება სისხლის გამოყენებას.

  • სისხლის ნამდვილი ფასი
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აგვისტო
    • სისხლის ნამდვილი ფასი

      „მსოფლიოში ყველა ადამიანს ერთი და იგივე სიცოცხლის წყარო — სისხლი — აქვს. ის არის მაცოცხლებელი ძალა ყველა ადამიანში, განურჩევლად ფერისა, რასისა თუ რელიგიისა“ (გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი).

      ეჭვგარეშეა, ამ სიტყვებში არის გარკვეული ჭეშმარიტება. ყველა ადამიანისთვის სისხლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ძვირფასი სითხეა. ხართ დარწმუნებული, რომ უსაფრთხო და გონივრულია ამ სითხის სამედიცინო მიზნით სხვებისთვის მიცემა?

      როგორც დავინახეთ, სისხლის უსაფრთხოების ნორმები სხვადასხვა ქვეყანაში დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან და სისხლით მკურნალობა უფრო სახიფათოა, ვიდრე ეს მრავალს ჰგონია. გარდა ამისა, სხვადასხვა ექიმი სრულიად განსხვავებულად იყენებს სისხლს, ვინაიდან მათი განათლება, გამოცდილება და თვალსაზრისი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ბევრი ექიმი უფრო და უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. საგრძნობლად იზრდება იმ ექიმთა რიცხვი, რომლებიც ამჯობინებენ, სისხლის გარეშე უმკურნალონ პაციენტებს.

      ახლა მოდი დავუბრუნდეთ იმ კითხვას, რომელიც ამ სერიის პირველი სტატიის დასაწყისშია დასმული; კერძოდ, რა ხდის სისხლს ასე ძვირფასს? თუ სამედიცინო მიზნით სისხლის გამოყენება სულ უფრო და უფრო საეჭვო ხდება, არსებობს სხვა მიზანი, რომელიც სისხლის საშუალებით მიიღწევა?

      ღვთის თვალსაზრისი სისხლზე

      ძველად ადამიანთა წინაპარს, ნოეს, ღმერთმა მნიშვნელოვანი კანონი დაუდგინა. მან ადამიანებს ცხოველთა ხორცის ჭამის უფლება მისცა, თუმცა სისხლის ჭამა აუკრძალა (დაბადება 9:4). ღმერთმა მათ ამის მიზეზიც აუხსნა და უთხრა, რომ სისხლი ცოცხალი ქმნილების სული ანუ სიცოცხლეა. მოგვიანებით მან თქვა: „ყოველი ხორციელის სული [ანუ სიცოცხლე] მისი სისხლია“. ჩვენი შემოქმედის თვალში სისხლი წმინდაა. სისხლით წარმოდგენილია ძვირფასი ძღვენი — სიცოცხლე, რომელიც ყველა ცოცხალ ქმნილებას აქვს. ღმერთმა არაერთხელ გაიმეორა ეს პრინციპი (ლევიანები 3:17; 17:10, 11, 14; მეორე რჯული 12:16, 23).

      დაახლოებით 2000 წლის წინ, ქრისტიანობის დაფუძნებიდან მალევე, მორწმუნეებს ღმერთმა მისცა მითითება, ‘მორიდებოდნენ სისხლს’. ეს აკრძალვა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით კი არ მისცა ღმერთმა მათ, არამედ სისხლის სიწმინდის გამო (საქმეები 15:19, 20, 29). ზოგი აცხადებს, რომ ღვთის მიერ მიცემული ეს აკრძალვა მხოლოდ სისხლის ჭამას ეხება, მაგრამ თვითონ სიტყვა „მოერიდეთ“ პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. თუ ექიმი გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ალკოჰოლს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებთ, რომ ვენიდან მივიღოთ ის.

      ბიბლია გვიხსნის, თუ რატომ არის სისხლი წმინდა. იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც ადამიანურ სიცოცხლეს წარმოადგენდა და კაცობრიობის სასარგებლოდ იქნა გაღებული, არის ქრისტიანული იმედის საძირკველი. მისი წყალობით შესაძლებელია ცოდვების მიტევება და მარადიული ცხოვრების იმედის ქონა. როდესაც ქრისტიანი ერიდება სისხლის გამოყენებას, ის ავლენს რწმენას, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს დაღვრილ სისხლს შეუძლია მისი გამოსყიდვა და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება (ეფესოელები 1:7).

      იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან იმით, რომ მტკიცედ იცავენ ბიბლიის ამ მითითებებს. ისინი უარს ამბობენ ყოველგვარ სისხლზე, მათ შორის მთლიანი სისხლისა და სისხლის ოთხი ძირითადი კომპონენტის — წითელი უჯრედების, პლაზმის, თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების — გადასხმაზე. ამ კომპონენტებისგან გამოყოფილ სხვადასხვა ფრაქციასა და ამ ფრაქციების შემცველ ნივთიერებებთან დაკავშირებით ბიბლიაში არაფერია ნათქვამი. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იეჰოვას თითოეულმა მოწმემ პირადად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ნიშნავს მოწმეების ასეთი თვალსაზრისი, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, რომ ისინი უარს ამბობენ მკურნალობაზე ან ჯანმრელობისა და სიცოცხლის საკითხს ზერელედ ეკიდებიან? სრულიადაც არა! (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვას მოწმეები და ჯანმრთელობა“).

      გასულ წლებში ბევრმა ექიმმა აღნიშნა, რომ ბიბლიური ნორმების დაცვამ მოწმეებს სამედიცონო თვალსაზრისითაც მოუტანა სარგებლობა. მაგალითად, ამას წინათ, ერთმა ნეიროქირურგმა სისხლის გადასხმის ალეტრნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით თავისი დადებითი თვალსაზრისი გამოხატა. მან თქვა: „ეს არის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი არა მარტო იეჰოვას მოწმეებისთვის, არამედ ყველასთვის“.

      ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული გადაწყვეტილების მიღება დიდ სტრესთან არის დაკავშირებული და ხშირად რთულია. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა სისხლის გადასხმის მეთოდებთან დაკავშირებით სასუნთქი ორგანოების ექიმმა დ-რ უილიამ დეივმა: „მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ადამიანთა სურვილს . . . და კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს“. ეს სიტყვები დღეს ბევრად უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ოდესმე.

      [ჩარჩო⁄სურათები 11 გვერდზე]

      რა არის მოდიფიცირებული ჰემოგლობინი?

      თითოეულ წითელ უჯრედში დაახლოებით 300 მილიონი ჰემოგლობინის მოლეკულაა. ჰემოგლობინი მომწიფებული წითელი უჯრედების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. თითოეული მოლეკულა შეიცავს ცილა გლობინსა და პიგმენტს, რომელსაც ჰემა ეწოდება; ამ უკანასკნელის შედგენილობაში კი შედის რკინის ატომი. როდესაც სისხლის წითელი უჯრედები ფილტვებს გაივლის, ხდება უჯრედების ჟანგბადით გაჯერება და ჟანგბადის მოლეკულები ჰემოგლობინის მოლეკულებს უერთდება. შემდეგ ჟანგბადის მოლეკულები გადაეცემა სხეულის სხვადასხვა ქსოვილს, რითაც სიცოცხლეს უნარჩუნებს უჯრედებს.

      ზოგან დღეს ჰემოგლობინის მიღება ადამიანის ან მსხვილი რქოსანი პირუტყვის სისხლის წითელი უჯრედებიდან ხდება. შემდგომ ნაბიჯზე ამ ჰემოგლობინს ასუფთავებენ, ქიმიურად მოდიფიცირებას უკეთებენ და წმენდენ, შემდეგ კი სითხეში ხსნიან და ინახავენ. ამ პროდუქტს, რომელსაც უმეტეს ქვეყნებში დღესდღეობით არ იყენებენ, მოდიფიცირებული ჰემოგლობინი ეწოდება. ვინაიდან ჰემა აძლევს სისხლს მუქ წითელ ფერს, მოდიფიცირებული ჰემოგლობინის ხსნარი ჰგავს სისხლის წითელი უჯრედების ხსნარს.

      სისხლის წითელი უჯრედებისგან განსხვავებით, რომელიც მაცივარში უნდა იქნეს შენახული და რამდენიმე კვირაში ვადა გასდის, მოდიფიცირებული ჰემოგლობინის ხსნარის შენახვა ოთახის ტემპერატურაზეც შეიძლება და მას თვეების განმავლობაში არ გასდის ვადა. ვინაიდან ასეთ ხსნარში არ არის უჯრედის მემბრანა, რომელიც ანტიგენის შემცველია, მოდიფიცირებული ჰემოგლობინის გადასხმის დროს სისხლის შეუთავსებლობის შედეგად გამოწვეული რეაქციები არ ხდება. მაგრამ სისხლის სხვა ფრაქციებთან შედარებით მოდიფიცირებული ჰემოგლობინის გამოყენების საკითხი მეტ დაფიქრებას მოითხოვს კეთილსინდისიერი ქრისტიანისგან, რომელსაც სისხლთან დაკავშირებით ღვთის კანონისადმი მორჩილების გამოვლენა სურს. რატომ? ვინაიდან მოდიფიცირებული ჰემოგლობინი სისხლიდან არის მიღებული, ორი მნიშვნელოვანი რამ უნდა იქნეს გათვალისწინებული. პირველი, მოდიფიცირებულ ჰემოგლობინს აქვს სისხლის ძირითადი კომპონენტის, წითელი უჯრედის, ძირითადი თვისება. მეორე, ჰემოგლობინი, საიდანაც იღებენ მოდიფიცირებულ ჰემოგლობინს, სისხლის წითელი უჯრედის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამ და სხვა მსგავსი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით, ქრისტიანი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგას. საჭიროა ქრისტიანი დაფიქრდეს და ლოცვით აწონ-დაწონოს სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები. თითოეულმა, ვისაც იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა იხელმძღვანელოს (გალატელები 6:5).

      [სურათი]

      ჰემოგლობინის მოლეკულა

      [ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

      მიმზიდველი ალტერნატივა

      «იზრდება იმ საავადმყოფოთა რიცხვი, რომლებიც პაციენტებს უსისხლო ქირურგიას სთავაზობენ და ალტერნატიულ საშუალებებს იყენებენ, — აღნიშნავს „უოლ-სტრიტ ჯორნელი“. — თუ ადრე ეს მეთოდი მხოლოდ იეჰოვას მოწმეთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიმუშავეს, ახლა ის ფართოდ არის დანერგილი მრავალ საავადმყოფოში და უსისხლო ქირურგიას მრავალს სთავაზობენ». მთელ მსოფლიოში შეინიშნება, რომ მრავალი სარგებლობა მოაქვს (განსაკუთრებით პაციენტებისთვის) მკურნალობის ისეთი მეთოდების გამოყენებას, როდესაც სისხლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. დღეს ათასობით ექიმი სისხლის გადასხმის გარეშე მკურნალობს პაციენტებს.

      [ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეები და ჯანმრთელობა

      იეჰოვას მოწმეები, რომელთა შორის ექიმები და მედდებიც არიან, მთელ მსოფლიოში ცნობილნი არიან იმით, რომ უარს ამბობენ როგორც მთლიანი სისხლის, ისე მისი ძირითადი კომპონენტების გადასხმაზე. დაფუძნებულია მათი პოზიცია ადამიანურ დოქტრინებზე ან მრწამსზე, რომ ავადმყოფობა შეიძლება რწმენით განიკურნოს? სულაც არა!

      მოწმეები ძალიან აფასებენ სიცოცხლეს და მას ღვთის საჩუქრად მიიჩნევენ; ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, იცხოვრონ ბიბლიის თანახმად, რადგან სწამთ, რომ ის „ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17; გამოცხადება 4:11). ეს წიგნი ღვთის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, მოერიდონ ისეთ საქციელსა და ჩვევებს, რომლებიც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საზიანოა; მაგალითად, უზომოდ ჭამა, თამბაქოს მოწევა ან ღეჭვა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება (იგავები 23:20; 2 კორინთელები 7:1).

      ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჩვენი სხეულისა თუ საცხოვრებელი ადგილის სუფთად შენახვითა და ფიზიკური ვარჯიშით, ბიბლიური პრინციპების თანახმად ვიქცევით (მათე 7:12; 1 ტიმოთე 4:8). იეჰოვას მოწმეები ავად გახდომისას გონიერებას ავლენენ და მზად არიან, დღეს არსებული მკურნალობის მეთოდებიდან უმრავლესობაზე დათანხმდნენ (ფილიპელები 4:5). ისინი ასრულებენ ბიბლიურ მითითებას, ‘თავი შეიკავონ სისხლისგან’ და მოითხოვენ უსისხლო მკურნალობას (საქმეები 15:29). ხშირად მათი არჩევანი უკეთეს მკურნალობამდე მიმყვანია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება