კონექტიკუტის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს პაციენტის უფლებებს
კონექტიკუტის (აშშ) უზენაესმა სასამართლომ 1996 წლის 16 აპრილს მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეების უფლებას, უარი თქვან სისხლის გადასხმაზე. ამ გადაწყვეტილებამ გააუქმა პირველი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება.
იეჰოვას მოწმეს, სახელად ნელი ვეგას, 1994 წლის აგვისტოში დაეწყო ძლიერი სისხლის დენა პირველი მშობიარობის შემდეგ. სისხლის დენის შეჩერებისთვის გაწეული ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. როცა ქ-ნი ვეგას მდგომარეობა გაუარესდა, საავადმყოფო სასამართლო განკარგულების მიღებას ცდილობდა, რომელიც სისხლის გადასხმის უფლებას მისცემდა. ქ-ნ ვეგას უკვე მოწერილი ჰქონდა ხელი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სამედიცინო საბუთზე, რომელიც მოითხოვს, რომ არავითარი სისხლი ან სისხლის ნაწარმი არ გადაესხათ მისთვის საავადმყოფოში ყოფნის დროს, ასე რომ, საავადმყოფო გათავისუფლებული იყო მისი გადაწყვეტილების შედეგების პასუხისმგებლობისგან. მიუხედავად ამისა, საავადმყოფო სისხლის გადასხმას ახალშობილის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვდა, რადგან ბავშვს დედა სჭირდებოდა. სასამართლოს ისიც მოახსენეს, რომ სისხლის დაკარგვის მიუხედავად, ქ-ნი ვეგა ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალი იყო. მაგრამ ქ-ნი ვეგას მეუღლისა და ადვოკატის პროტესტების მიუხედავად, სასამართლომ გასცა განკარგულება და სისხლიც გადაუსხეს.
გარკვეული დროის შემდეგ საქმე კონექტიკუტის უზენაეს სასამართლოს გადასცეს. იქ ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საავადმყოფოს მოქმედებამ შელახა ქ-ნი ვეგას უფლებები. დადგენილება იუწყებოდა: „საქმის მოსმენა სასამართლოში შუაღამეს მოხდა, საგანგებო ვითარებაში, რამაც ორივე მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, სრულად წარედგინა თავისი მოსაზრებები“.
კონექტიკუტის უზენაესი სასამართლოს ეს დადგენილება მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვის არ არის დიდმნიშვნელოვანი. „ის მნიშვნელოვანია ყველა პაციენტისთვის, რომლებიც შეიძლება არ ეთანხმებიან თავიანთი ექიმების გადაწყვეტილებებს, — ამბობს დონალდ ტ. რიდლი, ქ-ნი ვეგას ადვოკატი, — ეს დადგენილება შეაკავებს საავადმყოფოებს პაციენტების რელიგიური თუ არარელიგიური ღირსებების გათელვისგან“.