-
გასეირნება კერალას ტბებზეგამოიღვიძეთ! — 2008 | აპრილი
-
-
ნავებით შეჯიბრება
გველის ფორმის ნავები მოგრძო და ვიწრო კანოეებია. ნავის კიჩო კობრას თავს წააგავს. ძველად მოსავლის აღების შემდეგ მეფეები ერთმანეთთან საომრად ასეთ ნავებს იყენებდნენ. ომების შეწყვეტის შემდეგ ამ ნავებმა თავისი დანიშნულება დაკარგა. ამის შემდეგ მხოლოდ ტაძრის დღესასწაულების დროს ჩნდებოდნენ ეს უჩვეულო ნავები. ტრადიციისამებრ, მორთულ ნავებზე დიდი ზარ-ზეიმით სხდებოდნენ ნიჩბოსნები. ამ დღესასწაულების დროს ნავებით შეჯიბრება წარჩინებულ ადამიანთა პატივსაცემად იმართებოდა. ეს ტრადიცია, რომელსაც ჯერ კიდევ ათასი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი, დღესაც არსებობს.
შეჯიბრებაში მონაწილეობას დაახლოებით 20 ნავი იღებს. თითო ნავში 100-150 კაცი ზის. ასზე მეტი ნიჩბოსანი მოკლე ნიჩბებით ხელში მთელი ნავის სიგრძეზე ორ რიგადაა ჩამწკრივებული. ოთხი მესაჭე გრძელი ნიჩბებით კიჩოსთან დგას და ნავს მიმართულებას აძლევს. ნავის ცენტრში მდგომი ორი კაცი კი ჯოხებს ურტყამს ხის დაფას, რათა ნიჩბოსნები ამ ხმას აჰყვნენ და რიტმულად მოუსვან ნიჩბები. მათ გვერდით მოუყვება 6-7 გულშემატკივარი სხვა ნავებით. ისინი ტაშით, სტვენით, შეძახილებითა და ნიჩბოსანთა საყვარელი სიმღერებით ამხნევებენ შეჯიბრების მონაწილეებს, რომ სვლა არ შეანელონ. როცა ფინიშის ხაზს უახლოვდებიან, ნიჩბოსნები ბოლო ძალებს იკრებენ და ენერგიულად უსვამენ ნიჩბებს.
1952 წელს ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ კერალას ერთ-ერთ მთავარ ქალაქს, ალეპს ესტუმრა. მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნავებით შეჯიბრებამ, რომ უგულებელყო უსაფრთხოების ყოველგვარი ზომები, პირდაპირ გამარჯვებულთა ნავში ჩახტა და ნიჩბოსნებთან ერთად დაიწყო ტაშის კვრა და მღერა. დელიში დაბრუნების შემდეგ მან გამარჯვებულებს საჩუქრად პატარა ვერცხლის ნავი გაუგზავნა, რომელზეც ამოტვიფრა თავისი ხელმოწერა და შემდეგი სიტყვები: „ეს ჯილდო ეკუთვნის გამარჯვებულებს ნავებით შეჯიბრებაში, რომელიც ხალხის ტრადიციის განუყოფელი ნაწილია“. ეს ვერცხლის ნავი დაწესდა, როგორც ნერუს სახელობის პრიზი, რომელიც ყოველ წელს გადაეცემათ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს. ყოველწლიურად დაახლოებით ასი ათასი ადამიანი ადევნებს თვალყურს ამ შეჯიბრებას. ამ დროს კერალას მოლივლივე წყალი მჩქეფარე წყლად იქცევა.
-
-
გასეირნება კერალას ტბებზეგამოიღვიძეთ! — 2008 | აპრილი
-
-
[სურათი 24 გვერდზე]
შეჯიბრება გველის ფორმის ნავებით
-