-
წიგნი ყველასთვისსაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აპრილი
-
-
წიგნი ყველასთვის
„ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
1. როგორ უპასუხა ერთმა პროფესორმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ბიბლიის შესახებ და რა გადაწყვიტა მან?
კვირას, შუადღისას, პროფესორი სახლში იყო და არავის ელოდებოდა. მაგრამ, ამ დროს მასთან ჩვენი ქრისტიანი და მივიდა და პროფესორმა მოუსმინა მას. დედამიწის დაბინძურებისა და მისი მომავლის შესახებ დის ნათქვამმა დააინტერესა პროფესორი. მაგრამ, როდესაც დამ მსჯელობისას ბიბლიას მიმართა, ის სკეპტიკურად განეწყო. დამ ჰკითხა, თუ რა შეხედულება ჰქონდა ბიბლიის შესახებ.
„ჭკვიანი ადამიანების მიერ დაწერილი შესანიშნავი წიგნია, — უპასუხა მან, — მაგრამ, ბიბლიაზე არც კი ღირს სერიოზული საუბარი“.
„ბიბლია თუ წაგიკითხავთ?“ — შეეკითხა და.
პროფესორი შეცბუნდა და მოუწია იმის აღიარება, რომ არ წაუკითხავს.
შემდეგ დამ ჰკითხა: „აბა, როგორ შეიძლება ასე დაჯერებულად ილაპარაკოთ წიგნზე, რომელიც არასოდეს წაგიკითხავთ?“
ჩვენი და მართალი იყო. პროფესორმა გადაწყვიტა, წაეკითხა ბიბლია და შემდეგ ჩამოეყალიბებინა გარკვეული აზრი მის შესახებ.
2, 3. რატომ არის მრავალი ადამიანისთვის ბიბლია უცნობი წიგნი და რა სირთულეს გვიქმნის ეს?
2 მხოლოდ ეს პროფესორი არ ფიქრობს ასე. მრავალს ბიბლიის შესახებ მყარი თვალსაზრისი აქვს, თუმცა არასდროს წაუკითხავს ის. მათ შეიძლება აქვთ ბიბლია. შეიძლება აღიარებენ კიდეც მის ლიტერატურულ და ისტორიულ მნიშვნელობას. მაგრამ ბევრისთვის ის მაინც უცნობი წიგნია. „ბიბლიის წასაკითხად დრო არ მაქვს“ — ამბობს ზოგი. სხვებს უკვირთ: „რა საერთო უნდა ჰქონდეს ასეთ უძველეს წიგნს ჩემს ცხოვრებასთან?“ ასეთი თვალსაზრისის გამო მართლაც სირთულეებს ვხვდებით. იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ სწამთ, რომ ბიბლია „ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16, 17). მაგრამ როგორ შეგვიძლია ხალხსაც გავაგებინოთ, რომ მიუხედავად მათი რასის, ეროვნებისა და ეთნიკური წარმოშობის, ბიბლია უნდა გამოიკვლიონ?
3 განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ღირს მისი გამოკვლევა. ეს დაგვეხმარება მსახურებისას ადამიანებს გავაგებინოთ და შესაძლოა დავარწმუნოთ, რომ უნდა გაეცნონ ბიბლიაში ნათქვამს. ამავე დროს, ეს განხილვა ჩვენს რწმენას კიდევ უფრო გაზრდის, რომ ბიბლია, როგორც თვითონვე აცხადებს, ნამდვილად ‘ღვთის სიტყვაა’ (ებრაელთა 4:12).
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნი
4. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია?
4 უპირველეს ყოვლისა, ბიბლია იმ მიზეზის გამო უნდა გამოვიკვლიოთ, რომ ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია, რომელიც ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნა. ბიბლიის პირველი გამოცემა, რომელიც საბეჭდ დაზგაზე დაიბეჭდა, იოჰან გუტენბერგის სტამბამ 500 წელზე მეტი ხნის წინ გამოსცა. ვარაუდობენ, რომ იმ დროიდან ბიბლიის მთლიანი თუ მისი ზოგიერთი ნაწილის ოთხი მილიარდი ეგზემპლარი დაიბეჭდა. 1996 წლისთვის ბიბლია მთლიანად თუ ნაწილობრივ ნათარგმნია 2 167 ენასა და დიალექტზეa. კაცობრიობის 90 პროცენტზე მეტს შეუძლია ბიბლიის წაკითხვა საკუთარ ენაზე, თუ მთლიანად არა, მისი რომელიმე ნაწილის მაინც. ვერც ერთი სხვა წიგნი — რელიგიური თუ არარელიგიური — ვერ შეედრება მას.
5. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ბიბლია მთელი მსოფლიოს ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს?
5 მხოლოდ სტატისტიკა ვერ დაამტკიცებს იმას, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მიუხედავად ამისა, უეჭველად, ყველანი მოველით, რომ ღვთივსულიერი ჩანაწერები მთელი მსოფლიოს ხალხისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბიბლია თვითონვე გვეუბნება, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ბიბლიამ, ყველა წიგნისგან განსხვავებით, გადალახა ეროვნული საზღვრები და რასობრივი თუ ეთნიკური ბარიერები. მართლაც, ბიბლია არის წიგნი ყველასთვის.
გადარჩენის შესახებ უნიკალური ჩანაწერები
6, 7. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ბიბლიის არც ერთი ორიგინალი აღარ არსებობს და რა კითხვას წამოჭრის ეს?
6 არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც ბიბლია ყურადღებას იმსახურებს. მან ბუნებრივსა და ადამიანის მიერ გამოწვეულ დაბრკოლებებს გაუძლო. ფაქტები, თუ დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, როგორ გადარჩა ის, მართლაც ღირსშესანიშნავია სხვა უძველეს ხელნაწერებთან დაკავშირებით არსებულ ფაქტებს შორის.
7 ბიბლიის მწერლებმა, როგორც ჩანს, სიტყვები მელნით დაწერეს პაპირუსსა (ამზადებდნენ ეგვიპტური მცენარისგან იმავე სახელწოდებით) და პერგამენტზე (ამზადებდნენ ცხოველთა ტყავისგან)b მაგრამ, ასეთ საწერ მასალებს ბუნებრივი მტრები ჰყავდა. სწავლული ოსკარ პარეტი განმარტავს: „ორივე საწერ მასალას ერთნაირად უქმნის საფრთხეს სინესტე, ობი და სხვადასხვა მატლი. ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქაღალდიც და ძლიერი ტყავიც კი ფუჭდება ღია ცის ქვეშ ან ნესტიან ოთახში“. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ არც ერთი ორიგინალი აღარ არსებობს; ალბათ, ისინი დიდი ხნის წინ გაიხრწნა. მაგრამ, თუ ორიგინალები ბუნებრივმა მტრებმა გაანადგურეს, როგორ გადარჩა ბიბლია?
8. როგორ გადარჩა ბიბლიის ჩანაწერები საუკუნეების მანძილზე?
8 დაუყოვნებლივ, ორიგინალების დაწერის შემდეგ, დაიწყო ხელნაწერი ასლების დამზადება. სინამდვილეში, რჯულისა და საღვთო წერილის სხვა ნაწილების გადაწერა ძველ ისრაელში პროფესიად იქცა. მაგალითად, მღვდელი ეზრა აღწერილია, როგორც «მწიგნობარი [„რჯულის გადამწერი“, აქ], მოსეს რჯულში ჩახედული» (პირველი ეზრა 7:6, 11; შეადარე ფსალმუნი 44:2). მაგრამ ეს ასლებიც მალფუჭებადი იყო; ბოლოს ამ ეგზემპლარების სხვა ხელნაწერი ასლებით შეცვლა იყო საჭირო. ამ ასლების ხელახლა გადაწერის პროცესი მრავალი საუკუნე გრძელდებოდა. რამდენადაც ადამიანები არასრულყოფილები არიან, არსებითად ხომ არ შეცვალა ბიბლიური ტექსტი გადამწერების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა? აურაცხელი ფაქტი პასუხობს, რომ არა!
9. როგორ ცხადყოფს მასორეტების მაგალითი ბიბლიის გადამწერთა დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს?
9 გადამწერები არა მარტო თავისი საქმის კარგი მცოდნეები იყვნენ, არამედ მათ ასევე დიდი პატივისცემა ჰქონდათ იმ სიტყვებისადმი, რომლების ასლსაც აკეთებდნენ. ებრაული სიტყვა, რომელიც „გადამწერად“ და „მწიგნობრად“ ითარგმნება, დათვლასა და ჩაწერას ნიშნავს. გადამწერთა უდიდესი სიფრთხილე და სიზუსტე რომ დავინახოთ, განვიხილოთ მასორეტების, ებრაული წერილების გადამწერების მაგალითი, რომლებიც ახ. წ. მეექვსე—მეათე საუკუნეებში ცხოვრობდნენ. სწავლული ტომას ჰარტველ ჰორნის თანახმად, ისინი ითვლიდნენ, „რამდენჯერ ხვდებოდათ ებრაულ წერილებში [ებრაული] ანბანის ყოველი ასო“. დაფიქრდი, რას ნიშნავს ეს! ერთი ასოც რომ არ გამორჩენოდათ, ისინი არა მარტო გადაწერილ სიტყვებს ითვლიდნენ, არამედ ასოებსაც. ერთი სწავლულის თანახმად, მათ ებრაულ წერილებში 815 140 ცალკეული ასო ჰქონდათ დათვლილი! ასეთმა გულმოდგინებამ განაპირობა უმაღლესი ხარისხის სიზუსტე.
10. რა მტკიცება არსებობს, რომ ებრაული და ბერძნული ტექსტები, რომლებსაც თანამედროვე თარგმანები ეყრდნობა, თავდაპირველი მწერლების სიტყვებს ზუსტად გადმოსცემს?
10 ეს სინამდვილეში ძლიერი მტკიცებაა, რომ ებრაული და ბერძნული ტექსტები, რომლებსაც თანამედროვე თარგმანები ეყრდნობა, თავდაპირველი მწერლების სიტყვებს გასაოცარი სიზუსტით გადმოსცემენ. ამის დამამტკიცებელია ხელნაწერების არსებობა — მთლიანი ებრაული წერილების თუ მისი ნაწილების დაახლოებით 6 000 და ბერძნულ ენაზე შესრულებული ქრისტიანული წერილების დაახლოებით 5 000 ხელნაწერი. დღეს არსებული ათასობით მანუსკრიპტის საგულდაგულო შედარებითი ანალიზის საფუძველზე მკვლევარებს შეუძლიათ იპოვონ გადამწერთა ნებისმიერი შეცდომა და დაადგინონ ორიგინალის ტექსტი. ამგვარად, სწავლულს, უილიამ გრინს, შეეძლო ებრაული წერილების ტექსტების შესახებ ეთქვა: „შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ძველი დროის არც ერთი ნაწარმოები არ გადათარგმნილა ასე ზუსტად“. ასეთივე სანდო შეიძლება იყოს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც.
11. რატომ მოაღწია ბიბლიამ დღევანდელ დღემდე 1 პეტრეს 1:24, 25-დან გამომდინარე?
11 რა ადვილი შესაძლებელი იყო, ბიბლიას არ მოეღწია ჩვენამდე, ხელნაწერ ეგზემპლარებს რომ არ შეეცვალათ ძვირფასი ცნობის შემცველი ორიგინალები! მხოლოდ ერთადერთი მიზეზი არსებობს, რამაც გადაარჩინა ის — იეჰოვამ დაიცვა და შემოინახა თავისი სიტყვა. 1 პეტრეს 1:24, 25-ში ბიბლია თვითონვე ამბობს: „ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი გახმა და ყვავილიც დასცვივდა. ღვთის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს“.
კაცობრიობის „ცოცხალ“ ენებზე ამეტყველებული
12. რა სირთულეს შეხვდა ბიბლია, საუკუნეების მანძილზე ხელნაწერი ასლების დამზადების გარდა?
12 საკმაოდ რთული იყო, რომ ბიბლია საუკუნეების მანძილზე ხელნაწერი ასლებით გადარჩენილიყო, მაგრამ ის სხვა წინააღმდეგობასაც შეხვდა — ბიბლია თანამედროვე ენებზე უნდა გადათარგმნილიყო. ის ადამიანთათვის გასაგებ ენაზე უნდა ლაპარაკობდეს, რომ მათ გულებამდე მიაღწიოს. თუმცა, ბიბლიის თარგმნა, რომელიც 1 100-ზე მეტი თავისა და 31 000-ზე მეტი მუხლისგან შედგება, ადვილი ამოცანა არ არის. მიუხედავად ამისა, ერთგული მთარგმნელები საუკუნეების მანძილზე ამ საქმეს სიხარულით იღებდნენ საკუთარ თავზე და ნათელია, რომ დროდადრო ძნელად გადასალახავ სიძნელეებს ხვდებოდნენ.
13, 14. ა) რა დაბრკოლებას წააწყდა ბიბლიის მთარგმნელი რობერტ მოფატი აფრიკაში მე-19 საუკუნის დასაწყისში? ბ) როგორი რეაქცია ჰქონდა ჩუანა ენაზე მოლაპარაკე ხალხს, როდესაც ლუკას სახარება მათს საკუთარ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა?
13 განვიხილოთ, მაგალითად, თუ როგორ ითარგმნა ბიბლია აფრიკის ენებზე. აფრიკაში 1800 წელს ათიოდე ენას თუ ჰქონდა დამწერლობა. ასობით სხვა სალაპარაკო ენისთვის კი წერითი სისტემა საერთოდ არ არსებობდა. ეს დიდი წინააღმდეგობა იყო, რომელსაც ბიბლიის მთარგმნელი რობერტ მოფატი შეხვდა. 1821 წელს, 25 წლის ასაკში, მოფატი, როგორც მისიონერი, სამხრეთ აფრიკაში წავიდა ჩუანა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან. მათი ენა რომ ესწავლა, რომელსაც დამწერლობა არ ჰქონდა, ის დაუახლოვდა ხალხს. მოფატმა სიძნელეების მიუხედავად, ყოველგვარი სახელმძღვანელოსა და ლექსიკონის გარეშე ბოლოს კარგად აითვისა ენა, რომლისთვისაც დამწერლობა შეიმუშავა და ჩუანა ხალხიდან ზოგიერთს კითხვა ასწავლა. ჩუანა ხალხში რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, 1829 წელს, მან ლუკას სახარების თარგმნა დაასრულა. მოგვიანებით მან თქვა: «მე გავიცანი პიროვნებები, რომლებმაც წმ. ლუკას სახარების შესაძენად ასობით კილომეტრი გამოიარეს. . . მე ვუყურებდი მათ, როცა წმ. ლუკას სახარების ნაწილებს იღებდნენ, როგორ ტიროდნენ, როგორ იხუტებდნენ გულში და მადლიერების ცრემლებს ღვრიდნენ, სანამ რამდენიმე მათგანს არ ვეტყოდი: „ცრემლებით თქვენს წიგნებს გააფუჭებთ“ ». მოფატმა ერთი აფრიკელი მამაკაცის შესახებაც გვიამბო, რომელმაც დაინახა, რომ უამრავი ხალხი კითხულობდა ლუკას სახარებას და დაინტერესდა მისით. „ეს ღვთის სიტყვაა,“ — უპასუხეს მათ. „ნუთუ ეს ლაპარაკობს?“ — ჰკითხა გაკვირვებულმა. „დიახ, ლაპარაკობს და თანაც გულამდე აღწევს,“ — იყო პასუხი.
14 მოფატის მსგავსი ერთგული მთარგმნელების საშუალებით მრავალ აფრიკელს პირველად მიეცა წერის შესაძლებლობა. თუმცა მთარგმნელებმა აფრიკელ ხალხს უფრო ძვირფასი რამ აჩუქეს — ბიბლია მათ მშობლიურ ენაზე. უფრო მეტიც, მოფატმა ჩუანა ხალხს ღვთის სახელი გააცნო და ის მთელ თავის თარგმანში გამოიყენაc. ამგვარად, ჩუანა ხალხი ბიბლიას „იეჰოვას ბაგედ“ მოიხსენიებს.
15. რატომ არის ბიბლია „ცოცხალი“ დღეს?
15 მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში სხვა მთარგმნელები მსგავს სიძნელეებს შეხვდნენ. ზოგმა სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდო, რომ ბიბლია გადაეთარგმნა. მხოლოდ დაფიქრდი, ბიბლია რომ მარტო ძველ ებრაულსა და ბერძნულ ენებზე დარჩენილიყო, ის დიდი ხნის „მკვდარი“ იქნებოდა, რამეთუ ის ენები დროთა განმავლობაში ხალხმა დაივიწყა და დედამიწის მრავალ მხარეში არასდროს სცოდნიათ. მიუხედავად ამისა, ბიბლია ცოცხალია, ყველა წიგნისგან განსხვავებით, ის მთელი მსოფლიოს ყველა ხალხს მათს საკუთარ ენაზე ელაპარაკება. შედეგად, მისი ცნობა ‘მოქმედებს კიდეც [მის] მორწმუნეებში’ (1 თესალონიკელთა 2:13). „იერუსალიმური ბიბლია“ ამ მუხლის სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ის თქვენში ისევ მოქმედი ძალაა, მორწმუნეებო“.
ნდობის ღირსი
16, 17. ა) რა მტკიცება უნდა არსებობდეს, რომ ვენდოთ ბიბლიას? ბ) მოიყვანე ბიბლიის მწერლის, მოსეს, გულახდილობის ერთ-ერთი მაგალითი.
16 „შეიძლება სინამდვილეში ვენდოთ ბიბლიას?“ — ზოგს შესაძლოა გაუკვირდეს. „ნუთუ ის მოიხსენიებს ადამიანებს, რომლებიც მართლა ცხოვრობდნენ; ადგილებს, რომლებიც მართლა არსებობდა და მოვლენებს, რომლებიც სინამდვილეში მოხდა?“ მას რომ ვენდოთ, უნდა არსებობდეს მტკიცება, რომ ბიბლიას სიზუსტის მოყვარული, პატიოსანი მწერლები წერდნენ. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია, რისთვისაც ბიბლია უნდა გამოვიკვლიოთ, რადგან არსებობს საფუძვლიანი მტკიცება, რომ ის ზუსტი და სანდოა.
17 გულწრფელი მწერლები არა მარტო წარმატებებს წერდნენ, არამედ — წარუმატებლობებსაც, არა მარტო ძლიერ მხარეებს, არამედ — სისუსტეებსაც. სასიამოვნოა, რომ ბიბლიის მწერლები გულახდილობას ავლენდნენ. მაგალითისთვის, განვიხილოთ მოსეს გულწრფელობა. მან გულახდილად გვაუწყა თავისი ენაბრგვნილობა, რის გამოც, თავისივე თვალსაზრისით, ისრაელის წინამძღოლობისთვის შეუფერებელი იყო (გამოსვლა 4:10); სერიოზული შეცდომა, რამაც ხელი შეუშალა, რომ აღთქმულ მიწაზე შესულიყო (რიცხვნი 20:9–12; 27:12–14); თავისი ძმის, აარონის, შეცდომა, რომელიც ოქროს ხბოს კერპის ჩამოსხმაში ურჩ ისრაელებს შეუერთდა (გამოსვლა 32:1–6); თავისი დის, მირიამის, დაუმორჩილებლობა და მისი დამამცირებელი სასჯელი (რიცხვნი 12:1–3, 10); ძმისშვილების, ნადაბისა და აბიჰუს, მკრეხელობა (ლევიანნი 10:1, 2); ღვთის ხალხის განუწყვეტელი ჩივილი და დრტვინვა (გამოსვლა 14:11, 12; რიცხვნი 14:1–10). ნუთუ ასეთი გულახდილი ცნობები ჭეშმარიტების მიმართ გულწრფელ ინტერესზე არ მიუთითებს? თუ ბიბლიის მწერლები მზად იყვნენ, მოეხსენიებინათ არასასიამოვნო ინფორმაცია საყვარელი ადამიანების, თავიანთი ხალხისა და თვით საკუთარი თავის შესახებ, განა ეს საფუძვლიანი მიზეზი არ არის, ვენდოთ მათ მიერ დაწერილს?
18. რა ამტკიცებს, რომ ბიბლიის მწერლების მიერ დაწერილი სარწმუნოა?
18 ბიბლიის მწერალთა აზრების შეთანხმებულობა ასევე ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაწერილი სარწმუნოა. მართლაც აღსანიშნავია, რომ 1 600-ზე მეტი წლის მანძილზე 40 პიროვნების მიერ დაწერილი სიტყვები წვრილმანებშიც კი შეთანხმებულია. მაგრამ ეს ჰარმონია არ ყოფილა წინასწარგანზრახული, რაც გამოიწვევდა ეჭვს, რომ ეს საიდუმლო შეთანხმების შედეგია. პირიქით, ნათლად ჩანს, რომ სხვადასხვა წვრილმანებში დამთხვევები ყოველგვარი წინასწარ განზრახვის გარეშე მოხდა; ხშირად აშკარაა, რომ ეს შემთხვევითი იყო.
19. როგორ ცხადყოფს იესოს შეპყრობასთან დაკავშირებული სახარების ცნობები შეთანხმებულობას, რომელიც წინასწარ განუზრახველია?
19 მაგალითად, განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც იესოს შეპყრობის ღამეს მოხდა. სახარების ოთხივე მწერალმა ჩაწერა, რომ ერთ-ერთმა მოწაფემ მახვილი იშიშვლა, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. მაგრამ მხოლოდ ლუკა მოიხსენიებს, რომ იესო „შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი“ (ლუკა 22:51). განა ამას არ უნდა მოველოდეთ მწერლისგან, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „საყვარელი მკურნალი“? (კოლასელთა 4:14). იოანე გვაცნობებს, რომ იქ მყოფ მოწაფეთაგან პეტრეს ჰქონდა მახვილი, რაც გასაკვირი არ არის, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ის ფიცხი და იმპულსური პიროვნება იყო (იოანე 18:10; შეადარე მათე 16:22, 23 და იოანე 21:7, 8). იოანე სხვა, ერთი შეხედვით, არასაჭირო წვრილმანსაც იხსენიებს: „მონას მალქოზი ერქვა“. რატომ ასახელებს ამ მამაკაცს მხოლოდ იოანე? ეს შეიძლება ავხსნათ უმნიშვნელო ფაქტით, რომელიც მხოლოდ იოანეს ცნობაშია მოცემული: იოანე „მღვდელმთავრის ნაცნობი იყო“. მას აგრეთვე მღვდელმთავრის მთელი სახლეულობა იცნობდა; მსახურები იცნობდნენ მას, ის კი — მსახურებსd (იოანე 18:10, 15, 16). ამიტომ მართლაც ბუნებრივია, რომ იოანეს შეეძლო მოეხსენიებინა დაზარალებული მამაკაცის სახელი იმ დროს, როცა სხვა სახარებების მწერლებს ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ის მამაკაცი მათთვის უცნობი იყო. ამ წვრილმანებში შეთანხმებულობა აღსანიშნავი, თუმცა აშკარად წინასწარ განუზრახველია. მსგავსი მაგალითები მთელ ბიბლიაში მრავლად გვხვდება.
20. რისი ცოდნაა აუცილებელი გულმართალი ადამიანებისთვის ბიბლიის შესახებ?
20 მაშ, შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას? რა თქმა უნდა! ბიბლიის მწერალთა გულწრფელობა და ბიბლიის შეთანხმებულობა მას ჭეშმარიტების ბეჭედს ასვამს. გულმართალი ადამიანებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ შეუძლიათ ენდონ ბიბლიას, რამეთუ ის იეჰოვას, ‘ჭეშმარიტების ღვთის’, მიერ შთაგონებული სიტყვაა (ფსალმუნი 30:6). შემდგომი მიზეზები, თუ რატომ არის ბიბლია წიგნი ყველასთვის, განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.
-
-
წიგნი ღვთისგანსაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აპრილი
-
-
წიგნი ღვთისგან
„წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:21).
1, 2. ა) რატომ შეაქვს ეჭვი ზოგიერთს ბიბლიის აქტუალურობაში დღევანდელ დღეს? ბ) რომელი სამი მტკიცება შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ბიბლია არის წიგნი ღვთისგან?
არის ბიბლია ადამიანებისთვის აქტუალური დღეს, როდესაც XXI საუკუნეს ვუახლოვდებით? ზოგი ფიქრობს, რომ არა. „არავინ გამოესარჩლება ქიმიის 1924 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს გამოყენებას დღევანდელ ქიმიის გაკვეთილებზე“, — დაწერა დოქტორმა ელი ს. ჩეზენმა, როცა ხსნიდა, თუ რატომ ფიქრობს, რომ ბიბლია მოძველებულია. ერთი შეხედვით, თითქოს გონივრული არგუმენტია. ბოლოს და ბოლოს, იმ დროიდან, რაც ბიბლია დაიწერა, განვითარდა მეცნიერება, ადამიანმა მრავალი რამ შეიცნო ფსიქოლოგიასა და ადამიანის ქცევის შესახებ. ამიტომაც უკვირს ზოგს: „როგორ შეიძლება, რომ ასეთი ძველი წიგნი არ ცდებოდეს მეცნიერულ საკითხებში? როგორ შეუძლია მას ისეთი რჩევის მიცემა, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში პრაქტიკული იქნება?“
2 ამას თვითონ ბიბლია პასუხობს. მე-2 პეტრეს 1:21 გვეუბნება, რომ ბიბლიის წინასწარმეტყველები „სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ“ წინასწარმეტყველებას. ამგვარად ბიბლია აღნიშნავს, რომ ის არის წიგნი ღვთისგან. მაგრამ, როგორ შეგვიძლია სხვებს გავაგებინოთ ეს? განვიხილოთ, სამი მტკიცება, რომ ბიბლია არის წიგნი ღვთისგან: 1) მეცნიერულად ზუსტია; 2) მასში მოცემული პრინციპები მარადიულია, რომელთა გამოყენება დღესაც სარგებლობის მომტანია; 3) შეიცავს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც შესრულდა, როგორც ამას ისტორიული ფაქტები ადასტურებს.
წიგნი, რომელიც ეთანხმება მეცნიერებას
3. რატომ არ წარმოადგენს ბიბლიისთვის საშიშროებას მეცნიერული აღმოჩენები?
3 ბიბლია მეცნიერული სახელმძღვანელო არაა. მაგრამ ის ჭეშმარიტების წიგნია, ხოლო ჭეშმარიტებას შეუძლია, რომ დროის მსვლელობას გაუძლოს (იოანე 17:17). ბიბლიისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს მეცნიერული აღმოჩენები. მეცნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებში ბიბლიას არაფერი აქვს საერთო ძველ „მეცნიერულ“ თეორიებთან, რომლებიც მხოლოდ მითები აღმოჩნდა. სინამდვილეში მისი ცნობები არა მარტო მეცნიერულად სწორია, არამედ ასევე აშკარად ეწინააღმდეგება ძველ დროში გაბატონებულ შეხედულებებს. მაგალითად, განვიხილოთ, როგორი შეთანხმებულობაა ბიბლიასა და მედიცინას შორის.
4, 5. ა) რა არ ესმოდათ ძველი დროის ექიმებს დაავადების შესახებ? ბ) რატომ ეცოდინებოდა ეგვიპტის მკურნალთა სამედიცინო პრაქტიკა მოსეს უეჭველად?
4 ძველი დროის ექიმებს ბოლომდე არ ესმოდათ, თუ როგორ ვრცელდებოდა დაავადება, და არც ბოლომდე ჰქონდათ შეგნებული სანიტარიის მნიშვნელობა ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად. ძველი სამედიცინო პრაქტიკის უმეტესი ნაწილი დღევანდელი სტანდარტებით ბარბაროსულად ჩაითვლებოდა. უძველესი სამედიცინო ტექსტი, რომელიც კი არსებობს, არის ებერსის პაპირუსი, ძვ. წ. 1550 წლით დათარიღებული ეგვიპტური სამედიცინო ცოდნის კრებული. ის შეიცავს 700 სამკურნალო საშუალებას სხვადასხვა სნეულებისთვის, „ნიანგის ნაკბენით დაწყებული ფეხის ფრჩხილის ტკივილით დამთავრებული“. ამ საშუალებების უმრავლესობა უეფექტო იყო, ხოლო ზოგი მათგანი — ძალიან სახიფათო. ჭრილობის სამკურნალოდ ერთი რეცეპტი რეკომენდაციას უწევდა ადამიანის ექსკრემენტის სხვა ნივთიერებებთან ნარევის გამოყენებას.
5 ეგვიპტური სამედიცინო საშუალებების ეს ტექსტი დაახლოებით იმავე დროს დაიწერა, როდესაც ბიბლიის პირველი წიგნები, რომელშიც მოსეს რჯული შედის. მოსე ძვ. წ. 1593 წელს დაიბადა და ეგვიპტეში იზრდებოდა (გამოსვლა 2:1–10). რამდენადაც ის ფარაონის სახლეულის წევრი იყო, მოსე „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ (საქმეები 7:22). ის იცნობდა ეგვიპტის „მკურნალებს“ (დაბადება 50:1–3). მოახდინა რამე გავლენა მოსეს წერილებზე მათმა უეფექტო და სახიფათო სამედიცინო პრაქტიკამ?
6. რა სანიტარულ წესებს ჩათვლიდა გონივრულად თანამედროვე მედიცინა, რომლებსაც მოსეს რჯული შეიცავდა?
6 პირიქით, მოსეს რჯული შეიცავდა სანიტარულ წესებს, რომლებსაც თანამედროვე მედიცინა გონივრულად ჩათვლიდა. მაგალითად, კანონი სამხედრო დაბანაკებასთან დაკავშირებით მოითხოვდა ექსკრემენტების მიწაში ჩაფლვას ბანაკის გარეთ (მეორე რჯული 23:13). ეს მნიშვნელოვნად მოწინავე პროფილაქტიკური ზომა იყო. ხელს უწყობდა წყლის სუფთად შენახვას და უზრუნველყოფდა დაცვას ბუზების მეშვეობით გავრცელებადი ბაქტერიული დიზენტერიისა და ფაღარათის გამომწვევი სხვა დაავადებებისგან, რომლებიც დღემდე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს კლავს, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებში.
7. რა სანიტარული წესები იყო მოსეს რჯულში, რომლებიც ხელს უშლიდა ინფექციური დაავადებების გავრცელებას?
7 მოსეს რჯულში მოცემული იყო კიდევ სხვა სანიტარული წესები, რომლებიც ინფექციური დაავადებების გავრცელებას უშლიდა ხელს. პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ან ეჭვობდნენ, რომ ექნებოდა რამე გადამდები დაავადება, კარანტინში ამყოფებდნენ (ლევიანნი 13:1–5). ტანსაცმელი ან ჭურჭელი, რომლებიც შეეხო მკვდარ (შესაძლოა დაავადებისგან) ცხოველს, მეორედ გამოყენებამდე უნდა გაერეცხათ ან გაენადგურებინათ (ლევიანნი 11:27, 28, 32, 33). ნებისმიერი პიროვნება, რომელიც შეეხებოდა გვამს, უწმინდურად ითვლებოდა და მას განმწმენდი პროცედურები უნდა გაევლო, რომლებშიც შედიოდა დაბანვა და ტანსაცმლის გარეცხვა. უწმინდურობის შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში უნდა მორიდებოდა ფიზიკურ კონტაქტს სხვებთან (რიცხვნი 19:1–13).
8, 9. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსეს რჯულის სანიტარული კოდექსი იმდროინდელ ცოდნას აღემატებოდა?
8 ეს სანიტარული კოდექსი ცხადყოფს სიბრძნეს, რომელიც მის დროინდელ ცოდნას აღემატებოდა. თანამედროვე მედიცინამ ბევრი რამ შეისწავლა დაავადების გავრცელებისა და მისი თავიდან აცილების შესახებ. მაგალითად, მე-19 საუკუნეში მედიცინის განვითარების შედეგად აღმოჩენილი იქნა ანტისეპტიკეს წინამორბედი — სისუფთავის საშუალებით დაინფიცირების შემცირება. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაინფიცირება და ნაადრევი სიკვდილიანობა. ევროპის მრავალ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში 1900 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წელზე ნაკლები იყო. მას შემდეგ კი საგრძნობლად გაიზარდა არა მარტო მედიცინის განვითარების გამო, რამაც შესაძლებელი გახადა დაავადებასთან ბრძოლა, არამედ ასევე უკეთესი სანიტარული და საცხოვრებელი პირობების შექმნის გამო.
9 მაგრამ ათასობით წლით ადრე, ვიდრე მედიცინა შეისწავლიდა, როგორ ვრცელდება დაავადება, ბიბლიამ მოიხსენია გონივრული პროფილაქტიკური ზომები დაავადებებისგან დასაცავად. გასაკვირი არ არის, რომ, მოსეს მის დროს მცხოვრებ ისრაელებზე შეეძლო ეთქვა, რომ ისინი ჩვეულებრივ 70 თუ 80 წლამდე ცხოვრობდნენ (ფსალმუნი 89:10). საიდან იცოდა მოსემ ასეთი სანიტარული წესები? ბიბლია თვითონვე ხსნის: კანონთა კრებული „გადაეცა. . . ანგელოზთა მეშვეობით“ (გალატელთა 3:19). დიახ, ბიბლია ადამიანთა სიბრძნით დაწერილი წიგნი არ არის; ის არის წიგნი ღვთისგან.
პრაქტიკული წიგნი თანამედროვე ცხოვრებისთვის
10. რა შეიძლება ითქვას ბიბლიურ რჩევებზე, თუმცა მისი დაწერა დაახლოებით 2 000 წლის წინ დამთავრდა?
10 წიგნები, რომლებიც რჩევებს იძლევა, მოძველებული ხდება, მალე ექვემდებარება გადამუშავებას ან ადგილს უთმობს სხვა წიგნებს. მაგრამ ბიბლია მართლაც უნიკალურია. „მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად,“ — ნათქვამია ფსალმუნის 92:5-ში. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის წერა დაახლოებით 2 000 წლის წინ დამთავრდა, მისი სიტყვები კვლავაც გამოსადეგია. მათ თანაბარი სარგებლობა მოაქვთ ყველა ჩვენგანისთვის, განურჩევლად კანის ფერისა ან ქვეყნისა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ ბიბლიის რჩევები მარადიულია და „მტკიცეა ფრიად“.
11. რა თვალსაზრისი ჰქონდა მრავალ მშობელს აღზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ათწლეულის წინ?
11 რამდენიმე ათწლეულის წინ მრავალი მშობელი, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული „სიახლეების შემომღები იდეებით“ წახალისებული, ფიქრობდა, რომ „აკრძალვა აკრძალულია“. ისინი შიშობდნენ, რომ შეზღუდვები ბავშვებს ტრავმასა და გულგატეხილობას მიაყენებდა. კეთილმოსურნე მრჩევლები მშობლებისგან დაჟინებით მოითხოვდნენ, ბავშვების შეგონების გარდა, ყოველივეს მორიდებოდნენ, მაგრამ ახლა მრავალი ასეთი სპეციალისტი „მშობლებს არწმუნებს, რომ უფრო მკაცრები იყვნენ და ისევ მორჩილებაში ჰყავდეთ ბავშვები,“ — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“ (The New York Times).
12. რას ნიშნავს ‘დარიგებად’ გადათარგმნილი ბერძნული არსებითი სახელი და რატომ სჭირდებათ ბავშვებს ასეთი დარიგება?
12 ბიბლია კი ყოველთვის იძლეოდა ნათელ, გონივრულ რჩევა-დარიგებას ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. ის მშობლებს ურჩევს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). ბერძნული არსებითი სახელი, რომელიც ითარგმნა სიტყვით ‘დარიგება’, ნიშნავს „აღზრდას, მომზადებას ან სწავლებას“. ბიბლია ამბობს, რომ დარიგება ანუ სწავლება ცხადყოფს მშობლიურ სიყვარულს (იგავნი 13:24). ბავშვები ვითარდებიან ნათელი ზნეობრივი ხელმძღვანელობით, რაც ეხმარება მათ, რომ ჩამოუყალიბდეთ კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. სათანადო დარიგების დროს ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ; ის უჩვენებს მათ, რომ მშობლები ზრუნავენ მათზე და იმაზე, თუ როგორ პიროვნებებად ყალიბდებიან (შეადარე იგავნი 4:10–13).
13. ა) რა გაფრთხილებას აძლევს ბიბლია მშობლებს დარიგებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ დარიგებას გვირჩევს ბიბლია?
13 მაგრამ დარიგებასთან დაკავშირებით ბიბლია მშობლებს აფრთხილებს, რომ მშობლის ძალაუფლება ბოროტად არასოდეს გამოიყენონ (იგავნი 22:15). ბავშვი არასდროს უნდა დაისაჯოს სისასტიკით. ძალადობა მიუღებელი უნდა იყოს ოჯახისთვის, რომელიც ბიბლიის პრინციპებით ცხოვრობს (ფსალმუნი 10:5). ასევე უცხო უნდა იყოს ემოციური ტკივილის მიყენება — უხეში სიტყვები, გაუთავებელი კრიტიკა და მომშხამავი სარკაზმი, რამაც შეიძლება მორალურად გაანადგუროს ბავშვი (შეადარე იგავნი 12:18). ბიბლია გონივრულად აფრთხილებს მშობლებს: «ნუ განარისხებთ [„გარდამეტებულად ნუ მისცემთ შენიშვნებს“, „ფილიპსის“ თარგმანი] თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით» (კოლასელთა 3:21, სსგ). ბიბლია გამაფრთხილებელი ზომების მიღების რჩევას იძლევა. მეორე რჯულის 11:19 მშობლებს მოუწოდებს, რომ შვილებში ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების ჩასანერგავად თავისუფალი დრო გამოიყენონ. ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ასეთი ნათელი, გონივრული რჩევა, დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ბიბლიურ დროში.
14, 15. ა) რა მხრივ გვაძლევს ბიბლია უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ ბრძნულ რჩევას? ბ) რა ბიბლიური სწავლებები ეხმარება სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანებს, რომ ერთმანეთი თანასწორად ჩათვალონ?
14 ბიბლია უფრო მეტს გვაძლევს, ვიდრე მხოლოდ გონივრულ რჩევას. მისი ცნობა გულს ეხება. ებრაელთა 4:12 ამბობს: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“. განვიხილოთ მაგალითი, თუ რა აღმძვრელი ძალა აქვს ბიბლიას.
15 დღეს ხალხი დაყოფილია რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური ბარიერებით. ასეთი ხელოვნური კედლები დღემდე უწყობს ხელს უდანაშაულო ადამიანების მასიურ მკვლელობას ომებში მთელი მსოფლიო მასშტაბით. მეორე მხრივ კი ბიბლია შეიცავს სწავლებებს, რომლებიც სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანებს ეხმარება, რომ ერთმანეთი თანაბრად ჩათვალონ. მაგალითად, საქმეების 17:26-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა“. ეს ცხადყოფს, რომ სინამდვილეში არის ერთი რასა — ადამიანთა რასა! შემდეგ ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მივბაძოთ ღმერთს’, რომლის შესახებაც ამბობს: „[ის] მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (ეფესელთა 5:1; საქმეები 10:34, 35). ეს შემეცნება გამაერთიანებელ გავლენას ახდენს მათზე, რომლებიც სინამდვილეში ცდილობენ ბიბლიის სწავლებების თანახმად ცხოვრებას. ის უფრო ღრმად იდგამს ფესვებს გულში და ამსხვრევს ადამიანის მიერ შექმნილ ბარიერებს, რომლებიც ყოფს ხალხს. მართლა აქტუალურია ის დღევანდელ ქვეყნიერებაში?
16. მოიყვანე შემთხვევა, რომელიც აჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეებს ჭეშმარიტი საერთაშორისო ძმობა აქვთ.
16 ეს უდავოდ სიმართლეა! იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი თავიანთი საერთაშორისო ძმობით, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ერთმანეთთან მშვიდობა არ ექნებოდათ. რუანდაში ეთნიკური დაპირისპირების დროს, ორივე ტომის იეჰოვას მოწმეებს შეფარებული ჰყავდათ მოწინააღმდეგე ტომის თავიანთი ძმები და დები, რითაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც მოწმემ ხუტუს ტომიდან სახლში დამალა ტუტსი მოწმის ექვსსულიანი ოჯახი თავისი კრებიდან. სამწუხაროდ, ბოლოს ტუტსი ოჯახი იპოვეს და დახოცეს ისინი. ხუტუ ძმას ოჯახთან ერთად კი მკვლელების რისხვის გამო ტანზანიაში გაქცევა მოუხდა. მსგავსი შემთხვევები მრავლად იყო. იეჰოვას მოწმეები უყოყმანოდ აღიარებენ, რომ ბიბლიური ცნობის აღმძვრელი ძალა მათს გულებს შეეხო და ამან გახადა შესაძლებელი ასეთი ერთობა. ბიბლიას შეუძლია სიძულვილით აღსავსე ქვეყნიერებაშიც კი გააერთიანოს ადამიანები, რაც ძლიერი მტკიცებაა, რომ ის არის წიგნი ღვთისგან.
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებების წიგნი
17. რით განსხვავდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები ადამიანის პროგნოზისგან?
17 „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება“, — ამბობს მე-2 პეტრეს 1:20. ბიბლიის წინასწარმეტყველები ვარაუდებს არ გამოთქვამდნენ, რომლებიც არსებული მსოფლიო მოვლენების ანალიზის საფუძველზე მათი შესაძლო განვითარების შესახებ საკუთარი თვალსაზრისიდან გამომდინარეობდა. არც ისეთ ბუნდოვან მოვლენებს წინასწარმეტყველებდნენ, რისი დაკავშირებაც მომავალში მომხდარ ნებისმიერ ამბავთან შეიძლებოდა. განვიხილოთ ბიბლიური წინასწარმეტყველების ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც არაჩვეულებრივად კონკრეტული იყო და მაშინ მცხოვრები ხალხის მოლოდინისგან სრულიად განსხვავდებოდა.
18. რატომ გრძნობდა თავს უდავოდ უსაფრთხოდ ძველი ბაბილონის მოსახლეობა, მაგრამ რა იწინასწარმეტყველა ბაბილონის შესახებ ესაიამ?
18 ერთი შეხედვით, ძვ. წ. VII საუკუნისთვის ბაბილონი ბაბილონეთის იმპერიის უძლეველი დედაქალაქი იყო. ქალაქი გადაშლილი იყო ევფრატის მდინარეზე და მდინარის წყლებს ფართო, ღრმა თხრილისა და არხთა ქსელისთვის იყენებდნენ. ქალაქი ასევე დაცული იყო ორმაგი კედლის ძლიერი სისტემით, რომელიც გამაგრებული იყო დამცავი კოშკებით. ბაბილონის მოსახლეობა თავს უდავოდ უსაფრთხოდ გრძნობდა. მაგრამ, ძვ. წ. VIII საუკუნეში, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბაბილონი თავისი დიდების მწვერვალს მიაღწევდა, ესაიამ იწინასწარმეტყველა: „ბაბილონი. . . დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომსა და გომორას. არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ“ (ესაია 13:19, 20). ყურადღება მიაქციე, რომ წინასწარმეტყველება არა მარტო ბაბილონის დაქცევას იუწყებოდა, არამედ იმასაც ამბობდა, რომ ის სამუდამოდ გაუკაცრიელდებოდა. რა გაბედული წინასწარმეტყველება იყო! შეეძლო ესაიას ეს წინასწარმეტყველება დანგრეული ბაბილონის ნახვის შემდეგ დაეწერა? ისტორია გვპასუხობს, რომ არა!
19. რატომ არ იყო ესაიას წინასწარმეტყველება ბოლომდე შესრულებული ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბერს?
19 ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის ღამეს ბაბილონი მიდიისა და სპარსეთის ჯარებმა აიღეს, რომლებსაც დიდი კიროსი მეთაურობდა. მაგრამ იმ დროისთვის ესაიას წინასწარმეტყველება ბოლომდე შესრულებული არ იყო. კიროსის მიერ დაპყრობის შემდეგ დასახლებული ბაბილონი — თუმცა ძველებურად დიდებული აღარ იყო — არ გაუკაცრიელებულა საუკუნეების განმავლობაში. ძვ. წ. II საუკუნეში, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც მკვდარ ზღვაში აღმოჩენილი ესაიას გრაგნილი დამზადდა, ბაბილონი, რომლის ხელში ჩაგდების დიდი სურვილით მეზობელი ერები იბრძოდნენ, პართელებს ემორჩილებოდა. ებრაელი ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, იუწყება, რომ ძვ. წ. I საუკუნეში იქ „უამრავი“ იუდეველი ცხოვრობდა. ერთ-ერთი წიგნის (The Cambridge Ancient History) თანახმად, ახ. წ. 24 წელს პალმირელმა ვაჭრებმა ბაბილონში ხელსაყრელი სავაჭრო დასახლებები დააარსეს. ასე რომ, ახ. წ. I საუკუნეში ბაბილონი ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად გაუკაცრიელებული; მაგრამ ესაიას წიგნის წერა დიდი ხნის წინ დამთავრებული იყო (1 პეტრე 5:13).
20. რა მტკიცება არსებობს, რომ ბაბილონი საბოლოოდ „ნანგრევებად“ იქცა?
20 ესაია სიცოცხლეში ვერ მოესწრო ბაბილონის გაუკაცრიელებას. მაგრამ როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ბაბილონი საბოლოოდ ჩვეულებრივ „ნანგრევებად“ იქცა (იერემია 51:37). ებრაულის მცოდნე იერონიმეს თანახმად (ახ. წ. IV საუკუნე), მის დღეებში ბაბილონი სანადირო ადგილად იქცა, სადაც „ყველანაირი ნადირი“ დაეხეტებოდა, და ის დღემდე უკაცრიელია. თუ აღადგენენ ბაბილონს, როგორც ტურიზმის ობიექტს, ამან შეიძლება მიიზიდოს დამთვალიერებლები, მაგრამ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ‘მონაგარი და მისხისმისხი’ სამარადჟამოდ აღმოიფხვრა (ესაია 14:22).
21. რატომ შეეძლოთ ერთგულ წინასწარმეტყველებს გასაოცარი სიზუსტით ეწინასწარმეტყველებინათ მომავალი?
21 წინასწარმეტყველ ესაიას ვარაუდი არ წარმოუთქვამს. მან არც მომხდარი ისტორია დაწერა, რათა ეს წინასწარმეტყველებად გაესაღებინა. ესაია ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო. იგივე შეიძლება ითქვას ბიბლიის სხვა ერთგულ წინასწარმეტყველებზე. რატომ შეეძლოთ ამ მამაკაცებს გაეკეთებინათ ის, რაც არც ერთ სხვა ადამიანს არ შეუძლია — გასაოცარი სიზუსტით ეწინასწარმეტყველებინათ მომავალი? პასუხი ნათელია. წინასწარმეტყველების წყარო წინასწარმეტყველების ღმერთი, იეჰოვა, იყო, რომელიც ‘დასაბამითვე აცხადებს მომავალს’ (ესაია 46:10).
22. რატომ უნდა გავაკეთოთ შეძლებისდაგვარად ყველაფერი, რომ გულწრფელი ადამიანები გავამხნევოთ, გამოიკვლიონ ბიბლია?
22 მაშ, ღირს ბიბლიის გამოკვლევა? ჩვენ ვიცით, რომ პასუხი დადებითია! მაგრამ მრავალი ადამიანი ამაში დარწმუნებული არ არის. მათ ბიბლიის შესახებ საკუთარი თვალსაზრისი აქვთ ჩამოყალიბებული, მაშინაც კი, როცა შესაძლოა არც კი ჰქონდეთ წაკითხული ის. გაიხსენე წინა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული პროფესორი. ის დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და გულდასმითი გამოკვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ბიბლია არის წიგნი ღვთისგან. საბოლოოდ მოინათლა და იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე გახდა, ხოლო დღეს ის უხუცესად მსახურობს! მოდით შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გულწრფელი ადამიანები გავამხნევოთ პირადად გამოიკვლიონ ბიბლია და შემდეგ ჩამოიყალიბონ აზრი მის შესახებ. დარწმუნებული ვართ, რომ, თუ ისინი გულწრფელად პირადად გამოიკვლევენ ბიბლიას, მიხვდებიან, რომ ეს უბადლო წიგნი, ბიბლია, მართლაც არის წიგნი ყველასთვის!
-