ყველა ღვთიური ზეშთაგონებაა?
შეიძლება, რომ ღვთის სულიწმიდა, რომელმაც გააღვთივსულიერა ბიბლია, პასუხისმგებელი იყოს სხვა წიგნებზეც, რომლებიც ზოგის თვალსაზრისით წმინდაა? (2 ტიმოთე 3:16). ეს კითხვა წამოჭრა იტალიურმა იეზუიტურმა ჟურნალმა (La Civiltà Cattolica), რომელიც „[ვატიკანის] სახელმწიფო სამდივნოს მეთვალყურეობის ქვეშ“ დაიბეჭდა და, ამგვარად, კათოლიკურ წრეებში ავტორიტეტით სარგებლობდა.
„ღმერთმა სულიწმიდის საშუალებით თავისი სიტყვის მარცვალი არაებრაული და არაქრისტიანული წეს-ჩვეულებების ზოგ წმინდა წიგნშიც ჩათესა“, — ნათქვამი იყო იეზუიტურ ჟურნალში. იეზუიტებისთვის „წმინდა“ წიგნები, როგორიცაა: „ზოროასტრული ავესტა“ ან „კონფუციანური ოთხი წიგნი“, დაიწერა «სულიწმიდის რაღაც გარკვეული გავლენით და ამიტომ გარკვეულწილად ისინი „ღვთიურ ზეშთაგონებას“ შეიცავს».
მიუხედავად ამისა, სტატია განმარტებას იძლევა. „ასეთი წმინდა წიგნების მთელი შინაარსი არ წარმოადგენს ღვთის სიტყვას“, — ამბობს ის და უმატებს, რომ ამ წიგნების მწერლები შეიძლება იმ „პოლითეისტური ან ფილოსოფიური გარემოს გავლენას ექვემდებარებოდნენ“, რომელშიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მარკო პოლიტის (იტალიურ გაზეთ La Repubblica-ს კორესპონდენტი ვატიკანის საქმეებთან დაკავშირებით) სიტყვების თანახმად, ეს შეხედულება გზას ხსნის წინათ წარმოუდგენელი შესაძლებლობებისთვის კათოლიკურ ეკლესიასა და ისტორიის დიდ რელიგიებს შორის ურთიერთობაში“ და უბრუნდება ინტერკონფესიონალურ სამლოცველო შეხვედრებს, იმის მსგავსს, 1986 წელს ასიზში რომ იყო იოანე პავლე II-ის მიერ მტკიცედ მხარდაჭერილი.
იეჰოვა არ არის უწესრიგობისა და არევ-დარევის ღმერთი (1 კორინთელთა 14:33). ასე რომ, არ შეგვიძლია სამართლიანად დავასკვნათ, რომ მისი სულიწმიდა ანუ მოქმედი ძალა გააღვთივსულიერებდა რაიმე წიგნების თუნდაც ნაწილს, რომლებიც მის სიტყვასთან, ბიბლიასთან, სრულ თანხმობაში არ არის. განსხვავებულ „რელიგიურ წეს-ჩვეულებებს“ შორის ეკუმენიკური დაახლოებისკენ წახალისების ნაცვლად პავლე მოციქულმა დაწერა, რომ არის ‘ერთი იმედი, ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა’ (ეფესელთა 4:4, 5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
ეს ‘ერთი იმედი’ დამოკიდებულია იესო ქრისტესადმი რწმენაზე. ბიბლია შესაფერისად ამბობს: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). არც ერთი სხვა „წმინდა წიგნი“ არ წარადგენს იესოს, როგორც მთავარ პერსონაჟს ღვთის განზრახვების შესრულებაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაღიარებთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, მას შეუძლია გვასწავლოს გადარჩენისთვის იეჰოვა ღმერთის სიყვარულით აღსავსე ღონისძიების შესახებ (იოანე 17:3; 1 თესალონიკელთა 2:13).