საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად უნიკალურია ადამიანი!
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • ჩვენი საოცარი ტვინი

      წლების მანძილზე ადამიანის ტვინს კომპიუტერს ამსგავსებდნენ, მაგრამ უახლესმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ეს ძალიან უხეში შედარებაა. „როგორ ჩაწვდება ვინმე ისეთი ორგანოს მუშაობას, რომელშიც 50 მილიარდამდე ნეირონია კვადრილიონი (1015) სინაფსით (კავშირით) და მთლიანი აგზნების სიხშირით, რომელიც უდრის დაახლოებით ათ კვადრილიონს წამში?“ — იკითხა დ-რმა რიჩარდ მ. რესტაკმა. რა უპასუხა მან ამაზე? „ნეირონული ქსლის ყველაზე ძლიერი კომპიუტერების შესაძლებლობაც კი. . . ბუზის გონებრივი შესაძლებლობის დაახლოებით ერთ მეათიათასედს უდრის“. წარმოიდგინეთ, რამდენად ჩამოუვარდება კომპიუტერი ადამიანის ტვინს, რომელიც თავისი სირთულით გაცილებით აღემატება მას.

      რომელ კომპიუტერს შეუძლია თვითშეკეთება, პროგრამის გადაწერა ან გასრულყოფილება წლების განმავლობაში? როცა კომპიუტერულ სისტემას გასწორება სჭირდება, ახალი კოდირებული ინსტრუქციები უნდა ჩაწეროს და შეიტანოს პროგრამისტმა. ტვინი კი ამგვარ სამუშაოს ავტომატურად ასრულებს სიცოცხლის ადრეულ ასაკშიც და სიბერის დროსაც. გაზვიადება არ იქნებოდა იმის თქმა, რომ ტვინთან შედარებით ყველაზე ძლიერი კომპიუტერი ძალიან პრიმიტიულია. ტვინს მეცნიერებმა უწოდეს „ცნობილთაგან ყველაზე რთული მოწყობილობა“ და „სამყაროს ურთულესი ობიექტი“. მოდით განვიხილოთ ზოგი აღმოჩენა, რომლებმაც მრავალი ადამიანი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ადამიანის ტვინი შექმნა მზრუნველმა შემოქმედმა.

      გამოიყენეთ, თორემ დაკარგავთ

      სასარგებლო გამოგონებები, მაგალითად ავტომანქანები და რეაქტიული თვითმფრინავები, უმთავრესად, შემოფარგლულია უცვლელი მექანიზმებითა და ელექტროსისტემებით, რომლებიც ადამიანებმა მოიგონეს და დანერგეს. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ტვინი წარმოადგენს, სულ მცირე, ისეთ ბიოლოგიურ მექანიზმს ანუ სისტემას, რომელიც ადვილად განიცდის ცვლილებებს. მას შეუძლია შეიცვალოს იმისდა მიხედვით, კარგად იყენებენ მას თუ ცუდად. ცხოვრების მანძილზე ტვინის განვითარებაზე მოქმედებს ორი მთავარი ფაქტორი — რას ვაწვდით მას ჩვენი გრძნობების მეშვეობით და რაზე ვფიქრობთ.

      თუმცა მემკვიდრეობით ფაქტორებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გონებრივ შესაძლებლობებზე, თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს გენები არ განსაზღვრავს ჩასახვის დროს. „არავის მოუვიდოდა აზრად ის, რაც დღეს მეცნიერებისთვისაა ცნობილი, რომ ტვინს შეუძლია განიცადოს დიდი ცვლილებები“, — წერს პულიცერის პრემიის ლაურეატი რონალდ კოტიულაკი. 300-ზე მეტი მკვლევარისგან ინტერვიუს აღების შემდეგ მან დაასკვნა: „ტვინი სტატიკური ორგანო არ არის; ის არის უჯრედების მუდმივად ცვალებადი უამრავი კავშირი, რომლებზეც დიდ გავლენას ახდენს ცხოვრებისეული გამოცდილება“ („ტვინის შიგნით“ [Inside the Brain]).

      მაგრამ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება არ წარმოადგენს ტვინის ჩამოყალიბების ერთადერთ საშუალებას. მასზე ჩვენი აზროვნებაც ახდენს გავლენას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გონებრივად ზარმაცებთან შედარებით, გონებრივად აქტიურ ადამიანებს ტვინში დაახლოებით 40 პროცენტით მეტი კავშირი (სინაფსი) აქვთ ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის. ნევროლოგები ასკვნიან: უნდა გამოიყენოთ, თორემ დაკარგავთ. მაგრამ ხანდაზმულებზე რაღას ვიტყვით? როგორც ჩანს, როცა ადამიანი ბერდება, გარკვეულწილად კარგავს ტვინის უჯრედებს და ასაკს თან მეხსიერების დაკარგვაც შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ დანაკარგი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აქამდე ეგონათ. ჟურნალ „ნეშენლ ჯიოგრეფიკის“ (National Geographic) სტატიაში ადამიანის ტვინის შესახებ ნათქვამი იყო: „მოხუცებულები. . . გონებრივი აქტიურობის საშუალებით ინარჩუნებენ ახალი კავშირების წარმოქმნისა და ძველი კავშირების შენახვის უნარს“.

      უახლესი აღმოჩენები ტვინის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ეთანხმება ბიბლიაში მოცემულ რჩევას. ეს სიბრძნის წიგნი მოუწოდებს მკითხველს, ‘შეიცვალოს გონების განახლებით’, ანუ ‘განახლდეს’ ‘შემეცნებით’, რომელსაც გონება ითვისებს (რომაელთა 12:2; კოლასელთა 3:10). იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ეს სინამდვილეში ხდება, როცა ხალხი სწავლობს ბიბლიას და იყენებს მის რჩევებს. სხვადასხვა განათლების მქონე ათასობით ადამიანი საზოგადოების ყველა ფენიდან ახდენს ასეთ ცვლილებას. ისინი არ კარგავენ თავიანთ ინდივიდუალურობას, მაგრამ უფრო ბედნიერები და გაწონასწორებულები ხდებიან და ‘კეთილგონიერებას’ ავლენენ, როგორც ამას პირველი საუკუნის მწერალი მოიხსენიებს (საქმეები 26:24, 25). ამგვარი გაუმჯობესებები, უმთავრესად, იმის შედეგია, რომ ადამიანი კარგად იყენებს ცერებრული ქერქის გარკვეულ ნაწილს, რომელიც თავის წინა ნაწილში მდებარეობს.

      შუბლის წილი

      ტვინის გარე შრეში, ცერებრულ ქერქში, არსებული ნეირონების უმრავლესობა უშუალოდ არ არის დაკავშირებული კუნთებსა და გრძნობის ორგანოებთან. მაგალითად, განვიხილოთ მილიარდობით ნეირონი, რომლებისგანაც შედგება შუბლის წილი (იხილეთ ნახატი, გვ. 56). ტვინის ტომოგრაფიით დამტკიცდა, რომ შუბლის წილი აქტიურდება იმ შემთხვევაში, როცა რაღაც სიტყვაზე ვფიქრობთ ან რაღაცას ვიხსენებთ. ტვინის წინა ნაწილი განსაკუთრებულ როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ინდივიდუალობაში.

      „შუბლისწინა წილის ქერქი. . . ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ფიქრთან, ინტელექტთან, მოტივებსა და პიროვნულ თვისებებთან. ის ერთმანეთთან აკავშირებს შთაბეჭდილებებს, რომლებიც საჭიროა აბსტრაქტული აზროვნებისთვის, მსჯელობისთვის, გეგმების შედგენისთვის, აგრეთვე ნებისყოფის, სხვებზე ზრუნვის სურვილისა და სინდისის გამომუშავებისთვის. . . ტვინის ამ ნაწილში მიმდინარე მუშაობა ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს“ („ადამიანის ანატომია და ფსიქოლოგია“, ავტორი ი. ნ. მარიები [Human Anatomy and Physiology]). ამ სხვაობას ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიღწევებში მათემატიკის, ფილოსოფიისა და სამართალის დარგში, რითაც, უმთავრესად, შუბლისწინა წილის ქერქია დაკავებული.

      რატომ არის ადამიანების შუბლისწინა წილის ქერქი, რომელიც ხელს უწყობს უმაღლეს გონებრივ ფუნქციებს, დიდი და რატომ აქვს მას უნარი ადვილად შეიცვალოს იმ დროს, როცა ცხოველებისა პრიმიტიულია ან საერთოდ არა აქვთ? სხვაობა იმდენად დიდია, რომ ბიოლოგები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჩვენ ევოლუციით განვვითარდით, ამას „ტვინის ზომის საიდუმლო ზრდას“ უწოდებენ. როცა აღნიშნავდა ჩვენი ცერებრული ქერქის უჩვეულო ზრდას, ბიოლოგიის პროფესორმა რიჩარდ ფ. ტომფსონმა აღიარა: „ჩვენ დღემდე არ გვესმის, რატომ მოხდა ეს“. იქნებ მიზეზი ისაა, რომ ადამიანი შექმნილი იყო ტვინის ასეთი შეუდარებელი შესაძლებლობით?

      ურთიერთობის სწორუპოვარი უნარი

      ჩვენს უნიკალურობაში თავისი წვლილი ტვინის სხვა ნაწილებსაც შეაქვთ. ჩვენი შუბლისწინა წილის ქერქის უკან სიგანეზე გადაჭიმულია ზოლი — ქერქის მამოძრავებელი ზონა. ის შეიცავს მილიარდობით ნეირონს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს კუნთებთან. მასაც აქვს ისეთი თავისებურებები, რომლებიც ძალიან განგვასხვავებს ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და სხვა ცხოველებისგან. ძირითადი ქერქის მამოძრავებელი ზონა გვაძლევს არაჩვეულებრივ უნარს, „1) ხელისა და თითების გამოყენებით შევასრულოთ უმაღლესად ოსტატური სამუშაოები, და 2) პირის, ტუჩების, ენისა და სახის კუნთების გამოყენებით ვილაპარაკოთ“ („სამედიცინო ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო“, ავტორი გაიტონი [Textbook of Medical Physiology]).

      მოკლედ განვიხილოთ, როგორ მოქმედებს ქერქის მამოძრავებელი ზონა მეტყველებაზე. ნახევარზე მეტი ნაწილი მართავს სამეტყველო ორგანოებს. ეს გვეხმარება, ავხსნათ ადამიანების ურთიერთობის სწორუპოვარი უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელები გარკვეულ როლს ასრულებს ურთიერთობაში — ჩვენ შეგვიძლია წერა, ჟესტიკულაცია ან ჟესტების ენაზე საუბარი — ჩვეულებრივ, ამაში მთავარ როლს პირი ასრულებს. ადამიანის მეტყველება — იქნება ეს ჩვილის პირველი სიტყვა თუ ხანდაზმულის ნათქვამი — უეჭველად, სასწაულია. ასამდე კუნთი ენაში, ტუჩებში, ყბაში, ხორხსა და გულმკერდში წარმოქმნის უთვალავ ბგერას. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სხვაობას: ტვინის ერთ უჯრედს შეუძლია აკონტროლოს ათლეტის კანჭის კუნთის 2000 ბოჭკო, მაგრამ ტვინის უჯრედებს, რომლებიც ხორხის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, მხოლოდ კუნთის ორი-სამი ბოჭკოს მუშაობის რეგულირება შეუძლიათ. ნუთუ ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ჩვენი ტვინი სპეციალურადაა აღჭურვილი ურთიერთობისთვის?

      ყოველი მოკლე ფრაზა, რომელსაც წარმოთქვამთ, მოითხოვს კუნთების განსაკუთრებულ მოძრაობას. ერთი და იგივე გამოთქმის მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია წამის მონაკვეთში სხვადასხვა კუნთის მოძრაობის ინტენსიურობაზე. „საშუალო ტემპის დროს, — განმარტავს სპეციალისტი მეტყველების საკითხში დ-რი უილიამ ჰ. პერკინზი, — წამში 14 ბგერას წარმოვთქვამთ. ეს ორჯერ სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვენ კონტროლს ვუწევთ ენას, ტუჩებს, ყბასა თუ სამეტყველო აპარატის სხვა ნაწილებს, როცა მათ ცალ-ცალკე ვამოძრავებთ. მაგრამ მეტყველების დროს ისინი მუშაობენ დახელოვნებული მბეჭდავის ან პიანისტის თითების მსგავსად. მათი მოძრაობა ერთდროულად ხდება და წარმოქმნის დახვეწილ, შეთანხმებულ მოქმედებას“.

      ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ დავსვათ მარტივი კითხვა — „როგორა ხარ?“ — ინახება შუბლის წილის იმ ნაწილში, რომელსაც ბროკას ზონა ეწოდება, რაც, ზოგის აზრით, ადამიანის მეტყველების ცენტრია. ნობელის პრემიის ლაურეატი ნევროლოგი სერ ჯონ ეკლზი წერდა: „ადამიანის მსგავს მაიმუნებში არ იქნა ნაპოვნი ბროკას მეტყველების ზონის შესაბამისი ზონა“. თუნდაც რომ იპოვონ ცხოველებში მსგავსი ზონები, ფაქტია, რომ მეცნიერები ადამიანის მსგავს მაიმუნებს რამდენიმე მარტივი სამეტყველო ბგერის გარდა ვერაფერს ათქმევინებენ. თქვენ კი რთულ ენაზე მეტყველება შეგიძლიათ. ამისთვის თქვენ სიტყვებს აერთიანებთ თქვენი ენის გრამატიკის მიხედვით. ბროკას ცენტრი გეხმარებათ ლაპარაკსა და წერაში.

      რასაკვირველია, ვერ გამოიყენებდით მეტყველების ამ სასწაულს, თუ არ გეცოდინებოდათ, სულ ცოტა, ერთი ენა და მისი სიტყვების მნიშვნელობა. ამისთვის კი საჭიროა ტვინის სხვა განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც ვერნიკეს ზონა. აქ მილიარდობით ნეირონი არჩევს ნათქვამი და დაწერილი სიტყვების მნიშვნელობას. ვერნიკეს ზონა გეხმარებათ ნათქვამიდან აზრის გამოტანასა და მოსმენილისა თუ წაკითხულის გაგებაში; მაშასადამე, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია და შეგნებულად გამოეხმაუროთ მას.

      მაგრამ გამართული მეტყველებისთვის უფრო მეტია საჭირო. მაგალითად, სიტყვა „გამარჯობა“ შეიძლება გადასცემდეს სხვადასხვა მნიშვნელობას. ხმის ტონი აჩვენებს, გიხარიათ თუ აღელვებული ხართ, მოწყენილი ხართ თუ გეჩქარებათ, გაღიზიანებული ხართ თუ დამწუხრებული ან შეშინებული — და მას შეუძლია ამ ემოციების სხვადასხვა ძალით გადაცემა. მეტყველების ემოციურ მხარეზე პასუხისმგებელია თქვენი ტვინის სხვა ზონა. ასე რომ, ურთიერთობის დროს ტვინის სხვადასხვა ნაწილი ერთვება მუშაობაში.

      შიმპანზეებს ასწავლეს რამდენიმე ჟესტი, რომლებსაც ისინი მხოლოდ საკვებისა და სხვა ძირითადი საჭიროებების სათხოვნელად იყენებენ. დ-რმა დეივიდ პრემაკმა, რომელიც იმაზე მუშაობდა, რომ შიმპანზეებისთვის მარტივი ჟესტები ესწავლებინა, დაასკვნა: „ადამიანის ენა ევოლუციის თეორიას სიძნელეებს უქმნის, რადგანაც მისი შესაძლებლობების ახსნა შეუძლებელია“.

      შეიძლება ვფიქრობთ: რატომ აქვთ ადამიანებს აზრებისა და გრძნობების გადაცემის, კითხვების დასმისა და პასუხების გაცემის საოცარი უნარი? „ენისა და ენათმეცნიერების ენციკლოპედია“ (The Encyclopedia of Language and Linguistics) ამბობს, რომ „[ადამიანის] მეტყველება განსაკუთრებულია“, და აღიარებს, რომ „წინამორბედის ძებნა ცხოველთა ურთიერთობაში არცთუ ისე დიდ დახმარებას იძლევა, რომ შევავსოთ უზარმაზარი უფსკრული, რომელიც ადამიანის ენასა და მეტყველებას ყოფს ცხოველური ქცევებისგან“. პროფესორმა ლუდვიგ კელერმა შემდეგნაირად შეაჯამა ეს სხვაობა: „ადამიანის მეტყველება საიდუმლოებაა: ღვთიური ნიჭი, სასწაული“.

      რა დიდი სხვაობაა მაიმუნის მიერ ჟესტების გამოყენებასა და ბავშვების უნარს შორის, დაეუფლონ რთულ ენას! სერ ჯონ ეკლზმა იმაზე მიუთითა, რაც მრავალ ჩვენგანსაც შეუმჩნევია, — უნარზე, რომელსაც „თვით სამი წლის ბავშვიც კი ავლენს, როცა უამრავ კითხვას სვამს გარე სამყაროს შეცნობის სურვილით“. მან დასძინა: „მაიმუნები კი კითხვებს არ სვამენ“. დიახ, მხოლოდ ადამიანები სვამენ კითხვებს, მათ შორის კითხვებს სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით.

      მეხსიერება და მეტიც!

      როცა სარკეში იყურებით, შეიძლება გაიხსენოთ, თუ ახალგაზრდობაში როგორ გამოიყურებოდით, ან წარმოიდგინოთ, თუ როგორი იქნებით რამდენიმე წლის ან სახეზე მაკიაჟის დადების შემდეგ. ასეთი აზრები თითქმის ქვეცნობიერად ჩნდება, მაგრამ ამ დროს რაღაც განსაკუთრებული ხდება — ის, რასაც ცხოველები არ განიცდიან.

      ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც, უმთავრესად, ახლანდელი საჭიროებებით ცხოვრობენ, ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ წარსულზე და გეგმები დაისახონ მომავლისთვის. ამის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს თქვენი ტვინის თითქმის უსაზღვრო მეხსიერება. ფაქტია, რომ ცხოველებსაც აქვთ გარკვეული მეხსიერება, რის წყალობითაც შეუძლიათ იპოვონ „სახლის“ გზა ან გაიხსენონ, სად შეიძლება საკვების პოვნა. მაგრამ ადამიანის მეხსიერება დიდად აღემატება მათსას. ერთმა მეცნიერმა გამოთვალა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ტვინს შეუძლია დაიტიოს, „შეავსებდა ოც მილიონამდე ტომს — ამდენი წიგნი კი მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე დიდ ბიბლიოთეკებშია“. ზოგი ნევროლოგი ვარაუდობს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განმავლობაში ადამიანი იყენებს ტვინის პოტენციური შესაძლებლობის მხოლოდ ერთი პროცენტის ერთ მეასედ ნაწილს (0,0001). შეიძლება წამოგეჭრათ კითხვა: „რატომ გვაქვს ასეთი ტვინი, თუ მისი შესაძლებლობების მხოლოდ უმცირეს ნაწილს ვიყენებთ სიცოცხლის ჩვეულებრივი ხანგრძლივობის განმავლობაში?“

      ჩვენი ტვინი, რომელიმე სუპერკომპიუტერის მსგავსად, მხოლოდ ინფორმაციის უშველებელი საწყობი როდია. ბიოლოგიის პროფესორებმა რობერტ ორნშტეინმა და რიჩარდ ფ. ტომფსონმა, დაწერეს: „ადამიანის გონების სწავლის უნარი — შეინახოს და მერე გაიხსენოს ინფორმაცია — ყველაზე საუცხოო მოვლენაა ბიოლოგიურ სამყაროში. ყველაფერი, რაც ადამიანებად გვხდის, — ენა, აზროვნება, ცოდნა, კულტურა — ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობის შედეგს წარმოადგენს“.

      უფრო მეტიც, ადამიანს აქვს ცნობიერება. შეიძლება ეს განაცხადი ელემენტარულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის აჯამებს იმას, რაც, უეჭველად, ადამიანს უნიკალურს ხდის. გონება აღწერილი იყო როგორც „საიდუმლო სუბსტანცია, რომელსაც აქვს ინტელექტი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, გამჭრიახობა და მეობის აღქმის უნარი“. როგორც ნაკადულები, ნიაღვრები და მდინარეები ჩაედინება ზღვაში, ისე განუწყვეტლივ შედის და მოძრაობს ტვინში მოგონებები, აზრები, წარმოდგენები, ბგერები და გრძნობები. ერთი განმარტების თანახმად, ცნობიერება არის „აღქმა იმისა, რაც ადამიანის ტვინში შედის“.

      თანამედროვე მკვლევარებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს ტვინის ფიზიკური აგებულების და მასში მიმდინარე ზოგი ელექტროქიმიური პროცესის შესწავლის საკითხში. მათ აგრეთვე შეუძლიათ ახსნან ძლიერი კომპიუტერების სქემები და მუშაობა. მაგრამ ტვინსა და კომპიუტერს შორის დიდი სხვაობაა. ტვინის დახმარებით გაცნობიერებული გაქვთ თქვენი არსებობა, კომპიუტერს კი ეს არ შეუძლია. რატომაა ასეთი განსხვავება?

      გულახდილად რომ ვთქვათ, საიდუმლოებაა, თუ ჩვენს ტვინში როგორ და რატომ ჩნდება ცნობიერება ფიზიკური პროცესებიდან. „არა მგონია, რომ მეცნიერების რომელიმე დარგს შეეძლოს ამის ახსნა“, — თქვა ერთმა ნეირობიოლოგმა. აგრეთვე პროფესორმა ჯეიმზ ტრეიფილმა შენიშნა: „ზუსტად რას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ცნობიერება. . . წარმოადგენს მეცნიერების ერთადერთ უმთავრეს კითხვას, რომელიც არც კი ვიცით, როგორ ჩამოვაყალიბოთ“. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ მეცნიერები ტვინის ამ უნარის გასაგებად ტვინს იყენებენ. ტვინის მხოლოდ ფიზიოლოგიის შესწავლა კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. დ-რმა დეივიდ ჩამერზმა შენიშნა, რომ ცნობიერება არის „ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება, მაგრამ მხოლოდ ტვინის მუშაობის გაგებით [მეცნიერებს] გაუჭირდებათ ამ საიდუმლოების ამოხსნა“.

      რაც უნდა იყოს, ყოველ ჩვენგანს აქვს ცნობიერება. მაგალითად, წარსული მოვლენების ცოცხალი მოგონებები, კომპიუტერის ინფორმაციისგან განსხვავებით, მხოლოდ შენახული ფაქტები არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ თავს გადამხდარ მოვლენებზე, ვისწავლოთ აქედან და გავითვალისწინოთ ეს მომავლის დაგეგმვისას. ძალგვიძს წარმოვიდგინოთ მომავალი მოვლენები და შევაფასოთ თითოეულის შესაძლო შედეგები. გვაქვს გაანალიზების, შექმნის, დაფასებისა და სიყვარულის უნარი. შეგვიძლია სასიამოვნო საუბრები წარვმართოთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. გვაქვს ზნეობრივი ფასეულობები ქცევასთან დაკავშირებით და შეგვიძლია მათი გამოყენება გადაწყვეტილებების მიღებისას, რასაც შეუძლია სარგებლობის მოტანა ახლა ან მომავალში. გვიზიდავს მაღალი ზნეობა და სილამაზე ხელოვნებაში. შეგვიძლია გონებაში ჩამოვაყალიბოთ და დავხვეწოთ იდეები და ვივარაუდოთ, რა რეაქცია ექნებათ სხვებს, თუ ამ იდეებს ცხოვრებაში გავატარებთ.

      ამგვარი ფაქტორები წარმოქმნის ცოდნას, რაც ადამიანებს განარჩევს დედამიწაზე არსებული სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან. როცა ძაღლი, კატა ან ჩიტი სარკეში იხედება, ისე რეაგირებს, თითქოს თავისი სახეობის სხვა წარმომადგენელს ხედავდეს. მაგრამ როცა თქვენ იხედებით სარკეში, გაცნობიერებული გაქვთ საკუთარი არსებობა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებითურთ. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა: რატომ ცოცხლობს ზოგიერთი კუ 150 წელს და ზოგი ხე 1000-ზე მეტ წელს, ხოლო, თუ გონიერი ადამიანი 100 წელს მიაღწევს, საქვეყნო სენსაციად იქცევა? დ-რი რიჩარდ რესტაკი აცხადებს: „ადამიანის ტვინს — მხოლოდ და მხოლოდ მას — აქვს უნარი შეჩერდეს, შეამოწმოს საკუთარი მოქმედება და ამგვარად მიაღწიოს ახალ მწვერვალებს. მართლაც, ჩვენი უნარი — შევცვალოთ ჩვენი მოქმედების გეგმა და შევამოწმოთ საკუთარი მდგომარეობა სამყაროში — განგვასხვავებს სამყაროს ყველა სხვა ქმნილებისგან“.

      ადამიანის ცნობიერება ზოგს საგონებელში აგდებს. წიგნი „აღმავალი სიცოცხლე“ (Life Ascending), თუმცა უპირატესობას ანიჭებს ამის მარტივ ბიოლოგიურ ახსნას, მაინც აღიარებს: „ჩვენ ჩიხში შევდივართ, როცა ვსვამთ კითხვას, თუ როგორ შეეძლო [ევოლუციის] პროცესს, რომელიც შემთხვევაზე დამოკიდებული თამაშის მსგავსია, რომელშიც დამარცხებულებს მკაცრად აჯარიმებენ, წარმოექმნა სილამაზისა და ჭეშმარიტების სიყვარული, თანაგრძნობა, თავისუფლება და განსაკუთრებით ადამიანის ხასიათის მრავალფეროვნება. რაც უფრო მეტად ვუფიქრდებით ჩვენს სულიერ შესაძლებლობებს, მით მეტად გვაოცებს ეს“. აბსოლუტური სიმართლეა. ახლა შეგვიძლია ჩვენი განხილვა ადამიანის უნიკალურობასთან დაკავშირებით დავასრულოთ ცნობიერების შესახებ რამდენიმე ფაქტით, რაც ცხადყოფს, თუ რატომ არის მრავალი დარწმუნებული, რომ უნდა არსებობდეს გონიერი კონსტრუქტორი, მზრუნველი შემოქმედი.

  • რამდენად უნიკალურია ადამიანი!
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 55 გვერდზე]

      ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და ჩვენი ტვინი

      პროფესორმა პოლ დეივისმა შემდეგი აზრი გამოთქვა ტვინის უნართან დაკავშირებით — აითვისოს ისეთი თეორიული დარგი, როგორიცაა მათემატიკა. „მათემატიკა ხეზე არ იზრდება. ის ადამიანის გონების ნაყოფია. მაგრამ თუ ვიკითხავთ: სად ნახულობს მათემატიკა ყველაზე დიდ გამოყენებას, ეს არის ისეთი სფეროები, როგორიცაა: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და ასტროფიზიკა, ფუნდამენტური მეცნიერების დარგები, რომლებიც ძალიან, ძალიან შორსაა ყოველდღიური ცხოვრებისგან“. რას ნიშნავს ეს? „ჩემი აზრით, ცნობიერება და ჩვენი უნარი, ვაწარმოოთ მათემატიკური გამოთვლები, უბრალო დამთხვევა არ არის, არც წვრილმანი, არც ევოლუციის უმნიშვნელო თანაპროდუქტი“ (Are We Alone?).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება