-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
აქამდე, უხუცესებად და მომსახურეებად დანიშვნის რეკომენდაციები ეგზავნებოდა ადგილობრივ ფილიალს. იქ ხელმძღვანელი საბჭოს მიერ დანიშნული ძმები გადახედავდნენ ხოლმე ამ რეკომენდაციებს და იღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. შემდეგ ფილიალი შეატყობინებდა კრების უხუცესთა საბჭოს, უხუცესები კი ატყობინებდნენ ძმას თავისი ახალი დანიშნულების შესახებ და ეკითხებოდნენ, იყო თუ არა მზად ამ პასუხისმგებლობის ასაღებად და ნამდვილად შეესაბამებოდა თუ არა საჭირო მოთხოვნებს. ბოლოს კი კრებაში კეთდებოდა განცხადება.
პირველ საუკუნეში ზოგჯერ მოციქულები აძლევდნენ ძმებს კონკრეტულ დავალებებს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მათ შვიდი მამაკაცი დანიშნეს ქვრივებისთვის საკვების ყოველდღიურ განაწილებაზე (საქ. 6:1—6). მაგრამ ამ მაგალითიდან არ ჩანს, რომ ეს მამაკაცები მოციქულების მიერ იყვნენ დანიშნული უხუცესებად ან მომსახურეებად, ვინაიდან ამ დავალების მიღებამდე ისინი შესაძლოა უკვე მსახურობდნენ უხუცესებად. მაშ, როგორ ინიშნებოდნენ უხუცესები და მომსახურეები პირველ საუკუნეში?
მართალია, ბიბლიაში დეტალურად არ არის აღწერილი, როგორ ინიშნებოდნენ ძმები, მაგრამ გარკვეულწილად მაინც შეგვიძლია იმის დანახვა, თუ როგორ ხდებოდა ეს. მაგალითად, როდესაც პავლე და ბარნაბა პირველი მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდნენ „თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს და ლოცვითა და მარხვით მიანდეს ისინი იეჰოვას, რომელიც ირწმუნეს“ (საქ. 14:23). წლების შემდეგ პავლემ თავის თანამსახურ ტიტეს მისწერა: „კრეტაში იმიტომ დაგტოვე, რომ გამოასწორო ნაკლოვანებები და ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნო ჩემი მითითებისამებრ“ (ტიტ. 1:5). როგორც ჩანს, ტიმოთესაც, რომელიც პავლესთან ერთად ხშირად მოგზაურობდა, იგივე პასუხისმგებლობა ეკისრა (1 ტიმ. 5:22). აშკარაა, რომ ძმების ასეთი დანიშვნები ხდებოდა მიმომსვლელი ზედამხედველების მიერ და არა მოციქულების ან იერუსალიმის უხუცესების მიერ.
ამ ბიბლიურ მაგალითზე დაფიქრებით იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ კიდევ ერთხელ გადახედა უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნის საკითხს და მოახდინა ცვლილებები. 2014 წლის 1 სექტემბრიდან დანიშვნები მოხდება შემდეგნაირად: სარაიონო ზედამხედველი გულდასმით განიხილავს თავისი რაიონიდან მიღებულ რეკომენდაციებს. კრების მონახულებისას ის შეეცდება ახლოს გაიცნოს ეს ძმები და თუ შესაძლებელი იქნება, მათთან იმსახუროს. მას შემდეგ, რაც უხუცესთა საბჭოსთან ერთად განიხილავს ამ რეკომენდაციებს, სარაიონო ზედამხედველს შეეძლება დანიშნოს უხუცესები და მომსახურეები თავისი რაიონის კრებებში. ასეთი სახით, უფრო ზუსტად მივყვებით პირველი საუკუნის მაგალითს.
უხუცესები სარაიონო ზედამხედველთან ერთად განიხილავენ, შეესაბამება თუ არა ძმა ბიბლიურ მოთხოვნებს (მალავი)
ვის რა როლი აკისრია ამ პროცესში? როგორც ყოველთვის „ერთგულ და გონიერ მონას“ უმთავრესი პასუხისმგებლობა აკისრია შინაურების გამოკვების საქმეში (მათ. 24:45—47). ისინი წმინდა სულის დახმარებით იკვლევენ ბიბლიას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრებებს აძლევენ მითითებებს, როგორ გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები პრაქტიკულად. ეს კი კრებების ორგანიზებულობას უწყობს ხელს. ერთგული მონა ასევე ნიშნავს სარაიონო ზედამხედველებსა და ფილიალის კომიტეტის წევრებს. ფილიალები კი, თავის მხრივ, ზრუნავენ იმაზე, რომ თავიანთ ტერიტორიაზე დანერგონ ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებული მითითებები.
-