დაუვიწყარი მოვლენა საფრანგეთში
„არ გვინდა იეჰოვას ქალაქი!“ — აცხადებდა მთელ ქალაქში გაკრული პლაკატები. „გავერთიანდეთ იეჰოვას პროექტის წინააღმდეგ“, — მოუწოდებდა ხალხს ერთი მოწინააღმდეგე ჯგუფი. პრესამ ამ შინაარსის ასობით სტატია შეაჩეჩა მკითხველს. პეტიციებს ხელი მოეწერა და ადგილობრივი საფოსტო ყუთები გაივსო ნახევარ მილიონზე მეტი პამფლეტით, რომლებიც ამ პროექტს მოიხსენიებდა. რა პროექტი იყო ეს, რომელმაც ასე ააფორიაქა ეს მშვიდი, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე, ქალაქი ლუვიე? — იეჰოვას მოწმეების ახალი ფილიალის ბიუროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება.
იეჰოვა ზრდის
იეჰოვას მოწმეებმა მოღვაწეობა საფრანგეთში მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს დაიწყეს. ბიბლიური ლიტერატურის პირველი საწყობი 1905 წელს გაიხსნა ბოუვენში (საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი). 1919 წელს პატარა ოფისი ამუშავდა პარიზში. ქალაქში ფილიალის ბიურო ოფიციალურად 1930 წელს გაიხსნა; მომდევნო წელს ოფისი ბეთელის სახლში გადავიდა ონგონ-ლეი-ბეინში (პარიზის ჩრდილოეთით). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბეთელის ოჯახი კვლავ პარიზში დაბრუნდა და 1959 წელს ფილიალი გადატანილ იქნა ხუთსართულიან შენობაში დედაქალაქის დასავლეთით მდებარე გარეუბანში, ბულოუნ-ბიონქურში.
სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის გაზრდის გამო, 1973 წელს სტამბისა და ლიტერატურის განაწილების შენობებმა ლუვიეში გადაინაცვლა, რომელიც პარიზის ჩრდილოეთით 100 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, მაშინ როდესაც ოფისები ბულოუნ-ბიონქურში დარჩა. მაგრამ, მიუხედავად 1978 და 1985 წლებში მომხდარი გაფართოებისა, საფრანგეთში მაუწყებელთა რიცხვის ზრდის გამო ლუვიეში შენობები არასაკმარისი აღმოჩნდა. ასე რომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაფართოებისთვისა და მთელი ბეთელის ოჯახის ერთ ადგილზე თავმოყრისთვის. როგორც დასაწყისში მოვიხსენიეთ, ლუვიეში ყველა კეთილგანწყობილებით არ შეხვდა ამ პროექტს. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, სტამბიდან კილომეტრ-ნახევრის მოშორებით იშოვეს ადგილი. ამას ექვსწლიანი მძიმე შრომა მოჰყვა და ბოლოს, 1996 წლის აგვისტოში, 23-წლიანი ცალკე ყოფნის შემდეგ ბეთელის მთელი ოჯახი ლუვიეში გაერთიანდა.
ამგვარად, 1 187 ბედნიერი ადამიანი, რომელთა შორისაც იყო საფრანგეთის ბეთელის ოჯახის 300 წევრი და 329 დელეგატი 42 ქვეყნიდან, 1997 წლის 15 ნოემბერს, შაბათს, დიდი სიხარულით შეიკრიბა მიძღვნის მოხსენების მოსასმენად, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ძმა ლოიდ ბერიმ წარმოთქვა. მაგრამ, მხედველობაში თუ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მთელ საფრანგეთში მტრობისა და იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად მიძღვნის ზეიმი ჩატარდა, ყველა ფრანგ მოწმეს შეეძლო ეზეიმა გამარჯვება. კვირას, 16 ნოემბერს, სპეციალური შეხვედრა თემით „დარჩით იესოს სიყვარულში“ ჩატარდა პარიზის ჩრდილოეთით მდებარე ვილეფეინთის საგამოფენო დარბაზში. იეჰოვას ყველა მოწმე საფრანგეთიდან და აგრეთვე ბელგიასა და შვეიცარიაში მცხოვრები ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე მოწმეები მიწვეული იყვნენ, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ლუქსემბურგისა და ჰოლანდიის კრებები.
მნიშვნელოვანი შეკრება
შეკრებისთვის მზადება ექვსი თვით ადრე დაიწყო. მაშინ როცა მხოლოდ ორი კვირაღა რჩებოდა მიძღვნამდე, საფრანგეთის სატვირთო ავტომობილების მძღოლები გაიფიცნენ, გადაკეტეს ცენტრალური გზები და ავტოგასამართი ადგილები. მიეწოდებოდა დროულად სკამები და სხვა მოწყობილობა შეხვედრისთვის? შეუშლიდა ხელს ძმებს მისვლაში გადაკეტილი გზა? ყველას გასახარად, კვირის განმავლობაში გაფიცვა დამთავრდა და გზები კვლავ გაიხსნა. პარასკევ საღამოს 38-მა სატვირთო ავტომობილმა დაქირავებულ ორ დიდ დარბაზში 84 000 სკამი მიიტანა. 800-ზე მეტი ძმა და და შრომობდა მთელი ღამე შაბათ დილის ათის ნახევრამდე, რათა მოემზადებინათ ადგილები, სცენა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა და ცხრა დიდი ვიდეო ეკრანი.
კვირას, დილის ექვს საათზე, კარები გააღეს და ხალხმა იწყო დენა. 17-მა დაქირავებულმა მატარებელმა 13 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ჩამოიყვანა დედაქალაქში. ორასზე მეტი ადგილობრივი ძმა და და იყო რკინიგზის სადგურებში ჩამომსვლელთა შესახვედრად და ჯგუფებად შეკრების ადგილამდე მისაცილებლად. ერთმა დამ თქვა, რომ ამ სიყვარულით სავსე ღონისძიებამ მას „უსაფრთხოებისა და ბედნიერების გრძნობა მიანიჭა“.
სხვები პარიზში თვითმფრინავით ან ავტომანქანით ჩავიდნენ. საგამოფენო დარბაზში უმრავლესობა 953 ავტობუსით მივიდა, მაშინ როდესაც პარიზის მიდამოებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდნენ. ბევრი მთელი ღამე მოგზაურობდა ან დილით ადრე გამოვიდა სახლიდან, მაგრამ შეიმჩნეოდა, რომ შეხვედრაზე დასწრებით აღფრთოვანებული იყვნენ. სიხარულით ხვდებოდნენ და გულში იხუტებდნენ ერთმანეთს მეგობრები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ენახათ ერთმანეთი. ეროვნული კოსტიუმები შეკრებილ გახარებულ ხალხს საერთაშორისო ელფერს აძლევდა. უეჭველად, რაღაც უჩვეულო ხდებოდა.
ათი საათისთვის, როდესაც პროგრამა დაიწყო, ყველა ადგილი დაკავებული იყო, მაგრამ ყოველ წუთში ასობით ადამიანი მოდიოდა. სადაც უნდა გაგეხედა, ყველგან მომღიმარ სახეს დაინახავდი. ათასები ან ფეხზე იდგნენ, ან კიდევ ბეტონის იატაკზე ისხდნენ. შეხვედრის თემის პრაქტიკაში გატარებით მრავალი ახალგაზრდა სიამოვნებით უთმობდა უფროსებს ადგილს. „რამდენად ბედნიერები ვიყავით, როდესაც ადგილებს ვუთმობდით ძმებსა და დებს, რომლებსაც არ ვიცნობდით, მაგრამ ასე ძვირფასები იყვნენ ჩვენთვის“, — დაწერა ერთმა ცოლ-ქმარმა. ბევრმა თავგანწირვის სული გამოავლინა: „მთელი დღე ვიდექით იმ სკამების გვერდზე, რომლების დალაგებაშიც ვეხმარებოდით მთელი პარასკევი ღამის განმავლობაში. მაგრამ მარტო დასწრებაც კი იეჰოვასადმი მადლიერებით გვავსებდა“.
დაღლილობისა თუ მოუხერხებლად დგომის მიუხედავად, დელეგატები დიდი ყურადღებით ისმენდნენ ცნობებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ლოიდ ბერისა და დენიელ სიდლიკის მოხსენებებს, რომელიც აგრეთვე ხელმძღვანელი საბჭოს წევრია. ძმა ბერიმ განიხილა თემა „იეჰოვა ძალას მატებს“ და გააშუქა ის საკითხი, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ხალხი ზრდით, მიუხედავად სხვადასხვა განსაცდელისა. ძმა სიდლიკის მოხსენების სათაური იყო „ნეტარ არს ხალხი, რომელთათვისაც იეჰოვაა ღმერთი!“ ორივე მოხსენება განსაკუთრებით დროული იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ წინააღმდეგობას, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ახლა ხვდებიან საფრანგეთში. ძმა სიდლიკმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება გარე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იეჰოვასთან ურთიერთობაზე და ცხოვრების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე. ის შეეკითხა აუდიტორიას: „ხართ ბედნიერები?“. პასუხად მქუხარე ტაში იყო.
ერთმა დამ, რომელსაც „სიხარული დაკარგული ჰქონდა“, მოგვიანებით დაწერა: „უცბად მივხვდი, რომ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი. ჩემს ძალისხმევას მცდარი გზით მივმართავდი და იეჰოვამ ამ მოხსენებით დამანახვა, თუ რა მხრივ ვსაჭიროებ შეცვლას“. ერთმა ძმამ თქვა: „ახლა მე ყოველი ღონე უნდა მოვახმარო, რომ იეჰოვას გული გავახარო. არ მსურს, რაიმემ გამიქარწყლოს სიხარული, რომელსაც ახლა შინაგანად ვგრძნობ“.
როდესაც შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა, დიდი აღტაცება გამოიწვია მომხსენებლის განცხადებამ, რომ შეხვედრას 95 888 პიროვნება ესწრებოდა. ეს იყო იეჰოვას მოწმეთა ყველაზე დიდი შეკრება, რომელიც კი ოდესმე ყოფილა საფრანგეთში!
დამამთავრებელი სიმღერის, რომელიც ბევრმა სიხარულით თვალზე ცრემლმომდგარმა იმღერა, და ლოცვის შემდეგ ძმები აღტაცებულები გაემგზავრნენ სახლში. შეკრებაზე გამეფებული თბილი, მეგობრული ატმოსფერო შეუმჩნეველი არ დარჩენილა. დელეგატების შესახებ ბევრი დადებითი შენიშვნა გააკეთეს ავტობუსის მძღოლებმა. მათზე აგრეთვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორგანიზებამ, რომლის მეშვეობითაც 953-მა ავტობუსმა საგამოფენო დარბაზის ტერიტორია ორი საათის განმავლობაში ისე დატოვა, რომ მოძრაობა არ შეუფერხებია! რკინიგზის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკებმაც აღნიშნეს დელეგატების კარგი ქცევა. ბევრი შესანიშნავი საუბარი შედგა და კარგი დამოწმება მოხდა.
„ოაზისი უდაბნოში“
მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. . . შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). უეჭველად, ეს განსაკუთრებული შეხვედრა ყველასთვის იყო დიდი გამხნევების წყარო, „ოაზისი უდაბნოში“, როგორც ერთმა დამ აღწერა ის. „ჩვენ გახალისებული, გამხნევებული, გაძლიერებული წავედით და გადაწყვეტილებით აღსავსე, ვიდრე ოდესმე, გაგვეხარა იეჰოვას მსახურებით“, — დაწერეს ძმებმა ტოგოს ფილიალიდან. „ისინი, რომლებიც გულდამძიმებული იყვნენ, სახლში ბედნიერები დაბრუნდნენ“, — თქვა ერთმა სარაიონო ზედამხედველმა. „ძმები გამხნევებული და გაძლიერებული იყვნენ“, — თქვეს სხვებმა. „აქამდე არასდროს გვიგრძნია იეჰოვას ორგანიზაციასთან ასეთი სიახლოვე“, — ერთი დაქორწინებული წყვილი აღძრული იყო, დაეწერა ეს სიტყვები.
„სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს“, — აცხადებს ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 25:12). ასეთი ქრისტიანული შეკრებები ყველას საშუალებას აძლევს, რომ დაბრკოლების წინაშე შეინარჩუნონ სულიერი სიმტკიცე. „ეს შესანიშნავი წუთები ჩვენს გულებში ღრმად იბეჭდება და, რა გასაჭირიც უნდა შეგვხვდეს, ყოველთვის იქნება ჩვენ ნუგეშსაცემად“, — დარწმუნებულია ერთი და. ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმაც მსგავსი რამ დაწერა: „როდესაც სიძნელეები წარმოიშობა, ამ წუთების გახსენება, რომლებიც მომავალ სამოთხეს გვაგონებს, დაგვეხმარება მათ გამკლავებაში“.
„შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება“, — მოგვიწოდებს 95-ე ფსალმუნის მე-7 მუხლი. უეჭველია, ახალი ფილიალის შენობების მიძღვნა საფრანგეთში იეჰოვას დიდებული გამარჯვებაა. მხოლოდ მას შეეძლო პროექტის განხორციელება, ასეთი ძლიერი და მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად. იეჰოვას მოწმეები საფრანგეთში უფრო გადაწყვეტილებით სავსე არიან, ვიდრე ოდესმე, ‘დარჩნენ იესოს სიყვარულში’ და ‘ანათონ თავიანთი ნათელი’ (იოანე 15:9; მათე 5:16). ყველამ, ვინც დაესწრო მიძღვნის პროგრამას, მთელი გულით გაიზიარა ფსალმუნმომღერლის გრძნობა: „უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში“ (ფსალმუნი 117:23).
[სურათი 26 გვერდზე]
ლოიდ ბერი.
[სურათი 26 გვერდზე]
დენიელ სიდლიკი.
[სურათი 26 გვერდზე]
ვილეფეინთის საგამოფენო დარბაზში სპეციალურ პროგრამას 95 888 ადამიანი დაესწრო.
[სურათი 28 გვერდზე]
დამსწრეთაგან ათასები ან ფეხზე იდგნენ და ისე ისმენდნენ, ან იატაკზე ისხდნენ.