საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მრავალმხრივ გამოვცადეთ ღვთის წყალობა
    საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
    • ვინაიდან მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა სწრაფად მიიწევდა წინ, მეტი მისიონერი იყო საჭირო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუკი ზამთარში უკიდურეს სიცივეს ვუძლებდით, ზაფხულში კი — აბეზარ კოღოებს, ნებისმიერ პირობებს შევეგუებოდით. 1956 წლის ივლისში სკოლა „გალაადის“ 27-ე კლასი დავამთავრეთ, იმავე წლის ნოემბერში კი შევუდექით მისიონერულ მსახურებას ბრაზილიაში.

      მისიონერული მსახურება ბრაზილიაში

      ბრაზილიის ფილიალში ჩასვლის შემდეგ პორტუგალიური ენის სწავლა დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც მიმართვის ძირითადი ფორმები ვისწავლეთ და ჟურნალის ერთწუთიანი შეთავაზება დავიზეპირეთ, გვითხრეს, რომ შეგვეძლო მსახურებაში წავსულიყავით. გვირჩიეს, რომ ინტერესის შემთხვევაში მობინადრისთვის ის მუხლები წაგვეკითხა, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორი ცხოვრება იქნება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. პირველად რომ გავედით მსახურებაში, ერთმა ქალბატონმა ყურადღებით მომისმინა, ამიტომ მეც გამოცხადების 21:3, 4 ამოვუკითხე და მაშინვე გონება დავკარგე! ცხელ და ნოტიო კლიმატს ჯერ კიდევ არ ვიყავი შეგუებული და ეს პრობლემა წლების მანძილზე გაგრძელდა.

      დუგლას გესტი ბეთელში მსახურობს, ქორწინდება, თავის ცოლთან ერთად ამთავრებს სკოლა „გალაადს“, მსახურობს ბრაზილიაში და ტელევიზიით აკეთებს განცხადებას

      მისიონერებად დაგვნიშნეს ქალაქ კამპუსში, სადაც ახლა 15 კრებაა. თუმცა ჩვენ რომ ჩავედით, იქ მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ჯგუფი და მისიონერთა სახლი იყო, სადაც ოთხი და — ესთერ ტრეისი, რამონა ბაუერი, ლუიზა შვარცი და ლორენ ბრუკსი (ამჟამად უოლენი) — ცხოვრობდა. მისიონერთა სახლში სამრეცხაოს დახმარება და საჭმლის მოსამზადებლად შეშის მოტანა მევალებოდა. ერთ ორშაბათ საღამოს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის შემდეგ დაუპატიჟებელი სტუმარი გვეწვია. ჩემი ცოლი დასასვენებლად დივანზე წამოწვა. ერთმანეთს დღის ამბებს ვუყვებოდით. როცა მერიმ წამოიწია ასადგომად, ბალიშის ქვემოდან გველი გამოძვრა! ალიაქოთი მანამდე არ ჩაწყნარდა, სანამ ქვეწარმავალი არ მოვკალი.

      პორტუგალიური ენის სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში სარაიონო ზედამხედველად დავინიშნე. ძირითადად სოფლებში ვმსახურობდით და ძალიან უბრალოდ ვცხოვრობდით — არ გვქონდა ელექტროენერგია, გვეძინა ნოხზე და ცხენშებმული ორთვალათი ვმგზავრობდით. ერთხელ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე სამქადაგებლო კამპანიის დროს მთაში მატარებლით გავემგზავრეთ ერთ ქალაქში და პატარა სასტუმროში ოთახი დავიქირავეთ. ფილიალმა მსახურებაში გასავრცელებლად 800 ჟურნალი გამოგვიგზავნა. ჟურნალებით სავსე ყუთები ჩვენს საცხოვრებლამდე რომ მიგვეტანა, არაერთხელ მოგვიწია ფოსტაში მისვლა.

      1962 წელს ბრაზილიის სხვადასხვა ნაწილში მისიონერი და-ძმებისთვის სამეფო მსახურების სკოლა ჩატარდა. ექვსი თვის მანძილზე ამ სკოლის ჩასატარებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდი, ოღონდ მერი თან არ მახლდა. ვასწავლიდი მანაუსში, ბელენში, ფორტალეზაში, რესიფისა და სალვადორში. ორგანიზება გავუწიე საოლქო კონგრესის ჩატარებას მანაუსის სახელგანთქმულ საოპერო დარბაზში. ძლიერმა წვიმებმა სასმელი წყლის დიდი ნაწილი დააბინძურა და გამოუსადეგარი გახადა ის ადგილი, სადაც სასადილო უნდა მოგვეწყო კონგრესის დელეგატებისთვის (იმ დროს კონგრესებზე სადილი მზადდებოდა). დასახმარებლად სამხედრო ნაწილს მივმართე. ერთმა კეთილმოსურნე ოფიცერმა სასმელი წყლით მოგვამარაგა და სამზარეულოსა და სასადილოსთვის ორი დიდი კარვის დასადგმელად ჯარისკაცები გამოგვიგზავნა.

      როცა სკოლებს ვატარებდი, მერი პორტუგალიელთა საქმიან უბნებში ქადაგებდა, სადაც ადამიანთა მთავარი საზრუნავი ფულის კეთება იყო. მან ვერავისთან შეძლო ბიბლიურ თემებზე საუბრის წამოწყება, ამიტომ რამდენიმე ბეთელელთან თქვა: „დედამიწის ზურგზე პორტუგალიის გარდა ყველგან ვიცხოვრებდი!“. ჩვენდა გასაოცრად, ამის შემდეგ მალევე მივიღეთ წერილი, რომელშიც პორტუგალიაში მსახურებას გვთავაზობდნენ! თავიდან მერი საგონებელში ჩავარდა. ჩვენ მაინც მივიღეთ ეს მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პორტუგალიაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო.

  • მრავალმხრივ გამოვცადეთ ღვთის წყალობა
    საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება