ანტონიუ სიმოინში
ქრისტიანი უხუცესი, 91 წლის ანტონიუ სიმოინში დიდი სითბოთი იხსენებს, როგორ იპოვეს მამამისმა და ბიძამისმა ჭეშმარიტება იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ორი ბუკლეტის მეშვეობით. „გაინტერესებთ ეს ისტორია?“ — ეკითხება ის თავის სტუმრებს. „რა თქმა უნდა“, — პასუხობენ ისინი. ანტონიუ ჯდება და მომღიმარი და თვალებგაბრწყინებული იწყებს ამბის მოყოლას.
„მამაჩემი, ზენო, ბაპტისტი მღვდელი იყო. 1931 წელს ეკლესიის ერთ-ერთი წევრის მოსანახულებლად ის ამაზონის ტყის ერთ მიუვალ ადგილას გაემგზავრა. მის სახლში მან ორი ბიბლიური ბუკლეტი შეამჩნია. ეს ბუკლეტები მასპინძელს ეკლესიიდან წამოეღო, მაგრამ არ იცოდა, იქ საიდან მოხვდა. ერთი ბუკლეტი ჯოჯოხეთზე იყო, მეორე — მკვდრეთით აღდგომაზე. მამაჩემზე ძალიან იმოქმედა წაკითხულმა. მაშინვე თავისი სიძე, გილიერმი გაახსენდა, რომელიც ხშირად ეუბნებოდა ხოლმე, რომ ჯოჯოხეთის არ სწამდა, რადგან სიყვარულის ღმერთი ასეთ ადგილს არ შექმნიდა. მამას ერთი სული ჰქონდა, ეს ბუკლეტები გილიერმისთვის ეჩვენებინა. ის ჩაჯდა თავის კანოეში და რვასაათიანი ცურვის შემდეგ მანაუსთან მდებარე დასახლებაში, მანაკირიში გილიერმისთან ჩავიდა.
პირველი კრება ბრაზილიის შტატ ამაზონასში
როცა მამაჩემმა და ბიძაჩემმა გილიერმიმ ბუკლეტები ყურადღებით წაიკითხეს, მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტებას მიაგნეს. მათ მაშინვე წერილობით მოითხოვეს ბრაზილიის ფილიალისგან ლიტერატურა. მამამ უარი თქვა მღვდლობაზე. მან და ბიძაჩემმა იმ შორეულ მხარეში ბიბლიური ცნობის ქადაგება დაიწყეს. ხალხის გამოხმაურება იმდენად დადებითი იყო, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მანაკირიში კრება ჩამოყალიბდა. მალე კრების შეხვედრებს 70 კაცი ესწრებოდა. იმ დროისთვის ბრაზილიაში ეს ყველაზე დიდი კრება იყო“. მოულოდნელად ანტონიუ ჩერდება, შემდეგ სტუმრებს ეკითხება: „ხედავთ, რა საოცრად გავრცელდა სამეფოს შესახებ ცნობა ამაზონის მხარეში?“. დიახ, ორი პატარა ბიბლიური ბუკლეტი ანუ ჭეშმარიტების ორი პაწაწინა თესლი ამაზონის ვრცელ მხარეში აღმოცენდა და ერთ მშვენიერ კრებად იქცა. დღეს მანაკირის კრება 83 წლისაა, მაგრამ ის აღარ არის ერთადერთი კრება ამაზონასის შტატში. მის გარდა კიდევ 142 კრებაა.