ტერორიზმი და ბავშვები
ჩრდილოეთ უგანდაში შებინდებისას ათასობით ბავშვი ფეხშიშველა მიუყვება გზას. ისინი თავიანთი სოფლებიდან გულუში, კიტგუმში, ლირაში და სხვა ახლომდებარე ქალაქებში მიდიან. ქალაქში ჩასვლისას ბავშვები ღამის გასათევს შენობებში, ავტოსადგურებში, პარკებსა და ეზოებში ნახულობენ. მზის ამოსვლისას კი იმავე გზას ადგებიან და სახლში ბრუნდებიან. რატომ იქცევიან ისინი ასე უჩვეულოდ?
ზოგი ამ ბავშვებს „ღამის ლტოლვილებს“ უწოდებს. ისინი თავიანთ კერას მზის ჩასვლისთანავე ტოვებენ. ბინდის ჩამოწოლის შემდეგ სახლში მათი დარჩენა საშიშია.
თითქმის ორი ათეული წელია, რაც პარტიზანთა რაზმები თავს ესხმიან სოფლებს და იტაცებენ ბავშვებს. ყოველწლიურად ისინი ასობით გოგონასა და ბიჭს სახლიდან იტაცებენ და მიუვალ ტყეებში მალავენ. გატაცებები ძირითადად ღამით ხდება. ბავშვებს მებრძოლებად და მტვირთავებად იყენებენ. გოგონებს აუპატიურებენ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბავშვებს შეიძლება ცხვირი ან ტუჩები მოაჭრან. თუ ვინმე გაქცევას შეეცდება, მას ენით გამოუთქმელი სისასტიკით კლავენ.
ტერორისა და ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ეს ბავშვები არ არიან. სიერა–ლეონეში მცხოვრებ დასახიჩრებულ მოზარდებს ფეხიც არ ჰქონდათ ნორმალურად ადგმული, როცა დანებით შეიარაღებულმა მოძალადეებმა კიდურები მოაჭრეს. ავღანეთში ბავშვები პეპლის ფორმის ნაღმებთან თამაშობენ. ამ ფერადი „სათამაშოების“ აფეთქების შედეგად კი ისინი თითებსა და თვალებს კარგავენ.
ზოგი ბავშვი ტერორიზმის სხვაგვარი გამოვლინების მსხვერპლი ხდება. მაგალითად, 1995 წელს ქალაქ ოკლაჰომა–სიტიში ტერორისტულ თავდასხმას 168 ადამიანის, მათ შორის 19 ბავშვის, სიცოცხლე შეეწირა. ამ ბავშვებიდან ზოგი მხოლოდ რამდენიმე კვირის იყო. როგორც ქარი აქრობს მოციმციმე სანთელს, ისე ბომბის აფეთქებამ მოულოდნელად მოუსწრაფა ამ პატარებს სიცოცხლე. ერთმა ტერორისტულმა აქტმა მათ წაართვა ბავშვობის, თამაშის, სიცილის და დედ–მამის გულში ჩახუტების უფლება.
ეს ყველაფერი ამ ბოლო დროს ხდება, მაგრამ საუკუნეებია, რაც ტერორი და ძალადობა კაცობრიობას თავის კვალს აჩნევს. ამას მომდევნო სტატიაც დაგვანახვებს.