სტამბოლის მინიატურული სასახლეები
● ჩიტის ხის სახლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით. ეს სახლები ჩიტებს საუკეთესო პირობებს უქმნის, რომ იკვებონ, თბილად იყვნენ, დაიბუდონ, ბარტყები დაჩეკონ და თავი დაიცვან მტაცებლებისა და ავდრისგან. სტამბოლში ჩიტის სახლების დიზაინი არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ სახლებს. ზოგი მათგანი მდიდრულ სახლს წააგავს, ზოგი მეჩეთს, ზოგიც სასახლეს.a მათ სამტრედეებს, ჩიტების სადგომებსა და ბეღურების სასახლეებს უწოდებენ.
ამ სახლებიდან უძველესი მე-15 საუკუნით თარიღდება და მათ დიზაინში ოტომანთა ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი შეიმჩნევა. ეს შედარებით მარტივი ნაგებობები მე-18 საუკუნისთვის უფრო დიდმა და მდიდრულმა სასახლეებმა შეცვალა. ზოგ მათგანს სპეციალური ადგილი ჰქონდა გამოყოფილი წყლისა და საკვებისთვის. ჩიტს სასიარულოდ საკმარისი ადგილი ჰქონდა, მას შეეძლო სახლის აივანზე შემოსკუპებულიყო და ხედებით დამტკბარიყო. ასეთ სახლებს შენობის მზიან და ქარისთვის მიუდგომელ მხარეს აშენებდნენ. მას ვერც კატა, ვერც ძაღლი და ვერც ადამიანი მიუდგებოდა. ჩიტის სახლებს მხოლოდ ჩიტების ინტერესებიდან გამომდინარე არ აშენებდნენ, ამით მთლიანად შენობის გარეგნულ სახეზეც ზრუნავდნენ. ჩიტის პატარა თუ დიდ სახლებს სად არ ნახავთ — მეჩეთებზე, წყლის დასალევ შადრევნებზე, ბიბლიოთეკების შენობებზე, ხიდებსა თუ კერძო სახლებზე.
სამწუხაროდ, ბევრი მინიატურული სასახლე უამინდობის გამო დაზიანდა, ზოგიც გაუაზრებლად იმ ადამიანებმა დააზიანეს, რომლებიც სათანადოდ არ აფასებდნენ მათ. ჩიტის სასახლეებს ახლა სულ უფრო იშვიათად შეხვდებით. მაგრამ თუ სტამბოლს ეწვევით და მისი ისტორიული არქიტექტურით დაინტერესდებით, ყურადღება მიაქციეთ ამ პატარა ნატიფ სასახლეებს, რომლებიც სახურავის კიდეებს ამშვენებს. ახლა, როცა უკვე იცით ამ მინიატურული სასახლეების შესახებ, თქვენი ვიზიტი ამ ქალაქში უფრო საინტერესო გახდება.
[სქოლიო]
a მართალია ეს სახლები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სახლებს, მაგრამ ისინი რომელიმე შენობის ნიმუშის მიხედვით არ არის აგებული.