ძველისძველი დროის მთვლელი
● პირველი მექანიკური საათი, როგორც ჩანს, ჩინეთში დაახლოებით 900 წლის წინათ გამოიგონეს. მას შემდეგ საათის მექანიზმმა მრავალი ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით მე-17 საუკუნის შუა ხანებში, როცა მექანიკური საათების მექანიზმს ქანქარა დაუმატეს. ამ რევოლუციური ცვლილების წყალობით საათის ციფერბლატს წუთების ისარი დაემატა და ამგვარად ზუსტი დროის დადგენა უფრო ადვილი გახდა. საჭირო გახდა, რომ ამ ახალი დიზაინის საათებს, რომლებიც ქანქარისგან, საწონებისა და მძიმე მექანიზმისგან შედგებოდა, ვერტიკალური ფორმა ჰქონოდა. ასე გამოიგონეს დიდი დასადგამი საათი. როგორც ერთ-ერთმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს საათები „საკმაოდ ზუსტი და სანდოა არახელსაყრელ პირობებშიც კი“.
თავდაპირველად ამ ძვირფას საათებს ისეთ დიდ ევროპულ ქალაქებში აწარმოებდნენ, როგორებიცაა პარიზი და ლონდონი. მაგრამ დროთა განმავლობაში მათი წარმოება ევროპის ყველა კუთხე-კუნჭულში დაიწყეს. აქედან გამომდინარე, საათების დიზაინზე ადგილობრივი მხატვრული სტილი აისახა. საათი შეიძლება ყოფილიყო სწორი ან მომრგვალებული, მასიური ან თხელი. მას ამზადებდნენ ფიჭვის, მუხის, კაკლის, აბანოზისა და წითელი ხისგან. მისი კორპუსი ან სადა იყო ან ორნამენტებით დამშვენებული. ამ ტიპის საათებს პოპულარობა მხოლოდ სიზუსტემ კი არ მოუტანა, არამედ იმანაც, რომ ისინი ოთახის სამშვენისადაც იქცა.
ეს საათი კიდევ ერთი მიზეზის გამო არ კარგავს თავის ხიბლს და დღემდე იზიდავს ხალხს. რაღაცით ის ადამიანს მოგვაგონებს. „ის დაახლოებით საშუალო ზომის ადამიანის სიმაღლისაა და მრავლისმეტყველი სახე აქვს“, — აღნიშნავს ფინელი მკვლევარი სინიკა მანტულა. მისი მჟღერი წიკწიკი გულისცემას მოგვაგონებს. დღეს ეს ძველისძველი საათები საკმაოდ ზუსტმა და შედარებით იაფმა კვარციანმა საათებმა შეცვალა. მაგრამ ჩვენს დროში, როცა ყველაფერი ასე ჩქარი ტემპით მიდის, ამ ძველი საათების დანახვა ადამიანს სიმშვიდეს ჰგვრის. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „დიდი დასადგამი საათის რიტმული და აუჩქარებელი წიკწიკი სულს გვიმშვიდებს და გარდასულ მშვიდობიან წლებს მოგვაგონებს“ (Keeping Time — Collecting and Caring for Clocks).
[სურათი 19 გვერდზე]
საათი, რომელიც სავარაუდოდ მე-19 საუკუნის დასაწყისშია დამზადებული