საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 9/15 გვ. 10-11
  • ჰეროდოტე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჰეროდოტე
  • გამოიღვიძეთ! — 2015
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ისტორიაზე მეტი
  • სიზუსტე
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ხოფრა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ძველი დროის მოგზაურები ხმელთაშუა ზღვისპირეთს გასცდნენ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ასლი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2015
g 9/15 გვ. 10-11
ჰეროდოტეს ძეგლი

წარსულის სახეები

ჰეროდოტე

როგორი იყო ცხოვრება ათასობით წლის წინათ? რა წეს-ჩვეულებებს მიჰყვებოდა ხალხი? ზოგ კითხვას არქეოლოგია სცემს პასუხს, მაგრამ ყველას — ვერა. რომ გავიგოთ, როგორ ცხოვრობდნენ და აზროვნებდნენ ძველად, კარგი იქნებოდა, ხელთ გვქონოდა იმ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის ჩანაწერები, რომელსაც კარგად ეცოდინებოდა მაშინდელი მსოფლიო. დაახლოებით 2 400 წლის წინათ ერთი ასეთი კაცი მართლაც ცხოვრობდა. მისი სახელი ჰეროდოტე იყო. ის გახლდათ ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი, რომლის კალამსაც ეკუთვნის უკვდავი ნაშრომი „ისტორიები“.

ჰეროდოტემ თავის ნაშრომში მოიხსენია ბერძენთა მიერ წარმოებული ომების მიზეზები, განსაკუთრებით კი ის, თუ რატომ შეიჭრნენ სპარსელები საბერძნეთში ძვ. წ. 490 და ძვ. წ. 480 წლებში, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო. გარდა ამისა, მან მოიპოვა ინფორმაცია იმ ერთა შესახებ, რომელთაც სპარსეთის იმპერიამ თავისი დაღი დაასვა და ეს ყველაფერი დაწვრილებით აღწერა თავის მატიანეში.

ისტორიაზე მეტი

ჰეროდოტე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი გახლდათ. თავის ნაშრომებში ის ზედმიწევნით აღწერდა ამა თუ იმ მოვლენას და ამბის სისავსისთვის მასში ნებისმიერ დეტალს რთავდა. ჰეროდოტეს ნაშრომი ღირსშესანიშნავი იმითაც არის, რომ მას არ შეეძლო დაყრდნობოდა ოფიციალურ ისტორიულ ჩანაწერებს, სადაც მოვლენები თანმიმდევრულად და უწყვეტად იქნებოდა აღწერილი, ვინაიდან ასეთი დოკუმენტები თითქმის არ არსებობდა.

იმხანად არსებული ეპოქისა თუ ვითარების აღწერით თავს ცოტა თუ იწუხებდა, სამაგიეროდ, ამ მხრივ, ისტორიული ძეგლები იკვეხნიდა, რომლებზეც ხალხის დიდებული და საგმირო საქმეები იყო ასახული. ჰეროდოტე ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გადმოსაცემად ეყრდნობოდა საკუთარი თვალით ნანახს, თქმულებებსა და თვითმხილველების მონათხრობს. ინფორმაციის მოსაპოვებლად იგი ბევრს მოგზაურობდა. ის გაიზარდა საბერძნეთის კოლონიაში, ჰალიკარნასში (დღევანდელი ბოდრუმი, სამხრეთი თურქეთი) და თითქმის მთელი საბერძნეთი ჰქონდა შემოვლილი.

ინფორმაციის მოსაპოვებლად ჰეროდოტე ბევრს მოგზაურობდა

მან სახიფათო მოგზაურობები წამოიწყო ჩრდილოეთით, შავი ზღვის სანაპიროებისა და სკვითეთისკენ (თანამედროვე უკრაინა) და სამხრეთით, პალესტინისა და ზემო ეგვიპტისკენ. აღმოსავლეთით, თითქმის ბაბილონამდე ჩააღწია და სავარაუდოდ, სიცოცხლე დასავლეთით, საბერძნეთის ერთ-ერთ კოლონიაში დაასრულა, რომელიც დღეს იტალიის სამხრეთ ნაწილშია. სადაც კი მიდიოდა, ირგვლივ ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა, იკვლევდა და აგროვებდა სასარგებლო ინფორმაციას მათგან, ვისაც ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევდა.

სიზუსტე

პაპირუსზე შესრულებული „ისტორიების“ ფრაგმენტი

პაპირუსზე შესრულებული „ისტორიების“ ფრაგმენტი

რამდენად ზუსტად გადმოსცემდა ჰეროდოტე ინფორმაციას? იგი დიდი სიზუსტით აღწერდა უშუალოდ იმ ადგილებს, რომლებსაც თავად სტუმრობდა და ყველაფერს, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა. ბერძნებისთვის უცნობი წეს-ჩვეულებების მისეული აღწერილობა — მაგალითად ის, თუ როგორ კრძალავდნენ სკვითები სამეფო კარის წარმომადგენლებს ან როგორ ახდენდნენ ეგვიპტელები მუმიფიცირებას — გარკვეულწილად შეესაბამება არქეოლოგიურ აღმოჩენებს. ამბობენ, რომ ეგვიპტის შესახებ ჰეროდოტეს მიერ შემონახული მდიდარი ინფორმაცია „თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატება ამ ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ყველა უძველეს დოკუმენტს“.

თუმცა, ხშირად ჰეროდოტე იძულებული იყო, დაუზუსტებელ ინფორმაციას დაყრდნობოდა. გარდა ამისა, მის თანამედროვეთ ღრმად სწამდათ, რომ წარმართული ღვთაებები ადამიანთა ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენდნენ. ამიტომ ყველაფერი, რაც მან დაწერა, ვერ ჯდება თანამედროვე ისტორიკოსების სტანდარტებში. და მაინც, ის ცდილობდა, ფაქტები და ლეგენდები ერთმანეთისგან გაემიჯნა. იგი გულწრფელად აცხადებდა, რომ არ სჯეროდა ყველა მონათხრობის. ჰეროდოტე დასკვნებს მხოლოდ მოპოვებული მასალების საგულდაგულოდ გამოკვლევისა და ერთმანეთთან შედარების შემდეგ აკეთებდა.

შეიძლება ითქვას, რომ „ისტორიებს“ ჰეროდოტემ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. მის მიერ მოპოვებული წყაროები და კვლევის მეთოდები მის ნაშრომს მართლაც რომ გამორჩეულს ხდის.

ისტორიული ცნობები

  • როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ჰეროდოტემ „ისტორიებში“ ვრცლად აღწერა იმდროინდელი ისტორიული მოვლენები, რომაელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ციცერონმა (ძვ. წ. 106—43) მას „ისტორიის მამა“ უწოდა.

  • ჰეროდოტეს „ისტორიებს“ ერთმა თანამედროვე მწერალმა „ყველა დროის შედევრი“ უწოდა და დასძინა, რომ ჰეროდოტეს ნაშრომი მოიცავს „არა მარტო ისტორიას, არამედ ანთროპოლოგიას, გეოგრაფიას, თეოლოგიას, ფილოსოფიას, პოლიტოლოგიასა და ტრაგიკულ მოვლენებს“.

  • მსოფლიო ისტორიის კრიტიკულ პერიოდში ჰეროდოტე გახლდათ პირველი მემატიანე, რომელმაც შემოგვინახა ძველი საბერძნეთის, დასავლეთ აზიისა და ეგვიპტის ისტორია.

როგორ აფასებენ ჰეროდოტეს ნაშრომს

„საკმარისი საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ [ჰეროდოტე] სანდო ისტორიკოსად მივიჩნიოთ, — აღნიშნავს ისტორიოგრაფი არნალდო მომიგლიანო. — აღმოსავლეთმცოდნეებმა გულდასმით შეისწავლეს ჰეროდოტეს ნაშრომი არქეოლოგიური აღმოჩენებისა და იმ ენების საფუძველზე, რომლებიც ჰეროდოტემ არ იცოდა. შედეგად, მათ დაასკვნეს, რომ ის ზუსტად აღწერდა იმ მოვლენებს, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა და საკუთარი ყურით ისმენდა. ხოლო არაზუსტი ინფორმაციის მიზეზი შესაძლოა არასაიმედო ინფორმატორები ან მონათხრობის უნებლიედ არასწორად გაგება ყოფილიყო“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება