საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გარდაუვალია დედამიწის განადგურება?
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 6
    • განკითხვის დღის საათი

      მთავარი თემა | გარდაუვალია დედამიწის განადგურება?

      გარდაუვალია დედამიწის განადგურება?

      სამეცნიერო საზოგადოებამ 2017 წლის იანვარში მეტად დამთრგუნველი განცხადება გააკეთა. მეცნიერებმა მთელ მსოფლიოს აუწყეს, რომ გლობალური კატასტროფა ისე ახლოა, როგორც არასდროს. ამის საჩვენებლად მათ სიმბოლური განკითხვის დღის საათი 30 წამით წინ „გადასწიეს“, რაც მათი თქმით იმას ნიშნავს, რომ 12 საათის შესრულებამდე ანუ გლობალურ კატასტროფამდე ორ-ნახევარი წუთი დარჩა. ბოლო 60 წლის მანძილზე კაცობრიობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა გლობალურ კატასტროფასთან.

      2018 წელს მეცნიერები კიდევ ერთხელ გადახედავენ ამ საკითხს, რათა დაადგინონ, რამდენად ახლოა მსოფლიო გლობალურ კატასტროფასთან. როგორ ფიქრობთ, განკითხვის დღის საათი კვლავ მიანიშნებს იმაზე, რომ უპრეცედენტო კატასტროფა კარსაა მომდგარი? გარდაუვალია დედამიწის განადგურება? ალბათ, თქვენთვის ადვილი არ არის, ამ კითხვას უპასუხოთ. თვით ექსპერტებსაც კი ურთიერთგანსხვავებული აზრი აქვთ ამ საკითხზე. ზოგს საერთოდ არ სჯერა მოსალოდნელი კატასტროფის.

      დღეს მილიონობით ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს. მათ აქვთ არაერთი მტკიცებულება, რომ არც კაცობრიობას და არც ჩვენს პლანეტას განადგურება არ ემუქრება. უფრო მეტიც, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. რამდენად სარწმუნოა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები? მართლა ემუქრება მსოფლიოს განადგურება?

      „განკითხვის დღის საათი სიმბოლური საერთაშორისო ქრონომეტრია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ახლოა ცივილიზაცია განადგურებასთან, რასაც ჩვენივე ხელით შექმნილი საშიში ტექნოლოგიები გამოიწვევს. მათ შორის ყველაზე საშიში ბირთვული იარაღია. თუმცა ჩვენს პლანეტას არანაკლებ საფრთხეს უქმნის ის ტექნოლოგიები, რომლებიც კლიმატის ცვლილებას იწვევს; აგრეთვე განვითარებადი ბიოტექნოლოგიები თუ კიბერტექნოლოგია. მსგავსმა ტექნოლოგიებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს პლანეტას და ადამიანებს, რაც შეიძლება მოხდეს მიზანმიმართულად, შემთხვევით ან არასწორი გათვლის შედეგად“ (Bulletin of the Atomic Scientists).

  • პასუხის ძიებაში
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 6
    • მთავარი თემა | მართლა ემუქრება მსოფლიოს განადგურება?

      პასუხის ძიებაში

      ალბათ, შეშფოთებას ვერ მალავთ და შესაძლოა შიშიც გიპყრობთ, როცა ამდენ ცუდ ამბავს იგებთ. თქვენ ერთადერთი არა ხართ, ვისაც მსგავსი გრძნობები ეუფლება. როგორც 2014 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა, პრესა სავსეა თავზარდამცემი ამბებით, რის გამოც ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მსოფლიო უფსკრულისკენ მიექანება და არავის ძალუძს მდგომარეობის გამოსწორება.

      თუმცა ამ განაცხადიდან მალევე მან დიდი პათოსით ისაუბრა გლობალური პრობლემების აღმოსაფხვრელად შემუშავებულ ბოლოდროინდელ სტრატეგიებზე. ბარაკ ობამამ ზოგ სამთავრობო ინიციატივას „კარგი წამოწყება“ უწოდა; აგრეთვე აღნიშნა, რომ „დიდი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი და იმედის თვალით უყურებს მომავალს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას იმის თქმა სურდა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ, შეუძლიათ გამოასწორონ მდგომარეობა და შეაჩერონ გლობალური კატასტროფა.

      ბევრი იზიარებს ბარაკ ობამას ოპტიმისტურ თვალსაზრისს. მაგალითად, ზოგი იმედს მეცნიერებაზე ამყარებს, რადგან ფიქრობენ, რომ სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით მსოფლიოში უამრავი პრობლემა გადაიჭრება. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთმა ექსპერტმა დარწმუნებით განაცხადა, რომ 2030 წლისთვის „ტექნოლოგიები ათასჯერ უფრო მძლავრი იქნება, ხოლო 2045 წლისთვის — მილიონჯერ უფრო მძლავრი“. მან დასძინა: „ამ საქმეში საკმაოდ წარმატებულები ვართ. მართალია, ასეთი სერიოზული პრობლემების წინაშე არასდროს დავმდგარვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნარი, მანამ გადავჭრათ ისინი, სანამ მწვავე ხასიათს მიიღებს“.

      სინამდვილეში რამდენად საგანგაშოა მსოფლიოში მდგომარეობა? მართლა გლობალური კატასტროფის წინაშე დგას კაცობრიობა? მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მეცნიერი და პოლიტიკოსი დამაიმედებელ განაცხადს აკეთებს, ბევრს ეჭვი ეპარება, რომ მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება. რა უქმნით მათ ეჭვის საფუძველს?

      ატომური ბომბის აფეთქება

      მასობრივი განადგურების იარაღი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა თუ სხვა ორგანიზაციების გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ბირთვული განიარაღების მიღწევა შეუძლებელია. სამწუხაროდ, უტიფარი სახელმწიფო ლიდერები აბუჩად იგდებენ შეიარაღების მარეგულირებელ კანონებს. ქვეყნები, რომლებიც უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ბირთვულ იარაღს, ინტენსიურად ანახლებენ ატომურ ბომბებს და ახალ, უფრო მომაკვდინებელ ბომბებს ქმნიან. იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ერთ დროს არ გააჩნდათ მასობრივი განადგურების იარაღი, დღესდღეობით მსოფლიოს დიდი ნაწილის მოსპობა შეუძლიათ.

      დედამიწა ძალიან საშიშ ადგილად იქცა, რადგან დღეს ქვეყნები ისე არიან მომზადებულნი ბირთვული ომისთვის, როგორც არასდროს; საფრთხე მაშინაც კი არსებობს, როცა, ერთი შეხედვით, მსოფლიოში მშვიდობა სუფევს. ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოთქმულია შეშფოთება, რომ „ეგრეთ წოდებული მკვლელი რობოტები, რომლებსაც დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე, შეუძლიათ სამიზნის არჩევა და თავდასხმა“, დიდ საშიშროებას წარმოადგენენ (Bulletin of the Atomic Scientists).

      მამაკაცი საავადმყოფოში წევს

      დაავადებების ტყვეობაში. მედიცინა უძლურია დაავადებებთან ბრძოლაში. მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი წონა, ჰაერის დაბინძურება და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორებია; სამწუხაროდ, სულ უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მიზეზებით ავადდებიან. აგრეთვე სულ უფრო მეტი ადამიანი იხოცება ისეთი არაგადამდები დაავადებებით, როგორიცაა სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. იზრდება მათი რიცხვიც, რომლებიც სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის გამო სრულფასოვნად ვერ ცხოვრობენ. გარდა ამისა, ბოლო წლებში მოულოდნელად იფეთქა ისეთმა საშიშმა ეპიდემიებმა, როგორიცაა ებოლა და ზიკა. როგორც ვხედავთ, ადამიანებს არ ძალუძთ დაავადებების აღმოფხვრა და ისე ჩანს, რომ ეს პრობლემა არასდროს გადაიჭრება.

      ქარხანა აბინძურებს ჰაერსა და წყალს

      ადამიანები აჩანაგებენ ბუნებას. ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოყოფილი ნარჩენი აირები აბინძურებენ ატმოსფეროს. ყოველ წელს დაბინძურებული ჰაერის გამო მილიონობით ადამიანი კვდება.

      დასახლებული პუნქტებისა თუ სხვადასხვა დაწესებულებების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები, სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, პლასტმასი თუ სხვა მავნე ნივთიერებები საბოლოოდ ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება. ერთ ენციკლოპედიაში ახსნილია: „ტოქსიკური ნივთიერებები წამლავს ზღვის ცხოველებსა და წყალმცენარეებს, რომელთაც ადამიანები საკვებად იყენებენ“ (Encyclopedia of Marine Science).

      დღეს მსოფლიოში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა. ინგლისელი მეცნიერი რობინ მაკი გვაფრთხილებს: „მალე მთელ მსოფლიოში იქნება წყლის დეფიციტი“. პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ ეს პრობლემა, რომლის სათავეც თავად ადამიანია, დიდ საფრთხეს უქმნის დედამიწას.

      ტორნადო

      ბუნება „თავს ესხმის“ ადამიანებს. ხშირად ქარიშხალს, გრიგალს, ტორნადოს, ტაიფუნსა თუ მიწისძვრას გამანადგურებელი წყალდიდობები, დამანგრეველი მეწყერი თუ სხვა სახის სტიქია მოჰყვება. სტიქიური უბედურებების შედეგად ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება ან ზარალდება. როგორც შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენშია აღნიშნული, მოსალოდნელია „უფრო ძლიერი ქარიშხლები, უფრო გამანადგურებელი წყალდიდობები და უფრო ხანგრძლივი გვალვა და გაუსაძლისი სიცხეები“. მიაყენებს ბუნება კაცობრიობას სასიკვდილო დარტყმას?

      ალბათ, სხვა არაერთი საშიშროებაც გაფიქრებთ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას. მაგრამ დღევანდელი შემაშფოთებელი მოვლენების გაანალიზების შემდეგ ვერ იღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხებს იმის თაობაზე, თუ რა გველის მომავალში. ზოგი შესაძლოა ვერც პოლიტიკოსებისა თუ მეცნიერების პროგნოზებმა ანუგეშოს. თუმცა, როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, მრავალმა სარწმუნო პასუხები მიიღო იმ კითხვებზე, რომლებიც მსოფლიო მდგომარეობასა და ჩვენს მომავალს ეხება. სად შეიძლება ამ პასუხების მოძიება?

  • რას ამბობს ბიბლია?
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 6
    • მამაკაცი ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში

      ის, რაზეც განკითხვის დღის საათი მოასწავებს, არ შესრულდება, რადგან ღვთის დაპირების თანახმად, კაცობრიობას ნათელი მომავალი ელის

      მთავარი თემა | მართლა ემუქრება მსოფლიოს განადგურება?

      რას ამბობს ბიბლია?

      მსოფლიოში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ ბიბლიაში საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. თუმცა ღვთის სიტყვა ნათელი მომავლის შესახებაც წინასწარმეტყველებს. ბიბლიაში მოცემული ეს დამაიმედებელი ცნობა უმალვე არ უნდა უგულებელვყოთ, რადგან მასში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება უკვე გასაოცარი სიზუსტით შესრულდა.

      მოდი ვიმსჯელოთ შემდეგ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე:

      • „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (მათე 24:7).

      • „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4).

      ამ წინასწარმეტყველებებში აღწერილია, თუ რა საგანგაშო მდგომარეობა იქნებოდა მსოფლიოში. ეს მართლაც შეესაბამება სიმართლეს, რადგან დღეს მსოფლიო უმართავია და ადამიანებს არ ძალუძთ სიტუაციის გამოსწორება. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ადამიანებს არც სიბრძნე აქვთ და არც ძალა საიმისოდ, რომ სამუდამოდ გადაჭრან დღევანდელი პრობლემები. სწორედ ამას ესმება ხაზი შემდეგ ბიბლიურ მუხლებში:

      • „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავები 14:12).

      • „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

      • „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა“ (იერემია 10:23).

      თუ ადამიანები განაგრძობენ თავიანთ ნებაზე ცხოვრებას, გლობალური კატასტროფა მართლაც გარდაუვალი იქნება. მაგრამ ეს არ მოხდება! რის საფუძველზე ვამბობთ ამას? პასუხს მომდევნო მუხლებში ვკითხულობთ:

      • „მყარ საფუძველზე აფუძნებ [ღმერთო] დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5).

      • „თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4).

      • „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

      • „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

      ამ ბიბლიური მუხლებიდან ერთ დასკვნას ვაკეთებთ: კაცობრიობა არც ეკოლოგიური დაბინძურების, არც საკვების ან წყლის უკმარისობის, არც ეპიდემიებისა და არც ბირთვული კატასტროფის შედეგად განადგურდება, რადგან ჩვენი პლანეტის მომავალი ღვთის ხელშია. ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა, რათა თავად გააკეთონ არჩევანი. თუმცა ისინი საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებს ვერ გაექცევიან (გალატელები 6:7). ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ: მსოფლიო მემანქანის გარეშე დარჩენილ მატარებელს არ ჰგავს, რომელიც მალე კატასტროფას განიცდის. საბედნიეროდ, ღმერთმა ადამიანებს საზღვრები დაუდგინა, ამიტომ არ მისცემს მათ უფლებას, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს (ფსალმუნი 83:18; ებრაელები 4:13).

      მაგრამ ღმერთი მხოლოდ ამას არ დასჯერდება. ის კაცობრიობას დიდ მშვიდობას მოუტანს (ფსალმუნი 37:11). ყოველივე ზემოთქმული მცირეოდენ წარმოდგენას გვიქმნის იმ ნათელ მომავალზე, რომლის შესახებაც მილიონობით იეჰოვას მოწმემ ბიბლიის შესწავლის შედეგად გაიგო.

      იეჰოვას მოწმეები, სხვადასხვა ასაკისა თუ წარმომავლობის ადამიანები, საერთაშორისო საძმოს ქმნიან. ისინი ეთაყვანებიან ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომლის სახელსაც, იეჰოვას, ღვთის სიტყვა გვიმჟღავნებს. ამ ხალხს არ აშინებს მომავალი, რადგან ბიბლიაში ასეთ დამაიმედებელ სიტყვებს კითხულობენ: «აი რას ამბობს იეჰოვა, ცის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი, დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა: „მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!“» (ესაია 45:18).

      ამ სტატიაში განხილულია ზოგი ბიბლიური სწავლება, რომელიც კაცობრიობისა და დედამიწის მომავალს ეხება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურის „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ მე-5 გაკვეთილი. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

      თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეორგოლს „რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com (იხილეთ პუბლიკაციები > ვიდეოები).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება