თავი 1
დავიწყო ვინმესთან ურთიერთობა?
„ყველა მეუბნება, რომ შეყვარებული უნდა მყავდეს. თანაც გარშემო ძალიან ბევრი სიმპათიური ბიჭია“ (უითნი).
„ზოგი გოგო პირდაპირ მეუბნება, რომ მოვწონვარ და ჩემთან ურთიერთობა სურს. ზოგჯერ მეც მინდა ეს, მაგრამ ვიცი, მშობლები ამაზე რას მეტყვიან“ (ფილიპი).
ბუნებრივია გქონდეს იმ ადამიანთან ერთად ყოფნის სურვილი, ვინც ძალიან მოგწონს და ვისაც მოსწონხარ. ასეთი სურვილი შეიძლება საკმაოდ ადრეულ ასაკშიც გაგიჩნდეს. ჯენიფერი იხსენებს: „11 წლისა უკვე თავს უხერხულად ვგრძნობდი იმის გამო, რომ შეყვარებული არ მყავდა“. ბრიტანი ამბობს: „თუ არავის ხვდები, სკოლაში ფიქრობენ, რომ არანორმალური ხარ“.
შენზე რას იტყვი? ხარ მზად სიყვარულისთვის? სანამ ამ კითხვას უპასუხებ, ერთ სერიოზულ საკითხში გავერკვიოთ.
ჩვეულებრივი ურთიერთობა თუ . . .
უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
რეგულარულად ხვდები ერთსა და იმავე გოგოს /ბიჭს. მხოლოდ ჩვეულებრივი ურთიერთობაა ეს?
□ დიახ
□ არა
დავუშვათ, მოგწონს ვინმე და მასაც მოსწონხარ. დღეში რამდენჯერმე SMS-ებს უგზავნით ერთმანეთს ან ტელეფონით ელაპარაკებით. მხოლოდ ჩვეულებრივი ურთიერთობაა ეს?
□ დიახ
□ არა
როცა მეგობრებთან ერთად ხარ, ყოველთვის ერთსა და იმავე გოგოსთან /ბიჭთან მარტოვდები. მხოლოდ ჩვეულებრივი ურთიერთობაა ეს?
□ დიახ
□ არა
პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, არ გაგიჭირდება. მაგრამ მეორე და მესამე კითხვას შეიძლება უცბად ვერ უპასუხო. ჩვეულებრივი ურთიერთობა აღარ ჰქვია იმას, როცა საპირისპირო სქესის ორი ადამიანი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს ერთმანეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, სამივე შემთხვევაში პასუხი არის არა. თუ შენ და შენი მეგობარი ასეთ ინტერესს ავლენთ ერთმანეთისადმი დაუფარავად ან ფარულად, პირისპირ ყოფნისას ან ტელეფონზე საუბრისას, თქვენს ურთიერთობას ჩვეულებრივს ვეღარ დავარქმევთ. მზად ხარ ასეთი ურთიერთობის გასაგრძელებლად? ამის გარკვევაში სამ კითხვაზე დაფიქრება დაგეხმარება.
რა მიზანი გაქვს?
ბევრ ქვეყანაში მიღებულია საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობის დაწყება უკეთ გაცნობის მიზნით. თუმცა ამას უნდა ჰქონდეს კეთილშობილური მიზანი — ეს უნდა დაეხმაროს ორივეს იმის გარკვევაში, თუ რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს ოჯახის შესაქმნელად.
შენი თანატოლები შეიძლება სულაც არ უყურებენ ამ საკითხს ასე. შესაძლოა მათ უბრალოდ სიამოვნებთ ასეთი ურთიერთობა და საერთოდ არ ფიქრობენ დაქორწინებაზე. ზოგს იმიტომ უნდა, ვინმე ჰყავდეს, რომ „მაგარი“ გამოჩნდეს ან სხვების თვალში ღირსება აიმაღლოს. მაგრამ ხშირად ასეთი ზედაპირული ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება. ჰეთერი ამბობს: „ბევრი ახალგაზრდა ერთ-ორ კვირაში წყვეტს ურთიერთობას. ეს მათთვის გართობაა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობით სამომავლოდ ქორწინებისთვის კი არა, განქორწინებისთვის ემზადებიან“.
ცხადია, ვინმესთან ურთიერთობის დროს მის გრძნობებთან გაქვს საქმე. ამიტომ კეთილშობილური მიზნები უნდა გამოძრავებდეს. მოგეწონება, ვინმემ შენს გრძნობებზე ბავშვის სათამაშოსავით რომ ითამაშოს — ცოტა ხნით „ხელში აგიყვანოს“ და მერე „მოგისროლოს“? ჩელსი ამბობს: „ხანდახან ვფიქრობ, რომ ვინმესთან ურთიერთობა მხოლოდ გართობაა, მაგრამ არ შეიძლება გართობა უწოდო იმას, რასაც მეორე მხარე სერიოზულად მიიჩნევს“.
უკვე დროა?
შენი აზრით, რა ასაკიდან შეიძლება ვინმესთან ურთიერთობის დაწყება? ․․․․․
ეს კითხვა შენს მშობლებსაც დაუსვი და პასუხი აქვე დაწერე. ․․․․․
არ გაგიკვირდეს, თუ ზედა რიცხვი ქვედაზე მცირეა. ან იქნებ არც იყოს ასე. შესაძლოა, ბევრი ახალგაზრდის მსგავსად არც შენ ჩქარობ და ფიქრობ, რომ არ ღირს ვინმესთან ურთიერთობის დაწყება მანამდე, სანამ საკუთარ თავს უკეთ არ გაიცნობ. სწორედ ასე ფიქრობს დანიელა, რომელიც 17 წლისაა. ის ამბობს: „ორი წლის წინ სულ სხვა არჩევანს გავაკეთებდი. დღემდე არა მაქვს ჩემი თავის იმედი, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. როდესაც დავინახავ, რომ პიროვნულად ჩამოვყალიბდი, მხოლოდ მაშინ ვიფიქრებ ვინმესთან ახლო ურთიერთობაზე“.
მოცდა სხვა რამის გამოც ღირს. ბიბლიაში ფრაზა „ახალგაზრდული ვნებები“ დაკავშირებულია ასაკთან, როცა ახალგაზრდა პირველად განიცდის სქესობრივი და რომანტიკული გრძნობების მოზღვავებას (1 კორინთელები 7:36). ასეთ ასაკში საპირისპირო სქესის ადამიანთან ახლო ურთიერთობამ შეიძლება კიდევ უფრო გაგიძლიეროს ეს გრძნობები და არასწორ საქციელამდე მიგიყვანოს. შესაძლოა შენი თანატოლები ნაკლებად ფიქრობენ ამაზე. ბევრს ერთი სული აქვს, გემო გაუსინჯოს სექსს. მაგრამ ასე აზროვნება შენ არ გამოგადგება! (რომაელები 12:2). ბიბლია მოგვიწოდებს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18). თუ მოიცდი, სანამ ჩაივლის „ახალგაზრდული ვნებების“ პერიოდი, ‘აირიდებ უბედურებას’ (ეკლესიასტე 11:10).
მზად ხარ დაქორწინებისთვის?
ამ კითხვას რომ უპასუხო, კარგად დაფიქრდი შემდეგ საკითხებზე:
სხვებთან ურთიერთობა. როგორ ექცევი მშობლებს და და-ძმებს? ხშირად ხომ არ გამოდიხარ მდგომარეობიდან მათთან ურთიერთობისას? სარკასტულად და უხეშად ხომ არ ელაპარაკები? ისინი რას ფიქრობენ შენზე ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორც ოჯახის წევრებს ექცევი, ისე მოექცევი მეუღლესაც (წაიკითხე ეფესოელების 4:31).
ხასიათი და თვისებები. ოპტიმისტი ხარ თუ პესიმისტი? დამთმობი ხარ თუ ყოველთვის გინდა, რომ შენი გაიტანო? შეგიძლია სიმშვიდის შენარჩუნება დაძაბულ სიტუაციებში? ხარ მომთმენი? ღვთის სულის ნაყოფის განვითარება მოგამზადებს იმისათვის, რომ მომავალში კარგი მეუღლე იყო (წაიკითხე გალატელების 5:22, 23).
ფინანსები. იცი ფულის ყადრი? ხშირად გიწევს ვალის აღება? ხშირად ხომ არ იცვლი სამუშაოს? თუ ასეა, რა არის მიზეზი? თვითონ სამუშაო, დამსაქმებელი თუ შენი ჩვევები და ხასიათი? საკუთარი თავის შენახვას თუ ვერ ახერხებ, ოჯახზე როგორღა იზრუნებ? (წაიკითხე 1 ტიმოთეს 5:8).
სულიერობა. თუ იეჰოვას მოწმე ხარ, რას აკეთებ იმისათვის, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობა გქონდეს? კითხულობ ბიბლიას? მონაწილეობ სამქადაგებლო მსახურებაში? აქტიურობ კრების შეხვედრებზე? შენს მომავალ მეუღლეს სულიერად ძლიერი თანამგზავრი დასჭირდება (წაიკითხე ეკლესიასტეს 4:9, 10).
მანამდე რა უნდა აკეთო?
თუ იჩქარებ ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას, აღმოჩნდები იმ ახალგაზრდის მდგომარეობაში, რომელსაც აიძულებენ საბოლოო გამოცდის ჩაბარებას საგანში, რომლის სწავლაც ახალი დაწყებული აქვს. ცხადია, ეს უსამართლობა იქნებოდა! გამოცდა კარგად რომ ჩააბარო, ახალი საგნის შესასწავლად საკმარისი დრო უნდა გქონდეს.
ეს ასეა სიყვარულთან დაკავშირებითაც. როგორც დავინახეთ, რომანტიკული ურთიერთობა სერიოზული საკითხია. ასე რომ, სანამ ვინმეზე ფიქრს დაიწყებ, დრო გჭირდება ერთი მნიშვნელოვანი „საგნის“ შესასწავლად. ამ „საგანში“ მეგობრულ ურთიერთობას ვგულისხმობთ. ეს მოგამზადებს იმისათვის, რომ მოგვიანებით, როცა შესაფერის პარტნიორს იპოვი, მასთან მტკიცე ურთიერთობა გქონდეს. ბედნიერი ოჯახი წარმოუდგენელია კარგი მეგობრობის გარეშე.
გარკვეული დროით ლოდინი თავისუფლებას არ წაგართმევს. პირიქით, შენ უფრო მეტი თავისუფლება გექნება, რომ გაიხარო „ახალგაზრდობის წლებით“ (ეკლესიასტე 11:9). გარდა ამისა, შეგიძლია ეს დრო იმისათვის გამოიყენო, რომ გამოიმუშაო კარგი თვისებები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, განამტკიცო ღმერთთან ურთიერთობა (გოდება 3:27).
არავინ გიკრძალავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. შეგიძლია შეუერთდე მეგობარ გოგოებსა და ბიჭებს ისეთ შეკრებებზე, რომლებსაც სათანადო მეთვალყურეობა ეწევა. ტამი ამბობს: „ასე უფრო კარგად ვატარებთ დროს. კარგია, როცა ბევრი მეგობარი გყავს“. მონიკა იზიარებს მის აზრს: „მომწონს, როცა ბევრნი ვიკრიბებით ერთად. ამ დროს ეცნობი სხვადასხვა ხასიათის ადამიანებს“.
ამის საპირისპიროდ, თუ ადრეულ ასაკში დაიწყებ ვინმესთან ურთიერთობას, შეიძლება აუტკივარი თავი აიტკიო. ამიტომ ნუ აჩქარდები! გამოიყენე ეს წლები იმის სასწავლებლად, თუ როგორ შეიძინო და შეინარჩუნო მეგობრები. მოგვიანებით, თუ გადაწყვეტ ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას, უკეთ გეყოლება შესწავლილი საკუთარი თავი და ისიც გეცოდინება, თუ ვინ გამოგადგება ცხოვრების თანამგზავრად.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„წინდახედული . . . აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).
რჩევა
რომანტიკული ურთიერთობისა და ქორწინებისთვის რომ მოემზადო, წაიკითხე 2 პეტრეს 1:5—7 და შეარჩიე ერთი თვისება, რომელზეც გჭირდება მუშაობა. ერთ თვეში შეამოწმე, რა გაიგე ამ თვისების შესახებ და რამდენად გაუმჯობესდი.
იცოდი, რომ . . . ?
როგორც მრავალი გამოკვლევა ცხადყოფს, დიდია იმის ალბათობა, რომ 20 წლამდე ასაკში დაქორწინებულები 5 წლის განმავლობაში გაეყრებიან ერთმანეთს.
რა უნდა გავაკეთო
დაქორწინებისთვის რომ მოვემზადო, უნდა ვიმუშაო შემდეგ თვისებებზე: ․․․․․
ამ თვისებების გასაუმჯობესებლად უნდა ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რა სიტუაციებში ჯობს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა?
● რას ეტყვი უმცროს დას ან ძმას, რომელსაც სურს ვინმესთან ურთიერთობა, მაგრამ ამისთვის ძალიან პატარაა?
● თუ ხვდები ვინმეს, მაგრამ დაქორწინებას არ აპირებ, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან მასზე?
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის 29-ე და 30-ე თავებში.
გინდა ვინმესთან ურთიერთობა ისე, რომ მშობლებმა არაფერი გაიგონ? საფრთხე შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე შენ ფიქრობ.
[ჩანართი 18 გვერდზე]
„ურთიერთობა მაშინ უნდა დაიწყო, როცა ადამიანში ხედავ იმას, რაც ნამდვილად მოგწონს და თვლი, რომ ერთად ბედნიერები იქნებით. ამ დროს მასზე ფიქრობ და არა უბრალოდ რომანტიკულ ურთიერთობაზე“ (ამბერი).
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
დაქორწინებაზე ფიქრის გარეშე ვინმესთან ურთიერთობა იმ ბავშვის მოქმედებას ჰგავს, რომელიც ახალი სათამაშოთი ცოტა ხნით გაერთობა და მერე გვერდზე მოისვრის.