თავი 12
როგორ დავძლიო არასრულფასოვნების კომპლექსი?
დიახ არა
როცა სარკეში იყურები, მოგწონს შენი თავი? □ □
ფიქრობ, რომ გაქვს რაიმე განსაკუთრებული უნარი? □ □
შეგიძლია არ აჰყვე თანატოლებს? □ □
გაღიზიანებს ჯანსაღი კრიტიკა? □ □
ბრაზდები, როდესაც უსამართლო შენიშვნებს გაძლევენ? □ □
შენი აზრით, უყვარხარ სხვებს? □ □
ზრუნავ ჯანმრთელობაზე? □ □
გიხარია სხვების წარმატება? □ □
თვლი, რომ წარმატების მიღწევა შეგიძლია? □ □
თუ აქედან რამდენიმე კითხვას უარყოფითად უპასუხე, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ რეალურად არ აფასებ საკუთარ თავს. ეს თავი დაგეხმარება, დაინახო შენი ძლიერი მხარეები.
ბევრ ახალგაზრდას, როდესაც საკუთარ თავს თანატოლებს ადარებს, არ მოსწონს თავისი გარეგნობა და ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. შენც ამ კატეგორიას ხომ არ განეკუთვნები? თუ ასეა, შენ არ ხარ გამონაკლისი.
„ამდენი ნაკლი რომ მაქვს, თავი არარაობა მგონია. სულ ვაკრიტიკებ საკუთარ თავს“ (ლეტისია).
„რაც არ უნდა ლამაზი იყო, ყოველთვის გამოჩნდება შენზე უკეთესი“ (ჰელი).
„ხალხში თავს ძალიან შებოჭილად ვგრძნობ. მეშინია, სხვების თვალში არ დავმცირდე“ (რეიჩელი).
თუ შენც იგივეს განიცდი, გულს ნუ გაიტეხ. ქვემოთ მოცემული სამი რჩევა დაგეხმარება არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევაში.
დაინტერესდი სხვებით
ბიბლიური მუხლი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში? როცა სხვას ეხმარები, ეს შენთვისვეა კარგი. ერთ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“ (იგავები 11:25). უდავოა, რომ სხვებზე ზრუნვა შენვე აგიმაღლებს გუნება-განწყობილებასa.
„ვცდილობ, რაღაც გავაკეთო მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება კრებაში. როცა სხვების მიმართ სიყვარულსა და ყურადღებას ვავლენ, უკეთესად ვგრძნობ თავს“ (ბრიანა).
„ქრისტიანული მსახურება მეხმარება, რომ საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ვიფიქრო“ (ჯეივონი).
გაფრთხილება: სიკეთის სანაცვლოდ ნურაფერს მოელი (მათე 6:2—4). თუ სიკეთეს გამორჩენის მიზნით გააკეთებ, ეს არაფერში გარგებს. სხვები ადვილად ამჩნევენ, რა გულით აკეთებ სიკეთეს (1 თესალონიკელები 2:5, 6).
რისი გაკეთება შეგიძლია? გაიხსენე, ვის დაეხმარე ბოლო დროს. დაწერე, ვინ იყო და რა გაუკეთე მას.
․․․․․
რა იგრძენი ამის შემდეგ?
․․․․․
მოიფიქრე, კიდევ ვის შეგიძლია დაეხმარო და დაწერე, როგორ გააკეთებ ამას.
․․․․․
შეიძინე მეგობრები
ბიბლიური მუხლი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში? კარგი მეგობარი გასაჭირში არ მიგატოვებს (1 სამუელი 18:1; 19:2). იმის ცოდნაც კი, რომ ვიღაც ფიქრობს შენზე, უკეთეს განწყობაზე გაყენებს (1 კორინთელები 16:17, 18). ასე რომ, დაუმეგობრდი მათ, ვინც კარგ გავლენას ახდენს შენზე.
„ნამდვილი მეგობარი ყოველთვის გვერდში დაგიდგება“ (დონელი).
„ზოგჯერ იმის ცოდნაც საკმარისია, რომ ვიღაც გულწრფელად ზრუნავს შენზე. ეს ძალებს გმატებს“ (დებორა).
გაფრთხილება: ნუ მოაჩვენებ მეგობრებს თავს ისეთად, როგორიც სინამდვილეში არა ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ წრეში მიგიღონ (იგავები 13:20; 18:24; 1 კორინთელები 15:33). თუ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად სისულელეს გააკეთებ, თავს დამცირებულად და გამოყენებულად იგრძნობ (რომაელები 6:21).
რისი გაკეთება შეგიძლია? ქვემოთ დაწერე მეგობრის სახელი, რომელიც დაგეხმარება არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევაში.
․․․․․
კარგი იქნება, თუ გარკვეულ დროს ამ მეგობართან ერთად გაატარებ (აუცილებელი არ არის, რომ შენი თანატოლი იყოს).
შეცდომების გამო ნუ დაითრგუნები
ბიბლიური მუხლი: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ყველა არასრულყოფილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ იტყვი ან გააკეთებ რაღაც არასწორს (რომაელები 7:21—23; იაკობი 3:2). შეცდომებს თავს ვერ აარიდებ, მაგრამ მთავარია ამას სწორად შეხედო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16).
„ზოგჯერ საშინლად დამრთგუნველია, როცა ვიღაცის ძლიერ მხარეებს ჩვენს სუსტ მხარეებს ვადარებთ“ (კევინი).
„ყველას აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი თვისებები. უნდა გვახარებდეს ჩვენი კარგი თვისებები, შეცდომები კი გამოვასწოროთ“ (ლორენი).
გაფრთხილება: ცოდვის ჩადენას იმით ნუ გაამართლებ, რომ არასრულყოფილი ხარ (გალატელები 5:13). თუ ცოდვას განზრახ ჩაიდენ, დაკარგავ იეჰოვას კეთილგანწყობას, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (ებრაელები 10:26, 27).
რისი გაკეთება შეგიძლია? ქვემოთ დაწერე, რაში გინდა გაუმჯობესდე.
․․․․․
გვერდზე მიუწერე დღევანდელი თარიღი. გამოიკვლიე, რისი გაკეთება შეგიძლია გასაუმჯობესებლად და დააკვირდი საკუთარ თავს, როგორი წინსვლა გექნება თვის განმავლობაში.
რეალურად შეაფასე საკუთარი თავი
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“ (1 იოანე 3:20). მას შეუძლია დაინახოს შენი ღირსებები, რასაც საკუთარ თავში შენ შეიძლება ვერ ამჩნევ. არასრულყოფილი კი ხარ, მაგრამ ეს ხომ შენზე ღვთის თვალსაზრისს არ ცვლის. წარმოიდგინე, რომ 100 დოლარიანი გაქვს, რომელიც ოდნავაა გახეული. ნუთუ გადააგდებდი ამის გამო? ამ კუპიურას ჯერ ხომ თავისი ფასი არ დაუკარგავს?!
ღმერთიც ასე გიყურებს. შენი უარყოფითი მხარეები ხელს არ უშლის მას შენი ღირსების დანახვაში. რაც არ უნდა უმნიშვნელოდ თვლიდე შენს მცდელობას, რომ მას გული გაუხარო, იგი ხედავს ამას და აფასებს. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10).
ზოგჯერ სევდა ხომ არ გიპყრობს? რისი გაკეთება შეგიძლია ამ დროს?
[სქოლიო]
a თუ იეჰოვას მოწმე ხარ, იფიქრე იმაზე, რამხელა სიხარულის განცდა შეგიძლია სამეფოს შესახებ ქადაგებით (ესაია 52:7).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4).
რჩევა
ნუ იტყვი საკუთარ თავზე: „არასდროს არაფერი გამომდის“, „წესიერად ვერაფერს ვაკეთებ“. ეს მხოლოდ დაგთრგუნავს. მართალია, შეცდომებზე თვალი არ უნდა დახუჭო, მაგრამ შენი ძლიერი მხარეებიც უნდა დაინახო.
იცოდი, რომ . . . ?
როგორც შენ უყურებ საკუთარ თავს, შეიძლება სხვებმაც ისე დაგიწყონ ყურება . . . და ეს შენდამი მათ დამოკიდებულებაზეც აისახოს.
რა უნდა გავაკეთო
თუ ჩემი თანატოლები გამაკრიტიკებენ, მე ․․․․․
თუ ვამჩნევ, რომ ჩემი სუსტი მხარეების მეტს ვერაფერს ვხედავ, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ შეიძლება ჰქონდეთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა?
● რატომ არის მნიშვნელოვანი, რეალურად შეაფასო საკუთარი თავი?
[ჩანართი 88 გვერდზე]
„შეიძლება ვინმე მიმზიდველი იყოს, მაგრამ თავი უშნო ეგონოს, ან შეიძლება სულაც არ იყოს მიმზიდველი, მაგრამ თავი ყველაზე ლამაზად მიაჩნდეს. პრობლემა აზროვნებაშია“ (ალისა).
[სურათი 90 გვერდზე]
ფული არ კარგავს ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავაა გახეული. ღმერთიც ასე გიყურებს. არასრულყოფილების მიუხედავად მის თვალში ფასს არ კარგავ.