-
რა უნდა ვიცოდე მოწევის შესახებ?ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
-
-
თავი 33
რა უნდა ვიცოდე მოწევის შესახებ?
თუ აქ მოყვანილი ვარიანტებიდან რომელიმე გეხება, აღნიშნე ამ ნიშნით ✔.
□ მაინტერესებს, როგორია
□ სტრესი მაქვს
□ მინდა, თანატოლებისგან აღიარება მოვიპოვო
□ წონაში დაკლება მინდა
თუ აქედან რომელიმე ვარიანტი აღნიშნე, ესე იგი, რაღაც საერთო გაქვს იმ თანატოლებთან, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, ან ყოველ შემთხვევაში აზრად მოსვლიათ მისი მოწევაa.
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. „მაინტერესებდა, როგორი გემო ჰქონდა სიგარეტს. სკოლაში ერთ გოგოს გამოვართვი ერთი ღერი და ჩუმად მოვწიე“ (ტრეისი).
დაძაბულობის მოხსნა და თანატოლებისგან აღიარება. «სკოლაში ბავშვები იტყვიან ხოლმე: „აუ, ეხლა სიგარეტი თუ არ მოვწიე . . .“, მოწევის მერე კი ამბობენ: „მაგრად მომეშვა“. მათ შემხედვარეს სტრესის დროს მეც მინდებოდა მოწევა“» (ნიკი).
წონაში დაკლება. „ზოგი გოგო სიგარეტს იმიტომ ეწევა, რომ ფიგურას უფრთხილდება. ეს ხომ გაცილებით ადვილია, ვიდრე დიეტა“ (სამანტა).
სანამ პირველ ან მომდევნო ღერს მოუკიდებ, ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი. ნუ დაემსგავსები ანკესზე წამოგებულ თევზს, რომელსაც პატარა სასუსნავს კი აძლევენ, მაგრამ საბოლოოდ, ეს ძალიან ძვირად უჯდება. ნაცვლად ამისა, გაითვალისწინე ბიბლიური რჩევები და გამოიყენე „საღი აზროვნების უნარი“ (2 პეტრე 3:1). შეავსე წინა გვერდზე მოცემული ტესტი:
რა იცი სინამდვილეში მოწევის შესახებ?
ა. მოწევა სტრესს ამცირებს.
□სწორია □ არასწორია
ბ. სიგარეტის ბოლს მთლიანად ამოვუშვებ ფილტვებიდან.
□სწორია □ არასწორია
გ. სანამ ახალგაზრდა ვარ, მოწევა არ მავნებს.
□სწორია □ არასწორია
დ. სიგარეტით ხელში საპირისპირო სქესისთვის უფრო მიმზიდველი ვიქნები.
□სწორია □ არასწორია
ე. მოწევით მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას ვავნებ.
□სწორია □ არასწორია
ვ. ღვთისთვის სულერთია, მოვწევ თუ არა.
□სწორია □ არასწორია
პასუხები:
აღნიშნე სწორია თუ არასწორი.
ა. არასწორია. მართალია, მოწევა დროებით ხსნის სტრესს, ოღონდ მხოლოდ იმ სტრესს, რომელიც სიგარეტის მოწევის ძლიერი სურვილითაა გამოწვეული. როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს, ნიკოტინი ზრდის სტრესის ჰორმონების დონეს.
ბ. არასწორია. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, სიგარეტის ჩასუნთქული ბოლის ნაწილაკების 80 პროცენტზე მეტი ორგანიზმში რჩება.
გ. არასწორია. ყოველი ღერის მოწევასთან ერთად, ზოგადად, იზრდება ჯანმრთელობის გაუარესების რისკი, მაგრამ ზოგიერთი პრობლემა მაინც მალევე იჩენს თავს. საკმარისია ზოგმა ერთი ღერი მოსწიოს და დამოკიდებულება უვითარდება. გარდა ამისა, მწეველთა ფილტვებს საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება ჟანგბადი. დიდია იმის ალბათობაც, რომ მათ ქრონიკული ხველა განუვითარდეთ. მოწევა აგრეთვე იწვევს კანის ნაადრევ დანაოჭებას და ზრდის სექსუალური დისფუნქციის, პანიკური შიშის და დეპრესიის რისკს.
დ. არასწორია. როგორც მკვლევარი ლოიდ ჯონსტონი ამბობს, მწეველი მოზარდები „საპირისპირო სქესის უმრავლესობისთვის ნაკლებად მიმზიდველნი“ არიან.
ე. არასწორია. ყოველწლიურად ათასობით პასიური მწეველი იღუპება. სიგარეტის ბოლი მავნებელია როგორც ოჯახის წევრებისთვისა და მეგობრებისთვის, ისე სახლის ბინადარი შინაური ცხოველებისთვის.
ვ. არასწორია. ვისაც უნდა, რომ ღმერთს გული გაუხაროს, უნდა განიწმინდოს „ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“ (2 კორინთელები 7:1). ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მოწევა ბილწავს სხეულს. თუ გინდა, რომ მოწევით სხეული წაიბილწო და ზიანი მიაყენო არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც, ღვთის მეგობარი ვერ იქნები (მათე 22:39; გალატელები 5:19—21).
როგორ გავუძლო ცდუნებას?
როგორ მოიქცევი, თუ ვინმე სიგარეტს შემოგთავაზებს? უბრალო, მაგრამ მტკიცე უარი, როგორიცაა „არა, გმადლობთ, არ ვეწევი“, ხშირად ამართლებს. თუ არ მოგეშვება და დაცინვასაც დაგიწყებს, გახსოვდეს, რომ ეს შენი არჩევანია. შეგიძლია უთხრა:
● „ვიცი ამას რაც მოჰყვება და გადავწყვიტე, არ მოვწიო“.
● „სიცოცხლე ჯერ არ მომბეზრებია“.
● „არა მაქვს არჩევნის გაკეთების უფლება?“
ამ თავის დასაწყისში მოხსენიებული ახალგაზრდების მსგავსად, შესაძლოა შენც ხედავ, რომ ყველაზე რთული საკუთარ თავთან ბრძოლაა. თუ ასეა, დაფიქრდი ქვემოთ მოცემულ კითხვებზე და პასუხი გაეცი შენს „შინაგან ხმას“:
● რას მარგებს მოწევა? თუ სიგარეტის მოწევას მხოლოდ იმიტომ ვიწყებ, რომ თანატოლებისგან აღიარება მოვიპოვო, ნუთუ მერე უფრო უარესს არ მომთხოვენ? ღირს კი ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვისაც გაუხარდებოდა ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება?
● როგორ იმოქმედებს მოწევა ჩემს ბიუჯეტზე, ჯანმრთელობასა თუ სხვებთან ურთიერთობაზე?
● გავცვლიდი ღმერთთან მეგობრობას სიგარეტზე?
მაგრამ თუ უკვე წამოგებული ხარ „ანკესზე“, როგორ უნდა დაანებო თავი მოწევას?
როგორ დავანებო თავი?
1. ეჭვი ნუ შეგეპარება. ჩამოწერე მიზეზები, თუ რატომ გინდა მოწევისთვის თავის დანებება და ხშირ-ხშირად გადახედე. ღვთის თვალში სუფთად დარჩენის სურვილი უდიდესი სტიმულია (რომაელები 12:1; ეფესოელები 4:17—19).
2. ითხოვე დახმარება. თუ აქამდე მალულად ეწეოდი, დროა გაამჟღავნო. უთხარი მათ, ვისაც უმალავდი, რომ მოწევისთვის თავის დანებება გინდა და სთხოვე, მხარი დაგიჭირონ. თუ გინდა, ღმერთს სუფთა სინდისით ემსახურო, ლოცვაში დახმარება სთხოვე (1 იოანე 5:14).
3. დანიშნე დღე. მიზნად დაისახე, რომ ორ კვირაში ან უფრო ადრეც მოწევას თავს დაანებებ და ეს დღე კალენდარში აღნიშნე. უთხარი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომ მოწევას ამ დღეს წყვეტ.
4. ყველგან მოძებნე და გაანადგურე. კალენდარში აღნიშნული დღის დადგომამდე მოძებნე, ხომ არ შემოგრჩა სიგარეტი სადმე ოთახში, მანქანაში ან ტანსაცმლის ჯიბეებში, და თუ იპოვი, გაანადგურე. მოიშორე სანთებელა, ასანთი და საფერფლე.
5. დასძლიე მოწევის ძლიერი სურვილი. სვი ბევრი ხილის წვენი ან წყალი და მეტხანს იძინე. მართალია, სიგარეტის მიტოვება დროებით დისკომფორტს შეგიქმნის, მაგრამ სამაგიეროდ, ეს შენს ხანგრძლივ კეთილდღეობას მოემსახურება!
6. მოერიდე მაცდურ გარემოს. მოერიდე ისეთ ადგილებს, სადაც ადვილად შეიძლება ცდუნდე. შეძლებისდაგვარად მოერიდე მწეველების საზოგადოებას (იგავები 13:20).
ანკესს ნუ წამოეგები!
ყოველწლიურად სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ რეკლამებში. მათ შესანიშნავად იციან, რომ თუ მოზარდები დღესვე დაიწყებენ მოწევას, ხვალ ისინი რეგულარული მომხმარებლები გახდებიან.
ნუ დაუშვებ, რომ სიგარეტის ბიზნესის მესვეურებმა ჯიბე გამოგიცარიელონ. რატომ უნდა წამოეგო მათ ანკესზე? არც მათ და არც შენს მწეველ თანატოლებს არ ადარდებთ შენი კეთილდღეობა. ნუ მოუსმენ მათ, მოუსმინე ბიბლიურ რჩევას და ‘ისწავლე შენ სასიკეთოდ’ (ესაია 48:17).
ხომ არ გაძალებენ მეგობრები ალკოჰოლის დალევას? გაიგე, რატომ უნდა იცოდე, სად გადის შენი ზღვარი.
[სქოლიო]
a მართალია, ამ თავში საუბარია მათ შესახებ, ვინც სიგარეტს ეწევა, აქ განხილული პრობლემებისა და საშიშროებებისგან არც ისინი არიან დაცულნი, ვინც თამბაქოს ღეჭავს.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“ (2 კორინთელები 7:1).
რჩევა
თავს ნუ მოიტყუებ და ნუ იტყვი, მარტო ერთ ნაფაზს დავარტყამო, რადგან ხშირად ერთ ნაფაზს მეორე მოჰყვება (იერემია 17:9).
იცოდი, რომ . . . ?
უკვამლო თამბაქო, მაგალითად ისეთი, როგორიცაა საღეჭი თამბაქო, უფრო მეტ ნიკოტინს შეიცავს, ვიდრე სიგარეტი. მასში შედის 25-მდე კიბოს გამომწვევი ტოქსინი, რომლებიც ზრდის ყელისა და პირის ღრუს სიმსივნის განვითარების რისკს.
რა უნდა გავაკეთო
თუ სკოლაში ვინმე დამაძალებს მოწევას, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● მიუხედავად იმისა, რომ იცი რა საშიშროებები ახლავს თან მოწევას, რატომ შეიძლება, მაინც ცდუნდე?
● რამ დაგარწმუნა, რომ მოწევა საზიანოა?
[ჩანართი 240 გვერდზე]
„თუ სიგარეტს მთავაზობენ, ღიმილით ვეუბნები: არა, მადლობა, არ მინდა კიბო გამიჩნდეს“ (ალანა).
[ჩარჩო⁄სურათი 241 გვერდზე]
რამდენად საზიანოა მარიხუანა?
ირლანდიელი ელენი ამბობს: „ზოგის აზრით, მარიხუანა სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალებაა და საზიანო გვერდითი მოვლენები მას არა აქვს“. შენც ხომ არ გსმენია ამგვარი მოსაზრებები? მოდი, შევადაროთ ერთმანეთს რამდენიმე გავრცელებული მითი და რეალობა.
მითი. მარიხუანა არ არის მავნებელი.
რეალობა. მარიხუანას მოხმარების უკვე დადასტურებული ან სავარაუდო ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები ასეთია: მეხსიერების, სწავლის უნარის, იმუნური სისტემისა და სქესობრივი აქტივობის დაქვეითება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. მან შეიძლება გამოიწვიოს აფორიაქება, ფსიქოზი და პარანოია. იმ დედების შვილებს, რომლებიც მშობიარობამდე მარიხუანას ეწეოდნენ, უფრო ხშირად აქვთ ქცევითი დარღვევები, უჭირთ ყურადღების მოკრება და, განსაკუთრებით, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
მითი. მარიხუანას ბოლი არ არის იმდენად საზიანო, რამდენადაც სიგარეტის.
რეალობა. თამბაქოს ბოლთან შედარებით მარიხუანა სასუნთქი გზების ზედაპირზე ოთხჯერ მეტ ნადებს ტოვებს და ხუთჯერ მეტი მომწამვლელი ნივთიერება — ნახშირბადის მონოქსიდი — შეაქვს სისხლში. ხუთი ღერი მარიხუანა კიბოს გამომწვევ იმდენივე ტოქსინს შეიცავს, რამდენსაც ერთი კოლოფი სიგარეტი.
მითი. მარიხუანამ მიჩვევა არ იცის.
რეალობა. მოზარდები, რომლებსაც ფსიქიკური თუ ემოციური მოშლილობა აქვთ, შეიძლება ადვილად მიეჩვიონ მარიხუანას. სხვებს შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ განუვითარდეთ მარიხუანაზე დამოკიდებულება. გარდა ამისა, როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, მარიხუანას მწეველ მოზარდებში გაცილებით დიდია იმის რისკი, რომ მიეჩვევიან სხვა ნარკოტიკებს, როგორიცაა მაგალითად, კოკაინი.
[ჩარჩო⁄სურათები 244, 245 გვერდებზე]
რა ზიანს აყენებს თამბაქო ორგანიზმს?
ჯერ დააკვირდი იმ სიცოცხლით სავსე ადამიანებს, რომლებიც სიგარეტის რეკლამებში ჩანან, და შემდეგ დააკვირდი, როგორ აზიანებს მოწევა ადამიანის ორგანიზმს.
პირის ღრუ და ყელი შეიძლება გამოიწვიოს კიბო
ენაზე განვითარებული კიბო
გული ელასტიურობას უკარგავს და ავიწროებს არტერიებს, გული ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, დაახლოებით ოთხჯერ ზრდის გულის დაავადებების რისკს.
დაცობილი არტერია
ფილტვები ანადგურებს ჰაერის ბუშტულებს ფილტვში, იწვევს სასუნთქი გზების ანთებას და 23-ჯერ ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
[სურათი]
მწეველის ფილტვი
ტვინი ოთხჯერ ზრდის ინსულტის რისკს
კანი იწვევს ნაადრევ დაბერებას
კბილები უკარგავს ბუნებრივ ფერს
კუჭი იწვევს კიბოს
პანკრეასი იწვევს კიბოს
შარდის ბუშტი იწვევს კიბოს
თირკმელები იწვევს კიბოს
[სურათი 239 გვერდზე]
ანკესზე წამოგებული თევზის მსგავსად, მწეველს „სატყუარა“ ძვირად უჯდება.
-
-
რა არის ცუდი ბევრის დალევაში?ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
-
-
თავი 34
რა არის ცუდი ბევრის დალევაში?
როგორ უპასუხებდი შემდეგ კითხვებს? ამ ნიშნით ✔ აღნიშნე პასუხები.
იღებენ შენი თანატოლები ალკოჰოლს გადაჭარბებით ან ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად?
□დიახ □ არა
როდისმე დაუძალებიათ შენთვის ალკოჰოლის მიღება შენს თანატოლებს?
□დიახ □ არა
ბევრი დაგილევია როდისმე?
□დიახ □ არა
როგორ ახსნიდი, რა არის ბევრის დალევა? ზოგის აზრით, ეს არის დალევა დათრობამდე. შეერთებული შტატების ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული კვლევითი ცენტრის ანგარიშში უფრო ზუსტი განმარტებაა მოცემული. მასში ნათქვამია, რომ ბევრის დალევად „ჩვეულებრივ, ითვლება ერთ მიღებაზე ხუთი ან მეტი ჭიქის დალევა კაცებისთვის, ოთხი ან მეტის კი — ქალებისთვის“.
თუ ცდუნებამ გძლია და ბევრი დალიე ან თუ ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედვად დალიე, გამონაკლისი არა ხარ. ბევრი ახალგაზრდა იყენებს ბოროტად ალკოჰოლსa. მაგრამ ჰკითხე საკუთარ თავს: საერთოდ რატომ მინდა დალევა და როგორ იმოქმედებს ჩემზე ალკოჰოლი? წაიკითხე ქვემოთ მოცემული წინადადებები, აღნიშნე ამ ნიშნით ✔ სწორია თუ არასწორი, და შემდეგ ფაქტებით ვიმსჯელოთ.
ა. მოზარდები მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ალკოჰოლის გემო მოსწონთ.
□სწორია □ არასწორია
ბ. ვინაიდან მოზარდებს ჯანმრთელი ორგანიზმი აქვთ, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მათ ნაკლებ ზიანს აყენებს.
□სწორია □ არასწორია
გ. ბევრის დალევა არ მოგკლავს.
□სწორია □ არასწორია
დ. ბიბლია სერთოდ კრძალავს ალკოჰოლის მიღებას.
□სწორია □ არასწორია
ე. ბევრის დალევა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის საზიანო.
□სწორია □ არასწორია
ა. მოზარდები მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ალკოჰოლის გემო მოსწონთ. პასუხი — არასწორია. ავსტრალიაში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 36 პროცენტი იმიტომ სვამს, რომ ერთად შეკრებისას თანატოლებს არ ჩამორჩნენ. შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად კი, გამოკითხულთა 66 პროცენტი იმიტომ სვამს, რომ თანატოლები აძალებენ. თუმცა გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, როგორც თვითონ ამბობენ, კიდევ იმიტომ სვამს, რომ პრობლემებს გაექცეს.
ბ. ვინაიდან მოზარდებს ჯანმრთელი ორგანიზმი აქვთ, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მათ ნაკლებ ზიანს აყენებს. პასუხი — არასწორია. „უახლესი გამოკვლევები აჩვენებს, რომ დალევა ახალგაზრდების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა“, — ნათქვამია ჟურნალ „დისქავერში“. რატომ? ჟურნალში აღნიშნული იყო: „მოზარდებს, რომლებიც ბევრს სვამენ, გონებრივი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უქვეითდებათ“.
ალკოჰოლის მუდმივად მიღება იწვევს ფერიმჭამელების გამრავლებას, კანის ნაადრევ დანაოჭებას, წონაში მატებას, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ნარკოტიკებზე მიჩვევას. მან აგრეთვე შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ნერვული სისტემა, ღვიძლი და გული.
გ. ბევრის დალევა არ მოგკლავს. პასუხი — არასწორია. ალკოჰოლის უზომოდ მიღებისას ტვინს ნაკლები რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება. ამ დროს ორგანიზმში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები მოიშალოს. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ღებინება, გონების დაკარგვა, შენელებული ან არათანაბარი სუნთქვა. ზოგჯერ ამას შეიძლება სიკვდილიც კი მოჰყვეს.
დ. ბიბლია საერთოდ კრძალავს ალკოჰოლის მიღებას. პასუხი — არასწორია. ბიბლია არც ალკოჰოლის მიღებას კრძალავს და არც იმას, რომ ახალგაზრდებმა სასიამოვნოდ გაატარონ დრო (ფსალმუნი 104:15; ეკლესიასტე 10:19). ცხადია, ალკოჰოლი რომ მიიღო, შენზე ასაკობრივი შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს (რომაელები 13:1).
თუმცა ბიბლია ყველას აფრთხილებს, რომ ბევრი არ დალიონ. „ღვინო დამცინავია, მათრობელი სასმელი — ხმაურიანი; ვინც მის გამო გზას ასცდა, სიბრძნე არა აქვს“, — ნათქვამია იგავების 20:1-ში. ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება სხვების დასაცინი გაგხადოს. შეიძლება დროებით სიამოვნება მიიღო, მაგრამ ბოლოს ‘გველივით გიკბენს’ და ათას პრობლემაში გაგხვევს (იგავები 23:32).
ე. ბევრის დალევა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის საზიანო. პასუხი — არასწორია. თუ დათვრები, შეიძლება ადვილად გახდე სხვადასხვა სახის ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი. ამავე დროს, შენ შეიძლება სხვებსაც შეუქმნა საფრთხე — დაკარგო საკუთარ თავზე კონტროლი და ისეთი რამ ჩაიდინო, რისი გაკეთებაც ფხიზელ მდგომარეობაში აზრადაც არ მოგივიდოდა. ბიბლია გაფრთხილებს, რომ თუ ბევრს დალევ, „ვერ შეძლებ თავისუფლად აზროვნებასა და საუბარს“ (იგავები 23:33, „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“). მოკლედ რომ ვთქვათ, სულელის შთაბეჭდილებას დატოვებ. სხვა უარყოფით შედეგებს შორის შეიძლება იყოს მეგობრების დაკარგვა, დაბალ ნიშნებზე სწავლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ციხეში მოხვედრა ან სიღარიბე (იგავები 23:21).
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფიქრდი იმ სულიერ ზიანზე, რასაც უზომო სმა იწვევს. იეჰოვა ღმერთს უნდა, რომ მას „მთელი გონებით“ ემსახურო და არა ზედმეტი ალკოჰოლით გაბრუებული გონებით (მათე 22:37). ღვთის სიტყვა გმობს არა მარტო „ღვინის უზომოდ სმას“, არამედ „სმაში შეჯიბრებასაც“ (1 პეტრე 4:3). ამგვარად, გადამეტებული სმა ეწინააღმდეგება ჩვენი შემოქმედის ნებას და გიფუჭებს მასთან ურთიერთობას.
შენ რა არჩევანს გააკეთებ?
რა არჩევანს გააკეთებ? აჰყვები თანატოლებს, რომლებიც ალკოჰოლს ბოროტად იყენებენ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით?“ (რომაელები 6:16). ნუთუ გინდა ალკოჰოლის ან თანატოლების მონა გახდე?
როგორ უნდა მოიქცე, თუ უზომოდ სმამ დაგიმონა? დაუყოვნებლივ მიმართე დახმარებისთვის მშობლებს ან მეგობარს, რომელსაც ენდობი. ლოცვით მიმართე იეჰოვა ღმერთს და სთხოვე დახმარება. ის არის „შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს“ (ფსალმუნი 46:1). რამდენადაც გადაჭარბებით სმა თუ ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად დალევა ხშირად თანატოლების ზეგავლენით ხდება, შეიძლება აუცილებელიც იყოს, რომ სხვა მეგობრები იპოვოb. სასიკეთო ცვლილებების მოხდენა არ იქნება ადვილი, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეძლებ წარმატების მიღწევას.
ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. გაიგე, როგორ.
[სქოლიოები]
a იხილე ჩარჩო „ვინ რამდენს სვამს?“ 249-ე გვერდზე.
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ამავე წიგნის მე-8 და მე-9 თავები და მე-2 ტომის მე-15 თავი.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ლოთი . . . გაღარიბდება“ (იგავები 23:21).
რჩევა
მოიყვანე მიზეზები, თუ რატომ გინდა ალკოჰოლის მიღება. შემდეგ მოიფიქრე, რა უმჯობესი საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ გაერთო და ნერვები დაიწყნარო.
იცოდი, რომ . . . ?
შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, „ისინი, ვინც სისტემატურად ბევრს სვამს, რვაჯერ უფრო ხშირად აცდენენ გაკვეთილებს, აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება, იღებენ ფიზიკურ ტრავმებს და აზიანებენ ვინმეს საკუთრებას“.
რა უნდა გავაკეთო
თუ ჩემი თანატოლები მეტყვიან, რომ მათთან ერთად დავლიო, მე ვეტყვი, რომ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ უნდათ შენს თანატოლებს, რომ სხვებმაც ბევრი ალკოჰოლი დალიონ?
● თუ ბევრ ალკოჰოლს დალევ, უფრო მეტად მოეწონები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს? რატომ პასუხობ ასე?
[ჩანართი 250 გვერდზე]
„თუ სკოლაში ალკოჰოლს მთავაზობენ, ვეუბნები, კარგ ხასიათზე რომ ვიყო, ალკოჰოლი არა მჭირდება-მეთქი“ (მარკი).
[ჩარჩო 249 გვერდზე]
ვინ რამდენს სვამს?
ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, 13-14 წლის ბავშვების ოცდახუთმა პროცენტმა „თქვა, რომ, სულ ცოტა, ხუთი ჭიქა მაინც დაულევიათ ერთ ჯერზე“. 15-16 წლის ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარმაც იგივე თქვა. შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მონაცემებით, „ალკოჰოლს იღებს 12-დან 20 წლამდე ასაკის დაახლოებით 10,4 მილიონი მოზარდი. აქედან 5,1 მილიონი ბევრს სვამს, 2,3 მილიონი კი უზომოდ სვამს თვეში ხუთჯერ მაინც“. ავსტრალიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში გოგოები ბიჭებზე მეტს სვამენ. ისინი დაახლოებით 13—30 ჭიქამდე სვამენ ერთ ჯერზე!
[სურათი 251 გვერდზე]
ალკოჰოლმა შეიძლება გველივით გიკბინოს.
-