თავი 18
რა გაუძლებს ამდენ სტრესს სკოლაში?
„სკოლაში იმხელა სტრესი მქონდა, რომ ხშირად მინდოდა, მეტირა და მეყვირა კიდეც“ (შერონი).
„სკოლაში სტრესი მაშინაც არ მცირდება, როცა წლები გემატება, უბრალოდ სხვა სახეს იღებს“ (ჯეიმსი).
ხომ არ გგონია, რომ მშობლებს არ ესმით, რამხელა სტრესი გაქვს სკოლაში? შეიძლება გეუბნებიან: „გადასახადები შენ არ გაქვს გადასახდელი, ოჯახი შენ არა გყავს სარჩენი და არც იმაზე გიწევს ფიქრი, რით ასიამოვნო უფროსს სამსახურში“. მაგრამ შეიძლება სულაც არ გქონდეს მშობლებზე ნაკლები სტრესი, თუ მეტი არა.
სკოლაში წასვლა და სახლში დაბრუნებაც კი შეიძლება სტრესი იყოს. „სკოლის ავტობუსში ხშირად ჩხუბობენ, — ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები სარა. — ამ დროს მძღოლი აჩერებს ავტობუსს და ყველას გარეთ გვყრის. ამის გამო სკოლაში ნახევარ საათს ან უფრო მეტს ვაგვიანებთ“.
ალბათ არც სკოლაში მისულს გხვდება ნაკლები სტრესი. ვნახოთ, რას ჰყვება ზოგიერთი ახალგაზრდა. შესაძლოა შენც იმავე სიტუაციაში ხარ.
● სტრესულ გარემოს მასწავლებლებიც ქმნიან
„მასწავლებლები ჩემგან მაქსიმუმს მოელიან; უნდათ, რომ მაღალ ნიშნებზე ვისწავლო. მათი გულის მოგება ჩემთვის დიდი სტრესია“ (სანდრა).
„მასწავლებლები ყველას, განსაკუთრებით კი უნარიან ბავშვებს, სულ იმას ჩასჩიჩინებენ, რომ კარგად ისწავლონ“ (ეიპრილი).
„ღირებული მიზნებიც რომ გქონდეს, ზოგიერთი მასწავლებელი არაფრად გაგდებს, თუ არ იღებ ისეთ ნიშნებს, როგორსაც მოელიან“ a (ნაომი).
როგორ მოქმედებს შენზე ასეთი სტრესი?
․․․․․
● სტრესულ გარემოს თანაკლასელებიც ქმნიან
«მაღალ კლასებში ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვთ და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. თუ მათ წრეში არა ხარ, შეიძლება „გოიმად“ ჩაგთვალონ» (კევინი).
„სასმელს და სექსს ყოველდღე მთავაზობენ. ზოგჯერ მიჭირს, გავუძლო ცდუნებას“ (აარონი).
„ჯერ 12 წლისა ვარ და ყველა იმას მოელის, რომ შეყვარებული მყავდეს. გაოცებულები მეკითხებიან, ჯერ კიდევ არა გყავს შეყვარებულიო?!“ (ალექსანდრა).
„სულ იმას მეკითხებოდნენ, შეყვარებული რატომ არ გყავსო. მათ ჭკუაზე რომ არ გავიარე, ლესბოსელს მეძახდნენ. მაშინ სულ რაღაც ათი წლის ვიყავი“ (კრისტა).
როგორ მოქმედებს შენზე ასეთი სტრესი?
․․․․․
● სტრესის გამომწვევი სხვა მიზეზები. ამ ნიშნით ✔ აღნიშნე, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ყველაზე მეტად რომელი მათგანი გიქმნის სტრესს. თუ არ არის ასეთი, თავად დაამატე.
□ მოახლოებული საკონტროლო
□ საშინაო დავალება
□ როდესაც მშობლები შენგან ბევრს მოელიან
□ როდესაც საკუთარ თავს მეტისმეტს სთხოვ
□ როდესაც გჩაგრავენ ან სექსუალურ შეურაცხყოფას გაყენებენ
□ სხვა მიზეზი ․․․․․
ოთხი ნაბიჯი სტრესთან გასამკლავებლად
გამორიცხულია, ისე დაამთავრო სკოლა, რომ არანაირი სტრესი არ გქონდეს. თუმცა მეტისმეტი სტრესის ატანაც არ არის ადვილი. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს“ (ეკლესიასტე 7:7). მაგრამ სტრესმა მდგომარეობიდან არ უნდა გამოგიყვანოს. მთავარია, ისწავლო მასთან გამკლავება.
ეს შეიძლება შტანგის აწევას შევადაროთ. ძალოსანი შტანგის აწევამდე ჯერ კარგად ემზადება, შემდეგ შტანგის აწევის წესებს იცავს და ერთბაშად ძალიან მძიმეს არ სწევს. ამის შედეგად მას უძლიერდება კუნთები და სხეულის დაზიანებას არ იღებს. მაგრამ, თუ წესებს არ დაიცავს, შეიძლება ძვალი გადაუტყდეს ან კუნთი გაუწყდეს.
თუ გაითვალისწინებ ქვემოთ მოცემულ რჩევებს, შენც გაუმკლავდები სტრესს ისე, რომ არც შენ დაზარალდე და არც საქმე.
1. ჯერ გაარკვიე, რა იწვევს სტრესს. „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“, — ნათქვამია ერთ ბრძნულ იგავში (იგავები 22:3). სტრესს ვერ გაუმკლავდები, თუ ჯერ მის გამომწვევ მიზეზებს არ დაადგენ. გადახედე შენ მიერ მონიშნულ მიზეზს. ამჟამად რა არის შენთვის ყველაზე დიდი სტრესი?
2. გამოიკვლიე. მაგალითად, თუ საშინაო დავალებას დიდი დრო სჭირდება და ეს არის შენთვის სტრესი, გაითვალისწინე მე-2 ტომის მე-13 თავში მოცემული რჩევები. თუ სკოლაში ხშირად გთავაზობენ სექსს, წაიკითხე მე-2 ტომის მე-2, მე-5 და მე-15 თავები.
3. ნუ გადადებ. თუ პრობლემას უყურადღებოდ დატოვებ, თავისთავად არ მოგვარდება. პირიქით, უფრო გამწვავდება და, შესაბამისად, სტრესიც უფრო მეტი გექნება. როგორც კი მოიფიქრებ, როგორ გაუმკლავდე სტრესს, მაშინვე იმოქმედე. მაგალითად, თუ იეჰოვას მოწმე ხარ, — რაც იმას ნიშნავს, რომ ბიბლიური ნორმებით ცხოვრობ, — ამის შესახებ, რაც შეიძლება, მალე უთხარი თანაკლასელებს. ეს სტრესს შეგიმცირებს. 20 წლის მარშა ამბობს: „ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ისეთ საკითხებს წამოვჭრიდი ხოლმე, რომ შემდეგ ჩემს მრწამსზე მესაუბრა. როგორც დავაკვირდი, რაც უფრო ვაყოვნებდი ამაზე საუბარს, მით უფრო მიძნელდებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. გარშემო ყველამ იცოდა ჩემი მრწამსის შესახებ და იმასაც ხედავდნენ, რომ ამ მრწამსის თანახმად ვცხოვრობდი. ამის გამო თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდი“.
4. ითხოვე დახმარება. უძლიერეს ძალოსანსაც კი არა აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები. იგივე შეიძლება ითქვას შენზეც. მაგრამ შენ მარტო არა ხარ (გალატელები 6:2). დაელაპარაკე მშობლებს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანებს. აჩვენე მათ შენ მიერ ზემოთ გაცემული პასუხები და სთხოვე, სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარონ.
სტრესს თავისი დადებითი მხარეც აქვს
რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, სტრესს თავისი დადებითი მხარეც აქვს. ზოგჯერ სტრესი იმაზე მეტყველებს, რომ სინდისის ხმას უსმენ და არა ხარ უდარდელი ადამიანი. ბიბლია იმ ადამიანს, ვისაც არაფერი აღელვებს, შემდეგნაირად აღწერს: „როდემდე უნდა იწვე, ზარმაცო? როდემდე უნდა გეძინოს? ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ, ცოტა ხანს კიდევ იწვები გულხელდაკრეფილი და სიღარიბე ყაჩაღივით მოგადგება“ (იგავები 6:9—11).
16 წლის ჰაიდი ამბობს: „შეიძლება გეჩვენება, რომ სკოლა საშინელი ადგილია, მაგრამ არანაკლები სტრესი გექნება სამსახურშიც“. სტრესთან გამკლავება მართლაც არ არის იოლი, მაგრამ, თუ გაითვალისწინებ ამ თავში მოცემულ რჩევებს, სტრესი უარყოფითად კი არ იმოქმედებს, გამოგაწრთობს.
იქნება გამოსავალი სკოლიდან გამოსვლა?
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ამავე წიგნის მე-20 თავი.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
რჩევა
ის პრობლემები, რომლებიც სტრესს გიქმნის, ორ კატეგორიად დაყავი. პირველში გააერთიანე ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც შეგიძლია, ხოლო მეორეში — ისინი, რომელთა გადაჭრაც ამ ეტაპზე შენს ძალებს აღემატება. ჯერ პირველ კატეგორიაში გაერთიანებული პრობლემების მოგვარებას შეეცადე. როდესაც ყველა ამ პრობლემას მოაგვარებ, მერე მთელი დრო იმ პრობლემების მოსაგვარებლად დაგრჩება, რომელთა გადაჭრაც ამ ეტაპზე არ შეგიძლია.
იცოდი, რომ . . . ?
ყოველ ღამე საკმარისი, მინიმუმ რვასაათიანი ძილი, არა მარტო სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარება, არამედ მეხსიერებასაც გაგიუმჯობესებს.
რა უნდა გავაკეთო
ნაკლები სტრესი რომ მქონდეს, როდესაც შესაძლებელი იქნება, აუცილებლად დავიძინებ ․․․․․ საათზე
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ გექნება უფრო მეტი სტრესი, თუ საკუთარ თავს მეტისმეტს მოსთხოვ?
● სტრესს რომ გაუმკლავდე, ვის შეგიძლია მიმართო დახმარებისთვის?
[ჩანართი 132 გვერდზე]
„ყოველთვის, როდესაც მამას სკოლაში მივყავდი, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, ჩემთვის ლოცულობდა. ლოცვის შემდეგ თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი“ (ლიზი).
[სურათი 131 გვერდზე]
თუ შტანგით წესების დაცვით ივარჯიშებ, ფიზიკურად გაძლიერდები. მსგავსად ამისა, თუ სტრესს სწორად მიუდგები, ემოციურად გაძლიერდები.