თავი 31
როგორ გადავიტანო შეყვარებულთან დაშორება?
„ერთმანეთს ექვსი თვე ვხვდებოდით, მანამდე კი ხუთი წელი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, როცა დაშორება გადაწყვიტა. უბრალოდ, ხმას აღარ მცემდა. თავი ძალიან უმწეოდ ვიგრძენი. საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტავი, შეცდომა სად დავუშვი-მეთქი?“ (რეიჩელი).
შეყვარებულთან დაშორებამ შეიძლება სიხარული მწუხარებად გიქციოს. მაგალითად, ჯეფი და სიუზანი ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში ისინი უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჯეფი მთელი დღე სასიყვარულო შინაარსის მესიჯებს სწერდა სიუზანს. დროდადრო ყურადღების ნიშნად საჩუქრებსაც სჩუქნიდა. „ჯეფი ყველანაირად ცდილობდა, მოესმინა და გაეგო ჩემთვის, — ამბობს სიუზანი. — მის გვერდით თავს პრინცესად ვგრძნობდი“.
ისინი უკვე საუბრობდნენ მომავალ ქორწინებაზე და იმაზეც ფიქრობდნენ, სად იცხოვრებდნენ დაოჯახების შემდეგ. ჯეფმა სიუზანს ბეჭდის ზომაც კი ჰკითხა. მაგრამ მოულოდნელად მან სიუზანთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამან სიუზანი ემოციურად გაანადგურა. ყოველდღიურ საქმეებს კი აკეთებდა, მაგრამ მექანიკურად — თითქოს მასში რაღაც ჩაკვდაო. „ემოციურადაც და ფიზიკურადაც გამოვიფიტე“, — იხსენებს სიუზანი.a
რატომ არის მტკივნეული?
თუ შენც იგივე გამოსცადე, რაც სიუზანმა, შეიძლება ფიქრობ: „ნეტავ, ოდესმე თუ გამოვალ ამ მდგომარეობიდან?“. შენი ტკივილი გასაგებია. „სიკვდილივით ძლიერია სიყვარული“, — დაწერა მეფე სოლომონმა (ქებათა ქება 8:6). შეყვარებულთან დაშორება შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა იყოს, რაც კი ცხოვრებაში გადაგიტანია. ზოგმა ისიც კი თქვა, რომ ამ დროს მათში თითქოს რაღაც ჩაკვდა. შეიძლება შენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა და არამარტო ეს. აი ზოგიერთი მათგანიც:
მომხდარს ვერ ეგუები: „შეუძლებელია, ყველაფერი ასე დამთავრდეს. ერთ-ორ დღეში გადაიფიქრებს“.
გაბრაზებული ხარ: „ეს როგორ გამიკეთა? ვერ ვიტან!“
დეპრესიაში ვარდები: „მე რა შესაყვარებელი ვარ. არასდროს არავის შევუყვარდები“.
მომხდარს თვალს უსწორებ: „ყველაფერი კარგად იქნება. გული მწყდება, მაგრამ თავს მოვერევი“.
გულს ნუ გაიტეხ! ადრე თუ გვიან შეძლებ მომხდართან შეგუებას. ის, თუ რამდენად მალე მოხდება ეს, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, რამდენ ხანს გქონდათ ურთიერთობა და რამდენად ახლოს იყავით ერთმანეთთან. მაგრამ ამ წუთას როგორ უნდა გაუმკლავდე გულისტკივილს?
ცხოვრება გრძელდება!
ხომ გსმენია, დრო ყველაფრის მკურნალიაო. თავიდან შეიძლება ეს ცარიელ სიტყვებად მოგეჩვენოს, რადგან დროს მხოლოდ გარკვეულწილად შეუძლია შენი დახმარება. მაგალითად, თუ კანი გაგეჭრა, დროთა განმავლობაში შეგიხორცდება, მაგრამ ჭრილობა ახლა გტკივა. ჯერ სისხლდენა უნდა შეიჩერო და ტკივილი გაიყუჩო, თან ჭრილობა ინფექციისგანაც უნდა დაიცვა. იმავეს თქმა შეიძლება ემოციურ ჭრილობაზეც. მართალია, ახლა გტკივა, მაგრამ შეგიძლია მიიღო ზომები, რომ ტკივილი გაიყუჩო და ასე ვთქვათ, ინფექციისგანაც დაიცვა ჭრილობა, ანუ არ გაბოროტდე. დრო თავისას იზამს, შენ კი შენსას უნდა ეცადო. გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:
● თავისუფლად გამოხატე გულისტკივილი. თუ გინდება, რომ ტირილით გული იჯერო, ამაში სასირცხვილო არაფერია. ბიბლიაშიც ხომ წერია, რომ არის „ტირილის დრო“ და „მოთქმის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4). ცრემლები სულაც არ არის სისუსტის ნიშანი. თუმცა მამაცი მეომარი იყო, ემოციური ტანჯვის დროს დავითმაც კი აღიარა: „მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს“ (ფსალმუნი 6:6).
● იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე. ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი კვება დაგეხმარება ემოციური დაძაბულობის დროს დაკარგული ძალების აღდგენაში. „ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 ტიმოთე 4:8).
რაც შეეხება შენს ჯანმრთელობას, რას უნდა მიაქციო უფრო მეტი ყურადღება?
․․․․․
● ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე. ნუ შეწყვეტ საყვარელი საქმეების კეთებას. და რაც მთავარია, სწორედ ახლა არ უნდა ჩაიკეტო საკუთარ თავში (იგავები 18:1). მათთან ურთიერთობა, ვისაც შენზე გული შესტკივა, დაგეხმარება, რომ დადებითზე იფიქრო.
რა მიზნები შეგიძლია დაისახო?
․․․․․
● ლოცვაში გაანდე ღმერთს შენი გრძნობები. თავიდან შეიძლება ეს ადვილი არ იყოს. შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ზოგი ღვთისგან მიტოვებულადაც კი გრძნობს თავს. ისინი ფიქრობენ: „რამდენს ვლოცულობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ვინმე გამოჩენილიყო . . . და აი, რა მოხდა!“ (ფსალმუნი 10:1). მაგრამ განა ღმერთი ზეცაში იმას წყვეტს, თუ ვინ ვისზე დაქორწინდება?! არც ის არის ღვთის ბრალი, თუკი ერთ-ერთი მხარე უარს ამბობს ურთიერთობის გაგრძელებაზე. ერთი რამ კი უდავოა: „იეჰოვა ზრუნავს შენზე“ (1 პეტრე 5:7). ამიტომ გული გადმოღვარე მის წინაშე. ბიბლია ამბობს: „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).
რა შეგიძლია სთხოვო იეჰოვას ლოცვაში, შეყვარებულთან დაშორებით გამოწვეულ ტკივილს რომ გაუმკლავდე?
․․․․․
იმედით უყურე მომავალს
როცა ტკივილი გაგიყუჩდება, კარგი იქნება, თუ გააანალიზებ მომხდარს. ამაში დაგეხმარება 224-ე გვერდზე ჩარჩოში „რა შეიძლება ვისწავლო ჩვენი დაშორებიდან?“ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ფაქტია, რომ შეყვარებულთან შენი ურთიერთობა ისე არ წარიმართა, როგორც გინდოდა. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს: ქარიშხლის დროს ხედავ მხოლოდ მოქუფრულ ცას და თავსხმა წვიმას, მაგრამ, საბოლოოდ, წვიმაც გადაიღებს და ცაც მოიწმინდება. ამ თავში მოხსენიებული ახალგაზრდები დროთა განმავლობაში დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დარწმუნებული იყავი, რომ ამას შენც შეძლებ!
როგორ უნდა დაიცვა თავი სექსუალური მოძალადეებისგან?
[სქოლიო]
a მართალია, ამ თავში გოგონებზე მიდის საუბარი, იგივე პრინციპები ბიჭებსაც ეხებათ.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„[იეჰოვა] კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმუნი 147:3).
რჩევა
ამ თავის დასაწყისში მოხსენიებულმა სიუზანმა ბიბლიიდან მანუგეშებელი მუხლები ამოწერა, რათა ემოციების მოზღვავებისას წაეკითხა. შეგიძლია შენც ამოწერო ამ თავში მოყვანილი ზოგიერთი მუხლი.
იცოდი, რომ . . . ?
თინეიჯერი შეყვარებულების ურთიერთობა იშვიათად გვირგვინდება ქორწინებით, შეუღლების შემთხვევაში კი მათი ქორწინება ხშირად სრულდება გაყრით.
რა უნდა გავაკეთო
დაშორების შემდეგ მდგომარეობიდან რომ გამოვიდე, მე ․․․․․
რაზე უნდა ვიმუშაო, რომ, თუ მომავალში სხვასთან დავიწყებ ურთიერთობას, უკეთესი თვისებები მქონდეს? ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● ახალი რა გასწავლა საკუთარ თავზე შეწყვეტილმა ურთიერთობამ?
● რა ისწავლე საპირისპირო სქესის შესახებ?
[ჩანართი 227 გვერდზე]
„დრო რომ გავა, საკუთარ თავში უკეთ გაერკვევი. ემოციებიც უფრო დაგიცხრება, სიტუაციასაც უფრო ობიექტურად შეაფასებ და შედარებით დამშვიდდები კიდეც. საკუთარ თავს უკეთ გაიცნობ, დაფიქრდები იმაზე, რა თვისებები უნდა ეძებო მომავალ მეუღლეში და რა უნდა გაითვალისწინო, რომ მსგავს სიტუაციაში აღარ აღმოჩნდე“ (კარინა).
[ჩარჩო 224 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
რა შეიძლება ვისწავლო ჩვენი დაშორებიდან?
აგიხსნა შეყვარებულმა დაშორების მიზეზი? ქვემოთ დაწერე, რა მიზეზი იყო ეს იმის მიუხედავად, საფუძვლიანად თვლი ამ მიზეზს თუ არა. ․․․․․
კიდევ რას შეიძლებოდა გამოეწვია თქვენი დაშორება? ․․․․․
შეიძლებოდა რაიმე სხვაგვარად გაგეკეთებინა, რასაც თქვენი დაშორება არ მოჰყვებოდა? თუ კი, რა? ․․․․․
ხომ არ დაგანახვა ამ შემთხვევამ, რა მხრივ საჭიროებ სულიერ ზრდას ან უფრო მეტ ემოციურ სტაბილურობას? ․․․․․
რას გააკეთებ სხვანაირად, თუ მომავალში სხვასთან დაიწყებ ურთიერთობას? ․․․․․
[სურათი 223 გვერდზე]
შეყვარებულთან დაშორება ჰგავს ჭრილობას, რომელიც გტკივა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეგიხორცდება.