თავი 29
როგორ გავარჩიო გატაცება სიყვარულისგან?
უპასუხე შემდეგ კითხვებს:
1. როგორ განმარტავდი „სიყვარულს“? ․․․․․
2. როგორ განმარტავდი „გატაცებას“? ․․․․․
3. შენი აზრით, რა სხვაობაა ამ ორს შორის? ․․․․․
ალბათ არ გაგიჭირდებოდა დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა. როცა საქმე მხოლოდ სიტყვების განმარტებას ეხება, მართლაც არ არის ძნელი, გაარჩიო სიყვარული გატაცებისგან.
თუმცა მდგომარეობა შეიძლება სრულიად შეიცვალოს, როდესაც შენი ოცნების ბიჭს თუ გოგოს თვალს დაადგამ. ამ დროს ჭკუას კარგავ და ღრუბლებში დაფრინავ. ყურებამდე ხარ შეყვარებული. მაგრამ მართლა ასეა საქმე? სიყვარულია ეს თუ გატაცება? როგორ უნდა გაიგო? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ჯერ ის ვნახოთ, წლების მანძილზე როგორ შეიცვალა შენი დამოკიდებულება საპირისპირო სქესის მიმართ. დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:
● როგორ უყურებდი საპირისპირო სქესის ადამიანს, როდესაც ხუთი წლის იყავი?
● როგორ უყურებ საპირისპირო სქესის ადამიანს ახლა?
შენი პასუხებიდან ალბათ ჩანს, რომ სქესობრივი მომწიფების ასაკში შებიჯების შემდეგ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს სხვა თვალით დაუწყე ყურება. „შევნიშნე, რომ გოგოები უფრო ლამაზები გახდნენ“, — ამბობს 12 წლის ბრაიენი. 16 წლის ილეინმა რამდენიმე წლის წინ შენიშნა ეს ცვლილება. „ჩემ ირგვლივ ყველა გოგო ბიჭებზე ალაპარაკდა, — იხსენებს იგი. — მეც იმ ჭკუაზე ვიყავი, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ ბიჭთან გამება რომანი“.
ახლა, როდესაც საპირისპირო სქესის „აღმოჩენა“ დაიწყე, როგორ უნდა გაუმკლავდე ამ დროს მოზღვავებულ გრძნობებს? თავს ისე ნუ დაიჭერ, თითქოს შენ ეს არ გეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გრძნობების ტყვეობაში აღმოჩნდე. პირიქით, გამოიყენე ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ გაიგო, რა სხვაობაა მოწონებას, გატაცებასა და სიყვარულს შორის. თუ ამ სხვაობებს კარგად დაინახავ, თავიდან აირიდებ ზედმეტ თავსატეხს, და დროთა განმავლობაში შეძლებ ნამდვილი სიყვარულის პოვნას.
მოწონება → რასაც ხედავ
„მე და ჩემი მეგობრები სულ გოგოებზე ვლაპარაკობთ. სხვა რამეებზე რომ დავიწყებთ ლაპარაკს და ამ დროს გვერდით ლამაზი გოგო ჩაგვივლის, სულ გვავიწყდება, რაზე ვლაპარაკობდით“ (ალექსი).
„ახალგაზრდა ბიჭი თვალებში რომ შემომხედავს, ოდნავ გამიღიმებს და თავდაჯერებით გააგრძელებს გზას, უკვე იპყრობს ჩემს ყურადღებას“ (ლორი).
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სიმპათიური ადამიანი მოგეწონოს. მაგრამ გარეგნული სილამაზე ყოველთვის არ ამართლებს მოლოდინს. რატომ? გარეგნობა მატყუარაა. ბიბლიაში წერია: „რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე და რაღა ლამაზი ქალი, გონიერებას რომ ზურგს აქცევს“ (იგავები 11:22). ეს სიტყვები ბიჭებსაც ეხება.
გატაცება → რასაც გრძნობ
„თორმეტი წლის რომ ვიყავი, ერთ ბიჭზე ჭკუას ვკარგავდი, მაგრამ როცა ეს გრძნობა გამინელდა, მივხვდი, რატომაც მომწონდა. ჩემი მეგობრებიდან ყველას ბიჭებზე აბოდებდა და ისიც ბიჭი იყო. ეს იყო და ეს“ (ილეინი).
„ბევრი გოგოთი ვიყავი გატაცებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მარტო გარეგნობას ვუყურებდი. და როგორც კი დავინახავდი შინაგან თვისებებს, ვხვდებოდი, რომ ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებოდით“ (მარკი).
გატაცება სიყვარულს წააგავს. მართალია, რომანტიკული გრძნობები გატაცებასაც ახასიათებს და სიყვარულსაც, მაგრამ თითოეულს სხვადასხვა საფუძველი აქვს. ვინმეთი გატაცებული ადამიანი მხოლოდ თვალით ნანახს არის აყოლილი. ამ დროს საერთოდ ვერ ამჩნევ იმ ადამიანის ნაკლოვანებებს, ვინც მოგწონს, ხოლო მის დადებით თვისებებს აზვიადებ. ამიტომ გატაცება ისეთივე „მტკიცეა“, როგორც ქვიშისგან აგებული ციხე-სიმაგრე. „გატაცება მალევე ნელდება, — ამბობს ერთი გოგო, სახელად ფიონა. — ერთ დღეს შეიძლება ერთი მოგეწონოს, და ერთი თვის შემდეგ იგივე გრძნობები სულ სხვა ადამიანის მიმართ გაგიჩნდეს“.
სიყვარული → რაც იცი
„ჩემი აზრით, სიყვარულის დროს მართლაც გაქვს მიზეზი, რომ გიყვარდეს, ოღონდ ეს არ არის ეგოისტური მიზეზი“ (დევიდი).
„მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი სიყვარული თანდათანობით უნდა განვითარდეს. თავიდან ნაცნობები ხართ, მერე ნელ-ნელა ხედავ, რომ მოგწონს მისი თვისებები, და გიჩნდება გრძნობები, რომლებიც მანამდე არასოდეს გქონია“ (ჯუდითი).
როცა ადამიანი გიყვარს, შენთვის უცნობი არ არის მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ამიტომაც არის, რომ ბიბლია სიყვარულს ერთ ჩვეულებრივ გრძნობად არ მოიხსენიებს; მასში ვკითხულობთ, რომ სიყვარული, სხვა ყველაფერთან ერთად, არის „სულგრძელი და კეთილი . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4, 7, 8). სიყვარულით აღძრული ადამიანი სწორედ ასე იქცევა და არა გულუბრყვილობითა და უცოდინარობით.
ნამდვილი სიყვარულის ისტორია
იაკობისა და რახელის შესახებ ბიბლიური მონათხრობიდან კარგად ჩანს, რა არის ნამდვილი სიყვარული. ისინი ერთმანეთს ჭასთან შეხვდნენ, სადაც რახელი მამამისის ცხვრის დასარწყულებლად იყო მისული. იაკობს ის დანახვისთანავე მოეწონა. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ „ტანადაც ლამაზი იყო და პირისახეც ლამაზი ჰქონდა“ (დაბადება 29:17).
მაგრამ გაიხსენე, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თვალით ნანახს არ სჯერდება. იაკობმა დაინახა, რომ რახელს გარეგნული სილამაზის გარდა მიმზიდველი თვისებებიც ჰქონდა. როგორც ბიბლიაში წერია, იაკობს მხოლოდ კი არ მოსწონდა რახელი, უყვარდა (დაბადება 29:18).
ამით დასრულდა ეს სასიყვარულო ისტორია? დასრულებაზე ლაპარაკი ჯერ ნააადრევია. რახელის მამამ იაკობს შვიდი წელი აცდევინა, ვიდრე იგი რახელის ცოლად მოყვანას შეძლებდა. შეიძლება ეს უსამართლობად მოგეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, ამით იაკობის სიყვარული გამოიცადა. ეს რომ გატაცება ყოფილიყო, იაკობი რახელის გულისთვის ამდენ ხანს არ მოიცდიდა. დროის გამოცდას მხოლოდ სიყვარული უძლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმსახურა იაკობმა რახელის გულისთვის შვიდი წელი, მაგრამ მისთვის ეს დრო რამდენიმე დღესავით იყო, რადგან უყვარდა იგი“ (დაბადება 29:20).
რისი სწავლა შეიძლება იაკობისა და რახელის მაგალითიდან? ნამდვილ სიყვარულზე დრო არ მოქმედებს. ის არც მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამო ჩნდება. შენი მომავალი მეუღლე შეიძლება სულაც არ იყოს ის, ვინც დანახვისთანავე ძალიან მოგეწონა. მაგალითად, ბარბარამ გაიცნო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, გარეგნულად მაინცდამაინც არ მოეწონა. „მაგრამ ახლოს რომ გავიცანი, — იხსენებს ბარბარა. — მისდამი დამოკიდებულება შემეცვალა. ვხედავდი, რომ სტივენი სხვების მიმართ ყურადღებიანი იყო და მათ ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა. ვიცოდი, რომ თუ ადამიანს ასეთი თვისებები აქვს, ის კარგი ქმარი იქნებოდა. მისმა თვისებებმა მომხიბლა და ნელ-ნელა შემიყვარდა“. ასე შეიქმნა მყარი ოჯახი.
თუ ასაკი და მოწიფულობა ხელს გიწყობს, რომ დაიწყო ვინმესთან ურთიერთობა დაოჯახების მიზნით, როგორ გაიგებ, იპოვე თუ არა ნამდვილი სიყვარული? გულმა შეიძლება სხვა რამე გიკარნახოს, მაგრამ მოუხმე ბიბლიით განსწავლულ გონებას. მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს ნუ დასჯერდები, ჩასწვდი პიროვნების ნამდვილ ბუნებას. ნუ დააჩქარებ მოვლენებს, ჯობია, თავისთავად აღმოცენდეს გრძნობები. გახსოვდეს: გატაცება ხშირად მოკლე დროში ქრება. ნამდვილი სიყვარული კი, რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერდება და ხდება „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირი“.
დარწმუნებული იყავი, რომ შენც იპოვი ნამდვილ სიყვარულს, თუ არ შემოიფარგლები მხოლოდ მოწონებით (რასაც ხედავ) და გატაცებით (რასაც გრძნობ). ამაში მომდევნო სამი გვერდი დაგეხმარება.
წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის 1-ელ და მე-3 თავებში.
დავუშვათ იპოვე ნამდვილი სიყვარული. როგორ უნდა გაიგო, მზად ხარ თუ არა ოჯახის შესაქმნელად?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ბევრი წყალიც კი ვერ ჩააქრობს სიყვარულს, ვერც მდინარეები წალეკავენ მას“ (ქებათა ქება 8:7).
რჩევა
იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად იცნობ ადამიანს, რომელიც მოგწონს, უპასუხე მე-2 ტომის 39-ე გვერდზე (გოგოებისთვის) და მე-40 გვერდზე (ბიჭებისთვის) მოცემულ კითხვებს.
იცოდი, რომ . . . ?
ახალგაზრდები, რომლებიც არასერიოზულად იწყებენ და ამთავრებენ რომანტიკულ ურთიერთობებს, გაყრის „რეპეტიციას“ გადიან.
რა უნდა გავაკეთო
იმისათვის, რომ მივხვდე, ჩემი გრძნობები გატაცების ნიშანია თუ სიყვარულის, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ ჩადო ღმერთმა ადამიანში საპირისპირო სქესისადმი ძლიერი გრძნობები?
● რატომ მთავრდება ხშირად კრახით თინეიჯერთა „სიყვარული“?
[ჩანართი 207 გვერდზე]
„სიყვარულს შეუძლია დაბრკოლებების გადალახვა, მაშინ როცა გატაცება მალევე ქრება, თუ რაღაც შეიცვალა ან პრობლემები გაჩნდა. ნამდვილი სიყვარულის განვითარებას დიდი დრო სჭირდება“ (დანიელა).
[ჩარჩო 209 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
შენ როგორ მოიქცეოდი?
მაიკლი და ჯუდი სამი თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ჯუდი ამბობს, თავდავიწყებით უყვარს მაიკლი. ის ზრუნვას არ აკლებს ჯუდის, იმასაც კი ეუბნება, რა ჩაიცვას, ვისთან ჰქონდეს და ვისთან არ ჰქონდეს ურთიერთობა. ხელის გულზე ატარებდა . . . თუმცა მხოლოდ ბოლო კვირამდე. მაიკლმა დაინახა, რომ ჯუდი სხვა ბიჭს ელაპარაკებოდა, რის გამოც სახეში სილა გააწნა.
მაიკლი ამბობს: „ჯუდი უნდა ხვდებოდეს, როგორ მეშინია მისი დაკარგვის. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ვიღაც ბიჭმა შეიძლება შეყვარებული წამართვას. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ჯუდის რომ გავარტყი, მაგრამ რა ვქნა, იმასაც ვერ ვიტან, სხვას რომ შეხედავს და . . . ბოდიშიც ხომ მოვუხადე!“
ჯუდი ამბობს: „ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, მაიკლი გაკონტროლებსო, თუმცა სხვა მხრივ წესიერი ბიჭია. უზნეობის მსგავსი არაფერი დაუძალებია ჩემთვის. როცა გამარტყა, რაც ჩემი მშობლებისთვის არ მითქვამს, სხვა ბიჭს ველაპარაკებოდი. მაიკლი ეჭვიანობს. ზოგჯერ ეს მსიამოვნებს კიდეც. რაც მოხდა, მოხდა. ბოდიშიც მომიხადა და დამპირდა, ასე აღარ მოვიქცევიო“.
შენ რას იზამდი: რაიმე საფრთხეს ხომ არ ხედავ მათ ურთიერთობაში? თუ ხედავ, რას? ․․․․․
როგორ უნდა მოიქცეს ჯუდი? ․․․․․
შენ როგორ მოიქცეოდი? ․․․․․
[ჩარჩო 210 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
შენ როგორ მოიქცეოდი?
ორი თვეა, რაც ეთანი და ალისა ერთმანეთს ხვდებიან. ეთანმა უკვე შეამჩნია, რომ ალისა ხშირად კამათობს, განსაკუთრებით თავის მშობლებთან ვერ რიგდება, სულ ედავება. თანაც ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. კარგად აითვისა თავისი სიტყვის გატანის „ხელოვნება“; მშობლებს ღლის კამათით და მერე ისინიც უკან იხევენ. ალისა ეთანთან ტრაბახობს ხოლმე, რომ მშობლებს სულ თავის ჭკუაზე ატარებს.
ეთანი ამბობს: „ალისა ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. არავის არაფერს უთმობს, არც მშობლებს და არც სხვას. მამამისს ცოტა არ იყოს მომაბეზრებელი ხასიათი აქვს და არც არის გასაკვირი, რომ ალისა მდგომარეობიდან გამოდის ხოლმე. მარტო კი არ ყვირის, ხან ტირის, ხან იბუტება, ხანაც შაქარივით ტკბილი ხდება, გააჩნია რა არის საჭირო დედ-მამის გულის მოსაგებად“.
ალისა ამბობს: „ვინც არ უნდა იყოს, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, არ მაინტერესებს; რაც სათქმელია, პირდაპირ ვეტყვი ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ჩემმა შეყვარებულმა, ეთანმა, იცის ჩემი ხასიათი. მას არაერთხელ ვუნახივარ მშობლების გვერდით“.
შენ რას იზამდი: რაიმე საფრთხეს ხომ არ ხედავ მათ ურთიერთობაში? თუ ხედავ, რას? ․․․․․
როგორ უნდა მოიქცეს ეთანი? ․․․․․
შენ როგორ მოიქცეოდი? ․․․․․
[ჩარჩო 211 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
სიყვარული თუ გატაცება?
გამოიცანი, რომელი სიტყვა უნდა ეწეროს გამოტოვებულ ადგილებში, სიყვარული თუ გატაცება.
1. „․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ბრმაა და ასეთადვე რჩება. ის რეალობას მოწყვეტილია“ (კალვინი).
2. „თუ ნიღაბს ვიფარებ და სხვანაირად ვიქცევი, როდესაც იმ გოგოს გვერდით ვარ, რომელიც მომწონს, ეს ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․“ (ტომასი).
3. „ადამიანის თვისებამ ან საქციელმა შეიძლება გაგაღიზიანოს, მაგრამ თუ ეს ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․, შენ მაინც ამ ადამიანის გვერდით გინდა ყოფნა და უმნიშვნელო ნაკლის გამო პრობლემას არ უშინდები“ (რაიანი).
4. „․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ დროს საუბრობენ მარტო იმაზე, რაც ორივეს საერთო აქვთ“ (კლაუდია).
5. „როცა საქმე ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ეხება, შენ არ მალავ, სინამდვილეში როგორი ხარ“ (ივი).
6. „․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ეგოიზმის გამოვლინებაა, როდესაც ცდილობ მიიღო ის, რაც გინდა; შეიძლება ყველასთან იმით იტრაბახო, რომ შეყვარებული გყავს“ (ალისონი).
7. „․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ დროს ამჩნევ ადამიანის ნაკლოვანებებსა და უცნაურ ხასიათს, მაგრამ მზად ხარ აიტანო“ (ეიპრილი).
8. „როცა საქმე․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ ეხება, ვერ ხსნი, რატომ მოგწონს, უბრალოდ მოგწონს“ (დევიდი).
9. „․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ დროს ფიქრობ, რომ მეორე ადამიანი შეუცდომელია“ (ჩელსი).
10. „․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․ დროს არ ინტერესდები საპირისპირო სქესის სხვა ადამიანებით ისე, როგორც მანამდე, რადგან მისდამი განსაკუთრებულ ერთგულებას გრძნობ“ (დანიელი).
პასუხები: გატაცება: 1, 2, 4, 6, 8, 9. სიყვარული: 3, 5, 7, 10.
[სურათი 206, 207 გვერდებზე]
გატაცება ისეთივე „მტკიცეა“, როგორც ქვიშისგან აგებული ციხე-სიმაგრე, რომელსაც წყალი მალე წალეკავს.