საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp1 თ. 35 გვ. 252-256
  • როგორ დავანებო თავი ნარკოტიკებს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ დავანებო თავი ნარკოტიკებს?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • მსგავსი მასალა
  • ნარკოტიკები რატომ იყენებს ხალხი მათ ბოროტად?
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • ახალგაზრდები და ნარკოტიკები
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • ნარკომანია გამოსავალი არსებობს!
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • დაიცავით შვილები
    გამოიღვიძეთ! — 2003
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
yp1 თ. 35 გვ. 252-256

თავი 35

როგორ დავანებო თავი ნარკოტიკებს?

სისტემატურად იღებ ნარკოტიკებს? ალბათ გეცოდინება, რომ ნარკოტიკების მოხმარება გონებაზე და მთლიანად ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს. შეიძლება გიცდია კიდეც ნარკოტიკებისთვის თავის დანებება, მაგრამ ცდუნებას ვერ სძლიე. გულს ნუ გაიტეხ! თუკი სხვები გადაეჩვივნენ ნარკოტიკების მიღებას, ამას შენც შეძლებ! მოდი, გავიგოთ, როგორ დაანება ნარკოტიკებს თავი სამმა სრულიად განსხვავებული წარმომავლობის ადამიანმა.

სახელი: მართა

ჩემი წარსული: დედაჩემს ქმარი არ ჰყავდა, მე რომ გამაჩინა, ამიტომ უმამოდ ვიზრდებოდით მე და ჩემი და. დაახლოებით 12 წლიდან დისკოთეკებზე დავიწყე სიარული დეიდაჩემთან ერთად, რომელსაც ცეკვა უყვარდა. ვინაიდან სულ გარეთ ვიყავი, მალევე მოვხვდი ცუდ წრეში. 13 წლისამ ნარკოტიკებს გემო გავუსინჯე. დავიწყე კოკაინის მიღებაც. თავიდან მსიამოვნებდა, მაგრამ მერე სიამოვნების მაგივრად, ჰალუცინაციები მეწყებოდა და ყველაფრისადმი შიში მიჩნდებოდა. და როცა ნარკოტიკის ზემოქმედებიდან გამოვდიოდი, გონებაში სულ თვითმკვლელობა მიტრიალებდა. მინდოდა თავის დანებება, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნიდა.

როგორ დავანებე თავი ნარკოტიკებს: დავიწყე ღმერთზე ფიქრი და რამდენჯერმე ეკლესიაშიც კი წავედი, მაგრამ ჩემი ემოციური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. 18 წლის ასაკში მეგობარ ბიჭთან დავიწყე ცხოვრება. მისგან ბიჭი მეყოლა, რამაც ცხოვრების წესის შეცვლის სურვილი ერთიორად გამიძლიერა. იმ დროს ერთი ჩემი ძველი მეგობარი ჩვენს მოპირდაპირე სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად. როდესაც მომინახულა, მკითხა, როგორ მიდიოდა ჩემი საქმეები. ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი. მან მითხრა, იეჰოვას მოწმე გავხდიო და ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი.

გავიგე, რომ ჩემი ცხოვრების წესი ღმერთს არ მოსწონდა; უნდა შემეწყვიტა ნარკოტიკების მიღებაც და მოწევაც, მაგრამ ნარკოტიკების ტყვეობიდან თავს ვერ ვაღწევდი. დღეში რამდენჯერმე ვთხოვდი იეჰოვას შველას, რომ ცუდი ჩვევებისგან გავთავისუფლებულიყავი; მინდოდა, მისთვის გული გამეხარებინა (იგავები 27:11). ბიბლიის შესწავლის და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, როგორც იქნა, დავანებე თავი ნარკოტიკებს. ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა. მუდმივად დეპრესიაში აღარ ვარ. გავიცანი არაჩვეულებრივი ქრისტიანი მამაკაცი და ჩვენ ოჯახი შევქმენით. ჩემი ბიჭიც ბიბლიური პრინციპებით აღვზარდე. ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ შეისმინა ჩემი ლოცვები და დამეხმარა!

სახელი: მარსიო

ჩემი წარსული: გავიზარდე ბრაზილიის შტატის, სან-პაულუს, მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, სანტუ-ანდრეს გარეუბანში. ბავშვობიდანვე გავუსინჯე გემო თამბაქოს, ნარკოტიკებს და ქურდობაც დავიწყე. ჩემი რამდენიმე მეგობარი მანქანების გატაცებით და ნარკოტრეფიკინგით იყო დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი უბნის ახალგაზრდებს უფასოდ სთავაზობდა ნარკოტიკებს და როგორც კი შეეჩვეოდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ, მისგან ეყიდათ.

პოლიცია მუდმივად პატრულირებდა ჩვენს რაიონში; რამდენჯერმე ამიყვანეს კიდეც სხვადასხვა წვრილმანი დანაშაულის გამო და ერთხელ ნარკოტრეფიკინგის ბრალდებითაც. სახლში არაერთხელ შემინახია ბანდის მიერ ნაძარცვი ნივთები და იარაღი.

ხალხს ეშინოდა ჩემი. ამღვრეული თვალებით დავდიოდი და არასდროს ვიღიმოდი. სახეზე მუდამ დაუნდობელი გამომეტყველება მქონდა. ტუფაუნი (გრიგალი) შემარქვეს იმის გამო, რომ სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან პრობლემებს ვქმნიდი. ბევრს ვსვამდი და გარყვნილ ცხოვრებას ვეწეოდი. ჩემი მეგობრებიდან ზოგი მოკვდა, ზოგიც ციხეში მოხვდა. მეც იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ ერთხელ ხის ტოტზე თოკიც კი ჩამოვკიდე თავის ჩამოსახრჩობად.

როგორ დავანებე თავი ნარკოტიკებს: ღმერთს ვთხოვდი დახმარებას. ბოლოს იეჰოვას მოწმეებს შევხვდი და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. გავიგე, რომ ღმერთს აქვს პირადი სახელი, იეჰოვა, და რომ ის ზრუნავს და ეხმარება მათ, ვინც ცდილობს მისი ნორმებით ცხოვრებას (ფსალმუნი 83:18; 1 პეტრე 5:6, 7). ძალიან ბევრი ცვლილების მოხდენა დამჭირდა. ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა, ის იყო, რომ გაღიმება მესწავლა.

სულ იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას; ვითვალისწინებდი ბიბლიურ რჩევებსაც. მაგალითად, გავწყვიტე ურთიერთობა ჩემს ყოფილ „მეგობრებთან“ და შევწყვიტე ბარებში სიარული. სამაგიეროდ, ურთიერთობა დავიწყე იმ ადამიანებთან, რომლებიც ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობდნენ. მართალია, ადვილი არ იყო ცვლილებების მოხდენა, მაგრამ მე ახლა აღარც ვქურდობ და აღარც სიმშვიდეს ვურღვევ სხვებს. და ათ წელზე მეტია, რაც ნარკოტიკი აღარ მიმიღია.

სახელი: კრეიგი

ჩემი წარსული: გავიზარდე სამხრეთ ავსტრალიაში, ფერმერების ოჯახში. მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო, რის გამოც დედაჩემი და მამაჩემი გაიყარნენ. მე მაშინ რვა წლის ვიყავი. დედაჩემი მეორედ გათხოვდა და სანამ 17 წლის გავხდებოდი, ერთად ვცხოვრობდით. იმ წელს ცხვრის პარსვა ვისწავლე და შევუერთდი ცხვრის მპარსველთა ჯგუფს, რომელიც იქ მიემგზავრებოდა, სადაც სამუშაო გამოჩნდებოდა. გავსინჯე რამდენიმე სახის ნარკოტიკი და დავიწყე დალევა. თმა გავიზარდე, ცვილით გავიპოხე, დავიწანი და შიგ მძივები ჩავიწანი. გავბოროტდი, გავხდი ძალიან უხეში, მოკლედ, საშინელი ხასიათი ჩამომიყალიბდა. რამდენჯერმე ციხეშიც ამოვყავი თავი.

მოგვიანებით დასავლეთ ავსტრალიაში გადავედი საცხოვრებლად. იქ მეგობარ გოგოსთან ერთად დავიწყე ცხოვრება, რომელიც ერთ-ერთი სასტუმროს ბარში მუშაობდა. ორივენი ვეწეოდით და ვსვამდით; ჩვენ თვითონ მოგვყავდა მარიხუანა.

როგორ დავანებე თავი ნარკოტიკებს: მარიხუანას მოსავალი ახალი აღებული გვქონდა, როცა იეჰოვას მოწმეებმა მოგვაკითხეს ჩვენს უბადრუკ სახლში. რასაც მეუბნებოდნენ, ბრმად არ დამიჯერებია. დროთა განმავლობაში მე თვითონ ვრწმუნდებოდი, რომ, რაც ბიბლიაში წერია, ჭეშმარიტებაა. ამის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ჩემი პრობლემების მოგვარება.

მალე გავიგე, რომ მარიხუანასთვის თავი უნდა დამენებებინა. იცით ეს რას ნიშნავდა?! მარიხუანას მოსაყვანად ქვეყნის დრო და ენერგია მქონდა დახარჯული. ამიტომ თავიდან ვიფიქრე, სხვისთვის მიმეცა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, ავდექი და გავანადგურე მთელი მოსავალი. ყველაზე მეტად ლოცვა დამეხმარა, რომ თავი დამენებებინა ნარკოტიკებისთვის და შემეწყვიტა ალკოჰოლის უზომოდ სმა. ღმერთს ვთხოვდი წმინდა სულს, რომ ბრძოლა არ შემეწყვიტა და გამარჯვებისთვის მიმეღწია. გავწყვიტე ცუდი ჩვევების მქონე ადამიანებთან ურთიერთობაც. ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ ემოციურად დამამშვიდა და მომცა საიმისო ძალები, რომ ჩემი ზოგიერთი უარყოფითი თვისება გამომესწორებინა. ჩემმა მეგობარმა გოგომაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა, მოიშალა ცუდი ჩვევები და ცხოვრების წესიც შეიცვალა. ჩვენ დავქორწინდით და მას მერე 21 წელია, თავსაც უკეთ ვგრძნობთ და ვხარობთ ჩვენი ორი შვილით. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, იეჰოვა რომ არ დამხმარებოდა.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„იეჰოვაა ჩემი ძალა და ჩემი ძლევამოსილება“ (ესაია 12:2).

რჩევა

რამდენადაც შესაძლებელია, მოერიდე იმ ადამიანებს, ადგილებსა და ნივთებს, რომლებიც იმ დროს გაგახსენებს, როცა ნარკოტიკებს იღებდი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათმა დანახვამაც კი შეიძლება ისევ მოგანდომოს ნარკოტიკი.

იცოდი, რომ . . . ?

ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება იწვევს ტვინის სტრუქტურის ცვლილებას.

რა უნდა გავაკეთო

თუ ჩავარდნა მექნება, მე ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ არის აუცილებელი რადიკალური ცვლილებების მოხდენა ნარკოტიკებისთვის თავის დასანებებლად?

● რა დახმარების გაწევა შეუძლია ღვთის შესახებ ცოდნის მიღებას?

[ჩანართი 253 გვერდზე]

„ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებამ ბედნიერება მომიტანა და ჩემს სიცოცხლეს აზრი შესძინა“ (მართა).

[სურათი 256 გვერდზე]

ნარკოტიკებისთვის თავის დანებება ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოქცევას ჰგავს — ყველაფერს ტოვებ, მაგრამ, სამაგიეროდ, სიცოცხლეს ინარჩუნებ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება