საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 1

      ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

      იეჰოვას მოწმე დანიიდან

      დანია

      იეჰოვას მოწმეები ტაივანში

      ტაივანი

      იეჰოვას მოწმეები ვენესუელაში

      ვენესუელა

      იეჰოვას მოწმეები ინდოეთში

      ინდოეთი

      რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? შეიძლება ზოგი მათგანი თქვენი მეზობელი, თანამშრომელი ან თანაკლასელია. შესაძლოა ბიბლიურ თემებზე გისაუბრიათ მათთან. სინამდვილეში ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რატომ აცნობენ თავიანთ მრწამსს სხვებს?

      ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ჩვენ სხვადასხვა ერისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები ვართ. ზოგი ჩვენგანი სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებოდა, ზოგს კი საერთოდ არ სწამდა ღმერთი. მაგრამ სანამ იეჰოვას მოწმეები გავხდებოდით, თითოეული კარგად გავეცანით ბიბლიის სწავლებებს (საქმეები 17:11). დავრწმუნდით ნასწავლის ჭეშმარიტებაში და პირადად გადავწყვიტეთ, იეჰოვა ღმერთისთვის გვეცა თაყვანი.

      ბიბლიის შესწავლა ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. როგორც ყველას, ჩვენც გვიწევს პრობლემებთან და საკუთარ სისუსტეებთან ჭიდილი. მაგრამ ვცდილობთ, ყოველდღე ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, ეს კი ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ფსალმუნი 128:1, 2). სწორედ ამიტომ ვუზიარებთ სხვებს სასიხარულო ცნობას, რომელიც ბიბლიის მეშვეობით გავიგეთ.

      ჩვენ ღვთისმოსაწონი ფასეულობებით ვცხოვრობთ. როგორც ბიბლია გვასწავლის, ღვთისმოსაწონი ფასეულობებით ცხოვრება ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. გარდა ამისა, ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება გვეხმარება, სხვების მიმართ პატივისცემა გამოვავლინოთ, ვიყოთ პატიოსნები და სიკეთე გავუკეთოთ ყველას. თუ ბიბლიური ფასეულობებით იცხოვრებთ, საზოგადოების ღირსეული წევრები გახდებით. იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ხალხს, მტკიცე ოჯახები ჰქონდეთ და ზნეობრივად სუფთად იცხოვრონ. აშკარაა, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის“, რადგან საერთაშორისო საძმოს წევრები ვართ. ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში და არც რასობრივი ბარიერი არ არსებობს ჩვენ შორის. მართალია, ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრი ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მთლიანობაში განსაკუთრებულ საძმოს ვქმნით (საქმეები 4:13; 10:34, 35).

      • რა აქვთ საერთო სხვებთან იეჰოვას მოწმეებს?

      • რა ისწავლეს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიიდან, რაც მართლაც ფასეულია?

  • რატომ ვიწოდებით იეჰოვას მოწმეებად?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 2

      რატომ ვიწოდებით იეჰოვას მოწმეებად?

      ნოე

      ნოე

      აბრაამი და სარა

      აბრაამი და სარა

      მოსე

      მოსე

      იესო ქრისტე

      იესო ქრისტე

      ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი რელიგია ახლად ჩამოყალიბებულია. თუმცა, ჯერ კიდევ 2 700 წელზე მეტი ხნის წინათ ჭეშმარიტი ღვთის მსახურები მის მოწმეებად იწოდებოდნენ (ესაია 43:10—12). 1931 წლამდე ჩვენ ბიბლიის მკვლევრების სახელით ვიყავით ცნობილი. მაშ, რატომ ვიწოდებით დღეს იეჰოვას მოწმეებად?

      ეს სახელი ღვთის ვინაობას უსვამს ხაზს. უძველესი ხელნაწერების თანახმად, ღვთის სახელი, იეჰოვა, ათასობით ადგილას გვხვდება ბიბლიაში. ბევრ თარგმანში ეს სახელი შეცვლილია ისეთი ტიტულებით, როგორიცაა უფალი ან ღმერთი. მაგრამ ჭეშმარიტმა ღმერთმა თავად გაუმჟღავნა მოსეს თავისი პირადი სახელი, იეჰოვა, და უთხრა: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად“ (გამოსვლა 3:15). ამგვარად მან განასხვავა საკუთარი თავი ყველა ცრუ ღმერთისგან. ჩვენ გვეამაყება, რომ ღვთის წმინდა სახელით ვიწოდებით.

      ეს სახელი ჩვენს მისიაზე მოწმობს. ძველი დროიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი, რომელთა შორის პირველი მართალი კაცი, აბელი, იყო, იეჰოვას შესახებ ამოწმებდა. საუკუნეების მანძილზე ნოე, აბრაამი, სარა, მოსე, დავითი და სხვებიც შეურთდნენ „მოწმეთა დიდ ღრუბელს“ (ებრაელები 11:4—12:1). როგორც სასამართლოზე ვინმე უდანაშაულო ადამიანს მოწმედ უდგება, ისე ჩვენც ვუმოწმებთ და ვამცნობთ ხალხს ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ.

      ჩვენ ვბაძავთ იესოს. ბიბლია მას უწოდებს „ერთგულ და ჭეშმარიტ მოწმეს“ (გამოცხადება 3:14). იესომ თავად თქვა, რომ ღვთის სახელი გამოუცხადა ადამიანებს და მის შესახებ ჭეშმარიტება დაამოწმა (იოანე 17:26; 18:37). ამიტომ, ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები უნდა იწოდებოდნენ იეჰოვას სახელით და ამ სახელს სხვებს ამცნობდნენ. სწორედ ამას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები.

      • რატომ ეწოდათ ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები?

      • რა დროიდან ჰყავს მოწმეები იეჰოვას დედამიწაზე?

      • ვინ იყო იეჰოვას უდიდესი მოწმე?

      გაიგეთ მეტი

      როცა იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრას დაესწრებით, ეცადეთ, უკეთ გაიცნოთ კრების წევრები. ჰკითხეთ მათ: „რატომ გახდით იეჰოვას მოწმეები?“

  • როგორ მოეფინა კვლავ ნათელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 3

      როგორ მოეფინა კვლავ ნათელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას?

      1870-იან წლებში მამაკაცების ჯგუფი ბიბლიას იკვლევს

      ბიბლიის მკვლევრები, 1870-იანი წლები

      მამაკაცი „საგუშაგო კოშკის“ პირველ გამოცემას კითხულობს

      „საგუშაგო კოშკის“ პირველი გამოცემა, 1879 წ.

      ქალს ხელში უჭირავს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“

      „საგუშაგო კოშკი“ დღეს

      ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იესოს სიკვდილის შემდეგ პირველ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ ცრუ მასწავლებლები და ბიბლიურ ჭეშმარიტებას დაამახინჯებდნენ (საქმეები 20:29, 30). ეს მართლაც ასე მოხდა. მათ იესოს სწავლებები ცრურელიგიური მოძღვრებებით დაამახინჯეს და ასე ჩაეყარა საფუძველი ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობას (2 ტიმოთე 4:3, 4). როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ის გვწამს, რასაც სინამდვილეში ბიბლია ასწავლის?

      დადგა დრო, როცა იეჰოვას ჭეშმარიტება უნდა გაეცხადებინა. მან იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დროს . . . გამრავლდებოდა ჭეშმარიტი ცოდნა“ (დანიელი 12:4). 1870 წელს ჭეშმარიტების მაძიებელმა პატარა ჯგუფმა დაინახა, რომ ეკლესიის ბევრი მოძღვრება არაბიბლიური იყო. ამიტომ, მათ დაიწყეს გამოკვლევა, სინამდვილეში რას ასწავლიდა ბიბლია და იეჰოვამაც მათ წვდომის უნარი მისცა, რათა ზუსტად გაეგოთ ბიბლიური მუხლების მნიშვნელობა.

      გულწრფელმა მამაკაცებმა გულმოდგინედ გამოიკვლიეს ბიბლია. ბიბლიის ამ გულითადმა მკვლევრებმა, ჩვენმა წინამორბედებმა, კვლევის ისეთი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც დღესაც მივმართავთ. ისინი თემატურად იკვლევდნენ ბიბლიას. როდესაც ბიბლიის რომელიმე მონაკვეთი მათთვის ძნელად გასაგები იყო, ასახსნელად სხვა მუხლებს იშველიებდნენ. მას შემდეგ, რაც ერთ დასკვნამდე მივიდოდნენ, რაც წმინდა წერილების სხვა მუხლებს ეთანხმებოდა, დასკვნები ფურცელზე გადაჰქონდათ. ისინი ისევ ბიბლიის მეშვეობით ხსნიდნენ გაუგებარ მონაკვეთებს; ამგვარად მათთვის ნათელი მოეფინა ჭეშმარიტებას ღვთის სახელის, მისი სამეფოს, კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის, მკვდრების მდგომარეობისა და აღდგომის იმედის შესახებ. ასეთი კვლევა-ძიების შედეგად ისინი გათავისუფლდნენ ბევრი ცრუ სწავლებისა თუ ჩვეულებისგან (იოანე 8:31, 32).

      1879 წელს ბიბლიის მკვლევრები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტება ფართო მასებისთვის უნდა გაეცხადებინათ. ამიტომ, ამავე წელს მათ დაიწყეს ჟურნალის, „საგუშაგო კოშკი — იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, გამოცემა, რომელიც დღემდე გამოდის. დღეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას 240 ქვეყანაში 750-ზე მეტ ენაზე ვქადაგებთ. „ჭეშმარიტი ცოდნა“ ისე არასდროს ყოფილა გავრცელებული, როგორც დღეს!

      • რა მოხდა ქრისტეს სიკვდილის შემდეგ?

      • როგორ მოეფინა კვლავ ნათელი ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვის დახმარებით?

  • რატომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 4

      რატომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?

      ძველი სტამბა
      ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი გამოცემა
      კონგოში (კინშასა) ხალხი „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ათვალიერებს

      კონგო (კინშასა)

      რუანდაში გამოიცა ბიბლია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“

      რუანდა

      სიმაქუსის თარგმანი, რომელშიც ღვთის სახელია მოხსენიებული

      სიმაქუსის თარგმანი, რომელიც ახ. წ. III-IV საუკუნით თარიღდება, ფსალმუნის 69:31-ში ღვთის სახელია მოხსენიებული

      ათწლეულების განმავლობაში იეჰოვას მოწმეები იყენებდნენ, ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს. მალე მათ დაინახეს, რამდენად აუცილებელი იყო ბიბლიის ახალი თარგმანი იმისათვის, რომ ადამიანები უკეთესად ჩასწვდომოდნენ ღვთის ნებას და „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ მიეღოთ (1 ტიმოთე 2:3, 4). სწორედ ამ მიზნით 1950 წლიდან დავიწყეთ თანამედროვე ენაზე ბიბლიის, კერძოდ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“, ნაწილ-ნაწილ გამოცემა. დღეს ბიბლიის ეს ზუსტი თარგმანი უკვე 130-ზე მეტ ენაზეა გამოცემული.

      ბიბლია უნდა გადათარგმნილიყო ადვილად გასაგებ ენაზე. დროის სვლასთან ერთად ენა იცვლება. ბიბლიის ბევრ თარგმანში ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს ვხვდებით, რომლებიც ბუნდოვანი ან ძნელად გასაგებია. ამასთან ერთად, დროთა განმავლობაში აღმოჩენილი გაცილებით ზუსტი უძველესი ხელნაწერები, რომლებიც ახლოს არის ორიგინალთან, ბიბლიის ებრაული, არამეული და ბერძნული ტექსტების უკეთ გაგებაში გვეხმარება.

      თარგმანი რაც შეიძლება მიახლოებული უნდა ყოფილიყო ღვთის სიტყვის თავდაპირველ ტექსტთან. ბიბლიის მთარგმნელებს ღვთის მიერ შთაგონებული წერილები კი არ უნდა შეეცვალათ, არამედ ზედმიწევნით უნდა ეთარგმნათ. მაგრამ ბიბლიის ბევრ თარგმანში ღვთის სახელი, იეჰოვა, არ არის მოხსენიებული.

      თარგმანს უნდა გამოეკვეთა, ვინ იყო მისი ავტორი (2 სამუელი 23:2). ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში ღვთის სახელი, იეჰოვა, დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული (ამონარიდს ერთ-ერთი ასეთი ხელნაწერიდან ქვემოთ მოცემულ სურათზე ვხედავთ). ბიბლიის „ახალ ქვეყნიერების თარგმანში“ მთარგმნელებმა ღვთის პირადი სახელი თავის ადგილას დააბრუნეს (ფსალმუნი 83:18). წლების მანძილზე გულმოდგინე შრომის ნაყოფია ის, რომ ბიბლიის ამ თარგმანის კითხვა ერთ სიამოვნებად ღირს, რადგან ნათლად გადმოსცემს ღვთის ნებას. იმის მიუხედავად, არის თუ არა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი, კარგი იქნება, თუ ყოველდღე იკითხავთ ღვთის სიტყვას (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნი 1:2, 3).

      • რატომ გადაწყვიტეს იეჰოვას მოწმეებმა, გამოეცათ ბიბლიის ახალი თარგმანი?

      • რა უნდა გააკეთოთ ყოველდღიურად, თუ ღვთის ნების გაგება გსურთ?

      გაიგეთ მეტი

      წაიკითხეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინასიტყვაობა და უპასუხეთ კითხვას: რამდენად ფრთხილად ეკიდებოდა მთარგმნელობითი კომიტეტი ბიბლიის თარგმნას? შემდეგ შეადარეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ქვემოთ მოცემული მუხლები იმ თარგმანს, რომელზეც მიგიწვდებათ ხელი: დაბადება 25:29; ესაია 14:23; მათე 5:3; 11:12; 1 კორინთელები 10:24, 25; ფილიპელები 1:8.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება