საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ ეხმარებიან უხუცესები კრებას?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 15

      როგორ ეხმარებიან უხუცესები კრებას?

      უხუცესი კრების წევრებთან საუბრობს

      ფინეთი

      უხუცესი კრების შეხვედრაზე სხვებს ასწავლის

      დასწავლება

      უხუცესები კრების წევრებს ამხნევებენ

      დამწყემსვა

      უხუცესი კრების შეხვედრაზე სხვებს ასწავლის

      ქადაგება

      ჩვენ არ გვყავს სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს. ნაცვლად ამისა, ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველებად ინიშნებიან მამაკაცები, „რათა დამწყემსონ ღვთის კრება“. ეს სწორედ ისე ხდება, როგორც პირველ საუკუნეში, როცა ქრისტიანულ კრებას ჩაეყარა საფუძველი (საქმეები 20:28). ეს ზედამხედველები ანუ უხუცესები სულიერად მოწიფული მამაკაცები არიან, რომლებიც კრებას ხელმძღვანელობენ და მწყემსავენ „არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტრე 5:1—3). რა საქმეს ასრულებენ ისინი ჩვენ სასიკეთოდ?

      ჩვენზე ზრუნავენ და გვიცავენ. უხუცესები ხელმძღვანელობენ კრებას და სულიერად იცავენ. მათ ესმით, რაოდენ საპასუხისმგებლო საქმე მიანდო ღმერთმა. ამიტომ, უხუცესები კი არ ბატონობენ ღვთის ხალხზე, არამედ ძალ-ღონეს არ იშურებენ მათი ბედნიერებისთვის (2 კორინთელები 1:24). როგორც მწყემსი ზრუნავს სათუთად თითოეულ ცხვარზე, ისე უხუცესები ცდილობენ, კრების თითოეული წევრით დაინტერესდნენ (იგავები 27:23).

      გვასწავლიან, შევასრულოთ ღვთის ნება. უხუცესები ყოველკვირა ხელმძღვანელობენ კრების შეხვედრებს, რაც ჩვენი რწმენის განმტკიცებას ემსახურება (საქმეები 15:32). ეს ერთგული მამაკაცები სამქადაგებლო საქმიანობასაც უძღვებიან, თანამშრომლობენ ჩვენთან და გვეხმარებიან, რომ მსახურების ყველა სფეროში დავიხვეწოთ.

      გვამხნევებენ. იეჰოვასთან დაახლოებაში რომ დაგვეხმარონ, კრების უხუცესები გვინახულებენ სახლში ან გვესაუბრებიან სამეფო დარბაზში და გვამხნევებენ ბიბლიის დახმარებით (იაკობი 5:14, 15).

      კრების საქმეების გარდა, უხუცესების უმეტესობა მუშაობს და ოჯახურ მოვალეობებსაც ართმევს თავს, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს. ეს მძიმედ მშრომელი ძმები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას (1 თესალონიკელები 5:12, 13).

      • რა მოვალეობას ასრულებენ უხუცესები კრებაში?

      • როგორ ავლენენ უხუცესები ყურადღებას თითოეული ჩვენგანის მიმართ?

      გაიგეთ მეტი

      ვის შეუძლია იმსახუროს უხუცესად? მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ უხუცესები და მომსახურეები, ჩაწერილია 1 ტიმოთეს 3:1—10, 12-სა და ტიტეს 1:5—9-ში.

  • რა მოვალეობა აკისრიათ მომსახურეებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 16

      რა მოვალეობა აკისრიათ მომსახურეებს?

      მომსახურე ძმა ლიტერატურას გასცემს

      მიანმა

      მომსახურე ძმა მოხსენებით გამოდის

      კრების შეხვედრა

      მომსახურე ძმა სამქადაგებლო შეხვედრას ატარებს

      სამქადაგებლო ჯგუფი

      მომსახურე ძმა სამეფო დარბაზის მოვლაში იღებს მონაწილეობას

      სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობა

      ბიბლია საუბრობს მამაკაცების ორ ჯგუფზე, რომლებსაც კრებაში პასუხისმგებლობები აკისრიათ. ესენი არიან „ზედამხედველები და მომსახურეები“ (ფილიპელები 1:1). თითოეულ კრებაში არიან ძმები, რომლებიც უხუცესებად და მომსახურეებად მსახურობენ. რა დავალებებს ასრულებენ მომსახურეები კრების სასიკეთოდ?

      თანამშრომლობენ უხუცესთა საბჭოსთან. მომსახურეები სულიერად მოწიფული, სანდო და კეთილსინდისიერი მამაკაცები არიან. ისინი შეიძლება ნებისმიერი ასაკის იყვნენ. მათ სხვადასხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ კრებაში, იქნება ეს დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებთან თუ ფიზიკურ შრომასთან. ეს უხუცესებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ძირითადი ყურადღება კრების წევრების დამოძღვრასა და დამწყემსვაზე გადაიტანონ.

      ემსახურებიან კრებას. ზოგიერთ მომსახურეს ევალება, კრების შეხვედრაზე მოსულებს მიესალმოს. სხვებს შესაძლოა დაევალოთ ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის მართვა, ლიტერატურისა თუ სამქადაგებლო უბნების განაწილება და კრების საფინანსო ანგარიშებზე ზრუნვა. მომსახურეები აგრეთვე მონაწილეობას იღებენ სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში. შეიძლება მათ უხუცესებმა სთხოვონ, ხანდაზმულებს აღმოუჩინონ დახმარება. ისინი სიხარულითა და მონდომებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რის გამოც კრების წევრების პატივისცემას იმსახურებენ (1 ტიმოთე 3:13).

      მისაბაძი ქრისტიანები არიან. მომსახურეებად მათ იმიტომ ნიშნავენ, რომ ქრისტიანულ თვისებებს ავლენენ. ისინი კრების პროგრამაშიც იღებენ მონაწილეობას, რითაც რწმენას გვიმტკიცებენ. მომსახურეები გულმოდგინედ ქადაგებენ და ამით კარგ მაგალითს აძლევენ კრებას. ამასთანავე, მჭიდროდ თანამშრომლობენ უხუცესთა საბჭოსთან, კრებაში სიხარული შეაქვთ და მის ერთიანობას უწყობენ ხელს (ეფესოელები 4:16). დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება უხუცესებადაც დაინიშნონ.

      • ვინ ინიშნება მომსახურედ?

      • როგორ ეხმარებიან ისინი კრებას?

      გაიგეთ მეტი

      ყოველთვის, როცა სამეფო დარბაზში მიხვალთ, ეცადეთ, ერთი უხუცესი ან მომსახურე მაინც გაიცნოთ. ამგვარად, ნელ-ნელა თითოეული მათგანისა და მათი ოჯახების გაცნობას შეძლებთ.

  • როგორ გვეხმარებიან სარაიონო ზედამხედველები?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 17

      როგორ გვეხმარებიან სარაიონო ზედამხედველები?

      მიმომსვლელი ზედამხედველი თავის ცოლთან ერთად

      მალავი

      მიმომსვლელი ზედამხედველი ატარებს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას

      სამქადაგებლო ჯგუფი

      მიმომსვლელი ზედამხედველი ქადაგებს

      ქადაგება

      მიმომსვლელი ზედამხედველი კრების უხუცესებთან შეხვედრაზე

      უხუცესებთან შეხვედრა

      ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არაერთხელ არიან მოხსენიებული ბარნაბა და მოციქული პავლე. ისინი მიმომსვლელი ზედამხედველები იყვნენ და პირველი საუკუნის კრებებს ინახულებდნენ. რა მიზნით? ისინი გულწრფელად იყვნენ დაინტერესებული თავიანთი სულიერი ძმების კეთილდღეობით. პავლეს სურდა, „დაბრუნებულიყო და მოენახულებინა ძმები“. ის მზად იყო, გაევლო ასობით კილომეტრი, რომ გაემხნევებინა თანაქრისტიანები (საქმეები 15:36). სწორედ მსგავსი სურვილი ამოძრავებთ დღესაც სარაიონო ზედამხედველებს.

      გვინახულებენ და გვამხნევებენ. წელიწადში ორჯერ თითოეული სარაიონო ზედამხედველი დაახლოებით ოც კრებას ინახულებს. თუ ვითანამშრომლებთ ამ გამოცდილ ძმებთან და მათ ცოლებთან, ბევრ რამეს ვისწავლით. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ გაიცნონ კრებაში ყველა, დიდი თუ პატარა, ითანამშრომლონ სამქადაგებლო მსახურებაში და მათთან ერთად ჩაატარონ ბიბლიის შესწავლები. ეს ზედამხედველები კრების უხუცესებთან ერთად აკეთებენ სამწყემსო მონახულებებს და ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე გამამხნევებელ მოხსენებებს კითხულობენ (საქმეები 15:35).

      ინტერესს ავლენენ კრების თითოეული წევრის მიმართ. სარაიონო ზედამხედველები თითოეული კრების სულიერი მდგომარეობით არიან დაინტერესებული. ისინი ხვდებიან კრების უხუცესებსა და მომსახურეებს, რათა ისაუბრონ კრების მიღწევებზე. გარდა ამისა, პრაქტიკულ რჩევებს აძლევენ ძმებს, რომ უკეთ გაართვან თავი მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. სარაიონო ზედამხედველები ეხმარებიან პიონერებს ქადაგების უნარის დახვეწაში, ეცნობიან კრებაში ახლებს და მათი სულიერი წარმატებით ინტერესდებიან. თითოეულ სარაიონო ზედამხედველს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „თანამშრომელი . . . [ჩვენ] სასარგებლოდ“ (2 კორინთელები 8:23). ჩვენც მათსავით ძლიერი რწმენა უნდა გამოვავლინოთ და ვუერთგულოთ ღმერთს (ებრაელები 13:7).

      • რა მიზნით ინახულებენ სარაიონო ზედამხედველები კრებებს?

      • რის სწავლა შეგიძლიათ სარაიონო ზედამხედველისგან?

      გაიგეთ მეტი

      აღნიშნეთ კალენდარზე, როდის ინახულებს თქვენს კრებას სარაიონო ზედამხედველი, რომ არ გამოგრჩეთ მისი არც ერთი მოხსენება. თუ გსურთ, თქვენს ბიბლიის შესწავლას სარაიონო ზედამხედველი ან მისი მეუღლე დაესწროს, საქმის კურსში ჩააყენეთ თქვენი მასწავლებელი.

  • როგორ ვეხმარებით გასაჭირში მყოფ და-ძმებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 18

      როგორ ვეხმარებით გასაჭირში მყოფ და-ძმებს?

      დომინიკელთა რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს

      დომინიკელთა რესპუბლიკა

      მოხალისეები იაპონიაში ხელახლა აშენებენ სამეფო დარბაზს

      იაპონია

      ჰაიტიზე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ანუგეშებს სტიქიური უბედურებით დაზარალებულს

      ჰაიტი

      როდესაც სადმე სტიქიური უბედურება ხდება, იეჰოვას მოწმეები დაუყოვნებლივ ეხმარებიან დაზარალებულ და-ძმებს. სწორედ ეს ადასტურებს, რომ მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი (იოანე 13:34, 35; 1 იოანე 3:17, 18). როგორ ვეხმარებით ერთმანეთს?

      მატერიალური დახმარება. როდესაც იუდაში შიმშილობა მძვინვარებდა, ანტიოქიელმა ქრისტიანებმა თავიანთ ძმებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს (საქმეები 11:27—30). ასევე ხდება დღესაც. როდესაც ვიგებთ, რომ რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ძმები გასაჭირში არიან, კრების მეშვეობით მატერიალურ დახმარებას ვუგზავნით (2 კორინთელები 8:13—15).

      პრაქტიკული დახმარება. უხუცესებმა, რომლებიც სტიქიის ზონაში ცხოვრობენ, უნდა დაადგინონ, იმყოფება თუ არა მათი კრების თითოეული წევრი უსაფრთხო ადგილას. დახმარების კომიტეტმა უნდა იზრუნოს, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ თავშესაფარი, საკვები, სასმელი წყალი და ტანსაცმელი. მათ აგრეთვე იმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ დაზარალებულები არ დარჩნენ სამედიცინო დახმარების გარეშე. იეჰოვას არაერთი მოწმე, რომლებიც საჭირო პროფესიას ან ხელობას ფლობენ, საკუთარი ხარჯებით მოხალისედ მიდის და დაზარალებულებს დახმარებას უწევს. ეხმარებიან მათ სახლებისა თუ სამეფო დარბაზების შეკეთებაშიც. ერთიანობა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არსებობს, და გამოცდილება, რომელიც ერთმანეთთან თანამშრომლობით შევიძინეთ, გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მობილიზებული და დროული დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულებს. მართალია, ძირითადად, მათ ვეხმარებით, ვინც „რწმენით ჩვენიანია“, მაგრამ დახმარების ხელს სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც ვუწვდით, როცა ეს შესაძლებელია (გალატელები 6:10).

      ნუგეშისცემა და გვერდში დგომა. ნუგეშს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, ვინც სტიქიური უბედურების დროს დაზარალდა. ამ დროს ძალას გვაძლევს იეჰოვა, რომელიც „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (2 კორინთელები 1:3, 4). მზად ვართ, ბიბლიური იმედით ვანუგეშოთ სასოწარკვეთილებაში მყოფნი და დავარწმუნოთ, რომ მალე ღვთის სამეფო ყველანაირ ტანჯვას მოუღებს ბოლოს (გამოცხადება 21:4).

      • როგორ მოქმედებენ იეჰოვას მოწმეები სტიქიური უბედურებების დროს?

      • რით ვანუგეშებთ სტიქიური უბედურებების დროს გადარჩენილებს?

  • ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 19

      ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“?

      იესო ელაპარაკება თავის მოწაფეებს
      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე სწავლობს ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციას

      სულიერ საზრდოს თითოეული ჩვენგანისთვის მოაქვს სარგებლობა

      იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს ორი წევრი

      სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესო ესაუბრა თავის ოთხ მოციქულს — პეტრეს, იაკობს, იოანესა და ანდრიას. მას შემდეგ, რაც იესომ იწინასწარმეტყველა ბოლო დღეებში თავისი მოსვლის ნიშნის შესახებ, მნიშვნელოვანი კითხვა წამოჭრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“ (მათე 24:3, 45; მარკოზი 13:3, 4). იესო დაჰპირდა მოწაფეებს, რომ ის, როგორც მათი „ბატონი“, დანიშნავდა „ერთგულ და გონიერ მონას“, რომელიც სულიერი საზრდოთი მოამარაგებდა მის მიმდევრებს ბოლო დღეებში. ვინ იყო ეს მონა?

      ისინი არიან იესოს ცხებული მიმდევრებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი. „მონას“ წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც დროულად აწვდის სულიერ საზრდოს იეჰოვას თაყვანისმცემლებს. სწორედ ის გვაძლევს დროულად ჩვენ წილ სულიერ „ულუფას“ (ლუკა 12:42).

      მას აბარია ღვთის სახლეული (1 ტიმოთე 3:15). იესომ „მონას“ მიანდო მეტად საპასუხისმგებლო საქმე — იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილზე ზრუნვა — ორგანიზაციის საკუთრების განკარგვა, სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კრებების მეშვეობით ჩვენი განსწავლა. დღეს „ერთგული და გონიერი მონა“ იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით დროულად გვაწვდის საჭირო სულიერ საზრდოს დაბეჭდილი ლიტერატურის, კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების საშუალებით.

      „მონა“ არის ერთგული, რამეთუ ფეხდაფეხ მიჰყვება ბიბლიურ ჭეშმარიტებას და კეთილსინდისიერად ასრულებს ბიბლიაში მოცემულ დავალებას, რომ ყველას ექადაგოს სასიხარულო ცნობა. ეს მონა გონიერიცაა, რადგან ბრძნულად განკარგავს ყველაფერს, რაც იესომ დედამიწაზე მიანდო (საქმეები 10:42). იეჰოვა აკურთხებს მონის საქმიანობას და ამის დასტურია ის, რომ ორგანიზაციას დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ემატება. ერთგულ მონას კი საშუალება ეძლევა, უხვი სულიერი საზრდოთი მოამარაგოს ღვთის ხალხი (ესაია 60:22; 65:13).

      • ვინ დანიშნა იესომ, რომ მისი მიმდევრები სულიერი საზრდოთი მოემარაგებინა?

      • რა გაგებით არის მონა ერთგული და გონიერი?

  • როგორ ფუნქციონირებს ხელმძღვანელი საბჭო დღეს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 20

      როგორ ფუნქციონირებს ხელმძღვანელი საბჭო დღეს?

      პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭო

      პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭო

      პირველი საუკუნის ქრისტიანები კითხულობენ ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებულ წერილს

      კრება ეცნობა ხელმძღვანელი საბჭოს წერილს

      პირველ საუკუნეში იერუსალიმში მოციქულებისა და უხუცესებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი ხელმძღვანელ საბჭოს წარმოადგენდა, რომელიც ცხებულთა ქრისტიანული კრების სახელით იღებდა გადაწყვეტილებას (საქმეები 15:2). ისინი ერთსულოვანნი იყვნენ, რადგან წმინდა წერილების საფუძველზე განიხილავდნენ საკითხს და ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ (საქმეები 15:25). ხელმძღვანელი საბჭო დღესაც მსგავსად იქცევა.

      ღმერთი ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ასრულებს თავის ნებას. ცხებული ძმები, რომლებიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები არიან, „ერთგულ მონას“ წარმოადგენენ. ისინი ღრმად იკვლევენ ღვთის სიტყვას და დიდი გამოცდილება აქვთ იმაში, თუ როგორ გადაჭრან საორგანიზაციო თუ სულიერ სწავლებებთან დაკავშირებული საკითხები. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ყოველკვირა იკრიბებიან, რათა განიხილონ საკითხები, რომლებიც მსოფლიო საძმოს ეხება. როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც ისინი გვაძლევენ ბიბლიაზე დაფუძნებულ მითითებებს წერილების, მიმომსვლელი ზედამხედველებისა თუ სხვა ძმების მეშვეობით. ეს ხელს უწყობს, რომ ღვთის ხალხს ერთი აზრი ჰქონდეს და ერთსულოვნად მოქმედებდეს (საქმეები 16:4, 5). ხელმძღვანელი საბჭო სულიერი საზრდოს მომზადებას ხელმძღვანელობს; ეს საზრდო კი სამეფოს საქმის წინსვლას ემსახურება. გარდა ამისა, ხელმძღვანელი საბჭო ამა თუ იმ პასუხისმგებლობაზე ნიშნავს ძმებს.

      ხელმძღვანელი საბჭო ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება. ხელმძღვანელი საბჭო სამყაროს უზენაესი მმართველის, იეჰოვასა და კრების თავის, იესოს, ხელმძღვანელობას მიჰყვება (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:23). ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ღვთის ხალხის სულიერ წინამძღოლებად არ მიიჩნევენ თავს. ისინი სხვა ცხებულ ქრისტიანებთან ერთად „მიჰყვებიან კრავს [იესოს], სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხადება 14:4). ხელმძღვანელი საბჭო ძალიან მადლიერია, როცა მათ ჩვენს ლოცვებში მოვიხსენიებთ.

      • ვინ იყვნენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები პირველ საუკუნეში?

      • როგორ მიჰყვება დღეს ხელმძღვანელი საბჭო ღვთის ხელმძღვანელობას?

      გაიგეთ მეტი

      წაიკითხეთ საქმეების 15:1—35 და გაიგეთ, როგორ განიხილა პირველ საუკუნეში ხელმძღვანელმა საბჭომ საკამათო საკითხი და როგორ გადაჭრა ის წმინდა წერილების საფუძველზე წმინდა სულის დახმარებით.

  • რა არის ბეთელი?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 21

      რა არის ბეთელი?

      იეჰოვას ორი მოწმე მხატვრული გაფორმების განყოფილებაში, ბეთელში

      მხატვრული გაფორმების განყოფილება, აშშ

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე მუშაობს გერმანიის ბეთელის სტამბაში

      გერმანია

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე მუშაობს სამრეცხაოში, კენიის ბეთელში

      კენია

      ოფიციანტები მაგიდას შლიან კოლუმბიის ბეთელის სასადილოში

      კოლუმბია

      „ბეთელი“ ებრაული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „ღვთის სახლს“ (დაბადება 28:17, 19). ეს სიტყვა საუკეთესოდ მიესადაგება იეჰოვას მოწმეთა ფილიალებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებობს. სწორედ ეს ფილიალები ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სამქადაგებლო საქმიანობას. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები არიან მსოფლიო მთავარ სამმართველოში ნიუ-იორკის შტატში (აშშ) და იქიდან ხელმძღვანელობენ ფილიალების საქმიანობას მთელ მსოფლიოში. ისინი, ვინც ფილიალებში მსახურობენ, ბეთელის ოჯახის წევრები არიან. როგორც ოჯახი, ისინი ერთად ცხოვრობენ, მუშაობენ და განიხილავენ ბიბლიას (ფსალმუნი 133:1).

      ბეთელი განსაკუთრებული ადგილია, სადაც ოჯახის თითოეული წევრი თავს არ ზოგავს. თითოეულ ფილიალში არიან ქრისტიანი და-ძმები, რომლებიც ღვთის ნების შესრულებას უძღვნიან თავს და სრული დროით მსახურობენ სამეფო ინტერესების წინ წასაწევად (მათე 6:33). არც ერთი მათგანი არ იღებს ხელფასს, მაგრამ უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლითა და საკვებით; აგრეთვე აუცილებელი ხარჯების დასაფარავად ფინანსური შემწეობა ეძლევათ. ბეთელში ყველას თავ-თავისი დანიშნულება აქვს. ზოგი საოფისე საქმეს ასრულებს, ზოგიც სამზარეულოში მუშაობს. სხვები სტამბაში ან საამკინძაოში მუშაობენ; ზოგი ოთახების სისუფთავეზე ზრუნავს, ზოგი სამრეცხაოში, ტექნიკური მომსახურების განყოფილებაში ან სხვაგან მსახურობს.

      ბეთელში ყველაფერი სამქადაგებლო მსახურების მხარდასაჭერად კეთდება. თითოეული ბეთელის ფუნქციონირების უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ყურამდე მიაღწიოს ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ. ამის ერთ-ერთი დასტური სწორედ ეს ბროშურაა. ის ხელმძღვანელი საბჭოს ხელმძღვანელობით მომზადდა, მისი ელექტრონული ვერსია დაეგზავნა ასობით მთარგმნელობით ჯგუფს მთელ მსოფლიოში, ბეთელის სტამბებში მაღალსიჩქარიან საბეჭდ დაზგებზე დაიბეჭდა და 110 000-ზე მეტ კრებას გაეგზავნა. ამ ყველაფრის მიღმა ბეთელის ოჯახი დგას. სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში, კერძოდ, სასიხარულო ცნობის გავრცელებაში (მარკოზი 13:10).

      • ვინ მსახურობს ბეთელში და რით არიან ისინი უზრუნველყოფილნი?

      • რა უმნიშვნელოვანეს საქმიანობას უჭერს მხარს ბეთელი?

  • რა კეთდება ფილიალში?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 22

      რა კეთდება ფილიალში?

      მამაკაცთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევს ფილიალის სამუშაოებს სოლომონის კუნძულებზე

      სოლომონის კუნძულები

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე მუშაობს კანადის ფილიალში

      კანადა

      ლიტერატურის გადამზიდი სატვირთო მანქანები

      სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

      ბეთელის ოჯახის წევრები სხვადასხვა განყოფილებებში მსახურობენ და ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში სამქადაგებლო მსახურების წინსვლას უწყობენ ხელს. ზოგი მათგანი მსახურობს მთარგმნელობით განყოფილებაში, ზოგი — სტამბაში, საამკინძაოში, ლიტერატურის საწყობში, აუდიო-ვიდეო ჩამწერ სტუდიაში, ზოგი კი სხვა აუცილებელი საქმითაა დაკავებული, რომელზე ზრუნვაც ადგილობრივ ფილიალს ევალება.

      ფილიალის კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ფილიალს. ხელმძღვანელი საბჭო თითოეული ფილიალის ზედამხედველობას ანდობს ფილიალის კომიტეტს. ეს კომიტეტი შედგება სამი ან მეტი სულიერად მოწიფული და გამოცდილი უხუცესისგან. თითოეული ფილიალის კომიტეტი ანგარიშს წარუდგენს ხელმძღვანელ საბჭოს და საქმის კურსში აყენებს, თუ როგორ მიმდინარეობს თეოკრატიული საქმიანობა მათი ფილიალის ტერიტორიაზე. წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე ხელმძღვანელი საბჭო განსაზღვრავს, თუ რა საკითხებს უნდა დაეთმოს ჯეროვანი ყურადღება მიმდინარე პუბლიკაციებში, კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე. ხელმძღვანელი საბჭოს წარმომადგენლები, რომლებიც რეგულარულად ინახულებენ ფილიალებს და კომიტეტს სათანადო ხელმძღვანელობას უწევენ, თუ როგორ გაართვან უკეთ თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს (იგავები 11:14). მონახულების დროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელშიც ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრები მაუწყებლებისთვის გამამხნევებელი მოხსენების წარმოთქმაც შედის.

      ფილიალი ზრუნავს ადგილობრივ კრებებზე. ფილიალში მსახურობენ ძმები, რომლებიც ახალი კრებების ჩამოყალიბებაზე არიან პასუხისმგებელი. ეს ძმები აგრეთვე ხელმძღვანელობენ პიონერებს, მისიონერებსა და სარაიონო ზედამხედველებს თავიანთი ფილიალის ტერიტორიაზე. ისინი ორგანიზებას უწევენ დიდი თუ პატარა კონგრესების ჩატარებას, სამეფო დარბაზების მშენებლობასა და კრებებისთვის ლიტერატურის დროულად მიწოდებას. ფილიალში ნებისმიერი საქმე იმისთვის კეთდება, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს (1 კორინთელები 14:33, 40).

      • როგორ თანამშრომლობს ფილიალის კომიტეტი ხელმძღვანელ საბჭოსთან?

      • რა საქმე სრულდება ფილიალში?

      გაიგეთ მეტი

      ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფილიალის დათვალიერება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. მათ ერთ-ერთი ბეთელელი გაუწევს ექსკურსიამძღოლობას. გულითადად გეპატიჟებით ბეთელში! ფილიალში სტუმრობისას ისე ჩაიცვით, როგორც კრების შეხვედრებზე დასწრების დროს გაცვიათ. ვიმედოვნებთ, რომ ბეთელის დათვალიერების შემდეგ კიდევ უფრო განგიმტკიცდებათ რწმენა.

  • როგორ მზადდება და ითარგმნება ჩვენი ლიტერატურა?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 23

      როგორ მზადდება და ითარგმნება ჩვენი ლიტერატურა?

      ვიღაც მუშაობს სამწერლო განყოფილებაში, აშშ

      სამწერლო განყოფილება, აშშ

      მთარგმნელთა ჯგუფი სამხრეთ კორეაში

      სამხრეთი კორეა

      სომხეთში მამაკაცს ხელში უჭირავს იეჰოვას მოწმეების მიერ გადათარგმნილი წიგნი

      სომხეთი

      ბურუნდიში გოგონას ხელში უჭირავს იეჰოვას მოწმეების მიერ გადათარგმნილი წიგნი

      ბურუნდი

      შრი-ლანკაში ქალს ხელში უჭირავს იეჰოვას მოწმეების მიერ გადათარგმნილი ჟურნალები

      შრი-ლანკა

      „სასიხარულო ცნობა . . . ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ რომ ვაუწყოთ, ჩვენი ლიტერატურა 750-ზე მეტ ენაზე გამოიცემა (გამოცხადება 14:6). როგორ ვართმევთ თავს ამ არცთუ ისე ადვილ ამოცანას? ამისთვის დაუღალავად შრომობს სამწერლო განყოფილება და ერთგული მთარგმნელები მთელ მსოფლიოში, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან.

      ორიგინალი ტექსტი ინგლისურ ენაზე მზადდება. ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარ სამმართველოდან ზედამხედველობს სამწერლო განყოფილების საქმიანობას. ეს განყოფილება ნიშნავს მწერლებს, რომლებიც მსოფლიო მთავარ სამმართველოსა თუ სხვადასხვა ფილიალებში მსახურობენ. ვინაიდან სამწერლო განყოფილებაში სხვადასხვა ეროვნების და-ძმები არიან, სულიერი საზრდო მრავალფეროვანია, რომლითაც ყველა ერისა თუ წარმომავლობის ადამიანი ინტერესდება.

      ტექსტი მთარგმნელებს ეგზავნება. მას შემდეგ, რაც ორიგინალი ტექსტი გაივლის რედაქტირების პროცესს და ხელმძღვანელი საბჭო მოიწონებს, ელექტრონული სახით ეგზავნება მთარგმნელობით ჯგუფებს მთელ მსოფლიოში. ნათარგმნი ტექსტი გადის შემოწმებასა და სათანადო კორექტურას. მთარგმნელები ცდილობენ, „ზუსტი სიტყვებით დაწერონ ჭეშმარიტება“, რათა თარგმანი აზრობრივად ზუსტი და ბუნებრივი იყოს (ეკლესიასტე 12:10).

      კომპიუტერული პროგრამები აჩქარებს ტექსტის მომზადებისა და თარგმნის პროცესს. ვერანაირი კომპიუტერული პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს მწერლებისა და მთარგმნელების გონებრივ შრომას. თუმცა, თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები — ელექტრონული ლექსიკონები თუ სხვადასხვა საკვლევი ცნობარები — მნიშვნელოვანწილად აადვილებს მათ შრომას. იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს „მრავალენოვანი ელექტრონული საგამომცემლო სისტემა“ (MEPS), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დასაბეჭდად გამზადებული ტექსტის ასობით ენაზე ჩამოსხმა თანდართულ ილუსტრაციებთან ერთად.

      რატომ არ იშურებენ და-ძმები ძალ-ღონეს, რომ ბიბლიური პუბლიკაციები ხელმისაწვდომი გახდეს იმ ენებზეც კი, რომლებზეც, სულ რაღაც, რამდენიმე ათასი ადამიანი ლაპარაკობს? იეჰოვას ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4).

      • როგორ მზადდება სტატიები ჩვენი პუბლიკაციებისთვის?

      • რატომ ითარგმნება ჩვენი პუბლიკაციები ამდენ ენაზე?

  • როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 24

      როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა?

      ვიღაც იღებს ნებაყოფლობით შესაწირავს
      იეჰოვას მოწმეები სამქადაგებლო მსახურებისას

      ნეპალი

      სამეფო დარბაზის მოხალისე მშენებლები ტოგოში

      ტოგო

      მოხალისეები მუშაობენ ბრიტანეთის ფილიალში

      ბრიტანეთი

      ჩვენი ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოსცემს ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების ასობით მილიონ ეგზემპლარს და სრულიად უსასყიდლოდ ავრცელებს. ჩვენ ვაშენებთ სამეფო დარბაზებსა თუ ფილიალებს და არც მოვლა-პატრონობას ვაკლებთ. გარდა ამისა, ათასობით ბეთელელისა თუ მისიონერის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ვზრუნავთ. ამასთანავე, დახმარებას ვუწევთ სტიქიური თუ სხვა უბედურებების დროს დაზარალებულებს. ამიტომ, შეიძლება იკითხოთ: „როგორ ფინანსდება ყოველივე ეს?“.

      არ ვიხდით საწევრო გადასახადს, არც მეათედს, და არც ფულს ვკრეფთ. მართალია, ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის დაფინანსებას დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ ჩვენ არ ვკრეფთ ფულს. ჯერ კიდევ საუკუნის წინათ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ მეორე ნომერში ნათქვამი იყო: „გვჯერა, რომ ჩვენი მხარდამჭერი იეჰოვაა და ამიტომ ადამიანებისგან არასდროს მოვითხოვთ მხარდაჭერას“. ეს მართლაც ასეა! (მათე 10:8).

      ჩვენი საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. ბევრი აფასებს ჩვენს ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას და მის მხარდასაჭერად შესაწირავებს იღებს. იეჰოვას მოწმეები თავადაც სიხარულით ახმარენ თავიანთ დროს, ენერგიასა თუ სახსრებს იმას, რომ ღვთის ნება შესრულდეს დედამიწაზე (1 მატიანე 29:9). სამეფო და საკონგრესო დარბაზებში არის შესაწირავების ყუთები, რათა მსურველებმა ნებაყოფლობით გაიღონ შესაწირავი. შესაწირავის გაღება აგრეთვე შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის jw.org-ის მეშვეობით. თანხას, რომელსაც ორგანიზაცია შესაწირის სახით იღებს, ძირითადად, ისინი სწირავენ, რომლებიც მდიდრები არ არიან. ეს ადამიანები მოგვაგონებენ ღარიბ ქვრივს, რომელიც იესომ შეაქო ორი პატარა მონეტის გაღებისთვის (ლუკა 21:1—4). ამიტომ, თითოეულს შეუძლია რეგულარულად გადადოს გარკვეული თანხა, „როგორც გულში გადაწყვიტა“ (1 კორინთელები 16:2; 2 კორინთელები 9:7).

      დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც აღძრავს ადამიანებს, „პატივი მიაგონ [მას] თავიანთი ქონებიდან“, რათა მხარი დაუჭირონ სამეფო საქმეს და ამგვარად შეასრულონ ღვთის ნება (იგავები 3:9).

      • რით განსხვავდება ჩვენი ორგანიზაცია სხვა რელიგიებისგან?

      • როგორ ხდება ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღება?

  • რატომ და როგორ ვაშენებთ სამეფო დარბაზებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 25

      რატომ და როგორ ვაშენებთ სამეფო დარბაზებს?

      მოხალისეები აშენებენ სამეფო დარბაზს ბოლივიაში

      ბოლივია

      ძველი სამეფო დარბაზი ნიგერიაში
      ახალი სამეფო დარბაზი ნიგერიაში

      ძველი და ახალი სამეფო დარბაზი ნიგერიაში

      სამეფო დარბაზის მშენებლობა ტაიტიზე

      ტაიტი

      იეჰოვას მოწმეების შესაკრებელ ადგილს „სამეფო დარბაზი“ ეწოდება. ამ სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ბიბლიის ძირითადი სწავლება ღვთის სამეფოს ეხება. სწორედ სამეფო იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა (ლუკა 8:1).

      სამეფო დარბაზი ჭეშმარიტი თაყვანისცემის ცენტრია. სამეფო დარბაზი არის შენობა, სადაც იეჰოვას მოწმეები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას უწევენ ორგანიზებას (მათე 24:14). სამეფო დარბაზები ზომითა და დიზაინით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ყველა დარბაზი სადა შენობაა და უმეტესობა მათგანს ერთზე მეტი კრება იყენებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ ათობით ათასი ახალი სამეფო დარბაზი (ყოველდღე საშუალოდ ხუთი), რადგან დღითი დღე იზრდება მაუწყებელთა რიცხვი. როგორ შევძელით ამდენი დარბაზის აშენება? (მათე 19:26).

      სამეფო დარბაზების ასაშენებლად სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა თანხა. შეწირული თანხა ეგზავნება ფილიალს; ის იმ კრებებს გამოუყოფს ამ თანხას, რომელსაც ახალი სამეფო დარბაზის აშენება ან ძველის გადაკეთება ესაჭიროება.

      სამეფო დარბაზებს სხვადასხვა წარმოშობის მოხალისე და-ძმები აშენებენ. ბევრ ქვეყანაში არის სამეფო დარბაზების სამშენებლო ჯგუფები. სამშენებლო ჯგუფის მსახურები და მოხალისეები თავიანთ ქვეყანაში ერთი კრების ტერიტორიიდან სხვა კრების ტერიტორიაზე გადადიან და ადგილობრივ და-ძმებს მშენებლობაში ეხმარებიან. სხვა ქვეყნებში სამშენებლო საქმეში გამოცდილი მოწმეები ხელმძღვანელობენ კრებას მთელი პროექტის განმავლობაში მშენებლობა-შეკეთების სხვადასხვა ეტაპზე; გარდა ამისა, მათ მშენებლობაში თავისი საქმის კარგად მცოდნე ხელოსანი და-ძმებიც ეხმარებიან. თითოეულ სამშენებლო ობიექტზე მოხალისეთა დიდ ნაწილს სწორედ ადგილობრივი კრების წევრები წარმოადგენენ. ასეთ მოკლე დროში ამდენი სამეფო დარბაზის აშენება იეჰოვას წმინდა სულის დახმარებითა და მისი მსახურების თავდაუზოგავი შრომის შედეგადაა შესაძლებელი (ფსალმუნი 127:1; კოლოსელები 3:23).

      • რატომ ეწოდება ჩვენი თაყვანისცემის ადგილს „სამეფო დარბაზი“?

      • როგორ შენდება ამდენი სამეფო დარბაზი მთელ მსოფლიოში?

  • როგორ ვუვლით სამეფო დარბაზებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 26

      როგორ ვუვლით სამეფო დარბაზებს?

      იეჰოვას მოწმეები ასუფთავებენ თავიანთ სამეფო დარბაზს ესტონეთში

      ესტონეთი

      იეჰოვას მოწმეები ასუფთავებენ თავიანთ სამეფო დარბაზს ზიმბაბვეში

      ზიმბაბვე

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე სარემონტო სამუშაოს ასრულებს სამეფო დარბაზში მონღოლეთში

      მონღოლეთი

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ღებავს სამეფო დარბაზს პუერტო-რიკოში

      პუერტო-რიკო

      იეჰოვას მოწმეთა თითოეული სამეფო დარბაზი ღვთის წმინდა სახელს განადიდებს. ამიტომ, ჩვენთვის დიდი პატივია, როცა ვმონაწილეობთ სამეფო დარბაზის დალაგებაში, მოწესრიგებასა თუ შეკეთებაში. ეს წმინდა თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა კრების თითოეულ წევრს შეუძლია.

      ყოველი შეხვედრის შემდეგ და-ძმები დარბაზს ალაგებენ. ყოველი კრების შეხვედრის შემდეგ, დარბაზი რომ სუფთად გამოიყურებოდეს, და-ძმები სიხარულით მონაწილეობენ მის დასუფთავებაში. კვირაში ერთხელ დარბაზი საფუძვლიანად ლაგდება. ამ საქმეს ხელმძღვანელობას უწევს უხუცესი ან მომსახურე, რომელიც, როგორც წესი, ადგენს შესასრულებელი სამუშაოების სიას. მოხალისეები, თუ საჭიროება მოითხოვს, იატაკს გვიან ან მტვერსასრუტით ასუფთავებენ და რეცხავენ; მტვერს წმენდენ, სკამებს თავ-თავიანთ ადგილებზე ალაგებენ, ასუფთავებენ, საპირფარეშოებს დეზინფექციას უკეთებენ, ფანჯრებსა და სარკეებს წმენდენ, ნაგავი გააქვთ, დარბაზის ეზოს ასუფთავებენ და მის სილამაზეზე ზრუნავენ. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ დარბაზის გენერალური დალაგება-დასუფთავება ხდება. როდესაც ბავშვებს ამა თუ იმ საქმეს ვავალებთ, ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილის პატივისცემას ვასწავლით (ეკლესიასტე 5:1).

      და-ძმები დარბაზების შეკეთებაშიც იღებენ მონაწილეობას. ყოველ წელს სამეფო დარბაზების საფუძვლიანი დათვალიერება ხდება შიგნიდან თუ გარედან. შემოწმების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ორგანიზება გაეწევა სარემონტო საქმეების შესრულებას. სამეფო დარბაზების რეგულარულად გარემონტების შედეგად ორგანიზაციას აღარ უწევს დამატებითი ხარჯების გაღება (2 მატიანე 24:13; 34:10). სუფთა და კარგად მოვლილი სამეფო დარბაზი მართლაც შესაფერისი ადგილია ჩვენი ღვთის თაყვანისცემისთვის. როცა ამ საქმეში მონაწილეობას ვიღებთ, ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და ვაფასებთ ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილს (ფსალმუნი 122:1). ჩვენი ლამაზი და მოწესრიგებული სამეფო დარბაზები შთაბეჭდილებას ახდენს გარშემო მცხოვრებ ხალხზეც (2 კორინთელები 6:3).

      • რატომ არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილი?

      • როგორ ეწევა ორგანიზება სამეფო დარბაზების დასუფთავებას?

  • როგორ შეგვიძლია სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკით სარგებლობა?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 27

      როგორ შეგვიძლია სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკით სარგებლობა?

      მამაკაცი სარგებლობს სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკით

      ისრაელი

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ეხმარება ახალგაზრდას კვლევა-ძიებაში

      ჩეხეთის რესპუბლიკა

      პატარა გოგონა საკუთარ სახელს წერს სიმღერების წიგნზე

      ბენინი

      მამაკაცი სარგებლობს „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკით“

      კაიმანის კუნძულები

      გსურთ, გაიღრმავოთ ბიბლიური ცოდნა? გაინტერესებთ ბიბლიის რომელიმე მუხლის მნიშვნელობის გაგება ან ბიბლიის რომელიმე პერსონაჟის, გეოგრაფიული ადგილისა თუ მოვლენის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება? ან იქნებ გინდათ, გაიგოთ, როგორ დაგეხმარებათ ღვთის სიტყვა თქვენი პრობლემების გადაჭრაში? თუ ასეა, ესტუმრეთ სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკას.

      ბიბლიოთეკაში კვლევა-ძიებისთვის საჭირო არაერთი საშუალებაა. ალბათ, არ გაქვთ იეჰოვას მოწმეების მიერ თქვენს ენაზე გამოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული ყველა პუბლიკაცია. მაგრამ სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკაში თითქმის ყველა ახალი პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი. იქ აგრეთვე ნახავთ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებს, ლექსიკონებს და სხვა დამხმარე სახელმძღვანელოებს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბიბლიოთეკით კრების შეხვედრის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ. თუ ბიბლიოთეკაში კომპიუტერიც არის, ალბათ, „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაც“ იქნება ჩატვირთული. ამ ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით ადვილად შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია სასურველ თემაზე, სიტყვასა თუ ბიბლიურ მუხლზე.

      ბიბლიოთეკა განსაკუთრებით დამხმარეა მათთვის, ვისაც დავალებები ეძლევა „ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ შეხვედრისთვის. დავალებების მომზადებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკით. ბიბლიოთეკას ყურადღებას აქცევს „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ შეხვედრის ზედამხედველი. ის პასუხისმგებელია, რომ ბიბლიოთეკა მოწესრიგებული იყოს და ყველა უახლესი პუბლიკაცია თაროებზე ელაგოს. შეხვედრის ზედამხედველი ან ის, ვინც ბიბლიას გასწავლით, აგიხსნით, თუ როგორ შეგიძლიათ ბიბლიოთეკაში სასურველი ინფორმაციის მოძიება. სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკიდან პუბლიკაციების გატანა არ შეიძლება. რასაკვირველია, ჩვენ არ ვაზიანებთ წიგნებს და არც აღნიშვნებს ვაკეთებთ მათში.

      როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „ღვთის შესახებ ცოდნა“ რომ შევიძინოთ, „დამალული განძივით“ უნდა მოვიძიოთ (იგავები 2:1—5). ასეთ ძიებაში სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკა დაგეხმარებათ.

      • კვლევა-ძიებისთვის საჭირო რომელი საშუალებებია ხელმისაწვდომი სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკაში?

      • ვინ დაგეხმარებათ იმაში, რომ ბიბლიოთეკა საუკეთესოდ გამოიყენოთ?

      გაიგეთ მეტი

      თუ გსურთ, გქონდეთ პირადი ბიბლიოთეკა, ნახეთ, რა ლიტერატურაა განთავსებული თაროებზე სამეფო დარბაზში. ის, ვინც ბიბლიას გასწავლით, გირჩევთ, პირველ რიგში, რომელი პუბლიკაცია გამოგადგებათ.

  • რა არის განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 28

      რა არის განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე?

      ქალი რაღაცას ეძებს ლეპტოპში

      საფრანგეთი

      ოჯახი სარგებლობს კომპიუტერით

      პოლონეთი

      ქალი ინტერნეტში უყურებს ვიდეოს ჟესტების ენაზე

      რუსეთი

      იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:16). სწორედ ამიტომ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ინტერნეტს. იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდია jw.org სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ინფორმაცია მათი სწავლებებისა და საქმიანობის შესახებ. მოდი, გავეცნოთ ამ ვებგვერდს.

      ბიბლიური პასუხები აქტუალურ კითხვებზე. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, რომლებსაც ხალხი სვამს. მაგალითად, ბუკლეტები „დასრულდება ოდესმე ტანჯვა?“ და „იქნება მკვდრეთით აღდგომა?“ ვებგვერდზე 600-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამავე ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 130-ზე მეტ ენაზე და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე რამდენიმე პუბლიკაცია, მაგალითად, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის უახლესი ნომრები. ამ პუბლიკაციებიდან უმეტესობის მოსმენა ან წაკითხვა ვებგვერდზევეა შესაძლებელი; სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პუბლიკაციები MP3, PDF ან EPUB ფორმატით. შეგიძლიათ პუბლიკაციის რამდენიმე გვერდი სასურველ ენაზე ამობეჭდოთ და დაინტერესებულს მისცეთ. პუბლიკაციების ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომია ჟესტების მრავალ ენაზეც. შეგიძლიათ ვებგვერდიდან ჩამოტვირთოთ ბიბლიური დრამები, „ბიბლიის მხატვრული კითხვა“ და ლამაზი მელოდიები.

      უტყუარი ინფორმაცია იეჰოვას მოწმეებზე. ამ ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს და უახლეს ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ჩვენს საქმიანობას ასახავს მთელ მსოფლიოში; აგრეთვე მიმდინარე მოვლენებს, რომელიც გარკვეულწილად ეხება იეჰოვას მოწმეებს და იმას, თუ რა დახმარება აღმოუჩინეს მათ გაჭირვებაში მყოფ და-ძმებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, როდისთვისაა დაგეგმილი რეგიონული კონგრესების ჩატარება და როგორ შეგიძლიათ დაკავშირება ამა თუ იმ ქვეყნის ფილიალთან.

      ამგვარი საშუალებებით შესაძლებელია, ჭეშმარიტების სინათლემ დედამიწის უკიდურეს წერტილებშიც კი ანათოს. ჩვენი ვებგვერდით სარგებლობა ნებისმიერ კონტინენტზეა შესაძლებელი, მათ შორის ანტარქტიდაზეც. ვლოცულობთ, რომ „იეჰოვას სიტყვა სწრაფად გავრცელდეს“ მთელ დედამიწაზე და ღვთის სახელი განდიდდეს (2 თესალონიკელები 3:1).

      • როგორ ეხმარება ვებგვერდი jw.org ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში?

      • რა ინფორმაციის მოძიება გსურთ ჩვენს ვებგვერდზე?

      გამოიჩინეთ სიფრთხილე:

      ზოგი ვებგვერდი ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერაა შექმნილი, რათა ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე. მათ სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაცილონ იეჰოვას. ჩვენ არ უნდა ვესტუმროთ ასეთ ვებგვერდებს (ფსალმუნი 1:1; 26:4; რომაელები 16:17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება