თავი 4
როგორ ეწევა ორგანიზება ქრისტიანულ კრებას
პავლე მოციქულმა კორინთელების მიმართ მიწერილ პირველ წერილში ღვთის შესახებ საყურადღებო რამ დაწერა: „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“. კრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა: „ყველაფერი წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს“ (1 კორ. 14:33, 40).
2 ამავე წერილის დასაწყისში პავლემ ძმებს მოუწოდა, რომ ერთი და იგივე ელაპარაკათ და ერთი აზრი ჰქონოდათ, რადგან შეიტყო, რომ კორინთის კრებაში უთანხმოება იყო (1 კორ. 1:10, 11). შემდეგ კი რჩევა მისცა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი კრების ერთიანობას ძირს უთხრიდა. მან მაგალითად მოიყვანა ადამიანის სხეული და თვალსაჩინოდ ახსნა, რატომ არის აუცილებელი ერთიანობა და თანამშრომლობა. პავლემ ყველას მოუწოდა, სიყვარულით ეზრუნათ ერთმანეთზე იმის მიუხედავად, თუ ვის რა მოვალეობა ეკისრა კრებაში (1 კორ. 12:12—26). თანაქრისტიანებს შორის თანამშრომლობისთვის საჭირო იყო ორგანიზებულობა.
3 როგორ უნდა ყოფილიყო ქრისტიანული კრება ორგანიზებული? ვის უნდა გაეწია კრებისთვის ორგანიზება? როგორი სტრუქტურა ექნებოდა კრებას და ვის დაეკისრებოდა ღვთის სამწყსოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა? ამ კითხვებზე ბიბლია ნათლად გვპასუხობს (1 კორ. 4:6).
თეოკრატიულად ორგანიზებული
4 ქრისტიანული კრება ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩამოყალიბდა. როგორც ვიცით, პირველ საუკუნეში კრების ორგანიზება და ხელმძღვანელობა ხდებოდა თეოკრატიულად, ანუ ღვთის მიერ (ბერძნულად „თეოს“ — ღმერთი, „კრატოს“ — მმართველობა). სიტყვები „თეოს“ და „კრატოს“ გვხვდება 1 პეტრეს 5:10, 11-ში. ღვთის შთაგონებით ბიბლიაში, კერძოდ საქმეების მე-2 თავში, ჩაწერილი ამბავი, რომელიც თითქმის 2 000 წლის წინათ იერუსალიმში მომხდარ მოვლენებზე მოგვითხრობს, ეჭვს არ ტოვებს, რომ სულით ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი კრება ღვთის მიერ იყო დაფუძნებული. ის „ღვთის შენობა“, „ღვთის ოჯახი“ იყო (1 კორ. 3:9; ეფეს. 2:19). ქრისტიანული კრება დღესაც პირველ საუკუნეში დადგენილი ნიმუშის მიხედვით არის ორგანიზებული და ამავე ნიმუშით ხელმძღვანელობს.
ქრისტიანული კრება დღესაც პირველ საუკუნეში დადგენილი ნიმუშის მიხედვით არის ორგანიზებული და ამავე ნიმუშით ხელმძღვანელობს.
5 პირველი კრება დაახლოებით 120 მოწაფისგან შედგებოდა. თავდაპირველად სწორედ მათზე გადავიდა წმინდა სული, რითაც იოელის 2:28, 29-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება შესრულდა (საქ. 2:16—18). იმავე დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი მოინათლა წყალში და სულით ცხებულთა კრებას შეუერთდა. მათ ქრისტეს შესახებ სიტყვა მიიღეს და „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“. იეჰოვა „ყოველდღე მატებდა მათ ხალხს, რომელიც ხსნის გზას ადგებოდა“ (საქ. 2:41, 42, 47).
6 იერუსალიმის კრება სწრაფად იზრდებოდა. იუდეველთა მღვდელმთავარმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ იესოს მოწაფეებმა თავიანთი სწავლებით აავსეს იერუსალიმი. ამ ქალაქში ქრისტიანულ კრებას ბევრი იუდეველი მღვდელიც შეუერთდა (საქ. 5:27, 28; 6:7).
7 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როდესაც სტეფანეს სიკვდილის შემდეგ იერუსალიმში სასტიკი დევნა დაიწყო და იქ მცხოვრები მოწაფეები მთელ იუდეასა და სამარიაში მიმოიფანტნენ. მაგრამ სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ისინი ყველგან განაგრძობდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას, რომელთა შორის სამარიელებიც იყვნენ (საქ. 8:1—13). მოგვიანებით ქრისტიანებმა სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელ, არაიუდეველ ხალხსაც უქადაგეს (საქ. 10:1—48). ასეთი გულმოდგინე ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების შედეგად კრებები იერუსალიმის გარეთაც ჩამოყალიბდა (საქ. 11:19—21; 14:21—23).
8 რა ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ თითოეული ახლად ჩამოყალიბებული კრების ხელმძღვანელობა თეოკრატიულად გაწეულიყო? ღვთის სულით ინიშნებოდნენ უხუცესები, რომლებიც სამწყსოზე ზრუნავდნენ. პავლემ და ბარნაბამ პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს კრებები მოინახულეს და უხუცესები დანიშნეს (საქ. 14:23). ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, ლუკა, მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ პავლე მოციქული ეფესოს კრების უხუცესებს შეხვდა. პავლემ მათ უთხრა: „იზრუნეთ საკუთარ თავზეც და მთელ სამწყსოზეც, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა მწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლის ფასად შეიძინა“ (საქ. 20:17, 28). ისინი შეესაბამებოდნენ წმინდა წერილებში მოცემულ მოთხოვნებს და ამიტომაც მსახურობდნენ უხუცესებად (1 ტიმ. 3:1—7). პავლეს თანამსახური ტიტეც უფლებამოსილი იყო, კრეტის კრებებში უხუცესები დაენიშნა (ტიტ. 1:5).
9 კრებების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. ქრისტიანულ კრებას, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს აერთიანებდა, უხუცესები და მოციქულები იერუსალიმიდან ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ეს ძმები შეადგენდნენ ქრისტიანული კრების ხელმძღვანელ საბჭოს.
10 ეფესოს კრებისადმი მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ განმარტა, რომ ქრისტიანული კრება ერთობას იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდა და კრების მეთაურს, იესო ქრისტეს, დაემორჩილებოდა. ეფესოელ ქრისტიანებს პავლემ მოუწოდა, თავმდაბლობა განევითარებინათ და „ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“ და მშვიდობა შეენარჩუნებინათ (ეფეს. 4:1—6). შემდეგ მან ციტატა მოიყვანა ფსალმუნის 68:18-დან და აღნიშნა, რომ იეჰოვამ იზრუნა, რათა სულიერად მოწიფული მამაკაცები სხვადასხვა სახით მომსახურებოდნენ კრებას: ზოგი მოციქული ყოფილიყო, ზოგი — წინასწარმეტყველი, ზოგი — მახარობელი, ზოგი — მწყემსი და ზოგიც — მასწავლებელი. ისინი, როგორც ძღვენი იეჰოვასგან, მთელი კრების განმტკიცებას შეძლებდნენ და და-ძმებს სულიერი მოწიფულობის მიღწევაში დაეხმარებოდნენ (ეფეს. 4:7—16).
ჩვენ მოციქულთა მაგალითს მივყვებით
11 დღეს იეჰოვას მოწმეთა ყველა კრება მსგავსად არის ორგანიზებული. ისინი ქმნიან გაერთიანებულ მსოფლიო საძმოს, რომლის ბირთვსაც სულითცხებული ქრისტიანები შეადგენენ (ზაქ. 8:23). მათ ქრისტე ხელმძღვანელობს, რომელიც დაპირებისამებრ, ერთგულად უდგას მხარში თავის ცხებულ მოწაფეებს და ასე იქნება „ქვეყნიერების აღსასრულამდე“. ადამიანები, რომლებიც ქრისტიანულ კრებას უერთდებიან, მთელი გულით იღებენ ღვთის სასიხარულო ცნობას, თავს უძღვნიან იეჰოვას, ინათლებიან და ქრისტეს მოწაფეები ხდებიან (მათ. 28:19, 20; მარ. 1:14; საქ. 2:41). მათ სჯერათ, რომ „კარგი მწყემსი“, იესო ქრისტე, მეთაურობს მთელ სამწყსოს, რომელსაც ცხებულები და „სხვა ცხვარი“ მიეკუთვნებიან (იოან. 10:14, 16; ეფეს. 1:22, 23). როგორ ინარჩუნებს ერთობას „ერთი სამწყსო“? ყველანი ერთგულად უჭერენ მხარს ქრისტეს მეთაურობას და ემორჩილებიან მის მიერ დანიშნულ „ერთგულ და გონიერ მონას“. ჩვენ ყოველთვის უნდა ვენდოთ მას (მათ. 24:45).
იურიდიული პირები
12 აღსასრულის დადგომამდე სულიერი საზრდოს დროულად მომზადების, განაწილებისა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე იურიდიული პირი დაარსდა. ისინი შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით არიან აღიარებულნი და ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ეს იურიდიული პირები ხელს უწყობენ მთელ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგებას.
როგორ ფუნქციონირებს ფილიალები
13 ფილიალის დაარსებისას იქმნება სამი ან მეტი უხუცესისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც ამ ფილიალის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ქვეყანასა თუ ქვეყნებში სამქადაგებლო საქმიანობას უძღვება. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად მსახურობს.
14 თითოეული ფილიალის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი კრებები ქმნიან რაიონებს. რაიონების სიდიდეს განსაზღვრავს როგორც გეოგრაფიული და ენობრივი ფაქტორები, ისე ფილიალის ტერიტორიაზე კრებების რაოდენობა. თითოეულ რაიონში ინიშნება სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ამ რაიონში შემავალ კრებებს ინახულებს. ფილიალი დროდადრო მითითებებს აძლევს სარაიონო ზედამხედველებს, თუ როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.
15 კრებები ემორჩილებიან ორგანიზაციის მითითებებს, რაც ყველასთვის სასიკეთოა. და-ძმები აღიარებენ უხუცესთა უფლებამოსილებას, რომლებიც ფილიალებში, რაიონებსა თუ კრებებში სამეფოს საქმეს ხელმძღვანელობენ. კრებები „ერთგული და გონიერი მონისგან“ იღებენ დროულ სულიერ საზრდოს. „ერთგული მონა“ კი, თავის მხრივ, სრულად ემორჩილება ქრისტეს მეთაურობას, იცავს ბიბლიურ პრინციპებს და მიჰყვება წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ერთსულოვნად მსახურებას ჩვენთვის დღესაც ისეთივე შედეგი მოაქვს, როგორიც პირველი საუკუნის კრებებში. საქმეების 16:5-ში ვკითხულობთ: „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“.