საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „რაბა“
  • რაბა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რაბა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აბელ-კერამიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ამონელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იოაბი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხანუნი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „რაბა“

ᲠᲐᲑᲐ

[მრავალი, უხვი]

1. ამონელთა სამეფოს უკიდურეს დას. ნაწილში მდებარე ქალაქი, რომელიც მოგვიანებით ამორეველებმა დაიპყრეს. ის ერთადერთი ამონელთა ქალაქია, რომლის სახელიც ბიბლიაში გვხვდება. ამიტომ მიიჩნევენ, რომ რაბა სატახტო ქალაქი იყო. რაბა იორდანის აღმ.-ით დაახლ. 37 კმ-ში მდებარეობდა. ქალაქი უხვმოსავლიან მხარეში ზემო იაბოკის შენაკადთან იყო გაშენებული. ამასთანავე, დამასკოდან არაბეთში მიმავალი სავაჭრო გზაც რაბაზე გადიოდა.

„ამონელთა რაბა“ (სიტყვასიტყვით, „ამონელთა ძეების რაბა“, რაბბათ ბენე ʽამმონ) პირველად ბიბლიაში კანონის 3:11-ში მოიხსენიება, სადაც ნათქვამია, რომ იქ ბაშანის მეფე ოგის ცხედარი რკინის სარეცელში დაასვენეს. ისრაელების აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ გადის ტომს გაუნაწილეს ამორეველთა მიწა (სადაც, სავარაუდოდ, ადრე ამონელები ცხოვრობდნენ) „რაბის წინ [როგორც ჩანს, ჩრდ.-აღმ.-ით] მდებარე აროერამდე“ (იეს. 13:25).

დავითის მიერ რაბის აღება. მეორედ ეს ქალაქი მაშინ მოიხსენიება, როცა ამონელთა მეფე ხანუნმა შეურაცხყოფა მიაყენა დავითის მიერ გაგზავნილ მაცნეებს და ომი დაიწყო (2სმ. 10:1—19; 1მტ. 19:1—19). იოაბი თავის მეომრებთან ერთად ამონელების მიერ დაქირავებულ სირიელებს შეებრძოლა, დანარჩენი ისრაელები კი აბიშაის მეთაურობით „ქალაქის [როგორც ჩანს, რაბის] შესასვლელთან დაირაზმნენ“ (1მტ. 19:9). სირიელების დამარცხების შემდეგ ამონელებმა უკან დაიხიეს და ქალაქს შეაფარეს თავი. მომდევნო წლის გაზაფხულზე იოაბმა თავის ჯართან ერთად ალყა შემოარტყა რაბას. სწორედ ამ გალაშქრების დროს იერუსალიმში დარჩენილმა მეფე დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა. შემდეგ მეფემ მისი ქმარი, ხეთელი ურია, უკან გაგზავნა ბრძოლის ველზე და ბრძანა, წინა ხაზზე დაეყენებინათ. როცა ამონელები რაბიდან თავს ესხმოდნენ ისრაელთა ჯარს, ურია ისე ახლოს აღმოჩნდა გალავანთან, რომ მშვილდოსნის ისრით სასიკვდილოდ დაიჭრა (2სმ. 11:1—25; 1მტ. 20:1).

მოგვიანებით იოაბმა „წყლის ქალაქი“ აიღო (2სმ. 12:27). როგორც ჩანს, იოაბს მხოლოდ ქალაქის ნაწილი ჰქონდა დაპყრობილი, რადგან დავითს შეუთვალა, მისულიყო და რაბის აღება დაესრულებინა, რათა ხალხს გამარჯვებისთვის დავითი განედიდებინა. შესაძლოა „წყლის ქალაქში“ იგულისხმება მდინარის ნაპირთან მდებარე ქალაქის ნაწილი ან ქალაქში არსებული წყლის მარაგი (2სმ. 12:26—28).

დავითიც მივიდა, დაიპყრო რაბა და იქიდან „დიდძალი ნადავლი“ წაიღო (2სმ. 12:29—31; 1მტ. 20:2, 3). დროთა განმავლობაში ამონელები გათავისუფლდნენ ისრაელთა ბატონობისგან. ძვ. წ. მე-9 საუკუნეში ამოსმა ამონელებზე ღვთის განაჩენი გააცხადა და კონკრეტულად იწინასწარმეტყველა, რომ რაბას ცეცხლს მისცემდნენ (ამ. 1:13, 14). იერემია და ეზეკიელიც რაბის წინააღმდეგ გამოტანილ ღვთის განაჩენს აცხადებდნენ. როგორც სტატიიდან ᲐᲛᲝᲜᲔᲚᲔᲑᲘ ვიგებთ, ეს წინასწარმეტყველებები ნაბუქოდონოსორის დროს შესრულდა (იერ. 49:2, 3; ეზკ. 21:19—23; 25:5).

ძვ. წ. მე-3 საუკუნეში პტოლემე ფილადელფემ აღადგინა რაბა და „ფილადელფია“ უწოდა. მოგვიანებით ის დეკაპოლისის ქალაქებს შორის ითვლებოდა და საკმაოდ მდიდარი და ძლიერი ქალაქი იყო. დღეს მის ადგილას ქალაქი ამანი მდებარეობს, სადაც ნახავთ ბევრ უძველეს არქეოლოგიურ ძეგლს, მათ შორის უზარმაზარი ამფითეატრის ნანგრევებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნანგრევები, ძირითადად, რომაული ეპოქით თარიღდება.

2. ერთ-ერთი ქალაქი იუდას ტომის კუთვნილ ტერიტორიაზე. მისი ადგილმდებარეობა უცნობია. იესო ნავეს ძის 15:60-ში ის მოხსენიებულია კირიათ–იეარიმთან ერთად, რომელიც იუდას მთიან მხარეში იერუსალიმის დას. ჩრდ.-დას.-ით 13 კმ-ში მდებარეობდა.

[სურათი 724 გვერდზე]

ნანგრევები ამანში, სადაც ერთ დროს ამონელთა რაბა, მოგვიანებით კი დეკაპოლისის ქალაქი ფილადელფია მდებარეობდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება