ᲛᲮᲝᲚᲝᲓᲨᲝᲑᲘᲚᲘ
ბერძნულად მონოგენეს, რომელსაც ლექსიკოგრაფები შემდეგნაირად განმარტავენ: „ერთადერთი თავის გვარში“ (Thayer’s Greek-English Lexicon of the New Testament, 1889, გვ. 417; Liddell and Scott’s Greek-English Lexicon, ოქსფორდი, 1968, გვ. 1144). ეს სიტყვა დედისერთა და მამისერთა შვილის (ქალის ან ვაჟის) აღსანიშნავად გამოიყენება.
ბიბლიაში მოხსენიებულია ნაინელი ქვრივის „დედისერთა ბიჭი“, იაიროსის ერთადერთი ასული და ერთი კაცის ერთადერთი ვაჟი, რომლისგანაც იესომ დემონი განდევნა (ლკ. 7:11, 12; 8:41, 42; 9:38). ბერძნულ სეპტუაგინტაში მონოგენეს გამოყენებულია იფთახის ქალიშვილთან, რომელზეც ვკითხულობთ, რომ ის იყო „ერთადერთი შვილი“ და „მის გარდა იფთახს არც ვაჟი ჰყოლია და არც ასული“ (მსჯ. 11:34).
იოანე მოციქული არაერთხელ უწოდებს უფალ იესო ქრისტეს ღვთის მხოლოდშობილ ძეს (ინ. 1:14; 3:16, 18; 1ინ. 4:9). ის მხოლოდშობილი იყო არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც ლოგოსი, ანუ სიტყვა, რომელიც „დასაწყისში ღმერთთან იყო“ „ქვეყნიერების შექმნამდე“ (ინ. 1:1, 2; 17:5, 24). მას ჯერ კიდევ განკაცებამდე ეწოდებოდა „მხოლოდშობილი ძე“, რომელიც მამამ „გამოგზავნა ქვეყნიერებაში“ (1ინ. 4:9).
იესოზე ნათქვამია, რომ ის არის „მამის მკერდთან მყოფი“ და მას აქვს „დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება“ (ინ. 1:14, 18). რთულია წარმოიდგინო იმაზე უფრო ახლო, გულღია, სიყვარულით სავსე და თბილი ურთიერთობა, როგორიც მამასა და ძეს შორის არის (იხ. ᲛᲙᲔᲠᲓᲘ, ᲣᲑᲔ).
ზეციერი ანგელოზები „ღვთის ძეები“ არიან. ადამიც ღვთის ძე იყო (დბ. 6:2; იობ. 1:6; 38:7; ლკ. 3:38). მაგრამ ლოგოსი, მოგვიანებით იესოდ წოდებული, არის „ღვთის მხოლოდშობილი ძე“ (ინ. 3:18). მისნაირი სხვა არავინ არის. ის არის ერთადერთი, რომელიც ღმერთმა შექმნა სხვის ჩაურევლად. სხვა ყველაფერი კი მამამ მისი მეშვეობით შექმნა. ის არის პირმშო და მთავარი ყველა ანგელოზს შორის (კლ. 1:15, 16; ებ. 1:5, 6), რომლებსაც ბიბლია „ღვთის მსგავსებს“ ან „ღმერთებს“ უწოდებს (ფს. 8:4, 5). ასე რომ, ზოგიერთ უძველეს და კარგად შემონახულ ხელნაწერებში უფალ იესო ქრისტეს სამართლიანად ეწოდება „მხოლოდშობილი ღმერთი [ბერძ. მონოგენეს თეოს]“ (ინ. 1:18, აქ, Ro, Sp).
პავლემ ისაკზე თქვა, რომ აბრაამის „მხოლოდშობილი ძე“ იყო (ებ. 11:17) იმის მიუხედავად, რომ აბრაამს ისაკის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა — ისმაელი აგარისგან და რამდენიმე ვაჟი კეტურასგან (დბ. 16:15; 25:1, 2; 1მტ. 1:28, 32). მაგრამ ღვთის შეთანხმება მხოლოდ ისაკს, ღვთის დაპირებით გაჩენილ ერთადერთ ძეს ეხებოდა, რომელიც სარასთვისაც ერთადერთი ვაჟი იყო (დბ. 17:16—19). გარდა ამისა, იმ დროს, როცა აბრაამი ისაკს სწირავდა, ისაკი ერთადერთი ვაჟი იყო თავისი მამის სახლში. აბრაამს კეტურასგან მაშინ არ ჰყავდა ძეები, ისმაელი კი მამის სახლიდან უკვე 20 წლის წასული იყო და უკვე თავისი ოჯახი ეყოლებოდა (დბ. 22:2).
ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ, რას სწერდა პავლე ებრაელებს ღვთის დაპირებისა და შეთანხმების შესახებ, ისაკი მართლაც რომ აბრაამის მხოლოდშობილი ძე იყო. ამიტომ პავლე „მხოლოდშობილ ძესთან“ დაკავშირებულ დაპირებას ისაკისგან წარმოშობილ შთამომავალს უკავშირებს (ებ. 11:17, 18). იოსებ ფლავიუსმაც ისაკს აბრაამის „მხოლოდშობილად მყოფი“ ძე უწოდა, თუმცა უცნობია, რა მიზეზით („იუდეველთა სიძველენი“, წ. I, თ. 13, აბზ. 1).