საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თავკაცი“
  • თავკაცი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თავკაცი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „ტაძარი“ და „მთავარი“ დღეს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • „გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ამიჰუდი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შეწირული მიწა
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თავკაცი“

თავკაცი

ტომის ან საგვარეულოს მეთაური, წინამძღოლი. ებრაული ნასიʼ ბიბლიის მთარგმნელებმა მთავრად, წინამძღოლად, მმართველად და თავკაცად თარგმნეს (იხ. წინამძღოლი, წარჩინებული, მთავარი). ისრაელის 12 ტომისა და საგვარეულოს მეთაურები თავკაცებად იწოდებიან (რც. 1:16; იეს. 22:14). იგივე ებრაული სიტყვაა ნახმარი ისმაელის საგვარეულოს 12 მთავრის (დბ. 17:20; 25:16), აგრეთვე, მეფე სოლომონისა და ციდკიასთან მიმართებით (1მფ. 11:34; ეზკ. 21:25). პატივისცემის ნიშნად ხეთელებმა აბრაამს „ღვთისგან დანიშნული მთავარი [თავკაცი]“ უწოდეს (დბ. 23:6).

მოსეს დროს თავკაცები წმინდა თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე იდგნენ. ისინი ხალხის სახელით გამოდიოდნენ მოსეს, მღვდლებისა და იეჰოვას წინაშე. მოსემ ყოველი ტომიდან თითო თავკაცი აირჩია (ლევის ტომის გამოკლებით) აღთქმული მიწის დასაზვერად. ათი ორგული მზვერავის მოტანილმა ამბავმა ხალხზე უარყოფითად იმოქმედა (რც. 13:2—16, 25—33). ისრაელის ძეების 250 თავკაცი, რომელთაც კორახი ხელმძღვანელობდა, აარონის შტოს მღვდლების უფლებების მითვისებას შეეცადა (რც. 16:2, 10, 17, 35). გაბაონელებთან დაზავებაში წვლილი ისრაელის თავკაცებსაც მიუძღოდათ (იეს. 9:15, 18). მას შემდეგ, რაც იესო ნავეს ძემ ისრაელი ქანაანში შეიყვანა და იქ მცხოვრები ერები დაამარცხა, თავკაცებმა დიდი როლი ითამაშეს აღთქმული მიწის დანაწილებაში (რც. 34:18; იეს. 14:1). აარონის ძე, ელეაზარი ლევის ტომის საგვარეულოების თავკაცების თავკაცად დააყენეს (რც. 3:32). როცა შეთანხმების კიდობანი ახალაშენებულ ტაძარში გადმოჰქონდათ, მეფე სოლომონმა იერუსალიმში ყველა ტომის თავკაცს მოუყარა თავი (1მფ. 8:1).

ისრაელები თავკაცებს პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ და მათზე აუგი არ უნდა დასცდენოდათ (გმ. 22:28). როცა პავლე სინედრიონის წინაშე წარდგა, მღვდელმთავარმა ანანიამ მის გვერდით მდგომთ უბრძანა, პავლესთვის ტუჩებში შემოერტყათ. მაშინ პავლემ მას უთხრა: „ღმერთი შემოგარტყამს შე შეთეთრებულო კედელო“. როცა გაიგო, რომ მღვდელმთავარს ელაპარაკებოდა, მოიბოდიშა: «ძმებო, არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარი იყო. დაწერილია: „შენი ხალხის მმართველზე ცუდს ნუ იტყვი“ » (სქ. 23:1—5).

თავკაცებს პატივდებული მდგომარეობა ღვთის კანონზე მაღლა არ აყენებდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში მათ ყველა ის წესი უნდა დაეცვათ, რაც ცოდვის ჩამდენს მოეთხოვებოდა. ვინაიდან თავკაცს საპასუხისმგებლო მდგომარეობა ეკავა და თავისი საქციელით სხვებზე გავლენის მოხდენა შეეძლო, ღვთის კანონის განუზრახველად დარღვევისთვის მისი შესაწირავი განსხვავებული უნდა ყოფილიყო რიგითი ისრაელის შესაწირავისგან: მღვდელმთავარს მოზვერი უნდა შეეწირა, თავკაცს — მამალი თიკანი, რიგით ისრაელს კი — დედალი თიკანი ან თოხლი (ლვ. 4:3, 22, 23, 27, 28, 32).

ედომელი და ხორიელი თავკაცები. ედომელ და ხორიელ ბელადებს, ესავისა და ხორიელი სეირის ვაჟებს თავკაცები ეწოდებოდათ (გმ. 15:15). ებრაულში გამოყენებულია სიტყვა ’ალლუფ, რაც უფროსს, ათასისთავს ნიშნავს (იხ. დბ. 36:15).

ბიბლიაში ხორიელთა შვიდი თავკაცის სახელია მოცემული. ყველა მათგანი „სეირის ვაჟები“ იყვნენ (დბ. 36:20, 21, 29, 30). ედომის თავკაცები, სავარაუდოდ, 14 იყვნენ: ესავის შვიდი შვილიშვილი თავისი პირმშოსგან, ელიფაზისგან (ესავს ადასთან შეეძინა), ოთხი შვილიშვილი თავისი ვაჟისგან, რეუელისგან (ესავს ბასმათთან შეეძინა) და სამი ვაჟი, რომლებიც ოჰოლიბამამ გაუჩინა ესავს (დბ. 36:15—19). უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი ეჭვქვეშ აყენებს ელიფაზის ძეებს შორის მოხსენიებული კორახის თავკაცობას. თუ კორახი გადამწერის შეცდომის გამოა მოხსენიებული, მაშინ გამოდის, რომ ედომის თავკაცები 13 იყვნენ (დბ. 36:16, სქ. Rbi8). მათგან წარმოშობილი ტომები ამ თავკაცების სახელებით გახდნენ ცნობილი.

დაბადების 36:40—43-სა და 1 მატიანის 1:51—54-ში ედომის (ესავის) თავკაცების განსხვავებული ჩამონათვალია მოცემული. შესაძლოა ეს თავკაცები უფრო გვიანდელ პერიოდში ცხოვრობდნენ. მაგრამ ზოგი ბიბლეისტი თვლის, რომ აქ თავკაცთა სახელები კი არ არის ჩამოთვლილი, არამედ ქალაქების ან მხარეების, რომლებსაც თავკაცები განაგებდნენ. ამ მოსაზრებას ეყრდნობა ებრაული საგამომცემლო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული თარგმანი, რომელშიც ვკითხულობთ: „თიმნას თავკაცი, ალვას თავკაცი...“.

ეზეკიელის ხილვაში. ეზეკიელის 44—48 თავებში ნახსენებია თავკაცი. ხილვაში ეზეკიელმა ნახა შეწირული მიწის ნაკვეთი, რომლის საზღვრებიც ვრცელდებოდა აღმოსავლეთით მდინარე იორდანიდან და მკვდარი ზღვიდან დასავლეთით ხმელთაშუა ზღვამდე. შეწირული მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთითა და სამხრეთით ესაზღვრებოდა ისრაელის ტომებისთვის დანაწილებული მიწები. შეწირული მიწის შუაგულში მდებარეობდა წმინდა შესაწირავად წოდებული ნაკვეთი, რომლის თითო მხარე 25 000 წყრთა (13 კმ) იყო და რომელიც თავის მხრივ სამ ნაწილად იყოფოდა: ჩრდილოეთი მხარე არასამღვდელო შტოს ლევიანებს ეკუთვნოდათ, შუაში იეჰოვას საწმინდარი იყო, ხოლო სამხრეთ ნაწილში ქალაქი იყო მოქცეული (იხ. წყრთა; წმინდა შესაწირავი), რომელსაც, როგორც ჩანს, თავკაცი განაგებდა.

აღსანიშნავია, რომ ხილვაში ტაძარი ანუ საწმინდარი ქალაქისგან იყო გამოყოფილი. თავკაცი სამღვდელოებას არ მიეკუთვნებოდა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ „მის მოტანილ მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლს“ მღვდლები სწირავდნენ (ეზკ. 46:2). აქედან გამომდინარე, ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქალაქი არ განასახიერებს იესო ქრისტეს ზეციერ სამეფოსა და იესოს თანამეფეებსა და მღვდლებს. ის, სავარაუდოდ, განასახიერებს ხილულ, მიწიერ მმართველობას, რომელიც ექვემდებარება ზეციერ სამეფოს, შესაბამისად, „თავკაცი“ განასახიერებს ზეციერი სამეფოს წარმომადგენლებს დედამიწაზე, ე. წ. მთავრებს (ფს. 45:16; ეს. 32:1, 2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება